† წმიდა ბასილი დიდი

სასწაულები

კაპადოკიამ ქრისტესათვის თავდადებული მრავალი ადამიანი მისცა მართლმადიდებელ საქრისტიანოს. კაპადოკიელები იყვნენ: ლონგინოზ ასისთავი, 40 სებასტიელი მოწამე,  საბა განწმენდილი და მრავალი სხვა, რომელთაც ჩვენს ეთნიკურ ნათესავთა სიაში იხსენიებს ზვიად გამსახურდია, რომელიც სიამაყით აღნიშნავს: „ქართველური მოდგმის ხალხებმა...იტვირთეს ძირითადი როლი როგორც ეგზოტერული, ასევე ეზოტერული ქრისტიანობის, როგორც თეოლოგიის, ისე თეოსოფიის განვითარებაში. აღმოსავლეთის ეკლესიის უდიდესი ბურჯები: წმ. გიორგი კაპადოკიელი, წმ. ნიკოლოზ მირონ-ლუკიელი (ლიკიელი); კაპადოკიელი მამები: ბასილი დიდი, გრიგოლ ნაზიანზელი, გრიგოლ ნოსელი და მრავალი სხვანი იაფეტური, ქართველური მოდგმისანი იყვნენ“.

ამიტომაც არის, რომ ამ წმინდანებისადმი ქართველები ზოგად ქრისტიანულთან ერთად ყოველთვის ძალიან შინაურულ და ახლობლურ დამოკიდებულებასაც  გრძნობდნენ და ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს (ახალი სტილით 14 იანვარს)  მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდის ხსენებას აღნიშნავს. საახალწლოდ ამ დღისთვის ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური, რომელსაც  ,,ბასილას კვერებს უწოდებდნენ.”

ხალხური ჩვეულებით, წმინდა ბასილი დიდს ახალ წელთან კიდევ ერთი საინტერესო სადღესასწაულო ატრიბუტი – ,,ქართული ნაძვის ხე”  - ჩიჩილაკიც აკავშირებდა. ხალხში ჩიჩილაკს ,,ბასილას წვერს” ეძახიან. ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა დღეს კი ,,ბასილას წვერებს” აუცილებლად წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს.

ბასილი დიდი ქრისტიანულ სამყაროში განდიდდა თავისი ღვთივსულიერი სასწაულებით. ქვემოთ რამდენიმე ასეთ ეპიზოდს შემოგთავაზებთ მისი სასულიერო მოღვაწეობიდან:

რწმენის ერთგულება

უკეთური არიოზის მწვალებლობის მიმდევარმა იმპერატორმა ვალენტემ, რაკი უწყოდა წმიდა ბასილი დიდის, კესარიის მთავარეპისკოპოსის, უდიდესი ზეგავლენა მთელს იმჟამინდელ ქრისტიანულ სამყაროზე, გადაწყვიტა თავის მხარეზე გადაებირებინა მღვდელმთავარი და ამით კიდევ უფრო გაეძლიერებინა ისედაც უკვე ფართოდ გავრცელებული ცრუ სწავლება. ვალენტემ კესარიის ქალაქის თავს – მოდესტეს დაავალა მისი შემორიგება. მართლაც, მთავარმა სიყვარულითა და ალერსით დაუწყო მართლმადიდებელ მღვდელმთავარს გადაბირება, მაგრამ როცა მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა, მუქარაზე გადავიდა – დაგვემორჩილე, თორემ ქონებასაც წაგართმევთ და გადაგასახლებთ კიდეცო. ბოლოს კი, რაკი წმიდა ბასილი შეურყეველი აღმოჩნდა, წანჯვა-წამებითა და სიკვდილით დასჯით დაუწყო დაშინება. მაგრამ წმიდა მღვდელმთავარმა მიუგო: ,,წასართმევი არაფერი მაქვს, გარდა ამ ფლასი შესამოსელისა და რამოდენიმე წიგნისა; პყრობილებისა და გადასახლებისაც არ მეშინია – სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან უფლის ქვეყანაა! ხოლო სიკვდილი დიდი სიკეთე იქნება ჩემთვის, რადგან უფალთან შემაერთებს!'' სულის ასეთმა მხნეობამ გააოცა მოდესტე, რომელმაც თქვა: ,,დღემდე არავის ასე გაბედულად და უშიშრად არ ულაპარაკია ჩემთან!'' რაზეც წმიდანმა თავმდაბლად უპასუხა: ,,იმიტომ, რომ აქამდე, ალბათ, არ შეგხვედრია მართლმადიდებელი ეპისკოპოსი და არ გისაუბრია მასთან! ასეთ ვითარებაში ყოველი ჩვენი ეპისკოპოსი სწორედ ამასვე გეტყოდა!''

არიანელ მწვალებელთა დაჟინებული მოთხოვნით იმპერატორმა ვალენტემ წმიდა ბასილი დიდის გაძევება და საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ საღმრთო განგებამ სხვაგვარად მოაწყო საქმე: ანაზდად მძიმედ ავად შეიქნა ხელმწიფის მცირეწლოვანი ვაჟიშვილი, რის გამოც იმპერატორმა გააუქმა თავისი ბრძანება და სთხოვა მას, ჩემი სნეული ძისთვის ილოცეო. წმიდა მღვდელმთავარმა ილოცა მომაკვდავისთვის, მაგრამ ამავე დროს განუცხადა იმპერატორს, რომ მისი ძე მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებოდა, თუკი მართლმადიდებელ ეკლესიაში მოინათლებოდა და აღიზრდებოდა. ხელმწიფემ აღუთქვა, ასეც ვიქმო და ბავშვი მალე გამომჯობინდა. მაგრამ შემდეგ მწვალებელმა ვალენტემ აღარ შეასრულა თავისი დაპირება, რის გამოც მისი ძე კიდევ დასნეულდა და მოკვდა კიდეც. განრისხებულ ხელმწიფეს წმიდა ბასილის გაძევება სურდა, მაგრამ ვერ გასცა ასეთი ბრძანება: სამგზის აიღო ხელში კალამი, რათა ბრძანებაზე მოეწერა ხელი, მაგრამ სამივეჯერ კალამი გადაუტყდა! ამის შემდეგ იმპერატორმა თავი გაანება წმიდა მართლმადიდებელ მღვდელმთავარს.

 

ბასილი დიდი და არიანელი მწვალებლები

მოხდა ისე, რომ არიანული მწვალებლობის აღმსარებელმა მეფე ვალენტემ დახურა მართლმადიდებლური ეკლესიები თავის სახელმწიფოში, ისინი არიანელთა ძალაუფლებას დაუქვემდებარა და ბრძანება გასცა, გაეძევებინათ ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი. ამ უკანასკნელთ მიმართეს მეფეს: „ვიდრე შენს დადგენილებას ჩვენს შესახებ სისრულეში მოიყვანდე, გთხოვთ ნება დართო ბასილი დიდს, ჩაებას არიანელებთან სარწმუნოებრივ კამათში და თუ ისინი დაამარცხებენ ბასილს, ჩვენ სიტყვის შეუბრუნებლად დაგემორჩილებით შენ“. მეფე დათანხმდა და მოიწვია ბასილი ნიკეაში. ბასილი დიდმა მეფე ვალენტეს უთხრა, რომ არიანელებთან დავაში მათ თვით უფალი განსჯიდა და ბრძანა, დაეკეტათ ერთ-ერთი ეკლესიის კარი. შემდეგ მიმართა არიანელებს: „თუ წინააღმდეგნი არ იქნებით, ამ კარის მეოხებით შემიძლია დაგარწმუნოთ, ვისი რწმენაა ჭეშმარიტი. თუ თქვენი ლოცვის ზემოქმედებით გაიღება იგი, გვეცოდინება, რომ სიმართლე თქვენს მხარეს ყოფილა, ხოლო თუ ჩვენი ლოცვის დროს გაიღება, მაშინ ყველამ უნდა აღიაროს, რომ მართებულად გვწამს ჩვენ და არა თქვენ“.

არიანელები დათანხმდნენ: დილიდან საღამომდე ლოცულობდნენ ისინი, მაგრამ დახშული კარი არც კი შეძრულა. შემდეგ დადგა მართლმადიდებელთა ჯერი. წმიდა ბასილი სამღვდელო დასთან და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად მივიდა ეკლესიასთან, მუხლი მოიყარა და დაიწყო ლოცვა. გაისმა უეცრად ქუხილის ხმა და განიღო ეკლესიის კარი. ყველანი შეძრწუნდნენ და განადიდეს უფალი. მეფემ ბრძანა, დაებრუნებინათ ეკლესიები მართლმადიდებლებისათვის, ხოლო ბასილი დიდი ძვირფასი საბოძვარით დაასაჩუქრა და მშვიდობით განუტევა.

 

ბასილი დიდი და ეფრემ ასური

ბასილი დიდის სახელი მთელ მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროში გახდა ცნობილი. ამ ხმამ ეფრემ ასურამდე მიაღწია, რომელიც უდაბნოში მოღვაწეობდა. ეფრემი ევედრა უფალს, რათა გამოეცხადებინა მისთვის, ვინ იყო ბასილი დიდი ღმრთის წინაში. მაშინ ეფრემმა იხილა ნათლის სვეტი, რომლის წვერი ცამდე აღწევდა, და ესმა ხმა:

- ეფრემ, ეფრემ! იცოდე, ამ ცეცხლოვანი სვეტის მსგავსია ბასილი.

ეფრემი მაშინვე კესარიისკენ გაემგზავრა და თან წაიყვანა თარჯიმანი, რადგან თვითონ ბერძნული არ იცოდა. კესარიაში მათი ჩასვლა ნათლისღების დღესასწაულს დაემთხვა. ბასილი. ბრწყინვალე შესამოსელში გამოწყობილი, ეკლესიისკენ მიდიოდა ასევე ბრწყინვალედ შემოსილი ამალის თანხლებით. ეფრემმა უთხრა თავის თარჯიმანს:

- ვგონებ, ამაოდ დავშვერით, ძმაო. მე ასეთ მაღალ პატივში მყოფი კაცი არ გამომცხადებია.

ეფრემი, ყველასათვის შემუჩნეველი, ტაძრის კუთხეში იდგა და ფიქრობდა:

„ჩვენ, რომელთა ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე“ (მათ. 20,12), ვერაფერს ვაღწევთ, ეს კაცი კი, რომელსაც ხალხი ასეთ პატივს და დიდებას მიაგებს, ცეცხლოვანი სვეტით ბრწიყნავს, საოცარია!“

ამ დროს ბასილის, სული წმიდამ ამცნო ეფრემის მოსვლა და მას თავისი მთავარდიაკვანი გაუგზავნა, რომელმაც უთხრა:

- მამაო, მთავარეპისკოპოსი გიხმობს, საკურთხეველში შემობრძანდი.

ეფრემმა თარჯიმნის პირით მიუგო:

- ცდები, ძმაო! ჩვენ აქ უცხონი ვართ და მთავარეპისკოპოსი არ გვიცნობს.

მთავარდიაკვანმა გადასცა ბასილის ეფრემის პასუხი. ბასილიმ კვლავ გაუგზავნა ეფრემს შუამავალი და დააბარა:

- მამაო ეფრემ! გთხოვ, შემობრძანდი საკურთხეველში, მთავარეპისკოპოსი გიხმობს.

მაშინ კი გაოცდა ეფრემი, დიდება აღუვლინა ღმერთს და წარმოთქვა:

- ჭეშმარიტად დიდია ბასილი, ჭეშმარიტად ცეცხლოვანი სვეტია და სული წმიდა მეტყველებს მისი ბაგეებით.

შემდეგ სთხოვა მთავარდიაკვანს, რომ წირვის შემდეგ სადმე განმარტოებულ ადგილას შეეხვედრებინა ბასილისთან. მართლაც, ბასილი და ეფრემი შეხვდნენ ერთმანეთს და თარჯიმნის დახმარებით ისაუბრეს. ბასილის ლოცვით ღმერთმა ეფრემ ასურს ბერძნულის ცოდნა მიანიჭა. სტუმრებმა სამი დღე დაჰყვეს მღვდელმთავართან, რომელმაც წმიდა ეფრემი დიაკვნად აკურთხა, მისი თანამგზავრი კი - მღვდლად, და მშვიდობით განუტევა.

 

მოქცეული იუდეველი

თავისი ამქვეყნიური ცხოვრების მიწურულს წმიდა ბასილი დიდი რამდენიმე დღე სასიკვდილო სარეცელს იყო მიჯაჭვული და ძლივსღა სუნთქავდა. ამ დროს იგი მოინახულა ებრაელმა ექიმმა, რომელთანაც წმიდა ბასილი მეგობრობდა. თავისი წინათმცნობელობის ძალით მან უწყოდა, რომ ეს იუდეველი ბოლოს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცეოდა, ამიტომ ყოველთვის სიხარულით იღებდა და შეაგონებდა, ქრისტეს ნათელი შეიმოსეო. იუდეველი კი პასუხობდა, ჩემს მამა-პაპას რა რჯულიც ჰქონდა, მეც ის მინდა მქონდესო. და აი, წმიდანის სიკვდილის წინ ეს დახელოვნებული ებრაელი მკურნალი თავის ქრისტიან მეგობართან მივიდა, გასინჯა და უთხრა, ორიოდ საათში აღესრულებიო. მეტი რომ ვიცოცხლო, ვთქვათ კიდევ ერთი დღე, რას იზამო, ჰკითხა ბასილიმ.

– ეს შეუძლებელია! – მიუგო იუდეველმა. – მრავალი წლის სამკურნალო გამოცდილება უტყუარად მკარნახობს, რომ არათუ შენი სიცოცხლის საათები, წუთებიც კი დათვლილია.

– მე უფალ იესოს შევევედრები და იგი მაცოცხლებს, რათა შენ მოიქცე! – უთხრა წმიდანმა.

– თუ ასე მოხდება, მე უმალვე ქრისტიანად მოვინათლები! – თქვა ებრაელმა და შინ წავიდა.

მართლაც, წმიდა მღვდელმთავრის ლოცვით უფალმა გაუხანგრძლივა მას სიცოცხლე, და როცა მეორე დილით იუდეველი კვლავ მივიდა, რათა თავისი ფიქრით, უკვე გარდაცვლილ მეგობარს გამომშვიდობებოდა, წმიდა ბასილი ფეხზე დახვდა.

გაოგნებულმა იუდეველმა თქვა:

– დიდება უფალს, რომ სიცოცხლე გაგიხანგრძლივა! მჯერა, რომ რამდენსაც სთხოვ შენს ღმერთს, იმდენს გაცოცხლებს!

– მაშ, მოინათლები თუ არა? – ჰკითხა ბასილიმ.

– ახლავე მზად ვარ! – მიუგო იუდეველმა.

მაშინ წმიდა მღვდელმთავარმა უთხრა, რომ თავად მონათლავდა. შემდეგ საყდარში შევიდა, საღმრთო ლიტურგია აღასრულა, მონათლა ებრაელი მეგობარიც და მთელი მისი სახლეულიც, ბოლოს კი ყველას გამოეთხოვა, – ჩემი აღსასრულის ჟამმა მოაწიაო.

ახლადმოქცეულმა ებრაელმა უთხრა:

– ვიცი, წმიდაო მამაო, რომ ძალგიძს სთხოვო ღმერთს კიდევ წლების მანძილზე დარჩე ჩვენს გვერდით! მაგრამ რაკი არ ევედრები, ალბათ ასეა საჭირო და ასე გსურს შენ! გმადლობ ყოველივესთვის, რაც ჩემს მიმართ მოიმოქმედე: მე და ჩემი სახლეული ყოვლადწმიდა სამების – მამის, ძის და სულიწმიდის განმადიდებელნი ვიქნებით შენი წყალობით!

წმიდა ბასილიმ მადლობა შესწირა უფალს იუდეველის საკვირველი მოქცევისათვის და იმავე დღეს მშვიდობით აღესრულა.