| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ძლიერად განიფინება იგი კიდით კიდემდე და ყოველივეს სიკეთით განაგებს. |
||
| 2 | ჩემი ყრმობიდანვე მიყვარდა იგი და ვეძიებდი, და მოვიწადინე ჩემს სარძლოდ მომეყვანა, და მისი მშვენების ტრფიალი შევიქენი. | ||
| 3 | თავის კეთილშობილებას განადიდებს ღმერთთან ყოფნით და ყოველთა მეუფემაც შეიყვარა იგი. | ||
| 4 | იგი ღვთის ცოდნის მესაიდუმლეა და მისთა საქმეთა თანაზიარი. | ||
| 5 | თუკი სიმდიდრე სასურველი მონაგებია ცხოვრებისა, რა უნდა იყოს სიბრძნეზე უმდიდრესი, რომელიც ყველაფერს ქმნის? | ||
| 6 | თუ გონება ძალმოსილია, არსებულთაგან ვინღაა მასზე უკეთესი ხელოვანი? | ||
| 7 | და თუ ვინმეს სამართლიანობა უყვარს, მისი შრომა სიქველეა, რადგან კეთილგონიერებასა და ჭკუას, სამართლიანობასა და მხნეობას ასწავლის; ამათზე სასარგებლო კი კაცთათვის ცხოვრებაში არაფერია. | ||
| 8 | თუ ვინმე დიდ გამოცდილებას ესწრაფის, იცის მომხდარიც და ჭვრეტს მოსავალსაც, მან უწყის სიტყვათა საქცევნი და იგავთა ახსნანი, ნიშებსა და სასწაულებს წინასწარ იტყობს, ჟამთა და დროთა შედეგებსაც. | ||
| 9 | ამიტომაც განვსაჯე, მომეყვანა იგი ჩემთან საცხოვრებლად, რადგან ვიცოდი, მეყოლებოდა კეთილ მრჩევლად და ნუგეშად ზრუნვასა და მწუხარებაში. | ||
| 10 | მისით მექნებოდა დიდება ხალხში და ჭაბუკს - პატივი უხუცესთა წინაშე. | ||
| 11 | სამსჯავროში გამჭრიახი აღმოვჩნდებოდი და ძლიერთა თვალში გასაკვირველი. | ||
| 12 |
დავდუმდებოდი და დამელოდებოდნენ, ამეტყველებულს კი მომისმენდნენ; და თუ საუბარს გავაგრძელებდი, ხელი პირზე ექნებოდათ მიდებული; |
||
| 13 | მისით მივაღწევდი უკვდავებას და საუკუნო სახსენებელს დავუტოვებდი ჩემს შთამომავლობას; | ||
| 14 | ხალხთა განმგებელი შევიქნებოდი და ერები დამემორჩილებოდნენ; | ||
| 15 | დაფრთხებოდნენ ჩემს გაგონებაზე სასტიკი ტირანები; ხალხში კეთილი გამოვჩნდებოდი, ომში კი - მამაცი. | ||
| 16 | შინ შესული მისით დავისვენებდი, რადგან მასთან ზიარებას არ მოსდევს სიმწარე და არც ტანჯვა მასთან ცხოვრებას, არამედ შვება და სიხარული. | ||
| 17 | ამას ვიზრახავდი ჩემთვის და, როცა მივხვდი ჩემს გულში, რომ უკვდავებაა სიბრძნესთან წილნაყარობა, | ||
| 18 | მასთან მოყვრობა - ნეტარება და მის ხელთა ნაშრომი - მოუკლებელი სიმდიდრე, მასთან საუბარი გონიერება და მის სიტყვებთან ზიარება - სახელის მოხვეჭა; დავდიოდი და ვეძებდი, როგორ შემეძინა იგი. | ||
| 19 | ნიჭმომადლებული ყმაწვილი ვიყავი და წილად მხვდა კეთილი სულიც; | ||
| 20 | უფრო კი, სიკეთის გამო იყო, უბიწო სხეულში რომ შევედი. | ||
| 21 | მივხვდი, თუ ღმერთი არ მომცემდა, სხვა გზით მას ვერ მოვიხვეჭდი, - და რომ უკვე სიბრძნე იყო იმის შეგნება, თუ ვისგან იყო ეს ნიჭი, - მივმართე უფალს. შევევედრე და მთელი ჩემი გულით ვუთხარი: |