| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
სიმეონი, ძე ონიასი, მღვდელმთავარი, ვინც სახლი სიცოცხლეშივე შეაკეთა და თავის სიცოცხლეში ტაძარი გაამაგრა. |
||
| 2 | მის მიერ დაფუძნდა ორმაგი სიმაღლე - ტაძრის ზღუდის მაღალი ლიბო. | ||
| 3 | მის სიცოცხლეში დაიკლო წყალსატევმა, ზღვასავით ტბის შემოწერილობამ. | ||
| 4 | მზრუნველმა თავისი ხალხისთვის უბედურების ასაცილებლად გაამაგრა ქალაქი ალყისაგან თავდასაცავად. | ||
| 5 | რა დიდებული იყო იგი ხალხით გარშემორტყმული, როცა კრეტსაბმელიდან გამოდიოდა! | ||
| 6 | როგორც ღრუბლებში ცისკრის ვარსკვლავი და როგორც სავსე მთვარე! | ||
| 7 | როგორც მზე, უზენაესის ტაძარზე მბრწყინავი და როგორც ცისარტყელა ღრუბელში გასხივოსნებული! | ||
| 8 | როგორც ვარდის კოკორი გაზაფხულზე და როგორც შროშანი წყლის ნაპირებზე, როგორც ყლორტი საკმევლის ხისა ზაფხულის დღეს! | ||
| 9 | როგორც ცეცხლი და საკმეველი საცეცხლურში, როგორც ჭურჭელი, ოქროსაგან გამოჭედილი და შემკული ყოველნაირი პატიოსანი ქვით! | ||
| 10 | როგორც ზეთისხილის ხე, ნაყოფით დახუნძლული, და როგორც კვიპაროსი, ღრუბლებამდე აშოლტილი! | ||
| 11 |
როცა დიდების შესამოსელს გადაიცვამდა და შეიმოსებოდა სრულყოფილი სამკაულებით, წმიდა საკურთხეველზე ასვლისას დიდებას მოჰფენდა ირგვლივ საწმიდარს; |
||
| 12 | როცა საკურთხევლის კერასთან მდგარი, მღვდლების ხელიდან წილობებს იღებდა, ირგვლივ ძმებით შემოგვირგვინებული, ის ჰგავდა ახალგაზრდა ლიბანის ნაძვს, და ისინიც გარს ერტყმოდნენ მას ფინიკის რტოებივით, | ||
| 13 | და ყველა აარონიანი თავიანთ დიდებაში და საუფლო შესაწირავით ხელში ისრაელის მთელი საკრებულოს წინაშე. | ||
| 14 | საკურთხეველზე მსახურების დასასრულს, უზენაესი ყოვლისმპყრობელისათვის ძღვენის გასარიგებლად, | ||
| 15 | ხელს იწვდიდა სამსხვერპლო თასისკენ, ასხამდა მასში ყურძნის სისხლს და საკურთხევლის კვარცხლბეკზე ღვრიდა უზენაესის, ყოველთა მეუფის ამოდსაყნოსველად. | ||
| 16 | მაშინ შესძახებდნენ აარონიანები, ჩაბერავდნენ გამოჭედილ საყვირებს და ხმას აიმაღლებდნენ გასახსენებლად უზენაესის წინაშე. | ||
| 17 | მაშინ ასწრაფდებოდა ერთიანად მთელი ხალხი და პირქვე დაემხობოდა, რათა თაყვანი ეცა თავისი უფლისათვის, უზენაესი, ყოვლისმპყრობელი ღვთისათვის. | ||
| 18 | და შეაქებდნენ მას მგალობლები თავიანთი ხმებით და ფართო ტაძარში ტკბილი საგალობელი გაისმებოდა. | ||
| 19 | შეევედრებოდა ხალხი უზენაეს უფალს ლოცვით მისი მოწყალების წინაშე, ვიდრე აღსრულდებოდა უფლის ქება და ასე დასრულდებოდა მისი მსახურება. | ||
| 20 | მერე ჩამოსვლისას გაიწვდიდა ხელს ისრაელიანთა მთელ საკრებულოზე, რათა უფლის კურთხევა მიეცა თავისი ბაგით და მისი სახელით. | ||
| 21 |
ხალხი პირქვე დაემხობოდა განმეორებით უზენაესისგან კურთხევის მისაღებად. |
||
| 22 | აწ ადიდეთ ყოველთა ღმერთი, ყოველგან სიდიადეთა შემოქმედი, რომელიც საშოდანვე გვიგრძელებს ჩვენს დღეებს და თავისი წყალობისამებრ გვექცევა. | ||
| 23 | მოგვცეს ჩვენ გულის სიხარული და მშვიდობა იყოს ჩვენს დროს ისრაელში საუკუნოდ. | ||
| 24 | გაიღოს თავისი წყალობა ჩვენზე და დაგვიხსნას ჩვენ ჩვენს დღეებში. | ||
| 25 | ორი ხალხი მოიძაგა ჩემმა სულმა და მესამე არც არის ხალხი. | ||
| 26 | სეყირის მთაზე მცხოვრებნი, ფილისტიმელნი და ბრიყვი ხალხი - შექემის მკვიდრი. | ||
| 27 | მოძღვრება ცოდნისა და შემეცნებისა აღწერა ამ წიგნში იესო იერუსალიმელმა, ძემ ზირაქისა, ელეაზარის ძისა, ვინც თავისი გულიდან სიბრძნე გადმოღვარა. | ||
| 28 | ნეტარია ის, ვინც ამაებში გაიწაფება და, ვინც გულში ჩაიდებს მას, გაბრძენდება. | ||
| 29 | თუ მათ აღასრულებს, ყოვლისშემძლებელი იქნება, რადგან უფლის ნათელია მისი გზა. |