იოანეს სახარებათავი მეცხრე1. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან. 2. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა? 3. მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა, არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში. 4. ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას. 5. სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ. 6. ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით, თვალებზე წაუსვა ბრმას 7. და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. 8. ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა? 9. ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ კი ამბობდა: მე ვარ. 10. მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი? 11. მან კი მიუგო: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო და მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალი. 12. კვლავ ჰკითხეს: სად არის იგი? მან კი მიუგო: არ ვიცი. 13. და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან. 14. შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა. 15. ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ. 16. ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს, სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო ცილობა მათ შორის. 17. კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია. 18. არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს 19. და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს? 20. მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა; 21. მაგრამ ახლა როგორღა ხედავს, არ ვიცით, და არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალი. თავად ჰკითხეთ, სრულწლოვანია; თავისას თვითონ იტყვის. 22. ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო. 23. ამიტომაც თქვეს მისმა მშობლებმა: სრულწლოვანია, თავად ჰკითხეთო. 24. მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს: მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია. 25. ხოლო მან მიუგო და თქვა: ცთდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ. 26. კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი? 27. მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ? 28. მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. 29. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ის კი, არ ვიცით, საიდან არის. 30. მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ მე კი ამიხილა თვალი. 31. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს. 32. სად გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადშობილისთვის? 33. ღმრთისაგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა. 34. მიუგეს მათ და უთხრეს: მთლიანად ცოდვებში შობილი ხარ და ჩვენ გვასწავლი? და გამოაგდეს იგი. 35. იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს კაცის ძე? 36. მიუგო მან და თქვა: ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო? 37. უთხრა მას იესომ: შენ გინახავს იგი; ვინც გელაპარაკება, სწორედ ის არის. 38. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას. 39. იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ. 40. ეს რომ გაიგონეს, მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს: ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ? 41. უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ; ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ. წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/ioane-9.htm | |
| |
ნანახია: 514 | | |
სულ კომენტარები: 0 | |