მოციქულთა საქმენი - თავი 21 (ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან)
12 апостолов иисуса христа

მოციქულთა საქმენი

თავი ოცდამეერთე

1. მათ რომ დავშორდით, პირდაპირ გავცურეთ და კოსს მივადექით, მეორე დღეს კი - როდოსს, ხოლო იქიდან - პატარას.

2. ფინიკიისაკენ მიმავალი ხომალდი ვნახეთ, ზედ ავედით და გავცურეთ.

3. გამოჩნდა კიპროსი, რომელიც მხარმარცხნივ მოვიტოვეთ, სირიისაკენ გავემართეთ და მივადექით ტიროსს, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი.

4. მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს.

5. იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ.

6. ერთმანეთს დავემშვიდობეთ; ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლში დაბრუნდნენ.

7. გავლიეთ გზა და ტიროსიდან პტოლემაიდაში ჩავედით, მოვიკითხეთ მოწაფეები და ერთი დღე დავყავით მათთან.

8. მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში შევედით და იქ დავდექით.

9. ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო.

10. კარგა ხანს დავყავით მისას; ჩვენს იქ ყოფნაში იუდეიდან ჩამოვიდა ერთი წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი.

11. ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: კაცს, ვისიცაა ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმს და წარმართებს მისცემენ ხელში.

12. ეს რომ გავიგონეთ, ჩვენც და იქაურებმაც თხოვნა დავუწყეთ პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმს.

13. მან კი მოგვიგო: ამას რას სჩადით? ტირილით მიურვებთ გულს? არამცთუ შესაკვრელად, საიმისოდაც მზადა ვარ, რომ იერუსალიმში თავი შევწირო უფალ იესოს სახელს.

14. რაკი ვერ დავიყოლიეთ, დავშოშმინდით და ვთქვით: დე, იყოს უფლის ნება!

15. და იმ დღეების შემდეგ იერუსალიმს ასასვლელად გავემზადეთ.

16. თან მოგვყვებოდნენ კესარიელი მოწაფეები, რომლებსაც უნდა დავებინავებინეთ ერთი ძველი მოწაფის - მნასონ კიპროსელის სახლში.

17. იერუსალემში რომ ავედით, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა.

18. მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად ეწვია იაკობს და იქვე მოვიდა ყველა უხუცესიც.

19. პავლემ მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით აღასრულა წარმართებს შორის.

20. ხოლო მათ, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ხომ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის, და ყველანი გულმხურვალედ იცავენ რჯულს.

21. შენზე გაიგეს, რომ მოსესაგან განდგომას ასწავლი წარმართთა შორის მცხოვრებ იუდეველებს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადასცვითონ თავიანთ შვილებს და არც ადათ-წესებს მისდიონ.

22. მერედა, რა ვქნათ? უთუოდ შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს.

23. ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გირჩევთ: აქა გვყავს ოთხი კაცი, რომლებმაც აღთქმა დადეს.

24. წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმინდე და გაიღე მათი ხარჯი, რომ თმა შეიკვეცონ; ამრიგად, ყველა მიხვდება, რომ რაც შენზე გაუგიათ, სულ ტყუილია, და რომ შენ კვლავინდებურად იცავ რჯულს.

25. ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას.

26. მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი.

27. შვიდი დღე რომ მიიწურა, ასიელმა იუდეველებმა, რომლებმაც ტაძარში დაინახეს იგი, ააბორგეს მთელი ხალხი, ხელი დაადეს მას

28. და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი.

29. (ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი).

30. შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი; შეიპყრეს პავლე, ტაძრიდან გამოათრიეს და მყისვე დაიხშო კარი.

31. როდესაც მოკვლა დაუპირეს, ათასისთავამდე მიაღწია ხმამ, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო.

32. დაუყოვნებლივ წამოიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გამოეშურა. ათასისთავისა და ჯარისკაცების დანახვაზე ხალხმა თავი ანება პავლეს ცემას.

33. მაშინ ათასისთავი მიუახლოვდა და წამოაყენა იგი, ბრძანა ორმაგი ჯაჭვით შეეკრათ და თან ხალხს ეკითხებოდა, ვინ არის, ან რა ჩაიდინაო?

34. ხალხში ერთნი ერთს გაჰყვირთდნენ, მეორენი კი - მეორეს. და რაკი ამ ღრიანცელში დანამდვილებით ვერაფერი გაიგო, ათასისთავმა მისი ციხეში წაყვანა ბრძანა.

35. კიბეზე რომ შედგა ფეხი, ჯარისკაცები, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებულნი შეიქნენ ხელში აეყვანათ პავლე.

36. ვინაიდან ზღვა ხალხი მოსდევდა  და მოსძახოდა: სიკვდილი მაგას!

37. ციხეში რომ შეჰყავდათ, პავლემ ათასისთავს უთხრა: შეიძლება ერთი რამ გკითხო? ხოლო მან თქვა: ბერძნული იცი?

38. განა შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ რომ აამბოხა და უდაბნოში გაიყვანა ოთხი ათასი სიკარიელი? 

39. პავლემ მიუგო: მე ვარ იუდეველი კაცი, ტარსოსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე. გევედრები, ნება მიბოძე ხალხს დაველაპარაკო.

40. ნებართვა რომ მიიღო, პავლე კიბის თავზე დადგა, ხელით ანიშნა ხალხს და როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა მათ:



წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-21.htm
კატეგორია: წმიდა წერილი | დაამატა: vasoelis (03.12.2013)
ნანახია: 566 | ტეგები: ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერ, მოციქულთა საქმენი, თავი 21 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]