† წმიდა ბასილი დიდი

ჰომილიები ექვსი დღისათვის

ჰომილია I

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა (შესაქ. 1.1)

1. ვისაც სამყაროს დაბადებაზე თხრობა სურს, იგი ხილული საგნების წარმოშობაზე საუბრით უნდა დაიწყოს, კერძოდ, ზეცისა და მიწის შექმნის ისტორია უნდა გადმოსცეს, რადგანაც შექმნა, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, თავისით არ მომხდარა, არამედ მიზეზი ღმრთისაგან მიიღო.

რომელი სასმენელია ღირსი ნათქვამის სიდიადის მოსმენისა? ან როგორ უნდა იყოს სული მომზადებული ამგვარ დიდთა საქმეთა ყურადსაღებად? ხორციელ ვნებათაგან განწმენდილი, ცხოვრებისეულ საზრუნავთაგან დაუბნელებელი, შრომისმოყვარე, გამომეძიებელი და მიმომხედველი ყოველ მხარეს, საიდანაც კი ღმერთზე შესაფერისი წარმოდგენის შეძენა შეიძლება. მაგრამ ვიდრე ნათქვამის სიზუსტეს გამოვიძიებდეთ და ამ რამდენიმე სიტყვის უდიდეს მნიშვნელობას განვიხილავდეთ, გულისხმავყოთ, ვინ გვესაუბრება ჩვენ.

შეიძლება ჩვენი გონების უძლურების გამო აღმწერელის გულის სიღრმეს ვერ ჩავსწვდეთ. მაგრამ უკეთუ მთხრობელის სანდოობას მაინც გულისხმავყოფთ, მის ნათქვამსაც თავისთავად ვირწმუნებთ. ეს წიგნი მოსემ დაწერა, იმ მოსემ, ვის შესახებაც დამოწმებულია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძუძუს სწოვდა, მკვირცხლ იყო წინაშე უფლისა (შესაქ. 7.20); ვინც ფარაონის ასულმა იშვილა, მეფურად აღზარდა და ეგვიპტელი ბრძენნი მოძღვრებად და აღმზრდელებად დაუყენა, ვინც ქედმაღლობა უსაზღვრო ძალაუფლებისა მოიძულა და თვისტომთა სიმდაბლისაკენ მიიქცა: გამოირჩია თანა-ძჳრის-ხილვაჲ ერსა თანა ღმრთისასა, ვიდრეღა რაჲთა აქუნდეს საწუთროჲ იგი საშუებელი ცოდვისაჲ (ებრ. 11.25); ვინც, თვით ბუნებისგან ჰქონდა რა მინიჭებული სიყვარული სიმართლისა, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე ერის წინამძღოლობა მიენდობოდა, ბოროტების ბუნებრივი სიძულვილის გამო, როგორც ჩანს, თვით სიცოცხლის ფასადაც კი მზად იყო დაესაჯა უკეთურნი; ვინც, დევნილმა იმათგან, ვისაც კეთილი უყო, ეგვიპტელთა შფოთნი ხალისით დატოვა, ეთიოპიას მიაშურა და იქ სხვა საქმეთაგან სრულიად მოცლილი, მთელი ორმოცი წლის მანძილზე არსებულთა ჭვრეტას შეექცა; ვინც უკვე ოთხმოცი წლისამ იხილა ღმერთი, როგორც კაცს შეუძლია იხილოს იგი, ან უფრო სწორად, თვით ღმრთისავე დამოწმებით, როგორც მანამდე არავის უხილავს: უკუეთუ იყოს ვინმე თქუენგანი წინასწარმეტყველ უფლისა, ჩუენებით გამოვეცხადო მას და ძილსა შინა ვეტყოდი მას. ხოლო არა ვითარცა მოსეს, მსახურსა ჩემსა, რომელი ყოველსა სახლსა ჩემსა სარწმუნო არს. პირისპირ ვეტყოდი მას, ხილვით და არა იგავით (რიცხვ. 12.6-9).

ვინც, ანგელოზთა მსგავსად ღმრთის პირისპირ ხილვის ღირსი გახდა, იმას მოგვითხრობს, რაც ღმრთისაგან ესმა. მოვისმინოთ ჭეშმარიტების სიტყვები, რომელნიც არა რწმუნებით კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისაჲთა არიან თქმულნი (I კორ. 2.4-13) და მიზნად არა მსმენელთაგან შექება, არამედ იმათი გადარჩენა აქვთ, ვინც მათ შეისწავლის.

2. დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა (შესაქ. 1.1), საკვირველება აზრისა სიტყვას მიჩერებს. პირველად რა ვთქვა, განმარტება საიდან დავიწყო? წარმართების ამაოება ვამხილო თუ ჩვენი ჭეშმარიტება შევაქო?

ელინმა ფილოსოფოსებმა ბუნებაზე ბევრი იმსჯელეს, მაგრამ არცერთი მოძღვრება მტკიცე და ურყევი არ ყოფილა, რადგან წინა მოძღვრებას ყოველთვის მომდევნო ამხობდა. ამიტომაც, ჩვენ მათი მხილება აღარ გვჭირდება, ერთმანეთის დასამხობად თვითონაც საკმარისნი არიან. რომელთაც ღმერთი ვერ შეიცნეს, მათ ვერც სამყაროს დაბადების გონიერი მიზეზი გულისხმაყვეს და სხვა დასკვნებიც ერთმანეთის მიყოლებით ამ პირველი უგუნურების შესაბამისად გამოიტანეს. ამიტომაც ერთნი მატერიალური საფუძვლებისაკენ მიილტვოდნენ და ყოველივე არსებულის მიზეზად კოსმოსის სტიქიებს თვლიდნენ, სხვების წარმოდგენით კი ხილული საგნების ბუნებას განუყოფელი და დაუნაწევრებელი სხეულები, სიმძიმე და ფორმები ქმნიდნენ. რამდენადაც განუყოფელი სხეულები ხან ერთმანეთისაკენ მიისწრაფვიან, ხან კი ერთმანეთისაგან განიზიდებიან, ამდენად დაბადებაცა და დაღუპვაც თითქმის ამისდა შესაბამისად ხდება; ხოლო იმ სხეულების ხანგრძლივობის მიზეზი, რომელნიც სხვებზე დიდხანს არსებობენ, ატომების უმტკიცეს შეერთებაში მდგომარეობს.

ჭეშმარიტად ობობას ქსელს ქსოვენ ამის დამწერნი, რადგან ზეცას, მიწასა და ზღვას უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ ასე მცირესა და სუსტ საწყისებს უდებენ. მათ არ იცოდნენ და ვერ თქვეს: დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა. მათში დამკვიდრებულმა უღმერთობამ შეაცდინა ისინი და აფიქრებინა, რომ ყოველივე განმგებლობისა და წესრიგის გარეშე არსებობს და მოძრაობას შემთხვევით იწყებს. ჩვენც რომ იგივე არ დაგვემართოს, სამყაროს შესაქმის აღმწერი, ღმრთის სახელით, მყისვე გვინათებს გონებას პირველივე სიტყვებით, როცა გვეუბნება: დასაბამად ქმნა ღმერთმან.

რა მშვენიერი რიგია! პირველად დასაბამი მოიხსენია, რათა ვინმეს სამყარო დაუსაბამო არ ჰგონებოდა და შემდეგ დაუმატა ქმნა, რათა ეჩვენებინა, რომ ქმნილება შემოქმედის ძლიერების მხოლოდ უმცირეს ნაწილს წარმოადგენს. მსგავსად მექოთნისა, რომელიც თავისი ხელოვნებით მრავალ ჭურჭელს ქმნის, მაგრამ ამით არც ოსტატობა და არც ძალა აკლდება, ასევე ყოველთა შემოქმედსაც, რომელსაც მხოლოდ ერთ სამყაროსთან შესწორებული შემოქმედებითი ძალა როდი აქვს, არამედ ბევრწილად აღმატებული, ნების ერთი წამისყოფით მიანიჭა არსებობა ხილულთა სიდიადეს. უკეთუ სამყაროს დასაბამი აქვს და შექმნილია, გამოიძიე, ვინ მისცა დასაბამი და ვინ არის მისი შემოქმედი. უმჯობესი იქნება ვთქვათ, რომ მოსემ, რათა ყოველივე ეს შენ კაცობრივი მსჯელობებით არ გეკვლია და ჭეშმარიტებისაგან არ მიქცეულიყავი, თავისი მოძღვრებით დაგვასწრო და ჩვენს სულებზე, ვითარცა ბეჭედი და ზღუდე, ღმრთის ფრიად ძვირფასი სახელი აღბეჭდა და თქვა: დასაბამად ქმნა ღმერთმან. ამ ნეტარმა ბუნებამ, მოუკლებელმა სიკეთემ, ყველასათვის, ვისაც კი გონება მიეცა, საყვარელმა და ფრიადსასურველმა სახიერებამ, დაბადებულთა დასაბამმა, ცხოვრების წყარომ, გონიერმა ნათელმა და მიუწვდომელმა სიბრძნემ დასაბამად ქმნა ცაჲ და ქუეყანა.

3. ამიტომ, ადამიანო, ნუ წარმოიდგენ, რომ ხილულნი დაუსაბამონი არიან და იმის გამო, რომ ცაზე მოძრავი სხეულები წრეს წერენ, ხოლო წრის დასაბამი ჩვენი გრძნობის ორგანოებისათვის მიუწვდომელია, ნუ იფიქრებ, რომ წრიულად მოძრავი სხეულების ბუნება დაუსაბამოა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს შეგრძნებებს გაურბის და არც იმის პოვნა შეგვიძლია, თუ სად იწყება იგი და არც იმისა, თუ სად მთავრდება. დაუსაბამოდ არც ეს წერე, ანუ სიბრტყეზე ერთი ხაზით შემოწერილი გეომეტრიული ფიგურა, უნდა მივიჩნიოთ. მართალია, ჩვენს შეგრძნებებს გაურბის, მაგრამ სინამდვილეში, ვინც წრე ცენტრიდან გარკვეული მანძილით შემოწერა, მან იგი უეჭველად საიდანმე დაიწყო. ამგვარად შენც როცა დაინახავ, რომ სხეულები, რომლებიც წრიულად მოძრაობენ, თავისივე თავისკენ მიიქცევიან. მათი თანაბარი და განუწყვეტელი მოძრაობა იმ მცდარ აზრზე ნუ დაგაყენებს, თითქოს სამყარო დაუსაბამო და დაუსრულებელი იყოს: რამეთუ წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ (I კორ. 7.31) და ცანი და ქუეყანაჲ წარჴდეს (მთ. 24.35). სამყაროს დასასრულისა და ცვალებადობის შესახებ დოგმატების წინასწარ განცხადებას წარმოადგენს ისიც, რაც ახლა ჩვენ მოკლედ ღმრთივსულიერი მოძღვრების დასაწყისშივე გადმოგვეცა: დასაბამად ქმნა ღმერთმან. ის, რაც დასაბამს დროში იღებს, აუცილებლად დროშივე აღესრულება, ანუ, უკეთუ დასაბამი ჟამიერია, აღსასრულზეც ნუ დაეჭვდები. მაგრამ როგორ დასასრულთან მიგვიყვანს გეომეტრიული და არითმეტიკული მეთოდები, გამოკვლევები სამყაროთა შესახებ, ყბადაღებული ასტრონომია – ეს ფრიად საჯაფი ამაოება, თუკი მკვლევარნი, რომელნიც ამ საკითხებს სწავლობენ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ, მსგავსად ყოველთა შემოქმედი ღმერთისა, ეს ხილული სამყაროც დაუსაბამოა და ის, რაც გარეშემოწერილია და მატერიალური სხეულები აქვს, მიუწვდომელი და უხილავი ბუნების მსგავსად განადიდეს, იმის მოაზრება ვეღარ შეძლეს, რომ იქ, სადაც ნაწილები გახრწნასა და ცვალებადობას ემორჩილება, მთელიც ოდესმე უცილობლად თავისი ნაწილების მსგავსად შეიცვლის სახეს. მაგრამ ესოდენ ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი. იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს (რომ. 1.21-22), რომ ერთნი ღმერთთან ერთად ზეცის დაუსაბამო არსებობასაც ამტკიცებდნენ, ხოლო მეორენი მიიჩნევდნენ, რომ იგია თავად ღმერთი, დაუსაბამო, დაუსრულებელი და მიზეზი ნაწილთა კეთილმოწყობისა.

4. როცა იქნება, ამსოფლიური სიბრძნის გარდამეტებულობა, უეჭველია, მათ მძიმე სასჯელს მოუტანს, რადგან ამაოებათა ასე მახვილად მჭვრეტელნი ჭეშმარიტების გულისხმისყოფისათვის ნებით დაბრმავდნენ. მაგრამ მათ, რომელთაც ვარსკვლავთა სიხშირე გაზომეს, მარადის საჩინონი და ჩრდილოეთის ვარსკვლავები, აგრეთვე სამხრეთის პოლუსთან მდებარენი, იქ მყოფთათვის სახილველნი, ჩვენთვის კი – უცნობნი, აღწერეს, ჩრდილოეთის სივრცე და ზოდიაქოს წრე ათას ნაწილად დაყვეს, ვარსკვლავთა აღმოსვლა, დადგომა, გადახრა და თავდაპირველი ადგილისაკენ საერთო მოძრაობა გამოწვლილვით გამოიკვლიეს, აგრეთვე დროც, რომლის მანძილზეც თითოეული ცდომილთაგანი თავის სრბას (პერიოდს) აღასრულებს, დაადგინეს, - მხოლოდ ერთი ღონე, თავი ყოველთა ღონეთა, ვერ იპოვეს, რომლითაც ღმერთს, ყოველთა შემოქმედსა და სამართლიან მსაჯულს, ვინც ყველას საქმეთა მიხედვით ღირსეულად მიუზღავს, გულისხმაყოფდნენ; და ვერც სამსჯავროზე მოძღვრებიდან გამომდინარე აღსასრულის აზრი შეიცნეს, რადგან თუ სულები, როგორც ისინი ფიქრობენ, სხვაგვარ ცხოვრებაში გადასვლით მდგომარეობას შეიცვლიან, მაშინ სამყაროც უცილობლად უნდა შეიცვალოს. ისევე, როგორც ახლანდელი ცხოვრება ბუნებით ამ სამყაროს ენათესავება, ასევე ჩვენი სულების მომავალი არსებობაც მათი მდგომარეობის შესაფერისი უნდა იყოს. მაგრამ ისინი იმდენად დაშორებულნი არიან სიმართლეს, რომ ხმამაღალ სიცილს გვაყრიან, როცა ამ სამყაროს აღსასრულსა და კვალად საუკუნო განახლებაზე ვსაუბრობთ.

რამდენადაც დასაბამი, ბუნებრივია, წინ უსწრებს იმას, რაც მისგანაა, ვინც იმ საგნებზე მოგვითხრო, რომელთაც ყოფიერება დროში მიიღეს, აუცილებლობის მიხედვით ყველაზე წინ სიტყვები: დასაბამად ქმნა დააყენა.

5. როგორც ჩანს, ამ სამყაროზე ადრე იყო რაღაც, რომელიც ჩვენი გონებისათვის თუმცა მისაწვდომია, მაგრამ როგორც შეუფერებელი ახლად განსწავლულთა და გონებით ჩვილთათვის, გადმოცემაში შეტანილი მაინც არაა. სამყაროს დაბადებაზე ადრე იყო რაღაც ზეციური ძალებისათვის შესაფერისი მდგომარეობა: ზედროული, საუკუნო და სამარადისო. მასში ყოველთა შემოქმედმა და დამბადებელმა სრულყო ქმნილებანი: ნათელი, გონიერი, შესაფერისი უფლის მოყვარულთა ნეტარებისათვის, გონიერი და უხილავი არსებანი, ყოველმხრივ შემკობილნი და ჩვენს გონებაზე იმდენად აღმატებულნი, რომ მათთვის სახელების გამოგონებაც კი ვერ შევძელით. ისინი, როგორც ამას პავლე მოციქულიც გვასწავლის, უხილავი სამყაროს ყოფიერებას აღავსებენ: რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი (კოლ. 1.16), გინა თუ ანგელოზთა მჴედრობანი, გინა თუ მთავარანგელოზთა წესთმთავრობანი

ხოლო როცა უკვე არსებულისათვის ამ სამყაროს მიმატებაც საჭირო გახდა, რომელიც პირველ რიგში კაცთა სულისათვის სასწავლო-სააღმზრდელო ადგილს, ხოლო მერე საერთოდ ყოველთა, რაც შობასა და ხრწნას ემორჩილება, სამყოფელს წარმოადგენს, მაშინ წარმოიშვა სამყაროსა და მისთა მკვიდრთა, ცხოველთა და მცენარეთა შემსგავსებული მოძრაობა დროისა, რომელიც მარადის ჩქარობს, მიისწრაფვის და არასოდეს მდინარებას არ წყვეტს. დრო ხომ ასეთია: წარსული გაქრა, მომავალი ჯერ არ დამდგარა, ხოლო აწმყო, ჩვენს შეგრძნებას მანამდე გაურბის, ვიდრე მის შეცნობას მოვასწრებდეთ. ასეთია ბუნება დაბადებულისა, ის აუცილებლად ან იზრდება, ან იხრწნება, ასე რომ მყარი და მტკიცე არაფერი აქვს. ამიტომაც ცხოველთა და მცენარეთა სხეულებს, რომელნიც აუცილებლობით თითქოსდა რაღაც დინებასთან არიან შეერთებულნი და მოძრაობისას დაბადებისაკენ ან კიდევ გახრწნისაკენ მიისწრაფვიან, დროის ბუნებაში ჩაკეტვა შვენის, დროისა, რომელმაც ცვალებადი საგნების მონათესავე თვისებები შეიძინა.

აქედან გამომდინარე, მან, ვინც ჩვენ სამყაროს დაბადება სიბრძნით გვასწავლა, თავის სიტყვას ჯეროვნად დაამატა და თქვა: დასაბამად ქმნა, ანუ ამ დასაბამში, დასაბამში დროისა.

დასაბამად იქმნა სამყაროო – ამას იმის დასამოწმებლად კი არ ამბობს, რომ იგი ყოველთა დაბადებულთა უწინარეს დაიბადა, არამედ უხილავთა და გონებით განსაჭვრეტთა შემდეგ ამ ხილულთა და გრძნობისათვის მისაწვდომ საგანთა დასაბამზე გვესაუბრება. დასაბამად იწოდება პირველი მოძრაობაც, როგორც მაგალითად: დასაბამი გზისა კეთილისა – საქმე სიმართლისა (იგავ. 16.5), რადგანაც ნეტარი ცხოვრებისაკენ პირველ რიგში მართალ საქმეებს მივყავართ. დასაბამად იწოდება ასევე ისიც, საიდანაც რაიმე იწყება, მაგალითად: საძირკველი სახლისა და წყალქვეშა ნაწილი ხომალდისათვის. ამ აზრითაა ნათქვამი: დასაბამი სიბრძნისა – შიში უფლისა (იგავ. 1.7), რადგანაც ღმრთისმოშიშობა სრულყოფილების საყრდენი და საფუძველია. ასევე ხელოვნების ქმნილებათა დასაბამი ხელოვნებაა, მაგალითად, როგორც სიბრძნე ბესელიელისა დასაბამ იქმნა კარვის შემკობისა, ზნეობრივ საქციელთა დასაბამი ხშირად საქმეთა კეთილი ბოლოა. მაგალითად, მოწყალების დასაბამი ღმრთის კეთილმოწყალების მოპოვებაა, ხოლო ყოველი ქველმოქმედებისა – ჩვენთვის აღთქმული დასასრული.

6. რადგანაც დასაბამს ამდენი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება თუ არა მას ამ შემთხვევაში ყველა მნიშვნელობა მივუსადაგოთ? შენ შეგიძლია შეიტყო ჟამი, როცა სამყაროს შექმნა დაიწყო, თუ აწმყოდან წარსულში გააბიჯებ და ჯაფას გასწევ, რათა სამყაროს დაბადების პირველი დღე იპოვნო. ამგვარად იპოვნი ჟამს პირველი მოძრაობისა, შემდეგ შეიცნობ, რომ ცა და დედამიწა, როგორც რაღაც საფუძველი და საყრდენი, ყოველივეს ისე დაედო, ხოლო შემდეგ, რომ არის ხელოვანი სიტყვა, დასაბამი ხილულთა შემკობისა, როგორც შენ ამას თვითონ სიტყვა დასაბამი გაჩვენებს. შეიცნობ აგრეთვე, რომ ეს სოფელი არცა ფუჭად და არცა ამაოდ, არამედ რაღაც სასარგებლო დასასრულისა და არსებულთა დიდი საჭიროებისათვის შეიქმნა, თუკი იგი მართლაც გონიერი სულების დასამოძღვრი და ღმრთის შემეცნების მასწავლებელია და ხილულთა და გრძნობადთა მეშვეობით გონებას უხილავთა ჭვრეტისათვის ხელმძღვანელობს, როგორც მოციქული ამბობს: რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთა ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების (რომ. 1.20). ან იქნებ, რადგან შესაქმე წამიერია და უჟამო, იმიტომაც ითქვა: დასაბამად ქმნა. იგი ხომ შეუდგენელია და გაუგრძელებელი. ისევე, როგორც დასაწყისი გზისა ჯერ კიდევ არაა გზა, ხოლო დასაწყისი სახლისა – თვითონ სახლი, ასევე დასაბამი დროისა არათუ თვითონ დრო, არამედ თვით მისი უმცირესი ნაწილიც კი არაა. უკეთუ ვინმე კამათის მოყვარული დასაწყისს დროს უწოდებს, დაე იცოდეს, რომ ამით მას დროის ნაწილებად ჰყოფს, რომლებიც შემდეგია: დასაწყისი, შუა და დასასრული, მაგრამ დასაწყისის მოგონება დასაბამისათვის ფრიად სასაცილოა. ვინც დასაწყისს ორად ჰყოფს, ერთის ნაცვლად ორ დასაწყისს ან უფრო სწორად, მრავალსა და ურიცხვ დასაწყისს იღებს, რადგანაც ყოველთა ცალკეული ნაწილის ახალ ნაწილებად დაყოფა დაუსრულებლად შეიძლება. ამგვარად, რათა ჩვენ ერთად მოვიაზროთ ის, რომ სამყარო ღმრთის ნებით უჟამოდ შეიქმნა, ნათქვამია: დასაბამად ქმნა. ზოგიერთმა მთარგმნელმა აზრი უფრო ცხადად გადმოსცა და თქვა: “ერთად დაჰბადა ღმერთმან”, ე.ი. მსწრაფლ და მყის.

7. ხელოვნებათაგან ზოგი შემქმნელად იწოდება, ზოგი მოქმედად და ზოგიც კიდევ მჭვრეტელობითად. მჭვრეტლობითი ხელოვნების ბოლო თვითონ გონების მოქმედებაა, მოქმედ ხელოვნებათა – სხეულის მოძრაობა, რომლის შეწყვეტის შემდეგაც უკვე აღარაფერი აღარ არის და მაყურებელთათვისაც აღარაფერი აღარ რჩება. ასე მაგალითად, ცეკვასა და სალამურზე დაკვრისას მოქმედება მოქმედებასავე შინა მთავრდება, ხოლო შემქმნელ ხელოვნებათა საქმენი მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც საჩინონია, როგორც მაგალითად, კალატოზთა, დურგალთა, მჭედელთა, მქსოველთა და სხვათა ამგვართა. თუმცა ამ დროს ხელოვანნი მათთან აღარ არიან, მაგრამ თავად საქმენი ავტორთა შემოქმედებით ნიჭს საკმარისად წარმოაჩენენ და კალატოზი, მჭედელი თუ მქსოველი, თავ-თავიანთი ქმნილებებით შენს გაოცებას იწვევენ. ამიტომ რათა ეჩვენებინა, რომ სამყარო მხატვრული ქმნილებაა, რომლის ჭვრეტაც ყველას შეუძლია და რომლის მეშვეობითაც შემოქმედის სიბრძნეც შეიცნობა, მის შესახებ ბრძენმა მოსემ სხვა რამ სიტყვა კი არ გამოიყენა, არამედ თქვა: დასაბამად ქმნა, არა გააკეთა, არა აღმართა, არამედ ქმნა.

რამდენადაც მრავალნი იმათგან, რომელთა წარმოდგენითაც სამყაროც ღმერთთან ერთად მარადიულად თანაარსებობს, ფიქრობენ, რომ იგი ღმრთისაგან კი არ შეიქმნა, არამედ ვითარცა ანარეკლი მისი ძლიერებისა, თავისით წარმოიშვა, და აქედან გამომდიანრე, თუმცაღა მის მიზეზად ღმერთს აღაირებენ, მაგრამ უნებლიე მიზეზად, როგორც მაგალითად, ჩრდილის მიზეზი სხეულია, ხოლო ბრწყინვალებისა – ნათელი, ამიტომაც წინასწარმეტყველმა ეს ცრუ აზრი გაასწორა, და გამოიყენა რა განსაკუთრებით ზუსტი სიტყვა, თქვა: დასაბამად ქმნა ღმერთმან. ე.ი. ღმერთი არა მხოლოდ მიზეზია ყოფიერებისა, არამედ მან შექმნა კიდეც იგი ვითარცა სახიერმა – სასარგებლო, ბრძენმა – უმშვენიერესი და ძლიერმა – უდიდესი. წინასწარმეტყველმა გიჩვენა შენ ყოველთა ბუნებაზე აღმატებული ხელოვანი მისი, ვინც ცალკეული ნაწილები ერთმანეთთან შეაერთა და თავისი თავის შესაფერისი, შეთანხმებული და ჰარმონიული მთელი შექმნა.

დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა. მიანიჭა რა უხუცესი დაბადება, ხოლო დედამიწაზე თქვა რა, რომ იგი არსით მეორეა, სამყაროს არსი ორი უკიდურესობით ცხადყო. უეჭველია, რომ ყოველივე, რაც მათ შორისაა, ამ საზღვრებთან ერთად დაიბადა. თუმცა ცეცხლის, წყლისა და ჰაერის სტიქიებზე არაფერია ნათქვამი, შენ შენი გონებით მოიაზრე, რომ პირველ რიგში ყოველივე ყოველივეშია აღრეული და რომ მიწაში წყალსაც იპოვი, ჰაერსაც და ცეცხლსაც; ცეცხლი ქვისგანაც ჩნდება და რკინისგანაც, რომელიც მიწისგან იბადება და რომელთა ერთმანეთზე დაკვესებით უშრეტი ცეცხლი გამობრწყინდება. გაკვირვების ღირსია, როგორც იფარება სხეულებში უვნებლად ცეცხლი, მაშინ, როცა, როგორც კი გარეთ გამოიხმობა, მყისვე ანადგურებს იმ სხეულებს, რომელნიც მანამდე ინახავდნენ. იმას, რომ წყლის ბუნება მიწაშიცაა, ჭის მთხრელნი გვიჩვენებენ, ხოლო მასში ჰაერის ბუნების არსებობას მოწმობს ორთქლი, რომელიც ნესტიანი მიწიდან მზის სიმხურვალის წყალობით ამოდის. შემდეგ: რადგანაც ბუნებით ზეცას მაღალი ადგილი უპყრია, დედამიწას კი – უდაბლესი, რის გამოც მსუბუქნი ზეცისაკენ აღმაღლდებიან, ხოლო მძიმენი მიწისაკენ მიდრკებიან, ამასთან, ზე და ქვე ერთმანეთის წინააღმდგომნი არიან, ვინც ბუნებით ერთმანეთისგან ასე ფრიად დაშორებულნი მოიხსენა, რა თქმა უნდა, მათ შორის აღმავსებელნიც იგულისხმა, ამიტომ თითოეულ სტიქიაზე თხრობას ნუკი ეძებ, არამედ ის რაზეც დუმან, განცხადებულით მოიაზრე.

8. დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა. არსებულთაგან თითოეულის არსის გამოკვლევას, რომელნიც ან ჩვენი გონებით განიჭვრიტებიან, ან კიდევ ჩვენს შეგძნებებს ემორჩილებიან, გრძელი და ფრიად სიტყვამრავალი თხრობისაკენ მივყავართ; და თუ ამ პრობლემის განხილვას მოვისურვებთ, უფრო მეტი სიტყვა დაგვეხარჯება, ვიდრე სხვა დანარჩენ საკვლევ საკითხთაგან თითოეულზე მსჯელობას დასჭირდებოდა. გარდა ამისა, ამგვარი საგნებისათვის მოცლა ვერც ეკლესიის დარიგებას გაუწევს რაიმე სამსახურს. არამედ ზეცის არსზე ესაიასაგან თქმული ვიკმაროთ, რომელმაც მის ბუნებაზე ჩვენთვის საკმარისი წარმოდგენა მარტივი სიტყვებით მოგვცა, როცა თქვა: ცაჲ ვითარცა კუამლი დაემყარა (ეს. 5.6), ანუ ნივთიერება, რომლისგანაც ცაა აგებული, ბუნებით თხელი, არამყარი და არა უხეშია. ასევე საკმარისია ჩვენთვის ის, რაც ესაიამ ღმრთის დიდებისმეტყველებისას მის ფორმაზე თქვა: რომელმან გარდაართხა ცაჲ ვითარცა კამარაჲ (ეს. 49.22).

მსგავსად შეიძლება ვიმსჯელოთ დედამიწის შესახებაც; ზედმეტი ცნობისმოყვარეობა მისი არსის მიმართ, კერძოდ, თუ რა არის იგი, არ გამოვიჩინოთ, გონებას მისი საფუძვლის გამოკვლევისათვის ძალა არ დავატანოთ და არ მოვძებნოთ რაგვარობას მოკლებული რაღაც ბუნება, რომელიც თავისთავად აღებული უთვისებო იქნება, არამედ კარგად გვახსოვდეს, რომ დედამიწის ყველა თვისება, რომელსაც კი ვხედავთ, მისი არსის დამამტკიცებლად და აღმავსებლად შეიქმნა. მცდელობა იმისა, რომ დედამიწისაგან ყოველი მისი თვისება გამოაცალკევო, არავითარ შედეგამდე არ მიგიყვანს; თუ მას სიშავეს, სიცივეს, სიმძიმეს, სიმტკიცესა და იმ თვისებებს, რომელნიც გემოთი იხილვებიან, ან კიდევ რაღაც სხვებს, რომელთაც მასში ვხედავთ, მოვაკლებთ, საფუძვლად აღარაფერი დაგვრჩება.

ამიტომაც გირჩევ, დათმობ რა ყოველივე ამას, ნურც იმას გამოიძიებ, რაზე დგას იგი. ამგვარი ძიებისას თავბრუ დაგეხვევა, რადგან გონება უეჭველად ზღვარს ვერ იპოვნის. თუკი იტყვი, რომ სივრცეს მიწისას საფუძვლად ჰაერი უდევს, გაგაოცებს – ლბილი, თხელი და ფრიად მსუბუქი ბუნება როგორ იდებს თავს ესოდენი სიმძიმე იტვირთოს, მისი დაწოლისაგან თავის დასაღწევად ყოველ მხარეს არ განიბნინოს და მარადის მისი შემვიწროვებლის ზევით არ ამოიღვაროს.

და კიდევ: უკეთუ დედამიწის ქვეშ წყალს წარმოიდგენ, ასევე უნდა იკითხო, როგორ არ იძირება წყალში სიმძიმე და სიმყარე და როგორ შეუძლია უუძლურეს ბუნებას მასზე სიმძიმით აგრერიგად აღმატებული იტვირთოს; უფრო მეტიც, წყლის საყრდენიც უნდა გამოიძიო და კვლავ საგონებელში ჩავარდნილმა იკითხო, რა სიმტკიცეზე ან სიმყარეზე დგას მისი ფსკერი.

9. თუ წარმოიდგენ, რომ დედამიწას მასზე უფრო მძიმე რომელიღაცა სხვა სხეული უშლის ხელს ქვემოთ დაქანებაში, მის შესახებაც ასევე უნდა განსაჯო, რადგან მასაც დასჭირდება რაღაც მტკიცე საყრდენი, რათა არ ჩავარდეს: კიდევაც რომ შევძლოთ და მისთვის რაიმე საყრდენი მოვიფიქროთ, ჩვენმა გონებამ მისთვისაც იგივე უნდა მოიძიოს და ასე ჩავვარდებით დაუსრულებელ ძიებაში, რადგან ყოველი ახლად ნაპოვნი საყრდენისათვის კვლავ ახლის მოფიქრება დაგვჭირდება. და რაც უფრო შორს წავალთ ამ გზაზე გონებით, მით უფრო იძულებულნი გავხდებით მოვიფიქროთ დიდი საყრდენი ძალა, რომელსაც შეეძლება ყოველივე ერთად აღებული, რაც აწევს, დაიჭიროს.

ამიტომ გონებას შენსას საზღვარი დაუდევი, რათა შენი ცნობისმოყვარეობისათვის, რომლის გამოც მიუწვდომელის გამოკვლევას ცდილობ, იობის სიტყვა შენც არ შეგეხოს და შენთვისაც არ აღმოჩნდეს დასმული მისი კითხვა: ანუ რასა ზედა კარშიკნი მისნი დამსჭუალულ არიან? (იობ. 38.6). და თუ ოდესმე ფსალმუნში მოისმენ: მე დავამტკიცენ სუეტნი მისნი (ფს. 74.4), გულისხმაჰყავ, რომ სვეტებად ის ძალა იწოდება, რომელიც დედამიწას იჭერს. რადგან სიტყვები ზღვათა ზედა დააფუძნა იგი (ფს. 23.2), რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ დედამიწა ირგვლივ წყლის ბუნებითაა გარემოცული; როგორ ხდება, რომ მდინარე წყალი, რომელიც ფერდობზე ჩვეულებრივ ქვემოთ მიექანება, დაკიდებული რჩება და არსად არ ჩაედინება? ხოლო შენ იმასაც კი არ განსჯი, რომ გონებას იმავე ან კიდევ უფრო დიდ სიძნელეს თვითონ დედამიწა უქმნის, რომელიც, თუმცა, კიდევ უფრო მძიმეა ბუნებით, თავისთავზეა დაკიდებული; მაგრამ მიუხედავად იმისა, რას ვიტყვით, იმას, რომ დედამიწა თავისთავზე დაკიდებული, თუ იმას, რომ იგი წყალს ეყრდნობა, საჭიროა ღმრთის სათნო მსჯელობას არ დავცილდეთ და ვაღიაროთ, რომ ყოველივეს ერთად აღებულს შემოქმედის ძალა იჭერს. ამიტომ საკუთარ თავსაც და იმათაც, რომელნიც შეგვეკითხებიან, რას ეყრდნობა ეს უზარმაზარი და აუწონავი სიმძიმე მიწისა, უნდა ვუპასუხოთ: ჴელსა შინა ღმრთისას არიან კიდენი ქუეყანისანი (ფს. 94.4). ეს აზრი ჩვენთვისაც ყველაზე უსაფრთხოა და მსმენელთათვისაც ყველაზე სასარგებლო.

10.
ბუნების ზოგიერთი მკვლევარის მახვილგონივრული მტკიცებით, დედამიწა უძრავია უკვე შემდეგი მიზეზითაც: რამდენადაც მას სამყაროში შუა ადგილი უჭირავს და კიდეებიდან ყოველმხრივ თანაბრადაა დაშორებული, ამდენად არც რაიმე მიზეზი აქვს, რომ რომელიმე მხარეს უფრო მეტად მიდრკეს. რჩება რა იგი იძულებით თავის მდგომარეობაში, რაიმესაკენ მის მოძრაობას ირგვლივ არსებული ეს თანაბრობა შეუძლებელს ხდის. შუა ადგილი დედამიწას არც ხვედრით რგებია და არც შემთხვევითობით, არამედ იგი მის ბუნებრივსა და აუცილებელ მდგომარეობას წარმოადგენს, ისინი ამბობენ, რომ რადგანაც ზეცის სხეულს უკიდურესად მაღალი ადგილი უჭირავს, ყველა სიმძიმე, რომელიც კი შეიძლება ზესკნელიდან ჩამოვარდეს, ყოველი მხრიდან შუა ადგილისაკენ უნდა მიისწრაფვოდეს, ხოლო საითაც ნაწილები მიისწრაფვიან, ცხადია, რომ მთელიც იქ შეიკრიბება (მიიზიდება). თუ ქვები, ხეები და საერთოდ ყოველივე, რაც მიწისაგანაა, ქვემოთ მიისწრაფვის, მაშინ ეს მდგომარეობა დამახასიათებელი და შესაფერისი იქნება დედამიწისთვისაც; ხოლო უკეთუ, რაიმე მსუბუქთაგანი შუა ადგილიდან დაიძვრება, ცხადია, რომ იგი ზეცისაკენ წარემართება. ამიტომაც ქვემოთ სწრაფვა მძიმე სხეულისთვისაა დამახასიათებელი, სიტყვა “ქვემოთ” კი მსჯელობით “შუად” წარმოჩნდება. ამდენად ნუ გიკვირს, რომ უჭირავს რა მისთვის ბუნებრივი შუა ადგილი, დედამიწა არსად არ ვარდება, რადგან აუცილებლობით იგი ან თავის ადგილას უნდა დარჩეს, ან კიდევ თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ ამოძრავდეს და საკუთარი საფუძვლიდან მოწყდეს. თუკი იქედან, რაც აქამდე ვთქვით, რაიმე დამაჯერებელი მოგეჩვენება, შენი გაოცება ღმრთის სიბრძნისაკენ წარმართე, ვინც ყოველივე ასე მოაწყო, რადგანაც გაოცება დიდთა საქმეთა წინაშე, იმ საშუალების პოვნით, რომლითაც რაღაც უჩვეულო წარმოიშვა, არ მცირდება, ხოლო თუ ვერ იპოვნი, გონების საბუთებზე უფრო მტკიცე რწმენის უბრალოება უნდა იყოს.

11. იმავეს ვიტყვით ზეცის შესახებაც, რადგან ამა სოფლის ბრძენთა მრავალფეროვანი მსჯელობანი მის ბუნებაზეც შემოგვთავაზეს. ზოგი ამბობდა, რომ ვითარცა შესახებელი და ხილული, იგი ოთხი სტიქიონისგანაა შედგენილი, რადგან მიწას სიმყარით ეზიარება, ცეცხლს – სახილველობით, ხოლო დანარჩენებს იმით, რომ ნაზავია. სხვები ამ შეხედულებას, როგორც დაუჯერებელს, უარყოფენ და ზეცის აგებულებაში რაღაც მეხუთე სხეულებრივი ბუნება შემოაქვთ, რომელიც თვითნებურად თვითონვე გამოიგონეს. ეს რაღაც მათთან ეთერული ნივთიერებაა, რომელიც, როგორც ამბობენ, არც ცეცხლია, არც ჰაერი, არც მიწა, არც წყალი და არც საერთოდ რაიმე მარტივთაგანი, რადგან მარტივთათვის პირდაპირი მოძრაობაა დამახასიათებელი. მსუბუქნი აღმართ, ხოლო მძიმენი დაღმართ მიისწრაფვიან. ეს სხეული არც ზევითკენ მოძრაობს და არც ქვევითკენ, არამედ წრიულად ბრუნავს, სწორხაზოვანი მოძრაობა კი საერთოდ ფრიად განსხვავდევა წრიული ბრუნვისაგან. სხეულები, რომელნიც ერთმანეთისაგან ბუნებრივი მოძრაობით განსხვავდებიან, მათი მსჯელობით, აუცილებლად უნდა განსხვავდებოდნენ არსითაც. ჩვენ არც იმის ვარაუდი გვმართებს, რომ ზეცა იმ მარტივი სხეულებისგანაა აგებული, რომელთაც ჩვენ სტიქიებს ვუწოდებთ. სხვადასხვა სხეულისაგან აგებულს არ შეუძლია ჰქონდეს თანაბარი და თავისუფალი მოძრაობა, რადგან რთულში შემავალ ყოველ მარტივ სხეულს ბუნებით სხვადასხვა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სწრაფვა აქვს. ამიტომაც, ჯერ ერთი, რთულ სხეულებს განუწყვეტელი მოძრაობა უჭირთ, რადგან ერთ რომელიმე მოძრაობას არ შეუძლია თანაზომიერი და მეგობრული იყოს სხვა საწინააღმდეგო მოძრაობებისა; პირიქით, მსუბუქისთვის შესაფერისი მოძრაობა მტრულია ყველაზე მძიმე სხეულის მოძრაობისა. რაჟამს ზეაღმართ მივისწრაფვით, გვამძიმებს ის, რაც ჩვენში მიწისაგანია, ხოლო როცა დაღმართ მივექანებით, ცეცხლისაგან ვაიძულებთ თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ ქვევითკენ იმოძრაოს. ასე რომ, რღვევის მიზეზს სტიქიათა სხვადასხვა მხარეს სწრაფვა წარმოადგენს; რადგან ის, რაც იძულებითია და ბუნების საწინააღმდეგო, მხოლოდ მცირე ხნით შეიძლება იქნეს შენარჩუნებული, ისიც ძალით და გაჭირვებით, ხოლო შემდეგ მყის იშლება შემადგენელ ნაწილებად, დაუბრუნდება რა თავის ადგილს შეერთებულთაგან ყოველი.

აუცილებლობით გამოტანილმა ამ დასკვნამ, როგორც ამბობენ, ადრინდელი შეხედულებანი უნდა უარყონ და თავიანთი ვარაუდი წარმოადგინონ იმათ, რომელთაც ზეცისა და ვარსკვლავების წარმოშობას საფუძვლად მეხუთე სხეულებრივი ბუნება დაუდეს. მაგრამ აღდგება რა მათ წინააღმდეგ დამაჯერებელ სიტყვაში დახელოვნებულთაგან ვინმე სხვა, ამას ყოველივეს დაშლის და დაარღვევს და მის ნაცვლად თავის შეხედულებას შემოიტანს. თუ ჩვენც ახლა ამდაგვარ ვარაუდებზე დავიწყებთ საუბარს, მათივე მსგავსი მოლაყბენი აღმოვჩნდებით.

ვაცალოთ, რომ მათ ერთმანეთი დაამხონ, ხოლო ჩვენ არსზე მსჯელობას ნუკი გავმართავთ, არამედ დავუჯეროთ მოსეს, რომ ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა და ვადიდოთ უდიდესი ხელოვანი, ვინც სამყარო სიბრძნითა და ოსტატობით შექმნა; ხილულთა სილამაზიდან გულისხმავყოთ ის, ვინც სილამაზით ყველას აღემატება და ამ შეგრძნებადი და გარეშემოწერილი სხეულების სიდიადით დაუსრულებელი, ყოველგვარ სიდიადესა და თავისი ძალის მრავალფეროვნებით ყოველგვარ გონებაზე აღმატებული მოვიაზროთ.

თუმცა დაბადებულთა ბუნება არ ვიცით, მაგრამ ისიც კი, რაც ჩვენი შეგრძნებებით განიცდება, იმდენად გასაოცარია, რომ თვით ყველაზე ბრძენი გონებაც უძლურია სამყაროს თუნდაც უმცირესი ნაწილი ისე განმარტოს, როგორც საჭიროა და ღირსეული ქება შესწიროს დამბადებელს, რომლისა არს ყოველი დიდება, პატივი და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

ჰომილია II

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ხოლო ქუეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ

1. შევჩერდით რა ცისკრისას რამდენიმე სიტყვაზე, მათში გონების ისეთი დაფარული სიღრმე ვიპოვეთ, რომ მომდევნოთათვის სასო სრულიად წარგვეკვეთა. უკეთუ ბჭენი სიწმინდისა და ტაძრის შესასვლელი ასე მშვენიერი და დიდებულია და ჩვენი გონების თვალს ასე აღმატებული სილამაზით განაბრწყინვებს, წმინდათა წმინდა როგორიღა იქნება? ვის შეუძლია შეჰბედოს საკურთხეველს? და გამოუთქმელს მზერას ვინ გაუსწორებს? ამ საიდუმლოებათა ჭვრეტა მიუწვდომელია, ხოლო გონების მიერ დანახულის განმარტება – ყოვლად შეუძლებელი.

ამასთან, რამდენადაც სამართლიანი მსაჯულის მიერ ღირსეული საზღაურია დადგენილი და მხოლოდ განზრახვისთვისაც კი აღსრულდება რაც საჭიროა, გამოძიებას ნუღარ გადავდებთ. თუმცაღა ღირსებისაგან ნაკლულევანნი ვართ, მაგრამ უკეთუ სულიწმიდის შემწეობით წმინდა წერილის სწავლებისაგან არ მივდრკებით, სრულიად უსარგებლონი არც ჩვენ ვიქნებით და მადლის თანაშეწევნით ღმრთის ეკლესიის აღშენებას ჩვენც რაიმეთი ხელს შევუწყობთ.

ნათქვამია: ხოლო ქუეყანა იყო უხილავ და განუმზადებელ. რადგან ორივე, ცაც და ქვეყანაც ერთანაირი პატივით შეიქმნა, რატომღაა ზეცა სრულყოფილი, ხოლო დედამიწა ჯერ კიდევ დაუსრულებელი და ბოლოს ჩამოუყალიბებელი? და საერთოდაც, რას ნიშნავს განუმზადებლობა დედამიწისა და რა იყო მიზეზი მისი უხილავობისა? საბოლოოდ განმზადება დედამიწისა მისგან წარმომავალთა სიუხვეს ნიშნავს: აღმოცენებას მრავალფეროვანთა მცენარეთა, წარმოჩენას მაღალ ხეთა-ნაყოფიერთა და უნაყოფოთა, ფერადოვნებას და კეთილსურნელებას ყვავილთა და ყოველივეს, რაც მცირე ხანში დედამიწიდან ღმრთის ბრძანებით მშობლის შესამკობად უნდა ამოზრდილიყო; და რადგანაც ყოველივე ეს ჯერ კიდევ არ არსებობდა, წმინდა წერილმა სამართლიანად უწოდა მას “განუზმადებელი”. იგივე შეიძლება ითქვას ზეცის შესახებაც, არც იგი იყო სრულქმნილი და არც მას ჰქონდა მიღებული საკუთარი სამკაული; არცა მთავარე და არც მზე არ ანათებდა და არც ვარსკვლავთა დასი ედგა გვირგვინად, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ შექმნილნი. მაგრამ ჭეშმარიტების წინაშე არ შესცდე და განუზმადებელი ცასაც არ უწოდო. დედამიწას უხილავი ორი მიზეზით ეწოდა: ან იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ იყო ადამიანი, რომელიც იხილავდა, ან კიდევ იმიტომ, რომ მისი ზედაპირი დამდგარი წყლით იყო დაფარული, რის გამოც მისი ხილვა არ შეიძლებოდა. წყალნი ხომ ჯერ კიდევ არ იყვნენ შეკრებილნი თავიანთ შესაკრებელსა შინა, როგორც შემდეგში შეკრიბა ისინი ღმერთმა და ზღვები უწოდა.

ხოლო უხილავი რაღაა? როგორც ის, რაც ხორციელი თვალებით არ იხილვება, მაგალითად ჩვენი გონება, ასევე ისიც, რაც ბუნებით სახილველია, მაგრამ მასზე მდებარე სხეული ფარავს, როგორც მაგალითად სიღრმეში რკინა. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში დედამიწა, რომელსაც წყალი ფარავდა, უხილავად სწორედ ამ მიზეზით იწოდება. გარდა ამისა, რადგან ჯერ არც ნათელი იყო შექმნილი, არაფერია გასაოცარი იმაში, რომ დედამიწას, რომელიც მის ზემოთ გაუნათებელი ჰაერის გამო სიბნელეში იწვა, წმინდა წერილი უხილავს ამ მიზეზითაც უწოდებდეს.

2. ჭეშმარიტების გამყალბებელნი, რომელთაც თავიანთი გონება წმინდა წერილის მიმდევრობით კი არ განსწავლეს, არამედ მის წიგნთა აზრი საკუთარი ნებისამებრ მოატრიალეს, ამბობენ, რომ ამ სიტყვებით მატერია აღინიშნება; რადგანაც, როგორც ისინი მსჯელობენ, სწორედ მატერიაა ბუნებით უხილავი და განუზმადებელი, თავისთავად უთვისებო და ყოველგვარ სახესა და ფორმას მოკლებული; აიღო რა იგი ხელოვანმა, თავისი სიბრძნით გამოხატა, წესრიგში მოიყვანა და ასე მიანიჭა მის მიერ არსებობა ხილულებს. ამგვარად, უკეთუ მატერია შეუქმნელია, მაშინ როგორც ღირსი იმავე უპირატესობისა (რაც ღმერთს აქვს), იგი პატივით ღმრთის თანასწორი ყოფილა. იმაზე უფრო დიდი მკრეხელობა რაღა უნდა იყოს, ვიდრე ის, რომ ეს უთვისებო, უსახო, უკიდურესი სიმახინჯე და უფრომო სისაძაგლე (თვითონ მათივე გამოთქმა რომ ვიხმაროთ), ბრძენი, ძლიერი, ყოვლადმშვენიერი შემოქმედისა და ყოველთა დამბადებლის პატივის ღირსად ვაქციოთ? შემდეგ: უკეთუ მატერია ესოდენია, რომ ღმრთის მთელი ცოდნის მიღება შეუძლია, მაშინ ამ გზით ისინი მატერიის არსს რამდენადმე ღმრთის ძლიერებას უთანასწორებენ, რაკი სრულიად საკმარისი ყოფილა იმისათვის, რომ ღმრთის მთელი გონება მისით განიზმოს; ხოლო თუ მატერია ღმრთის მოქმედებისთვის მცირეა, ამ შემთხვევაში მათი სწავლება კიდევ უფრო უაზრო ავყიაობად იქცევა, რადგან მატერიის ნაკლებობით ღმერთს ისინი უმოქმედოდ დარჩენასა და თავისი საქმეების აღუსრულებლობას აიძულებენ, მაგრამ ისინი კაცობრივი ბუნების სიმწირემ შეაცდინა.

რამდენადაც ჩვენთვის ყოველი ხელოვნება ერთ რომელიმე განსაზღვრულ მატერიაზე მუშაობს, როგორც მაგალითად, მჭედელი – რკინაზე, ხოლო დურგლობა – ხეზე და ამდენად მათში სხვაა მატერია, სხვა ფორმა და სხვა ის, რაც ფორმით აღესრულება, - მატერია გარედანაა აღებული, ფორმას ხელოვნება ანიჭებს, ხოლო თვითონ ქმნილება ორივესაგან – ფორმისაგანაც და მატერიისაგანაც შედგება, ისინი ღმრთეებრივ შემოქმედებაზეც ასევე ფიქრობენ, კერძოდ, რომ ფორმისა, რომელიც სამყაროს ყოველთა დამბადებლის სიბრძნით მიეცა და მატერიისაგან, რომელიც შემოქმედის წინაშე გარეთ იყო დაგებული, შედგენილი სამყარო წარმოიშვა, რომელმაც მატერია და არსი სხვა საწყისისაგან, ხოლო ფორმა და ხატი ღმრთისაგან მიიღო.

აქედან გამომდინარე ისინი უარყოფენ, რომ ყოველთა დაბადებულთა მოწყობას დიდი ღმერთი განაგებს და მას როგორც ვინმეს, რაღაც შენატან წილთა შემკრებს, ისე წარმოადგენენ, რომელსაც არსებულთა დაბადებაში თავის მხრივ მხოლოდ მცირე წილი აქვს შეტანილი. ამგვარად, თავიანთი დაბალი აზროვნების გამო, მათ ჭეშმარიტების სიმაღლისათვის მზერის შეწვდენა ვერ შეძლეს, რადგანაც ამ შემთხვევაში ხელოვნება მატერიას მოსდევს და ცხოვრებაში მის მერეა შემოსული აუცილებლობით. ე.ი. ჯერ იყო მატყლი, ხოლო ქსოვის ხელოვნება შემდგომში წარმოიშვა, რათა, რაც ბუნებისაგან გვაკლია, მის მიერ შევსებულიყო. იყო ძელი, ხოლო დურგლობამ აიღო რა იგი, ამ მასალას ყოველგვარი საჭიროებისდამიხედვით მისცა ფორმა და ჩვენ ძელის სარგებლობა დაგვანახა: მეზღვაურებს საჭე მიაწოდა, მიწადმოქმედებს – ნიჩაბი, ხოლო მეომრებს – ლახვარი. სინამდვილეში კი ღმერთმა იმათგან, რომელთაც ახლა ვხედავთ, სანამ რომელიმე გაჩნდებოდა, არსებულთა ყოფიერებაში მოყვანა გონებით გადაწყვიტა. ამასთან, მოიფიქრა, როგორი უნდა ყოფილიყო სამყარო და მისი ხატის შესაფერისი მატერია მერე შექმნა. ზეცისათვის შესაფერისი ბუნება განაჩინა, დედამიწის ფორმაში კი მისთვის დამახასიათებელი და სასარგებლო არსი ჩადო. ცეცხლს, წყალსა და ჰაერსაც ისეთი ფორმა მისცა, როგორიც სურდა და არსებობაშიც ისე მოიყვანა, როგორც ამას გონებით წარმოდგენის მერე თითოეული მათგანი მოითხოვდა და სხვადასხვა ნაწილისაგან შედგენილი მთელი სამყარო ერთ მთლიანობად და ჰარმონიულად სიყვარულის ურღვევი კავშირით შეკრა. ასე რომ, ერთმანეთისაგან მდებარეობით ფრიად დაშორებული ნაწილები ურთიერთმიზიდულობის ძალით შეერთებულად მოჩანს. ამიტომ ზღაპრული გამონაგონები დაე შეწყვიტონ მათ, რომელნიც თავიანთი სუსტი მსჯელობებით გონებისთვის მიუწვდომელსა და კაცთა ენაზე სრულიად გამოუთქმელ ძალას ზომავენ.

3. და შექმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა. – არა ნახევარ-ნახევარი თითოეულისა, არამედ სრული ზეცა და სრული დედამიწა, თვითონ არსი აღებული ფორმასთან ერთად, რადგან იგი არა მხოლოდ ფორმების გამომგონებელია, არსებულთა თვით ბუნების შექმნელიც. და თუ ეს ასე არაა, მაშინ გვიპასუხონ, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს შემოქმედი ძალა ღმრთისა და მატერიის პასიური ბუნება, ანუ მატერია ფორმის გარეშე და ღმერთი, ვინც ფორმები მატერიის გარეშეც იცოდა და შეხვდნენ ისე, რომ რაც ერთს აკლია, მეორისაგან მისცემოდა და რათა შემოქმედს ჰქონოდა ის, რითაც თავის ხელოვნებას აჩვენებდა, ხოლო მატერიას უსახურობა, უფორმობა ჩამოშორებოდა. მაგრამ ამის თაობაზე კმარა და ისევ პირველსავე სიტყვას დავუბრუნდეთ.

ვინც თქვა, რომ პირველად ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა, იგი ბევრ რამეზე გაჩუმდა, კერძოდ წყალზე, ჰაერზე, ცეცხლსა და იმ სახეცვლილებებზე, რომლებსაც ისინი წარმოშობენ. მართალია, ესენიც, რადგან სამყაროს აღვსებას ემსახურებიან, ყველასთან ერთად შეიქმნენ, მაგრამ ისტორიამ მათ გვერდი აუარა, რათა ჩვენი გონება დამოუკიდებელ მუშაობას შესჩვეოდა და მცირეთა საფუძველზე ზოგადი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მისცემოდა. სწორედ ამიტომ არაა ნათქვამი წყალზე, რომ იგი ღმერთმა შექმნა, მაგრამ როცა ვკითხულობთ, რომ დედამიწა უხილავი იყო, ჩვენ თვითონ უნდა განვსაჯოთ, სახელდობრ რითი იყო დაფარული და აღუქმელი მხედველობისათვის.

ცეცხლს არ შეეძლო მისი დაფარვა, რამეთუ მას სინათლე მოაქვს და ყოველივეს, რასაც კი მიუახლოვდება, უფრო ხილულს ხდის, ვიდრე უხილავს. ასევე, ვერც ჰაერი იქნებოდა საფარველი მიწისა. რადგან არსით იგი თხელია და გამჭვირვალე, ხილულთა ყველა სახეს იღებს და მათ მხილველთა მზერას გადასცემს. ამგვარად გვრჩება, წარმოვიდგინოთ, რომ მიწის ზედაპირი წყლით იყო დაფარული. რადგან ბუნება ტენისა ჯერ კიდევ არ იყო გამოცალკევებული და მისთვის განწესებულ ადგილას შეკრებილი, ამიტომ დედამიწა არა მხოლოდ უხილავი იყო, არამედ განუზმადებელიც, ტენის სიჭარბე ხომ ნაყოფიერებას მიწისა ახლაც ხელს უშლის. ამიტომაც მიზეზი დედმიწის უხილავობისა და მოუწყობლობისა (განუზმადებლობისა) თუკი მის მოწყობაში (განმზადებაში) მისთვის დამახასიათებელსა და ბუნებრივ მორთულობას, კერძოდ, მღელვარე ყანებიან ველებს, ამწვანებულსა და ათასგვარი ყვავილებით აფერადებულ მინდვრებს, აყვავებულ ბორცვებსა და ჩრდილმავალი ტყეებით დაფარულ მთათა მწვერვალებს ვიგულისხმებთ, ერთი და იგივეა.

ეს ყოველივე ჯერ კიდევ არ იყო; თუმცა დედამიწა შემოქმედის მიერ მიცემული ძალით მზად იყო შობისათვის, მაგრამ ელოდებოდა შესაფერის ჟამს, რათა მისი ნაშობნი ღმრთის ბრძანებით სინათლეზე წარმოეჩინა.

4. ნათქვამი: ბნელი იყო ზედა უფსკრულთა. ისევ მიზეზნი ახალ ზღაპრობათა და უღმრთო მსჯელობათა დასაბამნი იმათთვის, რომელნიც საღმრთო სიტყვებს საკუთარ ვარაუდთა მიხედვით აუკუღმართებენ, რადგანაც ბნელს, ისე კი არ განმარტავენ, როგორიც არის, სახელდობრ, რომ იგი გაუნათებელი ჰაერი, ან ჩამოფარებული სხეულისაგან დაბნელებული, ან კიდევ, საერთოდ რომელიმე ამდაგვარი მიზეზით სინათლეს მოკლებული ადგილია, არამედ როგორც ბოროტ ძალას, უკეთ რომ ვთქვათ, როგორც თავად ბოროტებას, რომელსაც დასაბამი თავის თავშივე აქვს და რომელიც ღმრთის სახიერებას ეწინააღმდეგება და უპირისპირდება. ისინი ამბობენ: უკეთუ ღმერთი ნათელ არს (I ინ. 1.5), მაშინ მის წინააღმდეგ მებრძოლი ძალა შესაბამისად სიბნელე უნდა იყოს, სიბნელე, რომელსაც ყოფიერება სხვისგან კი არა აქვს მიღებული, არამედ თვითშობილ ბოროტებას წარმოადგენს, სიბნელე, რომელიც სულებთან მებრძოლია, სიკვდილის შემქნელი და მტერი სათნოებისა. წინასწარმეტყველის სიტყვები, მათი მცდარი გაგებით, იმას გვაუწყებენ, რომ იგი ღმრთისგან კი არ შეიქმნა, არამედ არსებობდა და ამ შეხედულებებისაგან რომელი უკეთური და უღმრთო სწავლებანი აღარ შეითხზა? რომელთა მგელთა მძიმეთა (საქ. 20.29), ღმრთის სამწყსოს განმფანტველთა, აღარ მიიღეს დასაბამი ამ მცირე სიტყვისაგან* და წარწყმიდეს სულნი? განა აქედან არ არიან მარკიონელნი და ვალენტინელნიც აქედან არ წარმოიშვნენ? განა მანიქეველთა საძაგელი ერესი, რომელსაც თუ ვინმე ეკლესიის სიდამპლეს უწოდებს, სახელის შერჩევაში არ შეცდება, აქედან არ წარმოდგა? რატომ გაურბიხარ ჭეშმარიტებას შორს, ადამიანო და საკუთარი თავის დაღუპვის მიზეზს რისთვის იგონებ? მარტივია სიტყვა და ყველასათვის მისაწვდომი, რადგან ნათქვამია: უხილავ იყო ქუეყანა; მაგრამ რა არის მიზეზი ამისა? მის ზედაპირზე გაწოლილი უფსკრული; და უფსკრულში რაღა იგულისხმება? სიმრავლე წყალთა და ძნელად მისაწვდომი სიღრმე მისი. მაგრამ ვიცით, რომ თხელსა და გამჭვირვალე წყალში მრავალი სხეული ხშირად იხილვება. მაშ წყალში დედამიწის რაღაც ნაწილი მაინც რატომღა არ ჩანდა? იმიტომ, რომ მის ზემოთ განფენილი ჰაერი ჯერ კიდევ გაუნათებელი და ბნელი იყო, მაშინ, როცა მზის სხივი წყალში შეჭრისას ხშირად მის სიღრმეში  კენჭებსაც წარმოაჩენს, უკუნ ღამეში არავის შეუძლია ხილვა იმისა, რაც წყლის ქვეშაა. ამიტომაც სიტყვები ქუეყანაჲ იყო უხილავ, განმარტებულია მომდევნო ფრაზით, სახელდობრ, რომ მასზე უფსკრული იწვა და რომ იგი ბნელი იყო. ამრიგად, უფსკრული არც საპირისპირო ძალთა სიმრავლეა, როგორც ეს ზოგიერთებს ჰქონდათ წარმოდგენილი და არც პირველსაწყისი სიბნელე და რაღაც უკეთური ძალა, რომელიც სიკეთეს ემტერება, რადგან დაუსრულებელ ბრძოლაში მყოფთ მუდამ ექნებათ და ერთმანეთსაც მისცემენ რა საბაბს მტრობისა, ერთმანეთს უეჭველად გაანადგურებენ; ხოლო თუ დაპირისპირებულთაგან ერთი ძალით მეორეს აღემატება, დამარცხებულს სავსებით მოსპობს. ამიტომ, როცა ამბობენ, რომ ბოროტების წინააღმდეგობა სიკეთის თანაბარია, განუწყვეტელი ბრძოლა და მარადიული ნგრევა შემოაქვთ, რადგან ამ შემთხვევაში თითოეული მათგანი ერთდროულად მძლეველიცაა და ძლეულიც. ხოლო უკეთუ სიკეთე ბოროტებას ძალით აღემატება, მაშინ რაღაა მიზეზი იმისა, რომ ბუნება ბოროტისა სრულიად არ განადგურდა? თუკი წარმოთქმაც არ შეიძლება, მიკვირს, რატომ არ გაურბიან ისინი თავიანთ თავს ღმრთის ამგვარი უსჯულო გმობით გატაცებულნი. მკრეხელობა იქნება თქმა იმისა, რომ ბოროტებას დასაბამი ღმრთისაგან აქვს, რადგანაც საპირისპიროსაგან საპირისპირო არ წამოიშობა; არც სიცოცხლე შობს სიკვდილს, არც სიბნელეა დასაბამი ნათლისა და არც სენია შემქნელი ჯანმრთელობისა. თუმცა მდგომარეობის შეცვლისას საპირისპიროდან საპირისპიროში გადასვლა ხდება, მაგრამ ყოველი დაბადებულთაგანი არა საპირისპიროსაგან, არამედ ერთგვაროვნისაგან წარმოიშობა. იკითხავენ, უკეთუ ბოროტება არც დაუბადებელია და არც ღმრთისგან დაბადებული, ბუნება საიდანღა აქვს? ბოროტების არსებობას ხომ, ვისაც კი ამქვეყნად უცხოვრია, ვერავინ უარყოფს. ამაზე რაღა ვთქვათ? ის რომ, ბოროტება ცოცხალი და სულიერი არსი კი არაა, არამედ მდგომარეობა სულისა, რომელიც სათნოების საპირისპიროა და გულგრილთა შორის სიკეთის მოკლების გამო წარმოიშობა.

5. ამიტომ ბოროტების ძებნას ნურც შენს გარეთ დაიწყებ და ნურც იმას წარმოიდგენ, რომ მისი ბუნება დასაბამიდანვე არსებობდა, არამედ, დაე, ყველამ უწყოდეს, რომ ბოროტება დასაბამს თავის თავს თვითონვე უდებს.

იმათგან, რაც ჩვენს თავზე ხდება, ერთნი ჩვენი ბუნებისა გამო გვემართება, როგორც მაგალითად, სიბერე და უძლურებანი, ხოლო მეორენი გარეშე მიზეზთაგან მოწევნული მოულოდნელი შემთხვევებია, ხშირად სამწუხარონი ან სასიხარულონი, როგორც მაგალითად, ჭის მთხრელისათვის განძის პოვნა, ან ცოფიანი ძაღლის შეფეთება ბაზარში მიმავლისათვის; სხვანი კიდევ თვით ჩვენგანვე არიან, როგორიცაა მაგალითად, დაძლევა გულისთქმათა თუ აყოლა ვნებათა, დაოკება რისხვისა თუ ხელის აღმართვა განმარისხებელსა ზედა, თქმა სიმართლისა თუ პირიქით, სიცრუისა, ქონა მშვიდი და ზომიერი ზნისა, თუ თავის განდიდება ქედმაღლობითა და ამპარტავნებითა.

ამიტომ, რისი უფალიც შენ თვითონვე ხარ, იმის დასაბამის ძებნას სხვაგან კი ნუ დაიწყებ, არამედ შეიცანი, რომ ბოროტებამ, როგორც ასეთმა, დასაბამი ნებაყოფლობითი დაცემისაგან მიიღო. იგი რომ ნებაყოფლობითი და ჩვენგან გამომდინარე არ ყოფილიყო, მაშინ არც სჯული განუმზადებდა ძვირისმოქმედთ ასეთ დიდ სასჯელს და არც სამსჯავროთა მიერ დადებულნი სასჯელნი, რომელნიც ბოროტმოქმედთ ღირსეულად მიეგებათ, იქნებოდნენ გარდაუვალნი. აი, რაც საკუთრივ ბოროტების შესახებ უნდა მეთქვა. ხოლო სნეულებანი და სიღატაკე, უპატიობა და სიკვდილი და სხვა ადამიანური მწუხარებანი ბოროტებათა შორის არ უნდა შევრაცხოთ, რადგან დიდთა სიკეთეთა რიცხვს არც ამათ საპირისპირო საქმეებს მივაკუთვნებთ. ნაწილი ამათგანი ბუნებისაგანაა, ნაწილი კი, როგორც ჩანს, მრავალს სარგებლობისათვის შეემთხვევა. ახლა კი ყოველგვარი გადატანითი და იგავური განმარტების გარეშე, წმ. წერილის სწავლების მიხედვით გადმოვცეთ. გონება ეძიებს: თუ სიბნელე სამყაროსთან ერთად შეიქმნა და ნათელზე ადრე იყო, უდარესი უხუცესი რატომღაა? ვუპასუხებთ, რომ: ამ ბნელს დამოუკიდებელი არსებობა კი არა აქვს, არამედ იგი მდგომარეობაა ჰაერისა, ნათლის მოკლებით გამოწვეული, და რომელი ნათლისაგან მოკლებული აღმოჩნდა ეს ადგილი სამყაროში, რის გამოც ბნელი იყო წყალსა ზედა? ვფიქრობთ, რომ თუკი ამ ხილული და ხრწნადი სამყაროს შექმნამდე რამე იყო, ცხადია, ნათელსა შინა უნდა ყოფილიყო, რადგან არც ანგელოზთა დასები, არც ყოველნი ზეციურნი მხედრობანი და საერთოდ სახელდებული თუ უსახელო გონიერი ბუნებანი და სულნი იგი მსახურნი არა ბნელში, არამედ ნათელსა შინა იყვნენ და მათთვის შესაფერისი, ყოველგვარი სულიერი საიხარულით აღსავსე მდგომარეობა ჰქონდათ. ამას ვერავინ შეეკამათება და მითუმეტეს ის, ვინც აღთქმულ სიკეთეთა შორის ზეციური ნათლის მიღებასაც ელოდება, რომლის შესახებაც სოლომონი ამბობს: ნათელი მრავალთა მარადის (იგავ. 13.9) და მოციქული: ჰმადლობდით მამასა, რომელმაც ღირს გუყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკჳდრობისა წმიდათაჲსა ნათელსა შინა (კოლ. 1.12), რადგან უკეთუ დასჯილნი ბნელსა მას გარესკნელსა წარიგზავნებიან, ცხადია, იმგვარ საქმეთა მოქმედნი, რომელნიც წყალობას იმსახურებენ, განსვენებას ზესამყაროულ ნათელში ჰპოვებენ.

ამიტომ, როცა ღმრთის ბრძანებით ცა იმას, რაც საკუთრივ მისი ზედაპირის შიგნით იყო, ირგვლივ შემოერტყა და ისეთი მკვრივი სხეული შეიძინა, რომ გარეშეთაგან შიგნით მყოფთა გასაყოფად საკმარისი აღმოჩნდა, ადგილი, რომელიც შემოსაზღვრა, მოუკვეთა რა გარედან წამოსული სხივები, იძულებით უნათლოდ დატოვა, რადგან ჩრდილს ერთდროულად სამი რამ სჭირდება: ნათელი, სხეული და გაუნათებელი ადგილი. ამგვარად, სამყაროში სიბნელე ზეცის სხეულის ჩრდილისაგან წარმოიშვა. ჩემს ნათქვამს ცხადი მაგალითის საშუალებით გაიაზრებ, თუკი თაკარა შუადღისას მკვრივი და გაუმჭვირვალე ქსოვილისაგან დამზადებულ კარავს დაიდგამ და მყის შექმნილ სიბნელეში თავს შენ თვითონვე ჩაიკეტავ. ის ბნელიც ასევე წარმოიდგინე, არა უწინარეს სხვათა, არამედ პირიქით, შედეგად სხვათა. სწორედ ამ ბნელზეა ნათქვამი, რომ ბნელი იყო უფსკრულთა ზედა, რადგან ჩვეულებრივ სხეულთა ზედაპირებს ჰაერის უკიდურესი ფენები ეხება; მაგრამ, რადგანაც მაშინ ყოველივე წყლით იყო დაფარული, ამიტომაც აუცილებლობითაა ნათქვამი, რომ ბნელი იყო ზედა უფსკრულთა.

6. და სული ღმრთისაჲ, ნათქვამია, იქცეოდა ზედა წყალსა. ეს სული ან ჰაერის განფენას ნიშნავს და შენ იგი სამყაროს ერთ-ერთ ნაწილად მიიღე, რომელთაც მწერალი ჩამოთვლის, სახელდობრ, რომ ღმერთმა ცა, დედამიწა, წყალი და ჰაერი შექნა და ამასთან იგი უკვე განფენილი და მდინარი, ან რაც ჭეშმარიტებას უფრო შეეფერება და ჩვენზე უწინარეს იქნა აღიარებული, სული ღმრთისა სულიწმიდას ეწოდება. წმ. წერილში განსაკუთრებით და უპირატესად ასე მოხსენიების ღირსი სწორედ იგია და სული ღმრთისა სხვას არავის ეწოდება გარდა სულიწმიდისა. უკეთუ ამგვარ თვალსაზრისს გაიაზრებ, მისგან უდიდეს სარგებელს იპოვი. როგორ იქცეოდა იგი წყალთა ზედა? გაუწყებ, ოღონდ არა ჩემს აზრს, არამედ ასურელი კაცისა, რომელიც ამსოფლიურ სიბრძნეს იმდენად დაშორდა, რამდენადაც ჭეშმარიტ ცოდნასთან იყო ახლოს. ამგვარად იგი ამბობდა, რომ სირიული ენა უფრო გამომსახველია და ებრაულთან ნათესაობის გამო წმ. წერილის შინაარსს უფრო უახლოვდება. როგორც იგი ამბობს, თარგმანში იქცეოდა განატფობდას ნაცვლადაა გამოყენებული. განატფობდა ანუ განაცხოველებდა წყლის ბუნებას მსგავსად კვერცხისმჩეკელი ქათმისა, რომელიც განტფობილთა რაღაც სასიცოცხლო ძალას აძლევს. ამბობენ, რომ მსგავსი აზრია განცხადებული ამ სიტყვებში: სული იქცეოდა, ე.ი. წყლის ბუნებას ცოცხალ არსებათა შობისათვის ამზადებდა. ამგვარად ამით საკმარისად აქვს გაცემული პასუხი ზოგიერთთა მიერ წამოჭრილ საკითხს: შესაქმეში მონაწილეობის გარეშე არც სულიწმიდა დარჩენილა.

7. და თქუა ღმერთმან: იქმნენი ნათელი (შესაქ. 1.3). ღმრთის პირველმა სიტყვამ ბუნება ნათლისა დაბადა, სიბნელე განაქარვა, მწუხარება გაფანტა, სამყარო განამხიარულა და ყოველივეს მყის მშვენიერი და სასიამოვნო შესახედაობა მიანიჭა. გამოჩნდა ზეცა, აქამდე ბნელით დაფარული და მშვენიერება მისი ესოდენი, რაოდენსაც თვალნი ვიდრე აქამომდე ადასტურებენ. განბრწყინდა ჰაერი, ან უფრო უკეთ, განზავდა რა მთელი ნათელი მასში, მყის მისი ბრწყინვალება თავის საზღვართა შინა ყოველმხრივ მიაწვდინა. რადგან ზევით თვით ეთერამდე და ზეცამდე, ხოლო სივრცეში სამყაროს ყოველ ნაწილში – ჩრდილოეთითა და სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთითაა განფენილი იგი, მყის, წამსა შინა, განანათლა. ასეთია ბუნება ჰაერისა, რომელიც ისე წმინდაა და გამჭვირვალე, რომ ნათელი მასში გასავლელად დროის არავითარ ხანგრძლივობას არ საჭიროებს, ისევე, როგორც ჩვენი მზერა ხილულთა ზედა დროის გარეშე გადააქვს, ასევე ნათლის ჭავლსაც თავის საზღვრებში ისე მსწრაფლ იღებს, რომ დროის უფრო მოკლე შუალედის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. შემდგომად ნათლის დაბადებისა, ეთერი მშვენიერი, ხოლო წყალი სხივმოსილი გახდა, რადგან არა მხოლოდ მიიღო ბრწყინვალება, არამედ ნათლის გარდატეხისა გამო თვითონაც აკამკამდა და სხივები ყოველმხრივ უკუმიჰფინა. ასე მშვენივრად და პატიოსნად შეცვალა ყოველივე ღმრთაებრივმა სიტვამ. როგორც სიღრმეში ჩასხმული ზეთი იმ ადგილას ნათელს წარმოქმნის, ასევე წარმოთქვა რა სიტყვა ყოველთა შემოქმედმა, მყის განეფინა სამყაროში მადლი ნათლისა.

იქმენინ ნათელი. და საქმედ იქცა ბრძანება იგი, და დაიბადა ბუნება, რომელზე უფრო მიმზიდველი შვების მომცემელს კაცობრივი გონება ვერ წარმოიდგენს. როცა ჩვენ ღმრთის ხმაზე, სიტყვასა და ბრძანებაზე ვსაუბრობთ, სამეტყველო ორგანოებით გამოცემულ ბგერებს, ან ენის მეშვეობით შერხეულ ჰაერს როდი ვგულისხმობთ, არამედ იმათთვის, ვინც სწავლობს, უფრო მეტად ნათელსაყოფად, ბრძანების სახით გვსურს ნების წამისყოფა გამოვსახოთ.

და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ (შესაქ. 1.4). უკეთესად როგორ უნდა ითქვას ქება ნათლისა, როცა მას უკვე მიღებული აქვს დამოწმება დამბადებლისა – რამეთუ კეთილ? ჩვენშიც, როცა გონება ისეთს ევრაფერს იტყვის, რაც მასზე ადრე შეგრძნების ორგანოს უკვე არ ჰქონდეს დამოწმებული, განსჯას თვალებს მიანდობს. მაგრამ უკეთუ სხეულის სილამაზე მის ნაწილთა თანაზომიერებასა და გარეგნულ ფერადოვნებაშია, მაშინ გაგება სილამაზისა ნათელთან მიმართებაში, რომელიც ბუნებით მარტივი და ერთგვაროვანია, როგორღა შენარჩუნდება? იმით ხომ არა, რომ ნათლის თანაზომიერება არა მისი შემადგენელი ნაწილების მიხედვით, არამედ მხედველობაზე მისი არაშემაწუხებელი და სასიამოვნო ზემოქმედებით დასტურდება? ასევე ლამაზია ოქრო, თუმცა მზერას არა ნაწილთა თანაზომიერებით, არამედ მხოლოდ კეთილფეროვნებით იტაცებს და ატკბობს. ულამაზესია აგრეთვე მწუხრის ვარსკვლავი, ოღონდ არა იმ მიზეზით, რომ თანაზომიერი ნაწილები აქვს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს თვალებს მისი ბრწყინვა უნაღვლოდ და სასიამოვნოდ ეფინება. ამჯერად სილამაზეზე მსჯავრი თავად ღმერთს გამოაქვს, ე.ი. სრულიად გამორიცხულია, რომ მას მხედველობაში მისი მზერისათვის საამურობა ჰქონდეს, არამედ აქ წინასწარაა განჭვრეტილი ნათლის სარგებელი მომავალში, რადგან თვალებს ჯერ კიდევ არ განესაჯათ მისი სილამაზე.

და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა; ანუ ღმერთმა მათი შეურევნელი და ურთიერთ საპირისპირო ბუნება განამზადა, რადგანაც ერთმანეთს ფრიად განაშორა და დააცილა.

8. და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე (შესაქ. 1.5). ახლა, შემდგომად მზის დაბადებისა, დღე მზით განათებული ჰაერია, რაჟამს იგი ზეცის ცამრგვალზე ბრწყინავს, ხოლო ღამე ჩრდილი დედამიწისა, რომელიც მზის დაფარვისაგან წარმოიშობა. იმ დროს კი, არა მზის მოძრაობის, არამედ იმის გამო, რომ პირველქმნილი ნათელი ღმრთისაგან დადგენილი ზომით ხან განეფინებოდა და ხანაც იკუმშებოდა, იბადებოდა დღე და მოსდევდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი. მწუხრი საზიარო საზღვარია დღისა და ღამისა, ისევე, როგორც განთიადი ღამეს დღესთან ესაზღვრება. იმისათვის, რომ დაბადების უფროსობა დღისთვის მიეცა, პირველად დასასრული დღისა მოიხსენია, ხოლო შემდეგ დასასრული ღამისა, რადგანაც ღამე დღეს მოსდევს. რადგანაც ნათლის დაბადებამდე სამყაროში ბნელი იყო და არა ღამე, იმას, რაც დღისგან გამოიყო, ღამე ეწოდა და ამიტომაც სახელწოდება უმრწემესი მიიღო, შემდგომად დღისა.

და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად. წინასწარმეტყველი დღესა და ღამეს გულისხმობს, მაგრამ დღე და ღამე კი არ უწოდა, არამედ სახელი მხოლოდ უპირატესს მისცა, რაც საერთოდ მთელ წმიდა წერილში გვხვდება. მაგალითად, ფსალმუნთა მგალობელი ამბობს: დღენი წელიწადთა ჩუენთანი (ფს. 69.10); იაკობი: მცირე და ბოროტ იყვნენ წელნი დღეთა ცხორებისა ჩემისათანი (შესაქ. 47.9) და კვლავ ფსალმუნი: ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი (22.6). ასე რომ, აქ თქმული სჯულდებულებად გადაეცა მომდევნოებსაც.

და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად დღე ერთი. რატომ არ თქვა პირველი, არამედ ერთი? თუმცა მას, რადგანაც მეორე, მესამე და მეოთხე დღეებზე საუბარიც ჰქონდა განზრახული, უფრო შეეფერებოდა მომდევნოთა დასაბამისათვის პირველი ეწოდებინა; მაგრამ ერთიო თქვა, რათა დღისა და ღამის ხანგრძლივობა ამგვარად განესაზღვრა და დღე-ღამის დრო ისე შეეერთებინა, რომ ერთი დღის მანძილი, უკეთუ, ცხადია, დღეში ღამესაც ვიგულისხმებთ, ოცდაოთხ საათს შეევსო. ასე რომ, თუმცა მზის მოქცევისას ხდება ხოლმე, რომ ერთი მეორეს აღემატება, მაგრამ ორივეს ხანგრძლივობა ყოველთვის განსაზღვრული დროით არის შემოფარგლული. ამით თითქოს თქვა, რომ ერთი დღის ხანგრძლივობის საზომი ოცდაოთხი საათია, ანუ ზეცის ერთი ნიშნიდან დაწყებითა და კვლავ მასზე დაბრუნებით ერთი დღე იქმნება. ამგვარად, რამდენჯერაც სამყაროში მზის მოქცევისაგან საღამო და განთიადი დადგება, ეს პერიოდი არა უფრო დიდ, არამედ ერთი დღის მანძილზე აღესრულება. ამასთან უმთავრესი სიტყვა აქ დაფარულადაა მოცემული, სახელდობრ, შექმნა რა ღმერთმა ბუნება დროისა, მის საზომად და ნიშნებად დღეთა ხანგრძლივობა დაადგინა და გაზომა რა იგი შვიდეულებით, შვიდეულს, რომელიც დროის სვლას აღრიცხავს, მუდმივად თავისსავე თავში წრიული ბრუნვა უბრძანა, და კვლავ ერთ დღეს, რაჟამს თავისი თავისაკენ შვიდგზის მიიქცევა, აღვსება შვიდეულისა. წრის სახე ხომ ისაა, რომ თავისი თავისაგან იწყება და თავისთავშივე სრულდება. ის, რომ თავისი თავისკენ მიიქცეს და არასოდეს დამთავრდეს, საუკუნის საკუთარი თვისებაცაა. იმიტომაც უწოდა დროის დასაბამს არა დღე პირველი, არამედ ერთი, რომ იგი საუკუნეს თვით სახელწოდებითაც კი ენათესავებოდეს. ამგვარად, გამოავლინა რა თვისება განმარტოებისა და სხვასთან უზიარებლობისა, ჯეროვნად და შესაფერისად იწოდა ერთად. თუმცა ჩვენ წმიდა წერილი მრავალ საუკუნეს წარმოგვიდგენს, ხშირად იხსენიებს რა “საუკუნესა საუკუნოჲსა” და “საუკუნეთა საუკუნეთასა”, მაგრამ მასში არც პირველი, არც მეორე და არც მესამე საუკუნეა აღრიცხული, რათა ამით ჩვენ უფრო სხვაობანი ვითარებათა და მრავალფეროვნება საქმეთა წარმოგვიდგინოს, ვიდრე შემოწერილობა, დასასრული და თანმიმდევრობა საუკუნეთა, რამეთუ ნათქვამია: დიდ არს დღე უფლისაჲ და მჩენ ფრიად (იოველ. 2.11), და კიდევ: რასათჳს თქუენდა დღე იგი უფლისაჲ? და იგი არს ბნელ და არა ნათელ (ამოს. 5.18), რაღა თქმა უნდა, ბნელი მათთვის, რომელნიც სიბნელის ღირსნი არიან. რადგანაც ჩვენმა მოძღვრებამ იცის დღე იგი დაუღამებელი, უცვალებელი და დაუსრულებელი, რომელსაც ფსალმუნთა მგალობელმა მერვე უწოდა (ფს. 6.1) და რომელიც ამ შვიდეულის დროის გარეთ იმყოფება, ამიტომ მას დღეს უწოდებ თუ საუკუნეს, ერთსა და იმავე ცნებას გამოხატავ. უკეთუ ამ ვითარებას დღეს უწოდებ, ერთი იქნება და არა მრავალი, ხოლო უკეთუ – საუკუნეს, ერთადერთი იქნება და არა მრავალთაგანი. ჩვენი გონება რომ მომავალი ცხოვრებისაკენ წარემართება, წინასწარმეტყველმა ამ საუკუნის ხატს, დასაბამს დღეებისა და ნათლის თანატოლს, წმიდა დღეს უფლისა, რომელიც უფლის აღდგომით განიდიდა, ერთი უწოდა. ამიტომაც ამბობს: და იქმნა მწუხრი, და იქმნა განთიად დღე ერთი. მაგრამ მსჯელობანი იმ საღამოზე, რომელთაც ამ საღამომ მოუსწრო, ჩვენს სიტყვას ზღვარს აქ უდებს. მამამ ჭეშმარიტი ნათლისა, რომელმაც დღე ზეციური ნათელით შეამკო და ღამე ცეცხლის ელვარებით გაანათა და რომელიც საუკუნო განსასვენებელს გონიერსა და მიუაჩრდილებელ ნათელში გვიმზადებს, დაე, გულები ჩვენი ჭეშმარიტების შეცნობით გაანათოს, შეუბრკოლებლად დაიცვას სიცოცხლე თქვენი და მოგანიჭოთ თქვენ, რომ დღესა შინა შუენიერად ვიდოდეთ (რომ. 13.13), რათა განბრწყინდეთ, ვითარცა მზე ნათელით, წმინდანთა სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესა, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ….


* - ე.ი. სიტყვისაგან: ბნელი.

ჰომილია III

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მყარის შესახებ

1. საქმენი პირველი დღისა, უმჯობესია ვთქვათ ერთისა, რადგან არა ჯერ არს წავართვათ პატივი, რომელიც მას შემოქმედისაგან ბუნებით მიეცა და რომლის გამოც იგი სხვა დღეთა რიგში ვერ ჩაირიცხება, სწორედ მას შინა ქმნილი საქმენი სიტყვამ გუშინ წარმოაჩინა და მსმენელებს განუმარტა, რაც სულთათვის, როგორც დილის საზრდელი, ასევე მწუხრის სიხარულიც იყო. ამას რომ ვამბობ, განმმარტებლის ძალას კი არ ვგულისხმობ, არამედ წმიდა წერილის მადლს, რის გამოც იგი ბუნებრივად მოგვწონს და რისთვისაც ყველა იმ გულისათვის, რომელიც კი პატივს შესაძლებელთან შედარებით ჭეშმარიტებას მიაგებს, იგი მიმზიდველი და სასურველია. წარმოაჩენს რა ცხადად ჭეშმარიტების სიტკბოებას, ფსალმუნთა მგალობელიც ამბობს: რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა (118.103).

ამგვარად, გუშინ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, თქვენი სულები ღმრთის სიტყვაზე საუბრით განვამხიარულეთ, დღეს კი ერთმანეთს ისევ შევხვდით, რათა მეორე დღის საქმეთა საკვირველებანი განვიხილოთ.

მე არ დამვიწყებია, რომ ჩვენს შორის მრავალი ხელოსანი და ოსტატია, რომელიც დღიური შრომით, გაჭირვებით შოულობს საზრდოს. ისინი სიტყვას შემაწყვეტინებენ, რათა დიდი ხნით არ მოსცდნენ საქმეს. რას ვეტყვი მათ? ვეტყვი, რომ ღმრთისათვის მისესხებული დროის ნაწილი არათუ დაეკარგებათ, არამედ მისგან დიდი შენაძენი დაუბრუნდებათ, რადგან იმათ, რომელნიც უპირატეს პატივს სულიერს მიაგებენ, საქმისათვის ყველა საჭირო გარემოებას: სხეულის სიმტკიცეს, სულის მხნეობას, ვაჭრობისათვის ხელსაყრელ პირობებსა და საერთოდაც, მთელი ცხოვრების მანძილზე კეთილწარმატებას, ღმერთი უგზავნის. კიდევაც რომ ჩვენმა გულმოდგინებამ ის ნაყოფი, რომლის იმედიც გვქონდა, ამ ცხოვრებაში არ გამოიღოს, სწავლა, მიღებული სულისა წმიდისაგან, კეთილ საუნჯედ მომავალი ცხოვრებისთვის გამოგვადგება. ამგვარად, ყველა ამსოფლიური საზრუნავი გულიდან განაგდე და მთელი შენი არსებით აქ, ჩემთან დარჩი, რადგან რა სარგებელია სხეულით ყოფნა, როცა გული შენი მიწიერ საუნჯეებზე ზრუნავს.

2. და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა (შესაქ. 1.6). აჰა, გუშინ მოვისმინეთ ღმრთის სიტყვა: იქმენინ ნათელი და დღეს: იქმენინ სამყარო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამჯერად თქმული უფრო მეტს შეიცავს, რადგან სიტყვა მხოლოდ ბრძანებად კი არ დარჩა, არამედ ის მიზეზიც განისაზღვრა, რომლითაც ხმელეთის წარმოშობა გამოიძიება, რადგანაც ნათქვამია: იყავნ სამყარო განმყოფელ შორის წყლისა.

უპირველესად ვიძიებთ: როგორ ამბობს ღმერთი, ისევე ხომ არა როგორც ჩვენ, ანუ საგანთა ხატებანი ჯერ გონებაში დაებადება, მათი წარმოსახვის შემდეგ თითოეულ საგანს მისთვის დამახასიათებელსა და შესაფერის მნიშვნელობას შეურჩევს, გონებით მოაზრებულს წარმოსათქმელად სახმო ორგანოებს გადასცემს და ამგვარად, ჰაერის შერხევით, რომლის მოძრაობაც ხმას ანაწევრებს, თავის დაფარულ აზრს წარმოაჩენს? ზღაპარს ხომ არა ჰგავს მტკიცება იმისა, რომ ღმერთს გულისხმისყოფის განსაცხადებლად ამდენი რამ სჭირდება? თუ ღმრთისმოსაობას უფრო იმის თქმა შეეფერება, რომ ღმრთეებრივი ნება და აზრის აღძვრა უკვე ღმრთის სიტყვას წარმოადგენს? წმიდა წერილი ამას ვრცლად იმიტომ ასახავს, რომ გვიჩვენოს: ღმერთმა არა მხოლოდ ქმნილების დაბადება ინება, არამედ დაბადა კიდევაც იგი თანამოსაქმის მეშვეობით. ის, რაც დასაწყისში ითქვა, დასაბამად ქმნა ღმერთმა ცაჲ და ქუეყანა, შეიძლებოდა ყოველივეს შესახებაც თქმულიყო, სახელდობრ: შექმნა ნათელი, შექმნა ხმელეთი, მაგრამ ამჯერად წარმოგვიდგენს რა ღმერთს მბრძანებლად და მეტყველად, იმას, ვის მიმართაც იგი ბრძანებს და ვისაც მიმართავს, სწორედ დუმილით წარმოაჩენს, ოღონდ არა იმიტომ, რომ ჩვენთვის ცოდნის მოცემა ენანება, არამედ იმისათვის, რათა გამოუთქმელის ზოგიერთი კვალისა და გამოვლინების ჩვენებით ჩვენში სურვილი აღაგზნოს. ხომ სიხარულით შეიწყნარება და გულმოდგინედაც დაიცვება ის, რაც ჯაფითაა შეძენილი, მაშინ, როცა ფლობა იმისა, რაც ადვილადაა მოპოვებული, ბევრს არაფერს ნიშნავს. ამგვარი შემოვლითი გზით წმიდა წერილს თანდათან მხოლოდშობილის მოაზრებისკენ მივყავართ.

მაგრამ უსხეულო ბუნებას ხმოვანი სიტყვა არც ამ შემთხვევაში დასჭირდებოდა, რადგან შესაქმის თანამონაწილესათვის თავად აზრის გადაცემაც შეეძლო; რა საჭიროა სიტყვები მათთვის, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი განზრახვა ერთმანეთს გონებითაც გაუზიარონ? ხმა ხომ სმენისთვისაა, ხოლო სმენა – ხმისათვის. სადაც არც ჰაერია, არც ენა, არც სასმენელნი და არც ხვეული გასასვლელი, რომელიც ბგერებს თავამდე მიიტანდა, იქ არც სიტყვებია საჭირო, არამედ, როგორც ამბობენ ხოლმე, ნების ზრახვებს ერთმანეთს გულით გადასცემენ. ამიტომ როგორც ითქვა, ჩვენი გონება რომ იმ პირის გამოსაძიებლად აღძრას, ვისაც მიმართავენ, საუბრის ეს ფორმა სიბრძნითა და ხელოვნებითაა გამოყენებული.

3. მეორეც, გამოსაძიებელია, ეს სიმყარე, რადგან მასაც ცა ეწოდა, სხვა რამეა თუ იგივე პირველქმნილი ცაა, თუ საერთოდ ორი ცა არსებობს? ისინი, რომელნიც ზეცის შესახებ სიბრძნისმეტყველებენ, ამ ჭეშმარიტების აღიარებას ენის მოკვეთას ამჯობინებენ, რადგან თვლიან, რომ ერთ ცას ბუნებით მეორე, მესამე და კიდევ უფრო მეტი ცის წარმოშობა არ შეუძლია. როგორც ისინი ფიქრობენ, ზეციური სხეულის მთელი ბუნება ერთი ცის შესადგენად დაიხარჯა. რამდენადაც წრიულად მოძრავი სხეული, რომელიც ერთია და თანაც შემოსაზღვრული, ამბობენ ისინი, პირველი ცისთვს იქნა გამოყენებული, მეორე და მესამე ცის წარმოსაშობად აღარაფერი დარჩა. – ასე ეოცნებებათ მათ, რომელნიც შემოქმედთან ერთად შეუქმნელ მატერიასაც აღიარებენ და პირველი მითის შეთხზვის შემდეგ მომდევნო ტყუილის გამოგონებით არიან გატაცებულნი.

ჩვენ კი ბრძენთა ელინთა ვთხოვთ, ვიდრე ერთმანეთთან კამათს არ დაასრულებენ, ჩვენზე ნუ გაიცინებენ, რადგან მათ შორისაც არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ ურიცხვი ცა და სამყარო არსებობს. როცა ამ დაუჯერებელი შეხედულების სამხილებლად ყველაზე ძლიერი საბუთები მოაქვთ და ერთი ცის გარდა სხვა ცის არსებობის შეუძლებლობას გეომეტრიული აუცილებლობით ამტკიცებენ, ჩვენ უფრო მეტად შეგვიძლია მათ გეომეტრიულსა და დახელოვნებულ ფუჭმეტყველებაზე გავიცინოთ, რადგან იმას, რომ ერთი მიზეზისაგან წყლის ერთი ბუშტუკიც წარმოიშობა და მრავალიც, ხედავენ, მაგრამ ეჭვი შეაქვთ ცათა სიმრავლეში, ანუ იმაში, საკმარისია თუ არა დამბადებლის ძალა მათთვის არსებობის მისანიჭებლად.

უკეთუ ღმრთის ძლიერების გარდამეტებულობას გავიხსენებთ, ვფიქრობთ, ცათა სიმყარე და სიდიდე დიდად არ აღემატება იმ ტენს, წყაროებში ბუშტის სახით რომ იბურცება. რა სასაცილოა მათი გაგება შეუძლებელისა! ჩვენ კი მეორე ცის არსებობის ურწმუნოებისაგან იმდენად შორს ვდგავართ, რომ მესამე ცასაც ვეძებთ, რომლის ხილვის ღირსიც ნეტარი პავლე გახდა (II კორ. 12.2). ასევე მრავალი ცის არსებობაზე გვიქმნის აზრს ფსალმუნიც, რომელშიც ცანი ცათანი იხსენიება (148.4).

ეს ხომ არაფრით უფრო საკვირველი არაა ვიდრე შვიდი წრე, რომლებშიც, როგორც ამბობენ და ამაში ყველანი ერთმანეთს ეთანხმებიან, შვიდი ვარსკვლავი ტრიალებს, ერთმანეთზე შეტყუპებულნი, მსგავსად ერთმანეთში ჩადგმული ჭურჭლებისა. ისინი ყოველივეს საწინააღმდეგოდ მოძრაობენ და ეთერის განკვეთისას იმგვარ კეთილხმოვანსა და ჰარმონიულ ხმას გამოსცემენ, რომელიც მუსიკალური მელოდიების ყოველგვარ სიტკბოს აღემატება. შემდეგ: როცა მათ, ვინც ასე მსჯელობს, გრძნობის ორგანოებისათვის სარწმუნო საბუთებს სთხოვენ, პასუხად რას ამბობენ? რომ ჩვენ ამ ხმას, რადგან დაბადებიდანვე ვისმენთ, თავიდანვე შევეჩვიეთ და ხანგრძლივი სმენისაგან, მსგავსად იმ ადამიანებისა, რომელთაც სამჭედლოში უროს დარტყმისაგან სასმენელნი შეუღონდათ, მისი შეგრძნების უნარი დავკარგეთ. ამგვარ ეშმაკურ და უძლურ მსჯელობათა მხილება, მაშინ, როცა ამას ყველას საკუთარი სმენაც დაუმოწმებს, არაა საქმე კაცისა, რომელმაც დროის გაფრთხილება იცის და მსმენელებადაც გონიერი ადამიანები ეგულება. მაგრამ გარეშე სწავლებანი გარეშეებს დავუტოვოთ, ჩვენ კი ეკლესიის სწავლებას მივუბრუნდეთ.

ჩვენზე ადრე ზოგიერთისაგან უკვე ითქვა, რომ ეს დაბადებაა არა მეორე ცისა, არამედ სრული თხრობა პირველის შესახებ, რადგან იქ ცისა და მიწის შექმნა ზოგადადაა გადმოცემული, აქ კი წმიდა წერილი თითოეული მათგანის შექმნაზე უფრო ვრცლად მოგვითხრობს. ჩვენ კი ვიტყვით, რომ რამდენადაც მეორე ცაზე, როგორც სხვა სახელისა და სხვა, განსაკუთრებული დანიშნულების მქონეზე, ისეა გადმოცემული, ამიტომაც იგი განსხვავდება იმ ცისაგან, რომელიც პირველად შეიქმნა. მას უფრო მტკიცე ბუნება და სამყაროს განსაკუთრებული მსახურება აქვს მინიჭებული.

4. და თქვა ღმერთმან: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა. და იქმნა ეგრეთ. და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროსა (შესაქ. 1.6-7). ვიდრე ნათქვამის აზრს შევეხებოდეთ, ჯერ ყველა საწინააღმდეგო შეხედულებათა დარღვევა ვცადოთ. ჩვენ გვეკითხებიან: უკეთუ დედამიწის სხეული სფეროსებულია, როგორც ამას მისი შესახედაობაც ცხადყოფს, მაღლიდან დაქანებულმა წყლებმა დაფერდებულ სიმრგვალეზე გაჩერება როგორღა შეძლეს? რა უნდა ვუპასუხოთ ამის თაობაზე? უპირველესაც ის, რომ თუ ჩვენ რომელიმე საგანს შიგნით შეზნექილობის გამო, როგორც მრგვალს, ისე ვხედავთ, აუცილებელი სულაც არ არის დავასკვნათ, რომ მისი ზედაპირიც სფეროსებურია, სრულიად მოსწორებული და გლუვი. ხომ გვინახავს ქვისჭერიანი აბანოები და გამოქვაბულის მსგავსად აგებული შენობები, რომელთაც თუ შიგნიდან ავხედავთ, ნახევარწრის ფორმა აქვთ მიცემული, ხოლო გარედან სახურავის ზედაპირი სწორია? ამგვარად ამ და სხვა ამდაგვარ მიზეზთა გამო საქმეს ნურც თვითონ გაიჩნენენ და ნურც ჩვენ გაგვიჩნენ, რომ თითქოს წყალს ზედაპირზე გაჩერება არ შეეძლოს. ახლა ის ვთქვათ, როგორია მყარის ბუნება და წყალთა შუა ყოფნა რისთვის ებრძანა? წმიდა წერილში ჩვეულებრივ, მყარი სახელად იმას ეწოდება, რასაც გარდამეტებული სიმტკიცე აქვს; მაგალითად, როცა ნათქვამია: უფალი დამამტკიცებელ ჩემი და მფარველი ჩემი (ფს. 17.2) და: მე დავამტკიცნე სუეტნი მისნი (ფს. 74.3) და კიდევ: აქებდით მას (ღმერთს) სამყაროჲთა ძალისა მისისაჲთა (ფს. 150.1). გარეშე მწერლები კი მყარს მჭიდროსა და სავსე სხეულს უწოდებენ, რომელიც გეომეტრიულის საპირისპიროა. თუ გეომეტრიული სხეული ისაა, რომელიც მხოლოდ განზომილებების, ანუ სიგანის, სიღრმისა* და სიმაღლისაგან შედგება, მყარს, გარდა განზომილებებისა, სიმტკიცეც (უდრეკობაც) ახასიათებს, ხოლო რასაც ძალა აქვს და მტკიცეა,** წმიდა წერილში, ჩვეულებრივ, მას მყარი ეწოდება, როგორც, მაგალითად, ეს სიტყვა ხშირად იხმარება შესქელებული ჰაერის მიმართ, სახელდობრ, როცა ნათქვამია: რომელმან დაამყარნის ქუხილნი (ამოს. 4.13). ამიტომაც სიმყარესა და სიმტკიცეს ღრუბელთა სიღრმეში ჩამწყვდეული ქარისა, რომელიც რაჟამს ძლიერად ამოვარდება, ქუხილის ტკაცანს წარმოშობს, წმიდა წერილი “ქუხილის დამყარებას” უწოდებს.

ვფიქრობთ, ეს სიტყვა ამ შემთხვევაშიც ბუნებით მტკიცეს მიმართაა გამოყენებული, რამდენადაც მას შეუძლია შეაკავოს წყალი, რომელიც დაბლა ადვილად ექანება და იღვრება. მიუხედავად იმისა, რომ საერთო შეხედულებით მყარი წყლისაგან წარმოშობილი ჩანს, მაინც არ უნდა მივიჩნიოთ, რომ იგი ან გაყინული წყლის მსგავსია, ან იმგვარი ნივთიერებისა, რომელიც დასაბამს დაწურული ტენისაგან იღებს, როგორც, მაგალითად, ბროლის ქვა, რომელიც, როგორც ამბობენ, წყლის მეტისმეტი გაყინვისაგან იქმნება, ან ვითარცა ბუნება პატიოსანი ქვისა, რომელიც მაღაროებში წარმოიშობა. ხოლო ეს ქვა გამჭვირვალეა და მისთვის დამახასიათებელი წმინდა ბრწყინვალება გააჩნია. თუ მას ზუსტად ისეთს ვიპოვით, როგორი ბუნებაც აქვს, ანუ არც რაიმე სიდამპლით დაჭმულსა და არც შიგნით დაბზარულს, სიმჭვირვალით თითქმის ჰაერის მსგავსი იქნება.

ამასთან, თუმცა ყოველი ყოველივეშია: ცეცხლი – მიწაში, ჰაერი წყალში და სხვა სტიქიებიც ერთი მეორეშია, ასე რომ, არცერთი მათგანი, რომელიც შეგრძნებებით აღიქმება, რაღაც საშუალოსთან შეურევნელი, ან საპირისპიროსთან ზიარებისაგან თავისუფალი და წმინდა არაა, რამდენადაც წმიდა წერილისაგან ნასწავლი გვაქვს – არ წარმოვიდგინოთ გონებით ის, რაც ნებადართული არაა, თავს მაინც ვერ ვიღებთ იმის მტკიცებას, რომ მყარი ან რომელიმე მარტივი ნივთიერებისგან, ან კიდევ მარტივ ნივთიერებათა ნაერთისაგან შედგება; მაგრამ იმას კი აღვნიშნავთ, რომ შემდგომად ღმრთის ბრძანებისა: იქმენინ სამყარო, უბრალოდ კი არ ითქვა: და იქმნა სამყარო, არამედ: იქმნა ეგრეთ და კვლავ: განყო ღმერთმან. ყრუთა მოისმინონ და ბრმათა თვალები აღიხილონ! და ვინ არის ყრუ, თუ არა ის, ვისაც არ ესმის ამგვარი ხმამაღალი ღაღადისი სულისა? და ვინ არის ბრმა, თუ არა ის, ვინც მხოლოდშობილის შესახებ ასეთ ნათელ მტკიცებებს ვერ დაინახავს? იქმენინ სამყარო – ესაა ხმა პირველსაწყისი მიზეზისა; და იქმნა ეგრეთ – ეს კი დამოწმებაა შემოქმედი და დამბადებელი ძალისა.

5. მაგრამ სიტყვა კვლავ განმარტებისაკენ მივაქციოთ. ნათქვამია: იყავნ განმყოფელ შორის წყლისა. ჩანს, უსაზღვროდ განფენილი, წყალი მთელ დედამიწაზე ღელავდა და იმდენად მაღლა იდგა, რომ სხვა სტიქიებთან მისი თანაფარდობა დარღვეული იყო. ზემოთაც ამიტომ ითქვა, რომ დედამიწას ყოველმხრივ უფსკრული ფარავდა; წყალთა სიმრავლის მიზეზს კი შემდეგში გადმოვცემთ. ამასთან, რა თქმა უნდა, არცერთ თქვენგანს, თუნდაც მას, ვისაც გონებით ბევრი უმუშავია და ეს ხრწნადი და მდინარე ბუნება მახვილი თვალით განუჭვრეტია, არ გაუჩნდება აზრი, რომ თითქოს ჩვენ გონების საწინააღმდეგოდ რაღაც შეუძლებელი და გამოგონილი წარმოვაჩინეთ და არც იმის გამოკვლევას მოგვთხოვს, ბუნება წყლისა რას ემყარება. რადგან იმავე საფუძველზე, რომლითაც ამბობენ, რომ მიწა, რომელიც წყალზე უფრო მძიმეა, კიდეებისაგან დაშორებული შუაში ჰკიდია, იმაზეც უეჭველად უნდა დაგვეთანხმონ, რომ ეს უსაზღვრო წყალი, ქვემოთკენ ბუნებრივი სწრაფვისა და ყოველმხრივი მიზიდულობის გამო დედამიწაზე უძრავად რჩებოდა.

ამგვარად, მთელ დედამიწაზე აღურაცხელი რაოდენობით განფენილი წყლის ბუნება მისი თანაბარზომიერი კი არ იყო, არამედ მრავალგზის აღმატებული. რადგანაც დიდი ხელოვანის მიერ მომავალი თავიდანვე წინასწარ განჭვრეტილი იყო, პირველი განგებულება მომდევნო საჭიროებებსაც ითვალისწინებდა. და წყლის ამგვარ მიუთხრობელ გარდამეტებულობას რომელი საჭიროება მოითხოვდა? სამყაროში არა მხოლოდ მიწისაგანთა განსაგებლად, არამედ ყოველთა აღსავსებად აუცილებელია ბუნება ცეცხლისა; ასე რომ, სტიქიათაგან ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო რამ რომ მოკლებოდა, მთელი უსრული იქნებოდა. ისინი კი (ე.ი. ცეცხლი და წყალი) ერთმანეთის საპირისპირონი არიან და ერთმანეთს ანადგურებენ: ცეცხლი – წყალს, რაჟამს ძალით გარდაამეტებს, წყალი კი – ცეცხლს, რაჟამს სიმრავლით აღემატება.

საჭირო კი ის იყო, რომ არც მათ შორის წარმოშობილიყო შფოთი და არც ერთ-ერთი მათგანის სრულ დაკნინებას სამყაროს რღვევა არ გამოეწვია. ამიტომაც ყოველთა გამგებელმა ბუნება ტენისა იმგვარი ზომით დააუნჯა, რომ ცეცხლის ძალისაგან თანდათან განადგურებული იმდენ ხანს იყოს, რამდენიც სამყაროს დგომისათვის არის განწესებული; ხოლო ყოველივეს ზომითა და წონით გამგებელმა (როგორც იობი ამბობს: ცუარნი წვიმისანი აღრაცხილ არიან მის მიერ. 36.27) იცოდა, რამდენი დრო განუსაზღვრა სამყაროს დგომისათვის და რამდენი წყალი უნდა გაენადგურებინა ცეცხლს. ეს არის მიზეზი შესაქმისას წყლის სიჭარბისა.

ხოლო რაც სამყაროსთვის ცეცხლის აუცილებლობას შეეხება, ცხოვრებისეულ მოთხოვნილებათა იმდენად უვიცი არავინაა, რომ ამის შესახებ სიტყვიერი მოძღვრება სჭირდებოდეს. ცეცხლის ენერგიის მსახურებას არა მხოლოდ ყოველი ხელოვნება მოითხოვს, რომელიც კი ჩვენი ცხოვრებისათვის საჭიროა (ქსოვას, მეხამლეობას, კალატოზობას, მიწადმოქმედებას ვგულისხმობ), არამედ მცენარეთა აღმოცენებაცა და ნაყოფის დამწიფებაც, მიწისა და წყლის ცხოველთა დაბადებაცა და ისიც, რითაც ისინი იკვებებიან რომ არა თანამყოფობა სითბოსი, ან თავიდანვე არ იქნებოდა, ან დროთა განმავლობაში ვერ გაძლებდა.

ამგვარად, სითბოს შექმნა აუცილებელი იყო ყოველთა დაბადებულთა არსებობისა და სიცოცხლისათვის და ასევე აუცილებელი იყო ტენის სიუხვეც ცეცხლის მიერ მისი განუწყვეტელი და გარდაუვალი განადგურებისათვის.

6. გადახედე ყველა ქმნილებას და ნახავ, რომ ყოველში, რომელიც კი იბადება და კვდება (იხრწნება), სითბოს ძალა მეფობს. ესაა მიზეზი დედამიწაზე განფენილი წყლის სიმრავლისა, რომელიც ხილულთა ზედა ამაღლებული, დედამიწის ყველა ღრმულში დგას. აქედანაა დაუწყვეტელი წყაროები, წყალთა შესაკრებელი ჭები, მდინარეთა დინებანი როგორც წვიმისაგან წარმოშობილნი, ასევე დაუშრობელებისაც, რათა ტენის ბუნება მრავალ სხვადასხვა საცავში იქნეს დაცული. აღმოსავლეთიდან, ზამთრის ადგილებიდან, მოედინება მდინარე ინდოსი, მდინარე წყალთა შორის ყველაზე დიდი დინება, როგორც ამას დედამიწის გარშემოწერილობის აღმწერნი მოგვითხრობენ; ხოლო შუა აღმოსავლეთიდან ბაქტროსი, ხუასპი და არაქსი მეოდინება, რომელსაც ტანაისი გამოეყოფა და მეოტიის ტბაში ჩაედინება. ამათ გარდა, ფაზისიც, რომელიც კავკასიის მთებიდან გამოდის და ჩრდილოეთის ქვეყნებიდან გამოსული მრავალი სხვა ევქსინის პონტოსკენ მიედინება; ხოლო ზაფხულოვანი დასავლეთიდან, პირინეის მთებიდან, ტარტესოსი და ისტროსი გამოდიან, რომელთგაან პირველი ზღვას ბურჯებს იქით უერთდება, ხოლო ისტროსი, მოედინება რა ევროპაზე, პონტოში ჩადის.

საჭიროა ჩამოთვლა სხვებისა, რომლებიც სკვითიის მთათა გადაღმა, რიფეის მთებში იაბდებიან? მათ შორისაა როდანოსიცა და ბევრი სხვა მდინარეც, მათგან ზოგიერთი სანაოსნოც, რომელთაგან ყველანი, ჩაუვლიან რა დასავლეთის გალატების, კელტების და მათ მეზობელ ბარბაროსთა ქვეყნებს, დასავლეთის ზღვაში ჩაედინებიან. სხვები სამხრეთიდან, ზემო ქვეყნებიდან, ეთიოპიის გავლით მოედინებიან. მათი ნაწილი ჩვენს ზღვას ერთვის, ნაწილიც კი იმ ზღვაში ჩადის, რომელიც ნაოსნებისათვის უცნობია: ეგონი და ნისოსი, ხრემეტისად წოდებული და მათთან ერთად ნილოსიც, რომელიც ბუნებით, რაჟამს მსგავსად ზღვისა, ეგვიპტეს დატბორავს, მდინარეებს არც კი ჰგავს.

ამგვარად, ჩვენს მიერ დასახლებული ადგილი შემოვლებულია წყლით, ვრცელი ზღვებითაა მოცული და ურიცხვი დაუშრეტელი მდინარითაა მორწყული, ისე, რომ განმგებლის გამოუთქმელი სიბრძნით, ბუნება, რომელიც ცეცხლის საპირისპიროა, ძნელად განსალეველი ყოფილიყო; მაგრამ დადგება დრო, როცა ცეცხლი ყოველივეს გამოაშრობს, როგორც ესაიამ თქვა ყოველთა ღმრთის მიმართ: მეტყუელმან უფსკრულისამან: მოოჴრდი და მდინარეთა შენთა განვახმობ (ეს. 44.27). ამიტომაც ამაო სიბძნე განაგდე და ჩვენთან ერთად, თუმცა სიტყვით მარტივი, მაგრამ შემეცნების თვალსაზრისით უცდომელი სწავლება ჭეშმარიტებისა შეიწყნარე.

7. ამისთვის ითქვა: იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა. თუ რას ნიშნავს წმიდა წერილში სახელი მყარი (სამყარო) ნათქვამია, სახელდობრ, მყარს იგი არა უდრეკსა და მაგარ ბუნებას უწოდებს, რომელსაც სიმძიმე და სიმტკიცე*** აქვს, ასე რომ ყოფილიყო, ეს სახელი, საკუთრივ მისი მნიშვნელობით, ყველაზე მეტად დედამიწის შესაფერისი იქნებოდა, არამედ, პირიქით, რამდენადაც ყოველივე, რაც ზემოთაა, ბუნებით წმინდა, მსუბუქი და ყველა გრძნობისათვის მიუწვდომელია, მყარი მას ამ უმსუბუქესსა და გრძნობებით აღუქმელთან შედარებით უწოდა. წარმოიდგინე რაღაც ადგილი, განმყოფელი ტენისა, ის, რაც, თხელია და დაწურული, ზევითკენ წარემართება, ხოლო სქელი და მიწიანი დაბლა დარჩება, რათა ტენის თანდათანობითი განადგურებისას ეს კეთილნაზავი თავიდან ბოლომდე დაცული დარჩეს.

შენ არ გჯერა წყალთა სიმრავლე და ვერც მხურვალების სიდიდეს ხედავ, რომელსაც მაშინაც კი, როცა, შედარებით მცირეა, ბევრი ტენის განადგურება შეუძლია, რადგანაც იზიდავს ტენს, რომელიც ემორჩილება, როგორც ამას სისხლის გამოსაშვები ქილაც ცხადყოფს, ახლომახლოდან მიზიდულ ტენს კი, მსგავსად ლამპის ცეცხლისა, პატრუქისაგან შეწოვილ საზრდელს გარდაქმნისთანავე რომ წვავს, ანადგურებს. ვინ ეჭვობს იმას, რომე ეთერი ცეცხლოვანია და მწველი? დამბადებელს რომ იგი უცილობელი საზღვრებით არ აელაგმა, რა შეუშლიდა ხელს ალში გაეხვია და გადაებუგა ახლო-მახლო ყოველივე და ტენი, რომელიც არსებულებშია, მთლიანად გაენადგურებინა? გავარვარებულმა ეთერმა რომ ყოველივე არ გადაწვას, ამიტომაც არსებობს ჰაერის წყალი, შექმნილი მაღალი ადგილებიდან აზიდული ორთქლისაგან, რომელიც მდინარეებს, წყაროებს, ჭაობებსა და ზღვებს ასდის. ვხედავთ, რომ ზაფხულის ჟამს ეს მზეც, ხშირად უმოკლეს დროში, ნესტიანსა და  დაჭაობებულ ადგილს უნესტოდ და სრულიად მშრალად აქცევს. რა იქნა ეს წყალი? გვიჩვენონ მათ, რომელთაც ყველაფერი იციან. განა ყველასათვის ცხადი არაა, რომ მზის მხურვალებამ ააორთქლა და შთანთქა? მაგრამ ისინი მზის შესახებ ამბობენ, რომ მას სითბოც კი არ გააჩნია და ამგვარად პასუხიც ყველაფერზე მზად აქვთ. ნახეთ, რა საბუთს ეყრდნობიან, როცა იმას, რაც თვალსაჩინოა, ეწინააღმდეგებიან. ამბობენ, რომ რამდენადაც მზე ფერით არა მოწითალო და ყვითელი, არამედ სპეტაკია, ბუნებით მხურვალე არააო, სითბო სწრაფი ტრიალისაგან არისო,- ამასაც ამბობენ. და ეს მათ რისთვისღა სჭირდებათ? იმისთვის რათა დაამტკიცონ: ტენს მზე არ ანადგურებს; მე კი, თუმცა რასაც ამბობენ, მართალი არაა, იმდენად რამდენადაც ჩემს სიტყვას ეწევიან, გვერდს მაინც არ ავუვლი. რადგანაც ვთქვი, რომ წყალთა სიმრავლე მხურვალებისაგან მათ განსალევად იყო საჭირო, ერთსა და იმავე ნივთიერებებზე ერთნაირად ზემოქმედებისათვის უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს მზეს სითბო ბუნებით აქვს თუ მხურვალება რომელიმე შემთხვევის გამო შეეძინა. ცეცხლი ხის ნაჭრების ერთმანეთზე ხახუნით აღიგზნება და ალი გაჩნდება, თუ ისინი უკვე დანთებული კოცონისაგან დაიწვება, შედეგი ორივე შემთხვევაში თანაბარი და ერთნაირია. ჩვენ ვხედავთ დიდ სიბრძნეს სამყაროს განმგებლისას, - მზე ერთი ადგილიდან მეორეზე გადააადგილოს, რათა მუდმივად ერთ ადგილზე არ დარჩეს და სითბოს გარდამეტებით წესრიგი არ დაირღვეს. ზამთრის დადგომისას იგი სამხრეთ ნაწილისაკენ მიჰყავს, ხოლო სხვა დროს – დღე-ღამის გათანაბრების ნიშნულისაკენ, იქიდან კი ზაფხულის დადგომისას, - ჩრდილოეთისაკენ გადაანაცვლებს და ასე მისი თანდათანობითი გადაადგილებითაა დაცული დედამიწის შემოგარენში კეთილშეზავებულობა. თავად განსაჯონ, ეწინააღმდეგებიან თუ არა თავიანთ თავს ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ზღვა არ იმატებს მდინარეთაგან იმ დანაკლისის გამო, რომელსაც მზე აყენებს. ამასთან, მარილიანიცა და მწარეც რჩება, რადგან წმინდასა და სასმელად ვარგის წყალს სითბო ნთქვავს; და ეს უმეტესწილად იმ განყოფის შედეგია, რომელსაც მზე ახდენს, წარიტაცებს რა მსუბუქს, ხოლო მიწიანს და სქელს, ვითარცა რაღაც ლაფსა და მთხლეს, ტოვებს. ამიტომაცაა ზღვის წყალი მწარე, მლაშე და ცხარე. ისინი, რომელნიც ზღვის შესახებ ამას ამბობენ, ახლა ისევ შეიცვალნენ და ამტკიცებენ, რომ მზისაგან არავითარი ტენის შემცირება არ ხდება.

და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ (შესაქ. 1.8). მართალია, ეს სახელი სხვას უფრო შეშვენის, მაგრამ სამყარომ იგი მსგავსებით მიიღო. ვხედავთ, რომ ხშირად ცად იწოდება ხილული სივრცე (რომელიც ჰაერის სიხშირისა და შემტკიცების გამო ჩვენს მზერას ემორჩილება და ხილვადობის წყალობით ღირსია, რომ ცა ეწოდოს), მაგალითად, როცა ამბობენ: მფრინველნი ცისანი (ფს. 8.8) და კიდევ: მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა (შესაქ. 1.20), ამგვარივეა გამოთქმა: აღვლენან ცამდე (ფს. 106.26). აკურთხა რა, მოსემ იოსების ტომს კურთხევა საზღვართაგან ცისათა და ცუარითა, წყაროთაგან უფსკრულთასა ქუესკნელად აღმოცენებისა, ჟამთა ნაყოფთა მათ  მზისათა დამდაბლებასა, თავთა მთათა მათ საუკუნეთასა და თხემსა ბორცუთა მათ სამარადისოთა მისცა (II შჯ. 33. 13-15), რადგან ყოველივე ამის კეთილმოწყობით დედამიწის შემოგარენი აყვავდება; ხოლო ისრაელის წყევლისას ამბობს: გექმნეს შენ ცაჲ ზესკნელს მუნ თავს შენსა. ვითარცა რვალი (II შჯ. 28.23). და რას ნიშნავს ეს? სრულ სიმშრალეს და ჰაერის წყალთა მოკლებას, რომელნიც დედამიწას ნაყოფიერებას ანიჭებენ. ამიტომ, როცა ამბობენ, რომ ცვარი და წვიმა ციდან მოდის, იმ წყლებს მოვიაზრებთ, რომელნიც ზენა ქვეყანაში არიან განწესებულნი. მიწიდან ასული ორთქლი სიმაღლესა შინა შეიკრიბება და ქართა შეკუმშვით ჰაერი გასქელდება, ხოლო რაჟამს აქამდე ღრუბელში წვრილ-წვრილად გაბნეული, ორთქლის მსგავსი ტენი ერთმანეთთან შემჭიდროვდება, წარმოიქმნება წვეთები, რომელნიც, ნაწილთა შეერთებისაგან დამძიმებულნი, დაბლა მოექანებიან. ასეთია წარმოშობა წვიმისა; ხოლო როცა მძაფრი ქარებისაგან დაფანტული ტენი უკიდურესად გაცივდება და სრულიად გაიყინება, გაბნეული ღრუბლებიდან წამოვა თოვლი. ზემოთქმულის მიხედვით, შენ შეგიძლია საერთოდაც განიხილო მთელი ბუნება ტენისა, რომელნიც ჩვენს თავთა ზემოთ, ჰაერშია დამტკიცებული.

სულიერი მოძღვრების სიმარტივესა და სიწრფელეს ნურავინ შეადარებს იმათ სივერაგეს, რომელნიც ცის შესახებ გადაჭარბებული ცნობისმოყვარეობით სიბრძნიმეტყველებენ, რადგან, რამდენადაც სილამაზე უბიწოებისა უპატიოსნესია მეძაობაზე, ჩვენი სწავლებაც გარეშე სწავლებათაგან იმდენად განსხვავდება; ისინი ხომ მოძღვრებას დამაჯერებლობას ნაძალადევად აძლევენ, მაშინ, როცა აქ ყოველგვარი გამონაგონისაგან განძარცვული ჭეშმარიტება გვაქვს.

საჭიროა კი, რომ ჩვენ მათი სიცრუის სამხილებლად გავისარჯოთ? განა საკმარისი არ იქნება ისიც, რომ, რამდენადაც მათი წიგნები ერთმანეთს თვითონ ამხელენ, ამ კამათის სრულიად მშვიდ მაყურებლად დავრჩეთ? რადგან მათ არც რიცხობრივად და არც ღირსებებით არ ჩამოუვარდებიან, ხოლო მრავალსიტყვაობის თვალსაზრისით, ბევრად უფრო დიდი უპირატესობაც კი აქვს ამ სწავლების საპირისპირო მოძღვრების დამცველებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სამყარო გადაიბუგება და იმ თესლისაგან, რომელნიც ნახანძრალში დარჩება, კვლავ გაცოცხლდება. აქედან გამომდინარე შემოაქვთ მათ დაუსრულებელი ხრწნა და კვლავ განახლება სოფლისა, მაგრამ მიდრკნენ რა ჭეშმარიტებისაგან როგორც ერთი ისე მეორე მხარე, აქაც და იქაც ცდომილებისათვის გზები იპოვეს.

9. ხოლო ჩვენ განყოფილ წყალთა შესახებ ორიოდე სიტყვა უნდა ვუთხრათ იმ განმმარტებლებს, რომლებიც ეკლესიიდან არიან და რომელთაც განსწავლულობისა და მაღალი აზროვნების მომიზეზებით სახისმეტყველებას მიმართეს და ამბობენ, რომ წყლებში გადატანითი მნიშვნელობით სულიერი და უსხეულო ძალები იგულისხმება: მაღლა, სამყაროს ზევით სრულყოფილნი არიან დამტკიცებულნი, ხოლო ქვემოთ, მიწასა და ნივთიერ ადგილთა ზედა, ბოროტი ძალები მკვიდრობენ. მათი განმარტებით, ამიტომაც ითქვა, რომ ღმერთს წყალნი ზესკნელს ცათანი (ფს. 148.4) ანუ ის კეთილი ძალები აქებენ, რომელნიც გონების სიწმინდის გამო დამბადებლისათვის შესაფერისი ქების მიძღვნის ღირსნი არიან, ხოლო ცის ქვეშე არსებული წყალნი ის უკეთური სულებია, რომელნიც თავიანთი ბუნებით სიმაღლიდან ბოროტების უფსკრულში ჩაცვივდნენ. ბორგნეულებს, მშფოთვარეთა და ვნებათაღელვით ამბოხებულებს სწრაფი ცვალებადობისა და დაუდგრომელ ტალღებთან მსგავსების გამო ზღვა ეწოდათ.

მაგრამ ამგვარი სწავლებანი, ვითარცა სიზმართა ახსნასა და დედაბერთა ზღაპარნი უარვყოთ, წყალი წყლად მოვიაზროთ და მისი გაყოფა მყარის მიერ ზემოთ გადმოცემული მიზეზისამებრ შევიწყნაროთ. თუმცა ყოველთა მეუფისადმი საერთო დიდებისმეტყველებას ზოგჯერ წყალნი ზესკნელს ცათანი-ც უერთდებიან, მაგრამ ამის გამო მათ გონიერი ბუნების მქონედ არ მივიჩნევთ, რადგან არც ცანი, რომელნიც მიუთხრობენ დიდებასა ღვთისას, არიან სულიერნი და არც მყარია ცოცხალი და მგრძნობიარე, თუმცა ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს (ფს. 18.1). თუ ვინმე იტყვის, რომ ცანი მჭვრეტელობით, ხოლო მყარი საქმიანსა და შემსრულებელ ძალებს ნიშნავს, რაც დასაშვებია, როგორც მახვილგონივრულ სიტყვას შევიწყნარებთ, მაგრამ იმას, რომ იგი ჭეშმარიტებაა, ბოლომდე ვერ დავეთანხმებით, რადგან მაშინ ცვარს, თრთჳლს, ყინულს და სიცხესაც, რომელთაც დანიელთან ყოველთა დამბადებლის ქება აქვთ ნაბრძანები, რაღაც გონიერი და უხილავი ბუნება უნდა ჰქონდეთ (დან. 3.34-72). პირიქით, კანონი, რომელიც მათში იმ ადამიანებმა, რომელთაც გონება აქვთ, მჭვრეტელობით შეიცნეს, დამბადებლის დიდებისმეტყველებას ავსებს, რადგან არა მხოლოდ წყალს, რომელიც ზეცათა მაღლაა, ხვდა პატივი აღმატებული სათნოების გამო ქება უძღვნას ღმერთს, არამედ, როგორც ნათქვამია, უფალს ქვეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნიც აქებენ (ფს. 148.7). ამიტომაც უფსკრული, რომელიც წმ. წერილის ალეგორიულად განმმარტებლებმა უარეს ნაწილს მიაკუთვნეს, მეფსალმუნემ არა თუ განგდებულად შერაცხა, არამედ, რამდენადაც მასში ჩადებული კანონების მიხედვით შემოქმედის სადიდებელს მწყობრად აღავლენს, ისიც ქმნილებათა საერთო ქოროს შეუერთა.

10. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ (შესაქ. 1.8). ღმრთის თვალებს სიამოვნებას მისივე ქმნილებანი კი არ ანიჭებენ და არც მის მიერ კეთილის შეწყნარებაა ისეთი, როგორიც ჩვენი, არამედ მისთვის კეთილია ის, რაც ხელოვნების კანონით გასრულდა და რაც კეთილსახმარი მიზნებისკენაა წარმართული. ვისაც ქმნილებათა ცხადი მიზანი წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული, მან, რამდენადაც მისი მიზნის აღსრულებას ემსახურებოდნენ, დაბადებულთა ნაწილებიც შეიწყნარა, რომელნიც მისი ხელოვნების კანონებს შეესაბამებოდნენ. როცა ხელი ცალკეა, თვალი კი ცალკე და ქანდაკების ყოველი ნაწილი გაფანტულია, ეს სანახაობა ყველასთვის მშვენიერი როდი იქნება; ხოლო როცა თითოეული ნაწილი თავ-თავის ადგილზე დადგება, ბოლოს და ბოლოს წარმოჩნდება სილამაზე თანაზომიერებისა და მას თვით უმეცარიც კი შეამჩნევს. მაგრამ, რადგანაც შემოქმედი თითოეულის სილამაზეს გამთლიანებამდე ხედავს და მათი გასრულებული სახეც წინასწარ იცის, ყოველ მათგანს აქებს. ამ შემთხვევაში ღმერთი იმ ხელოვანთა მსგავსადაა წარმოდგენილი, რომელნიც საკუთარ ქმნილებათა ნაწილებს აქებენ; სამაგიეროდ, რაჟამს გასრულდება, ღვთის შესაფერის ქებას თავის მხრივ ერთად აღებული მთელი სამყაროც იტყვის.

აქ შევწყვიტოთ სიტყვა მეორე დღის შესახებ, რათა გულმოდგინე მსმენელებს დრო მივსცეთ იმისათვის, რომ, რაც მოისმინეს, გამოიძიონ, თუ რამე სასარგებლოა, დაიმახსოვრონ და საგულდაგულო განსჯით, ისევე როგორც საჭმლის მონელების შემდეგ, აღმოცოხნის სარგებელს დაელოდონ; ხოლო სოფლის საქმეთაგან მოუცლელებს მოცალეობა მიეცეთ, რათა დროის ამ შუალედში რაც საზრუნავი აქვთ, მოაგვარონ და მწუხრისას სიტყვის ნადიმზე ზრუნვათაგან განწმენდილი სულებით მოვიდნენ.

დიდთა საქმეთა შემოქმედმა ღმერთმა, რომელმაც ჩვენს მიერ ამ მცირე სიტყვის წარმოთქმაც განაგო, მოგცეს თქვენ ყოველსა შინა გულისხმისყოფა მისი ჭეშმარიტებისა, რათა ხილულთაგან უხილავი შეიცნოთ და ქმნილებათა დიდებულებისა და სილამაზისაგან ჩვენი დამბადებლის შესახებ შესაფერისი წარმოდგენა შეიძინოთ, რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ (რომ. 1.20).

მიწაც და ჰაერიც, ზეცაც და წყალიც, დღეცა და ღამეც და საერთოდ, ყოველივე, რასაც ვხედავთ, ჩვენს კეთილისმყოფელს განცხადებულად უნდა გვახსენებდეს. არც ცოდვებს მივსცემთ დრო-ჟამს და არც მტერს დავუტოვებთ ადგილს ჩვენს გულებში, უკეთუ განუწყვეტელი მოხსენიებით ჩვენს ღმერთს დავამკვიდრებთ, რომლისა არს ყოველივე დიდება და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


* სიღრმე იგივეა, რაც სიგრძე.

** რასაც წინააღმდეგობის უნარი აქვს, დაუთმობელია.

*** წინააღმდეგობის უნარი აქვს.

 

ჰომილია IV

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

წყალთა შესაკრებელის შესახებ

1. არის ზოგიერთი ქალაქი, სადაც საკვირველ საქმეთა მოქმედნი ადრიანი დილიდან ვიდრე საღამომდე მაყურებელთა მზერას მრავალფეროვანი სანახაობებით ასაზრდოებენ; და რამდენადაც არ უნდა ისმინონ მათ საჩოთირო და განმხრწნელი მელოდიები, რომელნიც სულთა შინა უცილობლად მრავალი სახის გარყვნილებას წარმოშობენ, მაინც ვერ ძღებიან. ბევრი ასეთ ადამიანებს შენატრის კიდევაც, რადგან მიატოვეს რა სავაჭრო მოედანი და ხელობა, რომლითაც ცხოვრობდნენ, მათთვის განსაზღვრულ სიცოცხლის ჟამს გართობასა და უქმად ყოფნაში ატარებენ. მათ არ იციან, რომ თეატრი, სავსე ურცხვი სანახაობებით, მათთვის, ვინც ამ სანახაობებს ესწრება, გარყვნილების საერთო-სახალხო სასწავლებელს წარმოადგენს და რომ თვით მწყობრი ხმები ფლეიტისა და ბილწი სიმღერები, რომლებიც მსმენელთა სულებზე აღიბეჭდება, სხვა არაფრისაკენ აქეზებენ მათ, თუ არა ურცხვობისა და იმისაკენ, რომ ფლეიტასა და ქნარზე დამკვრელებს მიბაძონ, ხოლო ცხენთა რბოლის თავდავიწყებით მოყვარულნი ცხენებს ერთმანეთს სიზმარშიც კი აჯიბრებენ, ეტლებში ხელახლა აბამენ და ცვლიან მეეტლეებს, ასე რომ, მთელი დღის უგუნურება მათ არც ძილის ოცნებებში ტოვებს. ჩვენ კი, რომელთაც დიდმა საკვირველთმოქმედმა ხელოვანმა უფალმა მისთა საქმეთა სახილველად მოგვიწოდა, შეიძლება მათმა ჭვრეტამ მოგვქანცოს ან სულიწმიდის სიტყვების მოსმენისათვის ვიზარმაცოთ? თუ პირიქით, ღმრთის მიერ შექმნილ ამ დიდსა და მრავალფეროვან სამყოფელს გარს უნდა შემოვუაროთ, ყოველი აზრით დროზე უნდა ავმაღლდეთ და სამყაროს სამკაულები ვიხილოთ? კერძოდ, როგორ დგას ცა, წინასწარმეტყველის სიტყვისაებრ ვითარცა თაღი (ეს. 40.22) და დედამიწა – მისი უსაზღვრო სიდიდითა და სიმძიმით, თავისთავზევე დაყრდნობილი და ჰაერი განფენილი, ბუნებით ლბილი და ნოტიო, ყველას, ვინც კი სუნთქავს, ბუნებრივსა და უცილობელ საზრდელს რომ აწვდის. თავისი სირბილის გამო მოძრავ სხეულებს რომ ემორჩილება და ადვილად განიპობა მათ მიერ (ისე რომ, მასში მავალთათვის არავითარ დაბრკოლებას არ წარმოადგენს), და ყოველთვის ადვილად გადაადგილდება და განეფინება მათ უკან, რომელნიც კვეთენ. და ბუნება წყლისა, მასაზრდოებელი და ჩვენი სხვა საჭიროებებისათვის გამზადებული, მისი მოწესრიგებული შეკრება შემოსაზღვრულ ადგილთა შინა – ამას ყოველივეს დაინახავ იმისაგან, რაც ახლახან წავიკითხეთ.

2. და თქუა ღმერთმან: შეკერბიდ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდინ ჴმელი! და იქმნა ეგრეთ: და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი. და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ (შესაქ. 1.9-10). რა დიდი ჯაფა დამაყენე წინა საუბრებში, ეძიებდი რა მიზეზს იმისა, რატომ იყო დედამიწა უხილავი, მაშინ, როცა ყველა სხეულს ბუნებრივად აქვს ფერი, ხოლო ყველა ფერი მზერით აღიქმება?

შესაძლოა, შენ საკმარისად არ გეჩვენება ნათქვამი იმის თაობაზე, რომ დედამიწა უხილავი იყო არა ბუნებით, არამედ მხოლოდ ჩვენთვის, მიზეზით წყლისა, რომლითაც მაშინ მთელი ხმელეთი იყო დაფარული. აჰა, ახლა თვით წმიდა წერილს მოუსმინე, რომელიც თავისთავს თვითონვე განმარტავს: შეკრბა წყალი და გამოჩნდა ხმელეთი. გადაიხსნა კრეტსაბმელი, რათა ის, რაც მანამდე უხილავი იყო, გამოჩენილიყო.

ეგების ვინმემ ისიც იკითხოს, პირველ რიგში, იმას, რაც წყლის ბუნებაა – დაბლა დაქანება, წმ. წერილი შემოქმედის ბრძანებას რატომ მიაწერსო? წყალი ხომ, რომელიც აქამდე ვაკეზე წევს, უძრავია იმიტომ, რომ სადინარი არსაით აქვს, ხოლო თუ დაქანებული ადგილი შეხვდა, მისი პირველი ნაკადი მსწრაფლ ამოძრავდება, მის ადგილს მომდევნო დაიჭერს, ხოლო მომდევნოს მომდევნო მოჰყვება, ასე რომ წინა ნაწილი მუდმივად გარბის, მომდევნო კი მისდევს და მათი დინება მით უფრო სწრაფია, რაც უფრო დიდია სიმძიმე დაქანებული წყლისა და დაფერდება იმ ადგილისა, საიდანაც ჩამოედინება. და მართლაც, უკეთუ წყალი ბუნებითაა ამგვარი, ბრძანება იგი – შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა, ზედმეტი ყოფეილა, რამდენადაც ბუნებით დაღმა მავალი, ყველა ფერდიდან თავისთავად უნდა ჩაღვრილიყო ჩაღრმავებულ ადგილებში და მანამდე უნდა ედინა, ვიდრე არ მოვაკდებოდა ზურგი მისი, რადგან არაფერია უფრო ბრტყელი, ვიდრე ზედაპირი წყლისა. შემდეგ: იმასაც ამბობენ, წყალს ერთ ადგილას შეკრება როგორ ებრძანა, როცა მრავალ ზღვას ვხედავთ და თანაც ერთმანეთისაგან ფრიად დიდი მანძილით დაშორებულსო.

გამოსაძიებელი პირველი საკითხის შესახებ ვიტყვით შემდეგს: წლის მოძრაობანი, რომ იგი ყოველმხრივ მიედინება, დაუდგრომელია და ბუნებით უფსკრულებისა და ჩაზნექილი ადგილისაკენ მიექანება, შენთვის უფრო მეტად ცნობილი უფლის ბრძანების შემდეგ გახდა, ხოლო როგორი ძალა ჰქონდა მას ადრე და რომ არა ეს ბრძანება, ექნებოდა თუ არა მას ასეთის წრაფვა მოძრაობისაკენ, ეს არც შენ იცი და არც თვითმხილველისაგან მოგისმენია.

მოიაზრე, რომ ხმა ღმრთისა შემოქმედია ბუნებისა და რომ ბრძანებამ, რომელიც მაშინ ქმნილებებს მიეცა, წესრიგი მათ შორის (შესაქმისა) ვიდრე აქამომდე განსაზღვრა. დღე და ღამე ერთგზის შეიქმნა, მაგრამ ისინი იმიერიდან ვიდრე ამჟამამდე ენაცვლებიან ერთმანეთს, ყოფენ რა დროს მარადის თანაბარ ნაწილებად.

3. შეკერბიდ წყალნი – ებრძანა წყლის ბუნებას, რათა მდინარებდეს და ამ ბრძანებისამებრ განუწყვეტელი სწრაფვისათვის არასოდეს დაიღალოს. როცა ამას ვამბობ, წყალთა იმ ნაწილს ვგულისხმობ, რომელნიც მდინარებენ, რადგან ზოგიერთნი თავისით დიან, როგორც მაგალითად წყალნი წყაროთა და მდინარეთანი, ხოლო სხვები, ერთ ადგილას შეკრებილნი, უძრავად დგანან. ამჯერად ჩემი სიტყვა იმ წყლებს შეეხება, რომელნიც მოძრაობენ.

შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა. თუ ოდესმე წყაროსთან მდგარხარ, რომელიც წყალს უხვად იძლევა, გონებაში არ დაგბადებია კითხვები: ვინ არის აღმომაცენებელი დედამიწის სიღრმიდან ამ წყლისა? ვინ აიძულებს წინ ისწრაფვოს? როგორია ის საგანძურნი, საიდანაც ამოედინება? რას წარმოადგენს ადგილი, საითკენაც მიისწრაფვის? ან საგანძურებს რატომ არ აკლდება, ან ის ადგილები, სადაც ჩაედინება, რატომ არ ივსება? ყოველივე ეს იმ პირველ ხმაზეა დამოკიდებული. მან მისცა წყალს ძალა ამოძრავებისა. წყლის შესახებ ყოველგვარი თხრობისას პირველი ხმა გაიხსენე: შეკერბიდ წყალნი და ისიც უნდა ამოძრავებულიყო, რათა თავისი ადგილი დაეკავებინა, ხოლო რაჟამს შემოსაზღვრულ ადგილებს მიაღწევდა, დამდგარიყო და აღარ გადმოსულიყო. ამიტომაც ვითარცა ეკლესიასტე ამბობს: ყოველი ჴევნები შესდის ზღუასა და ზღუა ვერ განძღების (ეკლ. 1.7), რადგანაც დინება წყალთა შედეგია ღმრთის ბრძანებისა, ხოლო ზღვის საზღვრებით შემოზღუდვა – პირველი სჯულდებულებისა.

შეკერბიდ წყალნი შესაკრებელს ერთსა. იმისათვის, რომ მდინარე წყალი თავისი ადგილებიდან არ გადმოღვრილიყო, უფრო და უფრო შორს არ წასულიყო, ერთი-მეორის მიყოლებით არ აღევსო ყოველი და მთელი ხმელეთი არ დაენთქა, ებრძანა წყალთა შეკრება შესაკრებელსა ერთსა. ამიტომაც ხშირად ქარებისაგან გაგიჟებული ზღვა და ფრიად მაღალი, ყალყზე წარმომართული ზვირთები ნაპირს შეეხებიან თუ არა, სწრაფად ქაფად ექცევათ და უკან იხევენ. არა გეშინისა ჩემგან, ამბობს უფალი, რომელმაც შევქმენ ქვიშაჲ საზღვრად ზღვისა? (იერ. 5.22). იმ ქვიშით, რომელიც ყველაზე უსუსურია, გაუსაძლისი ძალაა აღვირამოდებული. რა დააყენებდა მეწამულ ზღვას ეგვიპტეზე გადმოსასვლელად, რომელიც მასზე დაბალია მდებარეობითა და რა შეუშლიდა ხელს ეგვიპტესთან მიმდებარე ზღვებთან შეერთებაში, დაბორკილი რომ არ ყოფილიყო ბრძანებით თავისი შემოქმედისა?

რომ ეგვიპტე მეწამულ ზღვაზე დაბლაა, ამაში საქმით დაგვარწმუნეს იმათ, რომელთაც სურდათ ერთმანეთთან შეეერთებინათ ზღვები ეგვიპტისა და ინდოეთისა, რომელზეც მეწამული ზღვაა.

ამავე მიზეზით თქვეს უარი თავიანთ წამოწყებაზე ეგვიპტელმა სესოტორისმა, რომელმაც საქმე პირველად დაიწყო და შემდეგ მიდიელმა დარიოსმაც, რომელსაც მისი დამთავრება სურდა. ამას ვამბობ, რათა შევიცნოთ ძალა ბრძანებისა: შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა, ანუ ამიერიდან ისინი სხვაგან უკვე ვეღარ გადავიდოდნენ, არამედ შეკრებილნი მათ პირველსავე შესაკრებელსა შინა უნდა დარჩენილიყვნენ.

4. შემდეგ, ვინც თქვა: შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა, გვიჩვენა, რომ წყალი ფრიად ბევრი იყო და მრავალ ადგილას გაბნეული, რადგან მთათა ხეობები და ღრმა უფსკრულები წყალთა შესაკრებელნი იყვნენ. ასევე მრავალი დაბლობი და ვაკე ადგილი, რომელნიც სივრცელით უდიდეს ზღვებსაც კი არ ჩამოუვარდებიან, ურიცხვი სიმრავლე ველებისა და ღარტაფებისა, რომლებიც სხვადასხვა სახის ღრმულებს ქმნიდნენ და მაშინ წყლით სავსენი იყვნენ, ღმრთის ბრძანებით დაცარიელდნენ და ყოველი მხრიდან ერთი შესაკრებელისაკენ ისწრაფეს. ნურავინ იტყვის, რომ რადგანაც წყალი მიწაზე მაღლა იყო, ყველა ღრმული, რომელნიც ახლა ზღვებს იტევენ, ისედაც უკვე სავსე იქნებოდა, და რომ, რამდენადაც უკვე წინასწარ იყვნენ დაკავებულნი, წყალთა შესაკრებელნი ვერ გახდებოდნენ. ამის თაობაზე ვიტყვით, რომ მაშინ, როცა წყალს ერთად შეკრება ებრძანა, ჭურჭლები უკვე გამზადებული იყო, რადგან არც ზღვა გადირის მიღმა და არც ის დიდი და მენავეთაგან შეუკადრებელი ზღვა, რომელიც ბრეტანიის კუნძულსა და დასავლეთის იბერიას ადგას გარს, ჯერ კიდევ არ არსებობდა; ხოლო როცა ღმრთის ბრძანებით ვრცელი სათავსი შეიქმნა, სიმრავლე წყალთა მასში ჩაედინა.

მათ, რომელნიც შეგვეპასუხებიან და გვეტყვიან, რომ სამყაროს შესაქმეზე ჩვენი სწავლება გამოცდილებას ეწინააღმდეგება (რადგან ვხედავთ, რომ მთელი წყალი ერთ შესაკრებელსა შინა არ შეკრებილა), შეიძლება მრავალი რამ ვუთხრათ და თანაც ყველასთვის თავისთავად ცნობილი. მათთან კამათი სასაცილოც კია, ნუთუ ისინი ჩვენ ჭაობებსა და წვიმისაგან შეკრებილ წყლებზე მიგვითითებენ და იფიქრებენ, რომ ჩვენს სწავლებას ამით ამხელენ?

მაგრამ ერთი შესაკრებელი ხომ წყალთა ყველაზე დიდსა და სრულ შესაკრებელს ეწოდა. ასე ხომ ჭებიც ხელითქმნილი შესაკრებლებია წყლისა, რომელიც მიწის სიღრმეში გაფანტული სინოტივისაგან წარმოიშობა. ამიტომ სიტყვა შესაკრებელი ეწოდება არა წყალთა რომელიმე თავმოყრას საერთოდ, არამედ უპირატესსა და უდიდესს, რომელშიც მთელი ეს სტიქია აღმოჩნდა შეკრებილი. ისევე როგორც ცეცხლი აქაურ საჭიროებათათვის უმცირეს ნაწილებადაა დამსხვრეული, მაშინ როცა ეთერში მთლიანობაში განიფინება და ვითარცა ჰაერი, წვრილ-წვრილად დაყოფილი, ერთობლიობაში მიწის ზედა სივრცეს ავსებს, წყლის შესახებაც ამგვარად უნდა მოვიაზროთ: თუმცა იგი პატარ-პატარა შესაკრებლებადაა დაცალცალკევებული, მაგრამ შესაკრებელი, რომელიც მთელ ამ სტიქიას დანარჩენი სტიქიებისაგან გამოყოფს, ერთია.

ტბანი, რომელნიც ჩრდილოეთის მხარეში, საბერძნეთის საზღვრებთან, მაკედონიაში, ბითვინიასა და პალესტინაშია, რაღა თქმა უნდა, შესაკრებელნი არიან; მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში იმ შესაკრებელზე ვლაპარაკობთ, რომელიც ყველას აღემატება და სიდიდით დედამიწასაც კი უთანაბრდება. არავინ კამათობს იმის თაობაზე, რომ ამ ტბებში წყალთა სიმრავლეა, მაგრამ მათ ზღვას, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით არავინ უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი, მსგავსად დიდი ზღვისა, მარილსა და მიწის ნაწილებს შეიცავს, როგორც, მაგალითად მკვდარი ტბა იუდეაში და სერბონი, რომელიც ეგვიპტესა და პალესტინას შორის, არაბეთის უდაბნოშია გადაჭიმული. ესენი ტბები არიან, ზღვა კი ერთია, როგორც ამას ისინი მოგვითხრობენ, რომელთაც დედამიწა შემოიარეს.

თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჰირკანიისა და კასპიის ზღვები მხოლოდ საკუთარ საზღვრებში არიან მოქცეულნი, მაგრამ თუ დედამიწის აღმწერელთა მონათხრობი ყურადღების ღირსია, კავშირი მათ შორისაც არსებობს და ყველანი ერთად დიდ ზღვაში ჩაედინებიან, ისევე როგორც მეწამული ზღვის შესახებ ამბობენ, რომ იგი უერთდება ზღვას, რომელიც გადირის უკან მდებარეობს.

მაგრამ იტყვიან: რატომ უწოდა ღმერთმა წყალთა შესაკრებლებს ზღვები? იმიტომ, რომ თუმცა წყალნი ერთი შესაკრებლისაკენ მიისწრაფოდნენ, უფალმა იმ შესაკრებლებსაც ანუ უბეებს, რომელთაც გარემომცველი მიწისაგან განსაკუთრებული სახე მიიღეს, ზღვები უწოდა: ზღვა ჩრდილოეთისა, ზღვა სამხრეთისა, ზღვა აღმოსავლეთისა და აგრეთვე დასავლეთისა. ზღვებს საკუთარი სახელებიც მიეცა: ევქსინოს პონტო, პროპონტისი, ჰელესპონტი, ზღვები ეგეოსისა, იონიისა, სარდიისა, სიცილიისა და ტვირონისა. კიდევ მრავალია სახელი ზღვებისა, რომელთა ზუსტი აღრიცხვაც ამჟამად შორს წაგვიყვანდა და შეუფერებელიც იქნებოდა. ამიტომაც უწოდა ღმერთმა წყალთა შესაკრებლებს ზღვები; მაგრამ ეს ყველაფერი სიტყვამ მოიტანა, ჩვენ კი იმას დავუბრუნდეთ, საიდანაც დავიწყეთ.

5. და თქუა ღმერთმან: შეკერბიდ წყალნი შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდინ ჴმელი. როგორც ვხედავთ, არ უთქვამს მიწა გამოჩნდესო, რათა განუმზადებელი, წყალთან არეული თიხა არ ეჩვენებინა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული არც საკუთარი სახე და არც ძალი. და კიდევ: მზე რომ არ გვგონებოდა მიზეზი გახმობისა, შემოქმედმა უწინარესად მზის დაბადებისა შექმნა სიხმელე მიწისა.

გონებით წარმოიდგინე დაწერილი, კერძოდ, არა მხოლოდ ჭარბი წყალი ჩამომდინარდა დედამიწიდან, არამედ ისიც გამოვიდა, რომელიც მის სიღრმეში თიხასთან აღრეული იყო, დაემორჩილა რა უფლის გარდაუვალ ბრძანებას.

და იქმნა ეგრეთ. ეს სიტყვა საკმარისია, რათა გვაჩვენოს, რომ შემოქმედის ხმა საქმედ იქცა. თუმცა, ნუსხათაგან მრავალში მათ დართული აქვს: “შეკრბეს წყალნი იგი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცასა შესაკრებელსა თჳსსა და გამოჩნდა ჴმელი”, მაგრამ ეს სიტყვები არც რომელიმე განმმარტებელს მოუცია და როგორც ჩანს, არც ებრაულში იკითხება, რადგან იმის დამოწმების შემდეგ, რომ ასე მოხდა (და იქმნა ეგრეთ), კვლავ ახსნა-განმარტების მოცემა მართლაც ზედმეტია. გამართულ ნუსხებში ამ სიტყვებზე ოველისკოსია*, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი უარყოფილია.

და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ. რატომაა ნათქვამი ამის წინ: შეკერბიდ წყალნი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა და გამოჩნდა ჴმელი, ისევე როგორც აქაც: და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანა? იმიტომ, რომ სიხმელე თვისებაა, რომელიც საგნის ბუნებას განმასხვავებელი ნიშნით გამოარჩევს, მიწა კი რაღაც შიშველი სახელწოდებაა ქმნილებისა. ისევე როგორც მეტყველება დამახასიათებელი თვისებაა ადამიანისა, ადამიანი კი არის სიტყვა, რომელიც მიგვანიშნებს ცოცხალზე, რომელიც მეტყველია, ასევე სიხმელე თვისებაა მიწისა, ამასთან უპირატესი. ვისთვისაც სიხმელე საკუთარი თვისებაა, იმას მიწა ეწოდა, ისევე როგორც მას, ვისი საკუთარი თვისებაც ჭიხვინია – ცხენი.

და ეს მხოლოდ დედამიწასთან მიმართებით როდია ასე, არამედ დამახასიათებელი და განმასხვავებელი თვისება ყველა სხვა სტიქიასაც აქვს, რომელიც სხვებისაგან გამოარჩევს და ყოველივე მათგანის რაგვარობას შეგვაცნობინებს. ასე მაგალითად, წყლის საკუთარი თვისებაა სიცივე, ჰაერისა – სინოტივე, ცეცხლისა – სიმხურვალე. მათი, როგორც შედგენილ საგანთა პირველადი სტიქიების, დასახელებული თვისებები მხოლოდ გონებით განიჭვრიტება, ხოლო სხეულებში შეპირისპირებისას, რაჟამს შეგრძნებებს ემორჩილებიან, შეუღლებული თვისებები აქვთ. ხილული და შეგრძნებადი ნივთიერებებიდან არცერთი არაა განცალკევებულობის თვალსაზრისით მარტო, მარტივი და შეურევნელი. არამედ დედამიწა ხმელია და ცივი, წყალი ნოტიო და ცივი, ჰაერი მხურვალე და ნოტიო, ცეცხლი მხურვალე და ხმელი. ასე რომ, თვისებათა შეუღლებით სტიქიებში წარმოიშობა ძალა თითოეულის თითოეულთან შეერთებისა, რადგანაც ყოველივე რომელიც საერთო თვისებით მოსაზღვრე სტიქიას შეერევა, მონათესავესთან ზიარების შედეგად საპირისპიროსაც შეუერთდება. მაგალითად მიწა, რომელიც ხმელია და ცივი, საზიარო თვისებით – სიცივით შეერევა წყალს, წყლის საშუალებითYკი – ჰაერს, რადგანაც წყალი ორივეს შორისაა განწესებული და თავისი თვისებებით, თითქოს ორი ხელით, მისი მეზობელი სტიქიებიდან ერთსაც და მეორესაც ეხება: სიცივით მიწას, ხოლო სინოტივით – ჰაერს. და კიდევ: ჰაერი თავისი შუამავლობით შემარიგებელია ბუნებით ერთმანეთთან მებრძოლი წყლისა და ცეცხლისა; ცეცხლი კი, რომელიც ბუნებით მხურვალეა და ხმელი, სიმხურვალით ჰაერს შეეყოფა, სიხმელით კი ისევ დედამიწასთან შესაერთებლად მიიქცევა. ასე წარმოიშობა წრე და მწყობრი ქორო შედეგად სტიქიათა შორის თანხმობისა და შესაბამისობისა. ამიტომაც ეწოდათ მათ ფრიად შესაფერისი სახელი – სტიქია.

ყოველივე ეს ვთქვი, რათა წარმომეჩინა მიზეზი, რის გამოც ღმერთმა ხმელს უწოდა მიწა და არა მიწას ხმელი, რადგან სიხმელე დედამიწის შემდეგ კი არ წარმოიშვა, არამედ დასაბამიდანვე იყო აღმავსებელი მისი არსისა ის, რაც არსებულის ერთგვარი მიზეზია, ბუნებით უწინარესი და უპირატესია შემდეგ დაბადებულზე. ამრიგად, ღმერთმა დედამიწის თვისებანი მასზე უწინარეს და უხუცეს საქმეთაგან მართებულად წარმაოჩინა.

6. და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ. ეს სიტყვები იმას კი არ მოასწავებს, რომ ღმერთს ზღვა თითქოსდა სახილველად მოეწონა, რადგან შემოქმედი თვალებით კი არ ხედავს ქმნილების სილამაზეს, არამედ დაბადებულებს გამოუთქმელი სიბრძნით ჭვრეტს. თუმცა დიდად სასურველია ხილვა ქაფით გადათეთრებული ზღვისა, რაჟამს იგი დამტკბარი, მშვიდად და უძრავად დგას და სახილველად ამაოა მაშინაც, რაჟამს ალერსიანი ნიავქარისაგან აქოჩრილი მისი ზურგი იისფერი და მუქი ლურჯია და რაჟამს გამეტებით კი არ შოლტავს მეზობელ ნაპირს, არამედ მშვიდობიანად ეხვევა, მაგრამ ასე როდი უნდა გავიგოთ წმიდა წერილის სიტყვები, როდი უნდა ვიფიქრით, რომ ღმერთს ზღვა ამ გაგებით მოეწონა, არამედ კეთილი აქ შესაქმის გონებით განსჯაზე მიუთითებს.

ჯერ ერთი, წყარო ყოველგვარი სინესტისა დედამიწაზე ზღვის წყალია, რომელიც დაფარული სადინარებიდან გამოდის, როგორც ამას ხმელეთის ფხვიერი და ქვაბოვანი ადგილები გვაჩვენებენ, რომლებშიც ზღვის მდინარე წყალი აღწევს. და რაჟამს იგი მიმოქცეულსა და ხვეულ სადინარებში ჩაიკეტება, მისივე სულით აღძრული გარეთ ისწრაფვის და დედამიწის ზედაპირს ამოხეთქს. ამ დროს მას სადინარები მარილისა და სიმწარისაგან წურავს და სასმელად ვარგისს ხდის. ხოლო როცა მიმოქცევისას მეტალებიდან სითბოს თვისებას იძენს, მაშინ იმავე მიზეზით, რომელიც მოძრავ სულში მდგომარეობს, ხშირად დუღილს იწყებს და ცეცხლივით მწველი ხდება, რაც შეიძლება მრავალ კუნძულსა და ზღვისპირა ქვეყანაში ვიხილოთ. ზოგჯერ ხმელთის შუაგულში მდინარე წყალთა მახლობლად ზოგიერთი ადგილი თითქმის იმავეს განიცდის, რათა ამ მცირე საქმეებით დიდ-დიდნი წარმოვიდგინოთ.

და ყოველივე ეს რისთვის ვთქვი? იმისათვის, რომ მთელი დედამიწა გასასვლელებითაა სავსე, სადაც წყალი ზღვის დასაბამიდან დაფარული სადინარებით ჩაედინება.

7. ამრიგად, ზღვა მშვენიერია წინაშე ღმრთისა, რადგან ტენი დედამიწის სიღრმეში მისგან მოედინება, მშვენიერია იმიტომაც, რომ ჭურჭელია მდინარეთა და ყოველი მხრიდან ღვარებს იღებს, ისე რომ კვლავინდებურად თავისსავე საზღვრებში რჩება და კიდევ: მშვენეირია, რადგან დასაბამი და წყაროა ჰაერის წყლებისა, რაჟამს მზის მცხუნვარებისგან გათბება, წყლის ნაწილაკები ორთქლად ამოდის და ზესკნელისაკენ მიიტაცება, მზის სხივებით აკრეფილი სიმაღლეში ცივდება, ხოლო როცა ღრუბელთა ჩრდილი კიდევ უფრო გააცივებს, წვიმად იქცევა და დედამიწას ასუქებს.

თუ ვინმე ამას არ ირწმუნებს, შეხედოს ცეცხლზე შედგმულ წყლით სავსე ქვაბებს, რომელნიც ხშირად ცარიელდებიან, რადგან დუღილის შედეგად ის, რაც მათშია, ორთქლად განილევა.

და კიდიევ: იგივე შეიძლება ვიხილოთ სხვაგანაც, კერძოდ, მეზღვაურები, როცა წყალი შემოაკლდებათ, ზღვის წყალს ადუღებენ, რათა გასაჭირი რამდენადმე მაინც შეიმსუბუქონ.

ზღვა სხვა მხრივაც მშვენიერია წინაშე ღმრთისა. იგი გარს ადგას კუნძულებს და არა მხოლოდ სამკაულია მათი, არამედ სიმტკიცეც. და კიდევ: ერთმანეთთან აკავშირებს ყველაზე დაშორებულ ხმელეთებს, დაუბრკოლებელი მგზავრობის საშუალებას აძლევს მენავეებს, რომელთა მეშვეობითაც გვახარებს ცოდნით იმის შესახებ, რაც ჩვენთვის უცნობია, საფასეს მოაგებინებს ვაჭრებს, ადვილად აწესრიგებს ცხოვრებისეულ საჭიროებებს, მისით გამოაქვთ თუ რამ სადმე ჭარბადაა და მიაქვთ იქ, სადაც მისი საჭიროებაა.

და საიდან მექნება მე ძალა ყოველი სიკეთე ზღვისა ისეთი სიზუსტით ვიხილო, როგორც ეს დამბადებლის თვალებს წარმოუდგა? და თუ ზღვა მშვენიერია და საქებარი წინაშე ღმრთისა, რამდენად უფრო მშვენიერი იქნება მის წინაშე კრება იმგვარი ეკლესიისა, რომელშიც მსგავსად ტალღისა ნაპირს რომ ეხლება, შეერთებული ვდრება კაცთა, ქალთა და ყრმათა ღმრთის ჩვენისა მიმართ აღევლინება?

დაე ღრმა სიმშვიდემ დაიცვას იგი ურყევად და სულთა უკეთურთა ვერ შეძლონ ერეტიკული სწავლებებით შფოთის ჩამოგდება მასში. იყავით თქვენ ღირსნი უფლისაგან შეწყნარებისა და მცველნი ამ სიმწყობრისა და მშვენიერებისა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წყალობით, რომლისა არს დიდება და მეუფება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



*გრაფიკული ნიშანი საეჭვო ადგილების აღსანიშნავად.

 

ჰომილია V

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

დედამიწისაგან აღმოცენებულთა შესახებ

1. და თქუა ღმერთმან: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი და მსგავსებისაებრი და ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომელისა თესლი მისი მის თანა (შესაქ. 1.11). შემდგომად დედამიწის განსვენებისა და წყლის სიმძიმის განგდებისა, ებრძანა მას, რათა პირველად გამოეღო ბალახი, ხოლო მერმე ხე, როგორც ამას აქამდე ვხედავთ. რადგანაც მაშინდელი ხმა და ეს პირველი ბრძანება, როგორც რაღაც ბუნებითი კანონი იქმნა და დედამიწაზე დარჩა, იქიდან მოყოლებული დღემდე აძლევს მას შობისა და ნაყოფის გამოღების ძალას.

ქუეყანამან გამოიღედ. დასაბამი მცენარის წარმოშობისა აღმოცენებაა: რაჟამს მცირედ ამოყოფს თავს, მორჩია, ხოლო რაჟამს გაიზრდება, ბალახად იქცევა, ვიდრე თანდათანობითი გასრულებით თესლის გამოღებამდე მიაღწევდეს, რადგანაც სინორჩე და მომწიფება ყველას ერთნაირი აქვს.

ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა. ეს ნიშნავს, რომ დედამიწამ თავისით გამოიღოს ნაყოფი, ისე რომ სხვისი მხრიდან შემწეობა არ დასჭირდეს, თუმცაღა ზოგიერთი ფიქრობს, რომ მიზეზი დედამიწისაგან მცენარეთა აღმოცენებისა მზეა, რადგანაც იგი მხურვალებით ამოზიდავს მის წიაღში დაფარულ ძალას ვიდრე არ წარმოაჩენსო. მაგრამ დედამიწა სამკაულებით მზეზე ადრე იმიტომ დამშვენდა, რომ შეცდომილებს თაყვანისცემა მზისა და აღაირება იმისა, რომ იგია მიზეზი სიცოცხლისა, შეეწყვიტათ.

თუკი ირწმუნებენ, რომ მთელი დედამიწა მზის დაბადებამდე გამშვენდა, მისით უზომო გაკვირვება შეუმცირდებათ და მოიაზრებენ, რომ თავისი წარმოშობით იგი უმრწემესია მორჩსა და ბალახზე. ამიერიდან, როცა პირუტყვთათვის განმზადდა საზრდელი, ჩვენც ხომ ვიქნებოდით ღირსი ზრუნვის გამოჩენისა? ვინც ხარებსა და ცხენებს განუმზადა საკვები, შენთვის კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე და განსაცხრომელი განამზადა, რადგან იმით, რომ საქონელს არჩენს, ამით სასიცოცხლოდ აუცილებელ სახმარსაც გიმრავლებს. და კიდევ: თესლთა აღმოცენება სხვა რა არის, თუ არა მარაგი სურსათ-სანოვაგისა? გარდა ამისა, მრავალი მხალიცა და მწვანილიც ხომ ადამიანთა საზრდელს წარმოადგენს.

2. ნათქვამია: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი. თუმცაღა ზოგიერთი ჯიშის ბალახი სხვებისთვისაა განკუთვნილი, სარგებელი მაინც ჩვენ გვიბრუნდება და თესლის გამოყენებაც ჩვენთვისაა განსაზღვრული. ამიტომაც ნათქვამის შინაარსი ასეთია: ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი, რადგან ამგვარად შეიძლება აღდგეს თანმიმდევრულობა სიტყვაში, რომელიც ახლა შეუთანხმებლად გვეჩვენება და დაცულ იქნას იგი მათ შორის, რასაც ბუნება წარმოშობს: პირველად აღმოცენებაა, მერმე მორჩი, შემდგომად მისა გაზრდა ბალახისა და ბოლოს ზრდის გასრულება თესლით.

ამბობენ: როგორღა ითქვა, რომ ყოველი, რასაც მიწა აღმოაცენებს, თესლოვანია, მაშინ, როცა ლერწამი და ნამიკრეფია, პიტნა და ზაფრანა, ნიორი და ჭილი და კიდევ სხვა მრავალი ჯიში მცენარეთა, როგორც ვხედავთ, უთესლოა? ამის თაობაზე ვიტყვით, რომ მრავალი რამ აღმოცენდება მიწიდან, რომელსაც ძალა თესლისა ძირსა და ფესვში აქვს; როგორც მაგალითად, ლერწამს; ერთი წლის რომ გახდება, იგი ფესვისაგან გამოიღებს ყლორტს, რაც მომავალი წლისათვის მისი თესლია. ასევეა მრავალი სხვაც, რომელნიც დედამიწაზე ცხოვრობენ და ჯიშის გაგრძელების ძალა ფესვებში აქვთ. და მართლაც, ყოველ მცენარეს ან თესლი აქვს, ან სათესლე ძალა. სწორედ ამას ნიშნავს ნათესავობისაებრი, რადგან ლერწმის ყლორტი ზეთისხილს ვერ გამოიღებს, არამედ ლერწმისაგან ლერწამი გამოვა და დათესილი თესლიდან მსგავსი თესლისა აღმოცენდება. რაც კი დედამიწამ თავდაპირველი შობისას აღმოაცენა, დღემდეა შემონახული, რადგან ჯიშს მემკვიდრეობის გადაცემით ინახავს.

ქუეყანამან გამოიღედ. მოიაზრე, თუ ვითარ მსწრაფლ აღიძრა ცივი და ბერწი დედამიწა მცირე ხმისა და მოკლე ბრძანების შედეგად მშობიარობის ტკივილისა და ნაყოფის გამოღებისათვის, განიძარცვა სამოსელი გლოვისა და მწუხარებისა, ბრწყინვალე სამოსელით შეიმოსა, საკუთარი სამკაულებით გაიხარა და მცენარეთა მრავალი ჯიში გამოიღო.

მსურს უფრო მტკიცედ ჩაგინერგო დაბადებულით გაკვირვება, რათა სადაც არ უნდა იყო და რომელი ჯიშის მცენარეც არ უნდა შეგხვდეს, ცხადად გაიხსენო დამბადებელი მისი. პირველ რიგში, რაჟამს ბალახის მორჩს ან ყვავილს იხილავ, გულისხმაჰყავ ადამიანის ბუნება და გაიხსენე სახისმეტყველება იგი ბრძენი ესაიასი: ყოველი ხორციელი თივა არს და ყოველი დიდება კაცისაჲ ვითარცა ყუავილი თივისაჲ (ეს. 40.6), რადგანაც სიცოცხლის დროისა და კაცობრივი კეთილდღეობის ხანმოკლე სიხარულსა და შვებას წინასწარმეტყველის მიერ ჭეშმარიტად შესაფერისი ხატი მოეძებნა.

დღეს ვინმე სხეულით განცხრომაშია, ფუფუნებისაგან ხორცითაა დამძიმებული, ჭაბუკური ასაკის შესაფერისად კეთილფეროვნებით ჰყვავის, ძლიერია, სიცოცხლით აღსავსე და სურვილებში დაუმარცხებელი, ხვალ კი, ან დროისაგან ჩამომჭკნარი, ან სატკივარით დაუძლურებული მხოლოდ სიბრალულსღა იწვევს.

დღეს ვინმე ცნობილია დიდი სიმდიდრით, მის ირგვლივ სიმრავლეა პირფერთა და მცველთა, რომელნიც მეგობრობის პატივს იჩემებენ და მისი წყალობის მოსაპოვებლად თავს არ ზოგავენ; უამრავი ნათესავი და მრავალრიცხოვანი გუნდი მსახურთა, რომელიც ან მისი საჭმლისათვის ზრუნავს, ან მის რომელიმე სხვა მოთხოვნას აღასრულებს, სახლიდან გასვლისას თუ შინ დაბრუნებისას თან მიჰყვებ-მოჰყვებიან და შემხვედრთა შორის შურს აღძრავენ. ამასთან, სიმდიდერეს რომელიმე სამოქალაქო ძალაუფლებაც დაუმატე, ან პატივი მეფეთაგან, ან მმართველობა ხალხებისა, ან კიდევ წინამძღოლობა ლაშქრისა, მაცნე, რომელიც მის წინაშე ხმამაღლა ღაღადებს, კვერთხოსანნი, რომელნიც ქვეშევრდომთა ზედა ისეთ საშინელ მღელვარებასა და გვემას მოაწევენ, როგორიცაა ქონების ჩამორთმევა, დაპატიმრება და საპყრობილე, რაც აუტანელ შიშს ხელქვეითთა შორის კიდევ უფრო ზრდის. მაგრამ რაღაა შემდგომად ამისა? ერთი ღამე, ერთი ხურვება, ჭვალი გვერდებისა ან ანთება ფილტვებისა მას კაცთაგან წარიტაცებს და სცენიდან გაიყვანს, მყის დაცარიელდება სამოქმედო ადგილი მისი და დიდება მისი, ვითარცა სიზმარი წარხდება. ამიტომაც შეადარა წინასწარმეტყველმა კაცობრივი დიდება უუძლურეს ყვავილს.

3. ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა, მთესველი თესლისა ნათესავობისაებრი და მსგავსებისაებრი. მცენარეთა წესი დღემდე თავდაპირველ წესრიგზე მოწმობს, რადგანაც ყოველგვარ მწვანილსა და ბალახს წინ აღმოცენება უძღვის. გამოვა რა ფესვიდან მიწისქვეშა ყლორტი, ვითარცა მაგალითად ზაფრანისა და ნამიკრეფიასი, ღივი ზევით ამოიწვერება; ასევეა თესლის შემთხვევაშიც, პირველად აუცილებელია აღმოცენება, შემდეგ მორჩად ქცევა, შემდეგ მწვანე ბალახად და ბოლოს გამხმარსა და გამსხვილებულ ღეროზე ნაყოფის მომწიფება.

ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა. რაჟამს თესლი მიწაზე დავარდება, რომელსაც სითბო და სინოტივე თანაბრად აქვს, გაიბერება, ფორები გაუმრავლდება და შემოწოლილი მიწით გარემოცული მისთვის დამახასიათებელსა და ნათესაურს ფორებში მიიტაცებს; ხოლო როცა მათში მიწის უწვრილესი მტვერი შეიჭრება, მოცულობით გაზრდილი თესლი ქვემოთ ფესვებს გამოიღებს, ხოლო ზემოთ ამოიწვერება. რამდენი ფესვიც ქვემოთ აქვს, ზემოთაც იმდენი ღერო ექნება; მუდმივად გამთბარი მორჩი ფესვებით სინოტივეს შეიწოვს და სითბოს საშუალებით მიწიდან იმდენ საზრდელს ამოიღებს, რამდენიც სჭირდება და მას როგორც ღეროს, ქერქსა და მარცვლის ბუდეს, ასევე თავად მარცვალსაც და ფხებსაც გაუნაწილებს. ამგვარად, ყოველი მცენარე მარცვლეულთა, პარკოსანთა, ბოსტნეულთა თუ ბუჩქნართა ჯიშიდან თანდათანობითი ზრდისას მისთვის ჩვეულ ზომას მიაღწევს.

ერთი ბალახი, მისი ერთი ღეროც საკმარისია, რომ მთელი შენი გონება მოიცვას და განჭვრიტო ხელოვნება შემოქმედისა, რომელმაც იგი შექმნა; მაგალითად, როგორ შეირტყამს სარტყლად ხორბლის ღერო მუხლებს, რათა მათ, ვითარცა საკრველთა, სიმძიმე თავთავისა, რაჟამს მარცვლებით სავსე მიწისაკენ დადრკება, ადვილად იტვირთონ; შვრიის ღერო კი ცარიელია იმიტომ, რომ მის წვერს სიმძიმე არა აქვს. ბუნებამ ხორბლის ღერო ამგვარი მუხლებით დაიცვა, მარცვალი ბუდეში მოათავსა, რათა ფრინველებს არ წარეტაცათ, ხოლო ნემსივით წამახული ფეხები პატარა ცხოველებისაგან მიყენებული ზიანისაგან დავდასაცავად მისცა.

4. რაღა ვთქვა, ან რის შესახებ დავდუმდე? ქმნილებათა მდიდარ საგანძურში სხვაზე აღმატებული პატივის მქონის პოვნა ძნელია, ხოლო რომელიმეს უყურადღებოდ დატოვება – შემაწუხებელი დანაკლისი.

ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისა და საზრდელთან ერთად მომაკვდინებელიც ამოვიდა: ხორბალთან შხამა, ხოლო სხვა საზრდელთან: ლემი, ხარისძირა, ვაშლაძილა და ხაშხაში. რა ვქნათ? მადლობა აღარ შევწიროთ დამაბდებელს იმისათვის, რომ ბევრი რამ სასარგებლო მოგვცა და ბრალი დავდოთ იმისათვის, რაც ჩვენი სიცოცხლისათვის დამღუპველია? თუ მოვიაზროთ, რომ ყოველი, რაც შეიქმნა, ჩვენი მუცლისათვის არ შექმნილა? მაგრამ ჩვენთვის განმზადებული საზრდელი ხომ ჩვენს ხელთაა და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, ხოლო რაც შეეხება სხვებს, ქმნილებათაგან თითოეული დაბადებულთა შორის თავის საკუთარ დანიშნულებას აღასრულებს. მაგალითად, რადგანაც ხარის სისხლი შენთვის სასიკვდილოა, ამიტომ იგი ან საერთოდ არ უნდა დაბადებულიყო, ან უსისხლო უნდა ყოფილიყო? მისი ძალა ხომ ესოდენ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისათვის? შენთვის საკმარისია გონება, რომელიც შენში ცოცხლობს, რათა იმისგან, რაც სასიკვდილოა, თავი დაიცვა. თუ ცხვრებიც და თხებიც კი გაურბიან იმას, რაც მათი სიცოცხლისათვის საშიშია, მაშინ როცა მავნებელს მხოლოდ ალღოთი არჩევენ, შენთვის, რომელსაც გონება და კურნების ხელოვნება მოგენიჭა, რომელიც სასარგებლოზე მიგითითებს და თანაც მავნებლისაგან მორიდებას წინაპართა გამოცდილებაც გასწავლის, მითხარი, ძნელი უნდა იყოს განშორება იმისაგან, რაც სასიკვდილოა? არცერთი ამათგანი არ შექმნილა ამაოდ და უსარგებლოდ, რადგან ისინი ან საკვებია ზოგიერთი ცხოველისა, ან კიდევ: სამკურნალო ხელოვნების მიერ რომელიმე სატკივარის შესამსუბუქებლად თავად ჩვენთვისაა აღმოჩენილი. შხამას შაშვები ძოვენ. ისინი სხეულის აგებულების წყალობით საწამლავისაგან ვნებას არ განიცდიან, რამდენადაც ფორები გულისა წვრილი აქვთ და შთანთქმულს მანამდე ალხვობენ, სანამ მის მიერ წარმოშობილი სიცივე გულამდე მიაღწევდეს. ხარისძირათი (ელევანი) კი მწყრები საზრდოობენ, რომელნიც ვნებას ასევე თავიანთი აგებულებით ირიდებენ. მაგრამ ზოგჯერ ეს მცენარენი ჩვენთვისაც სასარგებლონი არიან. მკურნალნი ვაშლიძალათი (მანდრაგორა) აძინებენ, ხოლო ოპიუმით სხეულის ძლიერ ტკივილებს აყუჩებენ. ზოგიერთებმა შხამათი გაუმაძღრობის სიცოფე განკურნეს, ვაშლაძილათი კი მრავალი დაძველებული სენი ამოძირკვეს. ამრიგად, რისთვისაც შენ დამბადებლისათვის ბრალის დადებას ფიქრობ, ისინი უმეტესი მადლობის მიზეზად გექცა.

5. ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი თივისაჲ. თქვა და რამდენი საზრდელი წარმოაჩინა იმათ ძირებსა, თვითონ მცენარეებსა თუ ნაყოფებში, რომელნიც ან თავისით აღმოცენდნენ, ან კიდევ შრომისა და მიწის დამუშავების შედეგად. თესლისა და ნაყოფის გამოღება მაშინვე კი არ ბრძანა, არამედ ჯერ აღმოცენება და გადამწვანება დედამიწისა, ხოლო შემდეგ თესლით გასრულება ზრდისა, რათა ეს პირველი ბრძანება ბუნებისათვის შემდგომშიაც მორჩილების შეგონება ყოფილიყო.

ამბობენ: როგორღა გამოაქვს დედამიწას ჯიშის მიხედვით თესლი, მაშინ, როცა ხშირად ხორბალს ვთესთ და შავ მარცვალს ვიმკითო, მაგრამ ეს შეცვლას კი არ ნიშნავს ჯიშისა, არამედ თესლის რაღაც სენსა და უძლურებას, მან ხორბლის ბუნება კი არ განაგდო, არამედ, როგორც ამაზე მისი სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ხვატისაგან გაშავდა, დაიწვა რა გარდამეტებული ყინვისაგან, სხვა ფერი და გემო შეიძინა. ამბობენ, რომ თუკი იგი კვლავ კეთილ ნიადაგში მოხვდება და ჰაერიც შეზავებული იქნება, ძველ სახეს დაიბრუნებსო. ამგვარად, მცენარეთა შორის ვერაფერს იპოვი ისეთს, ამ ბრძანების საწინააღმდეგოდ რომ ხდებოდეს. ე.წ. ჭიოტა და სხვა ამდაგვარ სარეველთა თესლნი, რომელნიც საკვებად ვარგისებს შეერევიან და რომელთაც წმ. წერილში ჩვეულებრივ ღვარძლი ეწოდება, ხორბლის გარდასახვის შედეგად კი არ არიან წარმოშობილნი, არამედ საკუთარი დასაბამიდან წარმოდგებიან და საკუთარი ჯიში აქვთ. ესენი სახეა იმათი, რომელნიც უფლის მოძღვრებას ამახინჯებენ და სიტყვას ჭეშმარიტად კი არ ემოწაფებიან, არამედ ბოროტი სწავლებისაგან წამხდარნი ეკლესიის ჯანსაღ სხეულს შეერევიან, რათა თავიანთი ვნებანი უდანაშაულოებს ფარულად გადადონ. შეადარა რა მისი მორწმუნეების სრულყოფა თესლის აღორძინებას, უფალმა თქვა: ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა და დაიძინის, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ, რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფს გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა (მარკ. 4.26-28).

ქუეყანამან გამოიღედ მწუანვილი. – დედამიწამაც, რათა დაეცვა სჯული დამბადებლისა, აღმოცენებიდან მოკიდებული თვალის დახამხამებაში გაიარა ყველა სახე ზრდისა და ამონაყარნი გასრულებამდე მიიყვანა: და იქმნა ვრცელი მდელონი უხვი სიმწვანით და ნაყოფიერი მინდვრები აქოჩრილი პურის ყანებით, ღელვა თავთავთა – ვითარცა ღელვა ზღვის ტალღებისა.

ყველა ამგვარი მცენარე და მწვანილი ყველა ჯიშისა, ზოგიც დატოტვილი და ზოგიც პარკოსანი, დედამიწაზე მაშინ უხვად აღმოცენდა, რადგან აღმოცენება იმ დროს ვერაფერმა ვერ შეაჩერა; ვერც მუშაკთა გამოუცდელობამ, ვერც შეუზავებელმა ჰაერმა და ვერც სხვა რომელიმე მიზეზმა აღმოცენებულებს ვნება ვერ მიაყენეს. დედამიწის ნაყოფიერებას მსჯავრდება ჯერ კიდევ არ აბრკოლებდა, რადგანაც ეს უწინარეს ცოდვისა იყო, რომლის გამოც ჩვენ პურის ჩვენი ოფლით ჭამა მოგვესაჯა.

6. ითქვა: და ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომლისა თესლი მისი მის თანა მსგავსებისაებრ ქუეყანასა ზედა. ამ სიტყვის შედეგად გახშირდა ბუჩქნარი, ამოიტყორცნა ყოველი ხე, რომელთაც ზრდისას დიდ სიმაღლეს მიაღწიეს: ნაძვი და კედარი, კვიპაროსი და ფიჭვი. ყოველი ჩირგვი მსწრაფლ დაიტოტა და უხვად გაიფოთლა; გამოჩნდნენ მცენარენი საგვირგვინონი: ვარდი, მურტი და დაფნა. ყოველივე, რაც მანამდე დედამიწაზე არ ყოფილა, თითოეული საკუთარი თვისებით ყოფიერებაში თვალისდახამხამებაში მოვიდა, სხვა ჯიშის მცენარეთაგან თვალსაჩინო სხვაობებით გამოყოფილი. ყოველი მათგანი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებით გამოიცნობა. მაგრამ, ვარდი მაშინ უეკლო იყო, ყვავილის სილამაზეს მხოლოდ შემდეგ შეერთო ეკალი, რათა ტკბობის სიამესთან ახლოს გვქონდეს მწუხარებაც, შემხსენებელი იმ ცოდვისა, რომლის გამოც დედამიწას ჩვენთვის “ეკალისა და კუროჲსთავის” აღმოცენება მიესაჯა (შესაქ. 3.18).

უკეთუ ვინმე იტყვის: დედამიწას ებრძანა გამოეღო ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, რომლისა თესლი მისი მის თანა, ჩვენ კი მრავალ ხეს ვხედავთ, რომელთაც არც ნაყოფი აქვთ და არც თესლიო, რა უნდა ვუპასუხოთ? ის, რომ უპირატესად ის მცენარეები არიან მოხსენიებულნი, რომელნიც ბუნებით უფრო კეთილშობილურნი არიან და კიდევ: უკეთუ წვრილად შეისწავლი, აღმოჩნდება, რომ ყოველ მცენარეს ან თესლი, ან რაღაც თესლის თანაბარი ძალის მქონე აქვს. შავსა და თეთრ ალვებს, ტირიფებს, ძელქვებსა და სხვა ამდაგვარებს, მართალია, არა აქვთ ნაყოფი თვალსაჩინო, მაგრამ თუ დაწვრილებით გამოვიძიებთ, ვნახავთ, რომ თესლი ყოველ მათგანს აქვს, რადგანაც მარცვალი, რომელიც ფოთლის ქვეშაა და რომელსაც მათ, ვინც ყოველივეს თავის სახელს არქმევს “მისხონ” (μισχον) უწოდეს, თესლის ძალის მქონეა. ის ხეები კი, რომელნიც ტოტებისაგან აღმოცენდებიან, მათგან მრავალ ფესვს გამოიბამენ. შესაძლებელია თესლის მნიშვნელობა ჰქონდეთ ფესვებიდან ამონაყარებსაც, რომელთა გადანერგვითაც მებაღენი ჯიშს ამრავლებენ. მაგრამ, როგორც ითქვა, პირველად მოხსენიების ღირსნი ისინი გახდნენ, რომელნიც ჩვენი სიცოცხლისათვის უფრო საჭირონი არიან, ადამიანებს თავიანთ ნაყოფს აწვდიან და უხვ საზრდელს უმზადებენ. ასეთია ვაზი, რომლისაგანაც იქმნება ღვინო, რომელიც ახარებს გულსა კაცისასა, ასეთია ზეთისხილიც, მას გამოაქვს ნაყოფი, რომელიც საცხებელითა მხიარულ-ყოფს პირს (ფს. 103.15). და ბუნებისაგან დაბადებული რამდენი მოაწყდა ასეთი სისწრაფით? ძირი ვენახისა და მის ირგვლივ მიწაზე განფენილი მწვანე და დიდი რტოები, რქა, ხვიარა ულვაშები, ისრიმი და მტევნები. საკმარისია შეხედო და ვენახის გონივრული ჭვრეტა შთაგაგონებს შენ, რა უნდა მოგაგონოს ბუნებამ, რადგან, რაღა თქმა უნდა, გახსოვს იგავი უფლისა, რომელმაც თავისთავს ვენახი, მამას მოქმედი, ხოლო ყოველ ჩვენგანს, ვინც ეკლესიაში სარწმუნოებითაა დანერგილი, რტო გვიწოდა და კეთილი ნაყოფის გამოღებისაკენ მოგვიწოდა, რათა უსარგებლობისათვის ცეცხლისთვის მიცემა არ მოგვესაჯოს (ინ. 15.16). საერთოდაც ადამიანთა სულები ვენახთან მრავალგზისაა შედარებული: ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და კიდევ: ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი (ეს. 5.2).

ცხადია, იგი ვენახში ადამიანთა სულებს გულისხმობს, რომელთათვისაც აღმართა ზღუდე – მცნებათა სიმყარე და დაცვა ანგელოზთაგან, რამეთუ დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაჲ გარემოს მოშიშთა მისთა (ფს. 33.8) და კიდევ: თითქოსდა სანგარით შემოგვზღუდა, როცა ეკლესიაში პირველად მოციქულნი, მეორედ წინაჲსწარმეტყუელნი და მესამედ მოძღუარნი (I კორ. 12.28) დაადგინა. ამაღლებს რა ჩვენს აზრებს ძველი ნეტარი კაცების მაგალითებით, არ მიატოვა ისინი მზაკვრობისთვის დასამორჩილებლად და ფეხქვეშ გასათელად. მოითხოვს, აგრეთვე, ჩვენგან, რომ შევიწყნაროთ, როცა სანგარს გვავლებენ, რადგან სანგარი ამსოფლიურ საზრუნავთა განდევნით გვევლება, რომელნიც ჩვენს გულებს ამძიმებენ. ამრიგად, ვინც ხორციელ სიყვარულს განაგდებს, სიმდიდრის წადილსა და მისწრაფებას ამქვეყნიური უბადრუკი დიდებისაკენ საძაგლად და სასაცილოდ მიიჩნევს, ვითარცა სანგარშემოვლებული, შვებით ამოისუნთქავს, მოიხსნის რა ფუჭ ტვირთს მიწიერი სიბრძნისა. იგავის სიტყვისამებრ: ნურავინ განდიდდება, ანუ, რაც იგივეა, მოსაჩვენებლად არ უნდა მოქალაქობდეს და არც გარეშეთა ქებამ უნდა მოინადიროს, არამედ კეთილი ნაყოფი გამოიღოს და ჭეშმარიტ მუშაკს დაუნჯებული თვისნი საქმენი აჩვენოს.

ხოლო იყავი შენ ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა (ფს. 51.10), სასოებისაგან ნურასოდეს განიძარცვები, არამედ მუდამ ჰყვაოდეს შენში რწმენით მოპოვებული იმედი ხსნისა, რადგანაც ამით მიბაძავ მარადიულ სიმწვანეს ამ მცენარისა, ნაყოფის სიმრავლეში გაეჯიბრები და უხვად გასცემ ყოველ ჟამს მოწყალებას.

7. მაგრამ მივუბრუნდეთ გამოკვლევას განბრძნობილ საქმეთა, კერძოდ, რამდენგვარი მცენარე აღმოცენდა, ზოგი ნაყოფის მომცემი, ზოგიც ვარგისი სახლებისა და ხომალდთა ასაგებად და ზოგიც დასაწველად. და კიდევ: მრავალფეროვანია ნაწილთა მოწყობა თითოეულ ხეშიც, ძნელია პოვნა თითოეულის საკუთარი თვისებისა და განჭვრეტა იმისა, რაც სხვადასხვა ჯიშის ხეებს ერთმანეთისაგან განასხვავებს. როგორ ხდება, რომ ზოგ მათგანს ფესვები ღრმად აქვს გადგმული, ზოგს კი, პირიქით, ზოგი სწორად იზრდება და ერთი ღერო აქვს, ზოგი კი დაბალია და პირდაპირ ძირიდანვე განტოტვილი? როგორ ხდება, რომ ისინი, რმელთაც გრძელი და ჰაერში შორს გაწვდილი რტოები აქვთ, ძირებსაც სიღრმეში იდგამენ, რომელთა ირგვლივაც მრავალი წვრილი ფესვია, ვითარცა ბუნებისაგან შექმნილი შესაბამისი საფუძველი, რომელმაც ზემო ნაწილის სიმძიმე უნდა იტვირთოს?

და ქერქთა რამდენი სხვადასხვა სახეა! ხეებიდან ნაწილს გლუვი ქერქი აქვს, ნაწილს კი ნაოჭებიანი. ამასთან, ზოგის ქერქი ერთფენიანია, ზოგის კი – მრავალფენიანი. და რაც საოცარია, მცენარეებში იპოვნი ნიშნებს, რომლებიც კაცობრივ სიჭაბუკესა და სიბერეს ემსგავსებიან; ნორჩსა და ჯანსაღ ხეებს ქერქი მჭიდროდ ეკვრით, ბებერ ხეებში კი იგი დაღვლარჭნილი და გამაგრებულია. ზოგიერთი მოჭრის შემდეგ ისევ აღმოცენდება, ზოგი კი, თითქოს მოკვეთა მისთვის სიკვდილს ნიშნავდა, უმემკვიდროდ რჩება. ზოგიერთებმა ისიც კი შეამჩნიეს, რომ მოჭრილი ან დამწვარი ნაძვები ძირებისაგან კვლავ აღმოცენდებიან და ტევრად იქცევიან. მიწადმოქმედთა ზრუნვის წყალობით მრავალ ბუნებით ბოროტ ხეს განკურნებულს ვხედავთ, როგორც მაგალითად, მჟავე ბროწეულსა და მწარე ნუშს, კერძოდ, მათ ძირთან ტანს უხვრეტენ და ზუსტად გულში ნაძვის მსხვილ სოლს არჭობენ, რის შედეგადაც კეთილად იცვლებიან და ნაყოფსაც კეთილს გამოიღებენ, რომელსაც უსიამოვნო გემო აღარ აქვს.

მათ მსგავსად, უკეთუ ვინმე ბოროტებასა შინაა, სასოს ნუ წარიკვეთს, რადგან უნდა იცოდეს, რომ ვითარცა მიწადმოქმედი ცვლის მცენარეთა რაგვარობას, ასევე ზრუნვას სულის სიქველეზე შეუძლია ყოველგვარი სენი დაამარცხოს.

ნაყოფის გამომღებელ ხეთა ნაყოფთა შორის სხვაობანი ისე დიდია, რომ არავის შეუძლია სიტყვით გადმოსცეს მათ შესახებ, რადგან სხვაობანი არა მხოლოდ სხვადასხვა ჯიშის მცენარეთა ნაყოფთა შორის არსებობს, არამედ თვით ერთ სახეობაშიც კი ხისა მრავალფეროვნებაა, მაგალითად, სხვაგვარია ნაყოფი მამრი ხისა და სხვაგვარი მდედრისა, როგორც ამას მებაღენი განარჩევენ, რომელნიც ფინიკის ხეებს მამრებად და მდედრებად ყოფენ.

შესაძლებელია შენც ნახო, რომ ზოგჯერ მცენარეს, რომელსაც ისინი მდედრს უწოდებენ, თითქოს გულისთქმით ანთებულს მამრისაგან მოხვევა სურსო, ტოტები დაშვებული აქვს. მცენარეთა მკურნალნი რტოებზე მას რაღაც მამრის თესლის მსგავსს აყრიან, რომელსაც “ფსინს” უწოდებენ, ხეც, თითქოს ტკბობა შეიგრძნოო, ტოტებს აღმართავს და მისი აგებულება ჩვეულებრივ სახეს იბრუნებს. იმავეს ამბობენ ლეღვის შესახებაც. ამიტომაც ზოგიერთები ბაღის ლეღვებთან ველურ ლეღვს რგავენ, ხოლო სხვები კეთილი ნაყოფის მომცემი ბაღის ლეღვის უძლურებას იმით კურნავენ, რომ მასზე ველური ლეღვის მკვახე ნაყოფს ჰკიდებენ და ამით ინარჩუნებენ უმწიფარ ნაყოფს, რომელსაც ჭკნობა და ჩამოცვენა უკვე დაწყებული ჰქონდა.

რას ფიქრობ, რისთვისაა ეს იგავი ბუნებისა? იმისათვის, რომ ჩვენ ხშირად გულმოდგინებას კეთილ საქმეთა ჩვენებაში უცხო სარწმუნოების ადამიანებს უნდა დავესესხოთ.

რაჟამს იხილავ წარმართობაში მყოფს ან მაცდუნებელი ერესის გამო ეკლესიისაგან განდგომილს, რომელიც უბიწოდ ცხოვრობს და ხასიათის კეთილკრძალულებაზე ზრუნავს, მეტი მისწრაფება შეიძინე, რათა ნაყოფიერ ლეღვს დაემსგავსო, რომელიც ძალას ველური ლეღვის სიახლოვით იკრებს და ნაყოფი კი აღარ სცვივა, არამედ უფრო დიდი მზრუნველობით ზრდის.

8. ასეთია სხვაობანი ნაყოფთა წარმოშობის სახეთა შორის, რის შესახებაც მრავალისაგან მცირედი ვთქვით. მაგრამ ვინ მოგვითხრობს მრავალფეროვნებაზე თვითონ ნაყოფთა? მათ ფორმაზე, ფერზე, თითოეულის გემოზე ან სარგებლობაზე? რატომ ხდება, რომ ზოგიერთ მათგანს მზე შიშველს ამწიფებს, ზოლო ზოგიც ბუდეში დაფარული აღივსება? მათ, რომელთაც ნაყოფი ნაზი აქვთ, ფოთოლთა საბურველი რატომღა აქვთ სქელი, როგორც მაგალითად ლეღვს? ხოლო მაგარნაყოფიანებს ფოთოლთა სამოსელი მსუბუქი – ვითარცა კაკალს? იმიტომ, რომ პირველს დიდი შემწეობა სჭირდება თავისი უძლურებისა გამო, ხოლო მეორეს უფრო სქელი საბურველი ავნებდა იმით, რომ ჩრდილში მოაქცევდა. როგორაა ვაზის ფოთოლი დაპობილი ისე, რომ მტევანს ჰაერისაგან ვნებაც ააცილოს და სითხელის გამო მზის სხივებიც უხვად მიაღებინოს?

არაფერია უმიზეზოდ და არაფერია შემთხვევითი. ყველაფერში რაღაც გამოუთქმელი სიბრძნეა, რომელი სიტყვა მისწვდება, ან კაცობრივმა გონებამ ყოველივე ზუსტად როგორ გამოიკვლიოს, რათა თითოეულის თავისებურებანი დაინახოს, მათ შორის არსებული სხვაობებით ერთმანეთისაგან გაყოს და დაფარული მიზეზებიც სრულად წარმოადგინოს?

ერთი და იგივე წყალი, რომელსაც ფესვი შეიწოვს, სხვაგვარად კვებავს თვითონ ძირს, სხვაგვარად ქერქს ტანისა, სხვაგვარად მერქანს და კიდევ სხვაგვარად გულს. ერთი და იგივე ფოთლადაც იქმნება, წვეროებადაც და ტოტებადაც იყოფა და ნაყოფსაც ზრდის, მცენარეთა ცრემლი და წვენიც ამავე მიზეზიდან მომდინარეობს. მაგრამ ყოველივე ამათ შორის როგორი სხვაობანი არსებობს, ამის გამოთქმას ვერანაირი სიტყვა ვერ შესწვდება, რადგან სხვაა ცრემლი ფისის ხისა და სხვა წვენი ბალზამისა, ხოლო ეგვიპტესა და ლიბიაში ქოლგისებური მცენარეები სულ სხვაგვარ წვენს გამოყოფენ. იმასაც ამბობენ, რომ ქარვა ხეების წვენია, გაყინვის შედეგად გაქვავებული. ამას ადასტურებს წვრილი ღეროები და პაწაწინა ცხოველები, რომელნიც ვიდრე წვენი ნედლია, ეკრობიან და მასში რჩებიან. და საერთოდ, ვინც გამოცდილებით არ იცის თვისებათა მიხედვით როგორია სხვაობა წვენთა შორის, მათი მოქმედების წარმოსაჩენად სიტყვებს ვერ იპოვნის. და კვლავ: რატომაა, რომ ერთი და იმავე ტენისაგან ვაზი ღვინოს იძლევა, ზეთისხილი კი ზეთს? საკვირველი მხოლოდ ის როდია, რომ ტენი ერთში სიტკბოდ იქცა, ხოლო მეორეში ცხიმად, არამედ ისიც, რომ თვისებათა სხვაობა თვით ტკბილ ნაყოფთა შორისაც აღურაცხელია, რადგან სხვაა სიტკბო ყურძნისა და სხვა ვაშლისა, სხვა ლეღვისა და სხვა ფინიკისა.

კიდევ მსურს, რომ შენ საქმის ცოდნით გამოიკვლიო, თუ რატომაა, რომ ერთი და იგივე წყალი, რაჟამს ამ მცენარეთა შინა დატკბება, ლბილია შეგრძნებისათვის, ხოლო რაჟამს იგი სხვა მცენარეთა შინაა, მჟავდება და სასას კბენს. როცა აბზინდასა და სკამონეაშია, აუტანლად მწარდება და შეგრძნებას აღიზიანებს, რკოსა და წაბლის ნაყოფში სიცხარეს იძენს, ხოლო სკიპიდრის ხესა და კაკალში რბილდება და ზეთს ემსგავსება?

9. რა საჭიროა შორს წასვლა, როცა თვითონ ლეღვში წყალი ურთიერთსაპირისპირო თვისებებში გადადის? ხის წვენში იგი უმწარესია, ხოლო ნაყოფში – უტკბესი. იგივე ითქმის ვაზზეც, წვეროებში იგი ფრიად მწკლარტეა, მტევნებში კი – დიდად სასიამოვნო.

და რა სიუხვეა ფერებისა! ერთი და იგივე წყალი მდელოთა შინა ერთ ყვავილში რომ წითელია, მეორეში მეწამული, მესამეში ცისფერი, სხვაში კიდევ სპეტაკი, და კვლავ: ფერთა სიჭრელეზე მეტია მრავალფეროვნება სურნელებათა, რომელსაც იგი გვფენს. მაგრამ ვხედავ, რომ ჩემმა სიტყვა ყოველივეს გამოკვლევის გაუმაძღარი სურვილის გამო ზომიერებას გადააჭარბა და თუ არ შევკრავ, არამედ დაბადებულთა თანამიყოლას ვაიძულებ, დღე დაილევა, ვიდრე თქვენ შემოქმედის დიდ სიბრძნეს უმცირესი საქმეებით წარმოგიდგენდეთ.

ქუეყანამან გამოიღედ ხე ნაყოფიერი, მყოფელი ნათესაობისა, ქუეყანასა ზედა. – და მსწრაფლ შეიმოსა ხშირი ტყეებით მთათა მწვერვალები, გამშვენდნენ ბაღები და მდინარეთა ნაპირები ათასგვარი ჯიშის მცენარემ შეამკო. ზოგიერთი მათგანი კაცთა სუფრის გასამშვენებლად გამზადდა, მეორენი ფოთლებითა და ნაყოფებით პირუტყვებს ასაზრდოებენ, ხოლო სხვანი წვენებით, ტენით, რტოებით, ქერქითა თუ ნაყოფით ჩვენი მკურნალობისთვის არიან სასარგებლონი. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც კი ჩვენ ხანგრძლივმა გამოცდილებამ აღმოგვაჩენინა, შევკრიბეთ რა ცალკეული შემთხვევებიდან სასარგებლონი, ეს ყოველი შემოქმედის მსწრაფლმა განგებულებამ თავიდანვე განჭვრიტა და ყოფიერებაში მოიყვანა.

რაჟამს იხილავ ხეებს ბაღისა და ხეებს ველურებს, წყლის მოყვარეთა და უწყლობის გამძლეთ, ყვავილოვნებსა და უყვავილოებს, მცირეთაგან დიდი შეიცანი, მარადის გაოცებული დარჩი და სიყვარული დამბადებელისა ააღორძინე. გამოიძიე, როგორ შექმნა ზოგი მარადმწვანე და ზოგიც განშიშვლებული. მარადმწვანეთაგან ნაწილს ფოთლები სცვივა, ნაწილიც მარადფოთლოვანია. თუმცა ზეთისხილის ხესა და ფიჭვს წიწვები სცვივა, მაგრამ მათი ახლით შეცვლა ისე შეუმჩნევლად ხდება, რომ სამოსისაგან განძარცვულად არასოდეს გვეჩვენებიან. მარადფოთლოვანია ფინიკი, რადგან ფოთლები, რომელთაც პირველად გამოიღებს, ბოლომდე მასთან რჩება.

და კიდევ: დააკვირდი კურდღლისცოცხის ბუჩქს, როგორ ცხოვრობს ორგვარი ცხოვრებით, რადგან წყლის მოყვარულთა შორისაც ირიცხება და უდაბნოშიც მრავლდება. ამიტომაც იერემიამ ცბიერი და ორპირი ბუნების მქონე ამ მცენარეს სამართლიანად შეადარა (იერ. 17.6).

10. ქუეყანამან გამოიღედ. ეს მოკლე ბრძანება მყის დიდ ბუნებად და დახელოვნებულ სიტყვად იქმნა და ჩვენს ფიქრზე უსწრაფესად მცენარეთა ურიცხვი თვისება წარმოშვა. იგივე ბრძანება დედამიწაზე მოაქჟამამდე არსებობს და აგულიანებს მას, თავისი ძალა, რამდენიც აქვს, წელიწადის ყოველი მოქცევისას გამოიღოს ბალახების, თელსებისა და ხეების შობისათვის.

ვითარცა ბზრიალა, მიეცემა რა პირველად ბიძგი, ტრიალს აგრძელებს და წრეების შემოწერისას ცენტრს თავისთავში ურყევად ინარჩუნებს, ასევე თანმიმდევრული წესრიგიც ბუნებისა, რომელმაც დასაბამი პირველი ბრძანებით მიიღო, იქედან მოყოლებული, ყველა დროში იარსებებს, ვიდრე ყოველთათვის საერთო აღსასრული არ მოიწევა. მისკენ მივისწრაფვით ჩვენ ყოველნი, აღსავსენი ნაყოფიერნი და კეთილი საქმეებით, რათა დავინერგოთ სახლსა შინა უფლისასა ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა (ფს. 91.14), ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ჰომილია VI

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

მნათობთა დაბადების შესახებ

1. მას, ვინც მორკინალთ უყურებს, თავად მხნეობა შეეფერება. ამის დანახვა ყველას შეუძლია სანაოხაობათა წესებიდან, რომელნიც მოითხოვდნენ, რომ ასპარეზობაზე მყოფნი თავშიშველნი მსხდარიყვნენ. მე ვფიქრობ, ამით სურდათ, რომ ყოველი მორკინალთა არა მხოლოდ მაყურებელი, არამედ რამდენადმე მათი თანამებრძოლიც ყოფილიყო. მსგავსად ამისა, ვინც დიდსა და აღმატებულ სანახაობებს იძიებს და ჭეშმარიტად მაღალსა და გამოუთქმელ სიბრძნეს ისმენს, შეჰფერის თვითონაც რამდენადმე ისწრაფოდეს წინამდებარე სანახაობათა ჭვრეტისათვის, რათა შეძლებისდაგვარად ჩემი მოღვაწეობის თანამონაწილე გახდეს და არა მსაჯული, არამედ უფრო თანამოღვაწედ მექცეს, რათა ჭეშმარიტების პოვნის შესაძლებლობა არ დავკარგოთ და ჩემმა შეცდომამ საერთოდ მსმენელებს ზიანი არ მოუტანოს.

რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ რამდენადაც წინ გვიძევს გამოკვლევა სამყაროს მოწყობისა და შემეცნება ყოველივესი, რასაც სათავე არა ამქვეყნიური, არამედ იმ სიბრძნისაგან დაედო, რომლითაც ღმერთმა თავისი მსახური განსწავლა, ესაუბრებოდა რა მას პირისპირ და არა იგავითა (რიცხვ. 12.8), ამდენად აუცილებელია, რომ დიდი სანახაობების მოყვარულთა გონება განუწვრთნელი არ იყოს ჩვენთვის შემოთავაზებულის შესამეცნებლად.

ამგვარად, თუკი ოდესმე ნათელ ღამეში ვარსკვლავთა მიუთხრობელი მშვენება გიხილავს, უთუოდ გულისხმაგიყვია ყოველთა შემოქმედი, ვინც ზეცა იმგვარი ყვავილებით მოხატა, რომ ხილულთა შორის მათ მშვენებას სარგებლობა აღემატება და კიდევ: თუკი დღის მანძილზე მღვიძარე გონებით საკვირველებანი დღისა შეგისწავლია და ხილულთა მეშვეობით უხილავი განგიჭვრეტია, მაშინ მოსულხარ განმზადებული მსმენელი და ღირსი იმისა, რომ ეს პატიოსანი და ნეტარი სანახაობა შენითაც შეავსო.

მოდით, და ვითარცა ქალაქს შეჩვეულებს ხელჩაკიდებულებს დაატარებენ, ასევე მეც ამ დიდი ქალაქის დაფარულ საკვირველებათა შორის შეგიყვანთ. ამ ქალაქში, ჩვენს ძველ სამშობლოში, რომელსაც ადამიანის მკვლელმა ეშმაკმა განგვაშორა, დაიმონა რა იგი თავისი ცბიერებით, იხილავ პირველ დაბადებას კაცისას და ცოდვისაგან ნაშობ სიკვდილს, რომელიც მსწრაფლ გვეწია და რომელიც პირმშოა ბოროტების დასაბამის – ეშმაკისა. აქ შეიცნობ შენს თავს, ვითარცა მიწიერი ბუნების მქონეს, მაგრამ ქმნილებას ღმრთეებრივი ხელისა, რომელიც ძალით პირუტყვებს დიდად ჩამოუვარდება, მაგრამ პირუტყვთა და უსულოთა მეუფედაა დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ საჭურველთაგან ნაკლულევანია, გონების აღმატებულობით თვით ზეცამდე ამაღლება შეუძლია. თუ ამას შევიცნობთ, საკუთარ თავსაც შევიცნობთ და ღმერთსაც, თაყვანს ვცემთ დამბადებელს, დავემონებით უფალს, განვადიდებთ მამას, შევიყვარებთ გამომზრდელს ჩვენსას, მოკრძალება გვექნება წინაშე კეთილისმყოფელისა, არ დავსცხრებით თაყვანისცემად ჩვენი აქაური და მომავალი ცხოვრების წინამძღოლისა, ვინც უკვე მონიჭებული სიმდიდრით აღთქმულსაც სარწმუნოყოფს და განგვაცდევინებს რა აწმყოს, მოსალოდნელსაც გვიმტკიცებს.

უკეთუ საწუთრო ამგვარია, მარადიული როგორიღა იქნება? თუკი ხილული ასე მშვენიერია, რამდენად უფრო მშვენიერი იქნება უხილავი? და თუ სიდიდე ზეცისა კაცობრივი განსჯის საზომს აღემატება, რომელ გონებას შეუძლია გამოკვლევა მარადიულად არსებულთა ბუნებისა? უკეთუ ვერ ვძღებით ცქერით ამ მზისა, რომელიც გახრწნას ემორჩილება და რომელიც ასე მშვენიერი, ასე დიდი, სწრაფი მოძრაობით მოქცევათა წესიერად აღმასრულებელია, სამყაროს შესაფერისი სიდიდე აქვს და არ წყვეტს ურთიერთობას მთელთან, ხოლო თავისი ბუნების სილამაზით თითქოსდა ნათელ თვალს წარმოადგენს, რომელიც ქმნილებას ამკობს, როგორიღა იქნება მშვენიერება სიმართლის მზისა? თუკი ბრმისთვის სასჯელია ის, რომ მას ვერ ხედავს, რამდენად დასჯილი იქნება ცოდვილი, რომელსაც ჭეშმარიტი ნათელი მოაკლდება?

2. და თქუა ღმერთმან: იქმნნედ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა, განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა (შესაქ. 1.14). ცამ და დედამიწამ დაასწრეს, ნათელი მათ შემდეგ შეიქმნა, გაიყო დღე და ღამე; კვლავ სამყარო და გამოჩენა მყარისა; შემდეგ წყალი შეიკრიბა თავის მუდმივსა და განსაზღვრულ შესაკრებელსა შინა. დედამიწა აღივსო საკუთარი ნაშობით, აღმოაცენა ათასგვარი ბალახი და მრავალი ჯიშის მცენარე ააყვავა. ამ დროს კი, ჯერ არც მზე იყო და არც მთვარე, რათა ღმრთის უმეცართ მზისთვის დასაბამი და მშობელი ნათლისა არ ეწოდებინათ და არც მიწისაგან აღმოცენებულთა დამბადებლად მიეჩნიათ. ამისთვის იქმნა დღე მეოთხე, როცა თქვა ღმერთმა: იქმნნედ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა. რაჟამს მთქმელს შეიცნობ, მასთან ერთად გონებით მყისვე მსმენელიც წარმოიდგინე. თქუა ღმერთმან: იქმნნედ მნათობნი. და შექმნნა ღმერთმან ორნი მნათობი (შესაქ. 1.16).

ვინ თქვა და ვინ შექმნა? ვერ ხვდები, რომ ამაში ორი პირი იგულისხმება? თხრობის წყალობით ღმრთისმეტყველების ეს დოგმატი ყველგან ფარულადაა დათესილი. მითითებულია მოთხოვნილებაც, რომლის გამოც მნათობები შეიქმნენ, რადგან ნათქვამია: რაჲთა ჩნდეს ქუეყანასა ზედა. თუ ნათლის დაბადება წინ უსწრებდა, მაშინ რატომღა ითქვა, რომ ახლა მზე დაიბადა განმანათლებლად ქვეყნისა? ჯერ ერთი, თავისებურება სიტყვისა შენში ღიმილსაც კი ნუ გამოიწვევს, რადგანაც არ მივსდევთ ჩვენ თქვენს მოთხოვნებს და სიტყვის თხზვისას არც სიმწყობრის დაცვაზე ვზრუნავთ; ჩვენთან არ არიან მძერწველნი სიტყვისა და ყოველთვის უფრო დიდ პატივს არა მის კეთილხმოვანებას, არამედ სახელდებათა სიცხადეს მივაგებთ. მაგრამ დაუკვირდი, ის, რაც სურდა, მოსემ საკმარისად გამოხატა, რადგან განათლების წილ ნათობენო თქვა, რაც სრულიადაც არ ეწინააღმდეგება მას, რაც ნათლის შესახებაა თქმული. მაშინ ხომ ნათლის თვით ბუნება შეიქმნა, ახლა კი მზის ეს სხეული გამზადდა, ვითარცა ეტლი, რომელსაც ის პირველქმნილი ნათელი უნდა ეტვირთა.

ისევე როგორც სხვაა ცეცხლი და სხვა ლამპარი, რამდენადაც პირველს განათების ძალა აქვს, ხოლო მეორე იმისათვის შეიქმნა, რომ ვისაც სჭირდება, გაუნათოს, ასევე გამზადდა მნათობები ეტლად და მტვირთველად ამ წმინდა, შეურევნელი და უნივთო ნათელისა; ისევე როგორც სხვაა, როცა მოციქული უწოდებს ვინმეს სოფლისა მნათობს (ფილლიპ. 2.15) და სხვაა ჭეშმარიტი ნათელი სოფლისა, რომელთან ზიარებითაც წმინდანები მათ მიერ დამოძღვრილი და უმეცრების სიბნელისაგან დახსნილი სულებისათვის მნათობებად იქმნენ, ასევე ყოველთა დამბადებელმა ეს მზე ახლა იმ ბრწყინვალე ნათელით აღავსო და აანთო სოფელსა შინა.

3. ნურავის მოეჩვენება არასარწმუნოდ თქმული იმის თაობაზე, რომ სხვაა ბრწყინვალება ნათლისა და სხვა – ნათლის მტვირთველი სხეული. ჯერ ერთი, ყოველში, რაც შედგენილია, ჩვენ შემწყნარებლის არსებასა და შეწყნარებულის თვისებას ვარჩევთ. ისევე როგორც სხვაა ბუნებით სისპეტაკე და სხვა განსპეტაკებული სხეული, ასევე რაზეც ახლა ვსაუბრობდით, ბუნებით სხვადასხვანი არიან, მაგრამ შეერთებულნი დამბადებლის ძალით.

ნუღარ მეტყვი: შეუძლებელიაო მათი ერთმანეთისაგან გამოყოფა და არც მე გეტყვი, რომ მე და შენ შემძლენი ვართ ერთმანეთისაგან გავყოთ ნათელი და სხეული მზისა, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ რის გაყოფასაც ჩვენ გონებით წარმოვიდგენთ, მათი ბუნებათა გაყოფა შემოქმედს საქმით შეუძლია.

შენ უძლური ხარ გამოყო შემწველი ძალა ცეცლისა მისი ნათლისაგან, მაგრამ რაჟამს ღმერთმა ინება საკვირველი ხილვით მოექცია მსახური თვისი, მაყვლის ბუჩქში დაანთო ცეცხლი, რომელშიც მხოლოდ ნათელი მოქმედებდა, ხოლო შემწველი ძალა კი უქმად იყო, როგორც ამას ფსალმუნიც გვიმოწმებს: ხმამან უფლისამან განკვეთის ალი ცეცხლისა (ფს. 28.7). აქედან ზოგიერთი მოძღვრება ჩვენი ცხოვრების საქმეთათვის საზღაურის მიგების თაობაზე დაფარულად გვასწავლის, რომ ცეცხლის ბუნება ორად განიყოფება: სინათლედ, რომელიც შვება იქნება მართალთათვის და მტკივნეულ შემწველობად დასჯილთა ტანჯვისათვის.

შემდეგ: ჩვენ შეგვიძლია სარწმუნო მტკიცება იმისა, რასაც ვიძიებთ, მთვარის სახეცვლილებაშიც ვიპოვოთ, რადგან რაჟამს აკლდება, სხეული კი არ ილევა მისი, არამედ ნათელს, რომელიც მასშია, განიშორებს, შემდეგ კვლავ შეიმოსს და ამგვარად ჩვენ მოკლებისა და ავსების საოცრებას წარმოგვიდგენს. იმას, რომ თვითონ მისი სხეული მოკლებისას არ განილევა, ცხადად გვიმოწმებს ის, რასაც ვხედავთ. რაჟამს ჰაერი წმინდაა და ყოველგვარი ნისლისაგან თავისუფალი, მაშინაც კი, როცა ყველაზე წვრილი ნამგლის სახე აქვს, შეგიძლია მისი უნათლო და გაუნათებელი ნაწილის იხილო იმავე რკალით შემოხაზული, რომლითაც სისავსის ჟამს მთელი მთვარეა შემოწერილი. ასე რომ, უკეთუ მზერას მთვარის როგორც განათებულ, ასევე გაუნათებელსა და ბნელ ნაწილებს ერთად მივაპყრობთ, მთელ წრეს ცხადად დავინახავთ. ნუ მეტყვი, რომ რამდენადაც მზესთან მიახლოებისას მცირდება, ხოლო განშორებისას ისევ იმატებს, ამიტომ მთვარის ნათელი ნასესხებია. ჩვენ ახლა ამას კი არ ვეძებთ, არამედ იმას, რომ სხეული მისი სხვაა, განმათებელი კი, სხვა. მსგავსად მოიაზრე მზის შესახებაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ განაზავა რა ერთხელ მიღებული ნათელი თავის თავში, აღარ განუშორებია, მთვარე კი მუდმივად ნათელს თითქოს ხან განიძარცვავს, ხანაც შეიმოსავს და ამგვარად გვიდასტურებს იმას, რაც მზის შესახებ ითქვა.

ამათ ებრძანა განყოფა შორის დღისა და შორის ღამისა; ზევით კი, განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა. მაშინ მან ისინი ბუნებით დააპირისპირა, რათა ერთმანეთს არ ზიარებოდნენ და ნათელს არაფერი ჰქონოდა საერთო ბნელთან. რაც დღისით ჩრდილია, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ღამით ბნელის ბუნებაა. უკეთუ ყოველგვარი ჩრდილი რომელიმე ნათლით განათებული სხეულებისა, ნათლის საპირისპირო მხარეს ეცემა – დილდილობით დასავლეთისაკენ გრძელდება, საღამოობით აღმოსავლეთისაკენ მიდრკება, ხოლო შუადღისას – ჩრდილოეთისაკენ, ღამეც ნათლის საწინააღმდეგო მხარეს მიდრეკას წარმოადგენს და ბუნებით არაფერია, თუ არა ჩრდილი დედმიწისა. ისევე როგორც დღისით ჩრდილს სინათლისათვის გზის გადაღობვა ქმნის, ასევე ღამეც მაშინ იშვება, როცა ჰაერი დედამიწაზე ბნელდება. ამას ნიშნავს თქმული: განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა. ბნელი გაურბის ნათლის მოსვლას შედეგად ერთმანეთისაგან იმ ბუნებრივი გაუცხოებისა, რომელიც მათ შესაქმეშივე იყო ჩადებული. ახლა კი, ღმერთმა მზეს დღეთა გაზომვა უბრძანა, ხოლო მთვარე მისი სავსების ჟამს ღამის მეგზურად აქცია, რადგან ამ დროს მნათობები ერთმანეთს თითქმის დიამეტრულად უპირისპირდებიან – სისავსის ჟამს მთვარე მზის ამოსვლისთანავე შეუმჩნევლად ჩადის, ხოლო მზის ჩასვლისას აღმოსავლეთიდან ამოდის. იმას, რომ მთვარის სხვა სახეებისას მისი ნათელი ღამესთან ერთად არ ჩნდება, ჩვენს ნათქვამთან კავშირი არა აქვს, ყოველ შემთხვევაში, რაჟამს იგი სავსეა, იწყებს ღამეს, აღემატება რა თავისი ნათელით ვარსკვლავებს და ანათებს დედამიწას და ასევე, თანასწორად მზისა, დროის საზომებსაც განსაზღვრავს.

4. და იყვნედ სასწაულებად და დღეებად და წელიწადებად (შესაქ. 1.14). ადამიანთა ცხოვრებისათვის აუცილებელია მნათობთა ნიშნები, რადგან თუკი ვინმე მათი გამოძიებისას ზომას არ გადავა, ხანგრძლივი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად მრავალ სასარგებლო რამეს აღმოაჩენს. ბევრ რამეს ისწავლის თავსხმა წვიმებზე, ბევრსაც გვალვებზე და როგორც ადგილობრივ, ისე იმ ქართა აღძვრის თაობაზე, რომელნიც ყველგან ქრიან, როგორც ძლიერებზე, ასევე სუსტებზეც. მზისაგან ნაჩვენებ ნიშანთაგან ერთ-ერთი უფალმან გვასწავლა, როცა თქვა: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ (მთ. 16.3). რადგან რაჟამს მზე ნისლში აღმოხდება, მის სხივებს ძალა ეკარგება და ნაკვერჩხლის მსგავსი მეწამეული ფერი ედება. ამგვარ სანახაობას მზერისათვის ჰაერის სისქე ქმნის. უკეთუ სქელი და დამდგარი ჰაერი მზის სხივებმაც არ გაფანტა, ცხადი ხდება, რომ ვერ დაძლია იგი. დედამიწიდან ავარდნილი ორთქლის და ტენის სიჭარბე იმ ადგილებში, სადაც იგი დაგროვდა, ავდარიანობას გამოიწვევს. მსგავსად ამისა, რაჟამს მთვარე თითქოსდა წყლითაა გარემოცული, ხოლო მზეს ირგვლივ ე.წ. შარავანდედი აკრავს, ეს ან ჰაერის წყალთა სიმრავლეს ან კიდევ მძვინვარე ქართა აღძვრას მოასწავებს; ან კიდევ: რაჟამს მზესთან ერთად მის სარბიელზე ე.წ. თანამდევი შარავანდებიც ამოდიან, ისინი ჰავის ცვლილებაზე მიგვანიშნებენ. ასევე ღრუბლებიდან სწორად ჩამოშვებული სვეტები, რომელთაც ცისარტყელას ფერები აქვთ, ან წვიმებს, ან მკაცრ ქარებს, ან კიდევ საერთოდ, ჰაერის დიდ გარდატეხას მოასწავებენ. და კიდევ მრავალი ნიშანი შეუცვნია მათ, რომელთაც მთვარის ავსება და მოკლება უკვლევიათ, როგორც მაგალითად ის, რომ მის სახეცვლილებასთან ერთად დედამიწის გარემმცველი ჰაერიც უცილობლად იცვლება.

თუ სამი დღის მთვარე წვრილი და დაწმენდილია, მშვიდსა და ნათელ ამინდს გვაუწყებს; ხოლო თუ მისი რქები შესქელებული და მეწამული ფერის ჩანს, ღრუბლებიდან დიდძალ წყალს, ან მძვინვარე ქართა აღძვრას გვპირდება.

ვინ არ იცის, რამდენი სარგებელი მოაქვს ამ ნიშნებს ჩვენი ცხოვრებისათვის?

მეხომალდეს შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს ქარის ამოვარდნა და ხომალდი ნავსადგურში დააყენოს, მოგზაურს – რაჟამს მოღუშულ ჰაერს იხილავს, რომელიც ცვლილების მოლოდინშია, თავიდან აიცილოს ზიანი; მიწადმოქმედნი კი, რომელნიც თესვითა და მცენარეთა მოვლით არიან დაკავებულნი, ამათგან პოულობენ მარჯვე დროს ყოველგვარი საქმიანობისათვის. უფალმაც ხომ იწინასწარმეტყველა, რომ მზეში, მთვარესა და ვარსკვლავებში სოფლის წარხდომის ნიშნებიც გამოჩნდება. მზე გადაიქცევა სისხლად და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი (მთ. 24.29). ასეთი იქნება ნიშნები ყოველივეს აღსასრულისა.

5. მაგრამ მათ, რომელთაც ზომიერების საზღვრები გადალახეს, მოსეს სიტყვები შობის დღეთა შესახებ მეცნიერების დასაცავად მოიხმეს და ამბობენ, რომ ჩვენი ცხოვრება ციურ სხეულთა მოძრაობებზეა დამოკიდებული. ამიტომაც ჰგონიათ ქალდეველებს, რომ ვარსკვლავები მიგვანიშნებენ იმაზე, რაც უნდა შეგვემთხვეს.

წმინდა წერილის მარტივ სიტყვაში იყვნედ სასწაულებად მათ არა ჰაერის ცვლილება და ჟამთა მიმოქცევა, არამედ ცხოვრებისეული ხვედრი გულისხმაყვეს, და რას ამბობენ? რომ შობის ამა თუ იმ სახეს ზოდიაქოს ვარსკვლავებთან ამოძრავებული ვარსკვლავების შეერთება განსაზღვრავს, როცა ისინი ერთმანეთთან შეხვედრის შედეგად რაღაც გარკვეულ სახეს ქმნიან, ხოლო სხვაგვარად განლაგებით საპირისპირო ცხოვრებისეულ ხვედრს იწვევენ.

შესაძლოა, უსარგებლო არ იყოს, თუ ამ საკითხზე მსჯელობას მეტი სიცხადისათვის, ცოტა ზემოდან დავიწყებ. მაგრამ ვიტყვი არა რაიმეს ჩემს საკუთარს, არამედ მათი მხილებისათვის მათივე სიტყვებით ვისარგებლებ, რათა ისინი, რომელნიც უკვე ჩავარდნილნი არიან საცდურში, რამდენადმე განვკურნო, ხოლო დანარჩენები დავიცვა რათა მათ მსგავსად არ დაეცნენ.

შობის დღეთა შესახებ ამ მეცნიერების გამომგონებლებმა შეიცნეს რა, რომ ვრცელი დროის მანძილზე მრავალი სახე უსხლტებოდათ, დროის საზომის საზღვრები, რაც შეიძლებოდა, დაავიწროვეს, რადგანაც ყველაზე მცირესა და უმოკლეს დროში ანუ როგორც მოციქული ამბობს: მეყსა შინა წამსა თუალისასა (I კორ. 15.52), სხვაობა შობიდან შობამდე მეტად დიდია. ამ წამში რომ ქალაქთა მფლობელი, ხალხთა მთავარი, ფრიად მდიდარი და ძალაუფლების მქონე იბადება, მეორე წამში დაბადებული ღატაკია და მოწყალების მთხოვნელი, კარიდან კარზე მოხეტიალე დღიური საზრდოს მოსაპოვებლად. ამიტომაც ზოდიაქოდ წოდებული წრე თორმეტ ნაწილად გაყვეს, რამდენადაც მზე ე.წ. უძრავი სფეროს მეთორმეტედ ნაწილს ოცდაათი დღის მანძილზე გადის, თითოეული მეთორმეტედთაგანი ოცდაათ ნაწილად, შემდეგ ყოველი ასეთი ნაწილი სამოც ნაწილად, ხოლო თითოეული მესამოცედი კიდევ სამოცად დაანაწევრეს.

განვიხილოთ ახლა დაბადებულთა შობანი და ვნახოთ, შეუძლია თუ არა ვინმეს ზედმიწევნით ზუსტად მისწვდეს დროის ამ დანაყოფებს. რაჟამს ჩვილი დაიბადება, ბებია ქალი დახედავს, ვაჟია იგი თუ ქალი, ხოლო შემდეგ დაელოდება ტირილს, როგორც ნიშანს ახალშობილის სიცოცხლისა და როგორ ფიქრობ, ამ დროისათვის რამდენი მესამოცედი ჩაიქროლებდა? აი, უკვე უთხრა მან ქალდეველს ახლადშობილის შესაებ. რამდენი უმცირესი ნაწილი დასჭირდებოდა ბებია ქალის თხრობას, კიდევაც რომ გამართლებოდა მას და საქალებოს გარეთ მდგომი ვინმე ჟამის დამდგენელი ეპოვა? რადგან მას, ვისაც ჰოროსკოპის შეცნობა სურს, ზუსტად უნდა ეცნობოს შობის დრო, დღისა იქნება ის თუ ღამისა და კიდევ რამდენი მესამოცედი ნაწილი გაირბენდა ამასობაში? აუცილებლად უნდა იქნეს ნაპოვნი შობის განმსაზღვრელი ვარსკვლავი, კერძოდ, რომელია იგი არა მხოლოდ ერთ მეთორმეტედ ნაწილში, არამედ მეთორმეტედის რომელიღაც ნაწილის რომელიღაცა მესამოცედში, რადაც იგი იყოფა, როგორც ვთქვით, რათა ზუსტად იქნეს ნაპოვნი პირველი მესამოცედიდან მოყოლებული რომელიღაცა მესამოცედი. ამგვარად, მათი თქმით, ყოველი პლანეტისათვის ასეთი უმცირესი და შეუცნობელი დრო უნდა იქნეს გამოთვლილი, რათა ვიპოვნოთ, რა მდგომარეობა ეკავათ მათ უძრავ ვარსკვლავებთან მიმართებაში და ჩვილის შობის ჟამს როგორი სახე შეადგინეს.

რამდენადაც ამ დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, ხოლო მისი ერთი მცირე ნაწილის შეცვლა მეორეთი დიდ ცდომილებას ქმნის, სასაცილონი არიან ისინი, რომელნიც ამ სინამდვილეში არარსებული მეცნიერებისათვის იცლიან და კიდევ უფრო ისინი, რომელნიც პირდაღებულნი უსმენენ, თითქოს მათგან იმის გაგება შეეძლოთ, რა ელოდებათ.

6. და როგორია დასკვნები? ისინი ამბობენ: ეს თმახუჭუჭა და თვალმშვენიერი იქნება, რადგან ვერძის დროს დაიბადა, და ამ ცხოველს კი ასეთი შესახედაობა აქვსო; დიდსულოვანიც იქნება, რამდენადაც ვერძი წინამძღოლიაო; და კიდევ: ხელგაშლილიცა და მომგებელიც, რადგანაც ეს ცხოველი უმტკივნეულოდ განიყრის რა მატყლს, ბუნებისაგან კვლავ ადვილად იმოსებაო, ხოლო კუროს დროს ნაშობნიო, - ამბობენ ისინი, - ჯაფის დამთმენნი და მსახურნი არიან, ისევე როგორც კურო, რომელიც უღლის ქვეშაა; მორიელის დროს დაბადებული მსგავსად ამ ცხოველისა, შფოთისთავია, ხოლო სასწორის ჟამს შობილი კი – სამართლიანი, ვითარცა ჩვენი სასწორი.

და რაღა უნდა იყოს ამაზე სასაცილო? ვერძი, რომლისგანაც შენ ადამიანის დაბადების დროს იღებ, ერთი მეთორმეტედი ნაწილია ზეცისა, და მასში ყოფნისას მზე გაზაფხულის ნიშნებს ეხება. ასევე სასწორიცა და კუროც, თითოეული მათგანიც ერთი მეთორმეტედი ნაწილია ზოდიაქოდ წოდებული წრისა. ამბობ რა, რომ ძირითადი მიზეზები კაცობრივი ცხოვრებისა იქედანაა, ჩვენთან შობილ მძოვართაგან ადამიანთა ზნეს როგორ ახასიათებ? უკეთუ ვერძის დროს შობილი გულუხვია არა იმიტომ, რომ ეს თვისება ზეცის ამ ნაწილმა მისცა, არამედ იმიტომ, რომ ცხვარია ბუნებით ასეთი, რატომ გვაშინებ ვარსკვლავთა ნიშნების უეჭველობით და ცდილობ დაგვარწმუნო მძოვართა ბღავილით? თუკი ზეცამ ხასიათის ამგვარი თავისებურებანი ცხოველთაგან ისესხა, მაშინ იგი, რამდენადაც მიზეზებით მძოვარზე ყოფილა დამოკიდებული, თვითონაც უცხო საწყისებს უნდა ემორჩილებოდეს. და თუ ამის თქმა სასაცილოა, კიდევ უფრო სასაცილოა ძალისხმევა, დამაჯერებლობა მიანიჭო სწავლებას საგნებზე, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ.

მათი ამგვარი ბრძნობანი ობობას ქსელს ჰგავს. თუ მას კოღო, ბუზი ან სხვა ამათი მსგავსი უძლურთაგანი მიეახლება, გაებმება და დამარცხდება; მაშინ, როცა, თუ რომელიმე ძლიერი ცხოველი მიუახლოვდა, თავს ადვილად გააღწევს, სუსტ აბლაბუდას გაგლეჯს და გაანადგურებს.

7. მაგრამ ისინი მხოლოდ ამაზე როდი ჩერდებიან, არამედ იმის მიზეზებსაც, რისი არჩევაც ყოველი ჩვენგანის ხელთაა, - მე ვლაპარაკობ იმაზე, რას ავირჩევთ, სიკეთესა თუ ბოროტებას, - ზეციურ სხეულებს მიაწერენ. თუ ერთი მხრივ მათთვის პასუხის გაცემა სასაცილოა, მეორე მხრივ, რამდენადაც ამ ცდომილებით მრავალნი დასნეულდნენ, საჭიროება მოითხოვს, რომ დუმილი დავარღვიოთ.

უპირველესად ეს ვკითხოთ მათ: განა ვარსკვლავები სახეს ყოველდღე ათასჯერ არ იცვლიან? რადგანაც ცდომილებად წოდებულნი მუდმივად მოძრაობენ, თუ ერთნი სწრაფად ხვდებიან ერთმანეთს, მეორენი მოქცევებს უფრო ნელა აღასრულებენ, ერთსა და იმავე დროში ხშირად ორივე იხილვება, ხშირად კი ერთმანეთს ფარავენ, ხოლო, შობის ჟამს კი, როგორც ისინი ამბობენ, დიდი ძალა აქვთ, რომ ან კეთილისმყოფელ, ან კიდევ ბოროტ ვარსკვლავთა გვერდით გამოჩნდნენ. ხშირად, ერთი უმცირესი ნაწილის შეუცნობლობის გამო, ვერ იპოვეს რა დრო, რომელშიც ვარსკვლავი თავის კეთილისმყოფელობას დაამოწმებდა, იგი უკეთურთა შორის აღწერეს. მე იძულებული ვარ, რომ მათივე გამოთქმებით ვისარგებლო.

ამგვარ მსჯელობაში ფრიად დიდია უგუნურება, და კიდევ უფრო დიდი უღმერთოება, რადგან უკეთურ ვარსკვლავებს თავიანთი უკეთურობის მიზეზი შემოქმედზე გადააქვთ. თუ ისინი ბუნებით არიან ბოროტნი, მაშინ დამბადებელი ბოროტების შექმნელი ყოფილა, ხოლო თუ ბოროტება ნებაყოფლობით აირჩიეს, მაშინ ჯერ ერთი, ისინი ნების მქონე ცოცხალი არსებანი ყოფილან, რომელნიც იძულების გარეშე, თავისუფლად მოძრაობენ; მეორეც, მტკიცება ამგვარი სიცრუისა უსულოთა შესახებ, ნამდვილ სიგიჟეს წარმოადგენს.

შემდეგ: რა დიდი უგუნურებაა თქმა იმისა, რომ სიკეთე და ბოროტება თითოეულ ვარსკვლავს წილად ღირსებისამებრ კი არ ხვდა, არამედ ამ ადგილას იგი კეთილისმყოფელი იყო, ხოლო სხვა ადგილას ბოროტი გახდა, რადგან რომელიღაცა ვარსკვლავის ქვეშ იხილვებოდა და კვლავ; გარკვეული მდგომარეობიდან რამდენადმე გადაიხარა თუ არა თავისი ბოროტება მყისვე დაივიწყა.

ამის შესახებ საკმარისად ითქვა. უკეთუ დროის ყოველ წამს ვარსკვლავთა ურთიერთგანლაგება ერთი სახიდან მეორეში გადადის, და ურიცხვი შეცვლისას დღეში ხშირად იქმნება იმგვარი სახე, რომელიც მეფის დაბადებას გვიჩვენებს, რატომ ყოველდღე არ იბადებიან მეფენი? და რატომ ერგებათ მათ სამეფო მამისაგან მემკვდირეობით? რა თქმა უნდა, მეფეთაგან ყოველი ხომ არ იაზრებს თავისი შვილის დაბადებას გამომდინარე ვარსკვლავების სამეფო განლაგებიდან? და კაცთაგან ვინ შეიძლება იყოს უფალი ამისა? როგორ შვა ოსიამ იოათამი, იოათამმა აქაზი და აქაზმა ეზეკია ისე, რომ ამათგან არცერთს არ დაემთხვა ჟამი მონად დაბადებისა? შემდეგ: უკეთუ ბოროტსა და სათნო საქმეებს ჩვენგან კი არ ეძლევა დასაბამი, არამედ დაბადებიდანვე აუცილებლობით დაგვყვება, ზედმეტნი ყოფილან სჯულისმდებელნი, რომელთაც განგვისაზღვრეს, რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა გავექცეთ, ზედმეტნი ყოფილან მსაჯულნი, რომელნიც სათნოებას პატივს სცემენ, ხოლო უკეთურებას სჯიან; მაშინ ბრალი აღარც ქურდს უნდა დაედოს და აღარც კაცის მკვლელს, რადგანაც კიდევაც რომ სდომებოდა, არ შეეძლო დაეჭირა თავისი ხელი, რომელსაც ამის ჩადენისაკენ აუცილებლობა აქეზებდა. და მაინც, ყველაზე ამაოდ ხელოსნები და მიწადმოქმედნი შვრებიან, რომელთაც თურმე თესვისა და მკის გარეშეც შეეძლოთ მიეღოთ უხვი მოსავალი. ასევე ვაჭარიც, მიუხედავად იმისა, მოისურვებდა იგი ამას თუ არა, გამდიდრდებოდა, რადგანაც ქონებას ბედი შეუკრებდა. ქრისტიანთა დიდი სასოებაც უნდა განქარდეს, რადგან იქედან გამომდინარე, რომ ადამიანები საკუთარი ნებით არაფერს აკეთებენ, აღარც სამართლიანობას მიეგება პატივი და აღარც ცოდვა განისჯება; იქ, სადაც აუცილებლობა და ბედისწერა მძლავრობს, ადგილი არა აქვს ღირსების მიხედვით მიგებას, რაც უპირატესად მართლმსაჯულების თვისებას წარმოადგენს.

მათ შესახებ, რაც ითქვა, საკმარისია. ამასთან, არც თქვენ გჭირდებათ მრავალსიტყვაობა, რადგანაც სულით ჯანსაღნი ხართ და არც დრო გვაძლევს საშუალებას, რომ მათ წინააღმდეგ ზომაზე მეტი ვთქვათ.

8. კვლავ მივუბრუნდეთ სიტყვას, რომელზედაც შევჩერდით: იყვნედ სასწაულებად და დღეებად და წელიწადებად. ნიშნებზე უკვე ვთქვით, ხოლო რაც შეეხება დროებს, მასში, ვფიქრობ, წელიწადის დროთა მონაცველობა იგულისხმება: ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა, რომელთა უცვლელი წესრიგით მიმოქცევას მნათობთა დადგენილი მოძრაობა გვანიჭებს. ზამთარი მაშინ დგება, ოდეს მზე სამხრეთისაკენ მიიქცევა და ჩვენს ადგილებში ღამის აჩრდილი გადიდდება, რის შედეგადაც ჰაერი დედამიწის გარშემო გაცივდება, ტენიანი ორთქლი ჩვენს ზემოთ შეიკრიბება და წვიმების, ყინვისა და გადაუღებელი თოვის მიზეზი ხდება. როცა მზე სამხრეთის ადგილებიდან კვლავ დაბრუნდება, შუაში დადგება და ამგვარად დროს ღამესა და დღეს შორის თანაბრად გაყოფს, მაშინ, რამდენადაც მეტ ხანს გაჩერდება დედამიწის რომელიმე ადგილის ზემოთ, იმდენად მეტად წარმოშობს იქ კეთილშეზავებულობას; და დადგება გაზაფხული, დასაბამი ყოველგვარი მცენარის აღმოცენებისა, გამაცოცხლებელი ხეთა უმეტესი ნაწილისა და მემკვიდრეთა შობით შემნარჩუნებელი ხმელეთისა და წყლის ცხოველთა ყველა ჯიშისა. აქედან მზე გადავა რა უკვე უკიდურესი ჩრდილოეთით, ზაფხულის მოქცევისაკენ, ყველაზე გრძელ დღეებს შეგვიმზადებს და იმის გამო, რომ დიდხანს დგას, ჩვენს თავს ზემოთ ჰაერს გააცხელებს, ხოლო მიწას გამოაშრობს, რითაც თესლს ამოსვლაში, ხოლო ხეთა ნაყოფებს დამწიფების დაჩქარებაში შეეწევა. თვითონ მზე ამ დროს უმხურვალესია, შუადღისას ჩრდილებს ამოკლებს, რადგან სიმაღლეზე აწეული, ადგილს ჩვენს ირგვლივ მთლიანად ანათებს. ყველაზე გრძელი ის დღეებია, რომლებშიც ჩრდილები უმოკლესია, ხოლო უმოკლესია დღეები, რომლებშიც ჩრდილები ყველაზე გრძელია. ეს ხდება ჩვენთან, ერთჩრდილიანებად წოდებულებთან, რომელნიც დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში ვცხოვრობთ. იმათ შორის, რომელნიც სამხრეთში ცხოვრობენ, ისეთებიც არიან, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში ჩრდილი საერთოდ ორი დღეც არა აქვთ. იქ მზე, რომელიც ზენიტში ბრწყინავს, ყოველმხრივ თანაბრად ანათებს, ასე რომ, ვიწრო პირებიდან უსულო სხივებით ჭათა სიღრმეში მდგარი წყალიც კი განათებულია. სწორედ აქედან ეწოდათ მათ უჩრდილოები. მათ, რომლებიც სურნელოვან მცენარეთა მშობელი ქვეყნის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობენ, ჩრდილი მონაცვლეობით ოროივე, ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან აქვთ და, რადგანაც ჩვენს მიერ დასახლებულ სამყაროში ერთადერთნი არიან, რომელნიც შუადღისას ჩრდილს სამხრეთისაკენ იძლევიან, ამიტომაც ირგვლივჩრდილიანებს უწოდებენ. ეს ყოველივე მაშინ ხდება, როცა მზე უკვე ჩრდილოეთ ნაწილში გადადის. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რა სიმხურვალე აქვს ჰაერს მზის სხივებისგან და ამით რა მოვლენები აღესრულება.

ჟამი შემოდგომისა, რომელიც ჩვენთან ამათ შემდეგ დგება, ზედმეტ სიცხეს ასუსტებს, განზავებულობის მეშვეობით სითბოს თანდათანობით ამცირებს და უვნებლად გადავყავართ ზამთარში, მაშინ, როცა მზე ჩრდილოეთის ქვეყნებიდან ისევ სამხრეთში გადადის. ეს წრიული მოქცევანი წლის დროებისა, რომელიც მზის მოძრაობას მისდევს, ჩვენს ცხოვრებასაც განაგებს.

ნათქვამია იყვნედ დღეებადო, არა იმიტომ, რომ მნათობებმა დღეები შექმნან, არამედ რათა მათზე იმეუფონ. დღეცა და ღამეც ხომ მნათობთა უწინარესად იშვნენ. ამასვე გვიდასტურებს ფსალმუნიც, რომელიც ამბობს: დაადგინა მზე მფლობელად დღისა, მთოვარე და ვარსკვლავები – ხელმწიფებად ღამისა (ფს. 135.8-9). რატომ აქვს მზეს მეუფება დღისა? იმიტომ, რომ მან ნათელი იტვირთა, რაჟამს ჩვენს ჰორიზონტზე ამობრწყინდება, სიბნელეს ფანტავს დად ღეს გვანიჭებს. ამიტომ შემცდარი არ იქნება, თუ ვინმე დღეს, როგორც მზით განათებულ ჰაერს, ისე განსაზღვრავს, ან კიდევ იტყვის, რომ დღე დროის საზომია, რომლის განმავლობაშიც მზე დედამიწის თავზე, ნახევარსფეროში იმყოფება. მაგრამ მზესა და მთვარეს წელიწადებად ყოფნაც ებრძანათ. მთვარე აღასრულებს რა თორმეტჯერ თავის სვლას, სრულ იქმნება წელიწადი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წელიწადის დროების ზუსტი სვლისათვის ხშირად დამატებითი თვე ხდება საჭირო. ასე ითვლიდნენ წელიწადს ებრაელები ძველ აღთქმაში და ძველი ელინები. მზის წელიწადი კი მისი საკუთარი მოძრაობის შედეგად განსაზღვრული ნიშნიდან კვლავ იმ ნიშანში დაბრუნებაა.

9. და შექმნა ღმერთმან ორნი მნათობნი დიდინი (შესაქ. 1.16). სიტყვა დიდს ზოგჯერ აბსოლუტური შინაარსი აქვს; მაგალითად: დიდი ცა, დიდი დედამიწა, დიდი ზღვა; ბევრ შემთხვევაში კი იგი სხვასთან შესადარებლად იხმარება, როგორც მაგალითად: დიდი ცხენი და დიდი ხარი (რადგანაც ისინი სიდიდეს სხეულის მოცულობით კი არ ამოწმებენ, არამედ შედარებით თავიანთ მსგავსებასთან). ამიტომ, როგორ მოვიაზროთ დიდის შინაარსი ამ შემთხვევაში? ნუთუ ისე, როგორც ჭიანჭველას ან სხვას, ბუნებით პატარას, დიდს ვუწოდებთ მაშინ, რაჟამს მათ სიდიდეს მათივე ჯიშის სხვა წარმომადგენელთან შედარებით ვამოწმებთ? თუ ამჯერად დიდი ისე გავიგოთ, რომ ეს მნათობები დიდებად შეიქმნენ? მე ასე ვფიქრობ: ისინი დიდნი არიან არა სხვა, უფრო პატარა ვარსკვლავებთან შედარებით, არამედ იმიტომ, რომ საკმარისი მოცულობა აქვთ იმისათვის, რათა მათგან გადმოღვრილმა ნათელმა ცა და ჰაერიც გაანათოს და მთელ დედამიწასა და ზღვაზეც მყისვე გავრცელდეს. ცის რომელ ნაწილზედაც არ უნდა იყვნენ ისინი (მზე და მთვარე), თუნდაც ამოდიოდნენ, თუნდაც ჩადიოდნენ და თუნდაც შუაში იდგნენ, კაცთათვის ყოველი მხრიდან ერთი სიდიდის მქონენი ჩანან, რაც მათ უჩვეულო სიდიდეს ამტკიცებს, რომელთან შედარებითაც დედამიწის სივრცელე არაფერს ნიშნავს და მათ ვერც უფრო დიდად და ვერც უფრო მცირედ ვერ წარმოაჩენს. ჩვენგან დაშორებულ საგნებს რამდენადმე დაპატარავებულს ვხედავთ და რაც უფრო მივუახლოვდებით, მათ სიდიდეს უფრო და უფრო აღმოვაჩენთ. მაგრამ მზესთან მიმართებაში უფრო ახლოს და უფრო შორს არავინაა, არამედ პირიქით, დედამიწის ყველა ნაწილის მცხოვრებთ თანაბრად დაშორებული წარმოუდგება. ნიშანდობლივია, რომ მას ინდოელებიცა და ბრიტანელებიც ერთნაირს ხედავენ. არც აღმოსავლეთში მცხოვრებთათვის კლებულობს მისი სიდიდე, რაჟამს დასავლეთში ჩადის და არც დასავლეთში მცხოვრებთ ეჩვენებათ უფრო მცირე, რაჟამს აღმოსავლეთიდან ამოდის. მისი შესახედაობა უცვლელია ორივე მხარის მცხოვრებთათვის მაშინაც, როცა იგი ზეცის შუაში დგას.

ნუ მოგატყუებს ის, რაც ჩანს და ნურც ის, რომ მხილველთათვის მოცულობით ერთი წყრთაა მხოლოდ და ნუ დაასკვნი, რომ მართლაც ესაა სიდიდე მისი. სიდიდე საგნებისა, რომელთაც დიდ მანძილზე დაშორებულებს ვხედავთ, ჩვეულებრივ მცირდება, რადგან მხედველობის ძალა არასაკმარისია, რათა გააღწიოს სივრცეს, რომელიც გვაშორებს. იგი გზადაგზა თითქოს განილევა და სახილველ საგნებამდე მისი მხოლოდ მცირე ნაწილი აღწევს. შემცირებული ძალა ჩვენი მხედველობისა, გადააქვს რა საკუთარი ნაკლი სახილველ საგნებზე, გვაიძულებს ისინიც შემცირებულად აღვიქვათ. თუ მხედველობა ტყუვდება, იგი არასანდო კრიტერიუმი ყოფილა. საკუთარი შეცდომები გაიხსენე და ნათქვამის დამოწმებას შენს თავშივე იპოვი. თუკი ოდესმე მაღალი მთის მწვერვალიდან გიხილავს ველი, ვრცელი და გაშლილი, რამხელა მოგჩვენებია უღელში შებმული ხარები? და რამხელა თვითონ მხვნელები? ხომ ვითარცა ჭიანჭველანი? თუკი სათვალთვალო კოშკიდან მზერა ზღვის სივრცისაკენ წარგიმართავს, რამხელა მოგჩვენებია თვით ყველაზე დიდი კუნძულები და რამხელა ერთი სატვირთო ხომალდთაგანი მუქ ლურჯ ზღვაზე თეთრი იალქნებით რომ მიცურავს? ხომ მტრედებზე უფრო მცირედ წარმოგდგომია, არა? რადგანაც, როგორც ვთქვი, ჰაერის მიერ შთანთქმული მზერა, სუსტდება და სახილველის ზუსტად აღქმისათვის არასაკმარისი ხდება. ასევე მთათა შორის უდიდესს, რომელიც ღრმა ხეობებითაა დასერილი, მზერა ყოველმხრივ ამობურცულად და გლუვად წარმოადგენს, რადგანაც მხოლოდ გამოწეულ ადგილებს სწვდება, და მათ შორის არსებული ღარტაფების წვდომა უძლურებისა გამო არ შეუძლია. ამიტომაც მხედველობა სხეულებს ვერც იმგვარ მოხაზულობას უნარჩუნებს, რომელიც სინამდვილეში აქვთ, არამედ, პირიქით, ოთხკუთხა კოშკებს მრგვალებად წარმოგვიდგენს. ამგვარად, ყველაფრიდან ჩანს, რომ მზერა დიდი მანძილით დაშორებულ სხეულებზე არა ჭეშმარიტ, არამედ შერეულ წარმოდგენას იღებს. ასე რომ, მნათობი იგი დიდია, როგორც ამას წმინდა წერილი გვიმოწმებს და განუსაზღვრელად უფრო დიდი, ვიდრე ჩანს.

10. და კიდევ ესეც იყოს შენთვის ცხადი ნიშანი მისი სიდიდისა: თუმცა ურიცხვია სიმრავლე ზეცაში ვარსკვლავთა, მაგრამ ყველა მათგანის ნათელი რომ შევკრიბოთ, საკმარისი არ იქნება ღამის სიბნელის გასაფანტავად. ეს კი ერთი, გამოჩნდება თუ არა ჰორიზონტზე, მაშინაც კი, როცა მის ამოსვლას მხოლოდ ველოდებით, ჯერ დედამიწაზე მთლიანად არც კი ამაღლებულა, რომ სიბნელე უკვე ქრება, ვარსკვლავთა ნათელი ფერმკრთალდება და დედამიწის ახლოს მანამდე გამკვრივებული და შეკუმშული ჰაერი შეთხელდება და ამდინარდება. აქედან არიან დილის ნიავნი და ცვარნი, რომელნიც მოწმენდილ ამინდში დედამიწას ასველებენ. როგორ შეუძლია მზეს მთელი დედამიწის, რომელიც ასე ვრცელია, თვალის დახამხამებაში განათება, სხივებს რომ დიდი სფეროდან არ აგზავნიდეს? აქედან შემოქმედის სიბრძნეც შეიმეცნე, რომელმაც მას ამგვარი დაშორების შესაბამისი სიმხურვალე მისცა. მხურვალება მზისა ისეთია, რომ არცა გარდამეტებული სიცხით დაწვას ქვეყანა და არც სითბოს დაკლებით დატოვოს დედამიწა ცივი და უნაყოფო.

მთავარის შესახებაც, მსგავსად ნათქვამისა წარმოიდგინე. მისი სხეულიც დიდია და შემდგომად მზისა ყველაზე მანათობელი. ამასთან, მისი სიდიდე ყოველთვის არ იხილვება, არამედ ზოგჯერ სავსე ჩანს სიმრგვალესა შინა, ხოლო ზოგჯერ, შემცირებული და დაკლებული, თავის ამა თუ იმ დარჩენილ ნაწილს წარმოაჩენს. როცა იზრდება, მისი ერთი ნაწილი იჩრდილება, მეორე ნაწილი კი მოკლების ჟამს იფარება. ბრძენ შემოქმედს რაღაც დაფარული მიზეზი აქვს მისი ხატის ასე მრავალფეროვანი ცვლილებისათვის. შესაძლებელია, ამით მას სურდა ნათელი მაგალითი მოეცა ჩვენი ბუნებისა, კერძოდ, რაც კაცობრივია, მათგან მარადიული არაფერია, ერთი რომ არარსებობიდან გასრულებამდე მიდის, მეორე მიაღწევს რა აყვავების ხანას და მისთვის უკიდურეს ზომამდე გაიზრდება, თანდათანობითი მოკლების შედეგად განილევა, ირღვევა და დაპატარევებული ნადგურდება. ასევე მთვარის სანახაობისგანაც ჩვენი თავი უნდა შევიცნოთ და შეგვექმნება რა აზრი კაცობრივ საქმეთა მსწრაფლ ცვალებადობაზე, მაღალი წარმოდგენა არც ცხოვრების კეთილდღეობაზე გვექნება, არც ძლიერებით გავიხარებთ და არც მერყევი სიმდიდრით აღვზევდებით; უგულებელვყოფთ ხორცს, რომელსაც ცვალებადობა ახასიათებს და ვიზრუნებთ სულზე, რომლის სიკეთეც უცვლელია. თუ შენ გამწუხრებს მთვარე, რომელსაც თანდათანობითი მოკლებისას ნათელიც უმცირდება, უფრო მეტად დაგამწუხროს სულმა, რომელმაც სათნოება შეიძინა, მაგრამ სიკეთე დაუდევრობით წარწყმიდა, არასოდეს არ რჩება ერთსა და იმავე მდგომარეობაში, უსაფუძვლო აზრების გამო აქეთ-იქით აწყდება და ხშირად იცვლება, მართლაც ისე, როგორც ნათქვამია: უგუნური იცვლება ვითარცა მთვარე (ზირ. 27.11).

ვფიქრობ, მთვარის ცვლილებას ცოტა გავლენა როდი აქვს ცხოველთა და სხვა მიწისაგან წარმოშობილთა აგებულებაზე, რადგან სხვაგვარია სხეულთა მდგომარეობა, როცა იგი კლებულობს და სხვაგვარი, როცა იზრდება. მთვარის შემცირებასთან ერთად ისინი თხელდებიან და სუსტდებიან, ხოლო როცა იგი იზრდება და სისრულეს უახლოვდება, კვლავ ივსებიან. ეს იმიტომ, რომ მთვარე მათ რაღაც სითბოსთან განზავებულ ტენს აძლევს, რომელიც სიღრმეში აღწევს. ამას გვიმოწმებენ ისინი, რომელთაც მთვარის სინათლეზე სძინავთ და თავის არე გარდამეტებული ტენით ევსებათ; ასევე სწრაფად ფუჭდება ახლადდაკლული ცხოველის ხორცი, რაჟამს მას მთვარის სხივები დაეცემა და კიდევ: ცხოველთა ტვინი, ზღვის ცხოველები და ხეთა გულები. მაგრამ მთვარე ყოველივე ამის შეცვლას თავის ცვალებადობასთან ერთად ვერ შეძლებდა, იგი რომ, როგორც ამას წმიდა წერილიც გვიმოწმებს, ძალით რაღაც განსაკუთრებული და უჩვეულო არ იყოს.

11. ჰაერის სახეცვლილებანი მთვარის ცვალებადობას უკავშირდება, როგორც ამას ხშირად მშვიდი და ნათელი ამინდის შემდეგ ახალი მთვარისას ღრუბლების მოძრაობისა და მათი ურთიერთშეხლის შედეგად მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხლები გვიდასტურებენ; ასევე უკუდინებანი ევრიპებისა, მიქცევა ე.წ. ოკეანისა, რომელიც, როგორც ეს სანაპირო მცხოვრებთა აღმოაჩინეს, ზუსტად მთვარის წრიული მოქცევის დროებს მისდევს. მთვარის სხვა სახეებისას ევრიპები ორივე მხარეს მიედინებიან, ხოლო მისი შობის ჟამს ერთი წუთითაც არ მშვიდდებიან, განუწყვეტლივ ღელავენ და ირყევიან, სანამ მთვარე კვლავ არ გამოჩნდება და წინა-უკმო დინებებს გარკვეულ თანმიმდევრულობას არ მიანიჭებს. დასავლეთის ზღვაც მიმოქცევას ემორჩილება, ხან იკლებს და ხანაც იმატებს, მიქცევისას თითქოს მთვარემ შეისუნთქაო, ხოლო მოქცევისას, თითქოს მთვარემ ამოისუნთქაო, მანმადე ივსება, ვიდრე ჩვეულ ზომას არ მიაღწევს.

ყოველივე ეს იმიტომ ვთქვი, რომ მნათობების სიდიდე მეჩვენებინა და დამემტკიცებინა, რომ ღმრთივსულიერ სიტყვებში არაფერია ფუჭი, თვით ერთი ასოც კი, თუმცა ჩვენი სიტყვა არაფერს მთავარს თითქმის არ შეხებია. მზისა და მთვარის სიდიდესა და დაშორებაზე დასკვნების საშუალებით მრავალი რამის პოვნა შეიძლება, თუკი მათ მოქმედებასა და ძალას ზედაპირულად არ განვიხილავთ. ჩვენი უძლურება ჩვენვე გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რათა ვინმემ უდიდესი ქმნილებანი ჩვენი სიტყვების მიხედვით კი არ გაზომოს, არამედ, პირიქით, იმ მცირედან, რაც მათ შესახებ ითქვა, გამოიტანოს დასკვნა იმის თაობაზე, თუ უთქმელი რამდენი მნიშვნელოვანი რამ დაგვრჩა.

ამგვარად მთვარე არა თვალით, არამედ გონებით გაზომე, რომელიც ჭეშმარიტების აღმოჩენისას თვალზე ბევრად უფრო ზუსტია. ახლა ყველგან გავრცელდა სასაცილო ზღაპრები მთვრალი დედაბრებისა, იმის თაობაზე, რომ რაღაც გრძნეულებით თავისი საფუძვლიდან დაძრული მთვარე დედამიწაზე ჩამოვარდება. მაგრამ როგორ შეუძლია გრძნეულთა შელოცვას ადგილიდან დაძრას ის, რაც უზენაესმა დააფუძნა? და თუ მაინც ჩამოვარდა, რომელი ადგილი დაიტევს მას?

გსურს, მისი სიდიდის შესახებ მტკიცებულება მცირე ნიშნებიდან ისესხო? სამყაროში ერთმანეთისაგან დიდად დაშორებული ქალაქები აღმოსავლეთისაკენ მიქცეულ ქუჩებში მთვარის ნათელს თანაბრად იღებენ. მთვარე რომ ყველას პირისპირ არ იდგეს, იგი უეჭველად მხოლოდ იმ ქუჩებს გაანათებდა, რომლებიც მის პირდაპირ მდებარეობენ, ხოლო ქუჩებს, რომლებიც მისი მოცულობის გარეთ არიან, დახრილ, ირიბად წამოსულ სხივებს ესროდა.

იგივე შეიძლება ვიხილოთ ლამპრებშიც, რომლებსაც სახლებში ანთებენ. როცა მის ახლოს მრავალი დგას, ჩრდილი პირდაპირ მდგომთა პირდაპირვე წაგრძელდება, ხოლო დანარჩენთა ჩრდილები ამა თუ იმ მხარეს მიდრკებიან, აქედან გამომდინარე, მთვარის სხეული რომ უზარმაზარი არ იყო და აღმატებული სიდიდე არ ჰქონდეს, ერთი ყველას პირდაპირ ვერ აღმოჩნდებოდა. იმ ადგილებში, სადაც დღეები თანაბარია, ამოსულ მთვარეს ერთნაირს ხედავენ როგორც მცხოვრებნი ცივ სარტყელში, დათვის თანავარსკვლავედის ქვეშ, ასევე ისინიც, რომლებიც სამხრეთის სიღრმეში ცხოვრობენ, მეზობლები მზიანი ადგილებისა. მისი სივრცელე ყოველი მათგანის მიმართ პირდაპირაა მიქცეული, რითაც იგი თავის სიდიდეს ცხადად ამოწმებს. ვინღა იკამათებს ისევ იმის თაობაზე, რომ სხეული მისი, რომელიც ასე ბევრ საგანს უთანაბრდება და თანაც მისგან ასე დაშორებულს, მართლაც რომ ფრიად დიდია. მზისა და მთვარის სიდიდეზე საკმარისად ითქვა.

ვინც ჩვენ მოგვმადლა გონება, რათა მცირე ქმნილებათაგან შემოქმედის სიბრძნე შევიცნოთ, დაე მოგვანიჭოს ძალა დიდი ქმნილებებისაგან დამბადებლის შესახებ კიდევ უფრო მეტის შეცნობისა, თუმცაღა მზეცა და მთვარეც შემოქმედთან შედარებით კალიასა და ჭიანჭველაზე უფრო მცირენი არიან. ამიტომაც შეუძლებელია მათგან ისეთი დასკვნის გამოტანა, რომელიც ყოველთა ღმერთის სიდიადის შესაფერისი იქნებოდა; მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ რამდენადმე მცირე და ბუნდოვან წარმოდგენებამდე მიგვიყვანონ, ისევე როგორც ყოველს პატარა ცხოველებისა და მცენარეებისგან.

დავკმაყოფილდეთ იმით, რაც ითქვა და მადლობა შევწიროთ მას, ვინც მე სიტყვის ეს მცირე მსახურება მომმადლა, ხოლო თქვენ – მას, ვინც სულიერი საზრდეელით გზრდით. მან ჩემი მწირი სიტყვებით, ვითარცა რაღაც ქერის პურით, ახლაც გვასაზრდოვებს, რწმენის შესაფერისად მოგვცემს რა გამოცხადებას სულისა (I კორ. 12.7) ჩვენი უფალი ქრისტე იესოს მიერ, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ჰომილია VII

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ქვეწარმავალთა შესახებ

1. და თქუა ღმერთმან: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა. და იქმნა ეგრეთ (შესაქ. 1.20). მნათობთა შექმნის შემდეგ წყალი ცხოველებით აივსო, რათა თავისი წილი სამკაული  მასაც მიეღო. ამ დროს დედამიწას საკუთარი სამკაული მცენარეების სახით უკვე მიღებული ჰქონდა, ხოლო ზეცა ვარსკვლავთა ყვავილებით იყო შემკული და ვითარცა სახეს თვალები, დიდი მნათობების შეუღლებული წყვილი ამშვენებდა. წყალიღა იყო დარჩენილი და საკუთარი სამკაული მასაც უნდა მისცემოდა. მოვიდა ბრძანება და მდინარეებმა და ტბებმა, თითოეულმა თავისი ბუნების მიხედვით, მათთვის დამახასიათებელი ჯიშები წარმოშვეს. მცურავთა ყოველი მოდგმის შობისათვის მუცელი ზღვასაც ასტკივდა, წყალი არსად, იქნებოდა ეს შლამი თუ ჭაობი, ქმნილებათა გასრულების საქმეში უმოქმედოდ და მონაწილეობის გარეშე არ დარჩენილა. ცხადია, რომ ბაყაყები, კოღოები და ქინქლები სწორედ მათგან იშვნენ. რასაც ახლა ვუყურებთ, ის წარსულსაც წარმოგვიჩენს. ასე ისწრაფა ყველა წყალმა შემოქმედის ბრძანების სამსახურისათვის. ვერავის ხელეწიფება აღრიცხვა ჯიშთა, რომელთა სიცოცხლეც მოქმედად და მოძრავად ღმრთის დიდმა და გამოუთქმელმა ძალამ წარმოშვა. ასე რომ, ძალა სიცოცხლის შობისა წყალს ბრძანებით მიეცა.

გამოიღეთ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნელთა ცხოველთა. და დაიბადა პირველი ცხოველი, მშვენიერი და მგრძნობელობასთან წილნაყარი; თუმცა მცენარეებსა და ხეებზე საზრდოობისა და აღორძინების ძალის გამო ცოცხალი ითქმება, მაგრამ ცოცხალნი და მშვინვიერნი მაინც არ არიან. ამისთვის გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები. ყოველი მცურავი, რომელიც ზედაპირზე ცურავს თუ წყლის სიღრმეებს აპობს, ქვეწარმავლის ბუნებისაა, რადგან სხეულს წყალში მიათრევს. თუმცა წყლის ცხოველთაგან ზოგიერთს ფეხები აქვს და სიარული შეუძლია (მათი უმრავლესობა ამფიბიაა, როგორც მაგალითად, სელაპები, ნიანგები, ბეჰემოთები, ბაყაყები და კიბოები), მაგრამ მათი მთავარი საქმე მაინც ცურვაა.

გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები. – ამ მცირე სიტყვით შეუქმნელი რომელი ჯიში დარჩა? რომელი აღარ იქნა შეყვანილი შესაქმის ამ ბრძანებაში? მაგალითად, ისეთი ცოცხალმშობი ცხოველები, როგორიცაა სელაპები, დელფინები, მელანთევზები და სხვა მათი მსგავსი, ე.წ. ხრტილოვანი თევზები? აგრეთვე ქვირითის დამყრელნი, როგორიცაა თითქმის ყველა ჯიში თევზებისა? მაგარქერცლიანები და რბილქერცლიანები, ფარფლებიანები თუ უფარფლებონი? ბრძანების ხმა მცირეა, უფრო მეტიც, ხმაც არაა, არამედ ოდენ წამი და აღძვრა ნებისა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბრძანების შინაარსია ისეთი მრავლისმომცველი, რამდენი განსხვავებული და საერთო თვისება არსებობს თევზებს შორის, რომელთა დაწვრილებით აღწერა იგივეა, რაც დათვლა ზღვაში ტალღებისა, ანდა მცდელობა მისი წყლის არწყვისა პეშვით.

გამოიღეთ წყალთა ქუეწარმავლები. მათ რიცხვში შედის ისინი, რომელნიც ზღვაში, მის ნაპირებზე, სიღრმეებსა და ქვებში ცხოვრობენ და ჯოგებად ან მარტო დაცურავენ – ვეშაპები, ვეებერთელა თუ წვრილი თევზები. ერთი და იმავე ძალიდან, ერთი და იმავე ბრძანებიდან ყოფიერებაში მოსვლა წილად ხვდათ დიდთა თუ მცირეთ.

გამოიღეთ წყალთა. – ამით შენ მცურავთა ბუნების წყალთან ნათესაობა გიჩვენა, რადგან თევზები წყალს მცირე ხნითაც რომ განშორდნენ, დაიღუპებიან. ისინი ხომ ამ ჰაერით ვერ ისუნთქებენ, არამედ რაც ხმელეთზე მცხოვრებთათვის ჰაერია, ის წყალია მცურავთა მოდგმისათვის. მიზეზი ამისა ნათელია. ჩვენ გვაქვს ფილტვი, ნაზი, მრავალნასვრეტიანი, დაჩვრეტილი ორგანო, რომელიც ჰაერს მკერდის გამყოფი შუასაძგიდის გზით იღებს და ჩვენს შინაგან სიმხურვალეს აგრილებს და ანიავებს, ხოლო მათთან სუნთქვის მაგივრობას ლაყუჩების გაფართოება და შეკუმშვა წევს, რომლითაც წყალს იღებენ და უკან აბრუნებენ.

თევზებს საკუთარი ხვედრი აქვთ, საკუთარი ბუნება, საკუთარი საზრდელი და ცხოვრების საკუთარი წესი. ამიტომ მცურავთაგან არათუ არცერთის მოშინაურება არ შეიძლება, არამედ საერთოდ ადამიანის ხელის შეხებასაც ვერ ითმენენ.

2. გამოიღეთ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა ნათესაობისაებრ. ახლა უბრძანა წარმოშობა, როგორც რაღაც თესლებს ბუნებისა, ყოველი ჯიშის დასაბამს, ხოლო მათ გამრავლებას მემკვიდრეობის უწყვეტლობა წარმართავს, რაჟამს ისინი ზრდასა და გამრავლებას მოითხოვენ. სხვა ჯიშისაა ე.წ. ტყავბაკნიანები, როგორიცაა მაგალითად: ნიჟარები, სავარცხლები, ლოკოკინები, ზღვის ლოკოკინები, სტრომვები (ბზრიალები) და ხამანწკების ათასობით სახესხვაობა; სხვა ჯიშისანი არიან ე.წ. რბილნიჟარიანები, მაგალითად, ზღვის კიბოები, კიბორჩხალები და მსგავსნი ამათნი. სხვა ჯიშს მიეკუთვნებიან ე.წ. ლოქორები (რბილტყავიანები), რომელთაც ხორცი რბილი და მოშვებული აქვთ: პოლიპები, მელანთევზები და სხვა მათი მსგავსნი. ამათ შორისაც მრავალი სხვაობა განირჩევა, რადგან დრაკონები, ზღვის გველთევზები და გველთევზები, რომლებიც შლამიან მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ, ბუნებით უფრო შხამიან ქვეწარმავლებს ემსგავსებიან, ვიდრე თევზებს. სხვა ჯიში ქვირითის დამყრელთა და სხვა ცოცხალმშობთა. ცოცხალ შვილებს ზვიგენები, ძაღლთევზები და საერთოდ ე.წ. ხრტილოვანები შობენ; ცოცხალმშობია აგრეთვე ვეშაპთა დიდი ნაწილი, დელფინები და სელაპები, რომელთა შესახებაც მოგვითხრობენ, რომ ახალშობილ შვილებს, რაღაცა მიზეზით შეშინებულებს, ისინი კვლავ საშოში იღებენ და იქ მალავენ.

გამოიღედ წყალთა ნათესავობისაებრ. სხვაა ჯიში ვეშაპისებრთა და სხვა წვრილი თევზებისა. და ისევე: თევზებს შორის ურიცხვი სხვაობანია და ისინი ჯიშებად არიან დაყოფილნი, რომელთაც სახელებიც საკუთარი აქვთ, საჭმელიც განსაკუთრებული და შესახედაობით, სიდიდით და ხორცის თვისებებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დიდი სხვაობებით გამოყოფილნი, ისინი სხვადასხვა სახეობას მიეკუთვნებიან.

ვის შეუძლია იმათგან, რომელნიც თევზების თვისებებს აკვირდებიან, ჯიშთა შორის არსებული სხვაობანი ჩამოგვითვალოს? თუმცა მათზე ამბობენ, რომ თევზთა დიდ ქარავანში მათი რიცხვის დადგენაც კი შეუძლიათ; მათგან, ვინც ზღვისპირას დაბერდა, ყველა სახის თევზის ისტორიის თხრობა რომელს შეუძლია? სხვა ჯიშებს იცნობენ ისინი, რომელნიც ინდოეთის ზღვაში თევზაობენ, სხვას – ეგვიპტის ყურეში, სხვას – კუნძულელები და კიდევს სხვას – მავრიტანელები. მაგრამ ყველანი, - პატარებიცა და დიდებიც, იმ პირველმა ბრძანებამ და გამოუთქმელმა ძალამ წარმოშვა. მრავალი სხვაობაა მათ ცხოვრებაში, მაგრამ კიდევ უფრო ბევრია სხვაობა ყოველი ჯიშის გამრავლების წესებს შორის. თევზების დიდი ნაწილი, ფრინველებისაგან განსხვავებით, არ ჯდება კვერცხებზე, არც ბუდეს იშენებს და არც შვილების გამოზრდისათვის შრომობს, არამედ დაყრილ ქვირითს წყალი იღებს და მათგან სიცოცხლეს წარმოშობს. არცერთი ჯიში გამრავლების წესს არ იცვლის და არც სხვა ბუნების მქონეს შეერევა. არ არსებობს თევზების იმ წესით გამრავლება, რომლითაც ხმელეთზე ჯორები მრავლდებიან, ან ისეთი შეერთება, როგორიც იმ ფრინველთა შორის ხდება, რომელნიც ნარევ ჯიშებს წარმოშობენ. თევზებს შორის არ არიან ისეთები, რომლებიც ნახევრად იყვნენ აღჭურვილნი კბილებით, როგორც ჩვენთან ხარი და ცხვარი, რადგან მათ შორის არცერთი არ იცოხნება, გარდა სკაროსისა, როგორც ამას ზოგიერთები მოგვითხრობენ; მაგრამ ყველა თევზს აქვს მიჯრით მიწყობილი მახვილი კბილები, რათა საზრედლი ხანგრძლივი ღეჭვისას არ გადმოიქცეს, რადგან თუ იგი სწრაფად არ დაქუცმაცდა და მუცელს არ გადეცა, შესაძლებელია დაქუცმაცების დროს წყალმა წაიღოს.

3. საზრდელი სხვადასხვა ჯიშის თევზისა სხვადასხვაა. ზოგი შლამით საზრდოობს, ზოგი ზღვის ბალახით, ზოგიც იმ მცენარეებით კმაყოფილდება, რომელნიც წყალში იზრდებიან. უმრავლესობა თევზებისა ერთმანეთს ჭამს; უფრო პატარა კერძია შედარებით უფრო დიდისა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ის, ვინც პატარა შთანთქა, მასზე ძლიერის ნადავლად იქცევა, - ასე რომ, ბოლოს ორივე ამ უკანასკნელის მუცელში აღმოჩნდება. სხვას რას ვაკეთებთ ჩვენ, ადამიანები, როცა იმათზე, ვინც ჩვენზე დაბლაა, ვმძლავრობთ? რა განსხვავებაა იმ უკნასკნელ თევზსა და მას შორის, ვინც სიმდიდრის გაუმაძღარი სიყვარულის გამო თავისი ანგარების ყოვლისშთანმთქმელ წიაღში მასზე უფრო სუსტებს ნთქავს? მან მიითვისა ღარიბის ქონება, შენ კი იგი შეიპყარი და შენი სიმდიდრის ნაწილად აქციე. უსამართლოზე უფრო უსამართლო და ხარბზე უფრო ხარბი აღმოჩნდი! ფრთხილად იყავ, რომ შენი ბოლოც ისეთივე არ იყოს როგორც თევზისა – ანკესი, ფაცერი ან ბადე. უეჭველია, რომ ჩვენც, ვინც მრავალ უსამართლობას ჩავდივართ, უკანასკნელ სამსჯავროს ვერ გავექცევით. უსუსურ ცხოველთა მრავალგვარი ცბიერებისა და ვერაგობის შეცნობით მინდა, რომ შენ უკეთურების მოქმედთა მიბაძვას თავი აარიდო. კიბოს ხამანწკის ხორცი სურს, მაგრამ ძნელია მისი მონადირება გარემომცველი ბაკნის გამო. ბუნებამ ხომ მისი ნაზი ხორცი შეუვალი ზღუდით შემოზღუდა. ამიტომაც ეწოდა ტყავბაკნიანი. რამდენადაც ორი ჩაზნექილი ნიჟარა ერთმანეთს ზუსტად ედგმება და ხამანწკას ფარავს, კიბოს მარწუხებიც იძულებით უმოქმედო ხდება. და როგორ იქცევა? როგორც კი დაინახავს, რომ ხამანწკა უქარო ადგილას სიამოვნებით თბება და თავის ნიჟარას მზის სხივებს უღებს, ფარულად კენჭს ჩაუგდებს, ხელს შეუშლის ნაწილების შეერთებას და რისი ძალაც არ შესწევს, იმას მოხერხებით აღწევს. ასეთია ბოროტება მათი, რომელთაც არც გონება და არც სიტყვა არ მიენიჭათ. მე მინდა, რომ შენ კეთილ საქმეთა მოგებაში სიმარჯვით კიბოს მიბაძო, ოღონდაც ისე, რომ მოყვსისათვის ვნების მიყენებისაგან თავი შეიკავო. ასეთია ხომ ის, ვინც ძმასთან მზაკვრულად მიდის, გასაჭირში ჩავარდნილ მახლობელს თავს დაატყდება და სხვათა უბედურებით ხარობს. მოერიდე მიბაძვას იმ ადამიანებისა, რომელნიც საძრახის საქციელს სჩადიან და რაც შენია, ის იკმარე. სიღატაკე, როცა შენი სიმართლით კმაყოფილი ხარ, გონიერთათვის ყველა ტკობობაზე უმჯობესია.

არ შემიძლია გვერდი ავუარო მრავალფეხას ცბიერებასა და ქურდობას, რომელიც ყველა იმ ლოდის ფერს იღებს, რომელსაც მიეკრობა. ამიტომ მრავალი თევზი, ცურავს რა უშიშრად, მრავალფეხას, როგორც ქვას ისე უახლოვდება და ვერაგის განმზდებული ნადავლი ხდება. ასეთი ხასიათი აქვთ იმათაც, რომელნიც ძალაუფლების მფლობელთ შეუდგებიან და ყოველ ჟამს შესაფერისად გარდაიქმნებიან. ერთ განზრახვაზე არასოდეს დგანან, არამედ სხვად და სხვად ადვილად იქცევიან, კეთილგონიერებთან კეთილგონეირებას სცემენ პატივს, თავგასულებთან კი – თავგასულობას და ყოველი მათგანის საამებლად შეხედულებებს სწრაფად იცვლიან. მათი თავიდან მოშორება ადვილი როდია და თავის დაცვა მათგან მიყენებული ზიანისაგანაც ჭირს, რადგან განზრახული უკეთურება ღრმადაა დაფარული მეგობრობის ნიღბით. ამგვარი ზნის ადამიანებს უფალმა მტაცებელი მგლები უწოდა, რომელნიც ცხვრის ქურქით გვევლინებიან (მთ. 7.15). მოერიდე მრავალფერსა და მრავალგვარ ცვალებადობას და სიმართლეს, სიწრფელესა და უბრალოებას შეუდექი. გველს მრავალი ფერი აქვს (ჭრელია), ამიტომაც მიესაჯა მუცელზე ხოხვა, მართალი კი უბრალოა ვითარცა იაკობი (შესაქ. 25.27). ამიტომაც დაამკჳდრის ღმერთმან ერთსახენი სახლსა (ფს. 67.7).

ესე ზღუაჲ დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქუეწარმავალნი, რომელთა არა არს რიცხჳ, მჴეცნი წურილნი დიდთა თანა (ფს. 103.25), მაგრამ მათ შორის რაღაც სიბრძნეა და მშვენიერება წესრიგისა. თევზებზე მხოლოდ დასაყვედრებელი როდი გვეთქმის; მათში ბევრი ისეთი რამეცაა, რაც მიბაძვის ღირსია. როგორ ხდება, რომ თევზთა ჯიშები, ირგუნა რა თითოეულმა წილად მისთვის შესაფერისი ადგილი, ერთმანეთთან კი არ გადადიან, არამედ საკუთარ საზღვრებში რჩებიან? მათ შორის არავინაა მიწისმზომელი, რომელიც ყველას თავ-თავის ადგილს მიუზომავდა და არც დადგენილი საზღვრები ჰყოფთ, მაგრამ ყველას მისთვის სასარგებლო თავისთავად დაუწესდა. ეს უბე თევზების ამ ჯიშს ასაზრდოებს, მეორე – სხვას; აქ რომ მრავლად არიან, სხვაგან მათი ნაკლებობაა; მათ ერთმანეთთან გადასვლა-გადმოსვლას არც ციცაბომწვერვალებიანი მთები აბრკოლებენ და არც გამყოფი მდინარე, არამედ საცხოვრებელი ადგილები ბუნებითმა სჯულმა თითოეულს საჭიროებისდა მიხედვით თანაბრად და სამართლლიანად გაუყო.

4. ჩვენ კი ასეთები როდი ვართ. საიდან ჩანს? იქიდან, რომ ვსცვალებთ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა ჩვენთა (შეად. იგავ. 22.28), ვყოფთ მიწებს, შევაერთებთ სახლსა სახლისა მიმართ და აგარაკსა აგარაკისა მიმართ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ვხვეჭოთ (შეად. ეს 5.8).

ვეშაპებმა იციან ბუნებისაგან მათთვის განსაზღვრული ადგილები, კერძოდ, ისინი მკვიდრობენ ზღვებში, რომლებიც დასახლებული ადგილიდან შორს მდებარეობენ, სადაც არც კუნძულებია და არც ხმელეთი მოპირდაპირე მხარეს და ამიტომაც არც ხომალდები დადიან. ვერც ცნობისმოყვარეობამ და ვერც რაღაც საჭიროებამ ვერ წააქეზა მეხომალდეები და მათში შესვლა ვერ გააბედინა. ეს ზღვები ვეშაპებმა დაიკავეს, რომლებიც, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოცულობით უდიდეს მთებს ემსგავსებიან. ისინი თავიანთ საზღვრებში რჩებიან და არც კუნძულებსა და არც სანაპირო ქალაქებს ზიანს არ აყენებენ. ამგვარად, ყოველი ჯიში თევზებისა ზღვის მისთვის განსაზღვრულ ნაწილებში, ვითარცა ქალაქებში, სოფლებსა ან ძველ მამულებში, ისე სახლობს.

თევზთაგან ზოგიერთები მოგზაურობენ კიდეც. თითქოს გადასახლებისათვის საერთო განზრახვით შეკრებილებს ერთი ნიშანი მიეცათო, ყველანი ერთად მიემართებიან. რაჟამს მათთვის განწესებული შობის ჟამი დაუდგებათ, სხვადასხვა ყურიდან აღდგებიან და ბუნების საერთო კანონით აღძრულნი ჩრდილოეთის ზღვისაკენ მიიჩქარიან. ამ აღსვლის ჟამს ნახავ ერთად შეკრებილ თევზებს, რომელნიც, მსგავსად ერთი დინებისა, პროპონტიდის გავლით ევქსინოს ზღვისკენ მიედინებიან. ვინ აღძრავს მათ? მეფის რომელმა განგებულებამ ან მოედნებზე წაკითხულმა რომელმა ბრძანებულებებმა აუწყეს მათ, რომ დრომ მოაწია? ან ვინ უნდა ისტუმროს ისინი? და ხედავ შენ, რომ საღმრთო ბრძანება ყოველივეს აღავსებს და თვით უმცირესსაც კი სწვდება. თევზი ღმრთის სჯულს არ ეკამათება, ადამიანები კი მაცხოვნებელ სწავლებას არ იცავენ. ნუ აიგდებ თევზს აბუჩად იმის გამო, რომ სრულიად უტყვი და უგუნურია, არამედ გეშინოდეს, რათა შემოქმედის ბრძანების წინააღდგომით მასზე უფრო უგუნურად არ იქცე. მოისმინე, რასაც ისინი, თითქოს ხმით გამოსცემენ, საქციელით გეუბნებიან: “ამ შორეულ მოგზაურობაში ჩვენ მოდგმის გადასარჩენად მივდივართ”. თევზებს არა აქვთ საკუთარი გონება, მაგრამ აქვთ ბუნებითი სჯული, რომელიც მათში მტკიცედაა ფესვგადგმული და მიუთითებს, როგორ მოიქცნენ. “წავიდეთ, ამბობენ ისინი, ჩრდილოეთის ზღვისაკენ, რომლის წყალიც, რადგანაც მზე მასზე მცირე ხნით ყოვნდება და მთლიანად ვერ მიაქვს სიტკბო, უფრო ტკბილია ვიდრე სხვა ზღვებისა”; არადა ეს სიტკბოება ზღვის ბინადართაც ახარებს, რის გამოც მიცურავენ ისინი მდინარეებში და ზღვიდან შორს მიემართებიან. პონტოსაც ამიტომ ანიჭებენ უპირატესობას სხვა ზღვებთან შედარებით, ვითარცა ხელსაყრელს შთამომავლობის შობისა და გამოზრდისათვის. ხოლო რაჟამს განზრახულს საკმარისად აღასრულებენ, ყველანი კვლავ ერთად შინ ბრუნდებიან.

თუ რა არის მიზეზი ამისა, მათი დუმილისაგან მოვისმინოთ: “ჩრდილოეთის ზღვა არაა ღრმა და ფიცხელ ქართა წინაშე განფენილს სანაპიროებიცა და ქვაბულებიც ცოტა აქვს, რის გამოც ქარები ძირიდანვე ისე ადვილად აღამღვრევენ, რომ ფსკერის ქვიშა ტალღებს შეერევა; ამასთან მრავალი დიდი მდინარისაგან ავსებული ზამთარში ცივია.” ამიტომაც თევზები, რომელნიც ზაფხულში მისით საკმარისად დატკბნენ, ზამთარში კვლავ თბილი სიღრმეებისა და მზიანი ადგილებისაკენ მიისწრაფვიან და გაურბიან რა ჩრდილოეთის მძვინვარე ქარებს, მყუდრო ყურეებს ეფარებიან.

5. მე ეს ვიხილე და ყოველსა შინა სიბრძნემ ღმრთისა გამაკვირვა. თუკი უგუნური ქმნილებანი თავის გადარჩენისათვის ასეთ საზრიანობას და სიფრთხილეს იჩენენ და თუ თევზმა იცის, რა აირჩიოს და რას გაექცეს, რაღა ვთქვათ გონებით პატივდებულთა, სჯულით განსწავლულთა, აღთქმათა მიერ განმხნევებულთა, სულიწმიდით განბრძნობილთა შესახებ, რომელნიც თავიანთ საქმეებს თევზებზე უფრო უგუნურად განაგებენ? მათ იციან, რომ მომავლისათვის უნდა იღვაწონ, ჩვენ კი მომავლის იმედწართმეულნი ცხოვრებას ჩვენსას პირუტყვული ტკბობანით წარვიწყმედთ. თევზი ამდენ ზღვას იცვლის, რათა თავისთვის სასარგებლო რაღაც იპოვოს. შენ რაღას იტყვი, ვინც ცხოვრებას უქმად ატარებ? უქმად ყოფნა ხომ ბოროტების დასაბამია! არცოდნას ნურავინ მოიმიზეზებს, რადგან ჩვენ ბუნებითი გონება გვაქვს, რომელიც კეთილის შეთვისებასა და მავნებლისაგან უცხოყოფას გვასწავლის.

ისევ მოვიხმობ მაგალითებს ზღვის ცხოველთაგან, რადგანაც გამოსაკვლევად თვალწინ გვიდგანან. ვინმე სანაპიროზე მცხოვრებისაგან მოვისმინე, რომ ზღვის ზღარბი, სრულიად პატარა და არად ჩასაგდები ცხოველი, მენავეებს ხშირად ასწავლის, როდის იქნება ზღვა მშვიდი და როდის აღელდება. იცის რა წინასწარ, რომ ზღვას ქარები ააღელვებენ, მოზრდილი ქვის ქვეშ შეძვრება და მისით, ვითარცა ღუზით დამტკიცებული, უძლებს ქარიშხალს, რადგანაც ტალღებს ქვის სიმძიმის გამო, მისი წაღება ადვილად აღარ შეუძლიათ. როგორც კი ამ ნიშანს იხილავენ, მენავეებმა იციან, რომ მძლავრი ქარების ამოვარდნას უნდა ელოდონ. ზღარბისათვის ეს არც ვარსკვლავთმრიცხველებსა და არც ქალდეველებს, რომელნიც ჰაერის ამოძრავებას ვარსკვლავების ამოსვლით გამოიცნობენ, არ უსწავლებიათ, არამედ ზღვისა და ქართა უფალმა ნიშანი თავისი დიდი სიბრძნისა ამ პატარა ცხოველშიც ცხადყო. არაფერია ისეთი, რომლისთვისაც უფალი არ იღვწოდესე და არ ზრუნავდეს. თვალი იგი დაუძინებელი ყოველივეს ხედავს და ხსნას ყოველს ანიჭებს. უკეთუ ღმერთმა ზღარბიც კი არ დატოვა მიუხედავი, შენ აღარ მოგხედავს?

ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თჳსნი (ეფეს. 5.25). რაჟამს ქორწინებით შეიყრებით, ერთმანეთისათვის უცხონიც რომ იყოთ, ბორკილები ბუნებისა და კურთხევის უღელი დაშორებულებს მაინც შეგაერთებთ. იქედნე, რომელიც ქვეწარმავალთაგან ყველაზე საშიშია, ზღვის გველთევზას ქორწინებით უკავშირდება, სტვენით მიანიშნებს თავის იქ ყოფნაზე და საქორწინო ხვევნისათვის სიღრმეებიდან მოუხმობს. ისიც ემორჩილება და გესლიან იქედნეს უერთდება. ამით რისი თქმა მინდა? იმისი, რომ, თუ ქმარს ტლანქი და ველური ხასიათი აქვს, ცოლმა უნდა დაითმინოს და ერთობა არცერთი მიზეზით არ უნდა დაარღვიოს. შფოთისთავია? მაგრამ ქმარია! ლოთია? მაგრამ ბუნებით ხართ შეერთებულნი! უხეშია და თავისებური? მაგრამ უკვე შენი ნაწილია და თანაც ნაწილთაგან უპატიოსნესი.

6. მისთვის შესაფერისი შეგონება ქმარმაც მოისმინოს. თუკი იქედნე გესლს წინასწარ წამოანთხევს ქორიწნების წინაშე მოკრძალებისა გამო, ნუთუ შენ სულის სისასტიკე და არაადამიანურობა შეერთების რიდით ვერ უნდა დათმო? მაგრამ იქედნეს მაგალითი შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო სხვა მხრივაც იყოს. რამდენადაც იქედნესა და გველთევზას შეერთება ბუნებაში რაღაც მრუშობაა მხოლოდ, ისწავლონ მათ, რომელთაც სხვათა ქორწინების წახდენა სურთ, რომელ ქვეწარმავალს ემსგავსებიან. მე კი მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს – ყოველივე ეკლესიის სწავლებისათვის გამოვიყენო. დაე, დასცხრეს ვნებანი თავშეუკავებელთა, - ხმელეთისა და ზღვის ცხოველთა მაგალითებით ალაგმული.

ხორციელი უძლურება და საღამოს ჟამი მაიძულებენ სიტყვა აქ შევაჩერო, თუმცა შემეძლო მოსმემის მოყვარულთათვის ზღვის ნაშობთა და თავად ზღვის შესახებ კიდევ ბევრი რამ, გაკვირვების ღირსი, დამემატებინა: ვით იყინება წყალი მარილად, როგორ ხდება, რომ ფრიად ძვირფასი ქვა მარჯანი ზღვაში ბალახია და ქვად მაშინღა მყარდება, როცა ჰაერზე მოხვდება, საიდან უდებს ბუნება ისეთ უუბრალოეს ცხოველს, როგორიც ხამანწკაა, ბუდეში დიდად პატიოსან ქვას, მარგალიტს და ისიც, ასე სასურველი სამეფო განძისათვის, ხამანწკების ნიჟარებში ჩამალული, ზღვის სანაპიროზე ფრიალოსა და უხეშ ლოდებთანაა მიმოფანტული; საიდან ზრდიან ზღვის პინანი ოროვან მატყლს, რომლის მსგავსი ფერის მიღებაც დღემდე ვერცერთმა მღებავმა ვერ შეძლო, როგორ ახარებენ ლოკოკინები მეფეებს პორფირით, რომლის ფერიც სიხასხასით მინდვრის ყვავილებს აღემატება?

გამოიღედ წყალთა და რაღა აღარ შეიქმნა იმათგან, რაც აუცილებელი იყო. რამდენი ძვირფასი რამ გვებოძა ცხოვრებისათვის! ერთნი შეიქმნენ სამსახურისათვის კაცთა, მეორენი – რათა მათ ქმნილებათა საოცრებისათვის ეჭვრიტათ, სხვანი კიდევ საშიშნი – ჩვენი უდარდელობის გასაწვრთნელად.

დაბადნა ღმერთმან ვეშაპნი დიდნი (შესაქ. 1.21). მათ დიდი მხოლოდ იმიტომ როდი ეწოდათ, რომ ზვიგენებსა და ზღვის წვრილ თევზებს აღემატებიან, არამედ იმიტომ, რომ სხეულის მოცულობით უდიდეს მთებს უტოლდებიან და რაჟამს წყლის ზედაპირზე ამოცურდებიან, ხშირად კუნძულებადაც კი გვეჩვენებიან. ასეთი ვეებერთელანი ზღვის ციცაბო ნაპირებთან თუ საერთოდ სანაპიროებთან კი არ ბინადრობენ, არამედ ე.წ. ატლანტიკის ზღვაში მკვიდრობენ. მსგავსი ცხოველები ჩვენს შესაძრწუნებლად და გასაოცებლად შეიქმნენ. რაჟამს მოისმენ, რომ პატარა თევზი, ეჰინე უდიდეს ხომალდს, რომელიც კეთილი ზურგქარისაგან სრულად გაშლილი იალქნებით მიცურავს, ადვილად აჩერებს და იგიც, თითქოს ფესვები სიღრმეში ჰქონდეს გადგმული, უძრავად რჩება, განა ამ პატარა თევზის სახითაც არ გექნება ისეთივე მტკიცება დამბადებლის ძლიერებისა? არა მხოლოდ თევზმახვილანი, ხერხიანები, ზღვის ძაღლები, ვეშაპები და ზვიგენები არიან საშიშნი, არამედ ნესტარიც ზღვის გვრიტისა და მისი გვამიც; არანაკლებ საშიშნი არიან ზღვის კურდღლები, რადგან სწრაფი და უცილობელი დაღუპვა მოაქვთ. დამბადებელს სურს მათი საშუალებით მღვიძარება გვასწავლოს და მათგან მიყენებულ ზიანს ღმრთის სასოებით თავს აღწევდე.

ახლა კი სიღრმეთაგან აღმოვისწრაფოთ და ხმელეთს მივაშუროთ, რადგან შესაქმის საკვირველებანი ერთი მეორის მიყოლებით, ვითარცა ტალღები, ჩვენსკენ ზედიზედ მოისწრაფვიან და ჩვენს სიტყვას ძირავენ. გაკვირვებული დავრჩები, თუ ჩვენი გონება ხმელეთზე კიდევ უფრო დიდ საოცრებებს არ შეხვდება და იონას მსგავსად ისევ ზღვას მიაშურებს. მაგრამ მეჩვენება, რომ ჩემს სიტყვას, გატაცებულს ათასგვარი საკვირველებით, ზომიერება დაავიწყდა და იგივე დაემართა, რაც ზღვაში მავალებს, რომელთაც, რაკიღა მყარზე არ მოძრაობენ, არ იციან, რამდენი გაიარეს. ქმნილებათა შესახებ საუბრისას, როგორც ჩანს, ჩვენც იგივე დაგვემართა და ვეღარ ვიგრძენით, რომ საუბარი გაგვიგრძელდა. თუმცა ეს პატიოსანი კრებული მოსმენის მოყვარულია და სამეუფო საკვირველებათა თხრობაც მონათა სასმენელთათვის ტკბილია, მაინც სიტყვა აქ გავაჩეროთ და რაც დაგვრჩა, იმის გადმოსაცემად დღის დადგომას დაველოდოთ. ავდგეთ ყველანი და მადლობა შევწიროთ იმისათვის, რაც ითქვა და დარჩენილი სათქმელის გასრულება ვითხოვოთ. დაე, საზრდელის მიღების დროსაც, სუფრასთან საუბრისას, გქონდეთ თქვენ საუბრის თემად როგორც ის, რასაც სიტყვა დილით შეეხო, ასევე ისიც, რაც საღამოს გადმოსცა. მათზე მოფიქრალთ მოგისწრებთ რა ძილი, ძილშიც დღის სიხარულით განისვენეთ, რათა თქვენც შეგეძლოთ თქმა: მე მძინავს და გული ჩემი მღვიძარე არს (ქებ 5.2), რადგან დღისითაც და ღამითაც უნდა ვიწვრთნებოდეთ სჯულით უფლისა, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჰომილია VIII

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ფრინველებისა და წყლის ცხოველთა შესახებ

1. და თქუა ღმერთმან: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესავობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. და იქმნა ეგრეთ (შესაქ. 1.24). მოვიდა ბრძანება გზასა მავალი და დედამიწამაც საკუთარი სამკაული მიიღო; იქ: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავალი სამშჳნველი ცხოველი და აქ: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი. ნუთუ დედამიწა სულიერია და მართალნი არიან ცრუ ბრძენნი მანიქეველნი, რომელნიც დედამიწაშიც სულს დებენ? როცა თქვა გამოიღედ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რაც მასში იყო, ის გამოიღო, არამედ იმას, რომ ძალა გამოღებისა მას ბრძანების მიმცემმა მიანიჭა. ამდენად, როცა დედამიწამ მოისმინა: გამოიღედ მწუანვილი თივისა და ხე ნაყოფიერი, მასში დაფარული ბალახი კი არ აღმოაცენა, ან სადღაც სიღრმეში ჩამალული ფინიკი, მუხა თუ კვიპაროსი კი არ ამოზარდა ზედაპირზე, არამედ დაბადებულთა ბუნება ღმრთის სიტყვით შეიქმნა.

ქუეყანამან გამოიღედ ანუ აღმოაცენოს არა ის, რაც აქვს, არამედ შეიძინოს ის, რაც არა აქვს – ძალა მოქმედებისა, რომელიც ღმრთისაგან ებოძა. ასეა ამ შემთხვევაშიც: გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი, - არა მასში არსებული, არამედ ის, რაც მას ღმრთის ამ ბრძანებით მიეცა. ამასთან, მათი სწავლება თვით მათსავე საწინააღმდეგოდ ტრიალდება, რადგან უკეთუ დედამიწამ სული გამოიღო, თავისი თავი სულის გარეშე დაუტოვებია. ასე რომ, მანიქეველთა მოძღვრება თავის სისაძაგლეს თვითონვე წარმოაჩენს.

რისთვის ებრძანა წყალს გამოეღო ქუეწარმავალი სამშჳნველი ცხოველი და დედამიწას კი - სამშჳნველი ცხოველი? ვფიქრობთ, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მცურავთა ბუნება სრულყოფილ ცხოვრებასთან შედარებით ნაკლებადაა ნაზიარები, რასაც მათი წყლის სიღრმეში არსებობა განსაზღვრავს. მათ სასმენელნიც მძიმე აქვთ და მხედველობაც სუსტი, იმიტომ, რომ წყალში ხედავენ; ამასთან, მათ არც მეხსიერება აქვთ, არც წარმოსახვანი და არც უნარი თვისტომის შეცნობის. ამიტომ სიტყვა თითქოს გვიჩვენებს, რომ წყლის ცხოველებში სამშვინველის მოძრაობებს ხორციელი ცხოვრება განაგებს, ხოლო ხმელეთის ცხოველებში, რამდენადაც მათი ცხოვრება უფრო სრულია, მთელი ძალაუფლება სამშვინველს გადაეცა. მათ გრძნობები უფრო განვითარებული აქვთ, აღქმა აწმყოსი – გამახვილებული, ხოლო ოთხფეხთა უმეტეს ნაწილს წარსულიც კარგად ახსოვს. ამიტომ, როგორც ჩანს, წყლის ცხოველთა სხეულები მშვინვიერნი დაიბადა (რადგან ქვეწარმავალნი სამშვინველთა ცხოველთა წყლისაგან წარმოაჩინა), ხოლო ხმელეთის ცხოველებში სამშვინველს ებრძანა სხეულის განმგებლად შექმნილიყო, მაგრამ ყოველი მათგანი მისი ბუნებითი ხმით მრავალ სულიერ განცდას გამოხატავს; მაგალითად, სიხარულს, მწუხარებას, თვისტომის შეცნობას, წუხილს საკვების მოკლების გამო, მახლობელთან განშორებას, თუ სხვა ათასგვარ განცდას ისინი ხმით საცნაურყოფენ.

წყლის ცხოველები კი არა მხოლოდ უტყვნი, არამედ მოუთვნიერებელნიც, განუწვრთნელნიც და ადამიანთა ცხოვრებასთან ყოველგვარი ურთიერთობისათვისაც გამოუსადეგარნი არიან. იცნა ჴარმან ბაგაჲ თჳსი და ვირმან მომგებელი (ეს. 1.31). თევზს არ შეუძლია იცოდეს, ვინც აძლევს საკვებს, ვირი კი ცნობს ხმას, რომელსაც შეჩვეულია, იცის გზაც, რომელზეც ბევრჯერ გაუვლია, ხოლო ზოგჯერ მეგზურობს კიდევაც კაცს, რომელსაც გზა შეეშლება. ამბობენ, რომ ხმელეთის ცხოველთა შორის მასზე უფრო მახვილი სმენა არავის აქვსო. ზღვის ცხოველთაგან რომელს შეუძლია მიბაძოს აქლემს გულღრძოობაში, მრისხანებასა და გულისწყრომის ხანგრძლივად გაყოლაში? ოდესღაც ვინმესგან ნაცემი აქლემი წყენას დიდი ხნის განმავლობაში ინახავს და მარჯვე დროს იპოვის თუ არა, ბოროტების წილ ბოროტად მიაგებს. ისმინეთ მრისხანენო, რომელნიც წყენის დამახსოვრებაზე ვითარცა სათნოებაზე ისე ზრუნავთ: ვის ჰგავხართ მაშინ, როცა ღვარძლს მახლობლის მიმართ ისე ინახავთ, როგორც ნაპერწკალს ფერფლით დაფარულს, ვიდრე არ იპოვით საბაბს და თქვენი გულისწყრომისაგან ცეცხლს არ აღაგზნებთ?

2. გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი. რისთვის გამოიღო დედამიწამ სამშვინველი ცხოველი? იმისათვის, რომ შენთვის პირუტყვის სამშვინველსა და ადამიანის სულს შორის განსხვავება ესწავლებინა. ცოტა ხნის შემდეგ შეიცნობ, როგორ შეიქმნა სული კაცისა, ახლა კი პირუტყვთა სამშვინველის შესახებ მოისმინე. რამდენადაც წმინდა წერილის მიხედვით სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს (ლევ. 17.11), ხოლო რაჟამს სისხლი გაიყინება, ხორცად იქცევა, ხორცი კი გახრწნისას მიწას უერთდება, ამდენად სამართლიანი იქნება თქმა იმისა, რომ პირუტყვთა სამშვინველი მიწისაგანაა.

გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი. იხილე თანმიმდევრობა გარდასახვისა – სამშვინველისა სისხლად, სისხლისა ხორცად, ხორცისა მიწად და შემდეგ კი იგივე საქმენი პირიქით დაასახელე: მიწიდან ხორცი, ხორციდან სისხლი, სისხლიდან სამშვინველი და მიხვდები, რომ პირუტყვთა სამშვინველი მიწაა. ნუ იფიქრებ, რომ იგი მათ სხეულებრივ შედგენილობაზე უწინარესია და ნურც იმას, რომ სხეულის დარღვევის შემდეგაც დარჩება. გაექეცი ამპარტავან ფილოსოფოსთა ლაყბობას, რომელთაც საკუთარი და ძაღლის სულების ერთგვარად წარმოდგენისა არ რცხვენიათ და თავიანთი თავის შესახებ ამბობენ, რომ ისინი ოდესღაც ქალებად, ბუჩქებად და ზღვის თევზებად დაიბადნენ. მე თუმცა იმის შესახებ, იყვნენ თუ არა ისინი ოდესღაც თევზები, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მზად ვარ მთელი ძალით დავამტკიცო, რომ როცა ამას წერდნენ, თევზებზე უფრო უგუნურნი იყვნენ.

გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი. შეიძლება მრავალს გაუკვირდეს, სიტყვის უხვად მდინარების შემდეგ რისთვის დავდუმდი უცებ ხანგრძლივად? მაგრამ გულმოდგინე მსმენელებმა მიზეზი ამისა გამოიცნეს და ეს საიდან ჩანს? იქიდან, რომ გადახედეს რა ერთმანეთს და რაღაც ანიშნეს, ჩემი ყურადღება მიიპყრეს და გონება ჩემი იმათკენ წარმართეს, რომელნიც დამავიწყდნენ. მართლაც, ქმნილებათა მთელი სახეობა და ამასთან არცთუ უმნიშვნელო, გამოგვრჩა და სიტყვამ ისე, რომ დიდად შორს არ წასულა, იგი სრულიად გამოუკვლეველი დატოვა.

გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა (შესაქ. 1.20). გუშინ ჩვენ, რამდენადაც ამის საშუალება საღამოს ჟამმა მოგვცა, მცურავთა შესახებ ვისაუბრეთ, დღეს ხმელეთის ცხოველთა გამოკვლევაზე გადავედით, მაგრამ დაგვავიწყდა ფრინველები, რომელნიც შუაში არიან. ასე რომ, იმ გულმავიწყ მოგზაურთა მსგავსად, რომელთაც საჭირო რამ ნივთი დაავიწყდათ და თუმცა გზის დიდი ნაწილი უკვე გავლილი ჰქონდათ, ისევ იმავე გზით უკან მობრუნება მოუხდათ და უზრუნველობისათვის ზედმეტი ჯაფის გაწევით ღირსეულად დაისაჯნენ, როგორც ჩანს, ჩვენც აუცილებლად უკან უნდა მივბრუნდეთ, რადგან რაც გამოგვრჩა, არად ჩასაგდები როდია, იგი ცოცხალი ქმნილებების მესამე ნაწილია, რამდენადაც ცხოველთა სულ სამი – ხმელეთის, ჰაერისა და წყლის მოდგმა არსებობს.

ნათქვამია: გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა ნათესაობისაებრ. ფრინველნი რატომღა დაიბადნენ წყლისაგან? იმიტომ, რომ ფრინველთა და მცურავთა შორის თითქოს რაღაც ნათესაობა არსებობს. როგორც თევზები აპობენ წყალს და წინ ფარფლების მოძრაობით მიისწრაფვიან, ხოლო მიხვევ-მოხვევასა და პირდაპირ მიმართულებას კუდის მოქნევის შედეგად განაგებენ, ასევე ფრინველებშიც შეიძლება დანახვა იმისა, რომ ისინიც ჰაერში ფრთების საშუალებით მსგავსად მიცურავენ. ამგვარად, რამდენადაც ერთსაც და მეორესაც ერთი თვისება აქვთ – ცურვა, წყლისგან წარმოშობის გამო რამდენადმე მსგავსებაც მიენიჭათ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფრინველთაგან ფეხები ყველას აქვს, რადგანაც საკვებს მიწისაგან იღებენ და ფეხებისაგან გაწეულ სამსახურს უცილობლად საჭიროებენ. თუმცა მტაცებლებს ნადირობისათვის ბასრი ბრჭყალები მიეცათ, საკვების მოპოვებასა თუ ცხოვრებისეულ სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში საჭირო სამსახურს მაინც ფეხები უწევენ. ფრინველთაგან ცოტანი არიან ისეთნი, რომელთაც ფეხები იმდენად სუსტი აქვთ, რომ მისით არც სიარული და არც საზრდელის მოპოვება არ შეუძლიათ. მათ რიცხვს მიეკუთვნება მერცხლები, რომელნიც ფეხებს ვერც სიარულისა და ვერც რაიმეს მონადირებისთვის ვერ იყენებენ და ასევე ისინიც, რომელთაც ნამგალებს ვუწოდებთ და რომელნიც მხოლოდ იმით საზრდოობენ, რაც ჰაერშია. სხვათა შორის, მერცხლებს ფეხების ნაცვლად სამსახურს მიწასთან ახლოს ფრენა უწევს.

3. რაღა თქმა უნდა, არსებობს მრავალი განსხვავებული ჯიში ფრინველებისა, რომელთა შესახებაც თუ ვინმე იმგვარად მოგვითხრობს, როგორც ჩვენ ეს ნაწილობრივ თევზების გამოკვლევისას გავაკეთეთ, მიუხედავად ერთი საერთო სახელისა – ფრინველი, სიდიდის, აღნაგობისა და ფერის მიხედვით მრავალ სხვაობას აღმოაჩენს. შეუძლებელია აგრეთვე გადმოცემა იმ მრავალფეროვნებისა, რომელსაც მათ შორის ცხოვრების წესის, საქმიანობისა და ზნის სხვადასხვაობა ქმნის. ზოგიერთებმა მათთვის სახელის მიცემა უკვე სცადეს, რათა მანამდე უჩვეულო და უცხო სხეულების, როგორც რაღაც დამღების საშუალებით თითოეული გვარის საკუთარი თვისების შეცნობა შესაძლებელი გამხდარიყო; ზოგს ფრთაგაყოფილები შეარქვეს, როგორც მაგალითად, არწივებს, ზოგს ტყავფრთიანები, როგორც ღამურებს, ზოგს სიფრიფანა ფრთიანები, მაგალითად, ბზიკებს, ზოგსაც მაგარფრთიანები, მაგალითად, ხოჭოებსა და მათ, რომელნიც რაღაც ბუდეებსა და ნაჭუჭებში იბადებიან და ფრენისათვის საფარველის გაპობის შემდეგ თავისუფლდებიან. მაგრამ ჩვენთვის თვისებების მიხედვით ჯიშთა განსხვავებისათვის საკმარისი ნიშანია საერთო სარგებლობა და წმინდა წერილისეული განსაზღვრება წმიდა და უწმინდური ფრინველებისა.

ამგვარად, სხვაა მოდგმა ხორცის მჭამელთა და სხვაგვარი, ცხოვრების ნირის შესაბამისი, აგებულებაც შეეფერებათ: მათ ბასრი ბრჭყალები, მოკაუჭებული ნისკარტი და სწრაფი ფრთები აქვთ, რათა მსხვერპლი ადვილად შეიპყრონ და დაგლეჯილი ნადავლი საზრდელად აქციონ. სხვაა აგებულება თესლისმჭამელთა და სხვა კიდევ იმათი, რომელნიც, რაც შეხვდებათ, იმით საზრდოობენ, ამათ შორისაც მრავალი სახესხვაობა განირჩევა: ზოგეირთები გუნდებად ცხოვრობენ, მაგრამ არა მტაცებელნი, რადგან მათ ერთმანეთთან არავითარი ურთიერთობა არ აქვთ, გარდა საქორწინო კავშირისა. ერთად ცხოვრება ბევრს უყვარს, როგორც მაგალითად, მტრედებსა და წეროებს, შოშიებსა და ჭკებს. სხვაობა ამათ შორისაც არსებობს: ზოგიერთებს უფროსობა არ ჰყავს და ამდენად თითქოს თვითრჯულნი არიან, ხოლო სხვები, მაგალითად, წეროები წინამძღოლს ემორჩილებიან. არსებობს სხვა სახის სხვაობაც: ერთნი მუდმივად ერთსა და იმავე ადგილას მკვიდრობენ, მეორენი კი, შორს წასვლას არიან ჩვეულენი და მოახლოვდება თუ არა ზამთარი, მათი დიდი ნაწილი გადასახლებისთვის ემზადება. ფრინველთაგან მრავალნი, რომელთაც ადამიანები ზრდიან, მოშინაურებულნი და მორჩილნი არიან, გარდა განსაკუთრებით სუსტებისა, რომელნიც გადაჭარბებული შიშისა და სიმხდალის გამო ხელის შეხებასა და შეწუხებას ვერ იტანენ. ზოგიერთი ფრინველი ადამიანებს ენდობა და ჩვენთან ცხოვრებას ეგუება, სხვანი მათში ცხოვრობენ და უდაბნოს მოყვარულნი არიან. ფრინველთა შორის დიდია აგრეთვე სხვაობა ხმების მიხედვითაც; მათ ერთ ნაწილს ხმა აქვს და მოლაყბეა, ხოლო მეორე – მდუმარე. ზოგი მაღალხმიანია და მშვენივრად გალობს, სხვები კი სრულიად არამუსიკალურნი არიან და არც გალობა იციან. ზოგი წამხედურაა და ბაძვის უნარი ან ბუნებისაგან აქვს მინიჭებული, ან კიდევ წვრთნის შედეგად შეძენილი, ზოგიც კიდევ ერთფეროვანსა და უცვლელ ხმას გამოსცემს. მამალი ამაყია, ფარშევანგი – სილამაზის მოყვარული, მტრედები და შინაური ფრინველები ავხორცნი არიან და მთელ დროს ხორციელ კავშირში ატარებენ. ცბიერი და მოშურნეა კაკაბი და მონადირეებს ვერაგობით შეეწევა.

4. როგორც ვთქვით, ფრინველები ერთმანეთისაგან საქმიანობითა და ცხოვრების წესითაც დიდად განსხვავდებიან. უტყვთაგან ზოგიერთები, იმდენად, რამდენადაც მოქალაქეობის თვისება ისაა, რომ თითოეულის საქმე ერთი საერთო შედეგისკენ იყოს წარმართული, თითქოს მოქალაქეობენ კიდეც, როგორც ეს შეიძლება ფუტკრებში დავინახოთ. მათ ერთი სახლი აქვთ, ფრენაც საერთო და საქმეც ყველასთვის – ერთი. რაც ყველაზე საოცარია, ისინი ყოველ საქმეს მეფისა და უფროსის ბრძანებით იწყებენ. ვიდრე არ დაინახავენ, რომ მათი მეფე აფრინდა, ისინი თავს მინდვრისაკენ გაფრენის ნებას არ აძლევენ; მეფე კი მათთან არც სახალხო კრების მიერაა არჩეული (რადგან ხშირად უგუნურებამ ხალხის სათავეში ყველაზე უარესი დააყენა) და ხელისუფლება არც წილისყრით რგებია (რადგან უგუნური შემთხვევითობა ძალაუფლებას ხშირად ყველაზე უკანასკნელს არგუნებს ხოლმე) და არც მამისგან მიღებული მემკვიდრეობით დამჯდარა ტახტზე (რადგან ამგვარნი ფუფუნებისა და მლიქვნელობის წყალობით უმეცარნი და ყოველგვარ სათნოებაში განუწვრთნელნი არიან), არამედ გამოირჩევიან რა სიდიდით, შესახედაობითა და ხასიათის სიმშვიდით, პირველობა ყოველთა ზედა ბუნებით აქვთ მინიჭებული. ნესტარი მეფესაც აქვს, მაგრამ მას შურისძიებისათვის როდი იყენებს. ასეთია თითქოს დაუწერელი კანონები ბუნებისა, რომელთა მიხედვით, მათ, რომელნიც უმაღლეს ხელისუფლებას აღწევენ, სამაგიეროს მიგება არ უნდა იჩქარონ. ფუტკრები, რომლებიც არ მისდევენ მეფის მაგალითს, თავიანთ უგუნურებას მსწრაფლ შეინანებენ და ნესტრის ჩასობით იღუპებიან. დაე, ისმინონ ეს ქრისტიანებმა, რომელთაც ნაბრძანები აქვთ: ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ, არამედ სძლიერ კეთილითა მით ბოროტსა (რომ. 12; 17.21). მიბაძე ფუტკარს, რომელიც ფიჭებს ისე აშენებს, რომ არც არავის ზიანს არ აყენებს და არც უცხო ნაყოფს ანადგურებს. ცხადია, ცვილს იგი ყვავილებისაგან კრებს, ხოლო თაფლს – ყვავილებზე ცვარის სახით გაბნეულ ტენს, პირით ამოიზიდავს და ფიჭის უჯრედებში ჩაასხამს, რის გამოც თავდაპირველად თაფლი ნედლია, იგი მხოლოდ შემდეგ, დროთა განმავლობაში შესქელდება და თავის ჩვეულებრივ შედგენილობასა და სიტკბოს მიიღებს. ლამაზი და შესაფერისი ქება დაიმსახურა ფუტკარმა იგავებში, სადაც მას ბრძენი მუშაკი ეწოდა, რადგან გულმოდგინედ აგროვებს საზრდელს, რომლისა ნაშრომსა, ამბობს იგავი (6.8), მეფენი და გლახაკნი სიცოცხლედ მიიღებენ. და როგორ ბრძნულად და ოსტატურად აგებს იგი სათავსებს თაფლისთვის! გადაჭიმავს რა ცვილს თხელ ქერქად, ფუტკარი მისგან ხშირსა და ერთმანეთზე შედგმულ სათავსებს აგებს ისე, რომ ეს, თვით უმცირეს ნაწილთა შორის არსებული მჭიდრო კავშირი, ყველასათვის საყრდენი გახდეს. ყოველი უჯრედი მეორეს ეყრდნობა, რომელსაც იგი თხელი ტიხარით ერთდროულად კიდევაც გამოეყოფა და კიდევაც უერთდება. ეს უჯრედი ორ და სამ სართულად ერთმანეთზეა დაშენებული. ერთი სრული სათავსის გაკეთებას ფუტკარი უფრთხის, რათა იგი სითხემ თავისი სიმძიმით არ გახვრიტოს.

შეიცანი, რომ გეომეტრიის აღმოჩენაც ბრძენი ფუტკრის საქმეთა რიცხვშია. ფიჭის ყველა უჯრედი ექვსკუთხა და ტოლფერდაა და უშუალოდ ერთმანეთზე კი არ დგას, რათა საფუძვლის ქვეშ სიცარიელე არ ჰქონდეს და არ ჩაუტყდეს, არამედ ქვემოთა ექვსკუთხედების კუთხეები ზემოთა ექვსკუთხედების საფუძველსა და საყრდენს წარმოადგენს, რათა სიმძიმეც უსაფრთხოდ იტვირთონ და სითხეც თითოეულ უჯრედში, ცალ-ცალკე ფრთხილად იქნას შენახული.

5. როგორ აღგიწერო ფრინველთა ცხოვრების ყველა თავისებურება? მაგალითად, როგორ ენაცვლებიან წეროები ერთმანეთს ღამის სადარაჯოზე? რაჟამს ერთნი იძინებენ, მეორენი გარს უვლიან და მათი ძილის სიმშვიდეს იცავენ. როცა დრო გაუვა, სადარაჯოზე მდგომი დაიყივლებს და ძილად მიდრკება; მას სხვა შეენაცვლება და სათანადოდ მიუზღავს სამაგიეროს იმ სიმშვიდისათვის, რომელიც მისი წყალობით ჰქონდა. ასეთ წესრიგს მათი გადაფრენის დროსაც ნახავ. წინამძღოლი, რომელიც ხან ერთია და ხან მეორე, განსაზღვრული დროის მანძილზე მიფრინავს თავში, რის შემდეგაც ბოლოში გადაინაცვლებს და წინამძღოლობასაც მომდევნოს გადასცემს.

ხოლო ყარყატთა მოდგმის საქმენი მეტყველის გონიერებისგან დიდად როდია დაშორებული. ჩვენს მხარეში ისინი ყველანი ერთად მოფრინავენ  და ასევე ყველანი, თითქოს ერთი ნიშანი მიეცათო, ერთდროულად მიდიან. მათ გარს ერტყმიან და მიაცილებენ ჩვენი ყვავები, ჩემი ფიქრით, მტრულად განწყობილ ფრინველებთან შეხვედრის ჟამს შემწეობის აღმოსაჩენად. ამას ჯერ ერთი გვიდასტურებს ის, რომ ამ დროისათვის არცერთი ყვავი არ ჩანს და მეორეც ის, რომ ისინი ჭრილობებით ბრუნდებიან და თავიანთი ღვაწლისა და გადატანილი ბრძოლის ცხად ნიშნებს ატარებენ. ვინ დაუდგინა მათ კანონები სტუმართმოყვარეობისა? ვინ დაემუქრა მათ საომარი მწყობრის მიტოვებისათვის ისე, რომ ამ გაცილების ჟამს არცერთი ყვავი შინ არ რჩება? დაე, ეს სტუმართმოძულე ადამიანებმა მოისმინონ, რომლებიც კარებს კეტავენ და მოსულებს არც ზამთარში და არც ღამით თავიანთ ჭერქვეშ არ იფარავენ.

ყარყატთა მზრუნველობა მოხუცთა მიმართ კი საკმარისია, რომ ჩვენი ბავშვები, თუკი ისინი ამის შესმენას მოისურვებენ, მშობელთა მოყვარულებად იქცნენ, რადგანაც არ არსებობს ადამიანი, რომელიც გონიერებამ ისე მიატოვოს, რომ უტყვი ფრინველებისათვის სათნოებაში ჩამორჩენა სირცხვილად არ მიაჩნდეს. ყარყატები გარს ერტყმიან სიბერისაგან ბუმბულგაცვენილ მამას, საკუთარი ფრთებით ათბობენ, საჭმელსაც უხვად უზიდავენ და უჭირავთ რა ორივე მხრიდან თავიანთი ფრთებით, ფრენის დროსაც დიდად ეწევიან. მათი ეს თვისებები ყველასათვის იმდენად ცნობილია, რომ ზოგიერთი ნაცვლად იმისა, თქვას – მადლი მიაგეო, ამბობს – ყარყატისებურად მიაგეო.

ნურავინ დაიჩივლებს სიღატაკეზე და თუნდაც შინ აღარაფერი ჰქონდეს, ნურც ცხოვრების სასოს წარიკვეთს, როცა მერცხლის მოხერხებულობას ნახავს. რაჟამს მერცხალი ბუდეს იშენებს, ჩალა პირით მოაქვს, მაგრამ თიხის მოტანა ფეხებით არ შეუძლია, ამიტომ ჯერ ფრთათა წვერებს დაინამავს და მერე უწვრილეს მტვერს მიიკრობს. ამ ხერხით ეზირება იგი საჭირო თიხას, ჩალას ერთმანეთთან თიხით, ვითარცა წებოთი, თანდათანობით შეაწებებს და მასში თავის შთამომავლობას ზრდის. თუ ვინმე მის ბარტყებს თვალებს დათხრის, მერცხალი, რომელსაც ბუნებისაგან რამდენადმე მკურნალობის ხელოვნებაც აქვს მიმადლებული, მათ თვალებს სიჯანსაღესა და მხედველობას უბრუნებს.

აქედან ისწავლე, რომ სიღარიბის გამო არც ბოროტი საქმეებისაკენ უნდა მიდრკე და არც უმძიმეს ტანჯვასა შინა წარიკვეთო სასო; ხელები კი არ უნდა ჩამოუშვა და უმოქმედოდ კი არ უნდა გაჩერდე, არამედ ღმერთს უნდა მიაშურო, რომელიც, თუკი მერცხალს ამდენი მიანიჭა, მით უმეტეს, ბევრს მისცემს სხვას, ვინც მას მთელი გუილთ შეევედრება.

ჭარლი (ალკუნი) ზღვის ფრინველია, რომელსაც ჩვევად აქვს ზედ ზღვის პირას დაიბუდოს, იგი კვერცხებს ქვიშაზე დებს და მათზე შუა ზამთარში ზის, როცა ხშირი და მძვინვარე ქარებისაგან აღელვებული ზღვა ხმელეთს ეხეთქება. იმ შვიდი დღის განმავლობაში, როცა ალკუნი კვერცხებზე ზის ბარტყების გამოსაჩეკად, ყველა ქარი წყნარდება და ზღვაც მშვიდდება. რამდენადაც ახალგამოჩეკილებს საჭმელიც სჭირდებათ, მრავალმოწყალე ღმერთი ამ პატარა ფრინველს მეორე შვიდ დღესაც აძლევს ბარტყების გამოსაზრდელად. ეს ყველა მეზღვაურმა იცის და ამ დღეებს ალკუნის (ჭარლის) დღეებს ეძახის. ყოველივე ეს ღმრთის მზრუნველობით (განგებით) პირუტყვებში შენს განსასწავლად დადგინდა, რათა შენ მისგან, რაც ხსნისთვისაა საჭირო, ის ითხოვო. უკეთუ ღმერთმა ასე პატარა ფრინველისათვის დიდი და საშიში ზღვა დააყენა და შუა ზამთარში სიმშივდე უბრძანა, რა სასწაული არ მოხდება შენთვის, რომელიც ხატად ღმრთისად ხარ შექმნილი?

6. გვრიტზე ამბობენ, რომ როცა მეუღლეს განშორდება, სხვასთან შეერთებას ვერ ეგუება, უქორწინებლად რჩება და პირველი ქმრის ხსოვნის გამო ახალ კავშირზე უარს ამბობს. მოისმინოს ქალებმა, რომ ქვრივობის პატიოსნება უტყვთა შორისაც უფრო პატივდებულია, ვიდრე სააუგო მრავალგზის ქორწინება.

შვილების გამოზრდისას ყველაზე უსამართლოდ არწივი იქცევა. გამოჩეკს რა ორ მართვეს, ერთ მათგანს ფრთების დარტყმით მიწაზე ჩამოაგდებს, ხოლო მეორეს იწყნარებს და ითვისებს. თავის ნაშობს ასე იგი იმიტომ ექცევა, საკვების მოპოვება ეძნელება.

სამაგიეროდ, როგორც ამბობენ, გადაგდებულს სიკვდილისათვის ზღვის არწივი ვერ იმეტებს, თავის შვილებთან მიჰყავს და მათთან ერთად ზრდის. მსგავსად იქცევიან ის მშობლებიც, რომელნიც სიღარიბის საბაბით ან შვილებს იშორებენ, ან კიდევ მემკვდირეობას თანაბრად არ უნაწილებენ. სამართლიანობა ხომ ის იქნებოდა, რომ რამდენადაც ყოველ მათგანს არსებობა თანაბრად მისცეს, საცხოვრებელიც მათთვის ასევე თანაბრად და მიუკერძოებლად გაეყოთ.

სისასტიკით ნუ დაემსგავსებით მოკაუჭებულბრჭყალებიან ფრინველებს, რომელნიც დაინახავენ თუ არა, რომ მათი შვილები უკვე ფრენას ბედავენ, ფრთებს ურტყამენ, კორტნიან, ბუდიდან აგდებენ და ამიერიდან ამთთვის აღარ ზრუნავენ.

შვილთა სიყვარულისათვის საქებია ყვავი, რადგან იგი მაშინაც დასდევს მათ, როცა უკვე ფრენას იწყებენ, აჭმევს და ფრიად დიდი ხსნის განმავლობაში ასაზრდოებს.

ფრინველთა მრავალ ჯიშს ორსულობისათვის არ სჭირდება მამრთან შეერთება, სხვებში კი, გაუნაყოფიერებელი კვერცხები უნაყოფოა. ძერებზეც ამბობენ, რომ ისინი უმეტესწილად შეუწყვილებლად შობენ; ამასთან დღეგრძელნიც არიან, რადგან მათი სიცოცხლე ხშირად ას წლამდეც გრძელდება. რაჟამს იხილავ ვინმეს, ვინც ჩვენს საიდუმლოს დასცინის და ამბობს – შეუძლებელია და არაბუნრბრივი ქალწულისაგან შობა ისე, რომ ქალწულობაც უხრწნელად შეინარჩუნოსო, ფრინველთა ისტორიიდან ეს გქონდეს ნიშნად, რათა მოიაზრო: ვინც ჯერ-იჩინა ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ (I კორ. 1.21), წინასწარ დაასწრო და ბუნებაში მრავალი საკვირველება დათესა, რათა შემდეგში  ასწაულები დაგვეჯერებინა.

7. გამოიღედ წყალთა ქუეწარმავლები სამშჳნველთა ცხოველთა და მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა. ფრინველებს ფრენა დეადმიწაზე ებრძანათ, რადგან საკვებს ყველა მიწისაგან იღებს, მაგრამ ასევე ზეცაშიც – სამყაროსაებრ ცისასა, რამდენადაც, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, ცა (οὐρανός), წარმომადგარი სიტყვიდან ὅρασθαι  (რაც იხილვება), აქ ჰაერს ეწოდება; ამასთან, ამ ჰაერს, რომელიც ჩვენს ზემოთაა, მყარიც (სამყაროსაებრ) ეწოდა, რადგანაც იგი ეთერის სხეულთან შედარებით რამდენადმე ხშირი და უფრო სქელია დედამიწიდან ასული ორთქლის გამო.

გაქვს შენ ზეცა შემკული, დედამიწა გამშვენებული, ზღვა – მდიდარი თავისი ნაშობებით და ჰაერი – სავსე ფრინველებით, რომელნიც მასში დაფრინავენ! ყოველი, რამაც, ღმრთის ბრძანებით, არარასაგან არსებობა შეიძინა და ისინიც, რომელთაც ახლა სიტყვა მრავალსიტყვაობისათვის თავის არიდებისა და იმის გამო, რომ არ სურდა ზომიერებას გადაჭარბებული გამოჩენილიყო, არ შეხებია, - ეს ყოველივე, შრომისმოყვარევ, გონებით მოიაზრე და შეიმეცნებ რა ყოველივეთი ღმრთის სიბრძნეს, მუდამ გაკვირვებული დარჩი და ყოველი ქმნილებით შემოქმედი განადიდე.

გყავს შენ ფრინველთა ჯიშები საზრდელის მომპოვნებელნი როგორც ღამის სიბნელეში, ასევე დღის სინათლეზეც, რომელნიც დღისით დაფრინავენ. ღამღამობით ჭოტები, ბუები და ღამურები საზრდოობენ. ზოგჯერ, როცა ძილი გაგიტყდება, საკმარისია შენი ყურადღება მათზე შეაჩერო და მათი თვისებები გამოიძიო, რომ ღმრთის დიდებისმეტყველების სურვილი აღგეძრას. როგორ მღვიძარებს ბულბული, როცა კვერცხებზე ზის და მთელი ღამის განმავლობაში დაუცხრომლად გალობს; როგორ არის ღამურა ერთდროულად ოთხფეხაცა და ფრთოსანიც, როგორ აქვს ფრინველთაგან მხოლოდ მას კბილები, შვილებს, ვითარცა ოთხფეხნი, ცოცხლად შობს, ხოლო ჰაერში არა ფრთებით, არამედ რაღაც ტყავის აპკებით მიცურავს; და ბუნებით როგორი სიყვარუყლი მოდგამთ ამ ქმნილებებს ერთმანეთისა! ღამურები ერთმანეთს მიყოლებით დაეკიდებიან მსგავსად ჯაჭვისა, რისი მიღწევაც ჩვენთვის, ადამიანებისთვისაც კი ძნელია, რადგან განყოფილი და კერძო მრავალი ჩვენგანისათვის ზოგადსა და საერთოზე უფრო პატივდებულია. როგორ ჰგვანან თვალებით ბუს ისინი, რომელთაც ამაო ფილოსოფოსობისათვის მოიცალეს. ბუს, რომელიც ღამით ხედავს, რაჟამს მზე გამობრწყინდება, თვალთ უბნელდება. მსგავსად ამისა, მათი გონებაც, ფრიად მახვილი ამაო საგნების ჭვრეტისას, ჭეშმარიტი ნათლის შეცნობისათვის ბნელდება.

დღისით კიდევ უფრო ადვილია შენთვის შემოქმედის საკვირველებათა შეკრება ყოველი მხრიდან: როგორ გაღვიძებს საქმისათვის ფრინველი, რომელიც შენთან ცხოვრობს, მაღალი ხმით დაიყივლებს და მზის ამოსვლას შორიდან გაუწყებს, მოგზაურებს სისხამ დილით აყენებს ფეხზე, ხოლო მიწათმოქმედი სამკალად გაჰყავს. როგორი მღვიძარეა ბატის ჯიში და როგორი მახვილი ალღო აქვს იმის მიმართ, რაც დაფარულია; ოდესღაც მათ სამეფო ქალაქი იხსნეს, რადგან ნიშანი მისცეს მტრებზე, რომელნიც საიდუმლო მიწისქვეშა ხვრელიდან რომის სიმაგრის ასაღებად უკვე მზად იყვნენ.

ფრინველთა რომელ ჯიშში არ გვაჩვენებს ბუნება რაღაც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ საკვირველ თვისებას? წინასწარ ვინ აუწყებს ძერებს იმ ადამიანთა სიკვდილს, რომელნიც ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ემზადებიან? შეგიძლია იხილო ძერების გუნდი, ლაშქრებს რომ მისდევს და საჭურველის მზადებისაგან ასკვნის შედეგს, რომელიც ამას მოჰყვება. ეს უკვე კაცობრივ განსჯათაგან შორს როდი დგას.

როგორ აღგიწერო შენ თავზარდამცემი ლაშქრობები კალიებისა? თითქოს ერთი ნიშანი მიეცათო, ყველა ერთბაშად აღდგება და გაშლილ ადგილს დაბანაკდება, თუმცა ნაყოფს მანამდე არ ეხება, ვიდრე საღმრთო ბრძანება არ მიეცემა. როგორ მოსდევს მათ სელევკიდები (მგალობელი შაშვები) – მკურნალნი მათგან მიყენებული წყლულებისა, რადგანაც აქვთ ძალა განუზომლად ჭამისა და გაუმაძღარი ბუნება, რომელიც კაცთმოყვარე ღმერთმა მათ კაცთათვის სარგებლობის მოსატანად მისცა?

როგორ მღერის ჭრიჭინა? როგორ მღერიან ისინი შუადღისას ჩვეულებრივზე ხმამაღლა, შეისუნთქებენ რა ჰაერს გაფართოებით მკერდისა, რომელიც მას აღმოუტევებს? მაგრამ, ვფიქრობ, ჩემი სიტყყვა, რომელიც ფრინველა საკვირველებებს ასახავს, უფრო ჩამორჩა, ვიდრე მაშინ ჩამოვრჩებოდი, რომ მეცადა და მათ სისწრაფეს ფეხით ავდევნებოდი.

რაჟამს ფრინველთა შორის დაყოფილებად წოდებულებს – ფუტკრებსა და ბზიკებს (ასე უწოდეს მათ იმის გამო, რომ ყოველი მხრიდან რაღაცნაირად დაყოფილებად ჩანან), იხილავ, გულისხმაყავ, რომ მათ არც სუნთქვა იციან და არც ფილტვი აქვთ, არამედ ჰაერით მთელი სხეულით იკვებებიან. ამიტომაც, თუ ზეთით დასველდნენ, სხეულთა ნასვრეტების გადაკეტვის გამო იხოცებიან, მაგრამ თუკი მაშინვე ძმარს ვაპკურებთ, რომელიც ნასვრეტებს გახსნის, კვლავ ცოცხლდებიან. ჩვენს ღმერთს არაფერი შეუქმნია იმაზე მეტი, რაც საჭიროა და არც იმაზე ნაკლები, რაც აუცილებელია.

თუკი ისევ წყლის მოყვარე არსებებს განვიხილავთ, სხეულის სხვაგვარ აგებულებას აღმოვაჩენთ. მათ არც განყოფილი ტერფები აქვთ, ვითარცა ყვავებს და არც მოკაუჭებულბრჭყალებიანი, როგორც ხორცის მჭამელებს, არამედ ბრტყელი, მსგავსი აპკისა, რათა წყალში ადვილად იცურონ და ეს აპკებიანი ტერფები მის გასაპობად, თითქოს ნიჩბებიაო, ისე მოიხმარონ.

თუკი გედს დაუკვირდები, როცა იგი კისერს წაიგრძელებს და სიღრმეში ჩაყოფს, რათა იქედან თავისთვის საზრდელი ამოიღოს, მაშინაც ჩასწვდები დამბადებლის სიბრძნეს, ვინც გედს ყელი ფეხებზე გრძელი მისცა, რათა იგი ვითარცა ანკეზი, ჩაეშვა და სიღრმეში დაფარული საკვები ამოეტაცა.

8. თუ წმიდა წერილის სიტყვებს უბრალოდ წავიკითხავთ, ისინი მხოლოდ რამდენიმე მოკლე მარცვალს წარმოადგენს: გამოიღედ წყალთა მფრინველნი მფრინვალენი ქუეყანასა ზედა სამყაროსაებრ ცისა. მაგრამ რაჟამს ამ სიტყვების აზრს გამოვიკვლევთ, მაშინვე წარმოჩნდება დამბადებლის სიბრძნის დიდი საოცრება, - რამდენი სახეობა გაითვალისწინა მან ფრინველებისა, როგორ გაყო ერთმანეთისაგან ერთი მოდგმისანი, როგორ მისცა თითოეულს საკუთარი თვისება! ეს დღე არ მეყოფა იმისათვის, რომ თქვენ ჰაერსა შინა მყოფთა საოცრებებზე მოგითხროთ. ამასთან ხმელეთიც გვეძახის მისი მხეცების, ქვეწარმავალთა და მძოვართა წარმოსაჩენად, რომელნიც უკვე განმზადებული ჰყავს, რათა მათაც მცენარეთა, ყველა ჯიშის მცურავთა და ფრინველთა თანაბარი პატივი მიეგოთ.

გამოიღედ ქუეყანამან სამშჳნველი ცხოველი ნათესაობისაებრ ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა და მჴეცთა ქუეყანისათა ნათესაობითი. რას იტყვით, თქვენ, რომელთაც არ გჯერათ პავლეს სიტყვებისა აღდგომისას განახლების შესახებ, როცა ნახავთ, რომ ჰაერის ცხოველთაგან თავის სახეს მრავალი იცვლის? მაგალითად, ინდოეთის რქოსანი მატლის შესახებ მოგვითხრობენ, რომ იგი ჯერ აბრეშუმის ჭიად (მუხლუხოდ) იქცევა, შემდეგ ჭუპრად, მაგრამ საბოლოოდ არც ამ სახით რჩება, არამედ რბილი და ფართო ფურცლების გამობმის შედეგად ფრთოსანი ხდება.

ამგვარად, რაჟამს დასხდებით, დედანი, აბრეშუმის პარკიდან ამოსახვევად ნართისა, რომელიც თქვენ რბილი სამოსის დასამზადებულად ყაჭის ჭიამ გამოგიგზავნათ, გაიხსენეთ მისი გარდასახვანი, ნათლად წარმოიდგინეთ გონებით აღდგომა და ირწმუნეთ განახლება, რომელსაც პავლე მოციქული ყველას აღგვითქვამს.

მაგრამ ვგრძნობ, სიტყვამ ზომიერების ზღვარს გადააბიჯა. რაჟამს გადავხედე სიმრავლეს თქმულისა, ვფიქრობ, რომ მართლაც გადავაჭარბე, მაგრამ როცა კვლავ ქმნილებათა შორის გამოვლენილი სიბრძნის მრავალფეროვნებას წარმოვიდგენ, ასე მგონია, საუბარი არც კი დამიწყია. ამასთან, არც თქვენი ჩემთან დაყოვნება იქნება უსარგებლო. სხვა საღამომდე რა უნდა აკეთოთ? არ გაჩქარებენ თქვენ თანამესუფრენი, არც ნადიმები გელოდებათ, სამაგიეროდ, თუ მოისურვებთ, ხორციელი მარხვა სულიერი სიხარულისთვის გამოგადგებათ; რაკიღა ხორცისათვის სამსახური ხშირად გაგიწევია, ახლა სამსახური სულს გაუწიე.

იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაჲ გულისა შენისაჲ (ფს. 36.4). უკეთუ სიმდიდრის მოყვარული ხარ, გექნება სიმდიდრე, ოღონდ სულიერი: განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა. გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად (ფს. 18.10-11). უკეთუ შვებანი და ტკბობანი გიზიდავს, გაქვს მისთვის, ვინც სულიერი გრძნობებით მრთელია, სიტყვები ღმრთისა უტკბილეს უფროჲს თაფლისა და გოლეულისა (ფს. 18.11). თუ გაგიშვებთ და ამ კრებულს დავშლი, ზოგი კამათლების სათამაშოდ წავა, სადაც ფიცი, ფიცხი კამათი და ანგარებისმოყვარეობის სალმობანია. იქ დგას ეშმაკი, რომელიც წერტილებიანი ძვლებით სიცოფეს აღაგზნებს და ერთი და იგივე ფული ხან ამ მხარეს და ხან იმ მხარეს გადააქვს; ახლა რომ ერთს გამარჯვებით აღზევებს, მეორეს მწუხარებაში აგდებს, მერე ამ მეორეს წარმოაჩენს ამაყად და პირველს შეარცხვენს. რა სარგებლობას მოგვიტანს ხორციელი მარხვა, თუკი სული ათასგვარი ბოროტებითაა სავსე? ხოლო სხვა, თუმცა კამათლებით არ ითამაშებს, მაგრამ დროს უქმად დაკარგავს, რას აღარ იტყვის ამაოთაგან და რომელ აბდაუბდას აღას მოისმენს. მოცალეობა, ღმრთის შიშის გარეშე, მათთვის, ვინც არ იცის გამოყენება დროისა, უკეთურების მასწავლებელია. ასე რომ, შეიძლება ჩემს მიერ თქმულში სასარგებლო რამეც იპოვოთ, ხოლო თუ ვერა, ის სარგებლობა მაინც იქნება, რომ გაატარებთ რა აქ დროს, ცოდვას მაინც აღარ ჩაიდენთ. ამიტომ, რამდენადაც მეტ ხანს გაგაჩერებთ, იმდენად დიდი ხნით დაგაშორებთ ცოდვის ჩადენას.

რაც ითქვა, გონმსჯელისათვის საკმარისია, თუკი იგი ყურადღებას არა ქმნილებათა სიმდიდრისაკენ, არამედ ჩვენი უძლურებისა და იმისაკენ წარმართავს, რომ შეკრებილებს სიხარულისათვის ესეც ეყოფათ.

დედამიწამ თავისი მცენარეებით გიმასპინძლათ, ზღვამ – თევზებით, ჰაერმა – ფრინველებით, ხმელეთიც მზადაა, მათ მსგავსად გვიმასპინძლოს. დილის ტაბლას საზღვარი აქ დავუდოთ, რათა გარდამეტებული სიმაძღრით მწუხრის საზრდელით დატკბობისათვის მადა არ დავკარგოთ. დაე, ვინც ყოველივე თავისი ქმნილებებით აღავსო და ჩვენ ისინი თავისი ცხადი სასწაულების გასახსნელად დაგვიტოვა, ყოველი თქვცენგანის გულიც აღავსოს სულიერი სიხარულით ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰომილია IX

წინა <-----     დასაწყისში     ----->შემდეგი

ხმელეთის ცხოველთა შესახებ

1. როგორი მოგეჩვენათ თქვენ სიტყვიერი ტაბლა დილისა? მე კი აზრად მომივიდა, ჩემი თავი ვინმე ღარიბი, მაგრამ გულთბილი მასპინძლისთვის შემედარებინა, რომელსაც გულუხვი მასპინძლის სახელის მოხვეჭა სურს, მაგრამ რადგან ძვირფასი საჭმელ-სასმელი არა აქვს, სტუმრებს თავს აბეზრებს ღარიბული კერძებით, რომელიც სუფრაზე უხვად მიაქვს. ასე რომ, მისი პატივმოყვარეობა მისივე სასაყვედუროდ უგემოვნობაში გადადის ხოლმე. ასეთი იყო ჩვენი სიტყვაც, თუკი თქვენ მასზე სხვა რამეს არ იტყვით; მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო, აბუჩად მაინც არ უნდა აიგდოთ, რადგან არც ელისეს დასდეს ბრალი მისმა თანამედროვეებმა, როგორც მასპინძელს, თუმცა იგი მეგობრებს მხალითა ველურითა გაუმასპინძლდა (შეად. IV მეფ. 4,39).

მეც ვიცი წესები სახისმეტყველებისა, თუმცა არა ჩემს მიერ აღმოჩენილი, არამედ სხვათა თხზულებებში ნაპოვნი. ამ წესების მიხედვით ზოგიერთები იმას, რაც დაწერილია, საყოველთაო მნიშვნელობით კი არ იგებენ, მაგალითად წყალს წყალს კი არ უწოდებენ, არამედ რაღაც სხვა ნივთიერებას და მცენარესაც და თევზსაც ისეთ განმარტებას აძლევენ, როგორიც სურთ; ქვეწარმავალთა და ცხოველთა წარმოშობასაც საკუთარი ვარაუდების შესაბამისად ხსნიან, ვითარცა სიზმართამხსნელები, რომელნიც ძილში ნანახ ზმანებებს თავიანთი ზრახვებისდამიხედვით განმარტავენ. მე კი, რომ მოვისმინე, ეს ბალახიაო, ბალახად მოვიაზრე, ასევე მცენარეს, თევზს, მხეცსა თუ საქონელს როგორც ითქვა, ისე ვიღებ, რადგან არა მრცხუენის მე სახარებაჲ (რომ. 1,16).

თუმცა სამყაროს აღმწერებმა ბევრი რამ თქვეს დედამიწის ფორმაზე, ხან სფერო, ხანაც ცილინდრისებურიო, ხანაც წრეს ჰგავსო, ყოველმხრივ თანაბრად შემოხვეწილს, ხანაც კიდევ ლანგარს, შუაში ჩაღრმავებულსო (სამყაროს აღმწერებმა ყველა ამ ვარაუდს მიმართეს, თანაც ისე, რომ ყოველი მათგანი მეორის ვარაუდს ამხობდა), მაგრამ ვერ დავეთანხმები სამყაროს შესაქმეზე ჩვენი თხრობისათვის ნაკლები პატივის მიგებას, მხოლოდ იმ ერთადერთი მიზეზით, რომ ღმერთის მსახურ მოსეს მის ფორმებზე არ უმსჯელია და არც ის უთქვამს მისი შემოწერილობა 180 ათასი სტადიონიაო, არც ის გაუზომია, სანამდე გრძელდება მისი ჩრდილი ჰაერში, როცა მზე დედამიწის ქვეშ ექცევა და არც ის განუმარტავს, როგორც ხდება დაბნელება მთვარისა, როცა მას ეს ჩრდილი მიეახლება. რადგანაც იგი იმაზე, რაც ჩვენ არ გვეხება როგორც უსარგებლოზე, დადუმდა, ამიტომ სიტყვანი სულისა წმიდისანი უგუნურთა სიბრძნეზე უდარესად მივიჩნიო? თუ პირიქით, უფრო მეტად არ უნდა განვადიდო ის, ვინც ჩვენი გონება ამგვარი ამაო მსჯელობებით კი არ დააკავა, არამედ ისე განაგო, რომ ყველაფერი ჩვენი სულების დასამოძღვრად და სრულყოფისათვის დაწერილიყო? ვფიქრობ, ეს ვერ შეიგნეს მათ, რომელთაც თავიანთი გაგებით, გაჭიანურებული  მსჯელობებით და სახისმეტყველებით წმიდა წერილისათვის თითქოს რაღაც პატივის მინიჭება განიზრახეს. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ შენი თავი სულიწმინდის სიტყვებზე უფრო ბრძნად მიიჩნიო და განმარტების მომიზეზებით საკუთარი აზრები შემოიტანო. ამიტომ, ჩვენ ისე მოვიაზრებთ, როგორც წერია.

2. გამოიღედ ქვეყანამან სამშვინველი ცხოველი ოთხფერხთა და ქვეწარმავალთა. გულისხმაყავ სიტყვა ღმრთისა, დაბადებულთა შორის მსრბოლი, რომელიც მაშინ დაწყებულ მოქმედებას დღემდე აგრძელებს და ბოლომდე, თვით სამყაროს აღსასრულამდეც  გააგრძელებს. ვითარცა ბურთი, რომელსაც ვინმე ფერდობიდან ჩააგორებს, როგორც თავისი სიმრგვალის, ისე ადგილის სიმარჯვის გამო, დაბლა მიექანება და მანამდე იგორებს  სანამ ვაკე არ შეხვდება, ასე დაიძრა არსებულთა ბუნება ერთი ბრძანებით, ქმნილებათა შობითა და ხრწნილებით მოდის და მოდგმის გაგრძელებას მსგავსებით იცავს, ვიდრე დასასრულამდე არ მიაღწევს; ნაცვლად ცხენისა, ცხენს ქმნის, არწივისა-არწივს და ყოველ ცხოველს არსებობას მემკვიდრეთა მონაცვლეობის წყალობით  უნარჩუნებს, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ჟამის მდინარება ვერც წაახდენს და ვერც წარხოცს საკუთარ თვისებებს ცხოველებისა, არამედ დროს ისე მიჰყვებიან, თითქოს მათი ბუნება ახლახან იყოს შექმნილი.

გამოიღედ ქვეყანამან სული ცხოველი. ეს ბრძანება დედამიწაზე დარჩა და ღმრთის სამსახურს დღემდე აგრძელებს. ცხოველთაგან ზოგიერთი ადრე არსებულისგან  მემკვიდრეობის წყალობით იქმნება, ზოგი კი აქამდე მიწისაგან ცოცხლად იბადება. მაგალითად, წვიმების დროს იგი არა მხოლოდ ჭრიჭინებსა და სხვა ათასგვარი ჯიშის ფრთოსანთ, რომელნიც ჰაერში დაფრენენ და რომელთაც სახელებსაც კი ვერ დავარქმმევთ მათი სიმრავლისა და სიმცირის გამო, არამედ თაგვებსაც და ბაყაყებსაც წარმოშობს. როცა ეგვიპტეში, თებეს მახლობლად, კოკისპირულად გაწვიმდება, ქვეყანა მყისვე მინდვრის თაგვებით ივსება. ვხედავთ, რომ გველთევზაც არა სხვა გზით, არამედ შლამისაგან იბადება; ისინი კვერცხისა თუ სხვა ხერხის წყალობით როდი მრავლდებიან, არამედ მიწისაგან წარმოიშობიან.

გამოიღედ ქუეყანამან სული. - პირუტყვები მიწისაგანნი არიან და მიწას ჩაჰყურებენ, ხოლო ადამიანი ზეცის მცენარეა და რამდენადაც სხეულის ხატით გამოირჩვეა, სულიერი ღირსებებითაც იმდენადვეა გამორჩეული. ოთხფეხთა გარეგნობა როგორიღაა? მათ თავები მიწისკენ აქვთ ჩახრილი, მუცელს ჩაჰყურებენ და მის სიამოვნებისათვის  ყოველ ღონეს ხმარობენ. თავი შენი კი ზეცისკენ არის აღმართული და შენი თვალებიც ზევით იყურებიან. ამიტომ თუმცა შენ თავს ხანდახან ხორციელი ვნებებით შეურაცხყოფ და მუცელსა და იმას ემონები, რაც მუცლის ქვემოთაა, უგუნურ პირუტყვებს ბაძავ და მათ ემსგავსები (შეად. ფს. 48, 13), მაგრამ გმართებს ზრუნვა, რათა ზეცისასა ეძიებდე, სადაცა იგი ქრისტე არს (კოლ. 3,1) და მიწისაგან შობილებზე გონებით ამაღლება მოგეთხოვება. როგორი ხატიც მოგენიჭა, ცხოვრებაც იმგვარად წარმართე. იყავნ მოქალაქეობაჲ შენი ცათა შინა (ფილპ. 3,20), რადგან ჭეშმარიტი მამული შენი იერუსალიმია, ხოლო მოქალაქენი და თანამემამულენი- პირმშონი იგი, აღწერილნი ცათა შინა (ებრ. 12,22-23)

3. გამოიღედ ქვეყანამან სული ცხოველი. ამრიგად, პირუტყვთა სამშვინველი  მიწაში კი არ იყო და იქიდან კი არ გამოჩნდა, არამედ ბრძანებასთან ერთად წარმოიშვა. პირუტყვთა სამშვინველი ერთია, რადგან ერთი განმასხვავებელი თვისება აქვთ - უტყვობა, მაგრამ თითოეულ ცხოველს თავისი საკუთარი თვისებაც აქვს: ხარი გამძლეა, ვირი ზანტი, ცხენი - მხურვალე მდედრის გულისთქმისათვის, მგელი - მოუთვინიერებელი, მელა - მზაკვარი, ირემი – მფრთხალი, ჭიანჭველა - შრომისმოყვარე, ძაღლი - მადლიერი და მეგობრობაში ერთგული; თითოეულ მათგანს როგორც კი იშვა, მყისვე განსაკუთრებული ბუნებრივი თვისებაც მიენიჭა. ლომი დაბადებიდანვე მრისხანეა, მარტო ცხოვრებისა და თვისტომთაგან განცალკევებისაკენ მიდრეკილი; ვითარცა ხელმწიფე პირუტყვთა, ბუნებით დამახასიათებელი სიამაყის გამო ბევრთან გათანაბრებას ვერ ეგუება; არც წინა დღის საზრდელს ეკარება და არც თავისი ნადავლის ნარჩენებს მიუბრუნდება. ბუნებამ მას ხმის ისეთი ორგანოები მისცა, რომ მრავალ ცხოველს, რომელნიც მას სისწრაფით აღემატებიან, ხშირად მხოლოდ ღრიალით მოინადირებს. ჯიქი ფიცხია და მოქნილი, მის სხეულში ერთმანეთს ერწყმის სინოტივე და სიმსუბუქე, რის გამოც მისი მოძრაობა სისწრაფით სამშვინველის მოძრაობის თანმხვედრია. ბუნებით ზანტია დათვი, თავისებური ზნის, ხშირი ბეწვით შემოსილი. სხეულიც მსგავსი აქვს: მძიმე, მკვრივი, უსახსრებო, მართლაც შესაფერისი ცივი ცხოველისათვის, რომელიც ბუნაგში ცხოვრობს.

უკეთუ სიტყვით შევეხებით იმას, თუ ეს პირუტყვები თავიანთ სიცოცხლეზე არა განსწავლულობით, არამედ ბუნებრივად როგორ ზრუნავენ, ჩვენც ან საკუთარი თავის დაცვისა და სულის გადასარჩენისთვის აღვიძრებით, ან ჩვენს თავს კიდევ უფრო  მეტად განვსჯით, რაჟამს აღმოვაჩენთ, რომ შედარებისას პირუტყვებსაც კი ჩამოვრჩებით. ძუ დათვი, როცა მას ფრიად ღრმა ჭრილობები აქვს მიყენებული, ხშირად თავის თავს თვითონვე მკურნალობს, ყოველი ხერხით ჩაიფენს რა ჭრილობაში მეფის სკიპტრას, რომელსაც ამოშრობის უნარი აქვს. შეგიძლია იხილო, მელა თავს ფიჭვის ფისით როგორ იკურნავს; იქედნეს ხორცით გამაძღარი კუ ველური ქონდრის წყალობით გაურბის გესლისაგან მიყენებულ ვნებას, გველი კი თვალების სენს კამის ძოვით შველის.

ხოლო ჰაერის ცვლილებათა წინასწარი გამოცნობით რომელ მეტყველთა გულისხმისყოფას არ დაჩრდილავენ. ცხვარი იგრძნობს თუ არა ზამთრის მოახლოებას, საკვებს ხარბად ეტანება, თითქოს მომავალში მოკლების სიშით იმარაგებსო. ზამთრის განმავლობაში ჩაკეტილი ხარები გაზაფხულის მოახლოებისას ბუნებითი გრძნობით იგრძნობენ თუ არა ცვალებადობას, ბოსლების გასასვლელისკენ იყურებიან და თითქოს ერთი ნიშანი მიეცათო მდგომარეობას იცვლიან. ზოგიერთ ცნობისმოყვარე დამკვირვებელს უნახავს, რომ ხმელეთზე მცხოვრებმა ზღარბმა თავის სოროს ორი საჰაერო როგორ დაატანა; თუ ჩრდილოეთის ქარი დაუბერავდა, სოროს ჩრდილოეთ მხარეს გმანავდა, ხოლო სამხრეთის ქარის დაქროლვისას ჩრდილოეთის საჰაეროსთან გადადიოდა.

რას გვაჩვენებს ჩვენ ეს, ადამიანებს? არა მხოლოდ იმას, რომ ჩვენი შემოქმედის ზრუნვა ყოველივეზე ვრცელდება, არამედ იმასაც, რომ მომავლის გრძნობა რამდედადმე პირუტყვებსაც აქვთ, ჩვენც არა მხოლოდ ამ ცხოვრებას უნდა მივეჯაჭვოთ, არამედ მომავალი საუკუნო ცხოვრებისთვისაც ყოველმხრივ უნდა ვიღვაწოთ. შენი თავისათვის არ უნდა განსაჯო ადამიანი? ხედავ, რა ჭიანჭველას მაგალითს, ამ ცხოვრებაშივე  არ უნდა მოამზადო ის, რაც მომავალში განსვენებისთვის საჭიროა? იგი საზრდელს ზამთრისათვის ზაფხულშივე აგროვებს. ჯერ მწუხარება ზამთრისა არ დამდგარა, რომ დროს უქმად არ კარგავს, ბეჯითად და თავდაუზოგავად შრომობს, ვიდრე თავის საუნჯეებში საკმარის საკვებს დაიუნჯებდეს; და ამას არა დაუდევრად, არამედ რაღაც ბრძნული მზრუნველობით აკეთებს, რათა იმდენი საზრდელი მოიპოვოს, რამდენიც, რაც შეიძლება, დიდხანს ეყოფა. თითოეილ მარცვალს იგი პირით შუაში კვნეტს, რათა არ აღმოცენდეს და საზრდელად მისთვის მოუხმარებელი არ გახდეს; ხოლო თუ შეამჩნია, რომ დანესტილია, მაშინ აშრობს კიდეც, მაგრამ გასაშრობად ყოველ დროს როდი გამოაქვს, არამედ მაშინ, როცა შეატყობს, რომ ჰაერი გაწმენდილია; და  მართლაც, ვერ ნახავ, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა ჭიანჭველა მარაგს აშრობს, ღრუბლებიდან წვიმა იღვრებოდეს.

რომელი სიტყვა მისწვდება? ან რომელი სასმენელი დაიტევს? ანდა დროის რა მონაკვეთი იქნება საკმარისი, რათა გიამბოთ და გაუწყოთ შემოქმედის ყველა საკვირველებათა შესახებ? არამედ სჯობს ჩვენც ვთქვათ წინასწარმეტყველებთან ერთად: ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ (ფს. 103-24). იმის თქმა: წიგნებისაგან არა გვისწავლია, რა არის ჩვენთვის სასარგებლოო, თავის გასასამართებლად საკმარისი როდი იქნება, რადგან ბუნებითი სჯულის წყალობით სწავლის გარეშეც შეგვიძლია არჩევა იმისა, რაც უმჯობესი იქნება ჩვენი სარგებლობისათვის.  იცი, რა არის სიკეთე შენი მახლობლებისთვის? ის, რაც გსურს, რომ შენ სხვამ გაგიკეთოს. იცი, რა არის ბოროტება? ის, რაც არ გინდა, რომ  სხვისგან განიცადო. არც ფესვების დაჭრის ოსტატობითა და არც ბალახებზე ცდების გამოკვლევის შედეგად არ აღმოუჩენიათ  პირუტყვებს, როგორ შეიცნონ სასარგებლო. არამედ თითოეული ცხოველი ბუნებრივად პოულობს ხსნის გზას და რაღაც გამოუთქმელი ნათესაობა აქვს იმასთან, რაც მის ბუნებას შეესაბამება.

4. ჩვენც გვაქვს ბუნებრივი სათნოებანი, რომელთანაც სულს ნათესაობა არა კაცობრივი განსწავლის შედეგად აქვს, არამედ ბუნებით. არცერთი მეცნიერება არ გვასწავლის, ავადმყოფობა შეიძულეთო, მაგრამ ჩვენ თვითონვე გვძაგს ყოველივე, რაც კი მწუხარებას გვაყენებს. ასე რომ, სულშიც არის რაღაც, რომელიც განსწავლის გარეშეც ერიდება ბოროტებას. ყოველგვარი ბოროტება უძლურებაა სულისა, ხოლო სათნოება - სიჯანსაღე. ზოგიერთებმა კარგად განსაზღვრეს  სიჯანსაღე. როცა თქვეს, რომ იგი სიმყარეა ბუნებრივ მოქმედებათა. იმის წინაშე, რაც დადგენილია. არც ის შესცოდავს, რომელიც სულის სიმრთელეზეც ამასვე იტყვის. სულიც ხომ განსწავლის გარეშე ისწრაფვის ამისკენ, რაც მისთვის დამახასიათებელია და მისი ბუნების შესაფერისი. ამიტომაც ყველასათვის საამაყოა სიწმინდე, შეწყნარებულია სამართლიანობა, საკვირველია სიმამაცე და სასურველი გონიერება. ესენი უფრო დამახასაიათებელია სულისთვის, ვიდრე სხეულისათვის სიჯანსაღე.

შვილნო, გიყვარდეთ მამანი თქვენნი და მშობლებო, ნურც თქვენ განარისხებთ შვილთა თქვენთა (ეფ. 6,4). განა ბუნებაც ამასვე არ გვეუბნება? პავლე მოციქული ახალ რამეს კი არ გვირჩევს, არამედ ბუნების ბორკილებს განამტკიცებს.

უკუეთუ ძუ ლომს უყვარს ნაშობნი მისნი და მგელიც თავისი ლეკვებისათვის იბრძვის, რაღა ეთქმის ადამიანს, რომელიც მცნებასაც არღვევს და ბუნებასაც შეურაცხყოფს, კერძოდ, რაჟამს შვილი პატივს არ სცემს მამის სიბერეს, ხოლო მამა მეორე ქორწინების გამო თავის შვილებს ივიწყებს.

საოცარია, უჩვეულოდ დიდია მშობლებისა და შვილების ურთიერთსიყვარული პირუტყვთა შორის, რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ისინი შექმნა, გონების მოკლების წილ, დიდი გრძნობების მიცემით ანუგეშა.

რით აიხსნება, რომ კრავი, გამოვარდება თუ არა იგი ფარეხიდან, ფერითა და ხმით ათას ცხვარში შეიცნობს დედას და მისკენ გარბის, ეძებს რა საკუთარ წყაროს რძისას? დედის ძუძუნი კიდევაც რომ მწირად დაუხვდეს, მაინც კმაყოფილდება და გულგრილად აუვლის გვერდს მრავალ ძუძუს, რძით დამძიმებულს. ასევე დედაც თავის შვილს ათას კრავში იცნობს. ხმა ყველას ერთი აქვს, ფერიც აგრეთვე და რამდენადაც ეს ჩვენი ყნოსვისთვის მისაწვდომია, სუნიც ერთი, მაგრამ აქვთ რომელიღაც გრძნობა ჩვენსაზე მახვილი, რომლის წყალობითაც ყოველი მათგანი ადვილად შეიცნობს საკუთარს.  ძაღლის ლეკვს ჯერ კბილები არ ამოსვლია და უკვე პირით იცავს თავს იმისაგან ვინც არ ასვენებს. ხბოს რქები ჯერ კიდევ არ აქვს და უკვე იცის, საჭურველი სად ამოეზრდება. ყოველივე ეს გვაჩვენებს, რომ მათ ბუნებრივი თვისებანი სწავლის გარეშე ეძლევათ და რომ არსებულთა შორის არაფერია უწესრიგო და განუსაზღვრელი, არამედ ყოველი შემოქმედის სიბრძნის კვალს ატარებს და თითოეული გვიჩვენებს, რომ აღჭურვილია საკუთარი თავის დაცვისა და გადარჩენისთვის.

ძაღლი არაა გონებით დაჯილდოებული მაგრამ აქვს გრძნობა თითქმის თანაბარი გონებისა.  რაც ამა სოფლის ბრძენთა ძლივს აღმოაჩინეს, ისხდნენ რა სიცოცხლის მეტი წილი მოცლილნი ამისთვის, კერძოდ, ჩახლართულ დასკვნებს ვგულისხმობ, ის, როგორც ჩანს, ძაღლს ბუნებამ ასწავლა. ეძებს რა ნადირის კვალს, რაჟამს იპოვის, რომ იგი მრავალ ტოტად იყოფოდა, ყველას მოირბენს და თავისი საქცილეით თითქმის ხმით გვეუბნევა, რაც დაასკვნა: ნადირს ან აქეთ უნდა გადაეხვია, ან აქით, ან კიდევ ამ მხარეს, მაგრამ რამდენადაც არც აქეთ წასულა და არც აქეთ წასულა და არც იქით, მაშინ რჩება, რომ აქეთ უნდა გაქცეულიყო. ამგვარად პოულობს ჭეშმარიტებას სიცრუეთა უარყოფით. ამაზე მეტს რას აკეთებენ ისინი, რომელნიც მედიდურად  უსხედან სამწიგნობრეებს, მტერზე წერენ, სამი წინადადებიდან ორს უარყოფენ და დარჩენილში პოულობენ ჭეშმარიტებას?

განა ის, რომ ამ ცხოველმა წყალობის დამახსოვრება იცის, არ არცხვენს უმადურებს კეთილისმყოფელთა  მიმართ? ჰყვებიან, რომ მრავალი ძაღლი, რომელთა პატრონებიც უდაბურ ადგილებში მოკლეს, იქვე დაიღუპა, ხოლო ზოგიერთი  მწარე განცდამ მკვლელთა მძებნელების მეგზურად აქცია და იმისთვის მიაღწევინა, რომ ბოროტისმოქმედები სამსჯავროზე გადაცემულიყვნენ. რა ეთქმის იმათ, რომელთაც არა მხოლოდ უყვართ მათი შემოქმედი და გამომზრდელი უფალი, არამედ იმათთანაც კი მეგობრობენ, რომელნიც ღმერთზე  უსამართლოდ მსჯელობენ, მათთან ერთად  ტაბლას იზიარებენ და თვით ჭამის დროსაც კი ითმენენ გმობას გამომზრდელისას.

5. მაგრამ მივუბრუნდეთ ქმნილებათა განხილვას. ადვილად მოსანადირებელი ცხოველები მშობიარობისას უფრო ნაყოფიერნი არიან. მრავლად შობენ კურდღლები და ველური თხები, ასევე გარეული ცხვარიც ტყუპებს ბადებს, რათა არ შემცირდეს  მათი მოდგმა, რომელსაც ხორცის მჭამელები ანადგურებენ. იმ ცხოველებს კი, რომელნიც სხვებს ჭამენ, შვილები ცოტა ყავთ. მაგალითად, ძუ ლომი ძლივს ხდება დედა ერთი ლომისა, რადგანაც, როგორც ამბობენ, ბოკვერი მახვილი ბრჭყალებით აპობს საშოს და ისე გამოდის. ასპიტიც დედის დაღრღნის შედეგად იბადება და მშობელს შესაფერის საზღაურს ამგვარად მიაგებს.

ასე რომ, არცერთი არსება არაა დატოვებული განგების გარეშე და არცერთს არ აკლია შესაფერი მზრუნველობა.

თუკი ცხოველთა ნაწილებს შეისწავლი, აღმოაჩენ რომ დამბადებელმა არც ზედმეტი რამ მისცა მათ და არც ის დააკლო, რაც აუცილებლად სჭირდებოდათ. ხორცისმჭამელ ცხოველებს მახვილი კბილები უბოძა შესაფერისად საკვების სახისა. იმათ კი, რომელნიც კბილებით ნახვერად აღჭურვა, საჭმლისათვის მრავალი სხვადასხვა სათავსო გაუმზადა. რამდენადაც მათ საკვების საკმარისად დაღეჭვა თავიდანვე არ შეუძლიათ, შესაძლებლობა მიეცათ კვლავ ამოიღონ გადაყლაპული და ცოხნის შედეგად დანამცეცებული შეირგონ. სტომაქი, ჩიჩახვი და გრძელი ნაწლავი უსარგებლოდ როდი მიეცა იმ ცხოველებს, რომელთაც ესენი აქვთ და რომელთაგან თითოეულს აუცილებელი მოთხოვნისათვის იყენებენ.

აქლემს ყელი გრძელი აქვს, რათა ფეხებთან ჩასწვდეს ბალახს, რომლითაც იკვებება, ხოლო ყელი დათვისა მოკლეა და მხრებს შორის ჩავარდნილი, ასევე მოკლე ყელი აქვს ლომს, ვეფხვს და ყველა იმ დანარჩენს, რომელიც ამ მოდგმას მიეკუთვნება. რადგან ბალახით არ საზრდოობენ, არ არიან იძულებულნი მიწისკენ დაიხარონ, ისინი ხომ ხორცისმჭამელები არიან და მონადირებული ცხოველებით კმაყოფილდებიან.

რისთვის სჭირდება ხორთუმი სპილოს? ამ დიდ ცხოველს, უდიდესსაც კი ხმელეთის ცხოველთა შორის, რომელიც შემხვედრს შიშით აკრთობს, წილად ერგო ყოფილიყო ახოვანი და ჰქონოდა  უზარმაზარი სხეული. ამიტომ თუკი გრძელი, ფეხების შესაფერისი ყელი მიეცემოდა დიდი სიმძიმისა გამო მისი დაჭერა გაუჭირდებოდა და მუდმივად დაბლა ექნებოდა ჩახრილი. ახლა კი თავი კისრის მრავალრიცხოვანი მალით უკავშირდება ზურგს და აქვს ხორთუმი, რომელიც ავსებს ყელის ნაკლს, კერძოდ, იგი მისი მეშვეობით იღებს საჭმელსა და სასმელს. ფეხები უსახსრო აქვს, ვითარცა სვეტები, მტვირთველნი სხეულის სიმძიმისა. ისინი, რომ ნაზი და ლბილი კუნთებით შეგვეცვალა ხშირად ეღრძობოდა ფეხი სახსრებში, რომელნიც ვერ იტვირთავდნენ სიმძიმეს, რაჟამს სპილო მუხლებში ჩაიკეცებოდა ან ადგებოდა. ახლა კი მას მოკლე ტერფზედა ძვალი აქვს ფეხის ქვეშ, მაშინ როცა მუხლს ქვემოთაც და მუხლშიც უსახსროა; მოძრავი, მსხლტომარე სახსრები ხომ უჩვეულოდ დიდ, მერყევ სხელს, რომლითაც სპილოა შემოსილი, ვერ დაიჭერდა. ამიტომაც სჭირდება  ეს ხორთუმი, ფეხებამდე ჩამოგრძელებული. ვერ ხედავ, რომ ბრძოლებში, როგორც სულჩადგმული კოშკები, სპილოები რაზმებს წინ მოუძღვებიან და ვითარცა ხორცის ბორცვები, დაუოკებელი სისწრაფით არღვევენ შემჭიდროებულ ფარებს მტრებისას? ქვემოთა ნაწილი რომ თანაზომიერი არ ჰქონდეს, ეს ცხოველი დიდხანს ვერ იცოცხლებდა. ახლა კი, როგორც ზოგიერთი გვამცნობს, სპილო სამასსა და მეტ წელსაც კი ცოცხლობს. ამიტომაც აქვს  ფეხები მთლიანი და უსახსრო. საზრდელს კი, როგორც ვთქვით, მიწიდან ხორთუმით იღებს, რომელიც ბუნებრივად მოქნილია და გველის მსგავსად იკუმშება და იშლება.

ამგვარად, ჭეშმარიტია სიტყვა, რომელიც გვასწავლის, რომ დაბადებულებში არც რამე ზედმეტისა და არც ნაკლებობის პოვნა არ შეგიძლია. ცხოველი, რომელიც ასე დიდია, ღმერთმა კაცის მორჩილად შექმნა. რაჟამს ვასწავლით, ესმის და როცა ვცემთ, ითმენს, რითაც ღმერთი ნათლად შეგვაგონებს, რომ ყოველივე ჩვენ დაგვიმორჩილა, რადგანაც ჩვენ ხატად დამბადებლისა ვართ შექმნილნი.

არა მხოლოდ დიდ ცხოველებში იხილვება გამოუკვლეველი სიბრძნე შემოქმედისა, არამედ თვით ყველაზე პატარებშიც კი როდი შეგროვდება ნაკლები რიცხვი საკვირველებათა; ისევე როგორც დიდი მთების მწვერვალებზე, ასე ახლოს რომ არიან ღრუბლებთან და ქართა განუწყვეტელი ქროლვის გამო მარადიულ ზამთარს ინარუნებენ, ნაკლებ როდი გვაოცებს ღრმა ხეობები, რომელნიც არა მხოლოდ მთის ქარებს არიან განშორებულნი, არამედ ჰაერის სითბოსაც მუდმივად ინახავენ, ასევეა ცხოველთა აგებულებაშიც, ჭეშმარიტად არ მაოცებს სპილო თავისი სიდიდის გამო თაგვზე მეტად, რადგანაც თაგვი სპილოსთვისაც კი  საშიშია, და არც უწვრილეს ისარზე მორიელისა, რომელიც შემოქმედმა სალამურის მსგავსად გამოაღრუვა, რათა დაგესლილზე შხამი მისით  გადმოინთხეს. ნურავინ დასდებს ბრალს დამბადებელს, რომ მან გესლიანი ცხოველები შექმნა, მტერნი და განმხრწნელნი ჩვენი სიცოცხლისა. ასე ვინმე მასწავლებელსაც დასდებს ბრალს იმაში, რომ ქარაფშუტა ყრმა წესრიგისაკენ მიჰყავს და ცემითა და შოლტით მის თავაშვებულობას განაბრძნობს.

6. ცხოველები რწმენის გამომცდელნიც არიან. უკეთუ გწამს უფლისა, რომელმაც გითხრა: ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი (ფს. 90,13), სარწმუნოების ძალით გექნება შენ ძალა გველისა და მორიელის დასათრგუნავად.

ვერ ხედავ რომ პავლეს, როცა იგი ფიჩხს აგროვებდა, იქედნე დაეკიდა ხელზე, მაგრამ ვერა ავნო რა, რადგანაც წმინდანი რწმენით აღსავსე აღმოჩნდა (საქმ. 28,3-6), ხოლო თუკი ურწმუნო ხარ, ცხოველზე მეტად საკუთარი ურწმუნოების უნდა გეშინოდეს, რომლითაც თავი შენი ყოველივე ხრწნილებას წარსაწყმედად განუმზადე.

მაგრამ უკვე კარგა ხანია ვგრძნობ, რომ ადამიანის წარმოშობაზე შემეკითხებით, თითქოს მესმის კიდევაც მსმენელთა გულიდან ამოსული ღაღადისი: ჩვენ ვიღწვით შესწავლისათვის ბუნებისა, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, მაშინ როცა საკუთარ თავს არ ვიცნობთო, ასე რომ, აუცილებელია საუბარი იმის თაობაზეც, რისთვისაც საჭიროა დავძლიოთ გაუბედაობა, რომლითაც შეპყრობილი ვართ. მართლაც, როგორც ჩანს, ყველაზე ძნელი საქმე საკუთარი თავის შეცნობაა, რადგანაც არა მხოლოდ თვალს არ შეუძლია თავისი თავის დანახვა და მხოლოდ იმას ხედავს, რაც  მის გარეშეა, არამედ ჩვენი გონებაც, რომელიც ასე გამჭრიახია სხვისი ცოდვების დანახვისას, საკუთარ ნაკლულევანებათა შეცნობაში მძიმეა და ნელი.

ამიტომაცაა, რომ ამ შემთხვევაშიც, სიტყვა ჩვენი, რომელიც ასეთი სიმახვილით აღწერს უცხოებს, თვისთა საქმეთა გამოსაძიებლად სიზანტითა და შიშით აღსავსეა. თუმცა, უკეთუ ვინმე თავის თავს გონივრულად გამოიკვლევს, ღმერთს ზეცისა და მიწისაგან უფრო მეტად როდი შეიცნობს, ვიდრე ჩვენი საკუთარი აგებულებისაგან. წინასწარმეტყველიც ამბობს: საკვირველ იქმნა ცნობაჲ შენი ჩემგან (ფს. 138,6). ესე იგი, თავი ჩემი შევისწავლე და ამ გზით შევიცანი გარდამეტებულობა შენი სიბრძნისაო.

და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი (შესქ. 1,26). სად არის იუდეველი, რომელიც როგორც ზემოთ, რაჟამს ნათელი ღმრთისმეტყველებისა თითქოს სარკმლებიდან  გამობრწყინდა და მეორე პირი თუმცაღა არა ცხადად, მაგრამ საიდუმლოდ წარმოჩნდა, ჭეშმარიტებას წინ აღუდგა და ამტკიცებდა, რომ ღმერთი თავის თავს ესაუბრება? იგი ამბობს: ღმერთმა თვითონვე თქვა და თვითონვე შექმნაო: იქმენინ ნათელი! და იქმნა ნათელი (შესქ. 1,13) მაშინაც ადვილი იყო შეუსაბამობის მხილება იუდეველის სიტყვებში, რადგანაც რომელი მჭედელი ან ხურო, ან კიდევ მეხამლე, როცა მას შემწედ არავინ ჰყავს, ეტყვის თავის თავს, მიუჯდება რა თავისი ხელობის იარაღებს: გავაკეთოთ დანა, შევკრათ გუთანი, ან შევკეროთ ფეხსაცმელიო? პირიქით, განა დუმილით არ შეასრულებს თავის სამუშაოს? ჭეშმარიტად უაზრო ლაყბობაა მტკიცება იმისა, რომ ვინმე თავისი თავის მთავრად და ზედამდგომელად დაჯდება და უფლებამოსილებითა და მძლავრობით აშრომებს. მაგრამ არ ეშინიათ რა თვით უფლის ცილისწამებისაც კი, რისი თქმაღა აღარ შეუძლიათ,  აქვთ რა ენა, სიცრუეში ფრიად გაწვრთნილი. ახლა თქმულმა კი უცილობელად უნდა დაადუმოს ისინი. და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი. მითხარი, ახლაც მხოლოდ ერთი პირია? "შევქმნათ კაციო" და არა "იქმნას კაციო", -წერია ხომ?

ვიდრე მოწაფე გამოჩნდებოდა, სიღრმესა შინა იყო დაფარული ღმრთისმეტყველების ქადაგება, მაგრამ როცა ადამიანის შექმნის მოლოდინი გაჩნდა, რწმენა გაშიშვლდა და თვალსაჩინოდ გაცხადდა დოგმატი ჭეშმარიტებისა: "ვქმნეთ კაცი".

გესმის, ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლო, სიტყვა მიმართულია შესაქმის მონაწილისადმი, რომლისაგანაც შეიქმნეს საუკუნენი, რომელსა უტჳრთავნ ყოველნი სიტყჳთა მით ძლიერებისა მისისაითა (ებრ. 1,23). მაგრამ იუდეველი მშვიდად როდი იღებს სიტყვას ღმრთისმოსაობისა, არამედ ვითარცა გალიაში ჩამწყვდეული ყველაზე კაცთმოძულე მხეცი, გისოსებს ღრღნის, წარმოაჩენს რა ამით  საკუთარი ბუნების სისასტიკესა და ველურობას, თუმცაღა თავისი სიცოფის აღსრულება არ შეუძლია; ასევე, სიმართლით შევიწროებული, ჭეშმარიტების მტერი მოდგმა ურიათა, ამბობს, რომ მრავალია პირი, რომელთა მიმართაც ღმერთის სიტყვა ითქვა და რომ თითქოს იგი მასთან მყოფ ანგელოზებს ეუბნებოდეს: ვქმნეთ კაცი. იუდეური გამონაგონი! მხოლოდ მათი ქარაფშუტობისათვის დამახასიათებელი შეთხზული არაკი.

იმისთვის რომ ერთი არ მიიღონს, ბევრი შემოჰყავთ და ძის უარსაყოფად თანამზრახველობის პატივს მსახურებს აკუთვნებენ: ჩვენსავე მსგავს მონებს ჩვენი შესაქმის მბრძანებლად წარმოადგენენ. მართალია, სრულქმნილი კაცი ანგელოზთა პატივში აღიყვანება, მაგრამ რომელი ქმნილება შეიძლება იყოს თანასწორი შემოქმედისა? გულისხმაჰყავ ეს სიტყვებიც: "ხატად ჩუენდა" (შესქ. 1,26), რას იტყვი ამის თაობაზე, ერთია ხატი ღმრთისა და ანგელოზთა? ძესა და მამას უცილობლად ერთი ხატი აქვს, ცხადია, უკეთუ ღმრთივმშვენიერ ხატს ვიგულისხმებთ, ანუ არა სხეულებრივად მოხაზულს, არამედ ღმრთეებრივ თვისებას.

ისმინე შენც, რომელიც ახალ წინადაცვეთას ეკუთვნი და რომელიც ქრისტიანობის დაჩემებით იუდაიზმს მოციქულობ, ვის ეტყვის: ხატად ჩუენდა? ვის ეტყოდა თუ არა მას, რომელი-იგი იყო ბრწყინვალებაჲ დიდებისაჲ და ხატი ძლიერებისა მისისაჲ (ებრ. 1,3) და რომელი იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ (კოსლ. 1,15).

ამგვარად, ღმერთი მიმართავს თავისსავე ცხოველ ხატს, რომელმაც გვამცნო: მე და მამაჲ ერთ ვართ (ინ.10,30) და რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი (ინ. 14,9). სწორედ მას ეუბნება: "ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა". სადაც ერთი ხატია, იქ სად შეიძლება იყოს არამსგავსება? და შექმნა ღმერთმან კაცი (შესქ. 1,27), არა თქვა: შექმნესო, რითაც პირთა სიმრავლეს მოერიდა; პირველით იუდეველნი დამოძღვრა, ხოლო უკანასკნელით წარმართობა გამორიცხა. იგი (მოსე) უშიშრად დაუბრუნდა ერთარსებას, რათა მამასთან ერთად ძეც მოიაზრო და პოლითეიზმის საფრთხესაც თავი დააღწიო. ხატებად ღმრთისა შექმნა იგი (შესქ. 1,27). როცა თქვა: "ხატად ღმრთისად" და არა "ხატად თვისადო", ისევ შემოიყვანა შემწე პირი. რით ემსგავსება ადამიანი ღმერთს  და როგორ მონაწილეობს იგი ამ დამსგავსებაში, თუ ღმერთი ძალას მოგვცემს მომდევნო საუბრებში ვიტყვით. ახლა კი მხოლოდ ამას ვიკითხავთ: თუკი ხატი ერთია, საიდან შეიძინე ასეთი მოუთმენელი უსჯულოება, ამტკიცებ რა, რომ ძე არაა მსგავსი მამისა? ო, ეს უმადურობა! მსგავსებას, რომელიც შენ მიიღე, არ აძლევ მწყალობელს შენსას; ის, რაც შენ მადლით მოგეცა, გსურს სამარადისოდ შენი იყოს, ძეს კი ნებას არ აძლევ დამბადებელთან მისთვის ბუნებრივი მსგავსება ჰქონდეს.

მაგრამ უკვე დუმილს გვიბრძანებს მწუხრი ესე, რომელსაც მზე უკვე კარგა ხანია დასავლეთით წარუგზავნია. საკმარისად ვთვლი რა თქმულს, ჩვენც ჩვენი სიტყვა აქ დავაყენოთ; ჩვენ ახლა იმდენად შევეხეთ სიტყვას, რამდენადაც ეს საჭირო იყო აღსაძვრელად თქვენი მოშურნეობისა, ხოლო უფრო სრულყოფილ გამოკვლევას ამ საკითხისა, სულიწმინდის შემწეობით, მომდევნო საუბრებში შემოგთავაზებთ.

წადით სიხარულით, შეკრებილნო ქრისტესმოყვარენო და ნაცვლად  სანუკვარი და მრავალფერი სანოვაგისა, აქ თქმულის გახსენებით შეამკეთ თქვენი პატიოსანი ტაბლა. დაე, რცხვენოდეთ უსჯულოებს, პირი იბრუნონ ურიებმა, ღმრთისმოსავი ხარობდეს ჭესმარიტების მოძღვრებით და იდიდებოდეს უფალი, რომლისა არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ძველი ბერძნულიდან თარგმნა
და შენიშვნები დაურთო

გვანცა კოპლატაძემ

თბილისი, 2011 წ.