| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
გალობა ფსალმუნი ასაფისა. |
1 |
ფსალმუნი, გალობაჲ ასაფისი |
| 2 | ღმერთო! ნუ დადუმდები, ყურს ნუ მოიყრუებ და დამშვიდდები, ღმერთო! | 2 | ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმდები, ნუცა დამშჳდნები, ღმერთო. |
| 3 | რადგანაც, აგერ, შენი მტრები ხმაურობენ და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს. | 3 | რამეთუ, ესერა, მტერთა შენთა იზახეს, და მოძულეთა შენთა აიღეს თავი. |
| 4 | შენი ხალხის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ შენს დაფარულებზე. | 4 | ერსა შენსა ზედა ძმაცუიდეს ზაკვით და განიზრახეს წმიდათა შენთათჳს; |
| 5 | თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“. | 5 | და თქუეს: მოდით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიჴსენოს სახელი ისრაჱლისა. |
| 6 | მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა; | 6 | რამეთუ ზრახეს შეთქმით ურთიერთას და შენთჳს აღთქმა-ყვეს |
| 7 | ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგარის ნაშიერმა; | 7 | ბანაკმან იდუმელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ და აგარიანთა, |
| 8 | გებალმა, ყამონმა და ყამალეკმა, ფილისტიმელებმა ტვიროსელებთან ერთად. | 8 | გებალ, ამონ და ამალეკ და უცხოთესლთა დამკჳდრებულთა თანა ტჳროსისათა. |
| 9 | აშურიც მათ შეუერთდა და შეიქნენ სახსარნი ლოტის ძეთათვის. სელა. | 9 | და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანაშემწე ძეთა მათ ლოთისთა. |
| 10 | დამართე მათ ისევე, როგორც მიდიანს, როგორც სისერას, როგორც იაბინს კიშონის ხევზე; | 10 | ჰყვენ იგინი, ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ჴევსა მას კიშონისასა. |
| 11 |
განადგურდნენ ისინი ყენ-დორში, სასუქად იქცნენ დედამიწისთვის. |
11 |
მოისრნეს იგინი აენდრს შინა და იქმნეს იგინი, ვითარცა სკორე ქუეყანისა. |
| 12 | მოექეცი მათ, მათს დიდებულებს ისევე, როგორც ყორებს და როგორც ზეებს, და როგორც ზებახს, როგორც ცალმუნაყს, ყველა მათს თავადს. | 12 | დასხენ მთავარნი მათნი, ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმონა, ყოველნი მთავარნი მათნი, |
| 13 | რომ ამბობდნენ: დავიმკვიდროთ ჩვენთვის სამკვიდრებელი უფლისა. | 13 | რომელთა თქუეს: დავიმკჳდროთ თჳსად სიწმიდე ღმრთისაჲ. |
| 14 | ღმერთო ჩემო, ჰყავ ისინი, ვითარცა ბზე, ვითარცა ნამჯა ქარში. | 14 | ღმერთო ჩემო, ყვენ იგინი, ვითარცა ურმისთუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა. |
| 15 | ვითარცა ცეცხლი, დამწველი ტყისა, ვითარცა ალი, მთების მბუგავი, | 15 | ვითარცა ცეცხლმან რა მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან, რომელმან შეწუნის მთანი, |
| 16 | ისე დაედევნე მათ შენი რისხვით და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი. | 16 | ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნენ იგინი. |
| 17 | აავსე მათი პირი სირცხვილით, ვიდრე მოიძიებდნენ შენს სახელს, უფალო. | 17 | აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო. |
| 18 | შერცხვებიან და შეძრწუნდებიან სამარადჟამოდ, და სირცხვილნაჭამნი დაიღუპებიან. | 18 | ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხჳლეულ იქმნედ და წარწყმდედ. |
| 19 | მიხვდებიან, რომ შენი სახელია უფალი, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ ქვეყნიერებაზე. | 19 | და ცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლო მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა. |