წმიდა მამა ანტონი დიდი

აბბა ანტონის შესახებ

 

აბბა ანტონიმ ერთხელ ღმერთს ასეთი კითხვით მიმართა: "უფალო! რატომ ხდება, რომ ზოგი ახალგაზრდა კვდება, ზოგი კი ღრმა სიბერემდე აღწევს? ზოგი მდიდარია და ზოგი – ღარიბი?" პასუხად ხმა მოესმა: "შენს თავს მიხედე, უფლის განგებას ვერც ჩასწვდები, და არც გარგებს".

აბბა ანტონი აბბა პიმენს ეუბნებოდა: "დიდი გმირობაა უფლის წინაშე ცოდვების მონანიება და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე საცდურთა მოლოდინი!"

მანვე თქვა: "განსაცდელის გარეშე ცათა სასუფეველში ვერავინ შევა, რადგან განსაცდელის გარეშე ვერავინ გადარჩება".

აბბა პამბო აბბა ანტონს შეეკითხა: "როგორ მოვიქცე?" ბერმა უპასუხა: "შენი სიწმინდის იმედი ნუ გექნება; წარსულზე ნუ იდარდებ; ენასა და მუცელზე იფიქრე".

აბბა ანტონი ამბობდა: "ერთხელ მიწაზე დაგებული მტრის ყველა მახე ვიხილე და ამოვიოხრე: ნეტა, ამას ვინ გადაურჩება-მეთქი? და გაისმა ხმა: სიმდაბლე!"

მანვე თქვა: "არიან ადამიანები, რომელთაც თავიანთი ხორცი მოღვაწეობით მოაკვდინეს, – და მაინც ღმერთს დაშორდნენ, რადგან განკითხვა (განსჯა) აკლდათ".

მანვე თქვა: "ჩვენი სიცოცხლეც და სიკვდილიც მოყვასზეა დამოკიდებული. რადგან როდესაც ძმას ვიძენთ, ამით ღმერთს ვიძენთ, და როდესაც ძმას ვაცდუნებთ, ქრისტეს წინააღმდეგ ვცოდავთ".

ასევე თქვა: "როგორც თევზი უწყლოდ იღუპება, ასევე დიდხანს სენაკს მოშორებული, ან ერისკაცებთან მყოფი მონაზონი კარგავს სიყვარულს და მდუმარებას. ამიტომ სენაკისკენ ისე უნდა ვისწრაფოდეთ, როგორც თევზი ისწრაფის ზღვისკენ, რათა მის გარეშე დარჩენილთ, შინაგანი მღვიძარება არ დაგვავიწყდეს".

იგი ამასაც ამბობდა: "ვინც უდაბნოში და მდუმარებაში ცხოვრობს, დაცულია სამი ცდუნებისგან: სმენით, ენით და თვალით ცდუნებისაგან; მხოლოდ ერთი ცდუნება რჩება – გულში".

რამდენიმე ძმა თავიანთი ხილვების მოსათხრობად აბბა ანტონისთან წავიდა, რათა გაერკვიათ, დემონისგან იყო თუ არა ეს ხილვები. მათ ვირიც ახლდათ, რომელიც გზაში მოკვდა. როდესაც მივიდნენ, ბერმა ჰკითხა: "თქვენი ვირი გზაში რამ მოკლა?" – "აბბა, შენ საიდან იცი?" – იკითხეს ძმებმა. "დემონებმა მაჩვენეს", – უთხრა ბერმა. მაშინ ძმებმა თქვეს: "სწორედ ამის საკითხავად მოვედით. ხშირად გვაქვს ხილვები, რომლებიც შემდეგ გვიხდება; გვეშინია, არ შევცდეთ". ბერმა ვირის მაგალითზე აჩვენა, რომ მათი ხილვები დემონებისგან იყო.

ერთმა კაცმა უდაბნოში ნადირობისას დაინახა, როგორ ეხუმრებოდა ძმებს აბბა ანტონი და დაბრკოლდა. ბერმა იმის დასარწმუნებლად, რომ ზოგჯერ ძმებსაც ესაჭიროებოდათ თავისუფლად ამოსუნთქვა, სთხოვა მას ისარი მშვილდში ჩაედო და მოეზიდა. მონადირე ასეც მოიქცა. შემდეგ კიდევ სთხოვა: "მეტად მოქაჩე". მან მოქაჩა. ბერმა ისევ უთხრა: "კიდევ მოქაჩე". კიდევ მოქაჩა. ბერმა ისევ უთხრა: "მეტად მოქაჩე". მაშინ მშვილდოსანმა უთხრა: "თუ ზომაზე მეტად მოვქაჩავ, მშვილდი გატყდება". ბერმა მიუგო: "საღმრთო საქმეშიც ასეა: ძმების ძალების ზომაზე მეტად დაძაბვას მათი წყობიდან გამოყვანა შეუძლია". მონადირე ყველაფერს მიხვდა, შეინანა და ისე წავიდა.

ძმები მამა ანტონის ერთ ბერს უქებდნენ. როდესაც ეს ბერი მოვიდა, აბბამ გადაწყვიტა, შეემოწმებინა, შეძლებდა თუ არა იგი შეურაცხყოფის მოთმენას და როდესაც ნახა, რომ ვერ შეძლებდა, უთხრა: "ისეთ სოფელს ჰგავხარ, რომელიც წინიდან ლამაზია, უკნიდან კი ყაჩაღებისგანაა გაძარცვული".

ერთმა ძმამ აბბა ანტონის უთხრა: "ილოცე ჩემთვის". მაგრამ ბერმა უპასუხა: "თუ საკუთარ თავზე არ იზრუნებ და თვითონ არ ილოცებ, ვერც მე შეგიწყალებ და ვერც ღმერთი".

ერთხელ ძმები სკიტიდან აბბა ანტონისთან გემით გაემგზავრნენ. გზად უცნობ ბერს შეხვდნენ. ისინი წმინდა მამათა გამონათქვამებზე, წმინდა წერილსა და თავიანთ ხელსაქმეზე საუბრობდნენ. უცხო ბერი კი დუმდა. როდესაც ნაპირზე გადმოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ ბერიც აბბა ანტონისთან მიდიოდა. მისულებს აბა ანტონიმ უთხრა: "კარგი მეგზური გიპოვნიათ!" შემდეგ ბერსაც უთხრა: "შენც კარგი ძმები შეგხვედრია!" ბერმა უპასუხა: "კარგები არიან, მაგრამ მათ ეზოს ჭიშკარი არა აქვს". ეს იმიტომ თქვა, რომ ისინი ყველაფერზე საუბრობდნენ, რაც კი თავში მოუვიდოდათ.

მივიდნენ ძმები მამა ანტონისთან და უთხრეს: "გვირჩიე, როგორ გადავრჩეთ". ბერმა უპასუხა: "წმინდა წერილი სრულიად საკმარისია თქვენთვის". მაგრამ მათ სთხოვეს: "ჩვენ შენგანაც გვინდა რამე გავიგოთ". მაშინ ბერმა თქვა: "სახარებაში ნათქვამია: "რომელმან გცეს შენ ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ მას ერთკერძოჲცა" (მათ. 5. 39). ძმება უთხრეს: ამის გაკეთება ჩვენ არ შეგვიძლია. ბერმა უპასუხა: "მეორე ლოყის მიშვერა თუ არ შეგიძლიათ, ერთ ლოყაზე დარტყმა მაინც აიტანეთ". "არც ეს შეგვიძლია", – თქვეს მათ. "თუ არც ეს შეგიძლიათ, ის მაინც გააკეთეთ, რომ დარტყმაზე დარტყმით არ უპასუხოთ". ძმებმა თქვეს: "არც ეს შეგვიძლია". მაშინ ბერმა თავის მოწაფეს მიმართა: "მოუმზადე მათ ფაფა; ავად არიან. თუ ერთი არ შეგიძლიათ და მეორე არ გინდათ, მე რა გიშველოთ?"

ერთმა ძმამ ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, ცოტაოდენი ფული თავისთვისაც დაიტოვა და მამა ანტონისთან მივიდა. მან კი უთხრა: "თუ ბერობა გინდა, წადი სოფელში, ხორცი იყიდე, შიშველ სხეულზე შემოიწყვე და ისე მოდი". როდესაც ძმა ასე მოიქცა, ძაღლები და ფრინველები თავს დაესხნენ. დაბრუნებულს ბერმა ჰკითხა: "შეასრულე თუ არა ჩემი რჩევა?" ძმამ მას თავისი სხეული აჩვენა. წმ. ანტონიმ უთხრა: "ასე ესხმიან თავს დემონები იმ ბერებს, რომელთაც უნდათ რომ ფული ჰქონდეთ".

აბბა ანტონი ამბობდა: "ვფიქრობ, ადამიანის სხეულში არსებობს ბუნებრივი, თანდაყოლილი მოძრაობა, რომელიც სულის ნება-სურვილს ემორჩილება, მას ვნება არ ახლავს. არსებობს მეორე მოძრაობაც, რომელიც ზედმეტი საკვებითა და სასმელით გამოწვეული სხეულის გახურებას ახლავს. ამიტომაც ამბობს მოციქული: "ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე" (ეფ. 5. 18). უფალმაც თავის მოწაფეებს ასევე უანდერძა: "ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა" (ლუკ. 21. 34). იმათში, ვინც ღვაწლშია, არსებობს კიდევ ერთი მოძრაობა, რომელიც დემონთა მზაკვრობითა და შურითაა გამოწვეული. ასე რომ, უნდა ვიცოდეთ, რომ სხეულში სამგვარი მოძრაობა არსებობს: ერთი ბუნებრივი, მეორე უზომო კვებისაგან და მესამე დემონებისაგან.

აბბა ანტონი ასევე ამბობდა: ჩვენს დროში უფალი ისეთ განსაცდელებს აღარ უშვებს, როგორიც ადრე იყო; რადგან იცის, რომ ახლა ადამიანები უფრო სუსტები არიან და ამას ვერ გაუძლებენ.

ერთხელ ძმები მივიდნენ აბბა ანტონისთან და ლევიტელთა წიგნიდან სიტყვების განმარტება სთხოვეს. წმ. ანტონი უდაბნოში წავიდა. აბბა ამონი კი ჩუმად უკან გაჰყვა. ბერი სალოცავად დადგა, ხელები ცისკენ აღაპყრო და ხმამაღლა თქვა: "ღმერთო, ამ სიტყვების ასახსნელად მოსე გამომიგზავნე!" და გაისმა ხმა, რომელიც მას ესაუბრებოდა. შემდეგ აბბა ამონმა თქვა, რომ ხმა კი ესმოდა, მაგრამ სიტყვების მნიშვნელობას ვერ იგებდა.

სამი მღვდელი ყოველდღე წმ. ანტონისთან მიდიოდა. ორი მათგანი გულისთქმებსა და სულის ცხონებაზე ეკითხებოდა, მესამე კი მუდამ სდუმდა. ერთხელ მამა ანტონიმ მას ჰკითხა: "აი შენ ამდენი ხანია აქ მოდიხარ და არაფერს მეკითხები". მან კი უპასუხა: "ჩემთვის შენი ყურებაც საკმარისია!"

ერთხელ აბბა ანტონიმ იმპერატორისგან წერილობითი მიპატიჟება მიიღო. იგი დაფიქრდა და შემდეგ თავის მოწაფეს, აბა პავლეს ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო. მან უპასუხა: "თუ წახვალ, ანტონი იქნები, თუ არ წახვალ – აბბა ანტონი".

აბბა ანტონი ამბობდა: "მე ღმერთის უკვე აღარ მეშინია, მე ის მიყვარს; რამეთუ "სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში" (I იოან. 4. 18).

მანვე თქვა: "ღმრთის შიში მუდამ თვალწინ გქონდეს; გახსოვდეს ის, ვინც "მოაკვდინებს და აცხოვნებს" (I მეფ. 2. 6). შეიძულეთ სოფელი და ყველაფერი, რაც მასშია, შეიძულეთ ყოველგვარი ხორციელი სიამოვნება; უარი თქვით ამ ცხოვრებაზე, რათა ღმრთისთვის იცხოვროთ; გახსოვდეთ, რას დაჰპირდით ღმერთს; რადგან სამსჯავროზე ეს მოგეთხოვებათ. გშიოდეთ, გწყუროდეთ, მღვიძარებდეთ, ტიროდეთ, ოხრავდეთ, გამოსცდიდეთ თქვენს თავს; მოიძულეთ ხორცი, რათა სული გადაარჩინოთ.

აბა ანტონი ამბობდა: "როდესაც მჭედელი რკინის ნატეხს იღებს, მან უკვე წინასწარ იცის, რა უნდა გააკეთოს: ცელი, მახვილი თუ ნაჯახი. ასევე ჩვენც, წინასწარ უნდა ვსაზღვრავდეთ, რომელ სათნოებას შევუდგეთ, რათა ჩვენი შრომა ამაო არ გამოდგეს".

ასევე ამბობდა: "მე ვიცნობ ბერებს, რომლებიც დიდი ღვაწლის მიუხედავად დაეცნენ, რადგან თავიანთი საქმეების იმედად იყვნენ და დაივიწყეს იმის მცნება, რომელმაც თქვა: "ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს" (რჯლ. 32.7).

იგი ამასაც ამბობდა: "მონაზონმა ბერებს ისიც კი უნდა უთხრას, სენაკში რამდენ წვეთ წყალს სვამს, რომ როგორმე ამაშიც არ შესცოდოს".