6. ვიდრემდის იყოს ღჳნოჲ, ვიდრემდის იყოს ეგე მთრვალობაჲ, ჰოი უბადრუკო?
რამეთუ არა ხედავ-ა, რაჲ-ეგე მოიწევის შენ ზედა? რამეთუ მწჳრე იქმნები
კაცისა წილ, რომელი-ეგე ესრეთ ყოვლითურთ აღერიე ღჳნოსა და დაჰლპი მის თანა
მარადღე მთრვალობითა მაგით და ჰყარ ღჳნისაგან დამპლისა და არასურნელისა,
ვითარცა ჭურჭელი ხენეში. ამისთჳს გოდებს ესაია ესევითართა მათთჳს,
ვითარმედ: "ვაჲ არს მათდა, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ,
რომელნი დაჰყოფენ მწუხრამდე, რამეთუ ღჳნომან მან შეწუნეს იგინი, რამეთუ
ორძლითა და სტჳრებითა სუმენ ღვინოსა მას და საქმეთა უფლისათა არა მიხედვენ
და ქმნულსა ჴელთა მისთასა არა განიცდიან” (ეს. 5,11-12), ხოლო თაფლუჭად
ყოველსავე დათრობად შემძლებელსა ეწოდების ჰურიათა მიერ. აწ უკუე რომელნი
განთიად ხოლო სუმასა ეძიებენ და მთრვალობასა და თუ სადა იქმნებიან სუმანი
და ღჳნის მსყიდლობანი და ურთიერთას მიიყვანებენ ზოგებით სუმად და ყოველსავე
ზრუნვასა სულისასა ესევითართა საქმეთა ზედა წარაგებენ, ესევითართა მათთჳს
იგლოვს წინაჲსწარმეტყუელი. რამეთუ არა დაუტეობიეს მათ ერთიცა ჟამი თავისა
თჳსისადა ხილვად საკჳრველებათა ღმრთისათა და არა აქუს მოცალებაჲ თუალთა
მათთა ზეცად ახილვად და განცდად შუენიერებათა მათ მისთა და გულისხმისყოფად
ყოველთა მათ სიკეთეთა, რომელნი არიან დაბადებულთა შორის, რაჲთამცა ამათ
ყოველთა წესიერებისაგან გულისხმა-ყვეს შემოქმედი.
არამედ მეყსეულად შემოსლვასა დღისასა, ვითარცა განთენეს, შეამკობენ ადგილთა
მათ სუმისა მათისათა ძოლოებითა და თჳთოსახეობითა და მრავალფერითა
ეზოებითა. და ყოველი ღონისძიებაჲ მათი სასუმელთა მათ განმზადებასა ზედა
არს: და განჰმზადებენ საგრილობელთა და კათხებსა და ბარძიმებსა, ვითარცა
სავაჭროსა ზედა, ესრეთ განაწყობენ მათ, რაჲთა თითოსახეობაჲ იგი და
განყოფილებაჲ ჭურჭელთაჲ სიმაძღრესა მათგან წარიპარვიდეს და უმეტესსა
შემძლებელ იყვნეს სუმად. და კუალად სასუმელთა მათ სხუად და სხუად
შეცვალებაჲ ფრიადსა ჟამსა გარდაჰჴდიდეს სუმასა მას შინა. და ამას ყოველსა
ზედა იყვნიან ტრაპეზთმოძღუარნი და მწდეთუხუცესნი და მემარნეთმთავარნი, და
ესრეთ წესი უწესობასა მას შინა და განგებულებაჲ განუგებელსა მას საქმესა
შინა მოპოვებულ არს. რამეთუ ვითარცა მთავრობათა მათ სოფლისათა მსახურთა
მიერ მათთა აღორძნდების დიდებაჲ და პატივი, ეგრეთვე მთრვალობასა, ვითარცა
დედოფალსა ვისმე, მსახურებაჲ იგი გარე-მოადგინიან და საძაგელებლობასა მისსა
გარდამატებულად პატივისცემითა ჰფარვენ. და დაარქჳან თავსა მისსა გჳრგჳნი
და ყუავილნი და სულნელებათა და საკუმეველთა აკუმევდიან. და ესრეთ მრავალნი
იგი სახიობანი უმეტესსა დაყოვნებასა მისცემენ წარწყმედილთა მათ ბოროტსა მას
შინა.
მერმე, ვითარცა განგრძელდის სუმაჲ იგი, იწყიან ჴდომად, უმეტესობისათჳს
ცილობად და მოსწრაფებად, რომელთა უყუარნ ურთიერთას წარჴდომაჲ მთრვალობითა.
და სასყიდლის მიმცემელი მათისა მის მოსწრაფებისაჲ არნ ეშმაკი და სასყიდელი
ძლევისა მის - ცოდვაჲ. რამეთუ რომელმან უმეტესად მიიღის და შთაისხის
მუცლად ურწყული იგი ღჳნოჲ, მან მიიღის ძლევაჲ სხუათა ზედა.
ჭეშმარიტად, "დიდებაჲ მათი არს სირცხჳლსა შინა მათსა” (ფილიპ. 3,19),
რამეთუ აცილობენ ურთიერთას, ხოლო ავნებენ თავთა თჳსთა. რომელმან-მე
სიტყუამან შეუძლოს მიწთომად ბილწებასა მას საქმეთა მათთასა? ყოველივე
პირუტყუებითა სავსე არს, ყოველივე ბოროტებითა; ძლეულთა მათ სთრავნ, მძლენი
იგი მთრვალვე იყვნიან, მსახურნი ეცინოდიან. ჴელი დამჭირვად კათხებსა
მოუძლურებულ არნ, პირი არა მიიღებნ, მუცელი განსთქდებინ და ბოროტი იგი არა
დასცხრებინ. უბადრუკი იგი გუამი ბუნებითისა ძალისაგან დაჴსნილ არნ და
ყოვლით კერძო მიმოვარდებინ და უზომოსა მას ბოროტსა ვერ იტჳრთავნ.
7. ჰოი საქმე საწყალობელი წინაშე თუალსა ქრისტიანეთასა! რაჟამს-იგი კაცი
ჭაბუკი ჰასაკითა, ძლიერი გუამითა, მჴედრობისა წესთა შინა განშუენებული,
მითრევით მიიყვანებინ სახედ თჳსად, რამეთუ ვერ შემძლებელ არნ ზე დადგომად
და თჳსითა ფერჴთა სლვად. კაცი, რომელსა თანა-აცნ, რაჲთამცა საშინელ იყო
სახილველად მბრძოლთა, იქმნის მიზეზ სიცილისა ყრმათა, უბანთა შინა მავალთა,
თჳნიერ მახჳლისა მოწყლულ არნ, თჳნიერ მბრძოლისა მოკლულ არნ, თჳნიერ რკინისა
შებორკილებულ არნ. კაცი ჭურვილი, ყუავილსა მას შინა სიჭაბუკისასა მყოფი,
ღჳნისა მიერ ტყუე იქმნის და მზა არნ წინაშე მტერთა მოწევნად მის ზედა,
რაჲცა მათ ენების.
მთრვალობაჲ გონებისა დამაქცეველი არს, სულისა განმხრწნელი, სიბერე უჟამოჲ,
მიმსგავსებული მკუდართაჲ, მსგავსი კერპისაჲ. რამეთუ სხუაჲ რაჲ არიან
მთრვალნი, გარნა კერპ წარმართთა? პირ ათქს და ვერ იტყჳან, თუალ ასხენ და
არა ხედვენ, ყურ ასხენ და არა ესმის” (ფს. 113,13-14); ჴელნი დაჴსნილ
იყვნიან, ფერჴნი მომკუდარ იყვნიან.
ეჰა, ვინ-მე არს, რომელმან ესე ყოველი ბოროტი გჳყო ჩუენ? ვინ-მე არს ამათი
მიზეზი? ვინ-მე არს, რომელმან სიცოფისა ამის წამალი გჳწდია ჩუენ?
ჰოი კაცო, ბრძოლად შესცვალე-ა ხადილი იგი და სასუმური შენი? რამეთუ
განიყვანებენ მანდაჲთ ჭაბუკთა მათ ახოანთა ჴელპყრობით, ვითარცა წყლულთა
ბრძოლისაგან. მოაკუდინე სიმჴნე იგი სიჭაბუკისაჲ ღჳნისა მიერ: და მოუწოდ
მას, ვითარცა მოყუარესა, სერობად, ხოლო წარავლენ, ვითარცა მკუდარსა, რამეთუ
ღჳნისა მიერ ცხორებაჲ მისი დააქციი. რაჲ-მე ვთქუა ესევითართა მათთჳს?
რამეთუ რაჟამს საგონებელ არნ, ვითარმედ განძღეს ღჳნითა, მაშინღა იწყიან მათ
სუმად და სუმენ, ვითარცა პირუტყუნი, ვითარცა წყაროჲსაგან აღმომდინარისა,
რომელი შესწორებულად მსუმელთა მათ აღმოაცენებნ თუალთა.
რამეთუ რაჟამს-იგი განგრძელდის სუმაჲ მათი, შემოვიდის მათ შორის ჭაბუკი
ვინმე ახოვანი, მჴნე, რომელი ბეჭთა მიმოიცვალებნ და ჯერეთ არღადამთრვალ არნ
და მიეცის მას კათხაჲ დიდი, აღვსებული ღჳნითა განგრილებულითა და იწყის მან
სუმად და გულარძნილთა მათ შთასავალთა მიერ აღავსის მუცელი თჳსი
მთრვალობითა შესწორებულად სხუათა მათ, რაჲთა ესრეთ ზოგად იყოს საზომი იგი
უზომოებისაჲ მის, რაჲთა ესრეთ შემსგავსებულად ყოველთა ქმნან ბილწებაჲ იგი
და არა იყოს ერთიცა უმეტეს, გინა უდარეს სხუათასა მთრვალობითა. რამეთუ
განიყვნიან მახრუტები იგი დიდები და თითოეული სუამნ ვითარცა ტბისაგან
განუძღომელად, ვითარცა ზროხანი. ესეზომ ენების სუმაჲ, რაჲზომცა ეპოებინ.
უბადრუკო, შთაიხედენ-ღა საწყალობელსა მაგას მუცელსა შენსა, განიცადე სივრცე
ჭურჭლისაჲ მის, რომელსა შინა ეგეზომი იგი ღჳნოჲ შთავალს, ვითარმედ
მტკავლეული სივრცე არა აქუს. ნუ საღჳნეთა მათ ჭურჭელთა ხედავ, თუ ოდეს
დაილინენ, არამედ მუცელი შენი განიხილე, ვითარ-იგი ადრე აღვსებულ არს.
ამისთჳსცა "ვაჲ არს მათდა, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ
და არიან ვიდრე მწუხრადმდე”, რამეთუ არცა ერთი ჟამი აქუს მათ ხილვად
საქმეთა უფლისათა, ანუ განცდად ქმნულსა ჴელთა მისთასა. და ამისთჳს "ღჳნომან
მან შეწუნეს იგინი” (ეს. 5,11), რამეთუ მჴურვალებაჲ იგი, რომელი ღჳნისა
მიერ დაემკჳდროს ჴორცთა შინა, ნივთ ექმნების განჴურვებულთა მათ ისართა
მტერისათა. და გონებასა დაამდაბლებს და დააბნელებს ღჳნოჲ, ხოლო ვნებათა და
გულისთქუმათა აღაზრზენს და განამრავლებს. რამეთუ რომელი კიცჳ უმწყი რბის
ესრეთ უწესოდ და დასცემს ზედა მჯდომელსა მას, ანუ რომელი ნავი
ღელვაგუემული, რომელსა არა აქუნ მენავეთმოძღუარი, არცა მენავენი, არს ესრეთ
შეცთომილ, ვითარცა მთრვალი?
თავი 8
წინა <----- დასაწყისში ----->შემდეგი
8. ესევითართა ამათ ბოროტთა მიერ მამათა და დედათა ზოგად განაწყვნეს
მემღერნი და ეშმაკსა მას მთრვალობისასა მისცნეს სულნი მათნი და ესრეთ
ისრითა მით ვნებათაჲთა ურთიერთას ესროდეს. ორკერძოვე იყვნიან სიცილნი
უწესონი, სიმღერანი ბილწნი, სახენი მეძვობისანი, რომელნი მიუწოდდიან
შეგინებულობასა.
იცინი-ა შენ და იხარებ სიხარულითა მით ბოროტითა, რომელსა-ეგე თანაგედვა
ტირილი და სულთქუმაჲ ცოდვათა შენთათჳს? სიმღერათა იტყჳ-ა, სიძვისა
წინამძღუართა, ფსალმუნთა მათ წილ და გალობათა, რომელნი გისწავიან? ფერჴთა
იმღერებ-ა ხლდები და ჰბორგ და ჰროკავ უწესოდ, რომელსა-ეგე თანა-გედვა
მუჴლთმოდრეკით ვედრებაჲ უფლისაჲ?
ვიეთთჳს-მე ვიგლოვდე პირველად? ქალწულთა მათთჳს უქორწინებელთა, ანუ უღელსა
მას ქუეშე ქორწინებისასა მყოფთათჳს? რამეთუ იგინი მოიქცეს და არა აქუნდა
ქალწულებაჲ თჳსი, ხოლო ამათ - სიწმიდე იგი პირველი, დაღაცათუ ჴორცითა
დაცემასა რომელნიმე განერნეს, არამედ გონებით უეჭუელად შეიგინნეს.
ეგრეთვე მამათათჳს ვიტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ "რომელმან მიხედნეს დედაკაცსა
გულისთქუმით, მან იმრუშა” და ესრეთ დახუდომით უბნობაჲ ოდენ და მოგონებით
გულისთქუმაჲ ესრეთ მავნებელ არიან და ესევითარი საშჯელი აქუს, რაჲ-მე ყოფად
არს მათთჳს, რომელნი განზრახვით წარვიდოდინ ხილვად და განცდად ესევითართა
საქმეთა და მიხედვად დედათა, უშუერებისა მოქმედთა და მთრვალთა და
მსახიობელთა სახიობითა მით ბოროტითა და მეტყუელთა ავაჯთა მათ და კილოთა
სიძვისათა, რომელთა არა ხილვაჲ არამედ სმენაჲ ოდენ ჴმისაჲ კმა არს გულსა
მას ვნებულთასა შეგინებად? რაჲ სთქუათ თქუენ ამის ყოვლისათჳს, რომელნი
მიხუალთ ხილვად მათდა, ანუ ამღერებთ მათ წინაშე თქუენსა და ესევითართა მათ
ხილვათა მიერ ბევრეულსა სიმრავლესა ვნებათასა შეიკრებთ? ანუ არა საცნაურ
არსა, ვითარმედ განზრახვით მაგის საქმისათჳს მოსწრაფე ხართ და ესრეთ
თანამდებ იქმნეთ საშჯელსა მას მემრუშეთასა განჩინებისაებრ უფლისა?
ანუ ვითარ შეგიწყნარნეს თქუენ მარტჳლიამან, რომელთა-ეგე აღვსებაჲ ესრეთ
უჴმარ ჰყავთ? რამეთუ მარტჳლიასა საქმედ აქუს სულისა წმიდისა მოსლვაჲ
განცხადებული, ხოლო შენ წინაჲთვე უსწრობ და დაამკჳდრებ შენ შორის სულსა მას
არაწმიდასა და იქმნები ტაძარ კერპთა ტაძრად ყოფისა წილ ღმრთისა შენ თანა
დამკჳდრებითა სულისა წმიდისაჲთა. და მიიღებ წყევლასა მას
წინაჲსწარმეტყუელისასა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: "გარდავაქცინე
დღესასწაულნი მათნი გლოად” (ამოს. 8,10). ანუ ვითარ ხართ თქუენ უფალ მონათა
თქუენთა, რომელნი-ეგე ესრეთ მონაქმნულ ხართ გულისთქუმათადა? ანუ შვილთა
ვითარ ასწაოთ თქუენ, რომელთა ცხორებაჲ უსწავლელ არს და უწესო?
რაჲ-მე ვყო უკუე? ამათ სიტყუათა შინა დაგიტეო-ა? არამედ მეშინის, ნუუკუე
ურჩი იგი უძჳრეს იქმნას და ლმობიერი - სასოწარკუეთილ. არამედ გიჩუენო
თქუენ "წამალი, რომელსა ძალ-უც ცოდვათა დიდთა კურნებად” (ეკლეს. 10,4), ესე
იგი არს, მარხვამან განკურნენ მთრვალობაჲ თქუენი და ფსალმუნებამან -
შეგინებულნი იგი ჴმანი; ცრემლი იყავნ სიცილისა წამალ; როკვისა წილ მუჴლნი
მოიდრიკენით ღმრთისა მიმართ. ტყუელვისა წილ ჴელთაჲსა მკერდსა იცემდით;
სამკაულისა მის წილ სამოსელთაჲსა სიმდაბლე შეიმოსეთ. ამას ყოველსა ზედა
მოწყალებამან მოგიყიდენ თქუენ ცოდვისაგან, რამეთუ "საჴსარ კაცისა არს
სიმდიდრე თჳსი” (იგავ. 13,8), მოიმიზიდენ მრავალნი ჭირვეულნი ზიარებად
ლოცვისა, ნუუკუე და მოგეტეოს საქმე იგი ბოროტი. რამეთუ რაჟამს "დაჯდა ერი
იგი ჭამად და სუმად და აღდგეს მღერად” (ხოლო მღერაჲ მათი იყო
კერპთმსახურებაჲ), მაშინ ლევიტელთა შეჭურნეს ხელნი მათნი ძმათა ზედა მათთა
და ესრეთ სრულ იქმნეს მღდელობასა შინა. ეგრეთვე უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე
მოშიშნი ხართ ღმრთისანი, რომელნიცა აწ მწუხარე იქმნებით უშუერებასა მას
ზედა ბოროტთა მათ საქმეთასა, ამას გეტყჳ თქუენ, რაჲთა, უკუეთუ იხილნეთ
იგინი შენანებულ უკეთურებასა მას ზედა საქმეთა მათთასა, ლმობიერ ექმნნეთ
მათ, ვითარცა თჳსთა ასოთა მოუძლურებულთა. უკუეთუ კულა იხილნეთ
შეურაცხმყოფელად ჩუენისა ამის მათ და მიმართ შეწუხებისა, "განვედით შორის
მათსა და განეშორენით მათ და არაწმიდასა ნუ შეეხებით” (ეს. 52,11), რაჲთა
ესრეთ მათცა ჰრცხუენეს და მოვიდენ ცნობად თჳსისა ბოროტისა. ხოლო თქუენ
შურისა მის ფინეზის სასყიდელი მიიღოთ მართლმსაჯულობითა ღმრთისა და
მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე აწ
და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" ტ. VI, თბილისი, 2009 წ.
გამომცემლობა "ორთოდოქსი"