(ფრაგმენტი ქადაგებიდან)
შეიცან თავი შენი! ანუ შეიმეცნე არა ის, რაც შენ გეკუთვნის ან შენს გარშემოა, არამედ ჩაუღრმავდი საკუთარ თავს. ვინაიდან სხვა ვართ ჩვენ და სხვა არის ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის ან ჩვენს გარშემოა. სული და გონება – ეს ჩვენ ვართ, რადგან ხატად ღვთისა ვართ შექმნილნი. სხეული და ყოველივე მის მიერ შეგრძნობილი – ჩვენია, ხოლო ჩვენი ქონება, სახლ-კარი და სხვა – რაც ჩვენს გარშემოა, ეს ჩვენ არ ვართ.
რას ნიშნავს საკუთარი თავის შემეცნება? ხორცის ფუფუნებას ნუ მიეცემი, ნუ აქცევ ცხოვრების მიზნად სილამაზეს, განცხრომას, კმაყოფილებას, დღეგრძელობას, თუნდაც ჯანმრთელობას. ნუ აქცევ შენი ცხოვრების აზრად განდიდებას, სიმდიდრეს, ნუ გამოეკიდები იმას, რაც მხოლოდ ამქვეყნიურ ცხოვრებაში გემსახურება და მის გამო ნუ დაივიწყებ უპირატესს – შენს სულსა და მომავალ ცხოვრებას.
აი, სწორედ ამას ნიშნავს – შეიცან თავი შენი! სულზე იზრუნე, მარტოოდენ ის შეამკე, იფხიზლე, რომ არ მიეკაროს მას არანაირი ბიწიერება; განიწმიდე ცოდვათაგან; შეამკე, განამშვენე და განანათლე შენი სული კეთილი საქმითა და მოქმედებით. გამოსცადე შენი თავი – ვინ ხარ შენ, შეიცან შენი ბუნება.
შეიგნე, რომ ხორცი მომაკვდავია და მხოლოდ სულია უკვდავი! ადამიანის ცხოვრება ორგვარია: ერთი – ხორციელი, წარმავალი, მეორე კი – სულიერი, მარადიული. ამიტომ გადამეტებით ნუ იზრუნებ წარმავალზე და მის გამო მარადიულს ნუ უგულვებელჰყოფ.
ისწავლე ზომიერება. ზომიერად მოეპყარ სხეულს; მიაწოდე მას მხოლოდ აუცილებელი – საზრდელი, სამოსელი. სულს მიაწოდე განათლება, იქმოდე კეთილ საქმეებს, გამოასწორე შენი გულისთქმები; ილოცე და იმარხულე.
ნუ გაასუქებ, გააზულუქებ და გაანებივრებ ხორცს. გახსოვდეს, რომ «...ხორცთა გული უთქუამს სულისათვის და სულსა ხორცისათვის, და ესენი მხდომ არიან ურთიერთას, რაითა არა რაი გინდეს, მას ჰყოფდეთ» (გალატ. 5, 17). გაფრთხილდი, რომ ხორცზე ზრუნვამ არ გაგიტაცოს და წარმავალს არ დაუთმო ის ძალა, რომელიც სულზე ზრუნვისათვისაა განკუთვნილი.
თუ სასწორის ერთ ჯამს დაამძიმებ, მეორე უსათუოდ მსუბუქი შეიქმნება, ასე მოუვა სულსა და ხორცს: ერთზე გადამეტებულ ზრუნვას აუცილებლად მეორეს შესუსტება მოჰყვება. ასე, როდესაც ხორცი ფუფუნებასა და განცხრომაშია, სული სუსტია და გონება უსუსური. ხოლო როცა სული ლოცვით, მარხვითა და კეთილმოღვაწეობითაა გაძლიერებული, შესაბამისად, ხორცია მისუსტებული.
შეიცან თავი შენი და იზრუნე საკუთარი სულისთვის: იყავ ფხიზელი, გონიერი; დაიცავი აწმყო და იზრუნე მომავალზე. უზრუნველობით ნუ დაკარგავ, რაც გაქვს; მაგრამ თუ ჯერ არ გაქვს და შესაძლოა, არც მოგეცეს, მასზე ნუ დაამყარებ იმედს, რადგან არ იცი ღვთის განგება.
გულმოდგინედ ეცადე, გადაეჩვიო სხვებში ნაკლის ძიებას. ნუ მიეცემი სხვათა უძლურების განსჯასა და განკითხვას, არამედ საკუთარი თავი გამოიძიე, სულიერი თვალი შენს სულს მიაპყარი, რადგან უფალი ბრძანებს: «ანუ რაისა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?» (მათე 7, 3). ამიტომ ნუ მოიშლი ყოველი შენი საქმის განსჯასა და შეფასებას.
მუდამ იმაზე იფიქრე, მცნებების დაცვით ცხოვრობ თუ არა. და ნურასდროს განსჯი და განაქიქებ სხვას იმ უწყალო და ამპარტავანი ფარისეველის მსგავსად, რომელიც ლოცვად იდგა და თავი მართალი ეგონა უფლის წინაშე, იქვე მდგომ მეზვერეს ამცირებდა. ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი; გაიხსენე შენი ცხოვრება და გამოიძიე: ხომ არ სცოდე გულისთქმით, ენით, საქმით? და თუ აღმოჩნდება, რომ სცოდე და თან მრავალგზის, რადგან «არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს», წარმოსთქვი მეზვერეს სიტყვები: «ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას» (ლუკა 18, 13).