| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| 1 |
დიდად განრისხდნენ წარმართები, როცა გაიგეს, რომ უწინდელივით აღიმართა სამსხვერპლო და განახლდა საწმიდარი. |
||
| 2 | გადაწყვიტეს, აღმოეფხვრათ იაკობის მოდგმა, რომელიც მათ შორის იყო, და დაიწყეს ხოცვა და მუსრვა ხალხში. | ||
| 3 | ხოლო იუდა შეებრძოლა ესავიანებს ედომში, აკრაბატენესთან, რადგან მათ ალყაში ჰყავდათ ისრაელი; სასტიკად დაამარცხა ისინი, დაიმორჩილა და აიღო ნადავლი. | ||
| 4 | მერე გაიხსენა ბოროტებანი ბეანიანთა, რომლებიც მახედ და ხაფანგად იყვნენ ხალხისთვის და გზებზე უსაფრთებოდნენ მათ. | ||
| 5 | მათ ციხე-სიმაგრეებს შეაფარეს თავი, ხოლო იუდა გარსშემოადგა მათ და დაარისხა ისინი, ცეცხლში გახვია მათი ციხე-სიმაგრეები ყველა მასში მყოფითურთ. | ||
| 6 | მერე მიადგა ყამონიანებს და შეხვდა იქ მაგარ ხელს და ურიცხვ სიმრავლეს ტიმოთეოსის წინამძღოლობით. | ||
| 7 | ბევრი ბრძოლა გადაიხადა მათ წინააღმდეგ და შეიმუსრნენ ისინი მის წინაშე. ასე დაამარცხა ისინი. | ||
| 8 | მერე სწრაფადვე აიღო იაყზერი მისი სოფლებითურთ და იუდასკვნ შემოიქცა. | ||
| 9 | მაშინ გალაადის წარმართები სამტროდ შემოეწყვნენ მათ მიწა-წყალზე მცხოვრებ ისრაელს, რომ მოესრათ ისინი, მაგრამ გაექცნენ დათემას ციხეში, | ||
| 10 | და წერილები გაუგზავნეს იუდასა და მის ძმებს, შეუთვალეს: შეიკრიბნენ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს ირგვლივ მყოფი წარმართები, რომ გაგვანადგურონ; | ||
| 11 | ამზადებენ შეტევას და აპირებენ სიმაგრის აღებას, რომელსაც შეფარებულნი ვართ. ტიმოთეოსი მოუძღვის მათ ჯარს. | ||
| 12 | მაშ, ახლა მოდი და გვიხსენი მათი ხელიდან, რადგან დაცემულია ბევრი ჩვენგანი, | ||
| 13 | ჩვენი მოძმენიც, ყველა ვინც კი ტობში იგო, დახოცილნი არიან; მათი ცოლ-შვილი მონებად წაასხეს, ქონება დაიტაცეს, და ათასამდე კაცი გაწყვიტეს იქ. | ||
| 14 | ჯერ კიდევ წერილებს კითხულობდნენ, რომ აჰა, სხვა შიკრიკები მოვიდნენ გალილეადან, სამოსელშემოგლეჯილნი და ეს ამბავი აუწყეს. | ||
| 15 | თქვეს, შეიკრიბნენ პტოლემაისიდან, გვიროსიდან, ციდონიდან და წარმართთა გალილეადან ჩვენს გასანადგურებლადო. | ||
| 16 |
როდესაც გაიგეს ეს ამბები იუდამ და ხალხმა, შეიყარა დიდი კრებული იმის გადასაწყვეტად, თუ რა ეღონათ გასაჭირში მყოფი და მათგან მიმძლავრებული მოძმეებისთვის. |
||
| 17 | მიმართა იუდამ სიმონს, თავის ძმას: ამოირჩიე კაცები, წადი და იხსენი შენი ძმები გალილეაში. ხოლო მე და ჩემი ძმა იონათანი გალაადისკენ გავემართებითო. | ||
| 18 | ხალხის წინამძღოლებად კი ზაქარიას იოსები და ყაზარია დატოვა ლაშქრის დარჩენილ ნაწილთან ერთად იუდაში, მის დასაცავად; | ||
| 19 | და უბრძანა მათ: განაგეთ ხალხი და ჩვენს მობრუნებამდე წარმართებს ნუ შეებრძოლებით. | ||
| 20 | სიმონს ჩააბარეს სამიათასი კაცი გალილეაში სალაშქროდ, ხოლო იუდას რვაათასი კაცი გაალადისთვის. | ||
| 21 | გაემართა სიმონი გალილეასკენ, მრავალი ბრძოლა გადაიხადა წარმართებთან და შეიმუსრნენ წარმართები მის წინაშე. | ||
| 22 | მისდია მათ პტოლემაისის კარიბჭემდე და დაეცა წარმართთაგან სამიათასამდე კაცი და წამოიღო მან ნადავლი. | ||
| 23 | წამოასხა გალილეასა და არბატეში მყოფი იუდაელნი დედა-წულიანად და იუდაში მიიყვანა დიდი სიხარულით. | ||
| 24 | ხოლო იუდა მაკაბელმა და მისმა ძმამ იონათანმა გადალახეს იორდანე და სამი დღის სავალი გზა გაიარეს უდაბნოში. | ||
| 25 | გადაეყარნენ ნაბატელებს, მშვიდობიანად შეეგებნენ მათ და ყველაფერი უამბეს, რაც შეემთხვათ მათ ძმებს გალაადში; | ||
| 26 | რომ მრავალი მათგანი ჩაკეტილები არიან ბოცრასა და ბოსორში, ალემოში, ხასფოში, მაკედსა და კარნაინში, რომ ყველა ეს ქალაქი დიდია და გამაგრებული, | ||
| 27 | რომ სხვები გალაადის დანარჩენ ქალაქებში არიან ჩაკეტილნი, რომ მტერი ხვალისთვის აპირებს თავდასხმას სიმაგრეებზე, მათ აღებას და დარბევას ერთ დღეში. | ||
| 28 | სწრაფად შებრუნდა იუდა და მისი ლაშქარი უდაბნოში ბოცრას გზაზე; აიღო ქალაქი და გაწყვიტა მთელი მამროვანი მახვილის პირით, მოხვეტა ურიცხვი ნადავლი და ცეცხლში დაწვა. | ||
| 29 | აქედან ღამით გაემართა და დათემას ციხე-სიმაგრემდე იარეს. | ||
| 30 | დილით კი, როცა გათენდა, გაიხედეს და, აჰა, უამრავი ხალხი, რომელსაც სათვალავი არ ჰქონდა, მოათრევს კიბეებს და მანქანებს ციხე-სიმაგრის ასაღებად და მათთან საბრძოლველად. | ||
| 31 |
დაინახა იუდამ, რომ დაიწყო ომი და ქალაქის ხმაურმა ცას უწია საყვირებითა და დიდი ყვირილით, |
||
| 32 | და შეუძახა ლაშქარს: იომებ დღეს თქვენი ძმებისთვის! | ||
| 33 | სამი რაზმით ზურგიდან შემოუარეს მტერს, საყვირებს ჩაჰბერეს და ხმამაღალი ლოცვა დაიწყეს. | ||
| 34 | მიხვდა ტიმოთეოსის ლაშქარი, რომ ეს მაკაბელი იყო და უკუიქცნენ მისგან, და მან მუსრი გაავლო მათ. იმ დღეს დაეცა მათგან რვაათასამდე კაცი. | ||
| 35 | გადაინაცვლა ალემასკენ და შეებრძოლა, აიღო იგი და ამოხოცა მთელი მისი მამროვანი. მოხვეტა ნადავლი და ცეცხლში დაწვა. | ||
| 36 | იქედან გაემართა და დაიპყრო ხასფო, მაკედი და ბოსორი და გალაადის დარჩენილი ქალაქები. | ||
| 37 | ამ ამბების შემდეგ ტიმოთეოსმა ახალ ჯარს მოუყარა თავი და დააყენა რაფონის წინ, ხევის მხრიდან. | ||
| 38 | გაგზავნა იუდამ ხალხი ბანაკის დასაზვერავად. და მოახსენეს მას: მასთან არიან შემოკრებილნი ჩვენს ირგვლივ მყოფი წარმართები, დიდძალი ჯარია. | ||
| 39 | მოქირავნე არაბებიც მოუყვანიათ საშველად, ხევის მხარეს განლაგებულან და მზად არიან ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად, გაეშურა იუდა მათ დასახვედრად. | ||
| 40 | ტიმოთეოსმა ასე უთხრა თავისი ჯარების მეთაურებს, როცა იუდა და მისი ლაშქარი ხევს მიუახლოვდა: თუ პირველმა გადმოლახა ხევი, ვერ შევაკავებთ, უეჭველად დაგვამარცხებს. | ||
| 41 | ხოლო თუ შეშინდა და მდინარის გაღმა დაბანაკდა, თავს დავესხათ და დავამარცხებთ მას. | ||
| 42 | როცა იუდა ხევს მიუახლოვდა, ხევთან დააყენა ხალხის მწიგნობარნი და უბრძანა მათ: არავინ გააჩეროთ აქ. ყველანი საბრძოლველად გაიყვანეთ. | ||
| 43 | და მან პირველმა გადალახა ხევი მტრისკენ და მთელი ხალხი უკან მიჰყვა; მათ წინაშე დაეცნენ წარმართები, დაყარეს საჭურველი და თავი შეაფარეს წმიდა ნაკრძალს კარნაიმში. | ||
| 44 | ქალაქი აიღეს, ხოლო წმიდა ნაკრძალი ცეცხლით დაწვეს ყველა შიგმყოფითურთ. ასე იძლია ვარნაიმი; წინააღმდეგობა ვეღარ გაუწივს იუდას. | ||
| 45 | შეკრიბა იუდამ მთელ გალაადში მოსახლე ისრაელობა დიდიან-პატარიანად, მათი დედა-წულითა და საბადებლითურთ, უამრავი ხალხი, იუდას ქვეყნისკენ გასამგზავრებლად. | ||
| 46 |
მიადგნენ ეფრონს. ეს დიდი ქალაქია გზაზე, ძალზე ძლიერი; ვერ გაუხვევდნენ ვერც მარჯვნივ, ვერც მარცხნივ, მხოლოდ მის შუაგულში უნდა გაევლოთ. |
||
| 47 | მაგრამ ჩაკეცეს ის ქალაქელებმა და ქვებით ჩახერგეს კარიბჭე. | ||
| 48 | შეუთვალა მათ იუდამ სამშვიდობო სიტყვა: გაგვატარე შენს ქვეყანაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მივიდეთ; ცუდს არაფერს შეგამთხვევთ, მხოლოდ ფეხს დავადგამთო. არ მოისურვეს მათი შეშვება. | ||
| 49 | ბრძანა იუდამ, გამოეცხადებინათ ლაშქარში, რომ ყველა თავის ადგილას დამდგარიყო. | ||
| 50 | დაიბანაკეს მეომრებმა, და ებრძოდა ქალაქს მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს, და ჩაბარდა ქალაქი მის ხელს. | ||
| 51 | გაწყვიტა მთელი მამროვანი მახვილის პირით, დააქცია ქალაქი, ნადავლი აიღო და ქალაქში დახოცილთა გვამებზე გადაატარა ჯარი. | ||
| 52 | გადალახეს იორდანე დიდი ვაკისკენ, ბეთ-შანის პირდაპირ. | ||
| 53 | გზადაგზა იუდა კრებდა ჩამორჩენილთ და მთელ გზაზე ამხნევებდა ხალხს, ვიდრე იუდას ქვეყანას მიადგებოდნენ. | ||
| 54 | შემდეგ შვებითა და სიხარულით ავიდნენ სიონის მთაზე და შესწირეს აღსავლენი, რადგან ერთი მათგანიც არ დაცემულა სამშვიდობოში მობრუნებამდე. | ||
| 55 | იმ დროს, როცა იუდა და იონათანი გალაადის მიწაზე იყვნენ, ხოლო სიმონი, მისი ძმა, გალილეაში პტოლემაისის პირდაპირ იდგა, | ||
| 56 | ზაქარიას იოსებს და ყაზარიას - ჯარების სარდლებს ესმათ მათი გმირობისა და გადახდილი ომის ამბავი. | ||
| 57 | თქვეს: ჩვენც მოვიხვეჭოთ სახელი, ჩვენც გავემართოთ და შევებრძოლოთ წარმართებს ჩვენს ირგვლივ. | ||
| 58 | მოუწოდეს ჯარებს, რომლებიც თან ჰყავდათ, და იამნიასკენ გაემართნენ. | ||
| 59 | გორგია და მისი მეომრები ქალაქიდან გამოვიდნენ, რომ ბრძოლით შეგებებოდნენ მათ. | ||
| 60 | უკუიქცნენ იოსები და ყაზარია და იდევნებოდნენ იუდას მისადგომებამდე. ორიათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ისრაელიდან. | ||
| 61 |
შეიქნა ხალხში დიდი ლტოლვილება, რადგან არ ესმოდათ იუდასი და მისი ძმებისა, გმირობის გამოჩენა კი სურდათ. |
||
| 62 | მაგრამ ესენი არ იყვნენ იმ გვარისანი, ვისი ხელითაც უნდა მოვლენოდა ხსნა ისრაელს. | ||
| 63 | კაცი იუდა და მისი ძმები კი ფრიად განითქვნენ მთელი ისრაელისა და ყველა ხალხის წინაშე, სადაც გაგონილი ჰქონდათ მათი სახელი. | ||
| 64 | და შემოკრბენ მის ირგვლივ მისი მაქებარნი. | ||
| 65 | გაემართნენ იუდა და მისი ძმები სამხრეთისკენ და შეებრძოლენ ესავიანებს. დაამარცხა მან ხებრონი და მისი სოფლები, დალეწა მისი ციხე-სიმაგრენი და გადაწვა გოდლები მის გარშემო. | ||
| 66 | მერე დაიძრა ფილისტიმელთა ქვეყნისკენ წასასვლელად და გადაიარა მარეშაზე. | ||
| 67 | იმ დღეს დაეცნენ ბრძოლის ველზე მღვდლები, გმირობის ჩადენის მსურველნი, რადგან უგუნურად ჩაებნენ ბრძოლაში. | ||
| 68 | ხოლო იუდამ გაუხვია აშდოდისკენ ფილისტიმელთა ქვეყანაში და დალეწა მათი ბომონები, ცეცხლს მისცა მათი ღმერთების ქანდაკებანი და მოხვეტა ნადავლი ქალაქებიდან. მერე იუდა ქვეყნისკენ გაბრუნდა. |