წმ. იპოლიტე რომაელი - ქრისტე და ანტიქრისტე ( 2 ნაწილი)
მაშ ასე, ამ სიტყვებში მკაფიოდ არის ნაჩვენები ის სატანჯველები და კერძო სამსჯავრო, რომელთაც ბოლო ჟამს თავს დაატყდება მას აჯანყებულ ტირანთა მხრიდან. გვმართებს ვიცოდეთ ასევე ჟამიც, თუ კონკრეტულად რომელ დროს აღსრულდება ეს ყველაფერი და როდის აღზევდება მცირე რქა ტირანთა შორის? რადგან "რკინის თეძოებმა", რომლებიც ჯერაც ფლობენ ძალაუფლებას, ადგილი უნდა დაუთმონ "ფეხის ტერფებსა და თითებს", - როგორც გამომდინარეობს ეს კერპისა და საშინელი მხეცის განმარტებიდან და რომელიც უკვე ზემოთ განვიხილეთ, - იბადება შეკითხვა, რომელ დროს აირევა ერთმანეთში რკინა და თიხა? ამას გვეტყვის დანიელი. ის, მოცემულ შემთხვევაში ამბობს: "და განაძლიეროს აღთქმაი მრავალთა შვიდეულსა ერთსა და კერძოსა შვიდეულისასა აღებულ იქმნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი " (დანიელ 9:27). ერთ ("კერძო") შვიდეულში მან ცხადია იგულისხმა ის უკანასკნელი, რომელიც იქნება სამყაროს აღსასრულის წინ. ამ შვიდეულის ნახევარს აიღებენ ორნი წინასწარმეტყველნი: ენოქი და ილია. ისინი, ძაძით შემოსილნი, იქადაგებენ ათას ორას სამოცი დღის განმავლობაში (13) და მოუწოდებენ ყველას, იუდეველთაც და წარმართებსაც, სინანულისკენ.

წერილში ნაჩვენებია ორი მოსვლა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა: პირველი, უფლის განკაცება იყო მისი თავმდაბლობით მოსვლა, როგორც იუწყებოდა ესაია: "მიუთხართ წინაშე მისსა, ვითარცა ყრმაი და ვითარცა ძირი ქუეყანასა წყურიელსა; არა არს სახე მისი, არცა დიდებაი, და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე, არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავს_დებად გუემულებასა, გარემიიქცია პირი მისი, უპატივო იქმნა და არ შეირაცხა" (ესაია 53:2,3); ხოლო, მეორე მისი მოსვლა იქნება დიდებით, როდესაც ის მოვა ზეცით ანგელოზურ ძალებთან ერთად მამის დიდებით, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი: "მეფე დიდებით იხილოთ" (ესაია 33:17), და კიდევ: "ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაისამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ხელმწიფება მისი ხელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარხდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას" (დანიელ 7:13,14). ამ ორი მოსვლის შესაბამისად არის ნაჩვენები ორი წინამორბედიც. მათგან პირველი იყო იოანე, ზაქარიას ძე, რომელიც ყველაფერში წინასწარმორბედი და მახარობელი იყო ჩვენი მაცხოვრისა: მან ახარა ყველას ზეციური ნათლის გარდამოსვლა, რომელიც გამოსჩნდა ქვეყანაზე; მან, ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფმა, აუწყა დედის მუცელშივე მყოფ ყველა ყრმას მომავალი ახალი შობა სულიწმიდისგან და ქალწულისა.

როგორც კი გაიგონა მარიამის მოკითხვა,  ყრმა შეიძრა ელისაბედის მუცელში (შეად. ლუკა 1:41), რადგან იხილა ღვთისმშობელში ჩასახული სიტყვა ღმრთისა და გაიხარა. შემდეგ, ქადაგებდა რა უდაბნოში, ის მოევლინა ხალხს სინანულის ნათლობის მაუწყებლად, რითაც წარმართთა ცხოვნებაც იწინასწარმეტყველა, რომელთა ცხოვრება ამქვეყნიურ უდაბნოში გადიოდა. ამის შემდეგ იორდანეზე ის უშუალოდ მოწმობს და უთითებს მაცხოვარზე და ამბობს: "აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი" (იოანე 1:29). მანვე განიცადა სიკვდილი ჰეროდესგან და პირველმა აუწყა ჯოჯოხეში მსხდომთ, ასე რომ იქაც წინამორბედად შეიქნა, რითაც მიანიშნა, რომ ჯოჯოხეთში შთახდებოდა მაცხოვარიც, რათა წმინდანთა სულები გამოეხსნა სიკვდილის ხელიდან.

ხოლო, რაკიღა მაცხოვარი იყო "დასაბამ" შესვენებულთა (ანუ საწყისი ყოველთა გარდაცვლილთა აღდგომისა - მთარგმნ.), საჭირო იყო, რათა უფალი, რომლის მიერაც უნდა გასამართლდეს მთელი ქვეყანა, პირველი აღმდგარიყო მკვდრეთით, რათა ღირსებით მოღვაწენი და მოსაგრენი გვირგინოსან ქმნილიყვნენ მისგან - კეთილ და პირველმოსაგრისგან, რომელიც საკუთრივ პირველმა სძლია საცთურებს (უდაბნოში-მთარგმნ.), დაითმინა ვნებანი (ჯვარზე - მთარგმნ.), ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით ღმრთისა და მამისა, და კვლავ მოვა სამყაროს აღსასრულს როგორც მსაჯული ცოცხალთა და მკვდართა. ამიტომაც, აუცილებელია რათა მისი ჯერ გამოცხადდნენ მისი წინამორბედნი, როგორც თვით უფალი ამბობს ამას მალაქიას პირით: "და, აჰა, მე მოგივლენ თქუენ ილიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისაისა დიდსა და განჩინებულსა, რომელმან კუალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა მოყუსისა მისისა მიმართ. ნუ მოსრულმან მოვსპო ქუეყანა მყის" (მალაქია 4:5; ლუკა 1:17). და როდესაც გამოცხადდებიან აუწყებენ ყველას ქრისტეს მობრძანებას ზეცით; იქმან მრავალ ნიშებსა და სასწაულებს, რათა ამ გზით მაინც აღძრან კაცთა გულები ღმრთისკენ და მოაქციონ ისინი სინანულისკენ, მათი უკეთური და უსჯულო ცხოვრების გამო.

იოანე ამბობს: "და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. - ანუ იმ შვიდეულის ნახევარს, რომელზეც ბრძანებს დანიელი, - ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. და რომელსა უნდეს ვნებად მათა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შესჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაი მათი, ესრეთ ჯერ_არს მოკუდომაი მისი. ამათ აქუს ხელმწიფებაი დახშვად ცათა, რაითა არა წვიმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ხელმწიფებაი აქუს წყალთა ზედა, რაითა გარდააქციონ სისხლად და რაითა შემუსრონ ქუეყანაი, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა. და როდესაც აღასრულებენ თავიანთ მოწმობას: "მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი" (აპოკ. 11:3-7), რადგან ისინი არ მიაგებენ პატივსა და დიდებას ანტიქრისტეს ანუ, ამ აღმოცენებულ მცირე რქას, რომელიც საბოლოოდ გადიდგულებული და გაამპარტავნებული, დაიწყებს საკუთარი თავის განდიდებას ვითარც ღმერთი და წმინდანთა დევნას, ასევე ხელს მიჰყოფს ქრისტეს ძაგებას. და ეს ყოველივე, დანიელის თქმით: "და ვუმზერდი რქას და აჰა თვალნი მისნი კაცის თვალთა მსგავსი - და ბაგენი დიდად მეტყველნი და ღმრთის მგმობარენი, და დაიწყო რქამ ბრძოლა წმინდანთა წინააღმდეგ და სძლევდა მათ მანამ, სანამ მოკლულ არ იქნა და მიეცა ცეცხლს დასაწველად"  (შეად. დან. 7:8-11,21) (14).

რადგან გვმართებს ასევე მეტ-ნაკლები მიმოწვლილვით განვიხილოთ, საიდუმლო რიცხვის მეშვეობით თუ როგორ გვიჩვენა სულიწმიდამ მისი სახელი, ამიტომაც უფრო საფუძვლიანად განვიხილოთ ყოველივე რაც კი შეეხება მოცემულ საკითხს. იოანე ასე ამბობს: "და ვიხილე სხუაი მხეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი. და ხელმწიფებასა პირველისა მის მხეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკვიდრთა მისთა, რაითა თაყუანის_სცენ მხეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაი სიკუდილისა მისისაი განიკურნა.  და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაითა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა. და აცთუნებს მკვიდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთვის, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მხეცისა მის, და ეტყვის მკვიდრთა ქუეყანისათა, რაითა ქმნან ხატი მხეცისაი მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაი და ცხოვნდა მახვილისგან. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მხეცისასა, რაითა იტყოდის ხატი მხეცისაი მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მხეცისასა, მოიკლნენ. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაითა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა.  და რაითა არავის ხელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვი სახელისა მისისაი. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს" (აპოკ. 13:11-18).

მოცემულ შემთხვევაში "მხეცი, აღმომავალი ქუეყანით" არის ანტიქრისტეს სამეფო, ხოლო ორ რქაში იგულისხმება როგორც თვით ანტიქრისტე, ასევე მისი ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც გამოჩნდება მასთან ერთად (15). სიტყვები: "აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა", - მიუთითებს, რომ შეეცდება მიემსგავსოს ღმრთის ძეს და საკუთარ თავს მეფედ გამოაცხადებს. სიტყვებით: "ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი" - აღინიშნება ის, რომ მტარვალი იქნება მაცთური და ჭეშმარიტება არ იქნება მასში. ხოლო გამოთქმით: "და ხელმწიფებასა პირველისა მის მხეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკვიდრთა მისთა, რაითა თაყუანის-სცენ მხეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაი სიკუდილისა მისისაი განიკურნა" აღნიშნულია ის, რომ ავგუსტუსის კანონის თანახმად, რომლის დროიდანაც, საკუთრივ, დამკვიდრდა რომის სამეფო, თვითნებურად და ერთპიროვნულად დაიწყებს ბრძანებების გაცემას, იბატონებს ყველაზე, დაამყარებს თავის წესრიგს - და ყველაფერ ამას მოიმოქმედებს იმ მიზნით, რათა კიდევ უფრო დიდი სახელი და პატივი მოიხვეჭოს. აი ეს არის მეოთხე მხეცი, რომლის თავი მოწყლული იქნა და შემდეგ ისევ განიკურნა. სწორედ ის, მიუხედავად იმისა, რომ (რომის სამეფო) დაინგრევა და განიყოფა ათ სამეფოდ, - განსაკუთრებული მზაკვარებით, ხელახლა განკურნავს მას და განაახლებს. სწორედ ამ აზრის გამოხატვა სურდა წინასწარმეტყველს, როდესაც თქვა, რომ "მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მხეცისასა, რაითა იტყოდის ხატი მხეცისაი მის და ქმნას" მართლაც, ის ისევ მისცემს ხატს სიმხნესა და ძალას მის მიერ გამოცემული კანონების მეშვეობით, და ისე გააკეთებს, რომ ყველას, ვინც კი თაყვანს არ სცემს ხატს მხეცისას, მოკლავს. აქ გამოჩნდება წმინდანთა რწმენა და მოთმინება. ნათქვამია: "და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაითა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა.  და რაითა არავის ხელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვი სახელისა მისისაი. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი".  მართლაც, ღმრთის მონათა წინააღმდეგ ამხედრებული მზაკვარი, იმ მიზნით რათა ამოწყვიტოს და განდევნოს ამა სოფლიდან ისინი მხოლოდ იმიტომ, რომ არ ადიდებენ მას, ბრძანებას გასცემს ყველგან დადგან საკერპენი (16), რათა არავის წმინდანთაგან არ ჰქონდეს შესაძლებლობა არც გაჰყიდოს ან იყიდოს რამე, თუ წინასწარ არ იქნება ცნობილი, რომ მსხვერპლი შესწირა მას. სწორედ ეს არის მარჯვენა ხელზე დადებული ბეჭედი. ხოლო ბეჭედი შუბლზე მიანიშნებს, რომ ყველანი დაიდგამენ ცეცლის გვირგვინს, თუმცა ეს გვირგვინი იქნება სიკვდილის და არა სიცოცხლის გვირგვინი. ასეთი მზაკვრობით შეეცადა იუდეველთა დამორჩილებას ასურელთა მეფე ანტიოქე ეპიფანე, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის გვარისგან იყო. გაამპარტავნებულმა ანტიოქემ გამოსცა ბრძანება  ყველგან, ყველა სახლის კარის წინ, დაედგათ სამსხვერპლონი, რათა  მსხვერპლი შეეწირათ და სუროთი გვირგვინმოსილთ დიონისეს (..... წარმართული ღმერთი - მთარგმნ.) პატივსაცემად საყოველთაო ზეიმი მოეწყოთ; ხოლო ისინი, ვინც არ დაემორჩილებოდა ამ ბრძანებას, განკარგულება გასცა, წინასწარი ტანჯვა_წამების შემდეგ მოეკლათ. თუმცა, თვითონ დაიმსახურა ყოველისმხედველი და სამართლიანი ღმრთისგან ღირსი შურისგება: ანტიოქეს მატლები შეესია და ამგვარ ტანჯვაში აღმოხდა სული. ვისაც სურს ეს ყოველივე შეიტყოს დაწვრილებით, წაიკითხოს მაკაბელთა წიგნები, რომლებშიც ყველაფერია აღწერილი (17).

ჩვენ კი ისევ განსახილველ საკითხს დავუბრუნდეთ. ანტიქრისტეც ყველაფერს გააკეთებს, რათა შეავიწროვოს წმინდანები. წინასწარმეტყველი და მოციქული კი ბრძანებს: "აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს". მაშ, ასე მის სახელთან დაკავშირებით რაიმე განსაზღვრულის თქმა შეუძლებელია; ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ როგორ განსჯიდა მოცემულ შემთხვევაში იოანე და რა ეუწყა მას. რადგან მისი (ანტიქრისტეს - მთარგმნ.) სახელის საიდუმლოს დრო გაამხელს, როდესაც გამოჩნდება თვით ანტიქრისტე. თუმცა, სავარაუდოდ მაინც შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ საგანზე რამდენიც ძალგვიძს; ასეთია (ანუ ამ რიცხვის შესაბამისია - მთარგმნ.), მაგალითად, სახელი - ტიტანი (Τειτάν), უძველესი და ცნობილი სახელი, ან ევანთასი (Εύάνθας), რომელიც ასევე შეესატყვისება მხეცის რიცხვს. შეიძლება წარმოვადგინოთ მრავალი სხვა სახელიც. ზემოთ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ პირვლი მხეცის ჭრილობა განიკურნება და მისცემს ხატს ძალას ილაპარაკოს. ყველასათვის ნათელია, რომ ლათინები ჯერ კიდევ ბატონობენ; შედეგაც, თუ ამ სახელს ერთ ადამიანთან მიმართებაში გადავთარგმნით, გამოვა სახელწოდება "ლათინელი" (Λατεινος)  (18). მართალია, ჯერ კიდევ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ანტიქრისტეს სახელი ასეთი იქნება, როგორც არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ შეუძლებელია იწოდებოდეს სხვაგვარად. საერთოდ კი გვმართებს შიშით ვიპყრათ გულში ღმრთის საიდუმლო და რწმენით დავიცვათ ის, რაც წინასწარმეტყველთა მიერ არის ნაუწყები, ეს იმისთვის, რათა გვეცოდინება რა წინასწარ იმ მშფოთვარებათა შესახებ, რომელიც მოიწევა, არ დავბრკოლდეთ. ხოლო როდესაც მოიწევა განსაზღვრული ჟამი, მაშინ გაცხადდება მტარვალიც, როგორც ნაწინასწარმეტყველევია და ყველას გამოეცხადება მისი სახელი.

თუმცა მარტო ამ გამონათქვამებით როდი ძალგვიძს დავარწმუნოთ ღმრთის სიტყვის გულმოდგინე გამომეძიებელნი; ჭეშმარიტება შეგვიძლია ვაჩვენოთ სხვა მრავალ მოწმობათაგანაც. ასე მაგალითად დანიელი ამბობს: "და შევიდეს ქუეყანად საბაინისა და მრავალნი მოუძლურდენ. და ესენი განერნენ ხელისაგან მისისა - ედომი და მოაბი და მთავარნი ძეთა ამმონისთა" (დანიელ 11:41). ესენი შეუერთდებიან მას ნათესაობის მიზეზით და თავიანთ მეფედ გამოაცხადებენ. "ედომი" - ეს ესავის შვილებია, ხოლო "ამმონი" და "მოაბი" - ლოთის ორი ქალწულისგან ნაშობნი: მათი მოდგმა გრძელდება დღემდე. ასევე ესაია ამბობს: "და ფრინვიდენ ნავებითა უცხოტომთათა, ზღვასა ერთბამად ტყუენვიდენ, და მზისაღმოსავალით კერძოთა და იდუმეასა; და მოაბსა ზედა პირველად მიყონ ხელები, ხოლო ძეთა ამმონისთა პირველად შეისმინონ" (ესაია 11:14).

მაშ ასე, გამოჩნდება რა მათგან განსაზღვრულ დროში და დაამარცხებს რა ბრძოლის ველზე სამ რქას ათიდან და საბოლოოდ აღმოფხვრის მათ (ანუ სამ რქას: ეგვიპტეს, ლიბიასა და ეთიოპიას), გადიდგულდება და გაამპარტავნდება ღმერთზე, თითქოსდა უკვე ყოველივე არსებულის მფლობელი და მბრძანებელი იყოს. პირველად ტიროსსა და სიდონს და მათ მიმდებარე ქვეყნებს დაესხმება. პირველად ამ ქალაქებს აიღებს, რაც სხვა ქალაქებშიაც დანერგავს შიშსა და ძრწოლას, როგორც ამბობს ესაია: "ცხუენოდენ სიდონსა, - თქუა ზღუამან, - ხოლო ძალმან ზღვისამან თქუა: არა მელმოდა, არცა ვშობდ, არცა აღვზარდენ ჭაბუკნი, არცა აღვამაღლენ ქალწულნი. ხოლო ოდეს სასმენელ იქმნეს ეგვიპტისა, მიიხუნეს იგინი სალმობამან ტვიროსისა ძლით" (ესაია 23:4,5).

როდესაც მოხდება ეს, საყვარელო, მაშინ ამოძირკვავს ის სამ რქას და ეზეკიელის თანახმად, დაიწყებს ლაპარაკს ვითარც ღმერთი: "და შენ, ძეო კაცისაო, არქუ მთავარსა ტვიროსისასა: ამათ იტყვის უფალი, უფალი, მის წილ, რომელ ამაღლდა გული შენი და თქუა: ღმერთი ვარ მე, საყოფელი ღმრთისაი დავიმკვიდრე გულსა შორის ზღვისასა; შენ კაცი ხარ და არა ღმერთი, და მიეც გული შენი გულად ღმრთისა" (ეზეკიელ 28:2). ამგვარადვე ბრძანებს ესაიაც: "ხოლო შენ სთქუ გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაით ვარსკულავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი, დავჯდე მთასა ზედა მაღალსა. მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოთ. აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მადლისა. ხოლო აწ ჯოჯოხეთადმი შთაჰხდე და საფუძველთა მიმართ ქვეყანისათა" (ესაია 14:13_15). და ისევ ეზეკიელი ბრძანებს: "ნუ მეტყუელმან თქუა: ღმერთი ვარ მე წინაშე მომკლველთა შენთა. შენ კაცი ხარ და არა ღმერთი; სიმრავლისა შორის მომწყლველთა შენთაისა" (ეზეკიელ. 28:9).

იმის შემდეგ, რაც ვაჩვენეთ ეს გამონათქვამები, რომლებიც ანტიქრისტეს ტომობრივ წარმომავლობას, მის გამოჩენასა და აღსასრულს და ასევე, მის სახელს ეხება, მისი საქმეებიც განვიხილოთ. ის მოუწოდებს მთელ იუდეველ ხალხს ყველა ქვეყნიდან, რომლებშიც გაფანტულია და მიისაკუთრებს მათ, როგორც საკუთარ შვილებს; აუწყებს მათ, რომ აღადგენს ქვეყანას, სამეფოსა და ტაძარს, - და ყოველივე ამას იმ მიზნით, რათა თაყვანი სცენ მას, როგორც ღმერთს, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ (19): "შემოიკრებს ძალებს მზის აღმოსავლეთიდან ვიდრე დასავლადმდე; და ყველა, რომლებსაც მან მოუწოდა და ისინიც კი, რომელთათვისაც არ მოუწოდებია - გაჰყვებიან მას". იერემიაც, იგავურად გვამცნობს ანტიქრისტეს შესახებ: "ხმა-ყო კაკაბმან, შეიკრიბნა, რომელნი არა შვნა. მყოფელმან სიმდიდრესა მისსა არა განკითხვით, განზოგებასა დღეთა მისთასა დაუტეონ იგი და უკანასკნელთა შინა მისთა იყოს უცნობელ" (იერემია 17:11).

რა თქმა უნდა, არ დაგვაზარალებს ისიც, თუკი მოგითხრობთ რა მზაკვრობებს მიმართავს ეს პირუტყვი და, რომ წინასწარმეტყველს უაზროდ კი არ შეუდარებია ის იგავურად კაკაბისთვის. მართლაც, ეს ფრინველი, რომელიც მეტად პატივმოყვარეა ყოველთვის, როგორც კი საკუთარ ბუდესთან ახლოს სხვა კაკაბის ბუდეს აღმოაჩენს, რომელშიაც ბარტყები ბუდობენ, მათი მშობლების არყოფნისას, რომლებიც საშოვარზე არიან, მიჰბაძავს მათ ხმას და ბარტყებს თავისკენ მიიხმობს. ბარტყებსაც ეს მშობლის ხმა ჰგონიათ და მიემართებიან მისკენ. და აი ასე მედიდურობს ის სხვის შვილებს შორის, თითქოსდა მისი იყოს. მაგრამ როგორც კი დაბრუნდება ნამდვილი მამა ბარტყებისა და მოუწოდებს მათ ნამდვილი ხმით, ბარტყები იცნობენ რა ამ ხმას, ტოვებენ მატყუარას და ისევ მამას მიაშურებენ. სწორედ ეს მსგავსება გამოიყენა წინასწარმეტყველმაც, როდესაც ლაპარაკობდა ანტიქრისტეზე, რომელიც კაკაბივით მოუხმობს კაცობრიობას და შეეცდება მიისაკუთროს ის რაც სხვისია; აუწყებს ყველას ცრუ გამოხსნას, როდესაც საკუთარი თავის ხსნაც კი არ ძალუძს.

ის მიიერთებს ხალხს, რომელიც ყოველთვის განდგომილი იყო ღმერთს და მისი თხოვნით დაიწყებს წმინდანთა დევნას, როგორც მტრებისა და მოწინააღმდეგეებისა, როგორც ბრძანებს ამას მახარობელი: "და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყვინ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა შინა თვისსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, ამისთვის, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე" (ლუკა 18:2-5).

მსაჯულში, რომელსაც "არც ღმრთის შიში აქვს და არც კაცის რცხვენია", მახარობელმა უეჭვ ელად იგულისხმა ანტიქრისტე, ძე ეშმაკისა და ჭურჭელი სატანისა, რომელიც გაამპარტავნდება ღმერთზე და ჭეშმარიტად ურცხვი და უსამართლო იქნება ყოველთა მსაჯულის - ღმრთის ძის წინაშე. "ქვრივში" კი, როგორც ის ამბობს, - "იმავე ქალაქში ცხოვრობდა", იმ იერუსალიმზე მიანიშნებს, რომელიც, ჭეშმარიტად დაქვრივებულია, რადგან მიტოვებულია სრულყოფილი ზეციური სიძის მიერ (20) შურისგებას მოკვდავი ადამიანის მიერ ეძებს. სწორედ მას (ქრისტეს) მიიჩნევს ქვრივი თავის მოწინააღმდეგედ და არა მაცხოვრად, რადგან ვერ გულისხმაყო ის, რაც ნაბრძანებია იერემიას მიერ: "იმისათვის, რომ არ დაუჯერეს ჭეშმარიტებას, სული საცთურისა დაელაპარაკება მაშინ ამ ხალხს და იერუსალემს" (შეად. იერემია 4:11). ესაიაც ასე ბრძანებს: "არნდომისათვის ერისა ამის წყალი სილოამისა მავალი მყუდროდ, არამედ ნდომისა ქონებად ძე რაასინისი და ძე რომაელისი მეფედ, თქუა თქვენ ზედა. 

ამისთვის, აჰა, აღმოიყვანებს უფალი თქვენ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა ასსურასტაე ზედა ზღუდესა თქვენსა" (ესაია 8:6,7). აშურის (ასურელთა) მეფედ ის სიმბოლურად უწოდებს ანტიქრისტეს, როგორც სხვა წინასწარმეტყველთანაც არის ნათქვამი: "და იყოს ესე მშვიდობაი, ოდეს ასურასტანელი მოვიდეს ქუეყანასა ზედა თქუენსა" (მიქა 5:5).

ასევე, მოსეც, რომელიც წინასწარ ჭვრეტდა იუდეველთა განდგომილებას ჭეშმარიტი მაცხოვრისგან და ცთომილებასთან ამ ხალხის მიერთებას და ასევე იმას, რომ მიწიერ მეფეს არჩევდა ზეციერს, ასე ამბობდა: "აჰა, ესერა, ესე ყოველი დამიკრებიეს მე ბეჭდული, მარხულ არს საუნჯესა ჩემსა. დღესა მას შურისგებისასა მივაგო მათ ჟამსა მას, რომელსაცა შეუცთენ ფერხნი მათნი" (მეორე სჯული 32:34,35).

მაშ ასე, მათ ყველაფერში დაუცდათ ფეხი და ყველაფერში ჭეშმარიტების მოწინააღმდეგენი აღმოჩნდნენ: ეწინააღმდეგებოდნენ წინასწასრმეტყველებს, რადგან ხოცავდნენ მათ; ეწინააღმდეგებოდნენ სახარებას, რადგან ჯვარს აცვეს თვით მაცხოვარიც; ეწინააღმდეგებოდნენ მოციქულებს, რადგან დევნიდნენ მათ; ყველგან ბოროტმოქმედებად და ჭეშმარიტების გამცემლებად შეიქნენ; ღმრთის მოყვარეებზე უფრო ღმრთისმოწინააღმდეგეებად იქცნენ. ღმრთის მონებზე ამხედრებულნი, შურისგებას მოკვდავი კაცისგან ჯერ კიდევ იმ დროიდან ითხოვენ. ხოლო ის (კაცი წარწყმედისა, ანტიქრისტე - მთარგმნ.), მათი შემწეობით გადიდგულებული წმინდანთა წინააღმდეგ გამოსცემს განკარგულებებს რათა დახოცონ ყველგან იმ შემთხვევაში, თუკი პატივს არ მიაგებენ ანტიქრისტეს და თაყვანს არ სცემენ მას, როგორც ღმერთს. ამის შესახებ ასე იუწყება ესაია: "ვაი ქუეყანისა უმრავლესთა ნავთა ფრთეთა მიერ კერძო მდინარეთა ეთიოპიისათა (21), რომელი მიავლენდა ყოველთა წარმართთა ზღვისა შორის ომირაისსა და ეპისტოლეთა წიგნებთა ზედაკერძო წყლისა, რამეთუ ვიდოდიან ქადაგნი სუბუქნი ნათესავისა მიმართ განსაცხრომელისა და უცხოსა ერისა და უსახურისა, ვინ მისსა მიერ კერძო ნათესავი უსასო და დათრგუნვილი" (ესაია 18:1,2).

ესენი კი ჩვენ ვართ, ღმრთის ძის მოიმედენი, რისთვისაც განვიცდით დევნას და შევიწროებას ურწმუნოთა და ბოროტ ადამიანთა მხრიდან. "ნავთა ფრთენი" ეკლესიებია; "ზღვა" - მსოფლიო, რომელიც ებრძვის ამ ზღვის მორევში მავალ ეკლესიას, რომელიც არ დაიღუპება, მას ხომ გამოცდილი მესაჭე იესუ ქრისტე მეთაურობს. ხომალდის შუაში აღმართულია მთავარი მონაპოვარი, მიმართული სიკვდილის წინააღმდეგ, - ჯვარი უფლისა. ხომალდს აქვს თავი - აღმოსავლეთის მხარე, და კიჩო - დასავლეთი; კილი (გემის ხერხემალი) სამხრეთია; ორი საჭე - ორი აღქთმა; თოკები, რომლებიც ირგვლივ გაუბამთ, ქრისტეს სიყვარულია რომლითაც შეკრულია მისი ეკლესია; ის ატარებს ტრიუმსაც, ანუ "შობის საბანელს", რომელიც განაახლებს მორწმუნეთ. ხომალდის სიფრიფანა და გამჭვირვალე აფრები - სულია ზეციერი, რომლითაც ღმრთისთვის მორწმუნენი აღიბეჭდებიან. რკინის ღუზები - ქრისტეს წმინდა მცნებებია, რომლებიც მტკიცენი არიან ვითარც რკინა. ხომალდზე იმყოფებიან მეზღვაურნი, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხრიდან, - ეს მომსახურე ანგელოზთა დასებია, რომელებიც დაუღალავად და განუწყვეტლივ იცავენ ეკლესიას. კიბე, რომელიც გემის ანძაზე ადის - ქრისტეს ვნებების სიმბოლოა, ის სიმბოლო, რომელიც აღიტაცებს ყოველ მორწმუნეს ზეცად. ანძაზე დამაგრებული ფიცარნაგები (22), - წინასწარმეტყველთა, მოწამეთა და მოციქულთა დასია, რომლებიც განისვენებენ ქრისტეს სასუფეველში. 

    დევნასა და შევიწროებაზე, რომელიც თავს დაატყდება ეკლესიას, ლაპარაკობს იოანეც: "და გამოჩნდა ცაში სასწაული დიდი: ქალი, რომელსაც ემოსა მზე, და მთვარე იყო მის ფეხქვეშ, და თავს ედგა თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი; და მუცლად ეღო, და კიოდა სალმობისა და შობის ტკივილებისგან. და გამოჩნდა სხვა სასწაული ცაში; და აჰა, წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავს ედგა შვიდი გვირგვინი. და კუდი მისი მიითრევდა მესამედს ცის ვარსკვლავებისას, და გადმოყარა ისინი ქვეყნად, და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა, როდესაც შობდა, შტაენთქა მისი შვილი. და შვა მან ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა დაემწყემსა ყველა წარმართი, და წარტაცებულ იქნა მისი ძე ღმრთისა და მისი ტახტის მიმართ. და ქალი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღმერთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე. და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი. და მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა ივლტოდეს გველისგან, უდაბნოში, თავის ადგილას, და თავს ირჩენდეს იქ დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე. და ამოასხა გველმა წყალი, როგორც მდინარე, თავისი პირიდან, ქალის კვალდაკვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს. მაგრამ მიწა შეეწია ქალს, და განახვნა მიწამ ბაგენი, და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოასხა თავისი პირიდან. და განრისხდა ურჩხული ქალზე, და გასწია, რათა შეჰბმოდა დანარჩენებს მისი მოდგმისგან, რომლებიც იმარხავენ ღმერთის მცნებას, და აქვთ მოწმობა იესუსი" (აპოკ. 12:1-6, 13-17) (23).

ქალში, "რომელსაც ემოსა მზე" მან ყველაზე უცხადესად მოიაზრა ეკლესია, რომელიც შემოსილია მამის სიტყვით, რომელიც მზეზე უმეტესად ბრწყინავს. ხოლო სიტყვებით "და მთვარე იყო მის ფეხქვეშ" მიანიშნა, რომ ეკლესიას, მსგავსად მთვარისა, ამშვენებს ზეციური დიდება. გამოთქმა " თავს ედგა თორმეტი ვარსკვლავის გვირგვინი" თორმეტ მოციქულზე მიანიშნებს, რომელთა მეშვეობითაც დამტკიცდა ეკლესია. "და მუცლად ეღო, და კიოდა სალმობისა და შობის ტკივილებისგან" კი ნიშნავს, რომ ეკლესიას არა აქვს მოსვენება, რადგან ყოველთვის შობს სიტყვას თავისი გულიდან და, ამავდროულად, განიცდის გამუდმებულ დევნას ურწმუნოთაგან. "და შვა მან ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა დაემწყემსა ყველა წარმართი" - ძესა და სრულ ქრისტეს, ძეს ღმრთისას, ღმერთსა და კაცს, ნაუწყებს წინასწარმეტყველთა მიერ მარადის შობს ეკლესია და მის შესახებ ასწავლის ყველა ხალხს. გამოთქმა: "წარტაცებულ იქნა მისი ძე ღმრთისა და მისი ტახტის მიმართ" ნიშნავს, რომ ის, ვისაც მარადის შობს ეკლესია ზეციური მეფეა და არა მიწიერი, როგორც იუწყება ამას დავითი სიტყვებით: "ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა" (ფსალმუნი 109:1). 

"და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი. და მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა ივლტოდეს გველისგან, უდაბნოში, თავის ადგილას, და თავს ირჩენდეს იქ დროის, დროთა და ნახევარი დროის მანძილზე" - ეს სწორედ ის ათას ორას სამოცი დღეა, - შვიდეულის ნახევარი, - რომლის განმავლობაშიც მიეცემა ძალა ტირანს და დევნის ეკლესიას, რომელიც გაიქცევა ერთი ქალაქიდან მეორეში, დაიმალება უდაბნოში და მთებს შეაფარებს თავს; და არ ექნება მას სხვა არაფერი გარდა არწივის ორი ფრთისა, ანუ ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, რომელმაც არწივივით გაშალა რა თავისი თავისი წმიდა ხელნი, მარჯვენა და მარცხენა, ჯვარზე მიამსჭვალა და მით ყველა მის მორწმუნეს თავისკენ მოუწოდა და ამ "ფრთებით" იფარავს ის მისდამი მორწმუნეთ, როგორც ფრინველი თავის ბარტყებს. ამ აზრით არის ნათქვამი მალაქიასთანაც: "და აღმოგიბრწყინდეს თქუენ მოშიშთა სახელისა ჩემისათა მზე სიმართლისა და კურნებაი შორის ფრთეთა მისთა. და გამოხვიდეთ და სტულობდეთ და ჰკრთებოდით, ვითარცა ზუარაკნი ხსნილნი საკრველთაგან" (მალაქია 4:2).

უფალი ასევე ამბობს: "რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისაი, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისხმა-ყავნ. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თვისისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თვისისა.  ხოლო ვაი მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა! არამედ ილოცევდით, რაითა არა იყოს სივლტოლაი თქუენი ზამთარსა შინა გინა შაბათსა. რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს.  და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ხორციელი, ხოლო რჩეულთა მათთვის შემოკლდენ დღენი იგი" (მათე 24:15-22). დანიელი კი ამბობს: "და ჟამისაგანცა ცვალებისასა მიმდემადისა და მოცემისა საძაგელსა მოოხრებისასა დღენი ათას ორასოთხმეოცდაათნი. ნეტარ არს მოთმინე და მიწევნილი დღეთა მას ათას სამასოცდაათხუთმეტთა" (დანიელ 12:11,12).

ნეტარი მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "ხოლო გეტყვით თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთვის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათვის მისა მიმართ, რაითა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყვითა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაი. ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ ნუ რომლითა სახითა, რამეთუ უკუეთუ არა მოვიდეს განდგომილებაი იგი პირველად, და გამოჩნდეს კაცი იგი უშჯულოებისაი, შვილი იგი წარსაწყმედელისაი, მხდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა, ვითარცა ღმერთი. არა გახსოვსა, რამეთუ, ვიდრე-იგიღა ვიყავ თქუენ თანა, ამასვე გეტყოდე თქუენ? და აწ, რომელი-იგი დაგისწავიეს, იცით გამოჩინებადი იგი თვისსა მას ჟამსა. რამეთუ საიდუმლოი იგი აწვე იქმნების უშჯულოებისაი, გარნა ხოლო, რომელსა-ესე უპყრიეს აწ, ვიდრემდე შორს განვიდეს, და მაშინ გამოჩნდეს უშჯულოი იგი, რომელი-იგი უფალმან აღხოცოს სულითა პირისა მისისაითა და განაქარვოს იგი გამოჩინებითა მით მოსლვისა მისისაითა, რომლისა-იგი მოსლვაი არს შეწევნითა ეშმაკისაითა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაითა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაითა და წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ ვინაითგან სიყუარული იგი ჭეშმარიტებისაი არა შეიწყნარეს, რაითამცა ცხონდეს იგინი, ამისათვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაი, რაითა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაი, რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო-ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თესალონიკ. 2:1-12). ესაია კი ბრძანებს: "რამეთუ დადუმნა უღმრთოი და რომელმან არა ისწაოს სიმართლე ქუეყანასა ზედა, ჭეშმარიტება არა ყოს, მოისპენ უღმრთოი, რაითა არა იხილოს დიდებაი უფლისაი" (ესაია 26:10).

როდესაც ეს მოხდება, საყვარელო და ერთი შვიდეული გაიყოფა ორ ნაწილად; გამოჩნდება "მოოხრების სისაძაგლე", მოვა უფლის ორი წინასწარმეტყველი და მისი მეორედ მოსვლის წინამორბედი და სამყაროს აღსასრული მოახლოვდება, - რაღა დარჩება კიდევ, თუ არა ზეცითგან მოსვლა უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესი, ძისა ღმრთისასა, რომლისაც გვწამს და რომლისა მიმართ გვაქვს სასოება და რომელიც მოაწევს სამართლიან სასჯელს და დაწვავს მისდამი ურწმუნოთ? მართლაც, უფალი ამბობს: "და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოხსნაი თქუენი. და თმაი თავისა თქუენისაი არა წარწყმდეს. რამეთუ, ვითარცა ელვაი რაი გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაი ძისა კაცისაი. რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები" (ლუკა 21:28,18; მათე 24:27,28). "მძორი" გამოისახა ჯერ კიდევ სამოთხეში: შეცდენილი ადამი ხომ იქ დაეცა. და კიდევ უფალი ამბობს, რომ მაშინ წარავლენს ძე კაცისა თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს  "ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაით, ვიდრე კიდედმდე მათა" (მათე 24:31). ასევე დავითი, რომელიც ჩვენი უფლის მოსვლას იუწყება, ბრძანებს: "ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა" (ფსალმ. 18:7). "სიცხეში" კი გულისხმობს დაწვას. ამასვე ადასტურებს ესაიაც, რომელიც ბრძანებს: "აბიჯე, ერო ჩემო, შევედ საუნჯეთა შენთა! დაჰხშენ კარნი შენნი. დამიმალე მცირედ, რაბამ ვიდრემდისცა წარხდეს რისხვა უფლისაი" (ესაია 26:20). ასევე პავლეც: "რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაი ღმრთისაი ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაი სიცრუვით აქუნდა" (რომ. 1:18).

მკვდრეთით აღდგომასა და წმინდანთა სუფევაზე კი ლაპარაკობს დანიელი: "და მრავალნი დაძინებულნი ქუეყანისა შინა მიწასა აღდგენ, რომელნი ცხონებად საუკუნოდ, და რომელნი ყუედრებად და სირცხვილად საუკუნოდ" (დანიელ 12:2). ასევე ესაიაც: "აღდგენ მკუდარნი, და აღემართნენ საფლავთაშინანი და იშუებდენ შორის ქუეყანასა, რამეთუ ცუარი შენმიერი საკურნებელ მათდა არს, ხოლო ქუეყანა უთნოთა დაეცეს" (ესაია 26:19). უფალი ასევე ამბობს, რომ "მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ" (იოანე 5:25). წინასწარმეტყველი კი ბრძანებს: "განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან" (ეფეს. 5:14). იოანე ბრძანებს: "ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ხელმწიფებაი, არამედ იყვნენ მღდელ ღმრთისა და ქრისტესა, და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა" (აპოკ. 20:6). "მეორე სიკვდილი" კი არის გეჰენიის ტბა. და კვლავ უფალი ბრძანებს: "მაშინ მართალნი გამობრწყინდენ ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა" (მათე 13:43). წმინდანებს კი ეტყვის: "მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით" (მათე 25:34). მაგრამ, რას ეუბნება უკეთურებს: "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის" (მათე 25:41). იოანე ბრძანებს: "გარე იყვნენ შეგინებულნი და მწამლველნი და მეძავნი და კაცის_მკლველნი და კერპთმსახურნი და ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაი" (აპოკ. 22:15). მსგავსადვე ბრძანებს ესაიაც: "და განვიდენ და იხილონ ძუალები კაცთა გარდამავალთაი ჩემდამო, რამეთუ მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ სახილველ ყოვლისა ხორცისა" (ესაია 66:24).

მიცვალებულთა აღდგომის შესახებ მოციქული პავლე თესალონკელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: "ხოლო არა გუნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთვის, რაითა არა სწუხდეთ, ვითარცა_იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაი. რამეთუ უკუეთუ გურწამს, ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი იესუის მიერ მოიყვანნეს მის თანა. ხოლო ამას გეტყვი თქუენ სიტყვითა უფლისაითა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოზთ მთავრისაითა და საყვირითა ღმრთისაითა გარდამოხდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით" (1 თესალონიკ. 4:13-17). 

ეს ყველაფერი, ამოწერილია საღმრთო წერილიდან, როგორც კეთილსურნელოვანი წყაროდან და მის საფუძველზე დაწნულია ზეციური გვირგვინი და მე, ღმრთისადმი სიყვარულით, შემოკლებულად  გთავაზობ შენ, ძმაო ჩემო თეოფილე, რათა შენ, რწმენით დაიმარხო დაწერილი და მომავლის ჭვრეტით დაიცვა თავი უბიწოდ, როგორც ღმრთის, ასევე კაცთა წინაშე, რათა მოელოდე "ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა" (ტიტ. 2:13). - იმ მოვლინებას, რომლის დროსაც, წმინდანთა აღდგომის შემდეგ, გავიხარებთ მასთან ერთად და განვადიდებთ მამას, რომელსაც ეკუთვნის დიდება სამარადისოდ. ამინ.

შენიშვნები:

1.    ამ თეოფილეს პიროვნების შესახებ რაიმე განსაზღვრულის თქმა შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ეს ის თეოფილეა, რომელსაც, როგორც წმ. ეპიფანე მოწმობს, მიმართავდა წმ. მეთოდე პატროველიც.

2.    აქ და შემდგომ ფრჩხილებში მოცემულია სიტყვები, რომლებიც არ არის ორიგინალში, მაგრამ შეტანილია მთარგმნელის მიერ სიტყვათა შორის ლოგიკური კავშირისათვის და წინადადების შინაარსის უკეთესად გააზრებისათვის.

3.    იპოლიტეს შეხედულება, რომ ანტიქრისტეს დროს აღდგება იერუსალემის ძველი ტაძარი ყველა წმინდა მამის მიერ გაზიარებული არ არის. როდესაც იერუსალემის ტაძარზე ლაპარაკობენ, ჩვეულებისაებრ უთითებენ წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებს "მხდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა, ვითარცა ღმერთი" (2 თესალონიკ. 2:4) და დანიელის წინასწარმეტყელებას მოოხრების სისაძაგლეზე: "რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოხრებისაი, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისხმა-ყავნ" (მათე 24:15). იპოლიტესგან განსხვავებით, კირილე იერუსალიმელი, იოანე დამასკელი, ირინეოს ლიონელი და სხვა წმიდა მამები "ღმრთის ეკლესიაში" ("წმიდა ადგილში) გულისხმობდნენ ქრისტეანულ ეკლესიას. ასეთი შეხედულება აქვთ ნეტ. იერონიმეს, ნეტ. თეოდორიტეს, ნეტ. თეოფილაქტეს, წმ. ანდრია კესარიელს, ნეტ. ავგუსტინეს, ღირ. ეფრემ ასურელს, რომელიც ამბობს: "ის (ე. ი. ანტიქრისტე _ მთარგმნ.) გამოჩნდება და შევა ღმრთის ტაძარში, სწორედ ღმრთის ეკლესიაში, რათა შიგ მოკალათდეს. არ განიდრიკება ის სხვა რომელიმე მწვალებლური საზოგადოებისკენ, რათა არ იცნონ, - არამედ ზიზღით უარყოფს ყველა ცრუ კულტს, ეკლესიის დატყვევების შესაძლებლობა რომ მიეცეს"; და შემდეგ: "...ჭეშმარიტების ნიღაბით დაიწყებს ეკლესიის მართვას" (Творения, Ч.7, с.246_247). წმ. ანდრია კესარიელი ბრძანებს, რომ ანტიქრისტე "ნამდვილად დაჯდება ღმრთის ტაძარში _ საყოველთაო ეკლესიაში" (Толк. на Апок., с.177). ნეტ. თეოდორიტე წერს, რომ "ღმრთის ტაძრად ეკლესია იწოდება" (Толк. на Апок., с.177). ამ უკანასკნელ შეხედულებას იზიარებს წმ. იოანე ოქროპირიც, რომელიც თავის ვრცელ ტრაქტატში "იუდეველთა წინააღმდეგ" წერს, რომ "იერუსალემის ტაძარი არასდროს აღსდგება" და, რომ "არც ერთ წინასწარმეტყველს არ მოუცია პირობა, რომ იუდეველები გათავისუფლდებიან ამჟამინდელი თავიანთი უბედურებებისგან" (Творения, Т. 1, с.698,703). რაც შეეხება დანიელის წინასწარმეტყველებას ბოლო შვიდეულის შესახებ, აქედანაც ნათელია, რომ მოოხრების სისაძაგლეს ანტიქრისტე დააყენებს ასევე ღმრთის ეკლესიაში, რომელიც, მართლაცდა, არის წმიდა ადგილი, რასაც არანაირად არ წარმოადგენს იერუსალემის ტაძარი, რადგან დღევანდელი იუდეველები თაყვანსსცემენ, როგორც ასწავლის ამას ყველა წმ. მამა და წმ. წერილი (გამოცხ. 2:9; 3:9), არა ღმერთს, არამედ ეშმაკს, შედეგად, მათ მიერ აღდგენილი ტაძარი შეუძლებელია აწ იყოს ღმრთის წმიდა ტაძარი, წმიდა ადგილი ან წმიდა საკურთხეველი. ამ აზრს სრულიად ადასტურებს წმ. წერილიც, სადაც თვით  უფალი თავისი ჯვარცმის წინ წინასწარმეტყველებდა იერუსალიმის ტაძრის გამო: "აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად" (მათე 23:38), რაც აღსრულდა, როდესაც იერუსალემის ტაძრის მიტოვება სულიწმიდამ ტაძრის კრეტსაბმელის შუაში გახევით მიანიშნა. ამ სიტყვების განმარტებისას, წმ. იოანე ოქროპირი ყურადღებას აქცევს იმას, რომ უფალი იერუსალემის ტაძარზე "ჩემი სახლიო" კი არ ლაპარკობს, არამედ "თქვენი სახლიო" ბრძანებს ("დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოხრად"), ანუ იერუსალემის ტაძარი უკვე ღმრთისგან განმდგარი იუდეველების სახლი გახდა, რითაც უფალმა მის სრულ გაპარტახებაზე მიუთითა. მაშ ასე, მოოხრების სისაძაგლე "წმიდა ადგილზე" (ის დღემდე წმიდა ადგილი რომ იყოს) ორი ათას წელზე მეტია რაც არსებობს, ანტიქრისტეზე კი ნათქვამია, რომ თავის სისაძაგლეს ის აღმართავს იმ ადგილას, რომელიც მეორედ მოსვლამდე წმიდა იქნება, ანუ აქ სხვა არაფერი შეიძლება იყოს ნაგულისხმევი თუ არა ქრისტეანული ეკლესია. შედეგად, დანიელის წინასწარმეტყველება "მუდმივი შესაწირავის შეწყვეტაზე" (დან. 12:11) უნდა გავიგოთ როგორც ქრისტეანული ღია (ლეგალური) ღვთისმსახურებისა და (უსისხლო) მსხვერპლშეწირვის შეწყვეტა, როგორც ამას ირინეოს ლიონელი და ეფრემ ასურელი განმარტავენ. ამ დროიდან ქრისტეანული წირვა აღსრულდება იმ უდაბნოში, სადაც _ როგორც აპოკალიპსისი გვაუწყებს, _ გაიქცევა დედაკაცი _ ქრისტეს ეკლესია, რათა დაემალოს გველს მეორე და დიდებით მოსვლამდე უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტესა.

4.    იპოლიტეს მიერ ციტირებული ზოგიერთი ადგილი ყოველთვის არ შეესაბამება ბიბლიის ძველ და მიღებულ თარგმანს, რომელიც ეკლესიაში, ჩვენს დროში გამოიყენება, არამედ შეესატყვისება მოცემული თხზულების ტექსტის ორიგინალს.

5.    წმ. წერილში ასეთი ადგილი არ არის. სავარაუდოდ, იპოლიტეს ის აღებული აქვს რომელიღაც აპოკრიფული თხზულებიდან. ეს ადგილი იპოლიტეს კიდევ ერთხელ აქვს დამოწმებული 54-ე თავში.

6.    წმ. წერილის ეს ადგილი, რომელიც იპოლიტეს მოჰყავს ანტიქრისტესთან მიმართებაში, აშკარად უთითებს მასზედ, რომ მხეცი მოკვდება კაცის ხელით, რომელსაც სხვა ადგილას მოციქული უფლის "პირის სულს" უწოდებს (2 თესალონიკ. 2:8). ამას ადასტურებს წინასწარმეტყველი იერემიაც, რომელიც გვაუწყებს: "გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისაგან, ვითარცა პირი ჩემი იყო" (იერემია 15:19). იგივე უნდა ითქვას უფლის პირისგან გამომავალ მახვილზე (გამოცხ. 1:16), რაც წმ. წერილში ჩვეულებისაებრ წინასწარმეტყველთა მრისხანე მხილებებს განეკუთვნება (ოსია 6:5). მეორეს მხრივ, ასეთი განმარტება დასტურდება დანიელ წინასწარმეტყველის მიერაც, რომელიც ამბობს, რომ ანტიქრისტეს მოკვლიდან ქრისტეს მოსვლამდე დროის გარკვეული მონაკვეთი იარსებებს (დანიელ 12:11,12), რითაც მიგვანიშნებს, რომ მხეცს უშუალოდ უფალი კი არ მოკლავს, თავისი დიდების მოსვლის დროს, საუკუნო სამსჯავროზე, არამედ ჯერ კიდევ ამ მომენტის დადგომამდე, და სწორედ "მისი (ანუ უფლის - მთარგმნ.) პირის სულის მიერ". ასეთ გაგებას მხარს უჭერს წმ. მამის განმარტებაც: "ნეტარ არს ის, ვინც წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც მოიკვლება ანტიქრისტე, კიდევ ორმოცდა ხუთი დღე დაელოდება უფლისა და მაცხოვრის დიდებით მოსვლას" (Блаж. Иероним. Творения, Т.12, с.139). 

7.    დანიელის წინასწარმეტყველების განმარტებაში იპოლიტე პირდაპირ უთითებს, თუ ვინ იყო ის ოთხი მემკვიდრე, რომელთა შორისაც ალექსანდრემ დაჰყო და დაანაწილა თავისი სამეფო. ესენი იყვნენ: სელევკოსი, დიმიტრი, პტოლომეოსი და ფილიპე.

8.    აქ უნდა ვიგულისხმოთ რომის სახელმწიფოს მრავალეროვნულობა, საიდანაც წარმოიქმნება ტომთა (ერთა) შორის უთანხმოებანი. ანუ სახელმწიფო დაიყოფა ათ ცალკეულ და იმ ეროვნულ სახელმწიფოდ, რომლებიც შედიოდნენ მის შემადგენლობაში; შედეგად, აქ იგულისხმება არა დემოკრატია, როგორც მმართველობის ცნობილი ფორმა, არამედ  ძალაუფლებათა სხვაობა, რომელიც განპირობებულია განჰყოფილ ტომთა ეროვნული თავისებურებებით.

9.    ბაბილონის მეძავში იპოლიტემ, როგორც ჩანს, იგულისხმა, რომის იმპერია, რადგან სწორედ მასზე საუბრობდა წინა თავში. ეს სახე სრულიად გასაგები აღმოჩნდება, თუ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ ანტიქრისტე, იპოლიტეს შეხედულებით იბატონებს სწორედ რომის იმპერიაში, რომელმაც მის დროს, ძველი ბაბილონის, გარყვნილების ამ სინონიმის მსგავსად, მიაღწია გარყვნილების უმაღლეს ხარისხს. მაგრამ სხვა კომენტატორები ერთურთისგან განჰყოფენ ბაბილონსა და მეძავს, სადაც პირველში გულისხმობენ რომის იმპერიას, მეორეში კი _ ქრისტეს მოღალატე ეკლესიას. ის, რომ ბაბილონის მეძავის ხატი აპოკალიპსისში ხშირად მოიხსენიება განუყოფლად, ლაპარაკობს იმაზე, რომ მწვალებლური ეკლესია თავის დაცემაში იმდენად გაუტოლდება წუთისოფელს, რომ თითქმის არაფრით იქნება განსხვავებული საერო ქალაქ_სამეფოსგან.

10.    ძველი გადმოცემა მოწმობს, რომ ესაია წინასწარმეტყველი მეფე მანასეს (მანასიას) ბრძანებით შუაში გადახერხეს.

11.    ეს არის ნათელი მითითება იმაზე, რომ რომი იპოლიტეს წარმოდგენაში გაიგივებულია ბაბილონთან, როგორც ანტიქრისტეს სამეფოსთან.

12.    ანტიქრისტეს წინამორბედ რომელ შვიდ მეფეს გულისხმობდა წმ. მოციქული იოანე, ყველაზე ძნელად ამოსახსნელი გამოცანაა კომენტატორთათვის.  მისი ამოხსნის გასაღები იმალება აპოკალიპსისური მხეცის თავების რიცხვში (გამოცხ. 13:1), რომელიც დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველევი ოთხი მხეცის თავების რიცხვს შეესაბამება (დან. 7), რომელიც, წმ. მამათა განმარტებით, - აღნიშნავენ მსოფლიო იმპერიათა მიყოლებით მონაცვლეობას და შვიდ ყველაზე მძლავრ მეფეს, რომლებიც სხვადასხვა დროში მეთაურობდნენ ამ იმპერიებს. ცხადია, რომ მოციქულ იოანეს მიერ ნაწინასწამეტყველევი მხეცი ერთ პირში მოიცავს დანიელის ოთხ მხეცს: ლომს, დათვს, ვეფხვსა და მეოთხე, საშინელ უსახელო მხეცს, - ბაბილონის, მიდო_სპარსულ, ბერძნულ და რომაულ სამეფოებს. მხეცის იოანესეული აღწერილობიდან, რომელიც, როგორც მოციქული გვამცნობს იყო "მსგავსი ვეფხისაი, და ფერხნი მისნი, ვითარცა დათვისანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაი. და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თვისი და საყდარი თვისი და ხელმწიფებაი დიდი" (აპოკ. 13:2) გამომდინარეობს ის აზრი, რომ დანიელ წინასწარმეტყველის ოთხი სამეფო მოიცავს მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მიერ ნახსენებ შვიდ სამეფოს. წინასწარმეტყველ დანიელის მიერ აღწერილი ოთხი მხეციდან, მხოლო ვეფხვს ჰქონდა ოთხი თავი მაშინ, როდესაც ლომს, დათვსა და მეოთხე, საშინელ მხეცს მხოლოდ თითო. როგორც ცნობილია, ვეფხვი აქ სიმბოლურად წარმოადგენს ბერძული სამეფოს , რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა ოთხმა მემკვიდრემ დაიმკვიდრა და შესაბამისად ოთხ ნაწილადაც დაიყო, კერძოდ: მაკედონიურ_ბერძნულ სამეფოდ, რომლის დედაქალაქი იყო ათენა; თრაკიულ-ბითვინიურ სამეფოდ დედაქალაქით ნიკომიდიაში, სირიულ_ბაბილონურად ცენტრით ანტიოქიაში და ეგვიპტის სამეფოდ, რომლის მთავარი ქალაქი იყო ალექსანდრია. ამ ოთხ სამეფოს, რომელიც შეადგენდა ერთ მსოფლიო ბერძნულ იმპერიას, აუცილებლად უნდა მივუმატოთ პირველი, ბაბილონისა და მიდიურ_სპარსული სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო სუზა და რომელიც ბერძნულ იმპერიაზე უადრეს იყო და მეორე, ამ იმპერიის მონაცვლე რომის იმპერიაც, რომელიც საერთო ჯამში შეადგენს აპოკალიპსისის მხეცის თავების რიცხვს - შვიდს. აქედან ადვილი დასადგენია რომელია ის ხუთი დიდი მეფე, რომლებიც მეფობდნენ ამ სამეფოებში გამოცხადების დაწერამდე და უკვე დაეცნენ. არ შეიძლება ეჭვი არსებობდეს იმაში, რომ ესენი არიან: 1) ნაბუქოდონოსორი, 2) კიროს სპარსელი, 3) დარიოს მიდიელი, 4) ალექსანდრე მაკედონელი, და 5) ანტიოქე ეპიფანე, სირიელი. მეექვსე მეფე - "და ერთი ჯერ კიდევ არის" - რომის იმპერატორი ვესპასიანეა, რომელმაც დაანგრია იერუსალემის ტაძარი და რომლის მეფობის დროსაც, როგორც ვარაუდობენ, დაწერა იოანემ აპოკალიპსისი. მეშვიდე მეფეზე წმ. წერილი არაფერს იტყობინება გარდა იმისა, რომ მისი მეფობა ხანმოკლე იქნება და, რომ ის გამოჩნდება უშუალოდ ანტიქრისტეს მოსვლის წინ. და ბოლოს, მერვე მეფეზე ჩვენ ვიცით, რომ ეს თვით ანტიქრისტეა.

13.    შვიდეულის ნახევარი უდრის 3,5 წელიწადს. რადგან აქ საანგარიშოდ აღებულია მთვარის თვე 30 დღით, რომელიც მიღებულია ებრაული წელთაღრიცხვით, მაშინ 3,5 წელი ნამდვილად უდრის 1260 დღეს, როგორც აღნიშნავს ამას იპოლიტე.

14.    იპოლიტეს წინასწარმეტყველი სიტყვები მოჰყავს თავისუფალი ინტერპრეტაციით.

15. წმ. ანდრია კესარიელსა და  ზოგიერთი სხვა კომენტატორს სხვაგვარად ესმოდათ პირველი და მეორე მხეცის არსი. მიწიდან ამომავალ მხეცში ისინი ხედავდნენ ცრუწინასწარმეტყველს, ხოლო ზღვიდან ამომავალ მხეცში კი თვით ანტიქრისტეს.

16.    ძველაღთქმისეული სისხლიანი და დასწვავი მსხვერპლი და კმევანი ქრისტეს მიერ დაწესებული ევქარისტიის უწმიდესი საიდუმლოს გარდა შეიცვალა აგრეთვე წმიდა ხატებთან სანთლის ანთებით, რომელიც ერთგვარ მცირე დასაწვავ მსხვერპლს წარმოადგენს. შესაძლებელია საკერპეში წმ. იპოლიტე გულისხმობდა სანთლების უბრალო ანთებას, რომელსაც თან ახლავს მხეცის ხატის თაყვანისცემა.

17.    იხ. 1 მაკაბ. 1:55; 2 მაკაბ. 6:7.

18.    დამოწმებული სახელები იპოლიტეს ანტიქრისტეს სავარაუდო სახელებად მიაჩნია, რადგან მათი შემადგენელი ასოები, იზოფსეფიით (ციფრული შესატყვისობით) გვაძლევენ მხეცის რიცხვს 666-ს. Τ=300, ε=5, ι=10, τ=300, α=1, ν=50 =666. Ε=5, υ=400, α=1, ν=50, θ=9, α=1, ς=200 =666. Λ=30, α=1, τ=300, ε=5,ι=10, ν=50, ο=70, ς=200 =666. 

19.    იხ. შენიშვნა მე-5.

20.    შეად. მათე 9:15; მარკ. 2:19, 20; ლუკა 5:34, 35.

21.    საკუთრივ ხომალდის (გემის) ფრთებს წარმოადგენენ აფრები და ნიჩბები; შედეგად, აქ მხედველობაში მთელი ხომალდი მისი მთლიანი აღჭურვილობით, ამიტომაც არის, რომ იპოლიტე გვთავაზობს შემდგომ მისი თითოეული ატრიბუტის დეტალურ განმარტებას. 

22.    დაფარნებში იგულისხმება ფეხსადგამები, რომლებსაც დგამდნენ ანძის ზემოთ ხომალდის სვლის სამეთვალყურეოდ. რადან მასზე ამაგრებდნენ თოკებსაც, რომელიც ამაგრებდა ანძას, თოკების შეერთება რომელიც ამ მრგვალ ფეხსადგამს სპეციალური კაუჭებით ამაგრებდა წარმოადგენდა ერთგვარ გვირგვინს, რომელსაც "ფსიფაროს" (ψηφαροι) უწოდებდნენ. სწორედ ამ "ფსიფაროს" იყენებს იპოლიტე იმ მსახურების სიმბოლოდ, რომელიც ეკლესიაში გააჩნიათ წინასწარმეტყველებს, მოწამეებსა და მოციქულებს - ისინი არიან ის თოკები, რომლებიც ეკლესიის სიცოცხლისუნარიანობას ამაგრებენ.

23.    იპოლიტე მოცემულ ადგილს იმოწმებს თავისუფალი ინტერპრეტაციით, თუმცა სრულიად ინარჩუნებს ძირითად აზრს.

Священномученик Ипполит, Епископ Римский. О Христе и антихристе. - СПб: Братство Свт. Геннадия Новгородского, 1996, и, Святитель Ипполит Римский. Творения. Выпуск 2. Репринтное издание, СТЛ, 1997. // Репринт: Творения Святого Ипполита, Епископа Римского, в русском переводе. Выпуск II. Казань. Издание Казанской Духовной Академии, 1899, стр. 9-46. 
კატეგორია: ანტიქრისტეს შესახებ | დაამატა: vasoelis (26.11.2013)
ნანახია: 1062 | ტეგები: ქრისტე და ანტიქრისტე, წმ. იპოლიტე რომაელი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]