მოციქულთა საქმენი - თავი 26 (ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან)
12 апостолов иисуса христа

მოციქულთა საქმენი

თავი ოცდამეექვსე

1. აგრიპამ უთხრა პავლეს: ნება გეძლევა შენსავე თავზე ილაპარაკო. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა:

2. მეფეო აგრიპა, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიაც ბრალს მდებენ იუდეველნი.

3. მით უმეტეს, რომ იცნობ იუდეველთა ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხს. ამიტომაც გთხოვ დიდსულოვნად მისმინო.

4. სიყრმიდანვე მე ჩემს ხალხს შორის ვცხოვრობდი იერუსალიმში, და ეს იცის ყველა იუდეველმა.

5. იმთავითვე მიცნობდნენ, თუკი მოწმობა სურთ, რომ ჩვენი სარწმუნოების მკაცრი მოძღვრების თანახმად, ვცხოვრობდი როგორც ფარისეველი.

6. ახლა კი სამსჯავროს წინაშე ვდგავარ იმის გამო, რომ იმედი მქონდა აღთქმისა, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს მამებს,

7. და რომლის აღსრულების იმედიცა აქვს ჩვენს თორმეტ ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ მსახურებენ ღმერთს. სწორედ ამ იმედის გამო მდებენ ბრალს, მეფეო აგრიპა, იუდეველნი.

8. ნუთუ დაუჯერებლად მიაჩნიათ, რომ ღმერთი აღადგენს მკვდრებს?

9. თუმცა მე თვითონაც მეგონა, რომ ყოველნაირად წინ უნდა აღვდგომოდი იესო ნაზარეველის სახელს.

10. ასედაც ვიქცეოდი იერუსალიმში: მღვდელმთავართაგან უფლებამოსილმა მრავალი წმიდა ჩავყარე საპყრობილეში, და, როცა მათ ხოცავდნენ, ვეთანხმებოდი ამას.

11. მრავალგზის ვაწამებდი სინაგოგებში, ვაიძულებდი ეგმოთ და, გამძვინვარებული, სხვა ქალაქებშიაც ვდევნიდი მათ.

12. სწორედ ამ მიზნით დამასკოს მიმავალმა მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და ბრძანებით,

13. შუადღისას, მეფეო, გზაზე ნათელი ვიხილე ზეცით, რომელიც აღემატებოდა მზის ბრწყინვალებას და მეც მომიცვა და ჩემი მხლებლებიც.

14. ყველანი მიწაზე დავემხეთ და ჩამესმა ხმა, რომელმაც ებრაულად მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? გაგიჭირდება წიხლვა დეზისა.

15. მე მივუგე: ვინ ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი.

16. მაგრამ წამოდექ და ფეხზე დადექი, ვინაიდან იმისთვის მოგევლინე, რომ დაგადგინო მსახურად და იმის მოწმედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ,

17. რათა გაგარიდო ხალხსა და წარმართთ, რომლებთანაც ახლა მიგავლენ,

18. იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის.

19. ამიტომაც არ ვეურჩე, მეფიო აგრიპა, ზეციურ ხილვას,

20. არამედ თავდაპირველად დამასკელებსა და იერუსალიმელებს, შემდეგ კი იუდეველთა მთელ ქვეყანასა და წარმართებსაც ვუქადაგებდი მონანიებას და ღვთისკენ მოქცევის სინანულის ღირს საქმეთა აღსრულებით.

21. ამიტომ შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს.

22. მაგრამ, ღვთის შეწევნით, დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ დიდსა თუ მცირეს და არაფერს ვამტკიცებ, გარდა იმისა, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო;

23. რომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდრეთით, რათა ეუწყებინა ნათელი ხალხისა და წარმართებისთვის.

24. ასე რომ იცავდა თავს, ფესტუსმა ხმამაღლა შესძახა: შმაგობ, პავლე, მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ!

25. ხოლო მან თქვა: კი არა ვშმაგობ, მძლეთამძლეო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვამბობ.

26. ვინაიდან იცის ეს მეფემ, ვის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. ვერ დავიჯერებ, რომ მისთვის აქედან დაფარული იყოს რაიმე, ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში როდი მომხდარა.

27. გწამს, მეფეო აგრიპა, წინასწარმეტყველთა სიტყვები? ვიცი, რომ გწამს.

28. ხოლო აგრიპამ პავლეს უთხრა: ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ.

29. პავლემ კი თქვა: ღმერთმა ინებოს, რომ, ცოტადაც და ბევრადაც, მარტო შენ კი არა, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ცხადია, ამ ბორკილების გარეშე.

30. ეს რომ თქვა, მეფე და მმართველი, ბერნიკე და მათთან მსხდომნი წამოიშალნენ,

31. განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ეს კაცი, თავისი ქცევით, არც სიკვდილს იმსახურებს და არც ბორკილებსო.

32. ხოლო აგრიპამ უთხრა ფესტუსს: შეიძლებოდა გაგვეთავისუფლებინა ეს კაცი, კეისრის მსჯავრი რომ არ მოეთხოვა.



წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-26.htm
კატეგორია: წმიდა წერილი | დაამატა: vasoelis (03.12.2013)
ნანახია: 644 | ტეგები: ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერ, მოციქულთა საქმენი, თავი 26 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]