ეპისტოლე იაკობისათავი მეხუთე1. და თქვენც, მდიდარნო, იტირეთ და ივაგლახეთ თქვენს თავს მოწევნადი უბედობისთვის. 2. სიმდიდრე თქვენი დალპა და მღილმა შეჭამა თქვენი სამოსი. 3. ოქრო-ვერცხლი თქვენი დაიჟანგა, მათი ჟანგი სამოწმებლად იქნება თქვენს წინააღმდეგ და შეჭამს თქვენს ხორცს, როგორც ცეცხლი; უკანასკნელ დღეთათვის დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე. 4. აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს. 5. ხარობდით ამ ქვეყნად და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისათვის დაასუქეთ თქვენი გულები. 6. მსჯავრი დასდეთ და მოკალით მართალი, ის კი წინაც არ აღგდგომიათ. 7. მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს. 8. თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა. 9. ნუ დრტვინავთ, ძმანო, ერთურთის მიმართ, რათა არ განისაჯოთ; აჰა, მსაჯული კართანა დგას. 10. ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით. 11. აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი. 12. უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში. 13. უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს. ულხინს? ფსალმუნი იგალობოს. 14. ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. 15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება. 16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას. 17. ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლისა და ექვსი თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას. 18. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი. 19. ძმანო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, 20. იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას. წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/iakobi-5.htm | |
| |
ნანახია: 634 | | |
სულ კომენტარები: 0 | |