| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
მითხრა: დედამიწის დასაბამიდან, ვიდრე აღიმართებოდა სამყაროს კარიბჭენი, ვიდრე ერთიანად იქროლებდნენ ქარები, |
||
| 2 | ვიდრე გაისმებოდა ქუხილის ხმები, ვიდრე აკაშკაშდებოდა ელვა, ვიდრე გამყარდებოდა სამოთხის საფუძველნი, | ||
| 3 | ვიდრე გამოჩნდებოდა ყვავილთა მშვენება, ვიდრე შეწყდებოდა ძალთა ძვრანი, ვიდრე თავს მოიყრიდა ანგელოზთა უთვალავი ლაშქარი, | ||
| 4 | ვიდრე აიზიდებოდა ჰაერის სიმაღლე, ვიდრე სახელი დაერქმეოდა ცამყართა საზომებს, ვიდრე გაჩაღდებოდა სიონში კერები, | ||
| 5 | ვიდრე აღირაცხებოდა არსებული წლები, ვიდრე გაუცხოვდებოდა იმათი გამონაგონნი, ვინც ახლა სცოდავს, ვიდრე დაიბეჭდებოდნენ რწმენის დამცველნი, | ||
| 6 | მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ და ბოლოც ჩემს მიერ, არა სხვის მიერ. | ||
| 7 | ვიკითხე და ვთქვი: რა იქნება დროთა გამიჯვნა? ან როდის დადგება წინანდელის ბოლო და მომდევნოს დასაწყისი? | ||
| 8 | მითხრა: აბრაამიდან ისაკამდე, როცა იშვნენ მისგან იაკობი და ესავი, დასაბამითვე იაკობის ხელს ეჭირა ესავის ქუსლი. | ||
| 9 | ამიტომ ამ წუთისოფლის ბოლოა ესავი, ხოლო იაკობი - მომდევნოს დასაბამი. | ||
| 10 | რადგან ადამიანის დასაბამი მისი ხელია, ადამიანის ბოლო კი მისი ქუსლი. სხვას ნურაფერს ეძიებ, ეზრა. | ||
| 11 | ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, | ||
| 12 | გევედრები, უჩვენო შენს მორჩილს იმ შენი ნიშნების ბოლო, რომელთა ნაწილიც გუშინ ღამით განმიცხადე. | ||
| 13 | მიპასუხა და მითხრა: დადექი ფეხზე და ისმინე გრგვინვით აღსავსე ხმა, | ||
| 14 | და იქნება ძვრასავით, ჩემგან შეირყევა ადგილი, სადაც დგახარ. | ||
| 15 | ვიდრე ხმა ლაპარაკობს, ნუ გეშინია, რადგან დასასრულზეა სიტყვა და მიწის საფუძველი იგულისხმება. | ||
| 16 |
რადგან ამათ შესახებ არის ლაპარაკი, მიწაც შეირყევა და შეიძვრის; რადგან იცის, რომ უნდა შეიცვალოს მათი ბოლო. |
||
| 17 | როცა ეს გავიგონე, ფეხზე დავდექი და მომესმა: ხმა ლაპარაკობს და წყალდიდობასავით ისმის მისი ხმაური. | ||
| 18 | თქვა: აჰა, მოდის დღეები და როცა დავიწყებ მოახლოებას, რომ მოვიხილო მიწის მკვიდრნი, | ||
| 19 | როცა მიავკითხავ მათ, ვისაც უსამართლობით ბოროტება მოაქვს, როცა ზღვარს გადავა სიონის სიმდაბლე. | ||
| 20 | როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი, განსვლად გამზადებული, ამ ნიშნებს მოგივლენთ: გადაიშლება წიგნები ცამყარის წინაშე და ყველანი ერთად იხილავენ ამას. | ||
| 21 | ერთი წლის ჩდილები თავიანთი ხმით ამეტყველდებიან და ფეხმძიმენი გააჩენენ უდღეურ შვილებს სამ და ოთხ თვეზე, ცოცხლები დარჩებიან და გაიზრდებიან. | ||
| 22 | დათესილი ადგილები უეცრად დაუთესავად გამოჩნდება და სავსე საცავები უეცრად ცარიელები აღმოჩნდებიან. | ||
| 23 | ხმამაღლა ახმიანდება საყვირი და, ვინც კი გაიგონებს, ყველა შეძრწუნდება. | ||
| 24 | ისე მოხდება იმხანად, რომ მტრებივით წაეკიდებიან ერთმანეთს მეგობრები და შეძრწუნდება ამის გამო მიწა; და წყაროთა ნაკადულები დადგება და სამ საათსაც არ იდენს წყალი. | ||
| 25 | ყველა, ვინც გადაურჩება ამ ამბებს, რაც გიწინასწარმეტყველე, თავად იხსნის თავს და იხილავს ხსნას ჩემგნით და თქვენი წუთისოფლის აღსასრულს. | ||
| 26 | იხილავენ გადარჩენილნი, რომელთაც შობითგან არ უგემიათ სიკვდილი, შეიცვლება მიწის მკვიდრთა გული და გუნება მათი გარდაიქმნება. | ||
| 27 | წარიხოცება ბოროტება და აღიგვება სიცრუე. | ||
| 28 | რწმენა კი აყვავდება და დაიძლევა ხრწნილება, გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი. | ||
| 29 | როცა მელაპარაკებოდა, აჰა, ვიგრძენი, რთშ თანდათან რყევა დაიწყო მიწამ, სადაც ვიდექი. | ||
| 30 | მითხრა: მოვედი, რათა გიჩვენო ამაღამდელი ჟამი. | ||
| 31 |
ხოლო თუ კვლავ ილოცებ და კვლავ შვიდ დღეს იმარხულებ, კვლავ გაუწყებ იმაზე მეტს, რაც გაუწყე იმ დღეს, როცა მოგისმინე. |
||
| 32 | შეწყნარებულ იქნა შენი ხმა უზენაესის წინაშე. იხილა ძლიერმა შენი სიწრფელე და განჭვრიტა შენი სათნოება, სიყმაწვილიდანვე რომ გჩვეოდა. | ||
| 33 | ამიტომ მომავლინა, რათა მეჩვენებინა შენთვის ეს ყველაფერი და მეთქვა: ირწმუნე და ნურაფრის გეშინია, | ||
| 34 | ნუ აჩქარდები პირველ ჟამთა ფუჭ საფიქრალზე, ნურც უკანასკნელ ჟამთა შეცნირას ნუ ესწრაფი. | ||
| 35 | ამის შემდეგ იყო, რომ კვლავ ტირილში და მარხვაში გავატარე შვიდი დღე, რათა შემესრულებინა სამი შვიდეული, როგორც მმართებდა. | ||
| 36 | მერვე ღამეს იყო, რომ კვლავ ამიფორიაქდა გული მკერდში და დავიწყე ლაპარაკი უზენაესის წინაშე. | ||
| 37 | რადგან სულზე ცეცხლი მეკიდა და ვიტანჯებოდი. | ||
| 38 | ვთქვი: უფალო, როცა ამეტყველდი შესაქმის დასაბამიდან, პირველ დღეს წარმოთქვი: იყოს ცა და მიწა, და აღასრულა საქმე შენმა სიტყვამ, | ||
| 39 | იყო მაშინ სული და ირგვლივ წყვდიადი და დუმილი იდგა, ადამიანის ხმის ბგერა ჯერ არ იყო შენგნით, | ||
| 40 | მაშინ შენ ბრძანე, გამოტევებულიყო შენი საგანძურიდან ნათელი შენთა საქმეთა გამოსაჩენად. | ||
| 41 | მეორე დღეს შექმენი ცამყარის სული და უბრძანე მას, გაეყარა და დაენაწილებინა წყლები, რათა ნაწილი მათი ზემოთ ასულიყო, ნაწილი კი ქვევით დარჩენილიყო. | ||
| 42 | მესამე დღეს უბრძანე წყლებს შეგროვილიყვნენ დედამიწის მეშვიდედ ნაწილში, ექვსი ნაწილი კი დააშრე და შემოინახე რომ აქედან აღსრულებულიყო შენს წინაშე ღვთისგან დათესილი და ზრუნვილი მსახურება. | ||
| 43 | გამოვიდა შენი სიტყვა და უმალ საქმედ იქცა. | ||
| 44 | უეცრად გაჩნდა უთვალავი და ყოველგვარი გემოს ნაყოფი, ფერუცვლელი და უცხო სურნელების ყვავილები. მესამე დღეს შეიქმნა ეს ყოველივე. | ||
| 45 | მეოთხე დღეს ბრძანე, შექმნილიყო მზის ბრწყინვალება, მთვარის ნათელი და ვარსკვლავთა წყობა. | ||
| 46 |
უბრძანე მათ, ემსახურათ ადამიანისთვის, რომელიც მომავალში უნდა გამოსახულიყო. |
||
| 47 | მეხუთე დღეს უბრძანე მეშვიდე ნაწილს, სადაც წყლები იყო დაგროვებული, წარმოექმნა ცხოველები, ფრინველვბი და თევზები, და იქმნა ასე. | ||
| 48 | და წყალიც, უტყვი და უსულო, ღვთის ნების მორჩილი, ქმნიდა ცხოველებს, რათა ამით გაეცხადებინათ შენი სასწაულები ხალხებისთვის. | ||
| 49 | მაშინ შენ შემოინახე ორი არსება - ერთს სახელად უწოდე ჰენოქი, ხოლო მეორეს უწოდე სახელად ლევიათანი. | ||
| 50 | გამოაცალკევე ისინი ერთურთისგან, რადგან ვერ შეძლებდა მეშვიდე ნაწილი, სადაც წყლები იყო შეგროვილი, მათ დატევას. | ||
| 51 | მიეცი ჰენოქს ერთი ნაწილი, რომელიც მესამე დღეს გაშრა, რათა ვცხოვრა იქ, სადაც ათასი მთაა. | ||
| 52 | ლევიათანს კი მიეცი მეშვიდე ნაწილი, წყლიანი, და შემოინახე იგი შთასანთქმელად მისთვის, ვისაც ინებებ და როცა ინებებ. | ||
| 53 | მეექვსე დღეს კი უბრძანე მიწას, შეექმნა შენს წინაშე საქონელი, ნადირი და ქვეწარმავალნი. | ||
| 54 | ამათ შემდეგ კი - ადამი, რომელიც დაადგინე ყოველი შენი ქმნილების წინამძღოლად და მისგან გამოვდივართ ჩვენ ყველანი - ხალხი, რომელიც შენ აირჩიე. | ||
| 55 | ეს ყველაფერი ვთქვი შენს წინაშე, უფალო, რადგან ჩვენთვის შექმენი ეს წუთისოფელი. | ||
| 56 | ხოლო დანარჩენ ხალხებს, ადამისგან წარმოშობილთ, უთხარი, რომ არარანი არიან ისინი, და ნერწყვის მსგავსნი არიან, ჭურჭლიდან გადმოცვენილ წვეთებს მიამსგავსე მათი სიმრავლე. | ||
| 57 | ახლა კი, უფალო, სწორედ ეს ხალხები, არარაობად რომ არიან შერაცხილნი, იწყებენ ჩვენზე მომძლავრებას და ჩვენს შთანთქმას. | ||
| 58 | ჩვენ კი, შენი ერი, პირმშოს, მხოლოდშობილს, შენს მოშურნეს რომ გვიწოდებ, ჩავარდნილნი ვართ მათ ხელში. | ||
| 59 | და თუ ჩვენთვის არის შექმნილი ეს წუთისოფელი, რატომ არ ვფლობთ მემკვიდრეობას ამ წუთისოფელთან ერთად? როდემდის იქნება ასე? |