წმინდა დიმიტრი როსტოველი

ისმინეთ, მშობლებო, და ღვთისნიერად ისწავლეთ შვილების აღზრდა

კაცთა მოდგმის დიდმა წინაპარმა ნოემ, რომელმაც ქამი დაწყევლა, ჯერ ქამის შვილი ქანაანი დაწყევლა და შემდეგ თავისი შვილი: ”წყეულიმც იყავ, ქანაან – ამბობს წმინდა ნოე, – იყავ მონა შენი ძმებისა”. და თუ რატომ მოიქცა ნოე ასე? მოისმინეთ.

დაწერილია, რომ ქანაანი, ძე ქამისა, ათი წლისა იყო, როდესაც პირველმა დაინახა ბაბუის – ნოეს სიშიშვლე. და ამის შესახებ მამას მოუყვა. ქამი კი წავიდა, შეხედა მამას და დასცინა. როდესაც ნოე გამოფხიზლდა და შეიტყო ეს ამბავი, მაშინვე დასწყევლა ქანაანი. ახლა მივაქციოთ ყურადღება, იმას, რომ წყევლის მიზეზი თვით ქანაანის მამა ქამიც გახდა. რატომ? მან არ შეაგონა შვილს, ბაბუის დაცინვისათვის, კი არ დასაჯა, არამედ ცოდვაში ჩავარდნილ მამასთან თვითონაც დასაცინად მივიდა, რათა შეეხედა მისთვის, და ამით გაამართლა შვილის უგონო საქციელი. არადა, პირიქით ხომ უნდა მოქცეულიყო? მკაცრად უნდა დაესაჯა ყრმა შვილი, მან კი ნება დართო თავის ბავშვს საკუთარი ბაბუის სიშიშვლეზე დაცინვით ელაპარაკა. თანაც, თავად ქამიც სიამოვნებით უსმენდა საკუთარი მამის მასხარად აგდებას. ამიტომ თავი ყრმა შვილთან ერთად მშობელი მამის წყევლას გადასცა.

ამიტომ, ისმინეთ, მშობლებო, და ღვთისნიერად ისწავლეთ შვილების აღზრდა, და მათი სიკეთით გაწვრთნაზე უნდა იზრუნოთ ჩვილი ასაკიდანვე, შვილები უფლის შიშზე და სწავლებაზე დაყრდნობით აღზარდეთ, წმინდა მოციქულთა რჩევა-დარიგებით განსწავლეთ, რადგანაც, მოზარდებში ვისაც რა მიდრეკილება აქვს ბავშვობიდან, ის სიბერემდე მიჰყვება; პატარა ბავშვი ჰგავს დაფას, ნახატისათვის გამზადებულს, და, რასაც დახატავს ზედ მხატვარი, კეთილსა თუ ბოროტს, წმინდასა თუ არაწმინდას, ანგელოზსა თუ ეშმაკს, ის დარჩება მის ბუნებაში სამუდამოდ.

რა სითხესაც ჩაასხამთ ახალი ხის თუ თიხის ჭურჭელში, სურნელოვან ზეთი იქნება ეს თუ მყრალი კუპრი, იმის სუნი დარჩება ამ ჭურჭელში სამუდამოდ. იგივე ხდება. პატარა ბავშვის სულიერი აღზრდისას. ამიტომ, ყრმობიდანვე, უნდა ასწავლოთ შვილებს კეთილი ზნე, მოფერებით იქნება ეს თუ სიმკაცრით. საჭიროა, რომ უფრო მეტად სიმკაცრით, ვიდრე ფერებით, რადგან წმინდა იოანე ოქროპირი ამსგავსებს ყრმობის ხანას უუნაგირო ცხენს და მოსათვინიერებელ ნადირს. რით შეაკავებ ცხენს, თუ არა ლაგამით, უნაგირით და დაქანცვით? რით მოათვინიერებ ნადირს, მაგალითად დათვს, თუ არა ჯაჭით და კეტით? სწორედ ამდაგვარადვე ესაჭიროება ყრმობის ასაკსაც სიმკაცრე, ე. ი. უნაგირი და რკინის ჯაჭვი. ამის შესახებ, კარგად ბრძანებს ზირაქი : ”ვისაც თავისი ძე უყვარს, ის მოუხშირებს მის დასჯას.” (ზირ. 30-1).