მოციქულთა საქმენი - თავი 22 (ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან)
12 апостолов иисуса христа

მოციქულთა საქმენი

თავი ოცდამეორე

1. კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენს წინაშე.

2. როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, უფრო დიდი სიჩუმე ჩამოვარდა. მან კი განაგრძო:

3. მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი.

4. სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებსაც.

5. რაშიაც მღვდელმთავარიც დამემოწმება და ყველა უხუცესიც, რომლებმაც წერილები გამატანეს დამასკოში მყოფი ძმებისთვის, და წავედი, რომ იქაურებიც შებორკილნი ჩამომეყვანა იერუსალიმს, რათა გვეწამებინა ისინი.

6. მოხდა ისე, რომ, როცა გზად მიმავალი ვუახლოვდებოდი დამასკოს, ანაზდეულად დიდმა ნათელმა მომიცვა ზეცით.

7. მიწაზე დავემხე და ჩამესმა ხმა, რომელმაც მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?

8. მივუგე: ვინა ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზორეველი, რომელსაც შენ დევნი.

9. ჩემმა მხლებლებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ.

10. მე ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? უფალმა კი მითხრა: ადექი და შედი დამასკოში, სადაც გეუწყება ყველაფერი, რისი ქმნაც ნაბრძანები გაქვს.

11. რაკი იმ ნათლის დიდებისაგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემმა მხლებლებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში.

12. ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით და ყველა დამასკოელი იუდეველისგან პატივდებული,

13. მოვიდა ჩემთან, გვერდით დამიდგა და მითხრა: საულ, ძმაო, აგეხილოს თვალი; და იმწამსვე დავინახე იგი.

14. ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ აგირჩია შენ, რათა შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მის ბაგეთაგან ისმინო სიტყვა.

15. რადგანაც შენ იქნები მისი მოწმე ყოველი კაცის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე.

16. მაშ, რაღას უცდი? ადექი, ნათელ იღე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს.

17. ხოლო იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ტაძარში ვლოცულობდი და ექსტაზში ჩავვარდი.

18. ვიხილე უფალი, რომელმაც მითხრა: სასწრაფოდ გაეცალე იერუსალიმს, რადგანაც არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემს შესახებ.

19. მე ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეთ,

20. ხოლო როდესაც იღვრებოდა შენი მოწამის - სტეფანეს სისხლი, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი მის მოკვლას და მისი მკვლელების სამოსს ვდარაჯობდი.

21. მითხრა: წადი, რადგანაც შორს, წარმართებთან წარგგზავნი შენ.

22. ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, მერე კი ხმა აიმაღლეს და თქვეს: აღიგავოს მიწის პირისაგან ასეთი კაცი, ვინაიდან სიცოცხლის ღირსი არ არის!

23. და ვიდრე ასე ყვიროდნენ, მოსასხამებს იქნევდნენ და მტვრის ბუქს აყენებდნენ ჰაერში,

24. ათასისთავმა ბრძანა ციხეში შეეყვანათ და შოლტის ცემით დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რატომ ყვიროდნენ მის წინააღმდეგ ასე გაშმაგებით.

25. როცა ღვედებით დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: ნუთუ უფლება გაქვთ გაუსამართლებლად გაამათრახოთ რომის მოქალაქე?

26. ეს რომ გაიგონა, ასისთავი მივიდა ათასისთავთან და უთხრა მას: რას აპირებ? ეს კაცი რომაელი ყოფილაო.

27. ათასისთავი მივიდა და ჰკითხა: მითხარი, მართლა რომაელი ხარ? მიუგო: დიახ.

28. ათასისთავმა თქვა: მე იმდენი ფული დავხარჯე, რომ რომის მოქალაქეობა მიმეღო. ხოლო პავლემ უთხრა: მე კი რომაელად დავიბადე.

29. მყისვე დაეხსნენ, ვისაც მისი დაკითხვა სურდა, და თვით ათასისთავსაც შეეშინდა, როცა გაიგო, რომ თურმე რომის მოქალაქე შეაბორკინა.

30. მეორე დღეს მოისურვა დანამდვილებით გაეგო, რას სდებდნენ ბრალად იუდეველნი, ბორკილები შეხსნა და მღვდელმთავრებისა და მთელი სინედრიონის შეკრება ბრძანა; გამოიყვანა პავლე და მათ წინაშე დააყენა.



წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-22.htm
კატეგორია: წმიდა წერილი | დაამატა: vasoelis (03.12.2013)
ნანახია: 602 | ტეგები: თავი 22, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერ, მოციქულთა საქმენი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]