| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
მხოლოდ ის, ვინც თავს შესწირავს უზენაესის რჯულის შესწავლას, გამოიძიებს წინაპართა სიბრძნეს და წინასწარმეტყველებაში გაიწაფება, |
||
| 2 | ის შეითვისებს სახელოვან კაცთა ანდაზებს და იგავთა ნართაულობას ჩაწვდება; | ||
| 3 | გამოიკვლევს ანდაზების დაფარულ აზრს და იგავთა გამოცანებს გამოიცნობს; | ||
| 4 | დიდებულთა შორის იმსახურებს და წინამძღოლის წინაშე წარდგება; იმოგზაურებს უცხო ტომთა ქვეყანაში, რადგან გამოცდილი აქვს სიკეთეცა და ბოროტებაც ადამიანთა შორის; | ||
| 5 | თავის გულს წარმართავს ადრე ასადგომად უფლისათვის, ვინც შექმნა იგი, რომ ილოცოს უზენაესის წინაშე, სავედრებლად გახსნას პირი და ცოდვათა მიტევება შესთხოვოს. | ||
| 6 | თუკი დიდებული უფალი ინებებს, აღივსება გონების სულით, გადმოაწვიმებს თავისი სიბრძნის სიტყვებს და ვედრებისას უფალს განადიდებს. | ||
| 7 | კეთილად წარმართავს თავის ნებასა და გონებას, და შეიმეცნებს უფლის საიდუმლოებებს. | ||
| 8 | წარმოაჩენს თავისი დამოძღვრის ხელოვნებას და უფლის აღთქმის რჯულით იამაყებს. | ||
| 9 | მის ცოდნას მრავალნი შეაქებენ და არ დაივიწყებენ უკუნისამდე; მისი სახსენებელი არ წაიშლება და მისი სახელი თაობიდან თაობაში იცოცხლებს. | ||
| 10 | მის სიბრძნეს განადიდებენ ერები და მის ქებას გამოაცხადებს საკრებულო. | ||
| 11 | სანამ ცოცხალია, ათასებზე უფრო დიდ სახელს მოიხვეჭს, და როცა განისვენებს, საკმარისი დარჩება თავისთვის. | ||
| 12 | კიდევ მაქვს სათქმელი, რაზეც მიფიქრია; სავსე ვარ, როგორც მთვარე აღვსებისას. | ||
| 13 |
ისმინეთ ჩემი, ღირსეულო შვილებო, და გაიფურჩქნეთ ნაღვარევ ველზე დარგული ვარდივით. |
||
| 14 | და გამოეცით კეთილსურნელება საკმევლის ხესავით, აყვავდით, როგორც შროშანი, მოჰფინეთ სურნელება და იგალობეთ საგალობელი, ყოველი საქმით უფალი აკურთხეთ. | ||
| 15 | მიეცით მის სახელს სიდიადე, მადლი მიაგეთ მას ხოტბა-დიდებით, ბაგეთა გალობებით და ბარბითებით, და მადლობისას ასე წარმოთქვით: | ||
| 16 | ყველაფერი უფლის ნამოქმედარია, რადგან მშვენიერია ძლიერ და დროულად აღსრულდება მისი ყოველი ნაბრძანები. არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე თავის დროზე გაირკვევა. | ||
| 17 | მისი სიტყვით ზვინივით დადგა წყალი და მისი პირიდან თქმულით გაჩნდა წყალთა შესაკრებელნი. | ||
| 18 | მისი ბრძანებითაა ყველაფერი, რაც მას ეთნევა, და არავის ძალუძს დააკნინოს მისი მაცხოვრების ძალა. | ||
| 19 | მის წინაშეა ყოველი ხორციელის საქმენი და არაფერია მისი თვალებისთვის დაფარული. | ||
| 20 | ყოველივე დასაბამიდან განჭვრიტა საუკუნოდ და არაფერია მისთვის საკვირველი. | ||
| 21 | არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე საჭიროებისამებრ შეიქმნა. | ||
| 22 | კურთხევა მისი ფარავს მდინარესავით და წარღვნასავით არწყულებს ხმელეთს. | ||
| 23 | მაგრამ მის რისხვასაც გამოსცდიან ერები, როგორც ოდესღაც, როცა წყლები მლაშობად აქცია. | ||
| 24 | ღირსეულთათვის მისი გზები სწორია, ურჯულოთათვის კი შემაბრკოლებელი. | ||
| 25 | დასაბამითვე კეთილთათვის შეიქმნა სიკეთე, ხოლო ცოდვილთათვის - ბოროტება. | ||
| 26 | ადამიანისთვის სიცოცხლის სახსართაგან მთავარია: წყალი და ცეცხლი, რკინა და მარილი, ხორბლის ფქვილი და რძე, თაფლი და ყურძნის წვენი, ზეთი და სამოსელი - | ||
| 27 |
ყოველივე ეს ღვთისმოსავთა სასიკეთოდაა, ცოდვილებს კი სატანჯველად ექცევა. |
||
| 28 | არის ქარები, შურის საძიებლად შექმნილნი, სიშმაგეში რომ ასასტიკებენ თავიანთ შოლტებს; ქროლვისას ძალას ღვრიან და თავიანთი შემოქმედის გულისწყრომას დააცხრობენ. | ||
| 29 | ცეცხლი და სეტყვა, შიმშილი და სიკვდილი - ყოველივე ეს შურისგებადაა შექმნილი. | ||
| 30 | მხეცთა კბილები და მორიელნი, ქვეწარმავალნი და მახვილი შურს მიაგებენ ურჯულოთა დასაღუპავად. | ||
| 31 | მის ბრძანებაზე ხარობენ, საჭიროებისთვის მზად არიან მიწაზე, რომ თავის დროზე შეასრულონ მისი სიტყვა. | ||
| 32 | ამიტომაც იმთავითვე გადავწყვიტე, განვსაჯე და დავწერე, | ||
| 33 | რომ მშვენიერია უფლის ყოველი ნამოქმედარი და დროულად მოგვმადლებს ყოველივეს საჭიროებისამებრ, | ||
| 34 | და რომ არ ეგების თქმა: ეს ამაზე უარესიაო, რადგან ყველაფერი თავის დროზე სასიკეთო გახდება. | ||
| 35 | ახლა, იგალობეთ მთელი გულითა და პირით, და აკურთხეთ უფლის სახელი. |