| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ვინც ფისს შეეხება, გაისვრება და ვინც ამპარტავანს დაუახლოვდება, მას დაემსგავსება. |
||
| 2 | ნუ ასწევ ტვირთს, შენს ძალღონეზე აღმატებულს და შენზე ძლიერსა და მდიდარს ნუ დაუახლოვდები. რა გაუვა თიხის ქოთანს სპილენძის ქვაბთან? დაეჯახება ქოთანი და თავად გატყდება. | ||
| 3 | მდიდარმა უსამართლობა ჩაიდინა და თვითონვე იმუქრება; გლახაკი შეურაცხყვეს და თავად ივედრება შეწყალებას. | ||
| 4 | თუკი დასჭირდები, გამოგიყენებს, თუ გაგიჭირდა, მიგატოვებს. | ||
| 5 | თუ რამ გექნება, შენთან იცხოვრებს, დაგახარჯვინებს და თვითონ კი თავს არ შეიწუხებს. | ||
| 6 | თუ რამე გიჭირს, მოგატყუებს, გაგიცინებს და იმედს მოგცემს, ალერსიან საუბარს გაგიბამს და გკითხავს, ხომ არაფერი გიჭირსო? | ||
| 7 | შეგარცხვენს შენ თავისი გამასპინძლებით, ვიდრე ორჯერ ან სამჯერ არ გაგძარცვავს და საბოლოოდ არ იცინებს შენზე. შემდგომად ამისა, თუ დაგინახა, მოგერიდება და მხოლოდ თავსღა დაგიქნევს. | ||
| 8 | უფრთხილდი, რომ არ შეცდე და არ დამდაბლდე შენი სიბრიყვით. | ||
| 9 | როცა ძლიერი მიგიხმობს, თავი აარიდე და უფრო მიგიწვევს. | ||
| 10 | თავს ნუ მოაბეზრებ, რათა არ მოგიშოროს, და ნურც მეტისმეტად განუდგები, რომ არ დაავიწყდე. | ||
| 11 | ნუ მისცემ თავს ნებას ესაუბრო, როგორც თანასწორს, და მის მრავალსიტყვაობას ნუ მიენდობი, რადგან გრძელი საუბრით შეგაცდენს და თითქოსდა ხუმრობით გამოგცდის. | ||
| 12 | შეუბრალებელია საკუთარი თავის მიმართ, ვინც არ ურთხილდება სიტყვებს, თავს ვერ დაიცავს სიავისა და ბორკილებისგან. | ||
| 13 | გაუფრთხილდი და გულისყურით იყავი, რადგან საკუთარ უბედურებასთან ერთად დააბიჯებ. | ||
| 14 | |||
| 15 |
ყველა ცხოველს უყვარს თავისი მსგავსი და ყოველ კაცს - თავისი მახლობელი. |
||
| 16 | ყოველი ხორციელი თავ-თავისი მოდგმის მიხედვით ერთიანდება და ადამიანიც თავისივე მსგავსისაკენ მიისწრაფვის. | ||
| 17 | რა აქვს საერთო მგელს კრავთან? ასევე ცოდვილს ღვთისმოსავთან? | ||
| 18 | რა მშვიდობა იქნება აფთარსა და ძაღლს შორის? რა მშვიდობა იქნება მდიდარსა და გლახაკს შორის? | ||
| 19 | ლომების სანადირო - გარეული ვირებია უდაბნოში, ასევე გლახაკნი საძოვარია მდიდართათვის. | ||
| 20 | საძულველია თავმდაბლობა ამპარტავნისათვის, ასევე საძულველია მდიდრისათვის ღარიბი. | ||
| 21 | მდიდარმა თუ წაიბორძიკა, მეგობრები შეაშველებენ ხელს, დაცემულ გლახაკს კი მეგობრებიც მიატოვებენ. | ||
| 22 | გასაჭირში ჩავარდნილ მდიდარს მრავალი შემწე ჰყავს; აბადაუბდას იტყვის და გაამართლებენ. გლახაკს გაუჭირდება და შერისხავენ; ბრძნულად იტყვის და ყურსაც არ ათხოვებენ. | ||
| 23 | მდიდარი ამოიღებს ხმას და ყველა დადუმდება; მის სიტყვას ღრუბლებამდე ასწევენ. გლახაკი ამოიღებს ხმას და იტყვიან: ეს ვინღა არისო? თუ წაიბორძიკებს, ზურგს შეაქცევენ. | ||
| 24 | კარგია სიმდიდრე, რომელსაც არ ურევია ცოდვა, სიგლახაკე ბოროტებაა უწმინდურის პირში. | ||
| 25 | კაცის გული სახეს შეუცვლის მას - ან სიკეთისკენ, ან ბოროტებისკენ. | ||
| 26 | გულის ნიშანი ბედნიერების ჟამს მხიარული სახეა და მძიმე ფიქრები იგავთა მთხზველია. |