თანამედროვე წმინდანები - მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი თორნიკე (გაგი მოსეშვილი)
14.12.2009, 12:56 | |
მომაკვდავ მოძღვარს სასწაულმოქმედი წამლის შესახებ გამოცხადებით ეუწყა ღვთის რჩეულების გზა ხშირად ეკლიანი, განსაცდელებითა და ტანჯვით არის სავსე. მოწამეთას მონასტრის არქიმანდრიტს, ბერმონაზონ მამა გაგის (მოსეშვილი) ცხოვრებაც, ღვთის რჩეულთა მსგავსად, ტკივილებით იყო აღსავსე. როცა მის ბიოგრაფიას კითხულობ, ბიბლიური იობის ტანჯვა გახსენდება. მამა გაგი უფლის სიყვარულისთვის არაერთგზის ეწამა. კომუნისტები აიძულებდნენ, ღმერთს განდგომოდა, გულიდან ჯვარი მოეხსნა. ის კი მაცხოვრის გზას მიუყვებოდა... წამებამ ფიზიკურად გატეხა და მძიმედ დასნეულდა. ექიმები მის სიკვდილს ყოველ წუთს ელოდნენ, მაგრამ მამა გაგის ღვთისგან სხვა მისია ჰქონდა დაკისრებული, რომელიც თავის სიცოცხლეში უნდა აღესრულებინა. დასნეულებული, სულთმობრძავი ღვთისშვილი სასწაულებრივად განიკურნა. ის გამოცხადებაში ნასწავლმა სამკურნალო ბალზამმა განკურნა. შემდეგ თავად დაიწყო მისი დამზადება დაიწყო და მრავალი მძიმედ დასნეულებული, უიმედო ავადმყოფი გამოაჯანმრთელა. ალბათ შემთხვევითი არ იყო, რომ მამა გაგი სიცოცხლის ბოლომდე მოწამეთას მონასტერში მოღვაწეობდა, სადაც არგვეთის მთავრების, დიდმოწამეების დავით და კონსტანტინეს (მხეიძეები) წმინდა ნაწილები განისვენებს. როცა მურვან–ყრუს ბრძანებით, დავით და კონსტანტინე სასტიკად აწამეს, სიკვდილის წინ წმინდანები უფალს შეევედრნენ, რომ მათი გვამები მტერს არ წაებილწა, ხოლო, ვინც უფლის სახელით შეეხებოდა, მათ კურნება და ცოდვათა მიტევება მიეღოთ. მამა გაგი ორი წლის წინ გარდაიცვალა. მის გზას შვილი, არქიმანდრიტი, ქუთაისის პეტრე–პავლეს ეკლესიის მოძღვარი, მამა რევაზი აგრძელებს. ახლა უკვე მისი ხელით აღესრულება სასწაულები და საგვარეულო წამლით მრავალი სნეული იკურნება. * კინოოპერატორი გიორგი გელაშვილი მამა გაგის პირადად იცნობდა. მათი ურთიერთობა ფილმ "დავით და კონსტანტინეს" გადაღებებისას დაიწყო. მამა გაგი ფილმის კონსულტანტი გახლდათ. ბატონმა გიორგიმ მამა გაგის ცხოვრებიდან ბევრი საინტერესო ეპიზოდი გვიამბო. გიორგი გელაშვილი: – ბატონო გიორგი, გაიხსენეთ, როგორ დაიწყო მამა გაგისა და თქვენი ურთიერთობა, რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე მისმა პიროვნებამ, როცა პირველად ნახეთ? – წმინდა დიდმოწამე არგვეთის მთავრებზე, დავით და კონსტანტინე მხეიძეებზე, ფილმს ვიღებდით. მამა გაგის ლოცვა–კურთხევით, რამდენიმე კვირის განმავლობაში სტუდია "მეოხის" გადამღები ჯგუფი მოწამეთაში ვცხოვრობდით. მამა გაგი ამ ფილმის კონსულტანტი გახლდათ. სცენარი რომ წავაკითხეთ, გვითხრა, ეს რა არის, რაც მთავარია, ის არ დაგიწერიათო. გაგვიკვირდა, თითქოს ყველაფერი ზედმიწევნით გვქონდა დამუშავებული. მამა გაგიმ გვითხრა, დავითისა და კონსტანტინესთვის მურვან–ყრუს იმდენი უბედურება არ მიუყენებია, რაც კომუნისტებმა აკადრეს, მოწამეთა აიკლეს, ჯვრები, ხატები გადაყარეს. წმინდანთა ნაწილები კი ურემზე დადეს და ქუთაისში ქუჩაზე გაატარესო. მამა გაგი იყო ალბათ ერთ–ერთი ბოლო ადამიანი, ვინც ეს ჯოჯოხეთური მსვლელობა საკუთარი თვალით იხილა. მისი ნაამბობი, რა თქმა უნდა, ჩვენს ფილმში შევიდა. მამა გაგი საოცრად განათლებული, საერო და სასულიერო ცხოვრებაში განსწავლული ადამიანი გახლდათ. საოცრად ხატავდა, უკრავდა. საღამოობით ფორტეპიანოს მიუჯდებოდა და ამბობდა, ახლა კომუნისტებს პანაშვიდი უნდა გადავუხადოო. ერთხელ მოწამეთაში ამერიკელი ჯაზმენები ავიდნენ და მისი მუსიკა რომ მოისმინეს, გაოცდნენ. გარეგნობით ბიბლიურ მოსეს ჰგავდა. მისი ცხოვრება სათნოებითა და ღვთის სიყვარულით არის სავსე. – თავისი ბიოგრაფიიდან რას გიყვებოდათ? – მამა გაგი კარგი ოჯახის შვილი გახლდათ. ის 1916 წლის 6 მაისს ქუთაისში დაიბადა. მძიმე ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ადრე გარდაეცვალა. ბებია და მამიდა ზრდიდნენ. საკმაოდ კარგი განათლება მიიღო. სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. შემდეგ მეორე მსოფლიო ომში წაიყვანეს. იქიდან რომ დაბრუნდა, სამედიცინოზე სწავლა გააგრძელა, თუმცა დიპლომი არ დაიცვა. სურდა, რომ ღვთის გზას შედგომოდა. როცა თავისი სურვილი საქართველოს მაშინდელ კათალიკოს–პატრიარქს, კალისტრატეს (ცინცაძე) გაანდო, პატრიარქმა უთხრა, შენნაირები ერშიც არიან საჭირო, ყველა ბერში ხომ არ ვიქნებით, მით უმეტეს, ასეთი გარეგნობა და განათლება გაქვსო. პარტიარქმა მის ბერად კურთხევაზე თავი შეიკავა და მორჩილის კაბა ჩააცვა. ასე დაიწყო მისი საეკლესიო ცხოვრება. * მამა გაგის მოგონებებში ვკითხულობთ: "1947 წელს მცხეთობას დედათა მონასტერში წავედი. იქ ღვთისმშობლის დაუჯდომელი წაიკითხეს. ერთმა მონაზონმა თავის კელიაში მომცა დასაძინებელი ადგილი. ამ კელიაში გამომეცხადნენ პირველად მაცხოვარი და ღვთისმშობელი. ოთახში შესულმა დივანზე მოოქროვილ ტახტზე ფეხმორთხმით მჯდომი ქრისტე და მანდილმოხვეული მარიამი დავინახე. მივედი. მოვკიდე ხელი თმებზე და ვთქვი: "როგორ ჰგავს მაცხოვარს". "ეს არის, შვილო, ის მაცხოვარი, ვის კვალსაც გინდა, რომ გაჰყვე", – მითხრა ღვთისმშობელმა. შემეშინდა. ქრისტემ ხელი მომკიდა ხელზე და მითხრა: "ძალიან მძიმე და რთულ გზაზე დგახარ, სულ ეკლით არის მოფენილი, ბევრი განცდა და დევნა გელის, მაგრამ ბოლო ბრწყინვალე გაქვს. მე შენთან ვარ ყოველ ნაბიჯზე". მონაზვნებთან ატირებული დავბრუნდი... ერთ–ერთმა მითხრა, რომ ისინი ქრისტეს ჩემს ბედნიერებას ევედრებოდნენ, ამიტომაც მოხდა გამოცხადება". * მისთვის ქრისტეს გზა მართლაც მძიმე და ეკლით მოფენილი აღმოჩნდა. კომუნისტებმა ღვთის მორჩილის დევნა დაიწყეს. ერთ დღეს დააპატიმრეს. დაპატიმრებამდე მამა გაგის გამოცხადება ჰქონდა, რომელსაც თავის მოგონებაში ასე გადმოცემს: "სანამ დამიჭერდნენ, მეორე გამოცხადება ვნახე. ჩემი სტუდენტობისდროინდელ ოთახში ვიყავი. იქ როიალის გარდა არაფერი იყო. მოულოდნელად ხატიდან მაცხოვარი გადმოვიდა. როიალთან მივიდა, თავი ახადა და სამჯერ ჩამოკრა სამგლოვიარო ზარი – ბომ! ბომ! ბომ! მაცხოვრს თვალზე შავი გადაეფარა. მე კი ვიფიქრე, უფალია ჩემს სახლში–მეთქი. ქრისტემ მითხრა: "შვილო, დადგა ჟამი შენი ტანჯვის, ხომ გაგაფრთხილე, რომ ეს გზა ეკლიანი იქნებოდა. მე შენ გვერდით ვარ!". გამეღვიძა, ავტომობილის ხმა მომესმა. კაცს ველოდი, რომელსაც ნავთი უნდა მოეტანა. მის ნაცვლად კი ხუთი ჩეკისტი დამხვდა... ეს იყო სულიერი და ფიზიკური ტანჯვის წლები". მამა გაგის კომუნისტები სთხოვდნენ, რომ რელიგიური ცხოვრებისთვის თავი დაენებებინა, წვერი გაეკრიჭა. გულზე დაკიდებული ჯვარი ჩამოჰგლიჯეს, აწამებდნენ, აშიმშილებდნენ. ბოლოს მისი სიმტკიცით განრისხებულმა კომუნისტებმა ქვეწარმავლებიანი წყლით სავსე დილეგში ჩააგდეს... რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ მამა გაგი ციხიდან გამოუშვეს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ დააპატიმრეს. საბოლოოდ პატიმრობასა და გადასახლებებში 16 წელი დაჰყო. მძიმე ცხოვრებამ და სასტიკმა მოპყრობამ მისი ჯანმრთელობა შეარყია. კუჭის სიმსივნე გაუჩნდა. * გიორგი გელაშვილი: – მამა გაგი ზედაზნის მონასტერში განამწესეს. იქ ერთი ინციდენტი მოხდა, რაც მამა გაგის შემდგომი დაპატიმრების მიზეზი გახდა. ზედაზენზე სტუმრები ხშირად მიდიოდნენ. ერთ დღეს თბილისის ელიტა სტუმრობდა, ისინი ცეცხლის ირგვლივ ისხდნენ. იმ დროს მონასტერში რუსი ტურისტების ექსკურსია ავიდა. მამა გაგი მათ საქართველოს ისტორიას უხსნიდა, ოქროს ხანასა და თამარ მეფეზე ესაუბრებოდა. ერთ–ერთმა ტურისტმა თამარ მეფე აუგად მოიხსენია. მამა გაგიმ ვერ მოითმინა და ხელი გაარტყა. ის კაცი ცეცხლში ჩავარდა და მხარი დაეწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლკოვნიკი აღმოჩნდა. მამა გაგიმ სამი დღე მონასტერში დატოვა, დამწვრობა გაუმთელა. წამოსვლისას კი მოუბოდიშა და პატიება სთხოვა. პოლკოვნიკმა მაინც უჩივლა, მამა გაგი ისევ დააპატიმრეს და, როგორც ინგლისის ჯაშუში, ციმბირში გადაასახლეს. გადასახლებაში მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ოპერაციის გაკეთება ებრაელმა ქირურგმა ითავა. თურმე მამა გაგიმ ექიმებს ნარკოზის გაკეთებაზე უარი უთხრა, ჩემი ნარკოზი და კურნება ჯვარიაო. ქირურგმა მუცლის ღრუ რომ გახსნა, აღმოაჩინა, რომ ურთულესი მდგომარეობა იყო. მუცლის ღრუ დახურა. გადარჩენის თეორიული შანსი არ არსებობდა. მისი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდებოდა. სხეულმა ხრწნა დაიწყო, საშინელი სუნი ასდიოდა. პატიმრები სუნს რომ არ შეეწუხებინა, ავადმყოფი მორგში გადაიყვანეს. მის დაღუპვას ყოველ წუთში ელოდნენ. თურმე ებრაელი ექიმი კითხულობდა, მოსეშვილი მოკვდა თუ არაო. ერთ დღეს მორგში მამა გაგის თავისი გამზრდელი ბებია გამოეცხადა. მან უთხრა, შვილო, გაგი, ფეხზე ადექი, შენ სიკვდილისთვის არ ხარ განწირულიო. მერე ბებიამ წინსაფრიდან მცენარეები ამოიღო, მკერდზე დააყარა და თან მცენარეების სახელები ჩამოუთვალა. უთხრა, შენ ამის მოხარშვას ვერ მოახერხებ, ამიტომ მცენარეები ჩაღეჭეო. მეორე დღეს მამა გაგიმ მეგობრებს ის მცენარეები მოატანინა და მათი მიღება დაიწყო. სამი დღის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. საბოლოოდ კი განიკურნა. ქირურგი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. გაოცებული ექიმი ამბობდა, ეს მხოლოდ ღმერთს შეეძლო, თორემ ადამიანის ხელით ასეთი სასწაულები არ ხდებაო. ღვთის სასწაულის მხილველი ებრაელი ქირურგი მოექცა და მართლმადიდებლურად მოინათლა. მამა გაგიმ გათავისუფლების შემდეგ სამკურნალო ბალზამის დამზადება დაიწყო და მრავალი ადამიანიც განკურნა. მოგეხსენებათ, რომ წმინდაი დავითი და კონსტანტინე სნეულთა შემწე და მკურნალნი არიან. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ მამა გაგიც მოწამეთას წინამძღვარი გახდა. მისი წამალი სასწაულებს ახდენდა. – როგორ ამზადებდა წამალს? – ყველა მცენარეს განსაკუთრებულ დღეებში კრეფდა. წამლის მომზადებისას სულ ლოცულობდა. მცენარეების შეგროვებაში მთელი სოფელი ეხმარებოდა, განსაკუთრებით ბავშვებს დაიხმარდა ხოლმე. რამდენჯერ მინახავს, ხელებიდან სისხლი როგორ სდიოდა. მაგალითად, წამლის ერთ–ერთი კომპონენტი კაქტუსი იყო და ჩემი თვალით ვნახე, კაქტუსს როგორ ხეხავდა. უკვე გითხარით, რომ ბევრი ადამიანი ეხმარებოდა. ახლა შეიძლება ბევრმა დაიბრალოს, რომ ამ წამლის მომზადება იცის, მაგრამ ასე არ არის. ამ წამლის საიდუმლო მემკვიდრეობით მხოლოდ მის ვაჟს, ქუთაისის პეტრე–პავლეს სახელობის ტაძრის არქიმანდრიტს, მამა რევაზს ერგო. მათ ოჯახში პატარა გაგი მოსეშვილი იზრდება, რომელსაც ეს ცოდნა ბაბუისგან გადაეცემა. ეს საგვარეულო მადლია. – რა სახის დაავადებებს კურნავს მამა გაგის ბალზამი? – ეს წამალი იმუნიტეტს აღადგენს. უამრავ დაავადებას კურნავს – ნევროზს, ონკოლოგიური დაავადებების საწყის ეტაპს, ჰეპატიტს, კუჭ–ნაწლავის დაავადებებს (რეკომენდებული არ არის ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებისას), ნაღვლის ბუშტის ჩირქოვან ანთებას, პროსტატას, ჩიყვს, ნეფრიტს, პანკრეასის ჯირკვლის ანთებას, ტუბერკულოზს, წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან... მამა გაგის წამლის მიღების შემდეგ უამრავ უშვილო წყვილს ეყოლა შვილი. ვისაც ვაჟი უჩნდება, დავითს ან კონსტანტინეს არქმევენ. – ალბათ ფილმის გადაღებისას მამა გაგის მადლსა და მფარველობას მუდმივად გრძნობდით. – რა თქმა უნდა, მუდამ ვგრძნობდით. სტუდია "მეოხმა" რამდენიმე ფილმი გადაიღო, მაგრამ "დავითი და კონსტანტინე" ჩვენი შემოქმედების მწვერვალია. მას განსაკუთრებული მადლი აქვს. მასზე მუშაობისას სასწაული მოხდა. გადამღები ჯგუფის ერთ–ერთ წევრს სიბნელეში ფეხი დაუცდა და 22 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. უვნებელი გადარჩა, მხოლოდ მსუბუქი დაჟეჟილობა მიიღო. როცა ფილმი დავასრულე, ვკითხე, მამა გაგი, გამოცდა თუ ჩავაბარე–მეთქი. მან გულში ჩამიკრა და მითხრა, ყოჩაღ, გიორგიო. მადლობელი ვარ უფლის, რომ ასეთ გაცისკროვნებულ მოძღვართან მქონდა ურთიერთობა. ბედნიერი ვარ, რომ მას პირადად ვიცნობდი. მე ვინ რას მკითხავს, მაგრამ ასე მგონია, მოვა დრო, როცა მამა გაგის წმინდანად შერაცხავენ, მის დიდ ღვაწლს განსაკუთრებულად დააფასებენ. მამა გაგიმ ჯოჯოხეთური ტანჯვა დაითმინა, მაგრამ სულით არასოდეს დაცემულა... "თამარ მეფის უშვერად მოხსენიებისთვის რუს პოლკოვნიკს სილა გააწნა" როდესაც მოწამეთას მონასტრის წინამძღვრის აწ გარდაცვლილი არქიმანდრიტ თორნიკეს (გაგი მოსეშვილის) ცხოვრებას გაეცნობით, ალბათ, ჩემსავით გაიფიქრებთ, რომ მეოცე საუკუნის კაცის კი არა, ძველი ქრისტიანის ცხოვრება წაიკითხეთ. თუმცა, ეს მსგავსება მხოლოდ სულიერი არ არის, - მამა გაგი გარეგნულადაც ძალზე მიაგავდა ფრესკიდან გადმოსულ ძველ, "ღმერთშემოსილ" მამებს. გასულმა ასწლეულმა ღვთის სრული მივიწყებისა და უარყოფის წყვდიადში მაინც შვა მისი მსგავსი მოღვაწენი, სიმდაბლით, სიმტკიცით და უდიდესი რწმენით რომ ატარებდნენ თავიანთ ცეცხლოვან საბერო ჯვარს და მბრწყინავი კანდელებივით თუ მარტოხელა შუქურებივით უნათებდნენ გზას ადამიანებს უკუნი და მღელვარე უფსკრულის თავზე. გვესაუბრება მამა გაგის შვილი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი რევაზ მოსეშვილი. - 1954 წლის 8 ივნისს ქუთაისში დავიბადე. მამა ჩემს დაბადებას არ შესწრებია, რადგან როგორც პოლიტიკური პატიმარი, შუა აზიაში გადაასახლეს... იგი მხოლოდ რვა წლისამ ვნახე, 1962 წელს, როცა გადასახლებიდან დაბრუნდა, ქუთაისიდან ბათუმს წამიყვანა, სადაც იმხანად მღვდელმთავრის ხარისხში მისი უწმინდესობა, ილია მეორე მოღვაწეობდა. მამა გაგი, რომელიც კომუნისტებმა "პოლიტიკურ რეციდივისტად" მონათლეს, მხოლოდ ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის მშობლებმა შეიფარეს. დამეთანხმებით, ეს იმ დროს გმირობის ტოლფასი იყო. ბუნებრივია, მამამ პატრიარქს მიმაბარა, მისი სულიერი შვილი გავხდი და 8-9 წლის თუ ვიქნებოდი, პირველი აღსარება რომ ჩავაბარე და ვეზიარე. ეს წუთები არასდროს დამავიწყდება... რომ წამოვიზარდე, სწავლა სასულიერო სემინარიაში გავაგრძელე... ერთ წელიწადში პატრიარქმა დავით მეხუთემ (დევდარიანმა) დიაკვნად დამასხა ხელი; მომდევნო წელს კი მისივე რეკომენდაციით ზაგორსკის სერგიევ პოსადის სასულიერო აკადემიაში ჩავირიცხე, ხოლო როდესაც საპატრიარქო ტახტზე მისი უწმინდესობა ილია II აღიყვანეს, მან იმავე წელიწადს მაკურთხა მღვდლად და სიონის საკათედრო ტაძარში განმაწესა. 1979 წლიდან დღემდე ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ქუთაის-გაენათის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში ვმსახურობ, მყავს მეუღლე და შვილები. - თქვენ ცნობილი სასულიერო პირის, არქიმანდრიტ თორნიკეს (ერისკაცობაში - გაგი მოსეშვილის), როგორც მას ხალხი უწოდებდა, მამა გაგის ვაჟი ბრძანდებით. ეგებ გვესაუბროთ მის ლეგენდად ქცეულ ცხოვრებაზე? - მართალი გითხრათ, ძალზე მიჭირს მამაზე საუბარი... ჯოჯოხეთური ტანჯვა გადაიტანა, მაგრამ სულით არ დაცემულა... მამა 1916 წელს, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. ჩვენთან ავადსახსენებელი მეთერთმეტე არმია რომ შემოვიდა, ხუთიოდე წლის იყო. რადგან მშობლები საქართველოდან გახიზნულნი იყვნენ, მისი აღზრდა მამიდებმა იკისრეს. თუ რამ ებადათ, ბოლშევიკებმა ჩამოართვეს. სკოლა თბილისში დაამთავრა და სწავლა სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. მეოთხე კურსზე იყო, უწმინდესი კალისტრატე ცინცაძისგან კაბის ტარების უფლება რომ მიიღო, ინსტიტუტი დატოვა და ზედაზენს წავიდა მორჩილად. ერთხელ მეგობრებმა მიაკითხეს. გაიმართა ტრაპეზი, რომლის დროსაც მონასტრის ეზოში რუსი ცოლ-ქმარი მხლებლებთან ერთად შემოვიდა. როგორც ქართველებს გვჩვევია, მამამ სუფრასთან მიიწვია... ერთ-ერთმა რუსმა სამხედრომ მამას სთხოვა, საქართველოს ისტორიაზე გვესაუბრეთო... მამა გაგი საკმაოდ ნაკითხი გახლდათ, ჩვენი წარსულის ჩინებული მცოდნე და, ბუნებრივია, საუბარი საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლიდან დაიწყო და როდესაც თამარის ეპოქას შეეხო, საგანგებოდ გამოკვეთა ქალი მეფის როლი... რუსმა პოლკოვნიკმა ქართველთა სიწმინდე - თამარი უშვერი სიტყვებით მოიხსენია. მამა განრისხდა, პოლკოვნიკს სილა გააწნა, ამ უკანასკნელმა თავი ვეღარ შეიკავა და აგიზგიზებულ ბუხარში ჩავარდა... სტუმარი სერიოზულად დაშავდა, მაგრამ მამამ მალევე განკურნა... იგი კა-გე-ბეს თანამშრომელი აღმოჩნდა და რამდენიმე დღეში საკავშირო უშიშროების კომიტეტმა მამა საბჭოეთის მოღალატედ და ინგლისის აგენტად გამოაცხადა. მამაჩემი კოლიმაში გადაასახლეს... ახალგაზრდა, ენერგიული კაცისთვის ეს უმძიმესი წლები იყო. მკაცრმა კლიმატმა, შიმშილმა, სიცივემ და მძიმე ყოფამ ჯანმრთელობა შეურყია და სიმსივნით დაავადდა... სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მოიწვიეს ებრაელი ქირურგი, რომელმაც საოპერაციო მაგიდაზე მამას გულიდან ჯვრის მოხსნა მოსთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო... დიდი შეხლა-შემოხლის შემდგომ ოპერაცია გაკეთდა, მაგრამ უნარკოზოდ... მამას ამ ყველაფრის შემდეგ სხეული თითქმის ულპებოდა, საშინელი სუნი სდიოდა და აუტანელი ტკივილები ჰქონდა.. რომ არავინ შეეწუხებინა, დამლაგებლის საკუჭნაოში განმარტოვდა, იატაკზე იწვა და ლოცვაში ათენ-აღამებდა... ერთ ღამეს ხილვაში დედა ღვთისა ნახა, რომელმაც ანუგეშა და ტკივილი დაუამა, მეორე ღამით კი ბებიამისი, ოლღა გაჩეჩილაძე დასიზმრებია, რომელმაც სამკურნალო ბალახების სახელები ჩამოუთვალა და მათი დამზადების წესზე მიანიშნა... რამდენადაც მამას სიარული არ შეეძლო, ბალახები კოლიმაში გადასახლებულმა ქართველმა პატიმრებმა შეუგროვეს და თავისივე ხელით დამზადებული წამლით თანდათან განიკურნა (ეს ჩვენი საგვარეულო წამალია და დღესაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს). ის ებრაელი ექიმი თურმე დაცინვით მოიკითხავდა ხოლმე მამას, - ისევ ცოცხალიაო? ხოლო როდესაც სრულიად ჯანმრთელი იხილა, განცვიფრებულმა პატიება სთხოვა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მოინათლა კიდეც. როგორც მამა იტყოდა ხოლმე, იმ შავბნელ ეპოქას ვერც ის მოქცეული ებრაელი გადაურჩა... გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, ერთხანს ლენინგრადში, სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა, მაგრამ სამშობლოსთან და ახლობლებთან განშორებას ვერ გაუძლო, საქართველოს დაუბრუნდა, უწმინდეს კალისტრატეს კვლავ აკურთხებინა კაბა და ბეთანიის მონასტერში წავიდა, სადაც აწ წმინდანთა დასს შერთულ გიორგი მხეიძეს და იოანე მაისურაძეს დაუახლოვდა, თუმცა ბოროტმა არც იქ მოასვენა. ერთ მშვენიერ დღეს ე.წ. "ჩორნი ვარონამ" მიაკითხა და... როგორც პოლიტიკურად არასანდო, შუა აზიაში გადაასახლეს. ისევ დაიწყო საშინელი დღეები და მტანჯველი წლები. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს... პატიმრობიდან რომ მობრუნდა, შიომღვიმის მონასტერში მივიდა მორჩილადM, მაგრამ სატანურმა მანქანამ კვლავ თავისი გაიტანა, მესამედაც დაიჭირეს და კვლავ შუა აზიაში უკრეს თავი... საბოლოოდ, 1962 წელს დაუბრუნდა სამშობლოს. მისთვის ხშირად მიკითხავს, თუ რა ძალამ დაათმენინა ამდენი ტკივილი და იცით, რა მიპასუხა? - ყველაფერი ღვთის, მამულის, რწმენის, ახლობლებისა და მეგობრების სიყვარულმა გადამატანინა, ყოველთვის ვგრძნობდი, უფალი რომ ჩემთან იყო და იმ გაუსაძლის წლებშიც მუდამ ვცდილობდი, ადამიანად დავრჩენილიყავი. გადასახლებიდან დაბრუნების შემდგომ მამას ყველა დიდ ქალაქში აეკრძალა ცხოვრება. ოჯახს უკიდურესად უჭირდა, ხელისუფლებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან იგნორირებულნი ვიყავით, ერთადერთ მხსნელად და ქომაგად ჩვენი პატრიარქი, ილია მეორე მოგვევლინა. სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით და ლოცვა-კურთხევით დაინიშნა მამა ჯერ გუდაუთის ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვრად, შემდეგ კი - ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად... ბოლოს ბერად აღიკვეცა და არქიმანდრიტის ხარისხში მოწამეთას მონასტერს წინამძღვრობდა. სწორედ მის წიაღში განისვენებს მისი სხეული, - მამა 2007 წლის თებერვალში მიიცვალა... - მამა რევაზ, ძნელია მამა გაგის შვილობა? - უდიდესი პასუხისმგებლობაა ასეთი წარსულის მქონე ადამიანის შვილობა. მისი დიდი წარსულის ჩრდილში ვარ და მადლობა უფალს, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ! - თანამედროვეობის უმწვავეს პრობლემად რა მიგაჩნიათ? - ახალგაზრდობის უმრავლესობის რწმენა ზედაპირულია. ღმერთი მხოლოდ მაშინ არ უნდა გაიხსენო, როცა გჭირდება. მიმოიხედეთ, ირგვლივ ერთურთის გაუტანლობა, შური, მტრობა და მშობელთა უპატივცემულობა სუფევს, რაც ზედაპირული რწმენის შედეგია. ახალგაზრდები ძალიან მიყვარს და მათი კეთილი მომავალიც მეიმედება. ღმერთმა დალოცოს ისინი, მათგან ყოველი ბოროტი განაგდოს და საქართველო ნათელი სამოსით შემოსოს. სრულიად საქართველოს კი ვუსურვებ, ცხოვრების წესად ათი მცნება დაიმკვიდროს და ჩასწვდეს იმ სიბრძნეს, ღმერთმა კაცთა მოდგმას რომ უანდერძა. ეს იოლი გზა სულაც არ გახლავთ, მაგრამ ერთადერთი და გადამრჩენია. - დაგვლოცეთ, მამაო. - ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. | |
| |
ნანახია: 2824 | რამოტვირთვები: 0 | |
თანამედროვე წმინდანები - სქემარქიმანდრიტი ვიტალის სწავლებანი
Хранители истории / The story keepers (1997) DVDRip
სულ კომენტარები: 0 | |