| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
რაღას ფიქრობ, მბრძანებელო? ჩვენ ხომ მზად ვართ უმალ დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენი მამა-პაპის მცნებანი დავარღვიოთ. |
||
| 2 | ნამდვილად შევარცხვენთ ჩვენს წინაპრებს, თუკი რჯულსა და ჩვენს მრჩეველს მოსეს არ დავემორჩილებით. | ||
| 3 | ურჯულოების მრჩეველო მბრძანებელო, ჩვენდამი სიძულვილში იმაზე მეტად ნუ შეგვიბრალებ, ვიდრე ჩვენ გვებრალება საკუთარი თავი. | ||
| 4 | რადგან თავად სიკვდილზე უმძიმესად მიგვაჩნია შენგან შეწყალება - რჯულის დარღვევის ფასად გადარჩენა. | ||
| 5 | შენ გვემუქრები, წამებით ამოგხდითო სულს, თითქოს ამ ცოტა ხნის წინ ელეაზარისგან არაფერი გესწავლოს. | ||
| 6 | თუკი ებრაელთა მოხუცებულებმა ღვთისნიერად იცხოვრეს და გაუძლეს სატანჯველს, ბარემ ჩვენ, ახალგაზრდებიც, დავიხოცოთ არად ჩამგდებნი შენგან მოვლენილი სატანჯველისა, რომელზეც გამარჯვება მოიხვეჭა ჩვენმა მოხუცმა მოძღვარმა. | ||
| 7 | აბა, გამოგვცადე, მბრძანებელო, თუ ჩაკლავ ღვთისნიერებით განმსჭვალულ ჩვენს სულებს? ნუ გგონია, რომ წამებით ჩვენ რაიმე ზიანი მოგვაყენო. | ||
| 8 | ჩვენ ხომ ამ ტანჯვათა მოთმინებით ამტანნი ღირსების ჯილდოს დავიმსახურებთ და ვიქნებით ღმერთთან, ვისთვისაც ვეწამებით. | ||
| 9 | შენ კი, ჩვენი სისხლით წაბილწულს, თავად მოგიწევს ღვთის განგებით მარადიული წამება ცეცხლში. | ||
| 10 | ამ სიტყვების მოსმენისას მარტო მათმა ურჩობამ კი არ გაამძვინვარა მბრძანებელი, არამედ მათ უმადურობაზეც მოერია რისხვა. | ||
| 11 | უბრძანა მცველებს წინ გამოეგდოთ უფროსი ძმა, ქიტონი გაეხადათ მისთვის და ღვედებით გაეკოჭათ ხელ-მკლავი. | ||
| 12 | როცა შოლტების ცემისგან დაიღალნენ ჯალათები, ბორბალზე შეაგდეს იგი. | ||
| 13 | ზედ დააკრეს კეთილშობილი ყრმა და სახსრები დაუწყვიტეს. | ||
| 14 | თუმცა მთლად დასახიჩრებული იყო, მაგრამ მაინც გმობის სიტყვებს ამბობდა: | ||
| 15 | უწმინდურო მბრძანებელო და ციური სამართლის მტერო, გულსასტიკო, ასე იმიტომ კი არ მასახიჩრებ, რომ კაცისმკვლელი ან უღვთო ვინმე ვიყო, არამედ იმიტომ, რომ რჯულის დამცველი ვარ. | ||
| 16 | ჯალათები ეუბნებოდნენ: ჭამე, თავი რომ დაიხსნა წამებისაგანო. | ||
| 17 |
ის კი პასუხობდა: ისე გაუსაძლისი როდი არის ეს თქვენი ბორბალი, რომ გონება დამიხშოს. ასო-ასო ამკუწეთ, დაწვით ჩემი ხორცი, გადამიგრიხეთ სახსრები, |
||
| 18 | მთელი ამ სატანჯველით დაგარწმუნებთ, რომ უძლეველნი მხოლოდ ებრაელთა ძენი არიან, როცა მათ ღირსებაზე მიდგება საქმე. | ||
| 19 | ამას რომ ამბობდა, შეუნთეს ქვეშ ცეცხლი და დაატრიალეს ბორბალი. | ||
| 20 | ყოველმხრივ სისხლით ირწყვებოდა ბორბალი და ნაკვერჩხალთა გროვას სითხის წვეთები აქრობდა. იარაღის ღერძსაც კი ხორცები ეკიდა. | ||
| 21 | ძვლებიც რომ დაუმტვრიეს, არც მაშინ დაუკვნესია კეთილშობილ ყრმას - აბრაამის ძეს, | ||
| 22 | არამედ თითქოსდა ცეცხლში უკვდავად გარდაქმნილი, ღირსეულად უძლებდა წამებას. | ||
| 23 | ამბობდა: მომბაძეთ, ძმებო, მარტო ნუ შემატოვებთ ასპარეზს, შემომფიცეთ სულიერი ძმობა! | ||
| 24 | საღვთო და წმიდა ომი გამართეთ რჯულისთვის; ჩვენი მამა-პაპის სამართლიანი განგება წყალობით მოხედავს ჩვენს ხალხს, შურს იძიებს მტარვალ მბრძანებელზე. | ||
| 25 | ეს თქვა ღვთისდარმა ჭაბუკმა და დალია სული. | ||
| 26 | ყრმის სულიერი სიმტკიცით გაოცებულმა მცველებმა გამოიყვანეს მომდევნო ძმა, მახვილბრჭყალებიან რკინის ხელებს დაუყენეს წინ, მერე საწამებელ იარაღზე დააკრეს. | ||
| 27 | ვიდრე აწამებდნენ, ურჩიეს ჭამა, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს. | ||
| 28 | აფთარივით მხეცებმა რკინის ხელებით დაძარღვეს იგი, ნიკაპამდე ხორცი შემოაგლიჯეს და თავზეც წააძრეს კანი. ის კი იტანდა ამ მძიმე წამებას და ამბობდა: | ||
| 29 | რაოდენ ტკბილია ყოველგვარი სიკვდილი მამაპაპეული რჯულისთვის და მტარვალს მიმართავდა: | ||
| 30 | ნუ გგონია, უსასტიკესო მტარვალო, ჩემზე ნაკლებ წამებას უძლებდე, როცა ხედავ როგორ მარცხდება შენი მტარვალური განზრახვა ჩვენი მოთმინებით რჯულის გულისთვის. | ||
| 31 | მე ხომ სიქველით მონიჭებული სიამის წყალობით ვიმსუბუქებ ტანჯვას, | ||
| 32 | შენ კი უღვთო მუქარა გაწამებს. ღვთიური რისხვის სამსჯავროს ვერ გაექცევი, უწმიდურო მტარვალო. |