პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

მართლმადიდებლობის ისტორიული გზა

თავი მესამე. გნოზისის წინააღმდეგ ბრძოლა

(მეხუთე ნაწილი)

შინაგანი ქრისტიანული ცხოვრების ჩაცხრომის უმთავრესი მიზეზი, რა თქმა უნდა, დევნილობის შესუსტება იყო. მარკუს ავრელიუს ანტონინუსის გარდაცვალების შემდეგ (185 წელი), ვიდრე მესამე საუკუნის შუა წლებამდე, ეკლესია შედარებით მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა. შედარებით - იმის გამო, რომ ამ დროისათვის ქრისტიანობის აკრძალვამ უფრო მეტად ოფიციალური და მკაცრი კანონმდებლობითი სახე შეიძინა.

202 წელს იმპერატორმა სევერუს ლუციუს სეპტიმიუსმა სპეციალური ედიქტით ყოველგვარი ქრისტიანული პროზელიტიზმი (სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანების ქრისტიანად მოქცევა) საბოლოოდ აკრძალა. ერთი მხრივ, ქრისტიანთა ყოველდღიური ყოფა თითქოს საგრძნობლად გაუმჯობესდა, მეორე მხრივ, ქრისტიანთა მოწამებრივის თავგანწირვის შემთხვევები მაინც გრძელდებოდა.

ამ დროისათვის ქრისტიანების შესახებ უკვე ყველასთვის ცნობილი იყო. მათ არსებობას ყველა შეეგუა. აღმოსავლური კულტურისადმი აღმოსავლელი სევერუსების ინტერესმა, თუ ქრისტიანობაზე არა, ქრისტიანებზე მაინც ერთგვარი "მოდაც" კი წარმოშვა. სეპტიმიუს სევერუსის უახლოესი ნათესავმა, იულიანე მამეამ, სასახლეში ორიგენე მიიწვია, რათა მის მიერ ორგანიზებულ "რელიგიურ-ფილოსოფიურ" წრეში ცნობილ ქრისტიან მასწავლებელთან დისკუსიები გაემართა. მოგვიანებით იმპერატორმა ალექსანდრე სევერუსმა თავის პირად სალოცავში იესო ქრისტეს ქანდაკებაც კი განათავსა. დაბოლოს, იმპერატორ ფილიპუს მარკუს იულიუს არაბს (243-249) ნეტარმა იერონიმემ პირველი ქრისტიანი იმპერატორი უწოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ იგი ფარულად მონათლული იყო.

აი, რატომ იყო 249 წელს დაწყებული დევნა ეკლესიისთვის სრულიად მოულოდნელი და რატომ გადაიქცა ქრისტიანთათვის ეს საშინელება ნამდვილ საცდურად.

იმპერატორმა დეციუს გაიუს მესიუს კვინტუს ტრაიანემ (249-251) სახელმწიფო კრიტიკულ მომენტში ჩაიბარა. აღორძინების გზაზე მყოფი სპარსეთის იმპერია რომს განადგურებით ემუქრებოდა. მძიმე და დაძაბული იყო რომის შიდა პოლიტიკური მდგომარეობაც. რომის ისტორიის ამ პერიოდს იმდროინდელმა ისტორიკოსმა "საშინელი წლები" უწოდა. დეციუსი რომის გადარჩენის საშუალებად მხოლოდ რომის ძველი სულის აღორძინებასა და დაკარგული ტრადიციების აღდგენას ხედავდა. უპირველეს მიზნად მან სახელმწიფო კულტების აღდგენა მიიჩნია, რამაც თავისთავად ქრისტიანობასთან დაპირისპირება გამოიწვია. ქრისტიანობის დევნის ისტორიაში ახალი ერა სწორედ დეციუსმა დაიწყო: მისი სახით ქრისტიანობის დევნას პირველად ჩაუდგა სათავეში უშუალოდ რომის უმაღლესი მთავრობა. იმპერატორის სპეციალური ედიქტი ყოველ მოქალაქეს აიძულებდა ქვეყნის ღმერთებისადმი ლოიალობა მსხვერპლშეწირვით დაედასტურებინა.

ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. ეკლესიამ დევნას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სისხლით უპასუხა: წამებულთა შორის იყვნენ რომის ეპისკოპოსი ფაბიანე, ანტიოქიის ეპისკოპოსი ბაბილა, იერუსალიმის ეპისკოპოსი ალექსანდრე. მაგრამ ყველაზე გამაოგნებელი მაინც მასობრივი განდგომა იყო. "შიშმა ყველა მონუსხა, წერდა ალექსანდრიის ეპისკოპოსი დიონისე, - მრავალი ცნობილი ქრისტიანი თავიდანვე გამოცხადდა; ერთნი შიშს შეეპყრო, მეორენი თანამდებობის პირები იყვნენ, სხვებზე ზეგავლენა ახლობლების წრემ იქონია. ერთნი ფერმკრთალნი და აკანკალებულნი იყვნენ, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ისინი კი არა, მათ სწირადნენ მსხვერპლად, ამიტომ მათი შემყურე ბრბო გულიანად ხარხარებდა..." "იყვნენ ისეთებიც, - წერს მღვდელმოწამე ეპისკოპოსი კვიპრიანე კართაგენელი, - რომლებიც არც გამოძახებას ელოდნენ და არც კითხვას, პირდაპირ ფორუმისკენ გარბოდნენ, რათა მსხვერპლი შეეწირათ და სულიერად მომკვდარიყვნენ. მათ შემხედვარეს, ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს ისინი დიდი ხანია ამ წუთის დადგომას ელოდნენ... მათი უმაღლესი დანაშაული კი ის იყო, რომ საკუთარ შვილებს მიათრევდნენ, რათა მოზარდებს ის დიდი მადლი დაეკარგათ, რაც თავიანთი ცხოვრების დასაწყისში მიიღეს".

ამ დაუნდობელმა დევნამ ქარიშხალივით გადაიარა და მალევე ჩაცხრა. მაგრამ ეკლესია ნანგრევებში აღმოჩნდა; გაჩნდა ბუნებრივი კითხვა - "რა ვუყოთ დაცემულებს?", ადამიანებს, რომლებმაც პატიების თხოვნითა და მუდარით კვლავ ეკლესიას მიმართეს? თუ საუკუნის დასაწყისში ეკლესია "მეორედ აღსარებას" აღიარებდა, ამ შემთხვევაში საკითხმა სხვაგვარი და უფრო მწვავე სახე მიიღო: უწინ "დაცემულობა" იშვიათობას წარმოადგენდა და შესაბამისად "მეორედ აღსარებაც" იშვიათი იყო. ახლა კი ეკლესიას მასობრივ მოვლენასთან ჰქონდა საქმე. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დროისათვის ეკლესიის მეხსიერება წამებულ ქრისტიანთა თავდადების შედეგად შექმნილი შთაბეჭდილებებით იყო აღვსილი და მათი მარტვილობის ისტორიები მაცხოვრის მოქმედი ძალის გამოხატულება და ყოველი ქრისტიანისთვის რწმენაში განსამტკიცებელი მაგალითი იყო, გასაგები გახდება, მეორე საუკუნის დასასრულსა და მესამე საუკუნის დასაწყისში დაცემულთა საკითხმა ეკლესიაში უკანასკნელი და ხანგრძლივი არეულობა რატომ გამოიწვია.

ამ შფოთის დროს აშკარად გამოკვეთილი ადგილი დაიკავა უდიდესმა აფრიკელმა ეპისკოპოსმა წმინდა კვიპრიანე კართაგენელმა. კვიპრიანე, ტერტულიანეს მსგავსად, იმ "ასპროცენტიანი" ქრისტიანობის წარმომადგენელია, რომლითაც გამოირჩევა აფრიკული ეკლესიის ხანმოკლე და დიდებული ისტორია. წარმართმა რიტორმა, ენათმეცნიერების პროფესორმა, გაქრისტიანების შემდეგ ყველაფერზე უარი განაცხადა. "ზეციდან გარდამოსულმა სულმა მეორედ დაბადების შედეგად მე ახალ ადამიანად მაქცია და სიმკიცემ და ურყეობამ ჩემში მაშინვე ყოველგვარი ეჭვი გაფანტა..." - წერდა წმინდა კვიპრიანე. მოქცევის შემდეგ წმინდანი ძალიან სწრაფად გახდა აფრიკის უპირველესი - კართაგენის ეკლესიის ეპისკოპოსი. გაძლიერებული დევნაც სწორედ ამ დროს დაიწყო. კვიპრიანე მიიმალა, მაგრამ არა შიშის გამო, არამედ იმისათვის, რათა კვლავაც ეკლესიის მართვა გაეგრძელებინა; როდესაც დაცემულთა საკითხი დადგა, რადგან იცოდნენ კვიპრიანეს რიგორისტული პრინციპები, "დაცემულებმა" ეპისკოპოსის გვერდის ავლით "აღმსარებლებს" ანუ მათ მიმართეს, ვინც ციხეში ყოფნით მოიხადა თავისი ქრისტიანული ვალი. ასეთები მრავლად იყვნენ, რადგან იმხანად რომის მთავრობამ გაითვალისწინა წარსულის გამოცდილება და შეეცადა, ციხეში ჩასმით ქრისტიანები, წამებული გმირების ნაცვლად, "გახრწნილ" და "დაცემულ" ადამიანებად წარმოედგინა საზოგადოებისთვის; ვინც სიმტკიცეს იჩენდა, ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული და იქ აწამებდნენ... ამიტომ ციხიდან დაბრუნებული აღმსარებლები ეკლესიის დიდებას წარმოადგენდნენ და მათი ავტორიტეტი ყველასთვის უდავო იყო. კვიპრიანეს სურდა, "დაცემულთა" საქმე მის ჩამოსვლამდე და ეპისკოპოსების საერთო შეკრებამდე გადადებულიყო. საკითხის ასე დაყენებაში აღმსარებლები მათი წვლილისადმი უპატივცემულობას ხედავენ; მწიფდებოდა პარადოქსული კონფლიქტი - აღმსარებლებისა და დაცემულების კავშირი კანონიერ ეპისკოპოსებსა და იერარქებს უპირისპირდებოდა.

მღელვარებამ ეპისკოპოს ფაბიანეს სისხლით გამთბარ რომის ეკლესიაში გადაინაცვლა. იქ კვიპრიანეს წინააღმდეგ პრესვიტერი ნოვატიანე გამოვიდა. ის ამტკიცებდა: კვიპრიანე გაიქცა და ამიტომ ის "დაეცაო". ამავე დროს კართაგენში კვიპრიანეს წინააღმდეგ მთელი პარტია იქმნება. ეპისკოპოსი იძულებული გახდა, ამ ახალი პარტიის ხელმძღვანელები ეკლესიისთვის ჩამოეშორებინა...

ბოლოს, 251 წელს კვიპრიანე კართაგენში დაბრუნდა, მოიწვია კრება და "დაცემულთა" საკითხი განიხილა. საბოლოო გადაწყვეტილება აღსარების შესაძლებლობის სასარგებლოდ გაკეთდა. კრებამ, ცოდვის სიმძიმის შესაბამისად, "დაცემულები" ორ კატეგორიად დაყო და ეკლესიურ წიაღში დაბრუნების ორი ფორმა დააწესა: ერთნი მხოლოდ სასიკვდილო სარეცელზე უნდა დაბრუნებოდნენ ეკლესიას, სხვებს მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი აღსარების შემდეგ ეძლეოდათ ეკლესიურ ცხოვრებაში დაბრუნების უფლება. ამრიგად, "რეალიზმმა" კვლავ გაიმარჯვა "რიგორიზმზე". როგორც ბ. ბოლოტოვი წერს, "საჭირო იყო არა მხოლოდ წარსულის გათვალისწინება, არამედ მომავლის ჭვრეტაც... დაცემულები ყველგან იყვნენ. ეკლესიიდან მათი საბოლოო განდევნა ქრისტიანთა რიცხვის დიდად შემცირების ტოლფასი იქნებოდა და ამით ეკლესიის საგარეო მისია ძალიან დასუსტდებოდა, საბოლოოდ კი, კეთილი საქმის ნაცვლად, ბოროტება გამოვიდოდა".

მაგრამ აქ მოხდა საოცრება: ისინი, ვინც კვიპრიანესგან "დაცემულთა" ეკლესიაში დაბრუნებას მოითხოვდა, აცხადებდნენ, რომ ეპისკოპოსმა ქრისტიანული სიწმინდე დაარღვია და ეკლესიაში ცოდვილები დააბრუნა. ამბოხებულებმა მხარდაჭერა კვლავ რომში, გაურკვეველ გარემოებებში ეპისკოპოსად ნაკურთხ ნოვატიანესთან ნახეს. ახალი ნოვატიანური განხეთქილება ელვის სისწრაფით მოედო მთელ საქრისტიანოს. შეიქმნა ახალი - "წმინდათა" ანუ (კათართა) სექტები. განდგომილთა განწყობაზე, მათ პათოსზე, "ეკლესიის სიწმინდესა" და "დაცემულთა ეკლესიასთან" დაპირისპირებაზე თვით ეს სახელწოდება მიუთითებს. ნათელი ხდება, რომ იწყება მონტანიანური მოძრაობის განახლების მცდელობა. ეკლესიამ ამ სექტანტურ მოძრაობას ეპისკოპოსების გარშემო ძალების გაერთიანებითა და ეკლესიის ურღვევი "კათოლიკე" ცხოვრებით უპასუხა. აფრიკა - კვიპრიანეს, ხოლო დასავლეთი კანონიერად არჩეული პაპის კორნილიუსის გარშემო გაერთიანდა. ეგვიპტიდან კი "მსოფლიო" მასწავლებლის სხვა ნათელი სახე, დიონისე ალექსანდრიელი წერილებს წერდა და ყველას ერთიანობის შენარჩუნებას ავედრებდა... ბოლოს ნოვატიანობამ, ისევე როგორც მონტანიანობამ, სექტის საბოლოო სახე მიიღო და მისი ნარჩენები მეშვიდე საუკუნემდე არსებობდა.

მონტანიანობისა და ნოვატიანობის მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, რა მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიური ცხოვრების ათწლეულებში მიმდინარე "ევოლუციურ" პროცესებს. როდესაც ნოვატიანე "დაცემულთა" ეკლესიაში დაბრუნებას ეწინააღმდეგებოდა და არგუმენტებად წარსული და წმინდა გადმოცემა მოჰყავდა, ფორმალურად ის მართალი იყო. დიცეუსის დევნის დაწყებამდე კვიპრიანეც ტიპური რიგორისტი და კატეგორიული იყო. მაგრამ ეკლესია რაიმე ლოგიკური სისტემა არ არის, მისი ცხოვრება სილოგიზმებზე არ არის აგებული. ლოგიკურად მართალი ნოვატიანე ეკლესიურ ცხოვრებას მოსწყდა. კვიპრიანეს კი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გარეგნულად საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა, შეეძლო განეცხადებინა: მე დაცემულთა საქმეში არავითარი სიახლე არ შემაქვს... დოქტრინა ეკლესიის ცხოვრებიდანაა აღებული. მართლაც, ამ გადაწყვეტილებით ეკლესიის ცხოვრებაში, მის სიწმინდეში არაფერი შეცვლილა. დოქტრინა ტრაგიკული ეკლესიური ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამოვიდა და მასში ანტინომიური, ანუ ცალ-ცალკე თანაბრად ჭეშმარიტი, "ძველი" და "ახალი" ეკლესიური ცხოვრების გზა გააერთიანა. ნოვატიანე და მისი მომხრეები გარკვეული "პრინციპების" გამო ეკლესიის მიღმა აღმოჩნდნენ - ასეთია ნებისმიერი საეკლესიო განხეთქილების ბუნება; "კათართა" სექტა გამოეყო დაცემულების "გასვრილ" ეკლესიას. მაგრამ მწყემსმთავარ კვიპრიანეს გულში, მის ჭეშმარიტ კათოლიკე შეგნებასა და რეალობაში "დაცემულთა ეკლესია" მაინც იესო ქრისტეს წმინდა სძლად დარჩა. აღმოჩნდა, რომ მასში ცოდვამ ვერ დაიმკვიდრა, მაგრამ მისი არსებობა ცოდვილთა გადასარჩენ ერთადერთ საშუალებად დარჩა.

კვიპრიანეს ხატი მაინც მოწამებრივი სიკვდილით გაბრწყინდა. 258 წლის 13 სექტემბერს კვიპრიანე პროკონსულთან დაიბარეს. შემორჩენილია მისი დაკითხვის ნამდვილი აქტები.

"პროკონსულმა გალერიუს მაქსიმიანემ თქვა:

- შენ ხარ ტასკიუს კვიპრიანე, სარკილეგების პაპი?

კვიპრიანემ უპასუხა:

- მე ვარ.

- იმპერატორები გავალებენ, მსხვერპლი შესწირო.

- მე არ ვემორჩილები.

- მე გირჩევ, დაფიქრდე.

- გააკეთე, რაც გევალება. ასეთი წმინდა საქმე რჩევას არ საჭიროებს, - უპასუხა კვიპრიანემ.

მცირე თათბირის შემდეგ პროკონსულმა განაჩენი გამოაცხადა: "შენ საკუთარი პიროვნება რომის ღმერთებისა და წმინდა კანონების მტრად წარმოაჩინე. უავგუსტესმა იმპერატორებმა ვერ დაგარწმუნეს, რომ რომის რელიგიურ წესებს დაუბრუნდე. იმათ გამო, ვინც შენს დანაშაულებრივ ერთობაში ჩაითრიე და შენი უკანონობის გამო სისხლით ზღავ. ტასკიუს კვიპრიანეს თავი ხმლით მოეკვეთოს!"

- თეო გრატია, - თქვა კვიპრიანემ".

კვიპრიანეს უამრავი ადამიანი ანთებული ლამპარებითა და გალობით მიაცილებდა. მისი სიკვდილით დასჯა სადღესასწაულო ლიტურგიის აქტად გადაიქცა...

ამ მოვლენებამდე ერთი თვით ადრე თავისი ქრისტიანობა "დაამოწმა" პაპმა ქსისტემ. პოლიციამ მას მაშინ მიუსწრო, როდესაც სულიერი მამებით გარემოცული მათ კრებას ხელმძღვანელობდა. ის საეპისკოპოსო ტახტზე მჯდარი მოკლეს. მასთან ერთად მოკლეს მისი დიაკვანი ლავრენტიც.

ეკლესიის ერთიანობა და მისში მსუფევი ჭეშმარიტება კი ამ პერიოდში წამებულთა წმინდა სისხლით სულ უფრო მეტად მტკიცდებოდა...