საიტის რუქა
მთავარი » სტატიები » წმიდა წერილი

მოციქულთა საქმენი - თავი 16 (ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან)

„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი"

12 апостолов иисуса христа

მოციქულთა საქმენი

თავი მეთექვსმეტე

1. ასე მიაღწია დერბეს და ლისტრას. და, აჰა, იყო იქ ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე ქალისა და ბერძენი მამის შვილი,

2. რომელსაც ემოწმებოდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები.

3. პავლემ მოისურვა მისი წაყვანა; წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადასცვითა მას, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.

4. ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები.

5. ეკლესიები კი მტკიცდებოდნენ რწმენით და მრავლდებოდნენ ყოველდღიურად.

6. ფრიგია და გალატელთა ქვეყანა რომ მოიარეს, სულმა წმიდამ აუკრძალა ასიაში ექადაგათ სიტყვა.

7. მისიას რომ მიაღწიეს, ბითვინიაში დააპირეს წასვლა, მაგრამ სულმა არ დართო ნება.

8. მისიას გასცდნენ და ტროაში ჩავიდნენ.

9. პავლემ ჩვენება იხილა ღამით: ერთი მაკედონელი კაცი წარუდგა და ვედრებით ეუბნებოდა, მაკედონიაში ჩამოდი და დაგვეხმარეო.

10. ამ ჩვენების შემდეგ სასწრაფოდ გადავწყვიტეთ მაკედონიაში წასვლა, რადგანაც მივხვდით, რომ ღმერთმა გვიხმო, რათა იქ გვეხარებინა.

11. ტროადან გემით გავედით და პირდაპირი სვლით მივადექით სამოთრაკეს, ხოლო მეორე დღეს - ნეაპოლისს,

12. იქიდან კი - ფილიპეს, მაკედონიის ამ მხარის მთავარ ქალაქ-კოლონიას, სადაც დავყავით რამდენიმე დღე.

13. შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს.

14. ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები.

15. თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია.

16. მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.

17. პავლეს და ჩვენ აგვედევნა და მოგვძახოდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, ხსნის გზას რომ გვაუწყებენო.

18. ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე.

19. როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან,

20. რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს;

21. გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს.

22. მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.

23. ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.

24. ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო.

25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.

26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს.

27. გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.

28. მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო.

29. მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას;

30. გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: ბატონებო, რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე?

31. ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც.

32. და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც.

33. ღამითვე შინ წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლა შინაურებთან ერთად.

34. მერე შინ მიიპატიჟა, სუფრა გაუწყო და მთელ თავის სახლეულთან ერთად ხარობდა, რომ იწამა ღმერთი.

35. გამთენიისას მთავრებმა მსახურები გაუგზავნეს და შეუთვალეს, ის კაცები გაუშვიო.

36. დილეგის მცველმა ეს ამბავი შეატყობინა პავლეს და უთხრა: მთავრებს თქვენი გაშვება უბრძანებიათ; მაშ, გამოდით და წადით მშვიდობით.

37. მაგრამ პავლემ შეუთვალა მათ: ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, მთელი ხალხის თვალწინ გაუსამართლებლად გაგვჯოხეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი მალულად სურთ ჩვენი გაშვება? ეგრე კი არა, არამედ მოვიდნენ და თვითონვე გამოგვიყვანონ.

38. მსახურებმა ეს სიტყვები მთავრებს გადასცეს, მათ კი შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელები ყოფილანო.

39. მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს, საპყრობილედან გამოიყვანეს და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ.

40. საპყრობილედან გამოსულნი ლიდიასთან მივიდნენ, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და გზას გაუდგნენ.


წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-16.htm
კატეგორია: წმიდა წერილი | დაამატა: vasoelis (03.12.2013)
ნანახია: 136 | თეგები: ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერ, მოციქულთა საქმენი, თავი 16 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება

დღესასწაულები

Онлайн библия по русски
სულ 1
სტუმარი 1
მომხმარებელი 0
სტუმარი წევრი
GFF.ucoz.net ©2009-2018
TOP.GE Rambler's Top100
მასალის მრიცხველი
Comments: 57
News: 292
Downloads: 3117
Publisher: 189
Directory: 704
Ad-board: 4
Games: 193
Guestbook: 87
დღეს შემოსული წევრები
beridzetj