| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
გამოხდა მცირე ხანი და მეფემ იუდაში ერთი ათენელი უხუცესი გაგზავნა, რომ დაეყოლიებინა იუდაელები, მამათა წესებს განდგომოდნენ და ღვთის რჯულით აღარ ეცხოვრათ. |
||
| 2 | კიდეც შეებილწათ იერუსალიმის ტაძარი და ეწოდებინათ მისთვის ტაძარი ოლიმპიელი ზევსისა; ხოლო გარიზიმში კი, რაკი მის მიდამოებში უცხოელები ცხოვრობდნენ, ტაძრისთვის სტუმართმოყვარე ზევსის სახელი დაერქმიათ. | ||
| 3 | მძიმე და ყველასთვის მტანჯველი იყო თავს დატეხილი უბედურება. | ||
| 4 | აღივსო ტაძარი აღვირახსნილობით და წარმართთა უზნეობით, რომლებიც უზრუნველად ატარებდნენ დროს მეძავებთან, ტაძრის უწმიდეს ადგილებში მრუშობდნენ ქალებთან და შიგნით შესაწირად შეჰქონდათ ყოველგვარი აკრძალული. | ||
| 5 | აღივსო სამსხვერპლო უკადრისი, რჯულით აკრძალული შენაწირებით. | ||
| 6 | აღარ იცავდნენ აღარც შაბათს, აღარც მამაპაპეულ დღესასწაულს, ისე რომ, იუდაელებიც კი აღარ ეთქმოდათ. | ||
| 7 | ყოველთვიურად, მეფის დაბადების დღეს, სასტიკი ძალდატანებით გაჰყავდათ იუდაელები კერპთაყვანისმცემელთა წესის აღსასრულებლად, ხოლო დიონისეს დღესასწაულზე საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდნენ, და, სუროს გვირგვინებით თავშემკობილნი, დიონისეს მიაგებდნენ პატივს. | ||
| 8 | პტოლემეოსის შთაგონებით, მეზობელ ელინურ ქალაქებსაც დაუდგინეს, რომ ამგვარადვე ემოქმედათ იუდაელთა მიმართ და აეძულებინათ ისინი, კერპთმსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა. | ||
| 9 | ხოლო ვინც არ მოინდომებდა ელინურ ადათებზე გადასვლას, დაეხოცათ. უნდა გენახათ, რა ცოდვის დღე დატრიალდა. | ||
| 10 | ორი ქალი, ბავშვთა წინადაცვეთაში ბრალდებულნი, ძუძუებზე მიკრული ჩვილებით მთელი ქალაქის თვალწინ ჩამოატარეს და გალავნიდან გადაჩეხეს. | ||
| 11 | სხვები კი, ვინც მახლობელ გამოქვაბულებში გარბოდა, რათა მეშვიდე დღე მალულად ედღესასწაულა, ფილიპესთან დააბეზღეს და ერთიანად გადაბუგეს, რადგან ისინი თავდაცვას არც ცდილან, რომ ამით უწმიდესი დღესასწაული არ შეელახათ. | ||
| 12 | ვისაც ეს წიგნი ხელთ ჩაუვარდება, ვთხოვ, არ შეუშინდეს ამგვარ ბედუკუღმართობას, პირიქით, ჩათვალოს, რომ ეს სასჯელი დასაღუპად კი არა, ჩვენი ხალხის გამოსაფხიზლებლად იყო გამიზნული. | ||
| 13 | ბიწიერებას რომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი. | ||
| 14 | რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. ჩვენ კი ასე არ გვექცევა იგი; | ||
| 15 | არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე. | ||
| 16 |
ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და, თუმცა უბედურებით კი გვსჯიდა, მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი. |
||
| 17 | მაგრამ ამას შეგონებისათვის შეგახსენებთ და მცირედი წიაღსვლის შემდეგ თხრობაზე გადავდივარ. | ||
| 18 | ელეაზარს, ერთ-ერთ პირველ მწიგნობარს, უკვე ასაკოვან კაცს, თუმცა სილამაზით ჯერ კიდევ გამორჩეულს ძალათი გაუღეს პირი და ღორის ხორცის ჭამას აიძულებდნენ. | ||
| 19 | მან კი ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი ამჯობინა და ნებაყოფლობით გასწირა საწამებლად თავი. | ||
| 20 | იგი უკან აფურთხებდა ხორცს, როგორც ეს შეეფერება კაცს, რომელიც მიუხედავად სიცოცხლის სიყვარულისა, ბედავს უარი თქვას აკრძალული საჭმლის ჭამაზე. | ||
| 21 | ხოლო ურჯულო მსხვერპლშეწირვისთვის განწყობილნი, ვისაც კი ამ უხუცესთან მრავალი წლის ნაცნობობა აკავშირებდა, გაიხმობდნენ ხოლმე მას და ცალ-ცალკე ჩუმად სთხოვდნენ, ეჭამა საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი, ის, რისი ჭამაც ნებადართული იყო, თან თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს მეფის ბრძანებით შემოთავაზებულ სამსხვერპლო ხორცს ჭამდა. | ||
| 22 | რადგან ამით იგი სიკვდილისგანაც დაიხსნიდა თავს და, ძველი სიყვარულის წყალობით, მათი კაცთმოყვარებითაც ისარგებლებდა. | ||
| 23 | მაგრამ ელეაზარმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება - მის ასაკს, ღირსეულ ხანდაზმულობასა და სახელოვან ჭაღარას რომ ეკადრებოდა და შედეგი იყო სიყრმიდანვე ღვთისმოსავური აღზრდისა, ყველაზე მეტად კი წმიდა და ღვთისგან ბოძებულ რჯულდებას რომ შეესაბამებოდა: უარი უთხრა მათ და განუცხადა, რომ უმალ ჯოჯოხეთში ჩავიდოდა. | ||
| 24 | ჩვენს ასაკს თვალთმაქცობა არ ეკადრებაო, თქვა მან, რადგან ბევრი ახალგაზრდა გაიგებს, რომ ოთხმოცდაათი წლის ელეაზარი უცხო ტომთა მიმდევარი გახდაო, | ||
| 25 | თავადაც, ჩემი თვალთმაქცობის წამხედვარე, ცთუნებას აჰყვება ხანმოკლე და ფუჭწარმავალი სიცოცხლისთვის, მე კი მოვაყივნებ და ჩირქს მოვსცხებ ჩემს ხანდაზმულობასო. | ||
| 26 | იქნება ახლა კი დავაღწიოთ თავი ადამიანთა სასჯელს, მაგრამ ყოვლისშემძლის ხელს ვერც სიცოცხლეში, ვერც სიკვდილის შემდეგ ვერსად გავექცევით. | ||
| 27 | ამიტომ, თუ ახლა ვაჟკაცურად გამოვეთხოვები სიცოცხლეს, მოხუცებულობის ღირსიც აღმოვჩნდებიო. | ||
| 28 | ახალგაზრდებს კი კეთილშობილურ მაგალითს დავუტოვებ, ღირსეულად და მამაცურად შეეგებონ სიკვდილს დიდებული და წმინდა რჯულისთვისო. ესა თქვა და მაშინვე გაემართა საწამებლად. | ||
| 29 | მაშინ იმათაც კი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მისდამი კეთილგანწყობას ამჟღავნებდა, ნათქვამის გამო ეს განწყობილება ზიზღით შეეცვალათ, რადგან მისი სიტყვები უგუნურებად ჩათვალეს. | ||
| 30 | ელეაზარმა კი, რომელიც შოლტის ცემისგან უკვე სულს ღაფავდა, ხმამაღლა ამოიკვნესა და თქვა: ყოვლისმცოდნე უფალმა იცის, რომ შემეძლო სიკვდილისაგან მეხსნა თავი, მაგრამ ვამჯობინე სხეულით გავტანჯულიყავი, სულით კი ტკბილად დამეთმინა ეს სატანჯველი, რადგან უფლის შიში მაქვს. | ||
| 31 | ასე აღესრულა იგი და თავისი სიკვდილით არა მარტო ახალგაზრდობას, არამედ თავისი ხალხის უმეტესობას დაუტოვა ვაჟკაცობის მაგალითი და კეთილშობილების ძეგლი დაიდგა. |