| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
მე, მამას, მისმინეთ, შვილებო, და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ. |
||
| 2 | რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი დაამტკიცა ძეთა ზედა. | ||
| 3 | მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმინდება | ||
| 4 | და საუნჯის მაუნჯებელივით არის დედის მადიდებელი. | ||
| 5 | მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი ვედრების ჟამს შესმენილ იქნება. | ||
| 6 | მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს. | ||
| 7 | როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს. | ||
| 8 | საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე. | ||
| 9 | რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს, წყევლა დედისა კი საძირკველითურთ აღმოფხვრის. | ||
| 10 | ნუ განდიდდები მამაშენის უპატიობით, რადგან შენთვის პატივი არ იქნება მამის შეურაცხყოფა. | ||
| 11 | რადგან დიდება კაცისა მამის პატივისცემაა და სირცხვილია შვილებისათვის შეურაცხყოფილი დედა. | ||
| 12 | შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში. | ||
| 13 | თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას, | ||
| 14 | რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები. | ||
| 15 | შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები. | ||
| 16 |
მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის განმარისხებელი დაწყევლილია უფლისაგან. |
||
| 17 | შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს. | ||
| 18 | რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი. | ||
| 19 | რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი. | ||
| 20 | შენთვის მეტისმეტად საძნელოს ნუ ეშურები და შენს ძალაზე აღმატებულს ნუ გამოიკვლევ. | ||
| 21 | რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება. | ||
| 22 | შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია. | ||
| 23 | რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება. | ||
| 24 | გულქვას ბოროტი მიეგება საბოლოოდ და საფრთხის მოყვარული მასში ჩავარდება. | ||
| 25 | გულქვას სალმობანი დაამძიმებს და ცოდვილი ცოდვაზე ცოდვას მიუმატებს. | ||
| 26 | განსაცდელი ქედმაღლისათვის განკურნება არ არის, რადგან ბოროტების ნერგი ფესვგადგმულია მასში. | ||
| 27 | გონიერი გული იგავს მიხვდება და მსმენელი ყური სიბრძნის მწყურვალია. | ||
| 28 | აგიზგიზებულ ცეცხლს წყალი ჩააქრობს და ცოდვებს განწმედს გულმოწყალება. | ||
| 29 | წყალობისათვის სამაგიეროს გამღები მომავალზე ზრუნავს და თავისი დაცემის ჟამს საყრდენს იპოვის. |