მათეს სახარება - თავი 22 (წმიდა ოთხთავი) - ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერძნულიდან
Апостол и Евангелист Матфей

მათეს სახარება

თავი ოცდამეორე

1. კვლავ იგავებით მიუგო იესომ და უთხრა მათ:

2. ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი.

3. და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად, მაგრამ არ ინებეს მოსვლა.

4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში.

5. მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ: ვინ თავის ყანაში, ვინ კიდევ თავის სავაჭროში.

6. დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.

7. ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი, ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი.

8. მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი.

9. მაშ, გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში მოიწვიეთ ყველა შემხვდური.

10. გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი, და მეინახეებით აივსო ქორწილი.

11. შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი.

12. და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა.

13. მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარით ხელ-ფეხი და გარეთ გააგდეთ ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

14. ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი.

15. მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ სიტყვაზე.

16. ჰეროდელებთან ერთად მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზასაც და არც არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისა.

17. მაშ, გვითხარი: როგორ გგონია, გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?

18. ხოლო იესო მიუხვდა მათ მზაკვრობას და თქვა: რატომ მაცდუნებთ, თვალთმაქცნო?

19. მიჩვენეთ ფული, რომლითაც იხდით ხარკს. და მიართვეს მას დინარი.

20. და უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა?

21. მიუგეს: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა.

22. ეს რომ გაიგონეს, განცვიფრდნენ ისინი, მიატოვეს ის და წავიდნენ.

23. იმ დღეს მიადგნენ მას სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს:

24. მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ კაცი უშვილოდ გადაეგო, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი.

25. იყო ჩვენს შორის შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო და უშვილოდ მოკვდა, ხოლო ცოლი თავის ძმას დაუტოვა.

26. ასევე მეორემაც და მესამემაც თვით მეშვიდემდე.

27. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა.

28. მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.

29. იესომ პასუხად მიუგო მათ: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას.

30. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში.

31. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს:

32. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ - ცოცხლებისა.

33. ისმენდა ხალხი და უკვირდა მისი მოძღვრება.

34. ხოლო როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველებს ხმა ჩააკმენდინაო, ერთად შეიკრიბნენ.

35. და ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, საცდუნებლად ჰკითხა:

36. მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება?

37. ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით.

38. ეს არის პირველი და მთავარი მცნება.

39. და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

40. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.

41. ხოლო როდესაც შეიკრიბნენ ფარისეველნი, იესომ ჰკითხა მათ:

42. რას იტყვით ქრისტესთვის? ვისი ძე არის იგი? ხოლო მათ მიუგეს: დავითისა.

43. უთხრა მათ იესომ: კი მაგრამ როგორღა უწოდებს მას სულით შთაგონებული დავითი უფალს, როდესაც ამბობს:

44. უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.

45. ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?

46. ვერავინ შესძლო მისთვის სიტყვის მიგება: და იმ დღიდან ვეღარც კითხვას უბედავდა ვინმე.



წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/mate-22.htm
კატეგორია: წმიდა წერილი | დაამატა: vasoelis (02.12.2013)
ნანახია: 607 | ტეგები: მათეს სახარება, თავი 22, წმიდა ოთხთავი, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი ძველი ბერ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]