| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
ესმა იუდას რომაელთა სახელი, რომ მხნენი და ძლიერნი არიან ისინი; რომ კეთილგანწყობილნი არიან ყველა მათი მოკავშირის მიმართ და, ვინც კი მათთან მისულა, ყველა მათი მეგობარი გამხდარა; რომ მხნენი და ძლიერნი არიან. |
||
| 2 | მოუთხრობდნენ მას მათ გადახდილ ომებზე და საგმირო საქმეებზე, გალატებს შორის რომ მოახდინეს, რომ სძლიეს მათ და მოხარკეებად აქციეს; | ||
| 3 | და ყველაფერზე, რაც ესპანეთის ქვეყანაში მოიმოქმედეს, რათა დაპატრონებოდნენ ვერცხლისა და ოქროს იქაურ საბადოებს; | ||
| 4 | დაეპატრონენ მთელ მხარეს თავიანთი გონიერებით და მოთმინებით, მათგან ფრიად დაშორებულ ადგილსაც კი; ხოლო მათზე ქვეყნის კიდიდან წამოსულ მეფეებს ყოველთვის ძლევდნენ და სასტიკად ამარცხებდნენ; და ნარჩენები კი მათ ხარკს უხდიდნენ ყოველწლიურად; | ||
| 5 | მათ სძლიეს ომში და დაიმორჩილეს ფილიპე და პერსევსი, მაკედონელთა მეფე და სხვანი, ვინც აღუდგნენ მათ; | ||
| 6 | ასევე ანტიოქოსიც, აზიის დიდი მეფე, მათ წინააღმდეგ ამხედრებული, რომელსაც ჰყავდა ასოცი სპილო, ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი, იძლია მათგან; | ||
| 7 | ცოცხლად შეიპყრეს იგი და დააკისრეს მას და მის მომდევნო მეფეებს ხარკი და მძევლები, და მათი საუკეთესო ქვეყნების დაცალკევება, | ||
| 8 | ინდოეთის, მიდიისა და ლიდიის დანაწილება. აიღეს მისგან და მეფე ევმენეს ჩააბარეს ისინი. | ||
| 9 | როდესაც ბერძნებმა მოისურვეს მათზე გალაშქრება და მათი დამხობა, | ||
| 10 | ემცნო მათ ეს ამბავი, გაგზავნეს მათ წინააღმდეგ ერთი სარდალი და შეებრძოლნენ მათ; დაეცა მათგან მრავალი დაჭრილი, ტყვედ ჩაცვივდნენ მათი ცოლები და შვილები და გაიძარცვნენ, დაეპატრონენ მათ ქვეყანას, დალეწეს მათი სიმაგრეები და დღემდე მორჩილებაში ჰყავთ ისინი. | ||
| 11 | დანარჩენი სამეფოები და კუნძულები, რომლებიც კი ოდესმე აღდგომიან მათ, გაანადგურეს და დაიმორჩილეს. ხოლო თავიანთ მეგობრებთან და მხარდამჭერებთან შეინარჩუნეს მეგობრობა. | ||
| 12 | დაეპატრონენ მახლობელ და შორეულ სამეფოებს, და ყველას, ვინც მათ სახელს გაიგონებდა, შიში იპყრობდა. | ||
| 13 | ვის შეწევნასაც და გამეფებას მოისურვებენ, ამეფებენ; თუ მოისურვებენ, გადააყენებენ. დიდად აღზევებულნი არიან. | ||
| 14 | და მაინც არცერთ მათგანს არასოდეს გვირგვინი არ დაუდგამს, არც ძოწეულით შემოსილა დიდების ნიშნად. | ||
| 15 | მოიწყვეს საბჭო და ყოველდღე ბჭობს ოცდათორმეტი მებრჭე ყველაფერზე, რაც ხალხს შეეხება, მათ მართვა-გამგეობაზე. | ||
| 16 | ანდობენ ერთ კაცს მთავრობას და ქვეყნის პატრონობას ერთი წლის განმავლობაში; ყველანი ერთს უჯერესგნ და არ არის მათში არც შური, არც ეჭვი. | ||
| 17 |
ამოირჩია იუდამ ევპოლემოსი, ძე იოანესი, ძისა აკოსი, და იასონი, ძე ელეაზარისა, და გაგზავნა ისინი რომში, მეგობრობისა და კავშირის დასამყარებლად, |
||
| 18 | რათა გადაეგდოთ უღელი, რადგან დაინახეს, რომ ელინთა სამეფომ საბოლოოდ დაიმონა ისრაელი. | ||
| 19 | გაემგზავრნენ რომისკენ შორეულ გზაზე; შევიდნენ საბჭოში და თქვეს: | ||
| 20 | იუდა მაკაბელმა, მისმა ძმებმა და იუდაელმა ხალხმა გამოგვაგზავნეს თქვენთან, რომ დავამყაროთ ერთმანეთთან კავშირი და მშვიდობა, და ჩაგვთვალოთ თქვენს მოკავშირეებად და მეგობრებად. | ||
| 21 | მოეწონათ მათ ეს სიტყვა. | ||
| 22 | აი, ასლი წერილისა, რომელიც დაწერეს სპილენძის დაფებზე და გაგზავნეს იერუსალიმში, რომ ყოფილიყო იქ მათთან ნიშნად მშვიდობისა და კავშირისა: | ||
| 23 | სიკეთე იყოს რომაელებთან და იუდაელ ხალხთან ერთად ზღვასა და ხმელეთზე უკუნისამდე, და შორს იყოს მათგან მტერი და მახვილი. | ||
| 24 | ხოლო თუკი პირველად ომი შეემთხვევა რომს ან რომელიმე მის მოკავშირეს მთელ მის სამფლობელოში, | ||
| 25 | იუდაელმა ხალხმა დახმარება უნდა გაუწიოს მას წრფელი გულით, როგორც დროება მოითხოვს მათგან. | ||
| 26 | მეომრებს არ მოამარაგებენ არც საკვებით, არც იარაღით, არც ფულით, არც ხომალდით, როგორც რომმა განსაჯა; უსასყიდლოდ უნდა ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს. | ||
| 27 | ასევე, თუკი იუდაელთა ხალხს შეემთხვა პირველად ომი, რომაელები გულითად დახმარებას გაუწევენ, როგორც დროება მოითხოვს მათგან; | ||
| 28 | მოკავშირეებს არ მოამარაგებენ არც საკვებით, არც იარაღით, არც ვერცხლით, არც ხომალდებით, როგორც რომმა განსაჯა; უზაკველად უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებანი. | ||
| 29 | ამ პირობებით შეკრეს კავშირი რომაელებმა იუდაელთა ერთან. | ||
| 30 | თუკი ერთი ან მეორე მხარე მოისურვებს ამ პირობებისთვის რაიმეს მიმატებას ან მოკლებას, გააკეთონ ეს საერთო გადაწყვეტილებით და, რასაც კი მიუმაგებენ ან გამოაკლებენ, ძალა ექნება. | ||
| 31 | ხოლო იმ სიავეთათვის, რაც მეფე დემეტრიოსმა მათ დაატეხა, მივწერეთ მას, შევუთვალეთ: რისთვის დამძიმდა შენი უღელი იუდაელებზე, ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებზე? | ||
| 32 | და აჰა, თუ ამიერიდან დაიჩივლებენ შენს წინააღმდეგ, ჩვენ დავიცავთ მათ სიმართლვს და შეგებრძოლებით ზღვაზე და ხმელეთზე. |