| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
მე ვარ კაცი, ტანჯვის მნახველი მისი რისხვის კვერთხის ქვეშ; |
45 |
ალეფ. მე, კაცი მხედველი სიგლახაკისაჲ კუერთხითა გულისწყრომისა მისისაჲთა. |
| 2 | წამიძღვა და მივყავდი ბნელისკენ, არა ნათლისკენ; | 45a | შემიწყნარა მე და წიაღმიმიყვანა ბნელსა და არა ნათელსა, |
| 3 | მხოლოდ ჩემკენ იღერებს და იღერებს ხელს მთელი დღე იგი; | 45b | რამეთუ ჩემ ზედა მოაქცია, შეცვალა ჴელი მისი ყოველსა დღესა. |
| 4 | გამიცვითა მან ხორცი და კანი, შემიმუსრა ძვლები; | 46 | ბეთ. განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი. ძუალნი ჩემნი დამუსრნა სრულიად. |
| 5 | შემომადგა და შემომარტყა ტანჯვა და წამება; | 46a | აღაშენა ძჳნად ჩემდა, და მომიცვა გარე, თავი ჩემი. |
| 6 | ჩამსვა წყვდიადში საუკუნოდ მკვდარივით; | 46b | რუდუნეულ-ყო, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარნი საუკუნენი. |
| 7 | ზღუდე შემომავლო და ვერ გავდივარ, დამიმძიმა ბორკილები; | 47 | გიმელ. აღეშენა მონად ჩემდა და არა განვიდე, დაამძიმა უღელი ქედისა ჩემისა. |
| 8 | კიდეც რომ ვიღაღადო და შველა ვითხოვო, ის აბრკოლებს ჩემს ვედრებას; | 47a | და თუმცა რამეთუ ღაღად-ვყო და ვჴმობდე, დააყენა ლოცვა ჩემი. |
| 9 | გზა ჩამიხერგა ლოდებით და დამიხლართა ბილიკები; | 47b | და ყუნა გზანი ჩემნი მარმაროჲთა, და ალაგნი ჩემნი განრყუნნა. |
| 10 | დათვია ის ჩემთვის, საფარში მჯდარი, და ლომი, დადარნებული; | 48 | დალეთ. და თუ დადარანებულ მექმნა მე იგი, ვითარცა დათჳ დადარანებული და ვითარცა ლომი ფარულსა შინა, |
| 11 | გზებს გადამაგდინა და გამწეწა, ცარიელი დამტოვა; | 48a | მდევნა მე განშორებულსა და განმჭრა მე, დამდვა მე უჩინოქმნილად. |
| 12 | მოზიდა მშვილდი და ისართა სამიზნედ დამსვა; | 48b | გარდააცუა მშჳლდსა თჳსსა და გამწონა მე, ვითარცა განი, საისრედ. |
| 13 | გულ-ღვიძლში გამიტარა თავისი კაპარჭის ამონასხლეტი; | 49 | ჱე. შეაწონა თირკმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა მისთა, |
| 14 | ქვეყნის ხალხის სასაცილო შევიქენი, მათ სამღერელად მთელი დღისთვის; | 49a | ვექმენ საცინელ ყოველსა ერსა, გასაცხრომელ ვიყავ მათა მარადღე. |
| 15 | სიმწარით გამაძღო და აბზინდა შემასვა; | 49b | განმაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნავღლითა. |
| 16 |
კბილები ჩამილეწა ხრეშით, მტვერში გამთელა; |
50 | ოავ. აღმოფხურნა ქვითა კბილნი ჩემნი. და მაჭამა მე ნაცარი. |
| 17 | მშვიდობა წაართვი ჩემს სულს, დამავიწყდა კეთილდღეობა; | 50a |
და განაყენა მშჳდობისაგან სული ჩემი, დამავიწყდა მე კეთილი. |
| 18 | ვთქვი: წამერთვა ღონე და უფლის იმედი; | 50b | და ვთქუ: წარწყმდა ძლევა ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ. |
| 19 | გაიხსენე ჩემი განჯვა და ჩემი სიმწარე, აბზინდა და შხამი; | 51 | ზაინ. მოვიჴსენე სიგლახაკისაგან ჩემისა და დევნულებისაგან სიმწარისა ჩემისა და ნავღლისა ჩემისა. |
| 20 | კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული; | 51a | ჴსენებით მოვიჴსენენ იგინი. და დადნეს სული ჩემი ჩვენ ზედა. |
| 21 | ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი; | 51b | ესე დავიდვა გულსა ჩემსა. ამისთჳს ვესავ მას. |
| 22 | არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები; | 52 | ჱეთ. წყალობანი უფლისანი მრავალ არიან. არ მომაკლო მე, რამეთუ არ აღესრულნეს მოწყალებანი მისნი. |
| 23 | განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი. | 52a | განაახლენ იგინი, ვითარცა ცისკარი, განთიადისა. განმრავლდა სარწმუნოებაჲ შენი განთიადთა. |
| 24 | ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი; | 52b | ნაწილ ჩემდა უფალი, - თქუა სულმან ჩემმან, - ამისთჳს დაუთმობ მას. |
| 25 | კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის; | 53 | ტეთ. სახიერ უფალი მოთმინეთა მისთათჳს, სულმან რომელმან იძიოს იგი. |
| 26 | კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან; | 53a | კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებისა უფლისაჲ. |
| 27 | კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში; | 53b | კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე. |
| 28 | ზის სიმარტოვეში და სდუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი; | 54 | იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე. |
| 29 | მტვერითაც რომ აუვსო პირი, მაინც ექნება უფლის იმედი; | 54a | მისცა მიწასა პირი თჳსი, უკეთუ არს სასოება თმენისა. |
| 30 | თუნდაც მიუშვიროს ლოყა მის მცემელს, გაძღეს გინებით; | 54b | მისცეს მცემელსა მისსა ღაწჳ, განძღეს ყუედრებათა მიერ, |
| 31 |
არ გასწირავს საუკუნოდ უფალი; |
55 | ხაფ. რამეთუ არა საუკუნომდე განიშოროს უფალმან, |
| 32 | კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით; | 55a |
რამეთუ დამამდაბლებელმან შეიწყალოს სიმრავლისაებრ წყალობისა მისისა. |
| 33 | რადგან გულით როდი სტანჯავს და აწვალებს კაცისშვილებს, | 55b | არა მიუგო გულით გამო თჳსით და დაამდაბლნა ძენი კაცთანი. |
| 34 | როცა ფეხქვეშ თელავენ ქვეყნის პატიმრებს, | 56 | ლამედ. დამდაბლებად ქუეშე ფერჴთა მისთა ყოველთა კრულთა ქუეყანისათა, |
| 35 | როცა სამართალს უმრუდებენ კაცს უზენაესის წინაშე, | 56a | განდრეკად მშჯავრსა კაცისასა წინაშე პირსა მაღლისასა, |
| 36 | როცა ჩაგრავენ ადამიანს მის სამართალში, განა ამას ვერ ხედავს უფალი? | 56b | დაშჯად კაცი სასჯელსა შინა თჳსსა, უფალმან არა იხილა. |
| 37 | ვის თქმაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა? | 57 | მემ. ვინ ესრეთ თქუა და იქმნა? უფალმან არა ამცნო. |
| 38 | განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე? | 57a | პირისაგან მაღლისა არა გამოვიდენ ძჳრნი და კეთილნი. |
| 39 | რატომ ჩივის ცოცხალი კაცი, ვაჟკაცი, თავის ცოდვებზე? | 57b | რად დრტჳნავს კაცი ცოცხალი და მამაკაცი ცოდვისათჳს მისისა. |
| 40 | გავჩხრიკოთ ჩვენი საქციელი, გავარკვიოთ და უფალს დავუბრუნდეთ; | 58 | ნონ. გამოძიებულ იქმნა გზაჲ ჩუენი და გაიკითხა და მოვიქცეთ უფლისა მიმართ. |
| 41 | ხელებით აღვმართოთ ჩვენი გული ცაში უფლისადმი: | 58a | აღვიხუნეთ გულნი ჩუენნი მაღლისა მიმართ ჴელთა ჩუენთა დამკჳდრებულისა ცასა შინა. |
| 42 | ჩვენ შევცოდეთ და განვდექით, შენ არ გვაპატიე; | 58b | ჩუენ ვცოდეთ, და უსჯულო ვიქმნენით და შენ არა ლხინება-ჰყავ. |
| 43 | რისხვით მოიბურე და გვდევნი, გვხოცავ შეუბრალებლად; | 59 | სამეხ. ზედდაგუფარენ, გულისწყრომითა წარმდევნენ ჩუენ, მომკლენ და არა გუერიდე. |
| 44 | ღრუბლით მოიბურე, რომ აირიდო ჩვენი ლოცვები; | 59a | ზედდაჰბურე ღრუბელი მტკიცე თავსა შენსა ლოცვისათჳს წუხვად ჩემდა და განგებად, |
| 45 | ნაგვად და სიბინძურედ გვაქციე ხალხთა შორის; | 59b | სასიტყუელად და საზრახველად გუყვენ ჩუენ შორის ერსა, |
| 46 | ხახა დააღეს ჩვენს ჩასანთქმელად ჩვენმა მტრებმა; | 60 | ჳე. აღაღეს ჩუენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა ჩუენთა, |
| 47 | შიში და საფრთხე გვხვდა წილად, ნგრევა და დაღუპვა; | 60a |
შიში და დასულება შეგუემთხჳა ჩუენ, აფხურა და შემუსრვა. |
| 48 | ცრემლის ნაკადულები სდის ჩემს თვალებს ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო; | 60b | გარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თუალთა ჩემთა შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა. |
| 49 | იღვრება ჩემი თვალი განუწყვეტლივ, არ არის შვება; | 61 | აინ. თუალთა ჩუენთა ეურვების და არა დასცხრენ. ნუ იყოფინ ქარვება, |
| 50 | ვიდრე არ მოხედავს და არ იხილავს უფალი ციდან; | 61a | ვიდრე არა გარდამოიხილოს და იგულოს ზეცით. |
| 51 | ჩემი თვალები სულს მიდარდიანებენ ჩემი ქალაქის ასულთა გამო; | 61b | თუალთა ჩემთა მოაკლდა სულსა თანა ჩემსა უმეტეს ყოველთა ასულთა ქალაქისა ჩემისათა. |
| 52 | მომინადირეს ჩემმა მტრებმა როგორც ჩიტი რამ, უმიზეზოდ; | 62 | სადე. მომნადირებელთა მომინადირეს, ვითარცა სირი მედად, მტერთა ჩემთა. |
| 53 | ცოცხლად ჩამაგდეს ორმოში და ქვები დამაყარეს; | 62a | მოაკუდინა მღჳმესა შინა ცხორებაჲ ჩემი და ზედდადვა ლოდი ჩემ ზედა. |
| 54 | გადამფარა წყალმა, ვთქვი, დავიღუპე-მეთქი; | 62b | ზეშთაგარდაეცა წყალი თავსა ზედა ჩემსა, ვთქუ: განმაგდე მე. |
| 55 | ვუხმე შენს სახელს, უფალო, ორმოს სიღრმიდან; | 63 | კოფ. ვხადე სახელსა შენსა, უფალო, მღჳმისაგან უქუეშისა. |
| 56 | ხომ მოგესმა ჩემი ხმა, ნუ წაუყრუებ ჩემს ხვეწნა-ვედრებას; | 63a | ჴმისა ჩემისა გესმა. ნუ დაჰფარავ ყურთა შენთა ვედრებისამო ჩემისა და ღაღადებისა. |
| 57 | შენ ახლოს ხარ, როცა გიხმობ; ამბობ: ნუ გეშინის! | 63b | შეწევნად ჩემდა მოეახლა დღე, რომელსა გხადე შენ. მარქუ მე: ნუგეშინინ. |
| 58 | შენ ესარჩლებოდი ჩემს სულს, უფალო, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე! | 64 |
რეს. საჯენ, უფალო, სასჯელნი სულისა ჩუენისანი, იჴსენ ცხორება ჩემი. |
| 59 | შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, უფალო, მაშ, გაიკითხე ჩემი სამართალი! | 64a | იხილენ, უფალო, აღძრვანი ჩემნი, საჯე სასჯელი ჩემი. |
| 60 | შენ დაინახე მათი შური ჩემს მიმართ, მათი ზრახვები ჩემს წინააღმდეგ! | 64b | იხილე ყოველი შურისძიებაჲ მათი და ყოველნი გულისზრახვანი მათნი ჩემ ზედა. |
| 61 |
შენ გაიგონე მათი გინება, უფალო, მათი ზრახვები ჩემს წინააღმდეგ! |
65 | სინ. მესმა ყუედრება მათი, უფალო, ყოველნი გულისზრახვანი მათნი ძალად ჩემდა. |
| 62 | ჩემს მომხდურთა ბაგეები და ფიქრები ჩემს წინააღმდეგ არის მთელი დღე; | 65a | ბაგენი ზედაღდგომილნი ჩემნი და წურთანი მათნი ძჳნად ჩემდა დღე ყოველ, |
| 63 | სხედან თუ დგანან, შეხედე, მათი სამღერელი შევიქენი; | 65b | დაჯდომასა მათსა ზედამოიხილე. მე ვიქმენ საჭრტინავ მათდა. |
| 64 | მიაგე მათ საზღაური, უფალო, მათ ხელთა საქმეთაებრ! | 66 | თავ. იხილე ამპარავანება სულთა მათთა და მიაგე მათ, უფალო, მისაგებელი, უფალო, მახე გულისა მათისაჲ, |
| 65 | მოუვლინე მათ გულის სიბნელე, უფალო, და წყევლა შენი! | 66a | საქმეთაებრ ჴელთა მათთაჲსა მიაგე მათ. შეწევნა გულისა ჩემისა რუდუნება მათდა. |
| 66 | რისხვით დაედევნე მათ და მუსრი გაავლე უფლის ცისქვეშეთში! | 66b | შენ იგინი სდევნნე რისხვითა და მოასრულნე იგინი ქუეშე კერძო ცისა, უფალო. |