მოციქულ პეტრეს 1 ეპისტოლე - თავი 5 (ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან)
Апостол Петр

პირველი პეტრესი

თავი მეხუთე

1. ხოლო თქვენს შორის ხუცესთა ვთხოვ, მე, თანახუცესი, ქრისტეს ვნებათა მოწმე და თანამოზიარე დიდებისა, რომელიც უნდა გაცხადდეს:

2. მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, მაგრამ არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.

3. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.

4. და როცა მოვა სარქალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.

5. ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.

6. მაშ, დამდაბლდით ღვთის მტკიცე ხელქვეშ, რათა დროულად აგამაღლოთ თქვენ.

7. მას მიანდეთ ყოველი თქვენი საზრუნავი, რადგანაც ის ზრუნავს თქვენზე.

8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.

9. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.

10. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.

11. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

12. სილვანუსის, ჩემი აზრით, თქვენი სანდო ძმის ხელით მოკლედ მოგწერეთ, განუგეშეთ და გიმოწმეთ, რომ ეს მადლი ღვთისა, რომლითაც დგახართ, ჭეშმარიტია.

13. მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე.

14. სიყვარულის ამბორით მოიკითხეთ ერთმანეთი. მშვიდობა ყველას, ვინც იესო ქრისტეში ხართ. ამინ.



წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/1petre-5.htm
კატეგორია: წმიდა წერილი | დაამატა: vasoelis (04.12.2013)
ნანახია: 546 | ტეგები: თავი 5, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერ, მოციქულ პეტრეს 1 ეპისტოლე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]