| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ამიტომაც ღირსად დაისაჯნენ ისინი მათივე მსგავსი ცხოველებით და მხეცთა სიმრავლით დაიტანჯნენ. |
||
| 2 | შენს ხალხს კი, ნაცვლად ამგვარი სასჯელისა, კეთილი უყავ. მოძულებულთ უცხო საზრდელი - მწყერები მოუმზადე მადის დასაცხრომად; | ||
| 3 | რათა იმ ხალხს, როცა მოშივდებოდათ, მადის ნატამალიც კი დაჰკარგოდათ მათთვის მიგზავნილ საძაგელ ქმნილებათა ხედვით. შენს ხალხს კი, მცირე ხნით ნაშიმშილევს, უცხო საჭმელის გემო ეხილა. | ||
| 4 | რადგან მათ მჩაგვრელებზე ულმობელი გასაჭირი უნდა მოწეულიყო, თავად კი მხოლოდ უნდა ენახათ, როგორ გაწამდნენ მათი მტრები. | ||
| 5 | როცა შენს ხალხზე მხეცთა საზარელი რისხვა გადმოვიდა და ცბიერ ქვეწარმავალთა ნაკბენებით იხოცებოდნენ, ბოლომდე როდი გაუგრძელე შენი მრისხანება, | ||
| 6 | ჭკუის სასწავლებლად შეძრწუნდნენ მცირე ხნით და ხსნის ნიშანი მიიღეს, რათა შენი რჯულის მცნებები გახსენებოდათ. | ||
| 7 | რადგან მოქცეული გადარჩა არა იმით, რასაც შეჰყურებდა, არამედ შენით, ყოველთა მხსნელო. | ||
| 8 | ამით დაარწმუნე ჩვენი მტრები, რომ შენა ხარ მხსნელი ყოველივე ბოროტისაგან. | ||
| 9 | ისინი კალიებისა და კელების ნაკბენებით დაიხოცნენ და არსად იყო მათი განკურნება, რადგან ღირსნი იყვნენ მათგან წამებისა. | ||
| 10 | შენი შვილები კი ვერც გესლიანი გველების კბილებმა დასძლიეს, რადგან მათ შესაწევად გადმოვიდა შენი წყალობა და განკურნა ისინი. | ||
| 11 |
ისინიც დაიგესლნენ, რომ შენი სიტყვები გახსენებოდათ, და განიკურნენ, რათა, შენს წყალობას მოკლებულნი, დავიწყების უფსკრულში არ ჩავარდნილიყვნენ. |
||
| 12 | ვერც ბალახმა და ვერც სალბუნებმა ვერ განკურნეს ისინი, არამედ შენი სიტყვაა, უფალო, ყველას რომ კურნავს. | ||
| 13 | რადგან სიცოცხლეზეც და სიკვდილზეც შენა გაქვს ხელმწიფება; შენ ჩაიყვან ჯოჯოხეთის ბჭეებამდე და შენვე ამოიყვან. | ||
| 14 | ადამიანი თავისი სიბოროტით კლავს, მაგრამ არ ძალუძს არც ამომხდარი სულის ჩაბრუნება და არც გამოხსნა ტყვექმნილი სულისა. | ||
| 15 | შეუძლებელია გაქცევა შენი ხელიდან. | ||
| 16 | რადგან უღვთონი, რომელთაც არ ინდომეს შენი შეცნობა, შენი მკლავის ძალით დაისაჯნენ, გაუგონარი წვიმებისა, სეტყვისა და ნიაღვრებისგან დევნილები, და ცეცხლით განადგურდნენ. | ||
| 17 | მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ, ყოველთა დამშრეტელ წყალში ცეცხლი უფრო ძლიერად აღიძრა, რადგან სამყაროც მართალთა შემწეა. | ||
| 18 | ხანდახან ალი მშვიდდებოდა, რათა არ დაეწვა უღვთოთათვის მისეული ცხოველები და ამის მხილველებს სცოდნოდათ, რომ ღვთის სასჯელისგან იდევნებიან. | ||
| 19 | ხოლო ხანდახან წყლის შუაგული ცეცხლზე მეტად გიზგიზებდა, რათა უსამართლო მიწის ქმნილებანი მომსპარიყვნენ. | ||
| 20 | ნაცვლად ამისა შენს ხალხს ანგელოზთა საზრდელით კვებავდი და ზეციდან უშრომლად უგზავნიდი გამზადებულ პურს, ყოვლად საამოს და ყველას გემოვნების შესაფერისს. | ||
| 21 |
შენი სიტკბო შვილების მიმართ შენი საზრდელის თვისებამ გამოაჩინა; მჭამელთა მადის დასაკმაყოფილებლად გემოს იცვლიდა, ვის როგორ ერჩივნა, იმის მიხედვით. |
||
| 22 | თოვლმა და ყინულმა ცეცხლს გაუძლო და არ დამდნარა, რათა შეეცნოთ, რომ მტერთა ნაყოფები სეტყვაში მოგიზგიზე და თავსხმაში გაკვესებულმა ცეცხლმა შემუსრა. | ||
| 23 | მაგრამ იმავე ცეცხლმა თავისი ძალა დაივიწყა, რათა მართალნი დანაყრებულიყვნენ. | ||
| 24 | რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს, გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იმატებს და ცხრება შენს მორწმუნეთა კეთილის საყოფად. | ||
| 25 | ამიტომ მაშინაც, ყოველმხრივ სახეშეცვლილი, შენს ყოველთა გამომზრდელ მადლს ემსახურებოდა გაჭირვებულთა სურვილის მიხედვით, | ||
| 26 | რათა სცოდნოდათ შენს შვილებს, რომელნიც შეიყვარე, უფალო, რომ ნაყოფები კი არ კვებავს ადამიანს, არამედ შენი სიტყვა იცავს შენს მორწმუნეთ; | ||
| 27 | რადგან, რასაც ცეცხლი ვერ მუსრავს, მაშინვე დნება, როგორც კი მზის სუსტი სხივი გაათბობს, | ||
| 28 | რათა ყველამ იცოდეს, რომ მზეს უნდა დაასწრონ შენი მადლისგება და ნათლის აღმოსავლეთისკენ თაყვანიგცენ. | ||
| 29 | რადგან ზამთრის ჭირხლივით დადნება უმადურის სასოება და უსარგებლო წყალივით დაიღვრება. |