თინათინ ჭაბუკიანის ფილმი - ხილული სასწაულები. (ეძღვნება არქიმანდრიტ სოგრატს)
24.02.2011, 13:49 | |
თინათინ ჭაბუკიანის ფილმი - ხილული სასწაულები. (ეძღვნება არქიმანდრიტ სოგრატს)
„არამიანცის" ეზოში, ალბათ, ყველას დაუნახავს, ან შესულა სალოცავად წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, სადაც არქიმანდრიტი მამა სოგრატი ძალიან ბევრ გაჭირვებულ, სასოწარკვეთილ, მძიმე სნეულებაში მყოფ ადამიანს ნუგეშად და იმედად ევლინება. ის საოცრად სათნო, მოსიყვარულე ადამიანია, რომელთან ურთიერთობამ და მისმა ლოცვამ პირადად მე, დიდი სიმშვიდე მომიტანა. „მამა სოგრატი, საერო ცხოვრებაში – სეხნო ჭულუხაძე, დაიბადა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, შიდა ქართლში. კერძოდ, ლიახვის ხეობაში, სოფელ ზემო აჩაბეთში, უაღრესად მორწმუნე ოჯახში... საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ღვთის რწმენა აკრძალული იყო და ხალხი ეკლესიაშიც იშვიათად დადიოდა... ორმოცდაათიან წლებში რელიგიური პროპაგანდის გამო ორი კაცი კიდეც გაუციმბირებიათ. სეხნოს დედა, ქალბატონი სალომე კი ძლივს გადარჩენია ამ ამბავს... მაშინდელ ცხინვალის რაიონში ყველა იცნობდა თეთრით შემოსილ, სასიამოვნო გარეგნობის ქალს, რომელიც ყველა საეკლესიო დღესასწაულზე მოურიდებლად მიეშურებოდა ტაძრისკენ, ხმამაღლაც გალობდა და სხვებსაც მოუწოდებდა, თაყვანი ეცათ ღმერთისთვის... ასეთ სიტუაციაში იზრდებოდა და ყალიბდებოდა მამა სოგრატი, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. პატარა სეხნო ძალიან მორიდებული, გულჩახვეული ბავშვი იყო. კლასში სულ ბოლო მერხზე იჯდა, საოცარი ყურადღებით უსმენდა მასწავლებელს და გაკვეთილი ყოველთვის იცოდა. ემოციური და მიმზიდველი ხმა ჰქონდა, გაკვეთილს საინტერესოდ ყვებოდა. ამხანაგები უყვარდა და ისინიც პატივს სცემდნენ, მაგრამ მაინც განმარტოებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა. პედაგოგები ხშირად ვამბობდით: ამ ბავშვს ნამდვილად ღვთის ნიჭი აქვს დაბერტყილი, ასეთ ბრძნულ აზრებს რომ გადმოსცემსო" (მარიამ იოსების ასული გოგიძე-კახნიაშვილისა, მამა სოგრატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი). ალბათ, ვისაც უნახავს მამა სოგრატი, ეს თეთრწვერიანი, სათნო მოხუცი, მისი მხრიდან საოცრად დიდი სითბო, სიყვარული, სიმშვიდე და ძალა უგრძნია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დღევანდელ ცხოვრებაში განსაკუთრებულად გვჭირდება. მასთან ურთიერთობისას ყოველთვის გრძნობ იმ ამოუცნობ, უხილავ, იდუმალ შინაგან ძალას, რომლითაც მამა სოგრატი უხვად არის დაჯილდოებული. დღეს მასთან მისული ადამიანები მისი ლოცვისა და უფლის შემწეობით, სასწაულებრივ განკურნებებს იღებენ. ექიმი მერაბ მორჩაძე: ეს ამბავი 2000 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მანამდე ჩვეულებრივად ვცხოვრობდი. ეკლესიურს ნამდვილად ვერ დავარქმევდი ასეთ ცხოვრებას. ტაძარში შევდიოდი, სანთელს ვანთებდი. 5 წელი შვილი არ მყავდა და უფრო ამას ვთხოვდი ღმერთს, მაგრამ სულ ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ერთ დღეს მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით, კარგად მოვილხინეთ და იქიდან რომ წამოვედი, ჩქარა მოვდიოდი, ძალიან ცუდი გზა იყო. სხვათა შორის, იმ გზით არასდროს მივლია და მეტეხის გვირაბში რომ შევედი, ერთი, რაც მახსოვს, ის იყო, რომ წინა ორივე საბურავი გამისკდა და სატვირთო მანქანას შევუვარდი ბორბლებში. შეტაკება იმდენად ძლიერი იყო, მეორე მხარეს გადავვარდი. ყველაზე საოცარი ის გახლდათ, რომ ვიფიქრე, აი, ეს ყოფილა სიკვდილი-მეთქი და ველოდებოდი, რა მოხდებოდა. ამასობაში თავში ყველაფერმა გამიელვა: ეს რა მომივიდა, მშობლები, შვილი, მეუღლე, ძმა, მეგობრები... მომტყდა და დამიზიანდა ყველა ორგანო, რაც კი სასიცოცხლო იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისე გამომიყვანეს მანქანიდან, დამატებით არაფერი დამიზიანეს. ამაში ვხედავ ღმერთის ხელს. მიმიყვანეს იქვე, პირველ საავადმყოფოში და ჩავვარდი კომაში. 28 დღე ვიყავი ასე, როგორც მახსოვს, ეს იყო ჯოჯოხეთი, ჩაბნელებული ადგილი. რაც კი ადამიანს ეტკინება, ეწყინება – ყველაფერს განვიცდიდი. მახსოვს, დავდიოდი, დაჭრილი, დაჩეხილი, დამტვრეული, გადაჭრილი ვიყავი მუცელზე, ნაწლავები ხელით მეჭირა, ყველანაირ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ არ ვკვდებოდი, საშინელება იყო... ერთ ადამიანს ვხვდებოდი ყოველდღე და ძალიან არ მინდოდა მასთან შეხვედრა. როგორც ახლა ვასკვნი – ეს იყო ეშმაკი, ნამდვილი ეშმაკი და ყოველი დღე იწყებოდა მასთან შეხვედრით. ისეთი საშინელი სახე ჰქონდა, რომ ადამიანი ვერ დაიმახსოვრებდა. ის თითქოს მაძალებდა რაღაცის გაკეთებას. რაღაც პერიოდის შემდეგ ვიგრძენი სითბო და ეს ჩაბნელებული გვირაბი გაქრა. ეს ყოფილა მამა სოგრატის ლოცვის პირველი დღე. როცა მლოცავდა, თურმე მთელი აპარატი არეულა, წნევა ასულა დაახლოებით 240-მდე, ექიმები მოემზადნენ რეანიმაციის ჩასატარებლად. ის იყო, მამა სოგრატი უნდა გამოეყვანათ და ლოცვა შეეწყვეტინებინათ, რომ ჩემს რეანიმატოლოგს, ამჟამად მამა ადამს უთქვამს, აცალეთ, ბოლომდე ჩაატაროს ლოცვებიო. მამა სოგრატი რომ მორჩენილა ლოცვას, ეს მაჩვენებლები ჩამოსულა და ჩამდგარა ნორმაში. ამის მოწმე იყვნენ ექიმები, ჩემი შვილები, მეგობრები. ლოცვის მეორე დღეს შეუმჩნევიათ, რომ თითქოს თვალები ავამოძრავე, მაგრამ ექიმებს ეს აბსურდად ჩაუთვლიათ. ისევ მამა ადამს უთქვამს, რომ ყველაფერი შესაძლებელიაო, მაგრამ ექიმები ამას დამაიმედებლად არ მიიჩნევდნენ. ისიც კი უთქვამთ, თუ რეალურად გადასარჩენი ავადმყოფი მოვიდა, აპარატი უნდა გამოვრთოთო. ამის შემდეგ ჩემებს უთხოვიათ, იქნებ კიდევ მოიყვანოთ მამა სოგრატიო. მეორე დღეს რომ მოუყვანიათ, ვიგრძენი, თითქოს ჯოჯოხეთში რაღაც გაიხსნა და შევხვდი ხალხს, რომლებიც გარდაცვლილები იყვნენ და გამიხარდა მათი ნახვა. მან კი ხელი მომკიდა, უცებ აღმოვჩნდით ძალიან ლამაზ აეროპორტში, ჩამსვა თვითმფრინავში და გამოვფრინდი. მამა სოგრატი წამოვიდა და მეორე დღეს გამოვედი კომიდან. ვიყავი ძალიან აგრესიული და ავიჩემე საავადმყოფოდან წამოსვლა. მესამე დღეს მართლაც გამომწერეს და სულ მეგონა, რომ ექიმებისა და მკურნალობის გარდა, რაღაც თუ ვიღაც მაკლდა და გამახსენდა მოხუცი კაცი. იმ დროს მამა სოგრატს არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა. ჩემებმა ისევ სთხოვეს მამა სოგრატს მოსვლა და როგორც კი შემოვიდა სახლში, ვიგრძენი საოცარი სიმშვიდე და სითბო. არც კი ვიცოდი, რომ სახლში იყო მოსული ჩემთან, უცნაური გრძნობა დამეუფლა. თავიდან თითქოს შემეშინდა, მაგრამ მამა სოგრატი მოვიდა, მომეფერა, დამლოცა და ვთხოვე, არასდროს ვზიარებულვარ და იქნებ მაზიაროთ-მეთქი. საერთოდ არ მქონია თავში ამგვარი აზრი. საიდან მომივიდა, არ ვიცი. ისეთ ძლიერ წამლებს მიკეთებდნენ, რომ რაღაცეები მავიწყდებოდა. თვით ეს სიტყვაც – ზიარება, როგორ გავიხსენე, არ ვიცი. მამა სოგრატმა მომამზადა და მაზიარა. ზიარებიდან მესამე დღეს მოვინდომე ფეხზე ადგომა. ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო. ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ინვალიდად დავრჩებოდი. ჩემებიც შეეგუვნენ ამას, ოღონდ გადავრჩენილიყავი. კიდევ მინდა ვთქვა, რომ ვიყავი მამა სოგრატის ლოცვებზე დამოკიდებული. საავადმყოფოში ისეთ წამლებს მიკეთებდნენ, რომ უცბად მოხსნა არ შეიძლებოდა, თორემ ისეთი გართულებები განვითარდებოდა, აუცილებლად დავიღუპებოდი. მაგრამ საავადმყოფოდან წამოსვლა ისე ავიჩემე, ისე გიჟურად წამოვედი, რომ ამ წამლების გამოტანება დაავიწყდათ. გავიდა დრო და არანაირი გართულება არ განვითარებულა. პირიქით, ლოცვისა და ზიარების შემდეგ, ფეხზე ავდექი და ჩავები ცხოვრებაში. ექიმისთვის ეს იყო ნამდვილი სასწაული. სწორედ ამის შემდეგ წავიდა მამა ადამი ღვთის სამსახურში. ექიმებს ვერ დავუკარგავ, ისინი ნამდვილად სწორად მმკურნალობდნენ, მაგრამ ძირითადად სასწაული ხდებოდა. რაღაც დრო რომ გავიდოდა და არ მივიდოდი ეკლესიაში, მამა სოგრატი დამესიზმრებოდა ხოლმე: სად ხარ, მოდიო. სიზმარიც არ იყო, უფლის ხილვას ჰგავდა. მივიდოდი, დამლოცავდა და დავმშვიდდებოდი ხოლმე. რამდენიმე ხნის შემდეგ კვეთებულის ლოცვასაც გავუძელი ძალიან დიდი ბრძოლით და ასე გავხდი მამა სოგრატის სულიერი შვილი. მის გარეშე ძალიან ცოტა საკითხს ვწყვეტ. იგი ჩემი ერთადერთი დასაყრდენია... რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემი მეგობრის შვილი 15-16 წლის გოგონა ავარიაში მოყვა. ისიც ჩემსავით არეულად ცხოვრობდა, წერას აუტანიაო, რომ იტყვიან ისე, ავარიის შემდეგ ჩავარდა ღრმა კომაში. როგორც კი ექიმები სამედიცინო ჩარევას მორჩნენ, მეგობარს ვთხოვე, მამა სოგრატს მოვიყვან-მეთქი. მართლაც მოვიყვანე და მთელი საავადმყოფო გაოცდა იმით, რომ ადამიანს, რომელსაც ნემსის ჩხვლეტაზე, დანაზე, ტკივილზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, როგორც კი მამაომ დაამთავრა ლოცვა და ასხურა წყალი, წყლის სხურებაზე რეაქცია ჰქონდა. მისი ცხოვრებაც დალაგდა, აეწყო და დღეს ცხოვრობს ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს ნამდვილი ქრისტიანი. რეანიმაციიდან რომ გამომიყვანეს, მამა სოგრატის ნაკურთხი წმიდა ნიკოლოზის ხატი მედო წინ. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და ტკივილისგან რომ შევწუხდი, დავიწყე ლოცვა. „მამაო ჩვენო" ვიცოდი მარტო. რაღაც მომენტში თითქოს ხატიდან წმიდა ნიკოლოზი გადმოიწია და სკვნილზე დაკიდებული ჯვარი გადმომცა, ეს ჯვარი ხელში ავიღე, გულში ჩავიხუტე და დავწყნარდი, დავმშვიდდი და ჩამეძინა. ამ ხატმა ბავშვიც გადამირჩინა. ჩემს უმცროს შვილს, ანასტასიას ცალი ფილტვი არ გაეშალა და ძალიან სერიოზული პრობლემები დაეწყო. ეს ხატი მივაბრძანეთ საავადმყოფოში და იმ დღესვე გამოვრთეთ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ბოლოს მამაჩემის ამბავზე მივაბრძანეთ ეს ხატი და იცით, რა მოუვიდა? – სულ დასკდა. მამა სოგრატი რომ მოვიდა მამაჩემის სანახავად, მიხვდა, რომ მამას ვერაფერი გადაარჩენდა. ეს ხატი დღესაც არსებობს და დაბრძანებულია ნუცუბიძის ქუჩაზე, ხარების სახელობის ტაძარში, რომლის წინამძღვარი მამა დავითია (ჭანტურია). ეს იყო პირველი ხატი, რომელიც იმ ტაძრისთვის ეკურთხა მამა სოგრატის მიერ. აი, ასეთი სასწაული მოახდინა მამა სოგრატის ლოცვამ და მის მიერ ნაკურთხმა ხატმა. თუმცა, ეს არც არის გასაკვირი. მამა სოგრატი ხომ უდიდესი მლოცველია. დღე-ღამეში 16-18 საათს ლოცვაში ატარებს. ჯერ რამდენი მომსვლელი ჰყავს, შემდეგ თავად აღავლენს წირვა-ლოცვას! ყოფილა შემთხვევა, რომ დავუტოვებივარ და ზიარებისწინა, ვრცელი ლოცვები თავად წაუკითხავს ჩემთვის და რამდენიმე ამის მსგავსი. მამა სოგრატის სამლოცველო ოთახში, სადაც ის ადამიანებს იღებს, ლოცავს, კედელზე ბევრი ხატი კიდია. თუმცა, არის ერთი ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც სისხლისფერი წერტილები აქვს და მაშინვე იქცევს ადამიანის ყურადღებას. როგორც თავად მამა სოგრატმა მითხრა, ამ ხატს თავისი ისტორია ჰქონია. არქიმანდრიტი სოგრატი: ეს ხატი მოიტანა 70 წლის ქალმა, შეხვეული, შეფუთული, მითხრა, უნდა გაჩვენოო. თავიდან გამიკვირდა, რა უნდა მაჩვენოს-მეთქი. ეს ხატი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ან მიტროპოლიტ იობს უნდა ენახა, ან – მე. როგორც მერე გავიგე, ხატი ბერიას ნაქონი ყოფილა. მას უჩუქებია თავისი მდივნისთვის და მისმა შვილმა მოიტანა ჩემთან. რომ გახსნა და შევხედე, ხატი მთლიანად სისხლისფერი იყო, თითქოს სისხლში ცურავდა. ახლა სახე რომ აქვს განათებული, მაშინ სულ სისხლიანი იყო, საერთოდ არ ჩანდა. დაახლოებით ერთი თვეა, ჩვენთან არის და ლოცვის შემდეგ გადაიწმინდა. ჩემზე ფილმს იღებენ და მათ დააფიქსირეს, როგორი იყო ჩემთან მოტანის დროს – საერთოდ არ უჩანდა სახე, სულ წითელი იყო და ახლა უკვე გამოჩნდა სახე, ნელ-ნელა იწმინდება. ღმერთმა და დედა ღვთისმშობელმა უშველოს ყველას. დედა ღვთისაა ჩვენი პატრონი, რადგან იწმიდება ხატი, ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვებს და ცოდვებს გვპატიობს. ღმერთმა უშველოს ჩემს კარგ, ლამაზ პაციენტს ქეთევანს. ქეთევანი მამა სოგრატთან ლოცვებზე დადის და მასზე მამაო დიდი სიყვარულით საუბრობს. როგორც კი ეკლესიის ეზოში შევედი, დავინახე „სავარძელში" მჯდარი მშვენიერი გარეგნობის გოგონა, რომელსაც საოცრად მშვიდი და სათნო სახე ჰქონდა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ის ქეთევანი იყო, რომელზეც რამდენიმე საათის წინ მამა სოგრატი დიდი სითბოთი და სიყვარულით მესაუბრებოდა. ქეთევანს ექიმებმა საკმაოდ იშვიათი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ის უკვე ყოველდღე დადის მამა სოგრატთან და ნელ-ნელა თავს უკეთესად გრძნობს. პირადად მე, ამ მშვენიერ და საოცრად ლამაზი ღიმილის მქონე გოგონას გამოჯანმრთელებას და გაძლიერებას ვუსურვებ! ქეთევანი: 18 მაისს მიმიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში მწვავე შეტევით – მუცლის, საშინელი ტკივილით. ვერ გაიგეს, რა მჭირდა, არც ერთ ანალიზში არაფერი ჩანდა, ყველაფერი სუფთა იყო. ერთხელ გამჭრეს, ერთი კვირის შემდეგ მუცელზე მეორედ გამჭრეს, ბოლოს ისე ცუდად გავხდი, გავითიშე და რეანიმაციაში მოვხვდი. ერთი თვე ვიწექი და მერე გადამიყვანეს მეცხრე საავადმყოფოში, სიმონ ხეჩინაშვილის კლინიკაში. ორი წლის წინ იქ ერთ გოგონას ჰქონია დაავადება – პორფირია, მათ იცოდნენ, რა სიმპტომები აქვს დაავადებას და როგორ უნდა განიკურნოს. ეს დაავადება მხოლოდ შარდის ანალიზში ჩანს, უშუალოდ ტკივილის დროს. იშვიათი დაავადებაა და მეც სწორედ ეს აღმომაჩნდა. იქაც რეანიმაციაში ვიწექი თვე-ნახევარი და თვენახევარი – პალატაში. ერთი თვის წინ გამომწერეს სახლში. მამა სოგრატი რეანიმაციაში ორჯერ მოვიდა. – მამა სოგრატმა მითხრა შენზე, რომ ვნახე, ვერ ლაპარაკობდა და თვალებით მთხოვდა დახმარებასო. – პარალიზებული ვიყავი, ვერც ვლაპარაკოდი და ვერც დავდიოდი. მამა სოგრატი რეანიმაციაში ორჯერ მოვიდა. ერთი თვის წინ სახლში გამომწერეს, მერე ისევ შეტევა მომცა და უკან დამაბრუნეს, სამი დღე რეანიმაციაში ვიყავი, მერე – პალატაში. ბოლოს რომ მოვიდა მამა სოგრატი, თქვა, როგორც კი შეძლებ ტრანსპორტირებას, მაშინვე მოდი ჩემთანო. საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, ვერ მოვახერხე მისვლა, მაშინვე გამიმეორდა შეტევა. სულ ვამბობდი, რომ არ მივედი მამა სოგრატთან, ალბათ, ამის ბრალია ეს შეტევა-მეთქი. მამა სოგრატმა მერე მითხრა, ორჯერ რომ ვიყავი, მესამედ რატომ არ წამიყვანეთ, ღმერთი ხომ სამობით არისო. ახლა, როგორც კი გამომწერეს საავადმყოფოდან, მაშინვე მამა სოგრატთან მივედი. მესამედ ვარ მის ლოცვაზე და უკვე ძალიან გავძლიერდი. საავადმყოფოშიც რომ მოდიოდა, ემოციებისგან სულ ვტიროდი. ბოლო დღეებში, სანამ მამა სოგრატი მოვიდოდა, ჰალუცინაციები მქონდა, ეშმაკებს ვხედავდი. რაც მამა სოგრატი მოვიდა, ლოცვები წამიკითხა, მსგავსი რამ აღარ მქონია. ხელებს საერთოდ ვერ ვამოძრავებდი, ახლა უკვე თავისუფლად ვამოძრავებ. ექიმებსაც ძალიან გაუკვირდათ მოკლე დროში ასეთ შედეგს რომ მიაღწია. თან ისეთი დიდი იმედი მაქვს, მჯერა, რომ გამოვჯანმრთელდები, ლოცვის დროს ყოველთვის საოცარ ძალას და შვებას ვგრძნობ. ქეთევანის დედა: საავადმყოფოში მამა სოგრატის მიყვანა ძალიან გვინდოდა, ახლობელმა გვითხრა, მამა სოგრატის ლოცვებს საოცარი ძალა აქვსო და ორჯერ მივიყვანეთ საავადმყოფოში. მერე მოგვერიდა და აღარ შევაწუხეთ, ახლა ვამბობ ხოლმე, მისი ძალის შესახებ ადრე რომ მცოდნოდა, ყოველდღე ვატარებდი-მეთქი. ახლა ყოველდღე მოვდივართ და თავს უკეთესად გრძნობს. – მამაო სოგრატ, ყველას ერთი და იგივე ლოცვებს უკითხავთ? – ერთ ლოცვას ვუკითხავ, მაგრამ ყველა ლოცვა ძლიერია, ყველას დიდი ძალა აქვს. | |
| |
ნანახია: 773 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |