| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ხოლო უღვთოთათვის ბოლომდე გაგრძელდა უწყალო რისხვა, რადგან მათ ჩასადენ საქმეებს წინასწარ ჭვრეტდა, |
||
| 2 | იცოდა, გასვლის ნებას დართავდნენ მათ და საჩქაროდ გაისტუმრებდნენ, მაგრამ შემდეგ შეინანებდნენ და დაედევნებოდნენ. | ||
| 3 | რადგან სანამ მწუხარებაში იყვნენ და გლოვობდნენ მკვდართა საფლავებზე, სხვა უგუნური განზრახვა ჩაიფიქრეს: უკან გამოედევნებოდნენ მათ, როგორც ლტოლვილებს, რომელთაც წინათ წასვლას ევედრებოდნენ. | ||
| 4 | ამ აღსასრულისკენ მიიზიდა ისინი ბედისწერამ, რომლის ღირსნიც იყვნენ და დაავიწყა თავს გარდახდილი, რათა სასჯელით შეევსოთ, რაც მათ სატანჯველს დააკლდა; | ||
| 5 | რომ შენი ხალხი გაუგონარი მგზავრობით გამოგეცადა, იმათ კი უცხო სიკვდილი ეპოვათ. | ||
| 6 | რადგან ყოველმა ქმნილებამ თავისი ბუნება შეიცვალა შენს ბრძანებათა სამსახურად, რათა შენი შვილები უვნებლკდ დაცულიყვნენ. | ||
| 7 | ბანაკს ღრუბელი უჩრდილებდა, ხოლო სადაც ადრე წყალი იდგა, ხმელეთი გამოჩნდა; ასევე ბილიკი მეწამულ ზღვაში, დაუბრკოლებელი გზა და მწვანე ველი ბობოქარ ტალღებში, | ||
| 8 | რომლითაც გააღწია მთელმა ერმა, შენი ხელით დაცულმა და საკვირველ სასწაულთა მხილველმა; | ||
| 9 | რადგან ცხენებივით ძოვდნენ და კრავებივით ხტოდნენ, და გაქებდნენ შენ, უფალს - თავიანთ მხსნელს. | ||
| 10 | რადგან ჯერ კიდევ ახსოვდათ, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნისას მიწამ, ნაცვლად იმისა, რომ ცხოველები დაებადა, ჭიები წარმოშვა და მდინარემ თევზების ნაცვლად გომბეშოთა სიმრავლე ამოჰყარა. | ||
| 11 | ხოლო შემდეგ ჩიტების ახალი გვარიც კი იხილეს, როცა გულისთქმით შეპყრობილნი ნოყიერ საზრდელს ითხოვდნენ. | ||
| 12 |
რადგან მათთვის შვების მისაცემად მწყერები გამოფრინდნენ ზღვიდან, |
||
| 13 | ცოდვილებზე კი სასჯელებმა მოაწია, რომელთა ნიშნები წინასწარ გამოჩნდა მეხისტეხაში; სამართლიანად იტანჯებოდნენ ჩადენილი ბოროტებისთვის, რადგან სასტიკ სტუმართმოძულეობას იჩენდნენ. | ||
| 14 | სხვანი თუ სტუმრად არ იღებდნენ მათთან მოსულ უცხოელებს, ესენი კეთილისმყოფელ სტუმრებს იმონებდნენ. | ||
| 15 | არა მხოლოდ ამათ, არამედ იმათაც დაედებათ მსჯავრი, რადგან მტრულად იღებდნენ სტუმრებს. | ||
| 16 | ამათ ჯერ ზარ-ზეიმით მიიღეს, მაგრამ მათთან უკვე უფლებებით გათანაბრებულნი, მძიმე სატანჯველში ჩაყარეს. | ||
| 17 | თვალისჩინი წაერთვათ მათ იმათ მსგავსად, მართალის კართან მრუმე წყვდიადით გარემოცულნი, შესასვლელს რომ ეძებდნენ. | ||
| 18 | რადგან სტიქიებიც გარდაიქმნენ, ქნარის ხმებივით; ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება რიტმს რომ იცვლიან, თავად კი არასოდეს იცვლებიან. ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება საგნებს. | ||
| 19 | რადგან ხმელეთის ცხოველები წყლის ცხოველებად შეიცვალნენ და წყალში მცურავნი ხმელეთზე გადმოვიდნენ. | ||
| 20 | ცეცხლმა წყალშიც კი შეინარჩუნა თავისი ძალა და წყალმა დაივიწყა დამშრეტელის ბუნება. | ||
| 21 | ალმა, პირიქით, ვერაფერი ავნო მასში მოარულ ხრწნად ცხოველთა ხორცს და ვერც ადვილად დნობადი ყინულის მსგავსი ღვთაებრივი საზრდელი დაადნო. | ||
| 22 | რადგან შენ აამაღლე, უფალო, ყოველნაირად შენი ერი, განადიდე და არ მიატოვე, არამედ მხარში ედექი მარად და ყველგან. |