მოციქულთა საქმენი - თავი 19 (ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან)
12 апостолов иисуса христа

მოციქულთა საქმენი

თავი მეცხრამეტე

1. მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა.

2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა.

3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.

4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.

5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.

6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.

7. იყო სულ თორმეტიოდე კაცი.

8. მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე.

9. მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაფიცხდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ გმობდნენ უფლის გზას, მიატოვა ისინი, წამოიყვანა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში.

10. ასე გაგრძელდა ორ წელიწადს და ასიის ყველა მცხოვრები, იუდეველიც და ბერძენიც, ისმენდა უფლის სიტყვას.

11. ხოლო ღმერთი მრავალ სასწაულს ახდენდა პავლეს ხელით.

12. ასე რომ, მის ნაქონ ხელსახოცებს თუ წელსაკრავებს თვით სნეულთაც კი აფენდნენ, რომელნიც იკურნებოდნენ და უკეთური სულები გამოდიოდნენ მათგან.

13. იუდეველთაგან თვით ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმაც კი დაიწყო უკეთური სულებით შეპყრობილთა მკურნალობა უფალ იესოს სახელით და ასე ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.

14. ასე იქცეოდა იუდეველი მღვდელმთავრის სკევას შვიდი ძე.

15. მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესოც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ?

16. ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან.

17. ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი.

18. მრავალი მორწმუნე მოდიოდა, აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.

19. ბევრმა გრძნეულმა შეაგროვა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა; როდესაც დაიანგარიშეს მათი ფასი, გამოვიდა ორმოცდაათი ათასი ვერცხლი.

20. ასე ძალუმად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.

21. ეს რომ აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო, მაკედონიისა და აქაიის გავლით ასულიყო იერუსალიმს და თქვა: იქ ასვლის შემდეგ რომიც უნდა მოვიხილოო.

22. მაკედონიაში გაგზავნა თავისი ორი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით ასიაში დარჩა.

23. ხოლო იმ ხანად დიდი ამბოხება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ.

24. ერთმა ვერცხლისმჭედელმა, სახელად დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა და დიდ მოგებასაც აძლევდა ხელოსნებს,

25. მთელი მათი ამქარი შეკრიბა და თქვა: ხომ იცით, ხალხო, რომ მთელი ჩვენი კეთილდღეობა ამ ხელობაზეა დამყარებული.

26. იმასაც ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფისოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ ვიღაც პავლემ თავისი ქადაგებით გადარია ამდენი ხალხი; დამდგარა და გაიძახის: ხელთქმნილი ხატებანი ღმერთები არ არიანო.

27. ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სათაკილო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც დაკნინდება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანს სცემს ასიაც და მთელი ქვეყანაც.

28. ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და აყვირდნენ: დიდია ეფესელთა არტემიდე!

29. მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა, შეიპყრეს გაიუსი და არისტარქე, პავლეს მაკედონელი თანამგზავრები, და ერთად გაეშურნენ თეატრისაკენ.

30. პავლეს უნდოდა ხალხში გამოსულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ დაანებეს.

31. ზოგიერომა ასიელმა მთავარმაც, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, თეატრში ნუ გამოჩნდებიო.

32. ამასობაში კი ზოგი რას გაჰყვიროდა და ზოგი რას, ვინაიდან კრება ძალზე უთავბოლო იყო და უმრავლესობამ არც იცოდა, რად შეყრილიყვნენ.

33. იუდეველთა მოთხოვნით ბრბოდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელმაც ხელი ასწია და უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე.

34. მაგრამ როდესაც გაიგეს, იუდეველიაო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს ყიჟინებდნენ: ერთია ეფესელთა არტემიდე;

35. მწიგნობარმა დააშოშმინა ხალხი და თქვა: ეფესელნო, ვინ არ იცის, რომ ჩვენი ქალაქი მსახურია დიდი არტემიდესი და ცით მოვლენილი ხატისა?

36. რაკი ეს უცილობელია, მოვალენი ხართ მშვიდად იყოთ და წინდაუხედავად არ მოიქცეთ.

37. თქვენ კი მოიყვანეთ ეს ხალხი, რომელსაც არც ტაძარი გაუძარცვავს და არც ჩვენი ქალღმერთი უგმია.

38. თუ დემეტრესა და მის თანამოსაქმეებს სურთ ვინმეს უჩივლონ, სამსჯავროც გვაქვს და მსაჯულებიც გვყვანან; ადგნენ და უჩივლონ ერთმანეთს.

39. ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც უფლებამოსილმა კრებამ უნდა გადაწყვიტოს,

40. რადგანაც საფრთხე გვემუქრება, რომ ბრალს დაგვდებენ დღევანდელი არეულობის გამო, ვინაიდან ვერავითარი საბაბით ვერ გავამართლებთ ამ თავყრილობას. ეს თქვა და დაითხოვა კრებული.



წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-19.htm
კატეგორია: წმიდა წერილი | დაამატა: vasoelis (03.12.2013)
ნანახია: 576 | ტეგები: თავი 19, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერ, მოციქულთა საქმენი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]