მოციქულთა საქმენი - თავი 8 (ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან)
12 апостолов иисуса христа

მოციქულთა საქმენი

თავი მერვე

1. ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იყო იმ დღეს იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველანი, მოციქულების გარდა, იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ.

2. ღვთისმოშიშმა კაცებმა დაკრძალეს სტეფანე და გულმდუღარედ დაიტირეს იგი.

3. სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.

4. ხოლო მიმოფანტულნი დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.

5. ასე, ფილიპე ჩავიდა სამარიელთა ქალაქში და უქადაგებდა მათ ქრისტეს.

6. ხალხი ერთსულოვნად უგდებდა ყურს, რასაც ამბობდა ფილიპე, უსმენდა და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი.

7. ვინაიდან მრავალთაგან, ვინც უწმინდურ სულებს შეეპყროო ყვირილით. გამოდიოდნენ ისინი და მრავალი დავრდომილი და კოჭლი იკურნებოდა.

8. და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში.

9. იმავე ქალაქში იყო ერთი კაცი, სახელად სიმონი, გრძნეულებას რომ მისდევდა უწინ, აცვიფრებდა სამარიელებს და დიდ ვინმედ მოჰქონდა თავი. 

10. ყველა, დიდი თუ პატარა, უსმენდა და ამბობდა: ეს არის ძალა ღვთისა, დიადად რომ იწოდებაო.  

11. სმენით კი იმიტომ უსმენდნენ, რომ რა ხანია აცვიფრებდა მათ გრძნეულებით.

12. მაგრამ როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის მახარებელს, ნათელს იღებდა ქალიც და კაციც.

13. თვითონ სიმონმაც ირწმუნა და ნათელ იღო, გვერდიდან აღარ შორდებოდა ფილიპეს, და, დიდ ძალთა და სასწაულთა მხილველს, უკვირდა. 

14. იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,

15. რომლებმაც ჩასვლისას ილოცეს მათთვის, რათა მიეღოთ სული წმიდა.

16. ვინაიდან ჯერ კიდევ არ გადმოსულიყო არც ერთ მათგანზე, არამედ მხოლოდ ნათელი ეღოთ უფალ იესოს სახელით.

17. მაშინ დაადეს მათ ხელი; და მათაც მიიღეს სული წმიდა.

18. როცა სიმონმა დაინახა, რომ მოციქულთა ხელდასხმით ეძლეოდათ სული წმიდა, ფული მიუტანა მათ

19. და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა.

20. ხოლო პეტრემ მიუგო მას: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღვთის ნიჭი.

21. არა გაქვს წილი და არც ხვედრი შენ ამ სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არაწრფელია ღმრთის წინაშე.

22. მაშ, შეინანე ეგ შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ეგება მოგიტევოს შენი გულისთქმა.

23. რადგანაც გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შეკრულს.

24. მიუგო სიმონმა და თქვა: შეევედრეთ ჩემთვის უფალს, რომ თქვენი ნათქვამიდან არა მოიწიოს რა ჩემზე.

25. ხოლო მას შემდეგ, რაც იმოწმეს და იქადაგეს უფლის სიტყვა, იერუსალიმს გამობრუნდნენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.

26. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ.

27. ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს,

28. უკანვე ბრუნდებოდა და თავის ეტლში მჯდომარე კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს.

29. მაშინ სულმა უთხრა ფილიპეს: მიდი და მიუახლოვდი ამ ეტლს.

30. ფილიპეც მივიდა და, როცა გაიგონა, რომ ესაია წინასწარმეტყველს კითხულობდა, ჰკითხა: თუ გესმის, რასაც კითხულობ?

31. მან კი მიუგო: როგორ გავიგებ, თუკი არავინ განმიმარტავს? და სთხოვა ფილიპეს, ასულიყო და მის გვერდით დამჯდარიყო.

32. ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: „კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა  მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი.

33. მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს? რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი".

34. მიუგო  საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, მისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე?

35. ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს.

36. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?

37. ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.

38. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი.

39. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას.

40. ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში.



წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/saqme-8.htm
კატეგორია: წმიდა წერილი | დაამატა: vasoelis (03.12.2013)
ნანახია: 571 | ტეგები: თავი 8, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერ, მოციქულთა საქმენი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]