თავი 2. დიდი მარხვის ღვთისმსახურება
1. „ნათელი სევდა“
ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, თუ უმრავლესობისთვის არა, მარხვა ფორმალური და, ძირითადად, უარყოფითი წესების გარკვეული რაოდენობისაგან შედგება: თავშეკავება სახსნილო საკვებისაგან (ხორცი, რძის ნაწარმი, კვერცხი), ცეკვისაგან, შესაძლოა, კინოში სიარულისაგანაც. ჩვენ იმდენად დაშორებულნი ვართ ეკლესიის ჭეშმარიტ სულისკვეთებას, რომ ხშირად არ გვესმის, რომ მარხვაში „რაღაც სხვაც“ არის, რის გარეშე ყველა ეს წესი თავისი მნიშვნელობის უდიდეს ნაწილს კარგავს. ეს „რაღაც სხვა“ ყველაზე კარგად შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც ატმოსფერო, „განწყობა“, უპირველეს ყოვლისა, როგორც სულიერი და გონებრივი მდგომარეობა, რომელიც შვიდი კვირის განმავლობაში ავსებს მთელს ჩვენს ცხოვრებას. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ მარხვის მიზანი ცნობილი ფორმალური წესების დასაცველად ჩვენი იძულება კი არ არის, არამედ ჩვენი გულის იმგვარად „დარბილებაა“, რომ მან შეძლოს ახალი სულიერი რეალობების აღქმა, ღმერთთან ურთიერთობის აქამდე დაფარული წყურვილის ხელახლა შეგრძნება.
ეს სამარხვო ატმოსფერო, ეს ერთადერთი და განუმეორებელი სულიერი მდგომარეობა, ძირითადად, ღვთისმსახურებათა საშუალებით იქმნება, რადგანაც მარხვისას ლიტურგიულ ცხოვრებაში განსაკუთრებული ცვლილებები შეაქვს. ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ ეს ცვლილებები, ისინი შეიძლება გაუგებარ „რუბრიკებად“, ფორმალურად შესასრულებელ ფორმალურ წესებად მოგვეჩვენოს. მაგრამ მთლიანობაში აღებულნი, ისინი აღმოგვიჩენენ და გვაუწყებენ თვით მარხვის სიღრმისეულ არსს, გვიჩვენებენ და გვაიძულებენ, ვიგრძნოთ ის ნათელი სევდა, რომელიც დიდი მარხვის ჭეშმარიტი სული და ნიჭია. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ „მარხვანის“ შემქმნელ წმინდა მამებს, სულიერ მწერლებსა და ჰიმნოგრაფებს, რომლებმაც თანდათანობით გამოიმუშავეს სამარხვო ღვთისმსახურებათა ზოგადი სტრუქტურა და მიანიჭეს პირველმეწირულ ძღვენთა ლიტურგიას ეს დამახასიათებელი მშვენიერება, ჰქონდათ ადამიანის სულის ერთნაირი და ერთიანი ცოდნა. ისინი მართლაც ფლობენ სინანულის სულიერ ხელოვნებას და ყოველ წელს, დიდი მარხვის განმავლობაში, აძლევენ ყველას, ვისაც აქვს სასმენად ყურნი და დასანახად თვალნი, მათი ცოდნით სარგებლობის შესაძლებლობას.
ზოგადი შთაბეჭდილება, როგორც უკვე ვთქვი, „ნათელი სევდის“ განწყობაა. დარნმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც დიდი მარხეის ღვთისმსახურებისას შედის ეკლესიაში და რომელსაც მხოლოდ შეზღუდული წარმოდგენა აქვს საეკლესიო ცხოვრების შესახებ, უცებ მიხვდება, რას ნიშნავს ეს ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი გამოთქმა. ერთი მხრივ, მთელს ღვთისმსახურებაში ერთგვარი წყნარი სევდა ჭარბობს: შესამოსელი მუქია, ღვთისმსახურება – ჩვეულებრივზე ხანგრძლივი და უფრო მონოტონური, თითქმის უძრავი. საკითხავები და საგალობლები ცვლის ერთმანეთს, მაგრამ თითქოსდა „არაფერი ხდება“. დროგამოშვებით მღვდელი გამოდის საკურთხეელიდან და ერთსა და იმავე მოკლე ლოცვას კითხულობს, რომლის შემდეგაც ეკლესიაში მყოფნი დიდ მეტანიას აღასრულებენ, ე.ი. მიწამდე ხრიან თავს. და ასე დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ლოცვის ამგვარი ერთფეროვნების, ამ წყნარი სევდის წიაღში ვიმყოფებით.
მაგრამ ბოლოს ვაცნობიერებთ, რომ ეს ხანგრძლივი და ერთფეროვანი ღვთისმსახურება აუცილებელია, რომ ვიგრძნოთ საიდუმლო და ამ ღვთისმსახურების თავდაპირველად შეუმჩნეველი მოქმედება ჩვენს გულში. თანდათანობით ჩვენ ვიგებთ, ან, უფრო სწორად, ვგრძნობთ, რომ ეს სევდა მართლაც ნათელია, რომ ჩვენს არსებაში რაღაც იდუმალი ცვლილება იწყება. თითქოსდა ისეთ ადგილას მოვხვდით, სადაც ვერ აღწევს ცხოვრების ხმაური და ამაოება, ყოველივე ის, რაც ჩვეულებრივ ავსებს ჩვენს დღეებს და ღამეებსაც კი, – ისეთ ადგილას, სადაც მთელს ამ ამაოებას უკვე არანაირი გავლენა აღარ აქვს ჩვენზე. ყოველივე, რაც ადრე ასე მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა და ასე ავსებდა ჩვენს სულს, შფოთვის ის მდგომარეობა, რომელიც ლამის ჩვენს მეორე ბუნებად იქცა, სადღაც ქრება, და ჩვენ ვგრძნობთ თავისუფლებას, ვგრძნობთ, რომ მსუბუქნი და ბედნიერნი გავხდით. მაგრამ ეს არაა ის ხმაურიანი და ზედაპირული, მყიფე და წარმავალი ბედნიერება, რომელიც დღეში ოცჯერ მოდის და გვშორდება. ეს ღრმა ბედნიერებაა, რომელიც ერთი გარკვეული მიზეზიდან კი არ მომდინარეობს, არამედ იქიდან, რომ ჩვენი სული, თევდორე დოსტოევსკის სიტყვებისა არ იყოს, „სხვა სამყაროს შეეხო“. ხოლო შეეხო იგი იმას, რაც აღსავსეა სინათლით, მშვიდობით, სიხარულითა და გამოუთქმელი იმედით. ამ წუთებში ჩვენ გვესმის, რატომ უნდა იყოს ღვთისმსახურება ასეთი ხანგრძლივი და თითქოს მონოტონური. ვხვდებით, რომ სრულიად შეუძლებელია გადავიდეთ ჩვენი სულის ნორმალური მდგომარეობიდან, რომელიც ამაოებით, უდროობითა და ზრუნვითაა სავსე, ხსენებულ სხვა სამყაროში იმის გარეშე, რომ ჯერ არ დავმშვიდდეთ, არ აღვადგინოთ ჩვენს თავში შინაგანი მდგრადობის გარკვეული დონე. ამიტომაა, რომ ისინი, ვინც ღვთისმსახურებას ისე უყურებს, თითქოსდა ეს რაღაც „ვალდებულება“ იყოს და ყოველთვის რაღაც „მინიმალური მოთხოვნები“ აინტერესებს („რა სიხშირით უნდა ვიაროთ ეკლესიაში?“, „რა სიხშირით უნდა ვილოცოთ?“), ვერასოდეს მიხვდებიან ღვთისმსახურებათა ჭეშმარიტ აზრს, რომელსაც სხვა სამყაროში გადავყავართ, სადაც თვით ღმერთი სუფევს! მაგრამ ეს გადასვლა ერთბაშად როდი ხდება, არამედ ნელა, რადგანაც ჩვენი ბუნება დაცემულია და დაკარგა ამ სხვა სამყაროში ბუნებრივი შესვლის უნარი.
და აჰა, როცა ჩვენ განვიცდით ამ იდუმალ გათავისუფლებას, სიმსუბუქესა და სიმშვიდეს, ღვთისმსახურების სევდიანი ერთფეროვნება ახალ საზრისს იძენს, მას ფერი ეცვლება, იგი განწმენდილია თავისი შინაგანი მშვენიერების წყალობით, როგორც დილის მზის სხივით, რომელიც მთის მწვერვალს უკვე მაშინ ანათებს, როცა ქვევით, დაბლობში ჯერ კიდევ ბნელა. ეს სინათლე და ფარული სიხარული მომდინარეობს ალილუიას ხშირი გალობიდან, ღვთისმსახურების საერთო „განწყობიდან“. ის, რაც ადრე ერთფეროვნებად გვეჩვენებოდა, ახლა უკვე სიმშვიდედ ქცეულა. ის, რასაც ადრე სევდად ვგრძნობდით, ახლა განვიცდით როგორც დაკარგულ სიღრმეში დაბრუნებული სულის პირველ მოძრაობას. ყოველივე ამას კი ყოველ დილით გვამცნობს დიდი მარხვის ალილუიას პირველი მუხლი:
ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა.
|
ადრე დილითვე ისწრაფის ჩემი სული შენდამი, ღმერთო, რადგან შენი ბრძანებანი – ნათელია, ამქვეყნად მოფენილი.
|
„სევდიანი ნათელი“ ჩემი განდევნისა და ამაოდ განლეული ცხოვრების სევდაა. ხოლო ნათელი კი ღვთის სიახლოვესა და მის მიერ მიტევებას ეკუთვნის, ეს ღმერთთან დაბრუნების სიხარული და მამისეულ სახლში შესვლის სიმშვიდეა. ამგვარია დიდი მარხვის ღვთისმსახურების განწყობა, ამგვარია მისი პირველი შეხება ჩემს სულთან.
ლოცვას, რომელსაც გადმოცემა სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს მოძღვარს, წმინდა ეფრემ ასურს მიაწერს, მართლაც შეიძლება ვუწოდოთ დიდმარხვის ლოცვა, რადგანაც იგი განსაკუთრებით გამოიყოფა დიდი მარხვის ყველა საგალობელსა და ლოცვას შორის.
აი, ამ ლოცვის ტექსტი:
უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყუარებისა და ცუდადმტყუელებისასა ნუ მიმცემ მე.
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყუარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა.
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაჲ თვსთა ცოდვათაჲ და არა-განკითხვაჲ ძმისა ჩემისაჲ, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ეს ლოცვა ორგზის იკითხება დიდი მარხვის ყოველი ღვთისმსახურების ბოლოს ორმაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათობით და კვირაობით ის არ იკითხება, რადგან ამ ორი დღის ღვთისმსახურება, როგორც ქვემოთ ვნახავთ, განსხვავდება ზოგადსამარხვო წესისაგან). ამ ლოცვის პირველი კითხვისას ყოველი თხოვნის შემდეგ სრულდება დიდი მეტანია. შემდეგ 12-ჯერ ვამბობთ: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას“ („ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი“), მცირე მეტანიებით. ამის შემდეგ კვლავ იკითხება წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა და სრულდება დიდი მეტანია.
რატომ უჭირავს ამ მოკლე და მარტივ ლოცვას ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი მთელს სამარხვო ღვთისმსახურებაში? იმიტომ რომ მასში განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხერხითაა ჩამოთვლილი სინანულის ყველა დადებითი და უარყოფით ელემენტი და ირკვევა ჩვენი, ასე ვთქვათ, პირადი მოსაგრეობის შინაარსი. ამ მოსაგრეობის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, განკურნებაა, ერთი რომელიმე ძირითადი სნეულებისაგან, რომელიც მთელს ჩვენს ცხოვრებას წარმართავს და გვაბრკოლებს ღვთისაკენ მოქცევის გზაზე.
ძირითადი სნეულებაა უქმობა, ანუ სიზარმაცე, დაუდევრობა, უდარდელობა. ეს მთელი ჩვენი არსების ის უცნაური სიზარმაცე და პასიურობაა რომელიც მუდამ „ქვევით“ მიგვათრევს, ხელს გვიშლის „ზევით“ მოძრაობაში, გვარწმუნებს, რომ რაიმეს შეცვლა შეუძლებელია და ამიტომ სასურველიც არაა. ეს ჩვენში მართლაც რომ ღრმად ფესვგამდგარი ცინიზმია, რომელიც ყველა სულიერ მოწოდებაზე პასუხობს კითხვით „რატომ?“, და რომლის წყალობითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ამაოდ ვხარჯავთ სულიერ ძალებს. „უქმობა“ ყოველი ცოდვის საფუძველია, რადგანაც იგი ძირშივე წამლავს ყოველგვარ სულიერ ენერგიას.
უქმობის ნაყოფი მიმოწვლილველობაა (უსასოობა, უიმედობა), რომელშიც სულიერი ცხოვრების ყველა მოძღვარი ჩვენი სულისათვის უდიდეს საფრთხეს ხედავს. მიმოწვლილველობის ტყვეობაში ჩავარდნილ ადამიანს არ შეუძლია რაიმე კარგისა და დადებითის დანახვა. მისთვის ყველაფერი უარყოფასა და პესიმიზმზე დაიყვანება. ეს ნამდვილად ეშმაკეული ძალაუფლებაა ჩვენს თავზე, რადგანაც სატანა, უპირველეს ყოვლისა, ცრუა. იგი ცრუობს ადამიანის წინაშე ღვთისა და ამა სოფლის შესახებ, იგი ავსებს ცხოვრებას სიბნელითა და უარყოფით. მიმოწვლილველობა სულის თვითმკვლელობაა, რადგანაც, თუ ადამიანი მიმოწვლილველობითაა შეპყრობილი, მას სრულიად დაკარგული აქვს სინათლის ხილვისა და მისკენ სწრაფვის უნარი.
მთავრობისმოყვარება! ეს ძალაუფლების სიყვარულია. რა უცნაურადაც არ შეიძლება მოგვეჩვენოს, სიზარმაცე და მიმომწვლილველობა ჩვენს სულს მთავრობისმოყვარებით ავსებს. სიზარმაცე და მიმომწვლილველობა ამახინჯებს ცხოვრებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას, საზრისისასგან ცლის ჩვენს სიცოცხლეს. მოგვიწოდებს, რათა სრულიად უსამართლო საზღაური მოვითხოვოთ სხვა ადამიანებისაგან. თუ ჩემი სული ღვთისკენ არ ისწრაფვის, თუ მისი მიზანი მარადიული ღირებულებები არაა, სული აუცილებლად გახდება ეგოისტური, ეგოცენტრულიც კი, ეს კი ნიშნავს, რომ ყველა სხვა არსება მისი სურვილებისა და სიამოვნების დასაკმაყოფილებელ საშუალებად იქცევა. თუ ღმერთი ჩემი ცხოვრების უფალი და მეუფე არაა, მე თვითონ ვიქცევი საკუთარი თავის უფლად და მეუფედ, ვიქცევი ჩემი საკუთარი სამყაროს აბსოლუტურ ცენტრად და ყოველივეს განვიხილავ ჩემი საჭიროების, ჩემი სურვილებისა და ჩემი შეგნების თვალსაზრისით. ამგვარად, მთავრობისმოყვარება ძირფესვიანად ამახინჯებს სხვა ადამიანების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას და ცდილობს მათს დამორჩილებას. ეს გრძნობა ყოველთვის არ მოგვიწოდებს, მართლაც ვიმბრძანებლოთ და ვიმეუფოთ სხვებზე: ის შეიძლება გამოიხატოს სხვათა მიმართ გულგრილობით, ზიზღით, ინტერესის, ყურადღებისა და პატივისცემის ნაკლებობით. უქმობისა და უიმედობის სული ამ მემთხვევაში სხვებისკენაა მიმართული და სულიერი თვითმკვლელობა აქ სულიერ მკვლელობას უერთდება.
ყოველივე ამას მოსდევს ცუდად (ამაოდ) მეტყველება. ადამიანმა, ერთადერთმა ღვთის ქმნილებათაგან, მიიღო მეტყველების ნიჭი. ყველა წმინდა მამა ამაში ღვთის ხატის გამოვლენას ხედავს, რადგანაც თვით ღმერთიც სიტყვით გამოგვეცხადა (ი. 1,1). მაგრამ მეტყველების უნარი უზენაეს ნიჭთან ერთად უდიდესი საფრთხეცაა. იგი მართლაც გამოხატავს ადამიანის არსებას, მის თვითაღსრულებას, მაგრამ სწორედ ამის გამო შეუძლია მეტყველების უნარს დაცემის, სიცრუისა და თვითგანადგურების საშუალებად ქცევა. სიტყვა აცხოვნებს და კლავს. სიტყვა შთააგონებს და წამლავს. სიმართლე სიტყვით გამოიხატება, მაგრამ სატანური სიცრუეც სიტყვას იყენებს. უმაღლეს დადებით ძალასთან ერთად სიტყვა სუდიდესი უარყოფითი ძალაც აქვს. ის ქმნის ყოველივე დადებითსა და უარყოფითს. როცა სიტყვა გადაიხრება თავისი საღვთო ბუნებისა და დანიშნულებისაგან, იგი ცუდი, უქმი ხდება. ასე ამაგრებს უქმობის, მიმოწვლილველობისა და მთავრობისმოყვარების სულს, სიცოცხლეც ჭეშმარიტ ჯოჯოხეთად იქცევა. მაშინ სიტყვა უკვე მართლაც რომ ცოდვის მეუფებაა.
ამრიგად, სინანული მიმართულია ცოდვის ამ ოთხი გამოხატულების წინააღმდეგ. ეს დასაძლევი დაბრკოლებებია. მაგრამ ამის ქმნა მხოლოდ ღმერთს ძალუძს. ამიტომაც სამარხვო ლოცვის პირველი ნაწილი ადამიანური უსუსურობის სიღრმიდან გამომავალი ძახილია. ამის შემდეგ ლოცვა გადადის სინანულის დადებით მიზნებზე. ეს მიზნებიც რიცხვით ოთხია.
სიწმიდე (ან, უფრო ზედმიწევნით - უბიწოება, ზნეობრივი სიმრთელე)!რომ არ მივანიჭოთ ამ ცნებას მხოლოდ დამატებითი სექსუალური მნიშვნელობა, როგორც ამას ხშირად სჩადიან, ის უნდა გავიგოთ, როგორც უქმობის სულთან დადებითი დაპირისპირება. უქმობა, უპირველეს ყოვლისა ჩვენი თვალსაზრისებისა და გაგების, ჩვენი ენერგიის გაბნევას, დანაწევრებასა და მსხვრევას ნიშნავს, ეს საგანთა მთლიანობის შემჩნევის უუნარობაა. უქმობის საწინააღმდეგო სწორედ რომ სიმრთელეა, მთლიანობაა. თუ სიწმიდეს (უბიწოებას), ჩვეულებრივ, სექსუალური გარყვნილების საწინააღმდეგო სიქველედ მიიჩნევენ, ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ჩვენი არსებობის დამსხვრეულობა არსად ისე არ ცხადდება, როგორც სექსუალურ გარყვნილებაში, ხორციელი და სულიერი ცხოვრების ერთმანეთისგან გაუცხოებაში, სულიერი კონტროლის დაქვეითებაში. ქრისტემ ჩვენი მთლიანობა აღადგინა, აღადგინა ღირებულებათა ჭეშმარიტი იერარქია, დაგვაბრუნა ღმერთთან.
ამ სიმრთელისა თუ სიწმიდის პირველი სასწაულებრივი ნაყოფი არის სიმდაბლე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მის შესახებ. ის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს შიგნით სიმართლის გამარჯვებაა. მთელი იმ სიცრუის განადგურებაა, რომლის წიაღშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მხოლოდ მდაბალთ შეუძლიათ სიმართლით ცხოვრება, საგნების მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობით დანახვა და მიღება და ამის წყალობით ღვთის სიდიადის, მისი ყველას მიმართ სიყვარულისა და სიკეთის ჭვრეტა. ამიტომაცაა ნათქვამი, რომ „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.
სიწმიდესა და სიმდაბლეს ბუნებრივად მოსდევს მოთმინება. თავისი ბუნებით დაცემული ადამიანი მოუთმენელია, რადგანაც საკუთარ თავს ვერ ხედავს, სამაგიეროდ ადვილად გამოაქვს განაჩენი სხვებისთვის. მისი შეგნება არასრული, დამსხვრეული, დამახინჯებულია, რის გამოც იგი ყველაფერს სკუთარი გემოვნებისა და თვალსაზრისის მიხედვით განსჯის. იგი გულგრილია ყველას მიმართ, საკუთარი თავის გარდა, ამიტომაც სწადია, რომ მისი პირადი ცხოვრება დაუყოვნებლივ გახდეს ბედნიერი.
მოთმინება ჭეშმარიტად საღვთო სიქველეა. ღმერთი მომთმენია არა იმიტომ, რომ იგი შემწყნარებლურად („ზემოდან ქვემოთ“) გვიცქერს, არამედ იმიტომ, რომ საგანთა არსს რეალურად განჭვრეტს საბოლოო სიღრმემდე, რასაც ჩვენ სიბრმავის გამო ვერ ვხედავთ, მისთვის კი ყოველივე გახსნილია. რაც უფრო ვუახლოვდებით ღმერთს, მით უფრო იზრდება ჩვენში მოთმინების უნარი, მით უფრო ირეკლება ჩვენში ყოველი ცალკეული არსების მიმართ ის პატივისცემა და მზრუნველი დამოკიდებულება, რომელიც მხოლოდ ღმერთისთვისაა დამახასიათებელი.
და ბოლოს, ყველა სიქველის, ყველა ძალისხმევისა და მოსაგრეობის გვირგვინი და ნაყოფი არის სიყვარული, ის სიყვარული, რომლის მონიჭებაც, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ეს სწორედ ის ნიჭია, რომელიც მთელი სულიერი მომზადებისა და გამოცდილების მიზანს წარმოადგენს.
ეს ყოველივე გაერთიანებულია სამარხვო ლოცვის ბოლო თხოვნაში, სადაც ჩვენ ვევედრებით უფალს რომ შეგვაძლებინოს, დავინახოთ საკუთარი შეცოდებანი და არ განვიკითხოთ ჩვენი ძმა. ბოლოს და ბოლოს ჩვენს წინაშე ერთადერთი საფრთხე დგას: ამპარტავნება. ამპარტავნება ბოროტების საწყისი და წყაროა. მაგრამ საკუთარ ცოდვათა დანახვა არაა საკმარისი. რადგანაც ეს მოჩვენებითი სიქველეც შეიძლება იქცეს ამპარტავნებად. წმინდა მამათა ნაწერები აღსავსეა გაფრთხილებებით ამგვარი ყალბი ღვთისმოსაობის წინააღმდეგ, რომელმაც სინამდვილეში, სიმდაბლისა და თვითგანკიცხვის სახეს ამოფარებულმა, შეიძლება სატანურ ამპარტავნებამდე მიგვიყვანოს. მაგრამ როცა „ჩვენს ცოდვებს ვხედავთ“ და „არ განვიკითხავთ მოყვასს“, როცა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიწმიდე (უბიწოება), სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული ჩვენში ერთ მთლიანობად იკრიბება, მაშინ და მხოლოდ მაშინ ისპობა ჩვენში უმთავრესი მტერი – ამპარტავნება.
ლოცვაში შემავალი ყოველი თხოვნის შემდეგ ჩვენ დიდ მეტანიას ვასრულებთ. ამას მხოლოდ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვისას როდი ასრულებენ. დიდი მეტანია მთელი სამარხვო ღვთისმსახურების ერთერთი დამახასიათებელ ნიშანია. მაგრამ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვისას ყველაზე ნათლად იხსნება მისი საზრისი. სულიერი აღორძინების ხანგრძლივსა და ძნელ მოსაგრეობაში ეკლესია არ განყოფს ერთმანეთისაგან სულსა და სხეულს. ადამიანი მთლიანად ჩამოშორდა ღმერთს – სულითა და ხორცით. და ღვთის წიაღში დაბრუნებისთვის ასევე მთლიანად უნდა იქნეს აღდგენილი – სულიერად და ხორციელად. ცოდვით დაცემა სწორედ ირაციონალური და ცხოველური ხორცის გამარჯვებაა სულიერ ღვთაებრივ ბუნებაზე. მაგრამ სხეული მშვენიერია და წმინდაა, იმდენად წმინდა, რომ თვით ღმერთი განხორციელდა. ცხოვნება და სინანული არაა სხეულისადმი ზიზღი ან მის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულება, არამედ სხეულის აღდგინებაა მისი ჭეშმარიტი დანიშნულებისათვის, რადგანაც იგი სიცოცხლის გამოხატულება და ადამიანის ფასდაუდებელი სულის ტაძარია. ქრისტიანული ასკეტიზმი სულაც არაა სხეულის წინააღმდეგ ბრძოლა: ეს არის ბრძოლა სხეულისათვის. ამიტომაც ინანიებს მთელი ადამიანი – მისი სული და ხორცი. სხეული სულის ლოცვაში მონაწილეობს, მსგავსად იმისა, როგორც სულიც თავის სხეულში ლოცულობს და არა მის გარეთ. ამგვარად, დიდი მეტანია და მიწაზე განრთხმა სინანულისა და სიმდაბლის, თაყვანისცემისა და მორჩილების „ფსიქო-სხეულებრივი“ ნიშანი და სამარხვო ღვთისმსახურების განმასხვავებელი თვისებაა.
საეკლესიო ლოცვა ყოველთვის ბიბლიურია, ე.ი. გამოიხატება საღმრთო წერილის ენით, სახეებითა და სიმბოლოებით. ბიბლია არა მარტო საღმრთო გამოცხადებას შეიცავს თავის თავში, არამედ ადამიანის შთაგონებულ პასუხსაც ამ გამოცხადებაზე, ე.ი. საღმრთო წერილი ადამიანისაგან გამომავალი ყოველი ლოცვის, დიდებისმეტყველებისა და თაყვანისცემის გამოხატულება და შინაარსია. მაგალითად ავიღოთ ფსალმუნი: მათი დანერის დროიდან უკვე რამდენიმე ათასი წელი გავიდა, მაგრამ, როდესაც ადამიანს სინანულის გამოხატვა და მთელი თავისი შეძრული არსებით საღმრთო მოწყალების გამოთხოვა სურს, ლოცვის ერთადერთ სრულყოფილ გამოხატულებას სინანულის 50-ე ფსალმუნში პოულობს: „მიწყალე მე ღმერთო!“. ყველა შესაძლო და წარმოსადგენ მდგომარეობაში ღვთის, სხვა ადამიანებისა და ამა სოფლის წინაშე – ღმერთთან სიახლოვის საოცარი სიხარულიდან დაწყებული და დევნულებაში, ცოდვასა თუ უძლურებაში ჩავარდნილის უსაზღვრო სასოწარკვეთილებით დამთავრებული – თავისი ლოცვების სრულყოფილ გამოხატულებას ადამიანი ამ ერთადერთ წიგნში პოულობს, რომელიც ყოველივე ამის გამო მუდამ იყო ეკლესიის ყოველდღიური საზრდო, მისი ლოცვისა და თვითშეგონების საშუალება.
დიდი მარხვის დროს საეკლესიო ღვთისმსახურების ბიბლიურ განზომილებაზე თითქოსდა განსაკუთრებული აქცენტი მოდის. შეიძლება ვთქვათ, რომ ორმოცი სამარხვო დღის განმავლობაში ცალკეული ადამიანი და მთელი ეკლესია თითქოსდა ძველი აღქმის მდგომარეობას უბრუნდება – ქრისტემდელ დროს, სინანულისა და მოლოდინის, ქრისტეს მიერ აღსრულებისაკენ მიმავალი ცხოვნების ისტორიის ჟამს. ეს დაბრუნება აუცილებელია, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქრისტეს შემდგომ დროს მივეკუთვნებით, ვიცნობთ მას და მის მიერ ნათელ-ვიღეთ, ჩვენ მუდამ ვშორდებით მისგან მიღებულ ახალ ცხოვრებას. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ „ძველ“ დროს ვუბრუნდებით. ეკლესია, ერთი მხრივ, უკვე შინაა, რადგანაც იგი არის „მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაი სულისა წმიდისაჲ“; მეორე მხრივ კი – ეკლესია ჯერაც გზაზეა და ეს გზა ხანგრძლივი და ძნელია, რომელსაც ღვთის მიერ შექმნილის აღსასრულამდე და ბოლო ჟამს ქრისტესთან დაბრუნებამდე მივყავართ.
დიდი მარხვა – ეკლესიის ამ მეორე მოწოდების, მოლოდინისა და მოგზაურობის აქტუალიზაციის ხანაა. ამიტომაც ძველი აღთქმა თავის სრულ მნიშვნელობას იძენს არა მარტო როგორც უკვე აღსრულებულ წინასწარმეტყველებათა წიგნი, არამედ როგორც წიგნი ღმრთის სასუფევლისაკენ მიმავალი ადამიანისა და მთელი შექმნილი ქვეყნიერების შესახებ. დიდიმარხვისღვთისმსახურების განმავლობაში ძველი აღთქმის კითხვა ორგვარად სრულდება: ჯერ ერთი, ეს ფსალმუნის გაორმაგებული საკითხავებია; მეორეც, ეს არის lectio continua, ანუ ერთმანეთის მიყოლებითა და უწყვეტად კითხვა ძველი აღთქმის სამი წიგნისა: შესაქმის, ესაია წინასწარმეტყველისა და სოლომონის იგავთა.
ფსალმუნს ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ყოველთვის ცენტრალური და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ეკლესია მასში ხედავს ადამიანის ლოცვის, თაყვანისცემისა და დიდებისმეტყველების არა მარტო საუკეთესო და ყველაზე ჭეშმარიტ გამოხატულებას, არამედ ქრისტესა და ეკლესიის ნამდვილ სიტყვიერ ხატს, გამოცხადების შიგნით არსებულ გამოცხადებას. პატრისტიკული ტექსტების ერთ-ერთი განმმარტებლის თანახმად, წმინდა მამები მიიჩნევენ, რომ „მხოლოდ ქრისტე და მისი ეკლესია ლოცულობენ, ტირიან და მეტყველებენ ამ წიგნში“ (ფსალმუნში). ამიტომაც პირველითგანვე ფსალმუნი ეკლესიური ლოცვის საფუძველია, მისი „ბუნებრივი ენაა“. ღვთისმსახურებისას ფსალმუნი გამოიყენება, უპირველეს ყოვლისა, როგორც ყოველდღიურ ლოცვათა მუდმივი საყრდენი: „მწუხრის ფსალმუნი“ 103 მწუხრის ლოცვისას, ეგრეთწოდებული ექვსფსალმუნი (3, 38, 63, 88, 103, 143), „სადიდებელი“ ფსალმუნები 148, 149, 150 ცისკრის ლოცვისას, სამ-სამი ფსალმუნი ყოველი ჟამის ლოცვისას და ასე შემდეგ. ფსალმუნთა წიგნიდანაა ამოღებული წარდგომაც, ალილუიას მუხლები ყოველწლიური დღესასწაულებისთვის და სხვა. და საბოლოოდ, ოც ნაწილად დაყოფილი მთელი ფსალმუნთა წიგნი, ეგრეთ წოდებული კანონები ანუ კათიზმები, ყოველკვირეულად იკითხება მწუხრისა და ცისკრის ლოცვის დროს. ფსალმუნთა წიგნის ეს ბოლო გამოყენება დიდი მარხვისას გაორმაგებულია: ყოველკვრეულად ეს წიგნი ერთხელ კი არა, ორჯერ იკითხება, რადგანაც კათიზმათა კითხვა მესამე და მეექვსე ჟამის ლოცვებშიც შედის.
შესაქმის, ესაია წინასწარმეტყველისა და იგავთა წიგნის მუდმივი კითხვა კი იმ ისტორიულ ეპოქას უკავმირდება, როცა დიდი მარხვა, ძირითადად, ჯერ კიდევ ნათლისღებისთვის მოსამზადებელი პეროდი იყო და ღვთისმსახურებასაც კათაკმეველთა განსაკუთრებული დასამოძღვრავი ხასიათი ჰქონდა. ამ წიგნთაგან თითოეული ძველი აღთქმის ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეიცავს: ღვთისმიერ ქვეყნიერების შექმნის ისტორიას, წინასწარმეტყველებასა და მორალურსა თუ ზნეობრივ შეგონებებს.
შესაქმის წიგნი გვაძლევს საეკლესიო სარწმუნოების, ასე ვთქვათ, ძირითად ჩარჩოს. მასში მოცემულია ქვეყნიერების შექმნა, კაცობრიობის ცოდვით დაცემა და, საბოლოოდ, ცხოვნების აღთქმა და დასაწყისი ღმერთსა და მის რჩეულ ერს შორის პირველი აღთქმის დადებით. ეს წიგნი გადმოგვცემს ძირითად რწმენას ეკლესიისა და ღვთისა, როგორც შემოქმედის, მსაჯულისა და მაცხოვრისა. ის გვიხსნის „ღვთის ხატად და მსგავსად“ შექმნილი, შემდეგ კი ღვთისგან ჩამოშორებული, მაგრამ მაინც საღვთო სიყვარულის, ზრუნვისა და საბოლოო ცხოვნების ობიექტად დარჩენილი ადამიანის შესახებ ქრისტიანულ წარმოდგენათა ფესვებს. ეს წიგნი გვაუწყებს ეკლესიის საიდუმლოს, რომელიც რჩეული ერის, აღთქმის, კიდობნისა და სხვა სიმბოლოებისა და მოვლენების საშუალებითაა გადმოცემული.
ესაია ყველა წინასწარმეტყველთაგან უდიდესია და მის წინასწარმეტყველებათა კითხვამ მთელი დიდი მარხვის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა აგვიხსნას ქრისტეს ვნებისა და მსხვერპლშეწირვის საშუალებით აღსრულებული ჩვენი ცხოვნების საიდუმლოება.
და საბოლოოდ, იგავთა წიგნი – ძველი აღთქმის ზნეობრივი მოძღვრების, კანონისა და სიბრძნის შეჯამებაა. თუ კაცი მას არ გაითვალისწინებს, არ დაეთანხმება, იგი ვერასოდეს მიხვდება ღვთისაგან თავის განშორებას, ვერც კი გაიგონებს მიტევების სასიხარულო უწყებას, რომელსაც ღვთის სიყვარული და მადლი გვიგზავნის.
ამ სამი წიგნის საკითხავები ყოველდღე სრულდება დიდი მარხვის განმავლობაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შესაქმისა და იგავთა წიგნები მწუხრის ლოცვაზე, ხოლო ესაიას წინასწარმეტყველებანი – მეექვსე ჟამზე. და თუმცა დიდი მარხვა უკვე აღარაა ნათლისღებისთვის მოსამზადებელი პერიოდი, ამ საკითხავთა უმთავრესი მიზანი მთლიანად ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას. ქრისტიანული სარწმუნოება მოითხოვს ბიბლიურ ფესვებთან ამ ყოველწლიურ დაბრუნებას, რადგანაც არ მეიძლება არსებობდეს საზღვარი საღვთო გამოცხადების წიაღში დასაბრუნებლად და მის გასაგებად. არ შეიძლება განვიხილოთ ბიბლია როგორც ერთხელ და სამუდამოდ ზეპირად დასასწავლ „დოგმატურ თეორემათა“ კრებული: ეს თვით ღმერთის ცოცხალი ხმაა, რომელიც კვლავ და კვლავ გვესაუბრება, სულ უფრო და უფრო ღრმად შევყავართ სიბრძნისა და სიყვარულის დაუშრეტელ საუნჯეში. ჩვენი ეკლესიის ყველაზე დიდი ტრაგედია ეკლესიის წევრთა მიერ საღვთო წერილის სრული არცოდნა და, რაც უფრო უარესია, მისდამი სრული გულგრილობაა. ის, რაც ეკლესიის მამათათვის, წმინდათათვის ოდესღაც უსასრულო სიხარული ინტერესი, სულიერი და ინტელექტუალური საზრდო იყო, დღევანდელ ქრისტიანთათვის მოძველებული და ცხოვრებისათვის ყოველგვარ მნიშვნელობას მოკლებული ტექსტების კრებულად იქცა. ამიტომაც, იმედი ვიქონიოთ, რომ, თუ კვლავაც აღიქმება დიდი მარხვის სულისკვეთება და მნიშვნელობა, ეს ნიშნავს, რომ საღვთო წერილიც კვლავ აღიქმება როგორც ჭეშმარიტი სულიერი საზრდო და ღმერთთან ურთიერთობა.
დიდ მარხვას განსაკუთრებული საღვთისმსახურო წიგნი აქვს, რომელსაც „მარხვანი“ ეწოდება. ამ წიგნში შედის ყველა საგალობელი (სტიქარონები და კანონები), მარხვის ყოველდღიური ბიბლიური საკითხავები, მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან მოყოლებული ვიდრე დიდი შაბათის მწუხრამდე. „მარხვანის“ საგალობლები მეტწილად იმის შემდეგაა შექმნილი, რაც კათაკმეველთა (მოზრდილ ასაკში მოსანათლავთა, რომლებიც მომზადებას საჭიროებდნენ) ინსტიტუტი ფაქტობრივად უკვე გამქრალი იყო. ამიტომ ამ საგალობლებში მთავარი თემა ნათლისღება კი აღარაა, არამედ სინანული. სამწუხაროდ, ჩვენს დროში ცოტა ვინმე თუ იცნობს დიდი მარხვის ღვთისმსახურებათა მშვენიერებასა და სიღრმეს. „მარხვანის“ არცოდნა უმთავრესი მიზეზია იმისა, რომ ქრისტიანულ ცნობიერებაში თანდათანობით შეიცვალა მარხვის საზრისისა და მნიშვნელობის გაგება, რამაც ნელ-ნელა აქცია მარხვა წმინდა ფორმალური მოთხოვნებისა და კვებითი შეზღუდვების დაცვად. დიდი მარხვის ჭეშმარიტი შთაგონება და მოწოდება ჩვენს დროში თითქმის დაკარგულია და მათი ხელახლა აღმოჩენის ერთადერთი საშუალებაა „მარხვანში“ შემავალი ყველა საგალობლის გულისყურიანი მოსმენა.
მაგალითად, ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რა ხშირად გვესმის სტიქარონებში სწორედ „ფორმალური“, ესე იგი, ფარისევლური მარხვის წინააღმდეგ გაფრთხილება. უკვე ხორციელი კვირის ოთხშაბათს ჩვენ გვესმის შემდეგი გალობა:
ჭამადთა მარხვითა, სულო, ამაოდ და ცუდად იხარებ, ვინაჲთგან ვნებათა ბიწსა ერევი, რამეთუ, უკეთუ არა მიზეზ გექმნეს შენ ვნებათა დაჴსნისა მარხვა, საძაგელ ხარ წინაშე უფლისა, და ბოროტთა ეშმაკთა მსგავს, რამელნი ყოვლადვე არაოდეს მიიღებენ საზრდელსა. ნუ უკუე სცოდავ, რაჲთა არა უჴმარ ყო მარხვაჲ უბიწოჲ, და ბოროტთა გულისთქუმათა მიერ ნუმცა შეიძრვი, არამედ ესრეთ გამოსახე, ვითარმედ წინაშე სდგა შენთჳს ჯუარ-ცუმულისა ღმრთისა, და მის თანა ჯუარს-ეცუმი.
|
საჭმელით მარხვა (თავშეკავება) ამაოდ გახარებს, ჩემო სულო, რადგანაც ვნებათაგან არ განწმენდილხარ. თუ მარხვა ვნებათა მოსპობისათვის არ გამოიყენე, ღმრთისათვის საძაგელი და ბოროტ ეშმაკთა მსგავსი შეიქნები, რადგანაც ისინი არასოდეს მიიღებენ საჭმელს. მაშ, ნუღარ სცოდავ, რათა უბიწო მარხვა უხმარად (უსარგებლოდ) არ გამოაჩინო; ბოროტი სურვილებით ნუ აღიძვრი, არამედ წარმოიდგინე, რომ დგახარ შენთვის ჯვარცმული ღმრთის წინაშე, და მასთან ერთად ჯვარს-ეცმი.
|
ან კიდევ მარხვის მეოთხე კვირის ოთხშაბათის სტიქარონი:
მუშაკნი სათნოებათანი, რომელნი ნიჭთა მოელიან, არა განაქიქებენ მათ უბანთა ზედა, არამედ უფროჲსღა გულთაგანცა დაჰფარავენ, და მხედველი დაფარულთა, ცხადად მისცემს სასყიდელსა მათსა. ვიმარხვიდეთ, ჵ ძმანო, მხიარულითა პირითა, და ნუ მჭმუნვარე ვიქმნებით, და ვილოცვიდეთ საუნჯეთა შინა სულისა ჩუენისათა, და ვჴმობდეთ დაუცხრომელად, ცრემლითა მჴურვალითა: მამაო ჩუენო ზეცათაო, ნუ შემიყვანებ წყალობით განსაცდელსა, გევედრებით, არამედ განგუარინენ და გჳჴსნენ ბოროტისაგან, ვითარცა მოწყალე ხარ, რაჲთა თაყუანის-გცემდეთ ძით და სულით წმიდითურთ.
|
ვინც სათნოების მოპოვებისათვის იღვწის და საღმრთო მადლის მოელის, ამ სათნოებას საჯაროდ არ აცხადებენ, არამედ, თავისი გულისაგანაც დაჰფარავენ, ხოლო დაფარულთა მხილველი (ღმერთი) მათ ამისათვის ცხადად აძლევს ჯილდოს. ძმანო, ვიმარხულოთ სიხარულით, და ნუ მოვიწყენთ; ვილოცოთ ჩვენი სულის საუნჯეში, და მხურვალე ცრემლით განუწყვეტლივ ვღაღადებდეთ: ჩვენო ზეციურო მამაო (ღმერთო), ნუ მოგვივლენ განსაცდელს, არამედ გადაგვარჩინე ყოველგვარი ბოროტებისაგან, მოწყალეო, რათა თაყვანის-გცემდეთ ძითა და სულიწმიდითურთ.
|
მთელი დიდი მარხვის განმავლობაში სტიქარონებში მუდამ ხაზგასმულია მეზვერის სიმდაბლესა და ფარისევლის თვითკმაყოფილებას შორის არსებული დაპირისპირება, აქ მკაცრადაა გაკიცხული ფარისევლობა. მაშ რა არის ჭეშმარიტი მარხვა? საღვთისმსახურო წიგნი გვპასუხობს: უპირველეს ყოვლისა, ეს შინაგანი განწმენდაა:
…ვიმარხვიდეთ, მორწმუნენო, ხრწნადისა საზრდელისაგან და ვნებათაგან ყოვლადწარმწყმედელთა, რაჲთა საღმრთოჲსა ჯუარისა მიერ ცხორებაჲ მოვიღოთ, და კეთილგონიერისა ავაზაკისა თანა მივიწივნეთ სამკჳდრებელსა მამულსა…
|
…ხრწნადი საჭმელისაგანაც ვიმარხულოთ, მორწმუნენო, და დამღუპველ ვნებათაგანაც, რათა საღმრთო ჯვრისაგან ცხოვრება მივიღოთ და კეთილგონიერ ავაზაკთან ერთად მშობლიურ სამკვიდრებელს მივაღწიოთ…
|
გარდა ამისა, ეს სიყვარულთან დაბრუნებაცაა და ამაოდ დახარჯული ცხოვრების, სიძულვილის, უსამართლობის, შურის წინააღმდეგ ბრძოლაც:
ვიმარხვიდეთ რაი ჴორციელად, სულიერიცა მარხვა ვიმარხოთ, ძმანო, სრულ-მყოფელი მისი; განვჴეთქოთ ჩუენ გულარძნილებაჲ მძლავრობით ვაჭრობისა, და ჴელითწერილნი იგი სიცრუვისანი. ვსცეთ მშიერთა პური ჩუენი გულითა მხიარულითა, და გლახაკნი უსართულონი შევიყვანნეთ სართულსა ჩუენსა, რაჲთა მოვიღოთ ჩუენ ქრისტეს ღმრთისაგან აურაცხელი დიდი წყალობაჲ, და გუესმას საწადელი იგი ჴმაჲ: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი.მოვედით, მორწმუნენო, და საქმეთა ნათლისათა ვიქმოდეთ წადიერად ნათელსა შინა, და ვითარცა რაჲ დღესა შინა, ვიდოდეთ შუენიერად და უბიწოდ, და ყოველივე უმშჯავროჲ წერილი მოყუსისაგან აღვიღოთ, და ნუცა დაუგებთ საცთურსა მას, გინა შესაბრკოლებელსა. მოვიძაგნეთ საშუებელნი და განსუენებანი ჴორცთანი, ხოლო მადლნი სულიერნი სიმჴნით აღვაორძინნეთ; ვსცეთ მშიერთა პური ჩუენი, და შეუვრდეთ სინანულით ქრისტესა ყოვლადძლიერსა, და სულთქუმით უღაღადებდეთ: ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ.
|
ხორციელ მარხვასთან ერთად სულიერადაც ვიმარხულოთ, ძმანო, რადგან იგი მისი სრულმყოფელია. მოვსპოთ სიმრუდე, უსამართლობა, და სიცრუის ხელწერილი. მხიარული გულით მივცეთ მშივრებს პური, და უსახლკარო გლახაკნი ჩვენ ჭერქვეშ შევიყვანოთ, რათა ქრისტე ღმერთისაგან მივიღოთ აურაცხელი დიდი წყალობა, და მისგან გვესმას საწადელი ხმა: მოდით, მამა-ღმერთისაგან კურთხეულნო, და დაიმკვიდრეთ თქვენთვის განმზადებული სასუფეველი.მოდით, მორწმუნენო, და ნათლის საქმენი გულმოდგინედ ვქმნათ სინათლეში. ვიცხოვროთ უბიწოდ და ჯეროვნად. ვერიდოთ უსამართლო ბრალდებებს მოყვასთა მიმართ. ნუ დავუგებთ მათ მახესა და დაბრკოლებებს. მოვიშოროთ სხეულის ფუფუნება და ვნებებით დატკბობა, სულიერი მადლი კი გავამრავლოთ; მივცეთ პური მშიერთ; სინანულით დავემხოთ ყოვლადძლიერი მეუფის ქრისტეს წინაშე და სინანულით უღაღადოთ; ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალე ჩვენ.
|
ამ სტიქარონების მოსმენისას ჩვენ ძალზე ვშორდებით მარხვის ფარისევლურ გაგებას, რომელიც ჩვენს დროში ჭარბობს და მარხვის მიმართ მკაცრად უარყოფით განწყობილებას განაპირობებს, თითქოსდა ეს გარკვეული „უხერხულობა“, „დისკომფორტი“ იყოს, რომელზედაც ჩვენ ნებაყოფლობით, „ტანჯვით“ ვთანხმდებით და რომელიც ავტომატურად „ჩაგვეთვლება“ ღვთის წინაშე დამსახურებად და „გამართლებამდე“ მიგვიყვანს. რამდენი ადამიანი ეთანხმება იმ აზრს, რომ მარხვა ის დროა, როცა აკრძალულია რაღაც თავისთავად სასიამოვნო, თითქოსდა ღმერთს ჩვენი ტანჯვა სიამოვნებდეს. მაგრამ მშვენიერი სტიქარონების შემოქმედთათვის მარხვა სრულიად საწინააღმდეგოს ნიშნავდა. ეს იყო დაბრუნება „ნორმალურ“ ცხოვრებასთან, ანუ იმ მარხვასთან, რომელიც ადამმა და ევამ დაარღვიეს, რის გამოც ქვეყნად ტანჯვა და სიკვდილი შემოვიდა. ამიტომაც მივესალმებით დიდ მარხვას როგორც სულიერ გაზაფხულს, როგორც სიხარულისა და სინათლის დროს:
აღმობრწყინდა სუნნელი არე მარხვისა წმიდისა, და ყუავილი სინანულისაჲ…ქადაგებაჲ ესე უბიწოჲსა მარხვისაჲ სიხარულით შევიწყნაროთ, მორწმუნენო, რამეთუ, უკუეთუმცა ესე დაემარხა ადამს, ედემითმცა არა განსხმულ ვიყვენით საწყალობელად…
ჟამი ესე მარხვისაჲ ჟამი არს სიხარულისა, ამისთჳსცა სიხარულისა ბრწყინვალებითა და სიწმიდისა ნათლითა და ლოცვისა ელვარებითა, და ყოველთავე სათნოებათა მოგებითა განმდიდრებულთა ჴმითა მაღლითა უღაღადოთ… |
გამობრწყინდა სურნელოვანი გაზაფხული წმიდა მარხვისა, და ყვავილი სინანულისა…წმიდა მარხვის შეგონება სიხარულით მივიღოთ, მორწმუნენო, რადგანაც, რომ დაეცვა იგი ადამს, ედემიდან ასე გულსაკლავად აღარ განვიდევნებოდით…
მარხვის ჟამი სიხარულის ჟამია; ამიტომაც სიხარულის ბრწყინვალებით, სიწმიდის ნათელით, ლოცვის ცისკროვნებითა და ყოველგვარი სათნოების შეძენით განმდიდრებულებმა ხმამაღლა უღაღადოთ უფალს… |
მხოლოდ იმათ, ვინც უფლის მიერ ხარობენ, ვისთვისაც ქრისტე და მისი სასუფეველი უმაღლესი სურვილი და ცხოვრებისეული სიხარულია, შესწევთ ძალა, სიხარულით უპასუხონ ბოროტებისა და ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევას და მონაწილეობა მიიღონ მის საბოლოო დამარცხებაში. სწორედ ამიტომ ხდება, რომ სიწმიდის სხვადასხვა სახიდან ჩვენ სწორედ მოწამეთა ღვაწლს მივმართავთ დიდი მარხვის ყოველი ღვთისმსახურებისას; მხოლოდ ისინი იდიდებიან მათდამი მიძღვნილი განსაკუთრებული სტიქარონებით, რადგან სწორედ მოწამეებმა არჩიეს ქრისტე ყოველივე ამქვეყნიურს, თვით სიცოცხლესაც კი. ისინი იმდენად იხარებდნენ ქრისტეს მიერ, რომ სიკვდილის წინ ეგნატე ანტიოქიელთან ერთად მეეძლოთ თქმა: „ახლა ვიწყებთ სიცოცხლეს…“. ისინი ღმრთის სასუფევლის მოწამეები არიან, რადგანაც მხოლოდ იმას შესწევს ამგვარი თავგანწირვის ძალა, ვინც იხილა ეს სასუფეველი და იგემა მისი სიტკბო. დიდი მარხვის გზაზე მოწამეები ჩვენი თანამგზავრები და ჩვენი შთამაგონებლები არიან; დიდი მარხვაც ჩვენთვის სულის საღმრთო, ზეციური და მარადიული საწყისების აღდგენისათვის ბრძოლის ჟამია.
ორმოცი დღის განმავლობამი უფლის ჯვარი, მისი აღდგომა და პასექის ბრწყინვალე ნათელი დიდი მარხვის საგალობელთა მთავარი თემაა. იგი განუწყვეტლივ გვახსენებს, რომ, რაც უნდა ვიწრო და ძნელი იყოს გზა, მის ბოლოს ქრისტეს ტრაპეზი და მისი სასუფეველია. როგორც უკვე ვთქვი, საპასექო სიხარულის მოლოდინი და მისი წინასნარი შეგრძნება გასდევს მარხვის მთელს გზას და ჭეშმარიტ საზრისს ანიჭებს სამარხვო მოსაგრეობას.
„მარხვანი“ უცნობი, დავიწყებული წიგნია! ნეტა ვიცოდეთ, რომ მასში შეგვიძლია ვპოვოთ ხელახალი დაბადება; კვლავ აღმოვაჩინოთ არა მარტო დიდი მარხვის, არამედ მთელი მართლმადიდებლობის სულისკვეთება, ცხოვრების, სიკვდილისა და მარადისობის „საპასექო“ სახე.