საიტის რუქა
მთავარი » სტატიები » წმიდა წერილი

მოციქულთა საქმენი - თავი 9 (ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან)

„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

12 апостолов иисуса христа

მოციქულთა საქმენი

თავი მეცხრე

1. ხოლო სავლე, რომელიც კვლავ მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა უფლის მოწაფეთ, მღვდელმთავართან მივიდა

2. და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რათა თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმს.

3. გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით.

4. მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?

5. მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა.

6. შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: რას მიბრძანებ, რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მიუგო: ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რისი ქმნაც გმართებს.

7. მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.

8. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერავის ხედავდა. ხელი ჩაჰკიდეს და ასე შეიყვანეს დამასკოში.

9. სამი დღე ვერას ხედავდა; არც ჭამდა და არც სვამდა.

10. ხოლო დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია, რომელსაც ჩვენებით უთხრა უფალმა: ანანია! და მან მიუგო: აქ ვარ, უფალო!

11. უთხრა მას უფალმა: ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია „სწორი", და იუდას სახლში იკითხე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე; აი, იქ ლოცულობს იგი.

12. ხოლო სავლემ ჩვენებით იხილა კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელი დაადო, რათა კვლავ ახელოდა თვალი.

13. მიუგო ანანიამ: უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცზე, რამდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში.

14. აქაც მღვდელმთავრებისაგან მიუღია უფლება, რომ შეკრას ყველა, ვინც ახსენებს შენს სახელს.

15. მაგრამ უფალმა უთხრა: წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.

16. მე ვუჩვენებ, რაოდენ ვნებას დაითმენს ჩემი სახელის გულისთვის.

17. წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით წმიდით.

18. მაშინვე, თითქოს თვალზე ქერცლი გადასძვრათ, თვალი აეხილა, ადგა და ნათელ იღო.

19. საზრდო მიიღო და მომაგრდა. რამდენიმე დღე მოწაფეებთან დაჰყო დამასკოში.

20. დაუყოვნებლივ დაიწყო ქადაგება სინაგოგებში და ამბობდა, რომ ქრისტე ძე არის ღვთისა.

21. ყველა მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: განა ეს არ არის, იერუსალიმში მუსრს რომ ავლებდა ამ სახელის მხმობელთ? აქაც ხომ იმისთვის მოვიდა, რომ შეეკრა და მღვდეღმთავართათვის მიეგვარა ისინი?

22. სავლე კი სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოელ იუდეველებს, რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.

23. საკმაო დრომ რომ განვლო, იუდეველებმა განიზრახეს მოეკლათ იგი.

24. მაგრამ სავლემ გაიგო მათი განზრახვა, ვინაიდან დღე და ღამ მოსაკლავად უდარაჯებდნენ კართან.

25. მაშინ მოწაფეებმა ღამით აიყვანეს და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.

26. სავლე იერუსალიმში მივიდა და ცდილობდა შეერთებოდა მოწაფეებს, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, რადგანაც არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო.

27. ხოლო ბარნაბამ წაიყვანა იგი, მოციქულებს მიჰგვარა და უამბო მათ, როგორ იხილა გზაზე უფალი, რა უთხრა უფალმა მას და რა თამამად ქადაგებდა დამასკოში იესოს სახელით.

28. ასე დარჩა მათთან ერთად იერუსალიმში, მიმოდიოდა და თამამად ქადაგებდა უფლის სახელით.

29. ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა ელინისტებსაც, ისინი კი ცდილობდნენ მოეკლათ იგი.

30. ეს რომ გაიგეს ძმებმა, კესარიაში წაიყვანეს და ტარსოსს წარგზავნეს.

31. ხოლო ეკლესიას მთელს იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.

32.  მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილის მოხილვისას მივიდა პეტრე წმიდებთანაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდიაში.

33. და ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა სარეცელზე.

34. უთხრა მას პეტრემ: ენეას, იესო ქრისტე განგკურნავს შენ! ადექი, თვითონვე გაასწორე შენი საწოლი. და ისიც მაშინვე ადგა.

35. მაშინ მისი შემყურე ლიდიისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა.

36. ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.

37. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს.

38. რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან.

39. პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო.

40. პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.

41. ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმიდებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი წარუდგინა იგი.

42. ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი.

43. პეტრე დიდხანს დარჩა იოპეს, ვინმე სიმონ დაბაღის სახლში.


წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-9.htm
კატეგორია: წმიდა წერილი | დაამატა: vasoelis (03.12.2013)
ნანახია: 130 | თეგები: ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერ, თავი 9, მოციქულთა საქმენი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება

დღესასწაულები

Онлайн библия по русски
სულ 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0
სტუმარი წევრი
GFF.ucoz.net ©2009-2018
TOP.GE Rambler's Top100
მასალის მრიცხველი
Comments: 57
News: 292
Downloads: 3117
Publisher: 189
Directory: 704
Ad-board: 4
Games: 193
Guestbook: 87
დღეს შემოსული წევრები
beridzetj