საიტის რუქა
მთავარი » სტატიები » წმიდა წერილი

მოციქულთა საქმენი - თავი 7 (ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან)

„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

12 апостолов иисуса христа

მოციქულთა საქმენი

თავი მეშვიდე

1. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს?

2. ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე,

3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესათდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.

4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.

5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.

6. და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს.

7. „მაგრამ მე განვსჯი იმ ხალხს, რომელიც მას დაიმონებს, თქვა ღმერთმა; ამის შემდეგ კი გამოვა იქიდან და ამ ქვეყანაში მემსახურება მე".

8. და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ მამამთავარს.

9. მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტემი გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.

10. განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი.

11. ჩამოვარდა შიმშილობა და დიდი გაჭირვება მთელს ეგვიპტესა და ქანაანში, და ვეღარ შოულობდნენ საზრდოს ჩვენი მამები.

12. ხოლო იაკობმა გაიგო, რომ ეგვიპტეში არის პური, და გაგზავნა პარველად ჩვენი მამები.

13. მეორედ კი გამოეცნაურა იოსები თავის ძმებს, და შეიტყო ფარაონმა იოსების გვარი.

14. გაგზავნა იოსებმა ხალხი და მოიხმო მამამისი იაკობი და მთელი თავისი საგვარეულო, სამოცდათხუთმეტი სული.

15. ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, სადაც აღესრულა ისიც და ჩვენი მამებიც.

16. გადმოასვენეს ისინი სიქემს და დაკრძალეს სამარხში, ვერცხლის ფასად რომ ეყიდა აბრაამს ემორ სიქემელის ძეთაგან.

17. როდესაც მოახლოვდა აღთქმის აღსრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, გამრავლდა და გაძლიერდა ხალხი ეგვიპტეში

18. იმ დრომდე, როცა ეგვიპტეში აღდგა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.

19. ის მზაკვრობდა ჩვენი მოდგმის მიმართ, ავიწროებდა ჩვენს მამებს და აიძულებდა გადაეყარათ თავიანთი ახალშობილნი, რომ არ ეცოცხლათ.

20. ამ დროს დაიბადა მოსე; უყვარდა იგი ღმერთს და სამი თვე იზრდებოდა მამამისის სახლში.

21. ხოლო როდესაც გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა და შვილივით გაზარდა იგი.

22. განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით და იყო ძლიერი სიტყვით და საქმით.

23. ხოლო როცა ორმოცი წლისა შესრულდა, თავისი ძმების, ისრაელის ძეთა სანახავად გაუწია გულმა.

24. დაინახა, რომ ერთს ჩაგრავდნენ, გამოესარჩლა, განგმირა ეგვიპტელი და ჩაგრულის შური იძია.

25. ეგონა გაუგებდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ გაუგეს.

26. მეორე დღეს გამოჩნდა მათ შორის, როცა ერომანეთში ჩხუბობდნენ, ზავისკენ მოუწოდა და უთხრა მათ: კაცნო, ძმები ხართ, რატომ შეურაცხყოფთ ერთმანეთს?

27. მაგრამ მოყვასის შეურაცხმყოფელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულად?

28. იქნებ ჩემი მოკვლაც გწადია, როგორც მოჰკალი გუშინ ეგვიპტელი?

29. ამ სიტყვების გაგონებისას გაიქცა მოსე და მადიამის მხარეში გადაიხვეწა, სადაც შეეძინა ორი ვაჟი.

30. ორმოცი წელი რომ გავიდა, ეჩვენა მას უფლის ანგელოზი ცეცხლმოდებული მაყვლოვანის ალში.

31. გაოგნდა ამ ჩვენების შემყურე მოსე, ხოლო როცა სამზერად მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:

32. „მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა". შეძრწუნებულმა მოსემ ვეღარ გაბედა შეხედვა.

33. უთხრა მას უფალმა: „გაიძრე ხამლები ფეხზე, ვინაიდან ეგ ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.

34. ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად; ახლა კი წადი, ეგვიპტეში წარგგზავნი შენ".

35. ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით, მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას.

36. მან გამოიყვანა ისინი და მოახდინა სასწაულები და ნიშები ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.

37. ეს არის მოსე, რომელმაც უთხრა ისრაელის ძეთ: უფალი ღმერთი თქვენს ძმათაგან აღგიდგენთ ჩემნაირ წინასწარმეტყველს: მას უსმინეთ.

38. ეს არის, ვინც იყო უდაბნოს საკრებულოში, სინას მთაზე მასთან მოსაუბრე ანგელოზსა და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო სიტყვანი სიცოცხლისა, რათა მოეცა ჩვენთვის;

39. ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისაკენ მიიქცნენ თავიანთი გულით.

40. და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები, რომლებიც გვიწინამძღვრებენ: ვინაიდან არ ვიცით, რა შეემთხვა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.

41. შექმნეს იმ დღეებში ხბო. მსხვერპლი შესწირეს და შეჰხაროდნენ მათივე ხელით ქმნილს.

42. მაშინ ღმერთმა პირი იბრუნა მათგან და ციური ლაშქრის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: „სახლო ისაელისა, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოც წელიწადს?

43. თქვენ მიიღეთ მოლოხის კარავი და ვარსკვლავი თქვენი ღმერთის რაიფანისა, ხატებანი, რომელნიც შეჰქმენით, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; ამიტომაც გადაგასახლებთ ბაბილონს მიღმა".

44. მოწმობის კარავი ჩვენს მამებთან იყო უდაბნოში, როგორც უბრძანა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, შეექმნა იგი მის მიერ ხილული ხატის მსგავსად.

45. ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იესოსთან ერთად შედგანეს იმ ხალხების სამკვიდრებელში, რომლებიც განდევნა ღმერთმა ჩვენი მამების წინაშე; ასე იყო დავითის დრომდე.

46. მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა იაკობის ღმერთის სავანე.

47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას.

48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:

49. „ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად?

50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?"

51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.

52. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.

53. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი.

54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე.

55. ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო.

56. მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს.

57. ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას.

58. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე.

59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.

60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.


წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-7.htm
კატეგორია: წმიდა წერილი | დაამატა: vasoelis (03.12.2013)
ნანახია: 138 | თეგები: ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერ, მოციქულთა საქმენი, თავი 7 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება

დღესასწაულები

Онлайн библия по русски
სულ 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0
სტუმარი წევრი
GFF.ucoz.net ©2009-2018
TOP.GE Rambler's Top100
მასალის მრიცხველი
Comments: 57
News: 292
Downloads: 3117
Publisher: 189
Directory: 704
Ad-board: 4
Games: 193
Guestbook: 87
დღეს შემოსული წევრები
beridzetj