პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

ფრაგმენტები დღიურებიდან

ხუთშაბათი, 2 ოქტომბერი, 1980 წ.

გასულ საღამოს წავიკითხე ლექცია თემაზე “ეკლესია და ღვთისმოსაობა”. ამ თემამ მართლმადიდებლობის ხვედრზე ჩამაფიქრა. დღეს ღვთისმეტყველებასა და საეკლესიო ცხოვრების წესშიც მონასტრული ცხოვრების ტრიუმფია. სერბეთში ყოველგვარი ეკლესიური აღორძინება მონასტრულ გამოცდილებასთან, მიმართულებასთან ან სწავლებასთანაა დაკავშირებული. მადარდებს ის, რომ ხდება ამ მიმართულების მართლმადიდებლობასთან გაიგივება. მართლმადიდებლობის გაგება ამერიკაში ხშირად დაჰყავთ ხატებამდე, ძველებურ გალობამდე და ათონის მთის წიგნებამდე, რომლებიც სულიერ ცხოვრებას შეეხება. ეს ბიზანტიის ტრიუმფია და ვფიქრობ, ასეთი სახის მართლმადიდებლობის სიყვარული რაღაც რომანტიზმის მაგვარია, რადგან ის რადიკალურად განსხვავდება თანამედროვე მსოფლიოსაგან. ეს არის გაქცევა, დაცილება მართლმადიდებლობისაგან.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სადაც ამ მიმართულების ტრიუმფია, იქ ევქარისტია, ზიარება, ეკლესიის აზრი და გამოცდილება დაკარგულია. ეს აზრი და გამოცდილება კი ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. ევქარისტიული ეკლესია თავს “ამ სოფელში მყოფს, მაგრამ არაამსოფლიურს” უწოდებს. ეკლესიის მონასტრული მიმართულება კი მრევლის, კრებულის და ა.შ. ამა სოფლად ყოფნაში წინააღმდეგობას ხედავს, ხოლო სოფლიდან გარიდება ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ გზადაა მიჩნეული. მონასტრული მიმართულება, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ეკლესიას ამა სოფლის ნაწილად მიიჩნევს ისე, რომ ადამიანმა უნდა დატოვოს არა მხოლოდ სოფელი, არამედ ეკლესიაც.

პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ჩემმა პროფესორმა ერთხელ დაწერა: “...სად არის ქრისტე, სად არიან მოციქულები, სად არის ეკლესია? ყველაფერს სტარეცის უზარმაზარი ჩრდილი აბნელებს...”
ეს მიმართულება საკმაოდ ლოგიკურად, ბუნებრივადაა დაკავშირბეული რომანტიკულ, ნაციონალისტურ წმინდა რუსეთთან, ე.ი. წარსულსა და მის სტილთან.

ერთხელ გულახდილ საუბარში მამა იოანე მეიენდორფმა მითხრა, რომ მას არ ესმის, რატომ არიან ადამიანები ეკლესიის მამებით ასე ძალიან შეპყრობილები. რამდენი ადამიანი ავრცელებს ისეთ სტილს, რომელიც ხელს უშლის მათ გაიგონ რაიმე რეალურ სამყაროში და ამავე დროს დარწმუნებულნი არიან, რომ ემსახურებიან ეკლესიასა და მართლმადიდებლობას. ვშიშობ, რომ ამ ხალხს იზიდავს არა მამების ნააზრევი ან ნაწერების შინაარსი, არამედ მათი სტილი. ეს საკმაოდ ახლოსაა ლიტურგიკული მსახურების მართლმადიდებლურ გაგებასთან: გიყვარდეს ისინი ისე, რომ არ გესმოდეს; და რამდენადაც ისინი არ ესმით, დასკვნაც ვერ გამოაქვთ მათგან. ჩვენ ვსხედვართ ჩვენს ნაჭუჭში, მელოდიით მოხიბლულები და ვერ ვამჩნევთ, რომ ეკლესია ზარალდება და მან უკვე დიდი ხანია დატოვა ბრძოლის ველი.

შაბათი, 1-ლი ნოემბერი, 1980 წ.

დენვერი, კოლორადო

ეს დღეები, რაც შეკრებაზე ვარ და საეკლესიო საკითხებზე ვმუშაობ, ვფიქრობ იმაზე, რასაც გონებაში “რომანტიკულ მართლმადიდებლობას” ვუწოდებ. მგონია, რომ ეს შესაფერისი წოდებაა, რადგან მოიცავს თანამედროვე მართლმადიდებლობაში არსებულ ბევრ ერთმანეთთან დაუკავშირებელ გამოვლინებასა და ტენდენციას, რომლებიცაა:

- ბრმა ლიტურგიკული კონსერვატიზმი;

- წარსულის კულტი;

- საღვთისმეტყველო დაინტერესება მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო მამებით;

- ”აპოკალიპტიზმი”;

- თანამედროვე მსოფლიოს სიძულვილი (და არა ზოგადად ამა სოფლისა);

- ემოციონალიზმი;

- გარეგნული ნიშნების კულტი (წვერი, სამღვდელო კაბა, სკვნილი, სტილი);

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მოიცავს ყოველივე იმას, რაც ასუსტებს მართლმადიდებლობას და მისგან გეტოს (და არა მოწოდებას, ბრძოლას, სიცოცხლეს) ქმნის.

რომანტიზმი ცხოვრებასა და კულტურაში, უპირველეს ყოვლისა, ოცნებაა, გულის უპირატესობაა განსჯასა და ჭეშმარიტებაზე. ილუზიების რწმენაა და რეალობას წარმოსახვითი რეალობით ჩაანაცვლებს.

ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 1980 წ.

გასული კვირა დეტროიტში, სრულიად ამერიკის საეკლესიო კრებაზე გავატარე. ჩვენი ოთახი 28-ე სართულზე იყო და გადაჰყურებდა მდინარეს, ცათამბჯენებს, მანქანებით გაჭედილ ქუჩებს. ყველაფერი მზის სხივებით იყო სავსე. კრებაზე კი ჩვეული ფუსფუსი და მღელვარება, შეკრებები, საუბრები, სცენის მიღმა შეხვედრები და ინტერვიუები. მაგრამ ამავე დროს ყოველ დილით წირვა, რომელზეც უზარმაზარი გუნდი გალობს და ყოველ საღამოს მწუხრის ლოცვა. მიუხედავად სასტუმროსთვის დამახასიათებელი მღელვარებისა და ფუსფუსისა, მუდმივად ეკლესიის განცდაა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მხოლოდ ოდნავი შეშფოთების გრძნობა მაქვს ფანატიკოსების მცირე, მაგრამ აგრესიული ჯგუფის მიკროფონში ყვირილისა და სულიერი მაქსიმალიზმის გამო. რელიგიის მარადიულად საშინელი პოლუსი: ფანატიზმი, შიში, სიბრმავე, საკუთარი თავით აღფრთოვანება. ამას ემატება ღრმა უგუნურება და ტვინშეზღუდულობა. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ჯგუფია, კრების უმრავლესობა ჯანსაღია.

პარასკევი, 12 დეკემბერი, 1980 წ.

ქრისტიანობა ბედნიერებაა და ქმნის, შობს ბედნიერ ადამიანს. ამ ბედნიერების განსაზღვრებაა: “სიხარული, რომელიც არავინ მიგიღოს თქვენგან”; ღმერთის ცოდნა ქრისტეში; ქრისტესა და სულიწმინდის ცოდნა; “ცხოვრების აზრის” ცოდნა; ქრისტეს გამარჯვების ცოდნა; მარადიული ცხოვრების ცოდნა; სიკვდილი შთანთქმული გამარჯვებით...”

ვნების სამშაბათი, 21 აპრილი, 1981 წ.

რა დაკარგა ქრისტიანობამ ისეთი, რომ მსოფლიო, რომელიც მისითაა ნაკვები, უფრთხის მას და აკრიტიკებს ქრისტიანულ რწმენას? ქრისტიანობამ დაკარგა სიხარული, არა ბუნებრივი სიხარული, არა ოპტიმისტური სიხარული, არა მიწიერი ბედნიერებისაგან მომდინარე სიხარული, არამედ ღვთაებრივი სიხარული, რომლის შესახებაც ქრისტემ გვითხრა, რომ “სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან” (იოანე 16,22). მხოლოდ ამ სიხარულმა იცის, რომ ღმერთის სიყვარული ადამიანისადმი და სამყაროსადმი არ არის სასტიკი; იცის ეს, რადგან სიყვარული ნაწილია აბსოლუტური ბედნიერებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყოველნი ვართ შექმნილნი. ქრისტიანობამ (და არა ეკლესიამ თავისი მისტიკური სიღრმით) დაკარგა ესქატოლოგიური განზომილება, მოუბრუნდა სამყაროს როგორც კანონი, სამსჯავრო, სამაგიეროს მიგება, როგორც მომავალი ცხოვრების რელიგია და ბოლოს აკრძალა სიხარული და დაგმო ბედნეირება. აქ არ არის სხვაობა რომსა და კალვინს შორის; მსოფლიო აუჯანყდა ქრისტიანობას მიწიერი “ბედნიერების” სახელით.

მთელი ამსოფლიური ოცნებები, უტოპიები და იდეოლოგიები ძირითადად მიწიერი ესქატოლოგიაა. ქრისტიანობის ისტორიის პარადოქსია ის, რომ მას შემდეგ, რაც ის აღარ არის ესქატოლოგიური, მსოფლიო გახდა ასეთი.

სამყარო შექმნილია ბედნიერებისათვის და მასში ყველაფერი წინასწარმეტყველებს ამ ბედნიერებას; დაცემული სამყაროსათვის, რომელმაც დაკარგა ეს ბედნიერება, მაგრამ მიისწრაფვის მისი მოპოვებისაკენ და მისით ცხოვრობს, ქრისტიანობამ მისაწვდომი გახადა ის, რომელიც განახორციელა ქრისტეში, როგორც სიხარული და შემდეგ მოიშორა. მსოფლიომ დაიწყო ქრისტიანობის (ქრისტიანული სამყაროს) სიძულვილი და დაუბრუნდა მიწიერ ბედნიერებას. მაგრამ მოწამლულმა აბსოლუტური ბედნიერების დაუჯერებელი დაპირებით, დაიწყო მისი აშენება, მისკენ სვლა, აწმყოს დაქვემდებარება ამ მომავალი ბედნიერებისათვის.

ახლა ქრისტიანობა, რომ დაიბრუნოს თავისი ადგილი მსოფლიოსა და მის ისტორიაში, იღებს მიწიერ ესქატოლოგიას და იწყებს საკუთარი თავისა და სხვების დარწმუნებას, რომ ყოველთვის ისწრაფოდა ამ მიწიერი ბედნიერებისაკენ და არც ქრისტეს და არც ეკლესიას უსწავლებია ოდესმე სხვა რამე.

ქრისტიანობა გაყოფილია კონსერვატიულად (რომელთაც სურთ კანონისა და სამაგიეროს მიგების რელიგია) და პროგრესულად განწყობილებს შორის (რომლებიც დედამიწაზე მომავალ ბედნიერებას ემსახურებიან). საინტერესოა, რომ ორივე ჯგუფს არაფერი სძულს იმაზე მეტად, ვიდრე მოწოდება სიხარულისაკენ, როგორც შეხსენება იმ უდიდესი სიხარულისა, რომელიც გამოცხადებულია სახარების დასაწყისში (“გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ”), რითაც ცოცხალია ქრისტიანობა და რისკენაც მიისწრაფვის. ზოგიერთები ამბობენ: “როგორ შეუძლია ადამიანს უხაროდეს, როდესაც მილიონობით ადამიანი იტანჯება? ადამიანი უნდა ემსახუროს მსოფლიოს”. სხვები ამბობენ: “როგორ შეუძლია ადამიანს უხაროდეს მსოფლიოში, რომელიც ბოროტებაშია ჩაფლული?” მათ არ ესმით, რომ თუ ეკლესიამ მხოლოდ ერთი წუთით (რომელიც გრძელდება საიდუმლოდ და ფარულად წმინდანებში) სძლია სოფელს, გამარჯვება მოიპოვა ღვთიური სიხარულისა და ბედნეირების საშუალებით.

ვნების ხუთშაბათი, 23 აპრილი, 1981 წ.

ქრისტიანობა მშვენიერია. მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ის შესანიშნავია, სრულყოფილი, სრული და ჭეშმარიტი, მისი მიღება უპირველესად მისი მშვენიერების, სისრულისა და ღვთაებრივი სრულყოფილების მიღებაა; როდესაც ქრისტიანებმა დაანაწევრეს ქრისტიანობა, დაიწყეს მისი აღქმა და სხვებისათვის მიწოდება “ნაწილებად” და ხშირად ისეთ ნაწილებად, რომლებიც მთლიანთან არ არის კავშირში, როგორც სწავლება რაღაც საკითხებზე, ზოგიერთ დოგმატებზე. მაგრამ ამ დანაწევრებულ მდგომარეობაში ქრისტიანობა კარგავს იმას, რაც მასში არსებითია, რადგან ყოველი ცალკეული ნაწილის მნიშვნელობა ისაა, რომ გაგვხადოს მთლიანის მონაწილეები.

ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 1981 წ.

გუშინ თითქმის მთელი დღე ჩემი წიგნების დალაგებაში გავატარე. ვალაგებდი მათ თაროებზე და ვფიქრობდი: რამდენი რამ არის დაწერილი! რამდენი ძალისხმევა, განცდა, დროა ჩადებული თითოეულ ამ წიგნში და როგორ სწრაფად ქრებიან ან რჩებიან ისინი თაროებზე, როგორც წიგნების სასაფლაოზე. რამდენიმე ასეული ან შეიძლება რამდენიმე ათასიც ცოცხალი რჩება, მაგრამ ასეულობით უიმედოდ დავიწყებულია. ყველა ამ წიგნმა კი ერთად შექმნა კულტურა. თითოეულმა მათგანმა რაღაცის შესახებ, რაღაცაში, რაღაცნაირად ნათელი ან ბნელი შემატა სამყაროს. რა იშვიათად ვკითხულობ ბლოკს ან თუნდაც პუშკინს. მაგრამ ვიქნებოდი კი ისეთივე, როგორიც ვარ, რომ ისინი ოდესღაც არ წამეკითხა? პუშკინი და ბლოკი გასაგებია, მაგრამ მეგრეც (სიმენონის საიდუმლოებების დეტექტივი) კი თავისი წვიამიანი პარიზით ცხოვრების ჩემეული ხედვის ნაწილი გახდა.

მეშინია ჩვენი ახალგაზრდობის გამო, რომლებიც იშვიათად კითხულობენ წიგნებს და ცხოვრობენ ხსოვნის გარეშე, მაგრამ “დაინტერესებული არიან ეკლესიით”. რა შეიძლება იყოს მათთვის “საინტერესო” ეკლესიაში, რომ იყვნენ ჩაძირულები კლერიკალიზმში, ეპისკოპოსების შესახებ ჭორაობაში და ა.შ. ქრისტეს არაფერი ესაქმებოდა კულტურასთან? არ არის მართალი! თითოეული მისი სიტყვა ღმერთის სასუფევლის, დავითის, უხუცესების შესახებ მიუთითებს იმის ცოდნაზე, გაგებასა და ხსოვნის არსებობაზე, რაზეც ის საუბრობდა, საითაც მოგვიწოდებდა, რასაც გმობდა.

ორშაბათი, 1-ლი თებერვალი, 1982 წ.

ჩემთვის უცებ ნათელი გახდა, რომ ეკლესიაში ღრმა დემონური ბრძოლაა ევქარისტიასთან და ეს არ არის შემთხვევითი! თუ ეკლესიაში ევქარისტია არ იქნება ყველაზე მთავარი, მაშინ ის გახდება “რელიგიური ფენომენი”, მაგრამ არა ქრისტეს ეკლესია “სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა” (1 ტიმოთე 3,15). ეკლესიის მთელი ისტორია აღსანიშნავია ღვთისმოსავი მცდელობებით, რომ შეამცირონ ევქარისტიის მნიშვნელობა, გახადონ “უსაფრთხო”, გააზავონ ღვთისმოსაობაში, დაიყვანონ მარხვასა და ზიარებისათვის მზადებაზე, მოგლიჯონ ეკლესიას (ეკლესიოლოგია), სამყაროს (კოსმოლოგია, ისტორია), სასუფეველს (ესქატოლოგია). ნათელი გახდება, რომ ჩემი მოწოდება სწორედ ესაა, ბრძოლა ევქარისტიისათვის, მისი დამცრობისა და განეკლესიურობის წინააღმდეგ, რაც მოხდა, ერთი მხრივ, კლერიკალიზაციით და, მეორე მხრივ, გაამსოფლიურებით.

სამშაბათი, 2 თებერვალი, 1982 წ.

კლერიკალიზმი მახრჩობელაა, ის ისაკუთრებს ეკლესიის მთელ საკრალურ თვისებებს, თავის ძალას გადააქცევს გაკონტროლების, წინ წაძღოლის, მართვის, საეკლესიო საიდუმლოებების შესრულების საკრალურ ძალად და ზოგადად ნებისმიერ ძალაუფლებას აქცევს “ძალაუფლებად, რომელიც მე მომეცა!” კლერიკალიზმი ერისკაცებს ართმევს ყოველგვარ “საკრალურობას”: კანკელი, ზიარება (მხოლოდ ნებართვით), ღვთისმეტყველება. მოკლედ, იგი დე ფაქტო უარყოფაა ეკლესიისა, როგორც ქრისტეს სხეულისა, რადგან სხეულში ყველა ორგანო ერთმანეთთან კავშირშია. მათ განსხვავებული მხოლოდ ფუნქციები აქვთ და არა არსი. რაც უფრო ძლიერია კლერიკალიზმი (ეპისკოპოსის ან მღვდლის ტრადიციული სახე ხაზგასმული მისი ტანსაცმლით, თმით და ა.შ. ეპისკოპოსი თავის სრულ რეგალიებში!), ეკლესია მით უფრო ამსოფლიური ხდება და სულიერად ექვემდებარება მას. ახალ აღთქმაში მღვდელი წარმოდგენილია როგორც იდეალური ერისკაცი, მაგრამ თითქმის დაუყოვნებლივ იწყება მისი რადიკალური გამორჩევა ერისაკცებისაგან და არა მარტო დაცილება, არამედ დაპირისპირება, კონტრასტი მათთან.

ასეთი გამორჩევის ყველაზე აშკარა ფორმაა ერისკაცებისათვის ზიარებაზე ანუ ეკლესიის სხეულში მათი წევრების განხორციელებაზე უარის თქმა. “სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყვითა, სვლითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა” (1 ტიმოთე 4,12) მაგივრად ჩნდება სასულიერო პირის სახე, როგორც “ყოველგვარი საკრალურის ბატონ-პატრონისა”, რომელიც ჩვეულებრივ მორწმუნეებზე აღმატებულია და არიგებს მადლს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ.
ამას ეფუძნება ზოგიერთი სასულიერო პირის წინააღმდეგობა ხშირი ზიარებისადმი, ზიარების დაცვა აღსარებით, ცოდვებისაგან გახსნით, “ჩემთვის მოცემული ავტორიტეტით...” და ა.შ. ეს ბრძოლა აშკარად ძლიერდება ახლა საკუთარი ძალითა და “საკრალურობით” შეპყრობილი ზოგიერთი სასულიერო პირის გავლენით. არაფერი ისე არ ემუქრება მათ ძალაუფლებას, როგორც ეკლესიისათვის ევქარისტიის დაბრუნება, მისი აღორძინება, როგორც “საეკლესიო საიდუმლოებისა” და არა როგორც “განწმენდის ერთ-ერთი საშუალებისა...”

დღევანდელი საღვთისმეტყველო განათლების ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდები, რომელთაც სასულიერო პირებად გახდომა სურთ, ცნობიერად თუ არაცნობეირად, ამ განცალკევების, ძალის, ერისკაცებზე მაღლა დგომისაკენ მიისწრაფვიან. მათ წყურვილს აძლიერებს და წარმოშობს საღვთისმეტყველო განათლების, კლერიკალიზმის მთელი სისტემა. როგორ უნდა აიძულო ისინი, გაიგონ არა მხოლოდ გონებით, არამედ მთელი არსებით, რომ ადამიანი უნდა გაურბოდეს ნებისმიერ ძალაუფლებას, რომელიც ყოველთვის საცდურია, ყოველთვის ბოროტისაგანაა? ქრისტემ გაგვათავისუფლა ჩვენ ამ ძალაუფლებისაგან – “მომეცა მე ყოველი ხელმწიფება ცათა შინა და ქუეყანასა ზედა”... (მათე 28,18), იმით, რომ ამ ხელმწიფების ნათელი ვლინდება როგორც სიყვარულისა და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის ხელმწიფებაში. ქრისტემ ეკლესიას მისცა არა “ძალაუფლება”, არამედ სულიწმიდა: “მიიღეთ სულიწმიდა...” ქრისტეში ხელმწიფება დაუბრუნდა ღმერთს და ადამიანი განიკურნა მმართველობისა და მბრძანებლობისაგან.

ჩემი ცხოვრების სამოცდამეერთე წელს საკუთარ თავს ვეკითხები: როგორ გაუკუღმართდა ეს ყველაფერი ასე ძალიან? და შიში მიპყრობს.

ვნების პარასკევი, 16 აპრილი, 1982 წ.

გუშინ იყო თორმეტი სახარების კითხვა, გუშინწინ საიდუმლო სერობის წირვა – “რაითა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი”. დღეს დატირების მსახურება... რამდენჯერ იყო ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში? ამ დღეებში ჩემი მეხსიერება ყოველთვის აღადგენს იმ დროს, იმ მომენტს? იმ წელს? არ ვიცი, როდის იყო ეს – როდესაც ყველაფერი გაცხადდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ყველაფერი ასეთი ძვირფასი, “აბსოლუტურად სასურველი” გახდა... თუმცა ასე ძალიან გადამწყვეტი მოვლენა ფარულად მოხდა გულში: ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი პარიზში, გაზაფხული, სახლი, ახალგაზრდობა, ბედნიერება, შემდეგ ყველაფრის გასაღები მომეცა როგორც მღვდელს, როგორც ღვთისმეტყველს, როგორც წიგნების ავტორს, როგორც მასწავლებელს. მე ძირითადად დავამოწმებ მხოლოდ “იმ მომენტს”. ჩემი სულიერი ცხოვრება, როგორც გმირული ღვაწლი, წესი, სულიერი სახელმძღვანელო, ნულის ტოლია და თუ ის არსებობს, არსებობს როგორც მუდმივი გაცნობიერება, ქვეშეცნეული გრძნობა, რომ ყველაფერი ყველგანაა. მეორე მხრივ, გულის სიღრმეში, მხოლოდ იმით ვცხოვრობ ან, უფრო სწორად, ის ცხოვრობს ჩემში.

 

ინგლისურიდან თარგმნა ნანა ბაღათურიამ
ჟურნალი "ზღვარი", N2(7), 2006 წ.