საიტის რუქა
მთავარი » სტატიები » წმიდა წერილი

მოციქულთა საქმენი - თავი 18 (ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან)

„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

12 апостолов иисуса христа

მოციქულთა საქმენი

თავი მეთვრამეტე

1. შემდგომ ამისა პავლე გამოვიდა ათენიდან და კორინთოს ჩავიდა,

2. სადაც ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმომავლობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, ახლად რომ ჩამოსულიყვნენ იტალიიდან, ვინაიდან კლავდიუსს ებრძანებინა ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი; და დაუახლოვდა მათ.

3. რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და საქმეს მიჰყო ხელი; ხოლო ხელობით მეკარვენი იყვნენ.

4. ყოველ შაბათს ქადაგებდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს.

5. მაგრამ, როცა მაკედონიიდან ჩამოვიდნენ სილა და ტიმოთე, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, რათა ემოწმებინა იუდეველთათვის, რომ სწორედ იესოა ქრისტე.

6. მაგრამ, რაკი ისინი ეურჩებოდნენ და გმობდნენ, თავისი ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და უთხრა მათ: თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან წავალ.

7. იქიდან წამოსული ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის სახლში მივიდა, სინაგოგის გვერდით რომ იდგა.

8. სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა მთელი თავისი სახლეულითურთ ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, პავლეს რომ უსმენდა, ირწმუნა და ნათელ იღო.

9. ერთ ღამეს უფალმა ჩვენებით უთხრა პავლეს: ნუ გეშინია, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები,

10. ვინაიდან მე შენთანა ვარ და ხელსაც ვერავინ გახლებს, რადგანაც ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.

11. ერთი წელი და ექვსი თვე დაჰყო იქ და ასწავლიდა იქაურებს ღვთის სიტყვას.

12. ხოლო აქაიაში, გალიონის პროკონსულობისას, იუდეველები ერთად დაესხნენ თავს პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს იგი.

13. ეს კაცი, ამბობდნენ ისინი, არწმუნებს ხალხს რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანებოდნენ ღმერთს.

14. როდესაც პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: ეს რომ დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, იუდეველნო, მაშინ მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის.

15. მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენვე მიხედეთ: მე არა ვარ ამის მსაჯული.

16. და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.

17. მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე და სამსჯავროს წინ ჰგვემეს, მაგრამ გალიონი სულაც არ შეუწუხებია ამას.

18. ხოლო პავლე კარგა ხანს დარჩა იქ, მერე კი დაემშვიდობა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად გემით გაემართა სირიისაკენ; კენქრეაში თმა შეიკვეცა, ვინაიდან აღთქმა დაედო.

19. ეფესოს რომ მიაღწია, თანამგზავრები იქ დატოვა, თვითონ კი სინაგოგაში შევიდა და იუდეველებს გაესაუბრა.

20. მაგრამ, როდესაც სთხოვეს, მეტ ხანს დარჩიო, არ დათანხმდა,

21. არამედ დაემშვიდობა და უთხრა მათ: მოახლოებულ დღესასწაულზე უთუოდ იერუსალიმში უნდა ვიყოთ; თუ ღმერთმა ინება, კვლავ დავბრუნდები თქვენთანო; და ეფესოდან გაემგზავრა.

22. კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმს ეწვია, მოიკითხა ეკლესია და ანტიოქიაში ჩავიდა.

23. ერთხანს იქ დაჰყო, შემდეგ წამოვიდა და ჯერ გალატია დაიარა, მერე კი - ფრიგია, და განამტკიცებდა ყველა მოწაფეს.

24. ეფესოში ჩავიდა ერთი იუდეველი, სახელად აპოლისი, წარმომავლობით ალექსანდრიელი, წერილთა საუცხოო მცოდნე და ენამჭევრი კაცი,

25. ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა იესოს ამბავს, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა თუ გაეგო.

26. თამამად დაიწყო ქადაგება სინაგოგაში; როდესაც მოუსმინეს, აკვილამ და პრისკილამ წამოიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.

27. აქაიას წასვლა რომ დააპირა, ძმებმა გაამხნევეს და მოწაფეებს მისწერეს, რომ კარგად მიეღოთ; ხოლო როდესაც მივიდა, დიდად შეეწია მორწმუნეებს მადლით.

28. რადგანაც ხალხის წინაშე დაუნდობლად ამხილებდა იუდეველებს და წერილის მიხედვით ამტკიცებდა, რომ სწორედ იესოა ქრისტე.


წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-18.htm
კატეგორია: წმიდა წერილი | დაამატა: vasoelis (03.12.2013)
ნანახია: 249 | თეგები: თავი 18, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერ, მოციქულთა საქმენი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება

დღესასწაულები

Онлайн библия по русски
სულ 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0
სტუმარი წევრი
GFF.ucoz.net ©2009-2018
TOP.GE Rambler's Top100
მასალის მრიცხველი
Comments: 57
News: 292
Downloads: 3117
Publisher: 189
Directory: 704
Ad-board: 4
Games: 193
Guestbook: 1
დღეს შემოსული წევრები