| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
უვარგის შვილთა სიმრავლეს ნუ ისურვებ, და ნურც ურჯულო ვაჟებით ხარობ. |
||
| 2 | მათი გამრავლება ნუ გაგახარებს, რადგან არა აქვთ შიში უფლისა. | ||
| 3 | არ ირწმუნო მათი სიცოცხლე და ნუ დაენდობი მათ სიმრავლეს, რადგან ზოგჯერ ერთი სჯობს ათასს და უშვილოდ გადაგება - ურჯულო შვილთა ყოლას. | ||
| 4 | რადგან ერთი გონიერისაგან ქალაქი აშენდება, ურჯულოთა ტომი კი მოოხრდება. | ||
| 5 | მრავალი ამგვარი რამ იხილეს ჩემმა თვალებმა და ამაზე უარესი მოუსმენიათ ჩემს ყურებს. | ||
| 6 | ცოდვილთა საკრებულოში ცეცხლი გაჩაღდება, ურჩ ხალხში კი რისხვა აინთება. | ||
| 7 | არ შეიწყალა ძველი ბუმბერაზები, რომელნიც თავიანთი ძალის იმედად განუდგნენ მას. | ||
| 8 | არ დაინდო ლოთის სახლეულიც, რომელიც მოიძულა მისი ამპარტავნობისთვის. | ||
| 9 | არ შეიწყალა წარწყმედილი ხალხი, რომელიც მედიდურობდა თავისი ცოდვებით. | ||
| 10 | ისევე, როგორც ექვსასი ათასი კაცი, გულქვაობამ რომ შეკრიბა ერთად. | ||
| 11 |
თუნდაც ერთი იყოს ქედფიცხელი, მაინც საკვირველი იქნება დაუსჯელი რომ დარჩეს, რადგან წყალობაცა და რისხვაც უფალთანაა, და შეწყალებაც ხელეწიფება და რისხვის გადმოღვრაც. |
||
| 12 | რამდენადაც დიდია მისი წყალობა, იმდენად დიდია მხილება მისგან და კაცს მისი საქმეების მიხედვით განსჯის. | ||
| 13 | ვერ გაექცევა მას ცოდვილი ნაძარცვით და მოთმინება კეთილმორწმუნეთა ამაო როდია. | ||
| 14 | ადგილს მიუჩენს ყოველ მოწყალებას და თითოეული თავის საქმეთა მიხედვით მიიღებს. | ||
| 15 | |||
| 16 | |||
| 17 | ნუ იტყვი, დავემალები უფალს და სიმაღლიდან ვინ გამიხსენებსო? ვერც კი შემამჩნევსო ხალხის სიმრავლეში, რადგან რა არის ჩემი სული ზღვარდაუდებელ სამყაროში? | ||
| 18 | აჰა, ზეცა და ზეცა ზეცისა, უფსკრული და მიწა, ირყევიან მისი მზერის ქვეშ; | ||
| 19 | მთანიცა და საფუძველიც დედამიწისა ერთნაირად ირყევა ძრწოლით, როცა მათ მოხედავს. | ||
| 20 | ეს ვერ გაუგია გულს და მის გზებს ვინ მოიაზრებს? | ||
| 21 |
როგორც ქარი, რომელსაც ადამიანი ვერ ხედავს, ასევე მისი საქმეების უმრავლესობაც დაფარულია. |
||
| 22 | ვინ მოგვითხროს საქმენი მისი სამართლიანობისა? ან ვინ დაელოდება მათ? რადგან შორსაა აღთქმა. | ||
| 23 | ამგვარად განსჯის გულით ღატაკი და უგუნური და ცდუნებული კაციც ამგვარად ფიქრობს. | ||
| 24 | ყური დამიგდე მე, შვილო, და ისწავლე სიბრძნე და ჩემი სიტყვები გულით შეისმინე. | ||
| 25 | აწონილად გამოვაჩენ სწავლას და ზედმიწევნით გავაცხადებ ცოდნას. | ||
| 26 | დასაბამითვეა მისი საქმეები და როცა შექმნა ისინი, დაჰყო ნაწილებად. | ||
| 27 | საუკუნოდ მოაწესრიგა თავისი საქმენი და მათი ხელმწიფება თაობათა მიმართ. არც სწყურიათ და არც იღლებიან, არც სწყვეტენ თავის მოქმედებას. | ||
| 28 | არ ავიწროებენ ერთმანეთს და არასოდეს ეურჩებიან უფლის სიტყვას. | ||
| 29 | შემდგომ ამისა უფალმა მიწას გადმოხედა და აღავსო იგი თავისი სიკეთით. | ||
| 30 | ყოველი ცხოველის სულმა დაფარა მისი პირი და მისკენ მიიქცევა ყოველივე. |