| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
უზენაესი სიდიადეა მოწმედილი ცამყარი - სახე ზეცისა დიდების ხილვაში. |
||
| 2 | საკვირველი ქმნილება - მზე, შემოქმედება უზენაესისა, გამოჩნდება თუ არა, ამოსვლისთანავე, აცხადებს თავს. | ||
| 3 | თავის შუადღისას უხმობს იგი ქვეყანას და მის მცხუნვარებას წინ ვინ დაუდგება? | ||
| 4 | ქურას ახურებენ ნაკეთობათა გამოსადნობად, მაგრამ მზე სამგზის ბუგავს მთებს; ცეცხლის ალმურის აღმომსუნთქველია და თვალებს ჭრის ბრწყინვალე სხივებით. | ||
| 5 | დიდია უფალი, მისი შემქმნელი, ვისი სიტყვითაც ისწრაფვის თავის სარბიელზე. | ||
| 6 | მთვარეც ყველას უჩვენებს თავის დროზე ჟამს და საუკუნის ნიშნებს. | ||
| 7 | მთვარისგანაა ნიშნები დღესასწაულისა, მისი ნათელი იკლებს გავსების შემდეგ. | ||
| 8 | თვე მისი სახელით იწოდება; საკვირველად იზრდება ცვალებადობაში, ზეციურ მხედრობათა საჭურველი, ცის მყარზე მანათობელი. | ||
| 9 | ცის მშვენება ვარსკვლავთა დიდებაა, სხივოსანი სამკაული უფლის ზესკნელში. | ||
| 10 | წმიდის სიტყვით დგანან მწყობრად და არ იღლებიან თავიანთ სადარაჯოზე. | ||
| 11 | შეხედე ცისარტყელას და აკურთხე შემქმნელი მისი, უმშვენიერესია თავისი ელვარებით. | ||
| 12 |
დიდებული რკალებით გარს ერტყმის ზეცას; უზენაესის ხელმა გადაჭიმა იგი. |
||
| 13 | თავისი განგებით მოავლენს თოვლს და ჩააქრობს ელვა მისი მსჯავრისა. | ||
| 14 | ამისთვის გაიხსნენ საგანძურნი და გამოფრინდნენ ღრუბლები, როგორც ფრინველები. | ||
| 15 | თავისი სიდიადით შეამკვრივა ღრუბლები და დაიმსხვრნენ სეტყვის ლოდები. | ||
| 16 | მისი მზერისგან მთები ირყევიან და მისი ნებით ქრის სამხრეთის ქარი. | ||
| 17 | მისი ქუხილის ხმა ათრთოლებს დედამიწას, ასევე ჩრდილოეთის ქარიშხალიცა და გრიგალიც. | ||
| 18 | ჩამოჰყრის თოვლს თავქვე დაშვებული ფრინველების მსგავსად და კალიასავით ეფინება მიწას; მისი სისპეტაკის სილამაზე აოცებს თვალს და გულს იტაცებს მისი ბარდნა. | ||
| 19 | მოაფრქვევს მიწაზე ჭირხლს მარილივით და გაყინვისას ეკალივით წაიმახება. | ||
| 20 | დაბერავს ცივი ქარი ჩრდილოეთისა და წყალი ყინულად იქცევა; დაფარავს წყლის ყოველ შესაკრებელს და აბჯარივით შემოსავს წყალს. | ||
| 21 | გადაჭამს მთებს და უდაბნოს ბუგავს და ცეცხლივით გადატრუსავს ბალახს. | ||
| 22 | მაგრამ ყველაფრის სწრაფი მკურნალია ნისლი, ჩამოყრილი ცვარი აგრილებს ხორშაკს. | ||
| 23 |
თავისი ბრძანებით დააცხრო უფსკრული და აღმოაცენა მასზე კუნძულები. |
||
| 24 | ზღვაოსნები მოგვითხრობენ იქაურ განსაცდელზე და გვაოცებს, რასაც ჩვენი ყურებით ვისმენთ. | ||
| 25 | იქ არის უცნაურობანი და საკვირველებანი - ყოველგვარი ჯურის ცხოველი და ზღვის ურჩხულნი. | ||
| 26 | მისი წყალობით გზას იგნებს მისი მაცნე და მისი სიტყვით ყოველივე ერთიანდება. | ||
| 27 | ბევრს ვილაპარაკებთ და ვერ გავსწვდებით, დავასკვნით მხოლოდ: ყველაფერია იგი. | ||
| 28 | საიდან მოვიცეთ ძალა მის სადიდებლად? რადგან ყველა თავის ქმნილებაზე დიდია. | ||
| 29 | საშიშია უფალი და დიდზე დიდი, საკვირველია მისი მეუფება. | ||
| 30 | უფლის მადიდებლებმა აამაღლეთ იგი, რამდენადაც შეძლებთ, და მაინც უფრო აღმატებული იქნება. მოიკრიბეთ ძალა მისმა აღმაზევებლებმა, მაგრამ ნუ დაშვრებით, რადგან მაინც ვერ მიაღწევთ. | ||
| 31 | ვის უხილავს იგი და აღუწერია? და ვის განუდიდებია იმგვარად, როგორიც არის? | ||
| 32 | ბევრი რამ არის დაფარული ამაზე უფრო დიდი, ჩვენ კი მხოლოდ მცირე ნაწილი ვიხილეთ მის საქმეთაგან. | ||
| 33 | რადგან ყოველივე უფალმა შექმნა და სიბრძნე ღვთისმოსავებს მისცა. |