„დაუნ ვი დიკტეიტე“, ანუ ვინ დაუწერა შალვა ნათელაშვილს „ამერიკული მიტინგის“ ტექსტი?
05.03.2012, 16:26

„დაუნ ვი დიკტეიტე", ანუ ვინ დაუწერა შალვა ნათელაშვილს „ამერიკული მიტინგის" ტექსტი?

შალვა ნათელაშვილის მიტინგი ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, ისეთი მასშტაბით გაშუქდა, რომ ამას თავად „ლეიბორისტების" ლიდერიც ვერ წარმოიდგენდა. როგორც ცნობილია, მიტინგი, რომელსაც ნათელაშვილთან ერთად, მისი რამდენიმე თანამოაზრეც ესწრებოდა, თეთრი სახლის წინ ჩატარდა.  ბუნებრივია, სკანდირება და სიტყვიერი პროტესტი ინგლისურად უნდა ყოფილიყო.  სწორედ აქ წარმოიშვა პირველი პრობლემა, რადგან, ცნობილია, რომ  ნათელაშვილი ინგლისურს ვერ ფლობს.

მიტინგზე, შალვა ნათელაშვილი  მიმართავდა თეთრი სახლის ადმინიტრაციასა და მის ლიდერს, რომ შეწყდეს დიქტატურა (Down the Dictation!). შალვა ნათელაშვილმა, აქვე განაცხადა, რომ „ვარდების რევოლუცია" ბოროტებაა.. თუმცა, ეს რამდენიმე ფრაზა, საქართველოს პირველმა „მშრომელმა" „ორიგინალური" აქცენტით წარმოთქვა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ნათელაშვილის ამერიკული მიტინგი, ქართული ოპოზიციის სირცხვილად შეაფასა.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გაჩნდა ფოტო, სადაც ფურცელზე ქართული ასოებით ეწერა ტექსტი, რომელიც ნათელაშვილმა ვაშინგტონში წარმოთქვა.

„პრესა.ჯი" დაინტერესდა, ვინ ურჩია შალვა ნათელაშვილს ამ ფორმით ტექსტის წაკითხვა და საერთოდ, ვინ დაუწერა  ეს ტექსტი. ასევე, მართლაც ეწერა თუ არა ფურცელზე, ქართული ასოებით ინგლისური სიტყვები?

„ლეიბორისტული პარტიის" პრესსამსახურის უფროსი, ქეთი დოლიძე „პრესა.ჯი"–სთან საუბარში აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილის ეს მიტინგი სასაცილო სულაც არ არის და „ლეიბორისტებისადმი" მტრულად განწყობილი ჯგუფების დამსახურებაა ნათელაშვილის ამგვარად წარმოჩენა.

– ბატონი შალვა მიტინგის დროს მართლა ქართული ასოებით დაწერილ ინგლისურ ტექსტს კითხულობდა?

– არა. ეს ტექსტი შეადგინა ძალიან კარგმა სპეციალისტმა,  რომელმაც  შესანიშნავად  იცის ინგლისური.

ვინ არის ეს ადამიანი?

– მაგას ვერ გეტყვით... ჩემი მეგობარია.

რა ეწერა ფურცელზე, რომელიც მიტინგის დროს ბატონ ნათელაშვილს ეჭირა და დროდადრო  შიგნით იხედებოდა?

– შეიძლება ეს ტექსტიც იყო, თუმცა, იქ კიდევ სხვა რაღაცეებიც ეწერა.

– ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ მიტინგს და პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს არის სირცხვილი. ბატონმა შალვამ არ იცის ინგლისური?

– შეიძლება ინგლისური  იცოდეს ადამიანმა, მაგრამ ვერ საუბრობდეს გამართული აქცენტით. ეს ბევრს მოსდის.

–  რა თქვა ნათელაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალურ ქსელში ამ ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარების ბუმი იყო?

– არაფერი, რა უნდა ეთქვა?

– გაბრაზდა?

– არ გაბრაზებულა, რადგან ეს არის დაქირავებული ჯგუფების მიერ აგორებული კამპანია.

– მაგრამ ვიდეო ხომ რეალურია და არ არის მონტაჟი? პრეზიდენტის შეფასებაზე, რატომ არ გააკეთა კომენტარი?

–  არ ჩათვალა საჭიროდ.

კიდევ აპირებს აშშ-ში მიტინგის გამართვას?

– ამას ვნახავთ, საჭიროებიდან გამომდინარე.

როგორც ჩანს, მშრომელების ლიდერი სოციალური ქსელების მომხმარებლებზე ცოტა ნაწყენია. არადა, რთულად წარმოსადგენია, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ან მმართველი გუნდის წევრის მხრიდან, ასეთი შეცდომის შემთხვევაში, შალვა ნათელაშვილი მასზე კომენტარს არ გააკეთებდა...


კატეგორია: კლიპები CLIPS | დაამატა: vasoelis
ნანახია: 748 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]