| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
რატომ არის საკვირველი, თუ სულის ვნებებს სიკეთის წინაშე ძალა ეცლება. |
||
| 2 | განა გონიერი იოსები იმის გამო არ იმსახურებს ქებას, რომ გონებით ალაგმა განცხრომის ვნება? | ||
| 3 | რადგან მან ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ თანაყოფის შემძლემ, გონებით უვნებელყო გულისთქმათა ნესტარი. | ||
| 4 | და, როგორც ჩანს, არა მარტო განცხრომას, არამედ ყოველგვარ ვნებას სძლია გონებამ. | ||
| 5 | აკი გვაუწყებს რჯული: არ ისურვო შენი ახლობლის ცოლი, არც რაიმე ქონება შენი ახლობლისა. | ||
| 6 | მართლაც, როცა გვაუწყა რჯულმა - არ ისურვოო, უფრო მეტად დავრწმუნდით გონების ძალაში, რომ შეუძლია მას ვნებათა მართვა. ეს იმ ვნებებსაც ეხება, რომლებიც სამართლიანობას აბრკოლებენ. | ||
| 7 | რადგან როგორ შეიცვლის ზნეს მარტოდ მჭამელი, ან ღორმუცელა, ან ლოთი, თუკი გონება ნამდვილად ვნებათა უფალი არ არის? | ||
| 8 | ცხადია, რჯულის მიმდეკარი კაცი, რაგინდ ვერხლისმოყვარული არ უნდა იყოს იგი, იძულებული გახდება სარგებელის გარეშე გასცეს სესხი და შვიდეულთა დღესასწაულზე შეუმციროს კიდეც გადასახდელი თანხა. | ||
| 9 | მომჭირნეც რომ აღმოჩნდეს კაცი, რჯული გონების ძალით აიძულებს მას, ზედმეტი არც მოსავალი აიღოს, არც ვენახი გაკრიფოს პირწმინდად. სხვა ვნებების თაობაზეც ეს უნდა ვიცოდეთ: ვნებათა უფალია გონება. | ||
| 10 | რჯული მშობლების სიყვარულზეც მეტია, რადგან მათი გულისთვის ღირსებას არ ღალატობს კაცი. | ||
| 11 | ცოლის სიყვარულზეც უპირატესია, რადგან კაცი გაუკიცხავს არ სტოვებს რჯულის გამტეხ ცოლს. | ||
| 12 | შვილების სიყვარულზეც უფრო ძლიერია, რადგან კაცი სჯის შვილებს სიავისთვის. | ||
| 13 |
მეგობართა ურთიერთობებსაც მართავს, რადგან კაცი კიცხავს მეგობარსაც, თუ ბოროტება ჩაიდინა. |
||
| 14 | უაზრობად ნუ მოგეჩვენებათ, რომ გონებას რჯულის ძალით მტრობის დაძლევაც კი შეუძლია. ხომ არ იჩეხება მტრის ხელით დარგული ხეებიც კი, არამედ იცავენ მტრის ქონებას განადგურებისგან და ფეხზე აყენებენ წაქცეულს. | ||
| 15 | ცხადია, რომ გონება აოკებს უძლიერეს ვნებებს: ძალაუფლების სიყვარულს, ცუდმედიდობას, მკვეხარობას, ამბარტავნებას და ცილისმწამებლობას. | ||
| 16 | თრგუნავს ავზნიან ვნებებს ბრძნული გონება, ისევე როგორც მრისხანებას; ამ ვნების ბატონიც არის იგი. | ||
| 17 | როცა მოსე განურისხდა დათანსა და აბირონს, მრისხანებით კი არ მოიქცა მათ წინააღმდეგ, არამედ გონებით შეაკავა მრისხანება. | ||
| 18 | რადგან შეუძლია გონივრულ აზრს დასძლიოს ვნებები - ზოგი მოიშოროს, ზოგიც განაქარვოს. | ||
| 19 | მაშ, რის გამო ადანაშაულებდა ჩვენი ყოვლადბრძენი მამა იაკობი სიმონისა და ლევის ხალხს, როცა უაზროდ ამოჟლიტეს შექემელთა მთელი ტომი, წყეული იყოს მათი მრისხანებაო? | ||
| 20 | ამას არ იტყოდა იგი, რომ არ შეძლებოდა გონებას მრისხანების დათრგუნვა. | ||
| 21 | როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი, | ||
| 22 | და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე, | ||
| 23 | და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა. | ||
| 24 | ეს როგორ არის, იკითხავს კაცი, რომ ვნებათა მბრძანებელი გონება ვერ სძლევსო გულმავიწყობას და უმეცრებას? |