| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
თავმდაბალს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა შორის დასვამს. |
||
| 2 | ხოტბას ნუ შეასხამ კაცს მისი სილამაზის გამო და ნუ შეიძაგებ მისი გარეგნობისთვის. | ||
| 3 | პატარაა მფრინავთა შორის ფუტკარი, მაგრამ ყველაზე ტკბილია მისი ნაყოფი. | ||
| 4 | დიდებული შესამოსელით თავი ნუ მოგაქვს და დიდების დღეს ნუ ამაღლდები, რადგანაც საკვირველია უფლის საქმენი და კაცთათვის დაფარულია მისი საქმენი. | ||
| 5 | ხელმწიფეთაგან მრავალნი ისხდნენ მიწაზე, ის კი, ვისგანაც არ მოელოდნენ, გვირგვინს ატარებდა. | ||
| 6 | განმგებელთაგან მრავალნი იქმნენ შეურაცხყოფილნი და სახელოვანნი ხელში ჩაუვარდნენ სხვებს. | ||
| 7 | ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე. | ||
| 8 | ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ. | ||
| 9 | საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ. | ||
| 10 | შვილო, ხელს ნუ მოჰკიდებ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უცოდველი ვერ დარჩები და, თუ გამოეკიდები მათ, ვერ დაეწევი და გაქცევითაც ვერ გაექცევი. | ||
| 11 | ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც გაჭირვებაშია. | ||
| 12 |
ზოგი ზანტია, შეწევნის მთხოვნელი, ძალ-ღონით სუსტი და სიღატაკეში ყელამდე ჩაფლული. მაგრამ უფლის თვალმა სასიკეთოდ შეხედა და მან წამოაყენა იგი მისი სიმდაბლისაგან. |
||
| 13 | აამაღლა იგი და მრავალნი გაოცდნენ მის გამო. | ||
| 14 | სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სიკვდილი, სიღატაკე და სიმდიდრე - უფლისაგანაა. | ||
| 15 | |||
| 16 | |||
| 17 | წყალობა უფლისა ღვთისმოსავებს ეძლევათ და კურთხევა მისი კეთილად გაჰყვებათ საუკუნოდ. | ||
| 18 | ზოგი მდიდრდება თავისი სიფრთხილისა და მომჭირნეობის გამო და ეს არის მისი საზღაურის წილი, | ||
| 19 | რომ იტყვის, ვიპოვე მოსვენება, ახლა დავტკბები ჩემი სიკეთითო. მაგრამ არ კი იცის, როდის მოაწევს ჟამი, როცა ქონებას სხვებს დაუტოვებს, ხოლო თავად აღესრულება. | ||
| 20 | მტკიცედ იდექი შენს აღთქმაზე, მისი ერთგული დარჩი და შეაბერდი შენს საქმეს. | ||
| 21 | ნუ გაგაოცებს ცოდვილის საქმენი, გწამდეს უფლისა და უერთგულე შენს საქმეს, რადგან ადვილია უფლის თვალში სწრაფი და უეცარი გამდიდრება გლახაკისა. | ||
| 22 | უფლის კურთხევა საზღაურია ღვთისმოსავისათვის და მოკლე ხანში ააყვავებს მისი წყალობა. | ||
| 23 | ნუ იტყვი, კიდევ რა მჭირდება, ამიერიდან კიდევ რა სიკეთე უნდა შევიძინოო? | ||
| 24 |
ნუ იტყვი, საკმარისია ჩემთვის, ამიერიდან კიდევ რაღა უბედურება უნდა განვიცადოო? |
||
| 25 | ბედნიერების დღეს ავიწყდებათ უბედურება და ჭირის დღეს არ იხსენებენ ბედნიერებას, | ||
| 26 | რადგან ადვილია უფლის თვალში, აღსასრულის დღეს მიაგოს კაცს მისთა საქმეთაებრ. | ||
| 27 | წუთიერი ტანჯვა სიტკბოებათა დამავიწყებელია და ადამიანის აღსასრულისას გაცხადდება მისი საქმენი. | ||
| 28 | ნურავის ჩათვლი ბედნიერად სიკვდილამდე, რადგან კაცი მის ნაშობთაგან შეიცნობა. | ||
| 29 | ყველა კაცს სახლში ნუ შემოუშვებ, რადგან დიდია მზაკვრობა ცბიერისა. | ||
| 30 | მახეში მონადირებული კაკბის მსგავსია ამპარტავნის გული და მზვერავივით შენს სისუსტეს უთვალთვალებს. | ||
| 31 | გადააქცევს რა სიკეთეს ბოროტებად, უსაფრდება და რჩეულებს ლაქას სცხებს. | ||
| 32 | ცეცხლის ნაპერწკლისგან მრავლდება ნაკვერჩხალი და ცოდვილი კაცი ჩასაფრებულია სისხლის დასაღვრელად. | ||
| 33 | ერიდე ბოროტს - უკეთურ საქმეთა ოსტატს, რათა ოდესმე საუკუნო ლაქით არ მოგსვაროს. | ||
| 34 | შეიხიზნებ უცხოს და შეგშლის შფოთით, უცხოს გაგხდის შენიანთათვის. |