| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ახლა ნიშანთა თაობაზე: აჰა, მომავალი დღეები, როცა მიწის მკვიდრთ შეიპყრობს დიდი შიში, დაიფარება გზა ჭეშმარიტებისა და რწმენისაგან დაიცლება ქვეყანა. |
||
| 2 | გახშირდება უსამართლობა იმაზე მეტად, ვიდრე თავად ხედავ და ვიდრე ოდესმე გსმენია; | ||
| 3 | სამეფო, რომელსაც ახლა გამართულს ხედავ, უკაცრიელი და უვალი გახდება და გაუდაბურებულს იხილავენ. | ||
| 4 | თუ უზენაესი მოგანიჭებს სიცოცხლეს, ამას იხილავ მესამე საყვირის შემდეგ; უეცრად გაანათებს მზე ღამეს და დღეში სამჯერ გამოჩნდება მთვარე. | ||
| 5 | ხიდან იწვეთებს სისხლი და ქვა გამოიღებს ხმას, და შეძრწუნდებიან ხალხები. | ||
| 6 | გამეფდება, ვისაც არ ელოდნენ მიწის მკვიდრნი, და ერთად გადაიხვეწებიან ფრინველები. | ||
| 7 | სოდომის ზღვა გამორიყავს თევზებს და ხმას გამოსცემს ღამე, რასაც ბევრი ვერ მიხვდება, თუმცა მის ხმას ყველა გაიგონებს. | ||
| 8 | იქნება აღრეულობა მრავალ ადგილას და ხშირად მოევლინებათ ცეცხლი და ველური მხეცები გადაიხვეწებიან და დედათა წესში მყოფნი ურჩხულებს დააჩენენ. | ||
| 9 | მტკნარი წყლები მლაშედ იქცევა და მეგობრები გადაეკიდებიან ერთმანეთს; მაშინ დაიფარება გონება და განცალკევდება სიბრძნე თავის სამყოფელში. | ||
| 10 | ბევრი დაუწყებს მას ძებნას და ვერ იპოვის და გახშირდება უსამართლობა და ძალადობა დედამიწის ზურგზე. | ||
| 11 | შეეკითხება ქვეყანა თავის მეზობელს და ეტყვის: ხომ არ გამოუვლია შენზე სამართლიანობას ან სამართლისმყოფელსო? არაო, მიუგებს. | ||
| 12 | მოხდება იმხანად, რომ ადამიანებს ექნებათ იმედი, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ: იშრომებენ, მაგრამ ვერ წარემართებათ გზები. | ||
| 13 | ნება მომეცა, რომ ეს ნიშნები გაგიმხილო. და კვლავაც თუ ილოცებ, იტირებ, როგორც ახლა, და იმარხულებ შვიდ დღეს, მოისმენ ამაზე მეტსაც. | ||
| 14 | გამოვფხიზლდი და ტანი მიცახცახებდა; ისე იყო დამაშვრალი ჩემი სული, ლამის წამსვლოდა. | ||
| 15 | მაშინ შემეწია ანგელოზი, რომელიც მომევლინა, რომელიც მელაპარაკებოდა, გამამხნევა და ფეხზე დამაყენა. | ||
| 16 | მეორე ღამეს იყო, რომ მომევლინა სალათიელი, ხალხის წინამძღოლი და მითხრა: სად იყავი და რად გაქვსო მწუხარე სახე; | ||
| 17 |
ნუთუ არ იცი, რომ შენზეა მონდობილი ისრაელი თავისი გადასახლების ქვეყანაში? |
||
| 18 | მაშ, ადექი და იგემე პური და ნუ გაგვწირავ, როგორც მწყემსი თავის ფარას ბოროტი მგლების ხელში. | ||
| 19 | ვუთხარი: განვედი ჩემგან და ნუ მომიახლოვდები-მეთქი. მან გაიგონა ჩემი ნათქვამი და გამეცალა. | ||
| 20 | შვიდ დღეს ვმარხულობდი, მგლოვარე და მოტირალი, როგორც მიბრძანა ურიელ ანგელოზმა. | ||
| 21 | შვიდი დღის შემდეგ იყო, რომ კვლავ დამიმძიმდა გულის ფიქრები. | ||
| 22 | მაშინ კვლავ მიიღო ჩემმა სამშვინველმა გონების სული და კვლავაც ღირსი შევიქენი საუბრისა უზენაესის წინაშე. | ||
| 23 | ვთქვი: მბრძანებელო უფალო, დედამიწის ტყეებისა და მის ხეთა შორის შენ ერთადერთი ვაზი აირჩიე; | ||
| 24 | დედამიწის ყველა ადგილს შორის ერთი მღვიმე აირჩიე, დედამიწის ყველა ყვავილს შორის ერთი შროშანი აირჩიე, | ||
| 25 | ზღვის ყველა უფსკრულიდან ერთი მდინარე აივსე შენთვის, ყველა აშენებულ ქალაქს შორის სიონი აკურთხე შენთვის, | ||
| 26 | ყველა შექმნილ ფრინველს შორის ერთადერთი მტრედი დაასახელე, შენ მიერ გამოსახულ ყველა პირუტყვს შორის ერთი ცხვარი განიკუთვნე, | ||
| 27 | ყველა მრავალრიცხოვან ხალხს შორის ერთი ხალხი შეიძინე და ყველასგან მოწონებული რჯული მიეცი ხალხს, რომელიც შეიყვარე. | ||
| 28 | მაგრამ ახლა, უფალო, ერთი მრავალს რად ჩაუგდე ხელში? ერთ ძირზე სხვები გაგიმზადებია და მრავალში გაგიფანტავს შენი ერთადერთი. | ||
| 29 | ფეხით გათელეს იგი მათ, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ შენს აღთქმებს, ვისაც არ სწამდა შენი დაპირებებისა. | ||
| 30 | თუ ასე შეიძულე შენი ხალხი, ბარემ შენი ხელითვე დაისაჯოს. | ||
| 31 | ამ სიტყვებს რომ ვამბობდი, მომევლინა მე ანგელოზი, რომელიც წინა ღამით იყო ჩემთან მოსული. | ||
| 32 | მითხრა: მისმინე და დაგარიგებ; ყური მიგდე და უფრო მეტს გეტყვი. | ||
| 33 |
ვთქვი: ილაპარაკე-მეთქი, ჩემო უფალო. მითხრა: მეტისმეტად ბევრს ფიქრობ ისრაელზე. ნუთუ შენს შემოქმედზე მეტად გიყვარს? |
||
| 34 | ვუთხარი: არა, უფალო, შეწუხებული ვლაპარაკობ-მეთქი. რაკი ყოველწამს ნაწლავები მიშფოთავს უზენაესის ბილიკთა შეცნობის მოწადინეს, მისი სამართლის თუნდაც მცირედი წილის მაძიებელს-მეთქი. | ||
| 35 | მითხრა: ვერ შეძლებ. ვკითხე: რატომ-მეთქი, უფალო? რისთვის გავჩნდი, ან რად არ მექცა დედაჩემის საშო საფლავად, რომ იაკობის ტანჯვა და ისრაელის მოდგმის ჭაპანწყვეტა არ მეხილა-მეთქი? | ||
| 36 | მითხრა: დამითვალე, რაც ჯერ არ შემოსულა, შემიგროვე გაბნეული წვეთები, და ხელახლა ამიმწვანე დამჭკნარი ყვავილები, | ||
| 37 | გამიღე დაკეტილი საცავები და გამომიყვანე მათში ჩამწყვდეული ქარები, მაჩვენე ხმის ხატი და მეც გიჩვენებ ტანჯვას, რომლის ხილვასაც ითხოვ. | ||
| 38 | ვთქვი: მბრძანებელო უფალო, ვინ არის ის, ვისაც ამის ცოდნა ძალუძს, თუ არა იგი, ვისაც არა აქვს ადამიანებთან სამკვიდრებელი? | ||
| 39 | მე კი უმეცარმა რა გიპასუხო შენს შეკითხვებზე? | ||
| 40 | მითხრა: რაკი ერთიც ვერ შეასრულე ამ ნათქვამებიდან, ასევე ვერ შესძლებ ჰპოვო ჩემი სამართალი ან ის საბოლოო მადლი, რომელიც ხალხს აღვუთქვი. | ||
| 41 | ვთქვი: მაგრამ, აჰა, უფალო, შენ ახლოს ხარ მათთან, ვინც ბოლოში არიან, მაგრამ რა ქნან მათ, ვინც ჩემამდე იყვნენ, ან ჩვენ, ან მათ, ვინც ჩვენ შემდეგ იქნებიან? | ||
| 42 | მითხრა: გვირგვინს მივამსგავსებ ჩემს სამართალს, არც უახლესთა დაყოვნება იქნება, არც წინათა სისწრაფე. | ||
| 43 | ვუპასუხე და ვთქვი: ნუთუ ვერ შეძლებ ერთად ქმნა ყველა, ვინც ყოფილა, ვინც არის და ვინც იქნება, რათა უფრო სწრაფად გააცხადო შენი სამართალი? | ||
| 44 | მიპასუხა და თქვა: არ შეუძლია ქმნილებას შემოქმედზე უფრო აჩქარდეს; ვერც წუთისოფელი აიტანს ერთიანად ყველაფერს, რაც მასშია შესაქმნელი. | ||
| 45 | ვთქვი: მაშ, როგორ უთხარი შენს მორჩილს, რომ შენ, ცხოველმყოფელმა, ერთბაშად მიანიჭე სიცოცხლე შენს ქმნილებას და აიტანა ეს ქმნილებამ. ახლაც შეძლებდნენ ერთბაშად ამის ატანას ამჟამად არსებულნიც. | ||
| 46 | მითხრა: ჰკითხე დედაკაცის საშოს და უთხარი: თუკი ბადებ, რაღა ჟამიდან ჟამზე ბადებ-თქო? მოსთხოვე, ბარემ ათივე ერთბაშად გააჩინოს. | ||
| 47 | ვთქვი: ვერაფრით შეძლებს, მხოლოდ დროგამოშვებით თუ შესძლებს-მეთქი. | ||
| 48 |
მითხრა: და მეც მივეცი იმათ მიწის საშო, ჟამიდან ჟამზე რომ ითესებიან მასში. |
||
| 49 | როგორც ჩვილს არ შეუძლია შობა და არც მოხუცებულს, ასევე განვაწესე მე ჩემი შექმნილი წუთისოფელი. | ||
| 50 | შევეკითხე და ვთქვი: რაკი გზას მაძლევ, ამას გეტყოდი: ჩვენი დედა, ვისზეც მელაპარაკე, ჯერაც ახალგაზრდაა, თუ სიბერეში შევიდა უკვე? | ||
| 51 | მიპასუხა და თქვა: ჰკითხე მას, ვინც ბადებს და გეტყვის. | ||
| 52 | უთხარი: რატომ არ გვანან ისინი, ვინც ახლახან გააჩინე, წინათ გაჩენილებს? რატომ არიან უფრო ტანმორჩილნი-თქო? | ||
| 53 | თავად გეტყვის: სხვანი არიან ისინი, ვინც ჭაბუკური ძალით გავაჩინე და სხვანი არიან, ვინც სიბერის ხანაში, საშოს დაუძლურებისას იშვნენ. | ||
| 54 | თავად განსაჯე: თქვენ ხომ მათზე ტანმორჩილნი ხართ, ვინც თქვენს წინ იყვნენ. | ||
| 55 | შენი შემდგომნი კი შენზე კნინები იქნებიან, როგორც ქმნილებანი დაბერებულთა და სიჭაბუკის ძალაგამოცლილთა. მაშინ ვთქვი: გთხოვ, უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, აჩვენე შენს მორჩილს, როგორ ეცხადები შენს ქმნილებას? |