| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ზოგჯერ მხილება უდროოა და ზოგჯერ, ვინც დუმს, ის არის გონიერი. |
||
| 2 | მხილება სჯობს ლიტონ გულისწყრომას. | ||
| 3 | რადგან ნაკლში მხილებული თავს შეიკავებს. | ||
| 4 | რაღა საჭურისისგან ქალწულის გაუპატიურების მცდელობა და რაღა განაჩენის ძალით გამოტანა. | ||
| 5 | ზოგის მდუმარებაში სიბრძნე ჩანს, ზოგი კი საძულველია ბევრი ლაყბობის გამო. | ||
| 6 | ზოგი დუმს, რადგან პასუხი არა აქვს, ზოგი კი იმიტომ დუმს, რომ დროს უყურებს. | ||
| 7 | ბრძენი კაცი დრომდე ჩუმად იქნება, მკვეხარა და უგუნური კი დროს არ მოუცდის. | ||
| 8 | სიტყვამრავალს შეიძაგებენ და ძალად მოლაპარაკე შეძულებული იქნება. | ||
| 9 | ზოგჯერ წარმატება კაცის საზიანოდ არის, ზოგჯერ ზარალიც შენაძენია. | ||
| 10 | ზოგიერთი საჩუქარი სარგებლობას ვერ მოგიტანს, ზოგიერთი საჩუქარი კი ორმაგად ანაზღაურდება. | ||
| 11 |
ზოგჯერ დამცირებას დიდება მოაქვს და კაცი სიმდაბლისგან თავს მაღლა ასწევს. |
||
| 12 | ზოგი მცირეთი ბევრს ყიდულობს, ზოგი კი მცირედისთვის შვიდმაგად გადაიხდის. | ||
| 13 | ბრძენი ლაპარაკით აყვარებს თავს, სულელთა მადლი კი ფუჭად იკარგება. | ||
| 14 | უგუნურის წყალობა არას გარგებს, რადგან ერთის ნაცვლად ბევრი თვალი აქვს: | ||
| 15 | ცოტას მოგცემს და მრავალჯერ დაგაყვედრის, გზირივით ექნება პირი დაღებული; დღეს რომ გაასესხებს, ხვალ უკან ითხოვს. საძულველია ამგვარი კაცი. | ||
| 16 | სულელი ამბობს: არ მყავს მეგობარი და არც მადლიერია ვინმე ჩემი სიკეთისათვის; | ||
| 17 | ჩემი პურის მჭამელნი ავსიტყვაობენო. რამდენი დასცინებს მას და რა ხშირადაც! | ||
| 18 | სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა. | ||
| 19 | უმადლო კაცი უდროო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ უმეცართ. | ||
| 20 | სულელის პირით თქმული იგავი უარსაყოფია, რადგან თავის დროზე არ ამბობს მას. | ||
| 21 |
ცოდვისაგან ზოგი გაჭირვების გამო თავს იკავებს და, სულს რომ მოითქვამს, აღარ ინანებს. |
||
| 22 | ზოგი მორცხვობით იღუპავს თავს, ზოგი კი ბრიყვული გამომეტყველებით. | ||
| 23 | ზოგი სირცხვილის გამო ჰპირდება მეგობარს და ტყუილუბრალოდ იკიდებს მტრად. | ||
| 24 | სიცრუე ადამიანში ბოროტი ლაქაა, უმეცრებს მუდამ პირზე აკერიათ. | ||
| 25 | ქურდი სჯობია სულმუდამ ცრუმეტყველს, თუმცა ერთსაც და მეორესაც წარწყმედა ელის. | ||
| 26 | ცრუ კაცს თავისი საქციელი არცხვენს და სირცხვილი მისი მასთანაა საუკუნოდ. | ||
| 27 | ბრძენი სიტყვებით გამოაჩენს თავს და გონიერი კაცი დიდებულებს მოეწონებათ. | ||
| 28 | მიწათმოქმედი თავის ზვინს აამაღლებს და დიდებულთა მაამებელს უკანონობაც ეპატიება. | ||
| 29 | ძღვენი და საბოძვარი ბრძენთაც კი უბრმავებენ თვალებს და პირში ამოდებული ლაგამივით დააბრკოლებენ მხილებაში. | ||
| 30 | დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი - ვის რაში არგია ან ერთი ან მეორე? | ||
| 31 | სჯობს კაცი, თავისი სიბრიყვის დამფარველი, კაცს, რომელიც თავის სიბრძნეს ფარავს. |