| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
მაშინ მეფემ მოიხმო ჰერმონი სპილოების ზედამხედველი და რისხვითა და დაუოკებელი ბრაზით აღსავსემ |
||
| 2 | უბრძანა, მეორე დღისთვის უხვად ეკმიათ საკმეველი და შეესმიათ განუზავებელი ღვინო ორმოცდაათივე სპილოსთვის, რამდენიც ჰყავდათ, და გაშმაგებული ცხოველები მიესიათ იუდაელებისთვის მათ დასაღუპად. | ||
| 3 | ეს განკარგულება რომ გასცა, გამართა ნადიმი და მოიწვია მეგობრები და მეომრები, ისინი, ვინც განსაკუთრებით მტრულად იყო განწყობილი იუდაელების მიმართ. | ||
| 4 | ხოლო სპილოთა ზედამხედველმა ჰერმონმა პატიოსნად შეასრულა ბრძანება. | ||
| 5 | საღამოხანს ამ საქმის აღმსრულებელნი მივიდნენ და ხელები შეუკრეს იმ უბედურთა და ყარაული დაუყენეს; დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ერთი ღამეც და ეს ტომი მთლიანად განადგურდებოდა. | ||
| 6 | მაგრამ ბორკილდადებული იუდაელები, წარმართებს რომ ყოველმხრივ შევიწროვებულნი და ყველანაირ მფარველობას მოკლებულნი ეგონათ, | ||
| 7 | ცრემლის ღვრითა და ღაღადისით მოუხმობდნენ ყოვლისმპყრობელ უფალს და ყოველი ძალის გამრიგეს, თავიანთ მოწყალე ღმერთსა და მამას, | ||
| 8 | შესთხოვდნენ, განერიდებინა მათგან ავი ზრახეა და დიადი გამოცხადებით დაეხსნა ისინი მათთვის გამზადებული ბედისწერისგან. | ||
| 9 | მათი მხურვალე ლოცვა-ვედრება ავიდა ცამდე. | ||
| 10 | როცა მძვინვარე სპილოებს უზომო ღვინო შეასვა და საკმევლით გააძღო, ჰერმონი დილით ადრე სასახლეში წარდგა, რათა მეფისთვის მზადყოფნა მოეხსენებინა. | ||
| 11 | მაგრამ უფალმა მოჰგვარა მეფეს ძილი - ეს კურთხეული ქმნილება, რომელიც დასაბამიდან, დღისით თუ ღამით, მის მიერ მიემადლება ყველას, ვისთვისაც მოისურვებს. | ||
| 12 | მეუფის წყალობით მოიცვა იგი ღრმა და ტკბილმა ძილმა და სრულიად ჩაიშალა მისი უღვთო ჩანაფიქრი და ურყევი გადაწყვეტილება. | ||
| 13 | ხოლო იუდაელები, რაკი მოსალოდნელ სასჯელს გადაურჩნენ, ადიდებდნენ თავიანთ წმიდა ღმერთს და კვლავ შესთხოვდნენ მათდამი ლმობიერად მომხედავს, ეჩვენებინა თავისი ყოვლისშემძლე მარჯვენის ძალა გათავხედებული წარმართებისათვის. | ||
| 14 | მეათე საათის ნახევარი არ იყო გასული, როცა მესტუმრეთუხუცესმა დაინახა თავშეყრილი სტუმრები და გასაღვიძებლად ეახლა მეფეს. | ||
| 15 | ძლივს გააღვიძა იგი და აუწყა, რომ უკვე იწურებოდა ნადიმის დრო და ანგარიში ჩააბარა შესრულებული დავალების თაობაზე. | ||
| 16 |
როცა გონს მოეგო, მეფე კვლავ მიუბრუნდა მას და უბრძანა ნადიმზე მოწვეულებს, ინახით დამსხდარიყვნენ მის წინ. |
||
| 17 | ბრძანება რომ შესრულდა, მეფემ თანამეინახეებს მოუწოდა, ნადიმის დარჩენილი დრო მხიარულად გაეტარებინათ. | ||
| 18 | როცა ლხინში შევიდნენ, მეფემ დაიბარა ჰერმონი და მკაცრად ჰკითხა, თუ რა მიზეზით გადარჩნენ დღევანდელ დღეს იუდაელები. | ||
| 19 | მან მოახსენა, რომ წინა ღამითვე ჰქონდა განკარგულება შესრულებული; მეფის მეგობრებმაც დაადასტურეს ეს. | ||
| 20 | მაშინ ფალარისზე უარესად გაშმაგებულმა მეფემ თქვა: დაე, დღევანდელ ძილს უმადლოდნენო იუდაელები, და უბრძანა ჰერმონს მეორე დღისთვის, დაუყოვნებლივ, განკარგულებისამებრ მოემზადებინა სპილოები ურჯულო იუდაელების შესამუსრავად. | ||
| 21 | მეფის ამ სიტყვებზე ყველა იქ მყოფმა ხალისით გამოხატა კმაყოფილება და თავთავიანთ სახლებში წავიდნენ. | ||
| 22 | მაგრამ ის ღამე ძილში კი არ გაატარეს, არამედ ფიქრობდნენ, როგორ დაემცირებინათ ხალხი, რომელიც სასიკვდილოდ განწირულად მიაჩნდათ. | ||
| 23 | დილაადრიანად, როგორც კი მამალმა იყივლა, მოამზადა ჰერმონმა მხეცები და დიდი პერისტილონიდან დაძრა ისინი. | ||
| 24 | ბევრმა მოიყარა თავი ქალაქიდან ამ საცოდაობის სახილველად და მოუთმენლად ელოდნენ გათენებას. | ||
| 25 | იუდაელები კი სულგამწარებულნი ცრემლებს ღვრიდნენ და გოდებით იწვდიდნენ ხელებს ცისკენ; ევედრებოდნენ დიდ ღმერთს, კვლავაც მოევლინებინა მათთვის ხსნა. | ||
| 26 | ჯერ კიდევ მზის სხივების მოფენამდე, როცა მეფე თავის მეგობრებს იღებდა, მოვიდა ჰერმონი და მოახსენა, რომ ყველაფერი მზად იყო მეფის განკარგულების აღსასრულებლად, და გასასვლელისკენ იწვევდა მათ. | ||
| 27 | ნათქვამითა და გასასვლელისკენ მოულოდნელი მიწვევით განცვიფრებულმა მეფემ, რადგან სრულიად დავიწყებული ჰქონდა თავისი განკარგულება, იკითხა, თუ რა საქმეს აღასრულებენ მისთვის ესოდენი გულმოდგინებით. | ||
| 28 | ასეთი იყო ქმედება ყოვლისგამრიგე ღმერთისა, რომელმაც დაავიწყა მეფეს ყველაფერი, რაც მოფიქრებული ჰქონდა. | ||
| 29 | ხოლო ჰერმონმა და მეფის მეგობრებმა მიახედეს მხეცებისკენ და ჯარისკენ და უთხრეს: ყველაფერი მზადაა, მეფეო, შენი განკარგულებისამებრ. | ||
| 30 | ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე დიდად განრისხდა, რადგან ღვთაებრივმა განგებამ გონებიდან გაუფანტა ჩანაფიქრი და სახეგამწყრალმა მუქარით თქვა: | ||
| 31 |
შენი მშობლები და შვილები რომ ყოფილიყვნენ აქ, მათ გავამზადებდი მხეცებისთვის სანადიმოდ იუდაელების ნაცვლად, რომლებმაც თავდადება და ერთგულება დამიმტკიცეს. |
||
| 32 | რომ არ მიყვარდე, რადგან ერთად ვართ გაზრდილნი და არ მჭირდებოდე, მათ ნაცვლად შენ გამოეთხოვებოდი სიცოცხლეს. | ||
| 33 | ასე დაატყდა თავზე ჰერმონს მოულოდნელი და სახიფათო მუქარა და შეეცვალა მზერა და სახე. | ||
| 34 | მეფის მეგობრებიც ყველანი მოღუშულები წავიდნენ, წვეულება დაიშალა და თითოეული თავის საქმეს ეწია. | ||
| 35 | იუდაელებმა კი, მეფის ნათქვამი რომ შეიტყვეს, ადიდეს გამოცხადება ღმერთისა, მეფეთა მეფისა, რომელმაც მოუტანა მათ ხსნა. | ||
| 36 | ეს რომ დაადგინა მეფემ, კვლავ გამართა ნადიმი და სამხიარულოდ მოიწვია სტუმრები. | ||
| 37 | ხოლო ჰერმონი მოიხმო და მუქარით უთხრა: რამდენჯერ უნდა გიბრძანო, უმაქნისო, ეს საქმე? | ||
| 38 | კიდევ მოამზადე სპილოები ხვალისთვის იუდაელთა გასანადგურებლად. | ||
| 39 | ხოლო მეფის დაახლოებულმა პირებმა, რომლებიც სუფრას უსხდნენ მასთან ერთად, გაიკვირვეს მეფის მერყეობა და მოახსენეს: | ||
| 40 | ვიდრემდის უნდა გვცდიდე, მეფეო, როგორც ბრიყვებს? აკი უკვე მესამეჯერ ბრძანებ იუდაელთა მოსპობას და საქმე საქმეზე როცა მიდგება, ცვლი და აუქმებ დადგენილებას. | ||
| 41 | მოლოდინშია მთელი ქალაქი და შფოთავს; უამრავი ხალხით არის ავსებული და გაძარცვის მუდმივ საფრთხეშია. | ||
| 42 |
ხოლო მეფემ, ყველაფერში ფალარისის მსგავსმა და უგუნურებით აღვსილმა, ჩაიხშო იუდაელთა მიმართ აღძრული სინანულის გრძნობა და სასტიკი ფიცით დაიფიცა, რომ დაუყოვნებლივ შავეთში გაგზავნიდა ცხოველთა ფეხქვეშ გათელილ იუდაელებს. |
||
| 43 | შემდეგ კი იუდაზე გაილაშქრებდა და ცეცხლითა და მახვილით მიწასთან გაასწორებდა მას; სწრაფად დაამხობდა მისთვის მიუწვდომელ ტაძარს, ცეცხლით გადაბუგავდა და სამუდამოდ გააუკაცრიელებდა მსხვერპლის შემწირველთაგან. | ||
| 44 | მაშინ მეფის მეგობრები, დაახლოებული პირები, დიდი სიხარულით დაიშალნენ და გულდაჯერებულებმა ჯარები ქალაქის ყველაზე მოხერხებულ ადგილებში განალაგეს დასაცავად. | ||
| 45 | როცა სპილოთა ზედამხედველმა გამაბრუებელი სასმელით - საკმეველნარევი ღვინით ლამის სიგიჟემდე მიიყვანა ცხოველები და საშინელი იარაღებით აღჭურვა ისინი, | ||
| 46 | და ქალაქიც აივსო იპოდრომისკენ მიმავალი ურიცხვი ბრბოებით, ეახლა იგი მეფეს და შეახსენა აღსასრულებელი საქმე. | ||
| 47 | მეფეც, მძიმე რისხვითა და უღვთო განზრახვით აღძრული, მთელს ამალასთან ერთად გავიდა იპოდრომზე, რათა გულგაქვავებულს საკუთარი თვალით ეყურებინა განწირული ხალხის უწყალო განადგურებისთვის. | ||
| 48 | როგორც კი იუდაელებმა შეამჩნიეს კარიბჭიდან მომავალი სპილოების, მათი თანმხლები ჯარებისა და ბრბოს მსვლელობით ავარდნილი მტვრის კორიანტელი, და გაიგონეს ყურთასმენის წამღები ხმაური, | ||
| 49 | იფიქრეს, სიცოცხლის უკანასკნელი წუთებიღა დაგვრჩენია და დასრულდა ჩვენი მოლოდინიო, მოთქმა-გოდებით დაუწყეს ერთმანეთს ყელზე კოცნა, ეხვეოდნენ ერთმანეთს ნათესავები: მშობლები - შვილებს, დედები - ყრმებს, ზოგი მკერდში იხუტებდა ახალშობილ ჩვილებს, უკანასკნელად რომ სწოვდნენ ძუძუს. | ||
| 50 | მაგრამ როცა გაიხსენეს ამასწინათ ზეცით მოვლენილი სასწაული, ერთსულოვნად პირქვე დაემხნენ, მოიცილეს რა მკერდიდან ჩვილები; | ||
| 51 | ხმამაღლა შეღაღადეს ძალთა გამრიგეს და შესთხოვეს, გამოცხადებულიყო და შეეწყალებინა შავეთის კარიბჭეს მიყენებულნი. |